მთავარი,სიახლეები

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

29.02.2020 • 4425
ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ბათუმში საკარანტინო ზონის მოწყობაზე. საკარანტინო ზონის მოსაწყობად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს ვკითხეთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ასევე იმის შესახებაც, რას სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, რომლებიც ეპიდზონებად გამოცხადებული ქვეყნებიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში დარჩენა გადაწყვიტეს.

  • ბატონო ზაალ, ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონის მოწყობა განიხილება. შეგიძლია ეს ინფორმაცია დაგვიდასტუროთ?

ამ დაავადებასთან [კორონავირუსი] მიმართებაში მთავრობის შესაბამისი დადგენილების, პროტოკოლების, გაიდლაინების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სავარაუდო საეჭვო შემთხვევასთან კონტაქტები . ვიცით უკვე, რომ სამ პირს დაუდასტურდა ვირუსი და როგორც მოსალოდნელია ეს შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს [სავარაუდოდ, ხვალ-ზეგაც შემოვლენ საქართველოს მოქალაქეები]. შესაბამისად, გაიზრდება მათთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობაც. ვიცით, რომ კონტაქტად ითვლება 15 წუთზე მეტი დროით, 1.5 მეტრის მანძილზე მყოფი ადამიანები. ასეთ შემთხვევებს ვიკვლევთ და მათი იდენტიფიცრების შემთხვევაში, არის თხოვნა, რომ ეს ადამიანები განთავსდნენ 14 დღე იზოლაციაში. ეს არის საკარანტინო პერიოდი.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

ამისთვის განვიხილავთ რამდენიმე კერძო სასტუმროს, ვისთანაც გვაქვს ამ თემებზე მოლაპარაკება. ასევე განვიხილავთ ახალაშენებულ რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს, რომელსაც პრაქტიკულად გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც სჭირდება საკარანტინო ზონას – წყალი, გათბობა, საკანალიზაციო სისტემა. ეს რეჟიმი უკვე გატესტილია იქ და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება: არა საავადმყოფოდ, არამედ საკარანტინო ზონად, დაცულ ტერიტორიაზე რომ იყვნენ ეს ადამიანები იზოლირებული.

  • დღეს ფართო დისკუსია მიდის თვითიზოლაციაზე. სახელმწიფომ ყველა შეიძლება ვერ უზრუნველყოს საკარანტინო ზონით. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოთავსდნენ თვითიზოლაცაში…

მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობა ძალიან კარგი მიდგომაა. საჭიროა იზოლაციები სახელმწიფოს მხრიდან და თუ შემთხვევათა რაოდენობა ბევრი იქნება, გაიზრდება, რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება ამდენი საკარანტინო ზონის მოწყობა. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვერსიაა თვითიზოლაცია – თვითონ უნდა მოერიდოს პირი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს. ეს ყველაზე კარგი და აპრობირებული ვარიანტია მთელ მსოფლიოში და ამას სჭირდება მართლაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

  • სისტემა განიხილავას უკუკავშირს თვითიზოლირებულ მოქალაქეებთან თუ ისინი მარტო უმკლავდებიან თვითიზოლაციის პირობებს?

ყველა ადამიანი, ვინც თვითიზოლაციაში მოთავსდება, ეს მოხდება ეპიდემიოლოგის, ოჯახის ექიმის, ინფექციონისტის ჩართვით, რომ შემოწმდეს ის რეალური სივრცე, სადაც გადაწყვეტს პირი თვითიზოლაციას. თუ პირი ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში ან დიდ ოჯახთან ერთად და არ აქვს შესაბამისი სივრცე, მსგავს პირობებში თვითიზოლაცია არ გამოვა. ამიტომ ჩვენგან იქნება მიდევნება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე და, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, აუცილებლად ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა პირი თვითიზოლაციაში დარჩეს.

თუ ეს შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, მასთან შენარჩუნდება სატელეფონო კომუნიკაცია და პერიოდული ზედამხედველობა, რადგან რაიმე სიმპტომი არ გამოგვეპაროს. ამ შემთხვევაში პირველად ჯანდაცვასაც ჩავრთავთ, ანუ ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას ეპიდემიოლოგის რეკომენდაციით.

  • სახელმწიფოს თუ აქვს რეკომენდაციები დამსაქმებლისთვის, რომ დასაქმებულ პირს არ შეექმნას პრობლემები? 

სიმართლე გითხრათ, მე ამ დონეზე არ ჩავსულვარ, მაგრამ სტანდარტულად მოქმედებს ის კანონები, რაც არის ქვეყანაში და ეს კანონი ითვალისწინებს ბიულეტენს. ვფიქრობ, იზოლაცია იქნება ბიულეტენის საფუძველი. ამ ადამიანებს მაქსიმალურად ექნებათ ხელშეწყობა სახელმწიფოსგანაც და დამსაქმებლისგანაც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ეს ადამიანი არ იქნება თვითიზოლაციაში, ხომ წარმოგვიდგენია რა საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება ნებისმიერ დაწესებულება.

  • ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაცია არის ნებაყოფლობითი. ხომ არ განიხილავს სახელმწიფო, რომ თვითიზოლაცია ეპიდკერებად მიჩნეული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის გახდეს სავალდებულო?

ამ ეტაპზე არ არის მიღებულ, რამე იძულებითი ბერკეტების გამოყენება. ამის საჭიროება არ დამდგარა და არც გვაქვს მსგავს მიდგომა.

  • თუმცა, გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებებს, რომ მიდგომები გაამკაცროს. 

ზედამხედველობის გამკაცრება არ ნიშნავს ძალადობრივ მეთოდებს. თუ დადასტურებული კორონავირუსი აქვს  ადამიანს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჯანმრთელ თუ საეჭვო ადამიანებზე ეს მკაცრი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

  • თვითიზოლაციას რომ დავუბრუნდეთ. შესაძლებელია ადამიანებს არ ჰყავდეთ დამხმარე, ვთქვათ საჭმლის, წყლის მიმწოდებელი. ამ შემთვევაში რა ხდება?

სწორედ ეგ გითხარით, რომ ეპიდემიოლოგების, ექიმების ჩართულობით და გარემოს შესწავლით მოთავსდება პირი თვითიზოლაციაში. თუ ადამიანს ამის რესურს არ აქვს – ან ფართობი ან შესაბამისი გარემო, არ ჰყავს მხარდამჭერი და მით უმეტეს საკვების მიმწოდებელი, ის გადავა შესაბამის გარემოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: