მთავარი,სიახლეები

აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

20.08.2019 • 1695
აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, დირექტორის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს.

„მრჩეველთა საბჭოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი რა ხედვას წარმოადგენს. შემიძლია დავასახელო ეს კანდიდატი. ეს არის თინა ცისკარაძე“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.

ფირუზ ბოლქვაძის მიერ დასახელებული თინათინ ცისკარაძე მეორედ მონაწილეობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში. 10 ივლისს გამართულ კონკურსზე მან, ისევე როგორც მერაბ წულუკიძემ, ორი ხმა მიიღო. მაშინ მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია, რადგან დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

ფირუზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს აჭარის უმაღლეს საბჭოს, რათა დაიწყოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცედურა.

„ამ ეტაპზე სრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უმაღლესმა საბჭომ დაიწყოს მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცესი. რატომ არ დაიწყეს აქამდე, ესეც აჩენს კითხვის ნიშნებს. მიმაჩნია, რომ პროცესი არ მიდის სწორად, პროცესი აზიანებს მაუწყებლის მომავალს. მე არ მაქვს ილუზია, რომ თქვენ ვადამდე ადრე შეიწყვეტთ უფლებამოსილებას და მისცემთ საშუალებას, რომ ახალმა მრჩეველთა საბჭომ აირჩიოს მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ მე ჩემს ხელთ არსებულ უფლებას გამოვიყენებ და ვფიქრობ, მივმართო უმაღლეს საბჭოს, რომ დაიწყოს ეს პროცედურები“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევის გაჭიანურებული პროცესი აზიანებს მაუწყებელს:

„მესამე კონკურსის დანიშვნამ გააჩინა ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება ამ პროცესისადმი და ჩემი დაკვირვებით, პროცესისადმი ნდობა არის თითქმის ნულამდე შემცირებული, როგორც საზოგადოების, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რაც დამაზიანებელია მაუწყებლის იდეისათვის“.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო [გარდა გიგა ჩხარტიშვილისა] 2013 წლის ნოემბერში 5 წლის ვადით აირჩიეს. კანონის შესაბამისად, ბორდის ასარჩევი კონკურსი უმაღლესმა საბჭომ სექტემბერში ისედაც უნდა გამოაცხადოს.

ამ დროისათვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში შვიდი კანდიდატი მონაწილეობს: გიორგი კოხრეიძე; შოთა გურაბანიძე; თინათინ ცისკარაძე; მერაბ წულუკიძე; ირაკლი კიკვაძე, ფირუზ ბოლქვაძე და ირმა ზოიძე.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უკვე მესამედ ცდილობს აირჩიოს მაუწყებლის დირექტორი. წინა ორ ჯერზე კონკურსი ჩაიშალა, რადგან ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: