ავტორი: აკა მორჩილაძე
ოდესღაც, მგონი 1979 წელს, ბათუმის სამილიციო პატრულმა ღამის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დააკავა.
მაშინ კომუნისტების დრო იყო, ხოლო ბათუმი საბჭოეთის სავარაუდო მტრის, თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი გახლდათ.
სხვანაირად, ის იყო პირველი დიდი ციხესიმაგრე, მტერს რომ უნდა გადაღობებოდა.
ამიტომ, ის მხოლოდ ზღვისპირა ქალაქი არ იყო, არც ზღვისპირა კურორტი, და არც ნავსადგური, სადაც ოდესღაც ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი უნდა შეხვედროდნენ.
ბათუმი გემრიელი, ჩამთბარი ქალაქი იყო, მაგრამ ღამით ზღვის ზედაპირზე პროჟექტორების შუქი მოძრაობდა.
ეს საოცარი და საინტერესო საყურებელი იყო, განსაკუთრებით, თუ უცხო ქალაქიდან ჩამოსული ბავშვი იყავი:
მესაზღვრეთა ჯარების ღამის სინათლეები ზღვის ზედაპირზე, რათა ვინმემ, შეშლილმა და თავზეხელაღებულმა ზღვაში არ ისკუპოს და ცურვით არ გააღწიოს საზღვარს იქეთ, იქედან კი – სრულ თავისუფლებაში.
გაიგონებდი ამბებს ასეთ მოცურავეებზე, ვინც ოდესღაც შავიზღვისპირს უგრძესი მარშრუტებით ცურავდნენ. არსებობს ირაკლი კვირკაძის ფილმიც, მოცურავე, რომელიც სწორედ ამგვარ კაცზე მოგვითხრობს.
მაგრამ საბჭოთა კავშირის დასატოვებლად ანთებული ეს რომანტიკული თავზეხელაღებულობა, მგონი არასდროს დასრულებულა წარმატებით, ყოველ შემთხვევაში, ბათუმში.
არასდროს გამიგონია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც ბათუმიდან ანდა მის სამხრეთით მდებარე მთლად სასაზღვრო სოფელ სარფიდან გააღწია თურქეთში.
ამ სარფში შესვლაც კი საგანგებო საშვებით ხდებოდა.
გამიგონია მხოლოდ ლეგენდა უსახელო გმირისა, რომელიც, თითქოს საბჭოთა სამხედროებს მოუკლავთ ასეთი გადაცურვისას, მაგრამ მეტი არაფერი. ლეგენდაც იმისია ხოლმე, რომ სახელი დაიკარგოს.
მგონი, ისიც შეიძლება, რომ ამგვარი ამბავი მხოლოდ იმიტომ არსებობდეს, რომ არსებობს იდეა, ასე გავცურავთ საბჭოეთიდან შორს!
საზღვრის გადალახვები უფრო სხვანაირად ხდებოდა. ეს უფრო სისხლიანი ისტორიები იყო, ნამდვილი ტრაგედიები, თვითმფრინავის გატაცებას რომ ახლდა თან.
1986 წლის შემოდგომაზე თბილისელი ახალგაზრდების ჯგუფმა ბათუმისკენ მიმქროლავი სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს თურქეთისკენ გადახვევა უბრძანეს. პილოტებმა ისინი მოატყუეს და თვითმფრინავი თბილისში დაჯდა. საბჭოთა სპეცრაზმმა ის იერიშით აიღო. მგზავრის და გამტაცებლის გარჩევა არ ყოფილა, ტყვიასგადარჩენილი გამტაცებლები სასამართლომ დახვრიტა, მათთან ერთად კი ერთი მღვდელიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ გამტაცებელთა მოძღვრად და მეგობრად მიიჩნეოდა.
ეს სრულიად ტრაგიკული ფურცელი იყო 80-იანი წლების საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ახალგაზრდები უბრალოდ გამტაცებლები არ ყოფილან, განთქმული მშობლების შვილები იყვნენ, საბჭოთა კავშირიდან გაღწევა სურდათ და სხვა გზა ვერ ნახეს.
ამ შემთხვევამდე იყო სხვა შემთხვევაც, როცა ბათუმის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს ბალტიისპირელმა მამამ და ორმა ვაჟმა იგივე უბრძანეს და საზღვარს იქეთ გადაფრენა მოახერხეს. ამ გატაცებას ერთი სტიუარტი ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბალტიელები კი აღარასოდეს გადმოუციათ საბჭოელებისთვის. ახლა ალბათ სადმე ცხოვრობენ და ეს ამბავიც კარგად ახსოვთ.
დიახ, ამ ქალაქს გაქცევის სურნელი ასდიოდა.
ერთხელ, თოთხმეტი წლისა, ბათუმის ბულვარში ძველ ნაცნობს გადავეყარე,
ჩემზე უფროს ბიჭს, რომელსაც ერთხანს ყოველ ზაფხულს ვხვდებოდი, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, სადაც ბებიის ძველ სახლში ჩავდიოდით ხოლმე.
ეს ბიჭი იმ ქალაქში კარგა თავზეხელაღებულ ვინმედ ითვლებოდა.
ჰოდა, აქ რომ შემხვდა, დიდად არ მეამა, მით უმეტეს, რომ განზე გამიხმო, როგორც ძველი დროის ქუჩის ბიჭებმა იცოდნენ და ფული მთხოვა.
ძალიან მჭირდებაო.
წართმევის იერი არ ჰქონდა, მაგრამ როცა კაცი თავის ძალას გრძნობს და რაღაცას გთხოვს, წართმევასაც არაფერი უკლია. რაც მქონდა მივეცი და გადამკოცნა. ძალიან გამიმართე ხელიო. სულ შვიდი მანეთი მივეცი. მერე ერთად გამოვისეირნეთ ბულვარში, თუმცა ამას სეირნობაც არ ერქვა.
ის თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით და ძალიან დამფრთხალი იყო.
ვიფიქრე, რაღაც მოუპარავს და იმალება, ანდა თავისი ქალაქიდან გამოქცეულა-მეთქი.
ბედი არ გინდა? პლაჟზე მეგობრები გელოდებიან, თან ამინდიც დიდებულია. მე კიდევ, ამას დავყვები. რატომღაც უნდოდა, რომ ერთხანს გვერდით ვყოლოდი.
სკამზე ჩამოვსხედით და ხეივნის მოპირდაპირე მხარეს ასევე სკამზე ჩამომჯდარი კაცი დამანახა.
ასეთი საშინელი და სახიფათო იერის ადამიანი იქამდე არასოდეს მენახა. საშინელ პერანგში, საშინელი ნაკვთებით, იჯდა და გვათვალიერებდა.
ახლა ვფიქრობ, რომ ეგებ, ის კაცი სულაც არ იყო საშინელი და გაგონილმა ამბავმა დამანახა ასეთად.
ამან კი ჩუმად მითხრა, ეს ჩემი ძმაკაციაო დ ამაღამ უნდა გადავიყვანოო.
საზღვრის გადაკვეთას ლამობდნენ. მე თვითონ არ მივდივარ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გადავიდესო.
ამის ჩემთვის თქმა, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ და თან ისე, რომ ის კაცი ვერ მიმხვდარიყო, ყველა კრიმინალური წესითა და ადათით შეცდომა იყო. რატომ მეუბნებოდა, არ ვიცი. ეტყობა, თვითონ ძალიან ღელავდა.
მათი ამბის დასასრული ნამდვილად არ ვიცი. ვერ ვიტყვი, გადავიდა ის საშინელი შავხელებიანი კაცი თურქეთში, თუ ვერა.
ეს ბიჭი კი ცხოვრებაში ერთადერთხელღა ვნახე, ორი წლის წინათ. თბილისში, ქუჩაზე მანქანა გააჩერა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. არ მიკითხავს, 28 წლის წინათ რომ საზღვარზე კაცი გადაგყავდა, რა ქენით-მეთქი. უკან უცებ შეიქმნა საცობი. თბილისში ასეა ხოლმე.
ბათუმი კი გაქცევის ქალაქი იყო.
საერთოდ, ეს ის ადგილია, სადაც დადგები ზღვისპირას და უყურებ ზღვას, მერე კი უცებ მოიხედავ და დაინახავ თოვლიან მთებს, იმ შუა სიცხეში.
ბათუმის ზურგსუკან მთებია: მთებში, საოცარი, ტყეებს აკრული სოფლები. იმ სოფლებში არიან ადამიანები, რომლებიც თუკი უცხოს დაინახავენ, აუცილებლად შეატყობინებენ მესაზღვრეებს და მაშინ საბჭოთა სასჯელს ვეღარაფრით აცდები.
მაგრამ იმავე სოფლებში არიან მოხუცები, თეთრწვერა, კაფანდარა მოხუცები, თავზე ნაქსოვი ქუდებით: ისინი, ვისაც სხვა დროებაც ახსოვთ. მათ იციან ბილიკები, რომლებსაც ვერც ერთი მესაზღვრე ვერ შეამოწმებს, მათ იციან დრო, როდის უნდა გაიარო უღრანში, რომ ტყეს პროჟექტორის შუქმა არ გადაუაროს, განგებ გაფხვიერებულ მიწაზე კი ისე გაგატარებენ, რომ ნაკვალევი არ დარჩება.
მათ იციან ფეხაკრეფით სიარული და მათ ჰყავთ ახლო ნათესავები, სულაც ძმისშვილები საზღვარს იქეთ, რადგან ოდესღაც საზღვარი შუა ოჯახებზე გავიდა და გაჭრა ისინი.
ჰოდა, ისინი სანდო ხალხს ჩაგაბარებენ, გათენებამდე კი უკან დაბრუნდებიან და დაიძინებენ მშვიდად თავიანთ სახლებში.
ოღონდ, ამისთვის ბევრი ფულია საჭირო და დიდი ნდობა, მანამდე კი უნდა იპოვო ვინმე, ვინც იმათზე გაგიყვანს, ვინც მერე ამ ბაბუებს დაგაკავშირებს.
ამის გაკეთება ზაფხულში სჯობს, საკურორტო სეზონის დროს, რადგან ზამთარში უცხო კაცი წამსვე იცნობა. ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ზღვისპირა ბულვარზე წამსვე შეგამჩნევენ, რომ უშნოდ მიდი-მოდიხარ.
ასეთია გაქცევის კიდევ ერთი ლეგენდა, რომელსაც მართლა აქვს საფუძველი, ოღონდ 20-იანი წლებიდან, როცა ყველა, ვისაც გაქცევა უნდოდა, სწორედ ამ მთებით გარბოდა.
სხვანაირად კი ეს ქალაქი გაქცევის უდიდესი ისტორიაა საქართველოსთვის.
ალბათ ასე ემართებათ ქალაქებს, რომლებიც იმპერიათა კიდეზე, ზედ საზღვარზე აღმოჩნდებიან ხოლმე. სადაც ზღვაა, იქ კიდეცაა. ზღვა წასვლას ნიშნავს. წასვლა კი ხშირად გაქცევასაც გულისხმობს.
ბათუმიც ასე იყო, ჯერ ოსმალეთის იმპერიის უკიდურეს ჩრდილო აღმოსავლეთს მიწეპებოდა საზღვრის კიდეზე, მერე – რუსეთს. არადა, ბათუმი ქართველების ქალაქია.
თუმცა, სახელი ელინური აქვს, ქართულად მორგებული. ეს სახელი ღრმა ნავსადგურს გულისხმობს – ძველი კოლხეთი და ელინური ახალშენი. ასეთია უძველესი ისტორია. რომაული ციხესიმაგრე, რომელსაც ქართველები გონიოს უწოდებენ და რომლის კედლებშიც მარხია Saint Matthias-ი, ქრისტეს მოციქული, რომელიც იუდას გამცემლობის შემდეგ მიიღეს მოწაფეებმა. გურიის მთავრები და ბათუმის კიდეზე მოულოდნელად გამოჩენილი ბურგუნდიელი რაინდები. დიდი ოსმალური მმართველობა და ისლამი. გენუელები და რუსეთის იმპერია. ომები. საქართველო. ბრიტანული პროტექტორატი და ისევ საქართველო.
ბათუმი ქართველებისთვის გამუდმებული დაკარგვისა და პოვნის ქალაქია. არა მხოლოდ გაქცევის.
ბაბუაჩემმა ზღვა პირველად ოცი წლისამ ნახა.
ის სატვირთო ფორანზე პირქვე იწვა, როცა უკანდახეული ქართული ჯარის ნაწილები უკანასკნელ მიჯნას, ბათუმს მიადგნენ. იმას იქეთ ზღვა იყო. ზღვის უკან ვეღარ დაიხევ. ან გარბიხარ, ან კვდები.
ეს იყო 1921 წლის მარტში. რუსულ წითელ არმიას უკვე აეღო თბილისი და საქართველოს მთავრობა, მთელი შერჩენილი ძალებით, უკანსვლით მიდიოდა ზღვისკენ.
ბაბუაჩემი ფერდში იყო დაჭრილი, ყუმბარის ნამსხვრევები ჯერაც არ ამოეღოთ და ძილ-ღვიძილში დაინახა ზღვა.
ზღვა მარტის პირველ რიცხვებში, თუნდაც სუბტროპიკებში, სადაც მთელს სანაპიროზე პალმა და ლიმონი ხარობს, კარგს არაფერს გაფიქრებინებს.
ბაბუაჩემი საომრად გაწვეული სტუდენტი იყო. ახლა აღარ მახსოვს, გაწვეული, თუ მოხალისედ წასული, მაგრამ სამი ნამსხვრევიდან ორი სწორედ ბათუმის ჰოსპიტალში ამოუღეს ფერდიდან. ერთი სამუდამოდ დარჩა.
იმ დღეებში ბათუმში საოცარი ამბები ხდებოდა. ქალაქს წითლები უახლოვდებოდნენ. სამხრეთიდან კი ოსმალური ჯარები გამზადებულიყვნენ.
რუსეთ-ოსმალეთის შეთანხმებით, ლენინის ხელმოწერით, იმ ცნობილი ბრესტის ზავით, წითელი ჯარი ბათუმში ვერ შევიდოდა. როგორც კი მას ქართული მთავრობა დატოვებდა, ქალაქს ოსმალები დაიკავებდნენ.
ბაბუაჩემს უყვარდა ამის გახსენება: საქართველოსთვის ყველაზე ტრაგიკული გაქცევის შესახებ თხრობა, ოღონდ შვილიშვილებს უფრო გვიყვებოდა, თითქოს უდარდელად, მაგრამ ფრთხილად.
მას ახსოვდა, როგორ შეიკრიბა ნავსადგურში უამრავი ხალხი და როგორ მიმართა მათ პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ სიტყვებით, ჩვენ დავბრუნდებითო.
ჟორდანია ცუდი ორატორი იყო, დაბადებიდან ენა ებმოდა, მაგრამ მაინც აატირა იქ მყოფი ხალხი. ბევრმა დაიჩოქა კიდეცო, ამბობდა ბაბუაჩემი, მე ვერაო. ახალი ნაოპერაციევი ვიყავი და ნავსადგურამდე ძლივს მივედიო.
მერე მთავრობა იტალიურ გემზე ავიდა.
ყველამ შლაპები გადმოყარა ზღვაში. ეს შლაპები ტივტივებდნენ და თავისუფალი საქართველო კი მთავრდებოდა.
ჯარისკაცებთან ვიღაც კაპიტანი მოვიდა და უთხრა, ვისაც ევროპაში წამოსვლა გინდათ, მოიფიქრეთ, გემი კიდევ იქნებაო. ბაბუაჩემმა თქვა, ვერაფრით გადავწყვიტეო. დედა შემეცოდაო. ისედაც არ იცოდა ჩემი ასავალ-დასავალიო.
მამამისს ძველი თოფი აეღო და მთელს ქვეყანაში სდევდა ფრონტის ხაზებს, რათა შვილი ეპოვა.
ვინ იცის, ახლა ფრანგი ან გერმანელი, ეგებ სულაც ინგლისელი ქართველიც ვყოფილიყავი. ბაბუაჩემს სწორედ ერთი ნაბიჯი დააკლდა გემამდე. ეს სასაცილოა. მაშინ ბათუმისას ვერაფერს მოვყვებოდი.
შებნელებულზე ქალაქი ოსმალურმა ჯარებმა დაიკავეს. შეთანხმებისამებრ.
ღამით ჰოსპიტალში გენერალი მაზნიაშვილი მივიდა.
ეს იყო მგონი ერთადერთი ქართველი გენერალი, რომელიც ქალაქში დარჩენილიყო და გაქცევასაც არ აპირებდა. მაზნიაშვილს ცალი ხელი ბრძოლებში ჰქონდა გაფუჭებული და კისერზე შავი სახვევით ეკიდა ხოლმე. რუსეთ-იაპონიის ომისას ის, დაჭრილი, ნიკოლოზ მეორემ მოინახულა და წმინდა გიორგის ჯვარიც დააბნია გულზე.
ის იყო უბრალო აზნაურთა შთამომავალი პატარა სოფლიდან. დამოუკიდებლობის წლების მარად გამარჯვებული ქართველი გენერალი, რომელიც არც ერთ გემზე არ ავიდა.
მაზნიაშვილმა დაჭრილები სათითაოდ დაათვალიერა და ბოლოს უთხრა, ხალხი გვჭირდებაო.
– ვისაც ბრძოლა შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ. ეგებ, ეს ბოლო ბრძოლაც იყოს, – ასე გადმოსცემდა ბაბუაჩემი მის სიტყვებს.
ჰოსპიტალში მყოფები ხეირიანად ვერც მიხვდნენ, რაღა იყო საბრძოლო: მთავრობა წავიდა, ქვეყანა კი უკვე რუსებს ეპყრათ.
– ეგებ ეს ბოლო ომიც იყოს დიდი ხნის მანძილზე, – თქვა მაზნიაშვილმა…
სინამდვილეში ეს ძალიან ქართული ისტორიაა: აღარაფრიდან რაღაცის მოპოვების ძველი ილეთი.
ბათუმსმომდგარი რუსის ჯარი შეთანხმებას იცავს, ოსმალებს ქალაქში უკვე საგუშაგოები დაუყენებიათ. მათი ნაწილები საჭირო ადგილებში ისვენებენ.
ოსმალთათვის ახალი არაფერი იყო. ისინი იმას იბრუნებდნენ, რაც საუკუნეების განმავლობაში ეპყრათ და რუსეთ-თურქეთის ბოლო ომის დროს დაკარგეს, პირველ მსოფლიო ომში თითქმის სულ დაიბრუნეს, მერე კვლავ დაკარგეს, ხოლო ახლა კვლავ იბრუნებდნენ.
ქართული კი ამ ამბავში ის იყო, რომ ბოლშევიკთა რიგებში ბევრი ქართველი რევოლუციონერი იყო, რომლებიც რუსულ არმიას შემოჰყვნენ. ამათ შორის უმრავლესს კი სულაც არ მოსწონდა ლენინის შეთანხმებები თურქეთის რესპუბლიკასთან.
ქართველებმა ასე იციან, საბოლოოდ ისინი მხოლოდ ქართველები არიან და მეტი არაფერი.
წითელმა კომისარმა თენგიზ ჟღენტმა ბათუმში მოძებნა მაზნიაშვილი და უთხრა:
– ჩვენ ქალაქში ვერ შემოვალთ. ასეთია შეთანხმება. ხვალიდან ბათუმი ოსმალური ქალაქი იქნება. რუსებისთვის ეს სულერთია. მათ საქართველო უჭირავთ. თუ შეძლებ ქალაქის დაბრუნებას და ოსმალებს უკან დაახევინებ, ჩვენ შეგვეძლება შემოსვლა ქართველების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ საბოლოოდ ბათუმი მაინც ქართველებს დაგვრჩება.
დაახლოებით ასე იყო. ტექსტზე თავს ვერ დავდებ.
მაზნიაშვილი კი დათანხმდა. სხვანაირად არც მოიქცეოდა.
სტუდენტები, ჯარისკაცები, გვარდიის ნაშთები და უბრალო ადამიანები: გენერალმა შეძლო ამის ორგანიზება და ჯერ მოულოდნელი შეტევით, მერე კი ოსტატობით ოსმალურ ნაწილებს ბათუმიდან დაახევინა, საბოლოოდ კი კიდევ ოც კილომეტრზე შეუტია.
ქალაქი წითლებმა დაიკავეს და იქ ჩასულმა ქართველი კომუნისტების ლიდერმა სერგო ორჯონიკიძემ უთხრა მაზნიაშვილს:
– შემიძლია ნებისმიერ წუთს დაგხვრიტო, როგორც ჩვენი მტერი.
მერე დიდი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ და ბათუმი, როგორც აჭარის ავტონომიის დედაქალაქი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში დარჩა, საქართველო კი დიდ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა. აჭარის ავტონომია, იქაური მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მუსლიმური რწმენის გამო, დათმო საბჭოთა ხელისუფლებამ. ქემალ ათათურქი ხომ მშვენივრად მიხვდა, რაც მოიმოქმედეს იმ დღეებში ქართველმა კომისარმა და ქართველმა გენერალმა. ჰოდა, ავტონომია მაინცო. მაღლა ეშმაკობა არ გადის. მაღლა უნდა შეთანხმდე.
მაზნიაშვილი კი მაინც დახვრიტეს. უკვე სამოცდაათს მიტანებული, 1937 წელს, თავისი პატარა სოფლიდან გამოიძახეს. სასამართლო არ ყოფილა.
სწორედ იმ მარტის დღეებში ჰოსპიტლის ყარაულში მდგომი ბაბუაჩემი მამამისმა იპოვა.
ძველი თოფი რუსებს ჩამოერთმიათ, პალტო გზაში გაეყიდა და გახარებული იყო, რომ შვილი ზღვას არ გაჰყოლოდა.
ახლა გამახსენდა: ბათუმის ამბის თხრობა იმით დავიწყე, რომ მგონი 1979 წელს ღამის ქუჩაზე მილიციელებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ახალგაზრდა კაი ნაქეიფარი იყო და მღეროდა. მოდიოდა და მოიმღეროდა, როგორც ძველ ქართულ პოემებშია.
ამის გამო კაცის დაკავება საქართველოში, თუნდაც კომუნისტების დროს, საკვირველი ამბავია, რადგან ღამის ქუჩაში ხმაურისთვის, რომელიც, თუ დაუფიქრდებით, გულწრფელ სიმღერას მოგვაგონებს და უმრავლეს შემთხვევაში არის კიდეც სიმღერა, იმას ნიშნავს, რომ ნახევარი ქვეყანა დაიჭირო. მაშ, რაღა უნდა ექნათ ძველი დროის პოლიციელებს, როცა ამგვარ სიმღერას კივილიც ახლდა და ჰაერში სროლაც.
ჩანს, სასაზღვრო ქალაქის მილიციელები იმ საღამოს ხასიათზე ვერ იყვნენ. ანდა, რას გაუგებ.
მოკლედ, ახალგაზრდა კაცმა წინააღმდეგობა გასწია. არ იყო მთლად ისეთი ახალგაზრდა კაცი, ხელს რომ ჩაავლებ და წამოგყვება.
საბოლოოდ, ეს ამბავი, ციხედაც კი დაუჯდა, მაგრამ არ უნანია.
თუკი წინააღმდეგობას გასწევ, მოგხვდება კიდეც.
მილიციაში გასაოცარი ცემა იცოდნენ. ხელ-ფეხს კარგად ხმარობდნენ. ქართული მილიცია ამით ყოველთვის გამოირჩეოდა. აქა-იქ თუ შეგხვდებოდა კაცი, რომელიც გასართობად მაინც არ წამოგარტყამდა. ჰოდა, ამ ახალგაზრდა კაცსაც მოხვდა.
მილიციელებმა ისეთ ადგილებში ცემა იცოდნენ, რომ მერე ტუსაღს დალილავებული სხეული თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა.
მე ასეთ დღეში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ იმ დროში ყოველი ბიჭი გეტყოდა, რომ განსაკუთრებით მწარე ფეხისგულებზე სკამის ფეხის რტყმაა.
ჰოდა, ამ ახალგაზრდა კაცსაც, როცა მილიციაში მიათრიეს და ერთ მოზრდილ მაგიდაზე პირქვე გააწვინეს, ფეხსაცმელები გახადეს და დასცხეს ფეხისგულებში. საბრალო, სიმწრისგან მაგიდის კიდეს ეჭიდებოდა და ღრიალებდა.
საკვირველია, მაგრამ სწორედ ამ დროს შეამჩნია მაგიდის კიდეზე პატარა თუჯის ფირფიტა. ფირფიტა ოვალური იყო და ზედ ეწერა: ალფრედ ნობელ კომპანი.
ახალგაზრდა კაცი არ იყო მთლად რიგითი ახალგაზრდა კაცი.
ეს წარწერა და მაგიდის ძველებური, განსაკუთრებული იერი მას სამუდამოდ დაამახსოვრდა.
იოლი ამოსაცნობი არ არის, რად იქცა მისთვის ეს მაგიდა, ანდა, რა განიცადა მან იმ დროს, როცა მილიციის ამ ოთახში ტანჯავდნენ.
მისი ცხოვრება კი შეიცვალა.
ამ ღამიდან ლამის ცამეტი წლის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი, რომელიც საერთოდ აღარ იყო ახალგაზრდა, მილიციის ამ განყოფილებაში მივიდა.
ამ დროს მილიციას საერთოდ აღარ ერქვა მილიცია, არამედ უკვე პოლიცია.
საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, საქართველო სამოქალქო ომში იყო გახვეული, მატარებელი თბილისიდან ბათუმში წასვლას თუ გაბედავდა, გზას სამ დღეს უნდებოდა, გზადაგზა კი ვაგონებში თოფიანი კაცები ამოხტებოდნენ ხოლმე და რაღაცებს ამტკიცებდნენ. მაშინ საქართველოში ხუმრობდნენ, პოლიცია ისეთი შეშინებულია, რომ მის ყველა ოფისს რკინის კარი აქვს შებმული და კარს კი საჭვრეტი ჭუჭრუტანა ამშვენებს, რადგან პოლიციელებს კარის პირდაპირ გაღების ეშინიათო. თავად მიყვებოდა ერთი მეთოფე, როგორც კი მოხალისეთა რაზმში ჩავეწერე და ავტომატი მივიღე, წამსვე ჩვენი უბნის პოლიციისკენ გავწიე, რათა წლების განმავლობაში ნაგროვები სიმწარე ერთ წუთში ამომეღო ჩემი ძველი მტანჯველების დამცირებითო.
ჰოდა, ახალგაზრდა კაცი პოლიციაში მივიდა.
მისმა მისვლამ გაოცებაც გამოიწვია და პატივისცემაც.
რა თქმა უნდა, ვერავინ იცნო. რამდენი ასეთი გაუსტუმრებიათ. ანდა, იმ პოლიციელთაგან ვინღა იქნებოდა დარჩენილი, მას რომ სცემდა?
ესეც არ იყოს და, ახალგაზრდა კაცს ვეღარც იცნობდი. ის წვერში ჭაღარაშეპარული მღვდელი იყო და ბათუმიდან კარგა მოშორებულ პროვინციაში მსახურებდა.
მღვდელი იმხანად მოულოდნელი, ახალი და პატივსაცემი პერსონაჟი იყო ხალხში. ყველაფერს რომ თავი დაანებო, თან ავტომატი არ ჰქონდა და მისი გამოჩენა მშვიდობას გულისხმობდა.
მღვდელი თავად პოლიციის უფროსმა მიიღო და მისგან სრულიად მოულოდნელი რამ მოისმინა. მღვდელს ოდესღაც პოლიციის ინვენტარში არსებული ერთი მაგიდა უნდოდა, რომელსაც სიამოვნებით იყიდდა.
მაგიდა იპოვეს. ერთ-ერთ ოთახში იდგა.
მღვდელმა წამსვე იცნო. ფირფიტაც ზედვე ჰქონდა და კიდევ უფრო შელახულიყო.
პოლიციამ ფული არ აიღო. მაგიდა გამოატანეს.
მღვდელმა მაგიდა წამოიღო და თავის სამრევლოში გამოსაჩენ ადგილას დადგა.
ხომ ვამბობ, არ ვიცი, რას ნიშნავდა მისთვის ის მაგიდა. ეგებ რაღაც დიდის დასაწყისი იყო მის გულში. ანდა შემობრუნების სრულიად მოულოდნელი წერტილი, რომელიც ვერ დაივიწყა.
მე კი ამ ამბავში იმანაც წამიღო, რომ მაგიდა ალფრედ ნობელის კომპანიისა იყო.
თავად ალფრედ ნობელი არასოდეს ყოფილა ბათუმში, მაგრამ მისი კომპანიის ფილიალი ბაქოდან სწორედ აქეთ ეზიდებოდა ნავთობს და ბათუმის ნავსადგურიდან გაჰქონდა ევროპაში. ძმებ ნობელებს მშვენიერი ოფისი ჰქონდათ ბათუმში და ასევე მუდმივად თანამდევი წინააღმდეგობა ბათუმის მერთან, რომელიც, თავის მხრივ, საუცხოო კაცი იყო, მაგრამ ქალაქისთვის იმაზე მეტი უნდოდა, ვიდრე ნობელები გაიღებდნენ.
ეს გზა ძველი აბრეშუმის გზის გაგრძელება იყო. უფრო სწორად, მისი აღდგენილი სურათი, ოღონდ აბრეშუმი ნავთობმა შეცვალა.
არ ვიცი, რამდენად წარმოუდგა თვალწინ იმ ახალგაზრდა კაცს მთელი ეს სურათი, როცა ფეხისგულებში სცემდნენ, მაგრამ ნობელების საოფისე მაგიდიდან შესაძლოა საბჭოთა ისტორიის ერთი მოზრდილი სამყარო გამოიზარდოს.
ნივთები, რომლებიც მოგზაურობდნენ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაინგრა.
ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო დროს. განსაკუთრებით ჩვეულებრივმა ნივთებმა. ანტიკვარიატს უვლიდნენ. იაფად ყიდდნენ, ინახავდნენ, იპარავდნენ. ჩვეულებრივი ნივთები კი… არადა, გადარჩენილნი მოგზაურობდნენ.
ნობელების მაგიდა შორს არ წასულა, იმავე ქალაქში დარჩა და სრულიად მოულოდნელად გამოიღვიძა. საოცარია: კაცს დაეხმარა.
მგონი, ამ წარწერით ფირფიტაზე რომ იყო, ის რაღაც სამყაროს მისწვდა. იცოდა ამ სამყაროს არსებობა, მაგრამ ახლოს არასდროს ენახა. არასდროს შეხებოდა. სამყაროში სული აღმოჩნდა…
მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში, რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ, მაშინ, როცა ბათუმში რუსული ადმინისტრაცია და ჯარი ჩადგა, ქალაქისკენ ქართულმა თეატრალურმა დასმა გასწია.
უცნაურობა ის იყო, რომ მთელს უკანასკნელ საუკუნეს, ბათუმსა და სხვა ქართულ ქალაქებს შორის გზა არ არსებოდა. იყო მხოლოდ ბილიკები, რომლებზეც განთქმული ყაჩაღები გაიელვებდნენ და, კიდევ სხვანიც, ადამიანებით მოვაჭრეები, იმ დროში ბათუმელთა ენაზე გოთაულები რომ ერქვათ.
ეს უგზოობა ეგებ უცნაური კი იყო, მაგრამ გასაგები.
საქართველოს სხვა ქალაქები რუსეთის იმპერიისა იყო, ხოლო ბათუმი – ოსმალეთის იმპერიისა. იქაურობას გამუსლიმებული ქართველი ბეგები განაგებდნენ.
დასი კი ბათუმში გემით მივიდა სხვა ქართული ქალაქიდან, ფოთიდან და კომედიის თანამდევი დიდი ხალისიც ჩაიტანა. მსახიობები იმას ცდილობდნენ, რომ მიწვევებსა და ქეიფებს შორის როგორმე სპექტაკლიც ჩაეტენათ და სცენაზე შეძლებისდაგვარად ფხიზლები ყოფილიყვნენ.
ამ დროს ბათუმი უკვე პორტო ფრანკო იყო, ხოლო თეატრალური მოგზაურობიდან ოცი წლის თავზე ქალაქის ნავსადგურში რკინიგზას ნავთობი ჩაჰქონდა. ეს იყო სწრაფად მზარდი ქალაქი, რომლის გეგმარებასაც ნიუ იორკისას მიამსგავსებდი.
სწორედ ამ ხანებში გამოჩნდა აქ ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი.
სადაც მუშები და ნავსადგურია, რევოლუციონერიც იქ უნდა იყოს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღესაც დგას სტალინური არქიტექტურის მამის, შჩუსევის ნაგები შენობა, რომელშიც კომუნისტურ ეპოქაში მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის მკვლევი ინსტიტუტი საქმიანობდა, სამოქალქო ომის შემდგომ კი ერთხანს საქართველოს პარლამენტიც იკრიბებოდა, რადგან პარლამენტის შენობა გადამწვარი იყო. ამ შენობას სწორედ დამოუკიდებლობის პირველივე ხანებში მოანგრიეს კომუნიზმის ბელადთა ფრაზები და პროლეტართა და კოლმეურნეთა ქანდაკებები, მის სხდომათა დარბაზში კი მთელს კედელზე გადაჭიმული უზარმაზარი კომუნისტური ფრესკა გადაღებეს: ახალგაზრდა სტალინს დემონსტრაციაზე გამოჰყავს ბათუმელი მუშები.
ეს ფრესკა ასე მახსოვს:
სტალინს კუბოკრული შარფი ეკეთა. იყო გამხდარი, გაუპარსავი და საერთოდ, რომაელთაგან დევნილ ქრისტიანს ჰგავდა. იქვე ეგდო კალათი, რომელიც ალბათ მრბეველმა კაზაკებმა გააგდებინეს ხელიდან საბრალო ქალს. მოკლედ, იქ რბევა იყო. მართლაც, სინამდვილეში. სისხლიანი რბევა. 1902 წლის მარტის პირველ რიცხვებში. სტალინმა დაუყვირა დემონსტრანტებს:
– ჯარისკაცები არ გვესვრიან. მათი უფროსების ნუ შეგეშინდებათ. პირდაპირ თავში ურტყით…
კიდეც ესროლეს და კიდეც დახოცეს.
მარქსის, ენგელსის, ლენინის და სტალინის ინსტიტუტში ახლა ოტელ კემპინსკია. კემპინსკი და ბათუმის დემონსტრაცია: ასე იცის საბჭოთა კედლებში შესვლამ.
ბათუმი, ეს ქალაქი და ეს დემონსტრაცია იყო შანსი მიხაილ ბულგაკოვისთვის, რომ როგორმე თავი დაეღწია იმ აკრძალვებისა და შეზღუდვებისთვის 30-იან წლებში რომ ერტყა გარს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
თავის მხრივ, სტალინსაც უნდოდა, რომ ბულგაკოვს რაიმე დაეწერა მასზე. სტალინს მოსწონდა და სჭირდებოდა ასეთი რამეები.
ბულგაკოვმა დაწერა პიესა ამ დემონსტრაციის შესახებ. მას თავიდან მოძღვარიც კი ერქვა, არგონავტებიც, შტურმანიც და ასე, დაუსრულებლად, საბოლოოდ კი ბათუმი დაერქვა.
ეს იყო ბულგაკოვის უკანასკნელი დასრულებული ნაწარმოები.
საქმე კი ის არის, რომ მხატის თეატრმა პიესა ჯერ დაუკვეთა, მერე მოუწონა, მერე კი ბათუმშიც მიავლინა ბულგაკოვი, დადგმისთვის საჭირო მასალის სახილველად. მაგრამ მატარებელი მოსკოვს ხეირიანად არც გასცილებოდა, რომ კუპეში დეპეშა შემოიტანეს, წასვლა საჭირო აღარ არისო. პიესა არ დადგმულა. ის არც გამოცემულა 1977 წლამდე. აშკარაა, რომ სტალინს სხვანაირად წარმოედგინა საკუთარი თავი ბულგაკოვის კალამქვეშ. უფრო სწორად, მას არანაირი რომანტიკა და რევოლუციონერობა არ უნდოდა. მას უნდოდა ქორალი ღმერთის შესახებ.
ბულგაკოვი მალევე გარდაიცვალა, სტალინი კი მაინც უტრიალებდა ბათუმს.
ამბობენ, რომ სწორედ მან მოისურვა ბათუმის დღესაც ლეგენდარული სასტუმროს, ინტურისტის მშენებლობა.
ბათუმის ბულვარის ბოლოში მდებარე, ფანჯრებითა და აივნებით ზღვისკენ მაცქერალი ეს სასტუმრო, ალბათ ერთ-ერთი მოულოდნელი ნაგებობაა ქვეყანაზე.
სამწუხაროდ, მისი მხოლოდ ნახევარი ააშენეს: შუა ნაწილი და ცალი ფრთა. მეორე ფრთა არ არსებობს.
მიზეზი უბრალო ყოფილა: სტალინს ფიქრად ჰქონია, რომ ამ სასტუმროში მოკავშირეთა შეხვედრა გაემართა. მერე კი ეს შეხვედრა იალტაში შედგა. ამიტომ, მშენებლობა შეწყვიტეს. ომი იყო, საქმე კი ხარჯიანი გახლდათ.
არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ეს ლეგენდა, მაგრამ მოხდენილი კია.
ჭეშმარიტად საბჭოთა ამბავია.
ინტურისტი კი საუცხოო სასტუმროა. სამწუხაროდ, იქ ჩერჩილისა და რუზველტის აჩრდილებს ვეღარ შეხვდებით, მაგრამ ისიც შეღავათია, რომ იქ არც სტალინის აჩრდილია.
ბათუმი, როგორც საბჭოთა საპორტო ქალაქი, რა თქმა უნდა, სრულიად განსაკუთრებული სულის ქალაქად ჩამოყალიბდა.
საბჭოთა პორტში, თან სასაზღვრო ქალაქში, ყოველთვის ბევრი უშიშროების მუშაკია, მაგრამ ეს სამხრეთია, სამხრეთს კი მკვეთრი ფორმები მაშინ გამოუჩნდება ხოლმე, როცა კაცები ხმლებს იძრობენ. მანამდე აქ ყველაფერი გლუვია და მორბილებული.
თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მზე, ზღვა და მოულოდნელი წვიმა აქაურ ურთიერთობებს დამატებით ფორმებსაც ანიჭებს, ცხადი შეიქნება, რომ ამ ქალაქს, მაინცდამაინც არ ეტყობოდა რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა და სუნთქავდა.
ნავსადგური დიდი რამეა. ამიტომ აქაურებმა პირველებმა მოსწიეს ქემელი, პირველებმა დაღეჭეს რეზინი და პირველებმა გაუსინჯეს გემო ვისკის.
კომუნისტური მმართველობის ბოლო ათწლეულებში ბათუმი ნუგბარი კონტრაბანდის ნამდვილი საუფლო იყო. თავად ვყოფილვარ ერთ განთქმულ ეზოში, სადაც მშობლებს შვილები დაჰყავდათ საჩუქრებისა და ტკბილეულისთვის. ეს მოულოდნელი ადგილი იყო: ხნიერი, სიტყვაძვირი ქალები მანამდე უნახავ საგნებს გამოაძვრენდნენ ხოლმე საიდანღაც.
ამ ეზოში კულტურათა და ყოფათა წარმოუდგენელ ნაზავს აღმოაჩენდა კაცი. ის თითქოს დროის გარეშე არსებოდა და თან ძალიან მოქმედიც იყო, რადგან მეზღვაურთაგან მიღებული კონტრაბანდა მუდმივი მოქმედების და ხიფათის შეგრძნებას იწვევდა.
რაღაც, სტამბოლის გრანდიოზული სიწყნარისა, რაღაც საქართველოს ღვინით გაჯერებული გამკრთალი ღიმილისა, რაღაც რუსული სისადავისა.
და კიდევ, მსოფლიოს ნაკუწები.
ყველაფერი ერთად იყო ამ უბრალო, რიგით ეზოში, სადაც კონტრაბანდული სიგარეტით და ჯინსის შარვლებით ვაჭრობდნენ. და სხვაგან რაღა იქნებოდა?
მგონი, შუა საუკუნეებშიც ასე იყო.
აბრეშუმი.
აქ აბრეშუმი მოდიოდა. ამოისუნთქავდა და ზღვით აგრძელებდა გზას.
აბრეშუმზე ნადირობამ მოიყვანა ამ ადგილებში ბურგუნდიელი რაინდი ჟოფრეი დე ტუასი.
ოჰ, ეს იყო მეთხუთმეტე საუკუნეში.
დე ტუასი, თავისი ფლოტილიით ჯერ როდოსს იყო ჰოსპიტალიერთა დასახმარებლად, რათა ეგვიპტელი მამელუქები ეძარცვა და ეჟლიტა, მერე კი ბიზანტიის იმპერიის სიკვდილის კვირაძალს, ბიზანტიელთა მიწვევა მიიღო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. ასე მოხვდა ის შავ ზღვაში და მურად მეორესთან წარუმატებელი ომის შემდეგ გამოუყვა შავი ზღვის სამხრეთ ნაპირს და ფლოტილიის მეკობრეობით და ტყვეთა აყვანით რჩენას შეუდგა. ტრაპეზუნდამდე მოსული, იქაურმა იმპერატორმა იოანე კომნინმა ტკბილად მიიღო, თუმცა შემდგომი განზრახვა აღარ მოუწონა.
დე ტუასი საქართველოს ნაპირებთან დარაჯობას აპირებდა, რათა აბრეშუმით დატვირთული გემები ჩაეგდო ხელთ. იმპერატორმა მას უთხრა, რომ ქართველები ქრისტიანები არიან და მათი ძარცვა არასწორია. თუმცა, დე ტუასიმ არც იმპერატორის მართლმადიდებლობა ჩააგდო რამედ და არც ქართველებისა: კათოლიკე იყო და მისთვის ესენი მწვალებლები იყვნენ.
დანარჩენი ისტორია ცოტა რთული იყო: დე ტუასი თავისი გემებით ბათუმს მოადგა და გადმოსხდომა დაიწყო.
ასე, გარეგნულად ადგილიც მოსწონდა. მან არ იცოდა, რომ ნაპირზე საფარი ელოდა. ტრაპეზუნდის სასაზღვრო ქართული პროვინციის, გურიის მთავარმა მამია გურიელმა დე ტუასი და მისი ბურგუნდიელები ელვისებური შეტევით დააბნია და ტყვედ აიყვანა.
ჩანს, დე ტუასიმ მაინც არ იცოდა აქაური ადათები. იოანე კომნინს გურიელი გაეფრთხილებინა. დე ტუასი ნადავლის ხელში ჩაგდებას ლამობდა, ნადავლი კი თავად აღმოჩნდა. საფარი არ იყო ჩვეულებრივი: დე ტუასი და მისიანები მიპარვით არ აუყვანიათ, მეტიც დამხვდურები ღიად წამოიშალნენ და კივილით შეუტიეს, ისე რომ ბურგუნდიელებმა იარაღი ვერც კი გამართეს.
ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რამდენს მოსთხოვდა მამია გურიელი ფილიპე მესამე ლამაზს, რომლის ვასალიც გახლდათ დე ტუასი, ანდა როგორ გაუგზავნიდა მას წერილს, მაგრამ საქმე ისევ იოანე კომნინის მეშვეობით მოგვარდა, გურიელმა დე ტუასი შეიცოდა და გაუშვა, ამ უკანასკნელმა კი ყირიმის გენუისკენ, კაფასკენ გაცურა.
ეს შუა საუკუნეების ჩვეულებრივი ისტორია იქნებოდა, რომ არა ერთი განსაკუთრებული მომენტი. ტყვედ მყოფი ბურგუნდიელები გალოთდნენ და ღვინის გამუდმებული სმა ვეღარასდროს მოიშალეს. ამის შესახებ ბურგუნდიულ ქრონიკებში წერია. მოდგმანი დაიღუპნენ, იმდენს სვამდნენ დაბრუნების შემდეგო. ბურგუნდიელს რომ ღვინო გაუკვირდება, თავისთავად საკვირველი ამბავია, მაგრამ ჩანს, აბრეშუმზე მონადირეებმა მაინც სრულად ვერ განსაზღვრეს, თუ სად მოხვდნენ ტყვეობაში და მაშინაც ისეთივე განსხვავება იყო ევროპულ და ქართულ ღვინის სმის სტილებს შორის, როგორიც დღესაა.
ქართველებისთვის ღვინო იმდენად თანმდევი, იმდენად პირველი მნიშვნელობის საგანი იყო, იმგვარი ფორმებით მოიხმარებოდა და იმგვარი ოდენობით, რომ ბურგუნდიელები მას ვეღარ მოერივნენ. სტილი კი თან გაჰყვათ. ტყვეობაში შეიძლება შიმშილით მოკვდე, მაგრამ გალოთდე? ასეთი იყო ბათუმი მეთხუთმეტე საუკუნეში.
ისე კი, იმ მამელუქების ნახევარი მაინც, ვისაც როდოსიდან ებრძოდა ჟოფრეი დე ტუასი ქართველები იყვნენ. ეს მოულოდნელი ამბავი სულაც არ არის.
ბათუმის ტყვეთა ბაზარი. აი, შემდგომი ისტორია. ოსმალთა ხელში ამ ადგილის გადასვლის შემდეგ, ბათუმი და მოტაცებული ადამიანები ორი განუყოფელი რამ არის.
მგონი, უკანასკნელი ტყვეთა მსყიდველი 1814 წელს დაიჭირეს. დაიჭირეს და დამთავრდა. ეს ისტორია ამით ამოიწურა. ისე კი, ეს გულსაკლავი, მხეცური, მაგრამ რაღაცნაირი თავისუფლებით შემოსილი ისტორია იყო, ვინაიდან ქართველ მამელუქთა რაობაზე ბოლოს ნაპოლეონიც კი წერდა. მამელუქები, იანიჩარები… ცოლები, მხევლები…
ტყვეობა და თავისუფლება. ბათუმი კვლავ საზღვარი იყო. თითქოს ჩვეულებრივი.
საქართველოდან ტყვეთა გაყვანის რამდენიმე გზა არსებობდა.
ბათუმი ტყვეებით მოვაჭრეთათვის უკვე სამშვიდობოს ნიშნავდა, რადგან თუ თავიდან არა, მერე და მერე ეს საქმე კრიმინალად ითვლებოდა მეფეთა საგანგებო კანონებით. და მაინც, ეს აყვავებული ბიზნესი იყო. აქაური ტყვეთა სყიდვის მასშტაბები ისეთი იყო, რომ ევროპულ ქრონიკებსაც აღწევდა. ქრონიკებს აქეთაც, ცნობარებში ჩარჩენილია ფრაზა: ისინი ქრისტიანებს ურჯულოებზე ყიდიან.
რაც ბათუმის სანაპიროზე ტყვეს გაუვლია… მოტაცებულნი აუცილებლად ბავშვები არ იყვნენ. არც მოზარდები. ზრდასრული კაცები, რომლებიც მოიტაცეს, ანდა საკუთარმა ბატონმა გაყიდა. განსხვავება ფეოდალიზმის ევროპულ აგებულებას, ვასალიტეტს, გლეხთა მორჩილების პრინციპსა და ისლამურ წყობას შორის, მოულოდნელად ატრიალებდა ადამიანთა ბედს.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც პირდაპირ ყანიდან მოიტაცეს, მთელი ცხოვრება გლეხი უნდა ყოფილიყო, ის კი ბაღდადის გამგებელი გახდა. მეორე ახალგაზრდა კაცს დამასკო ეპყრა, მესამე სტამბოლში ტრიალებდა სულთნის კარზე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე… გენერლებს, პოლკოვნიკებს და კაპიტნებს არც ვახსენებ, აზრი არა აქვს.
ისინი წერილებს წერდნენ მშობლებს, ვენახის ამბავს კითხულობდნენ, ქართველ მეფეებს სთხოვდნენ, მათი ოჯახებისთვის ყურადღება მიექციათ. ათას ერთი ღამის ამბავი თუ იყო. მალე ხალხი ახალაღმოჩენილი ამერიკისკენ დაიწყებდა დენას ბედის საძიებლად. აქ კი ადამიანებს იტაცებდნენ, რათა მათ ბედი ეპოვნათ.
მართალია ფასი დიდი იყო: რელიგია.
ერთ ძველ ქართულ რომანში, უფლისწულმა რომ დაწერა, ტყვეთა დამცინავი გამყიდველი ამბობს, მე ამ ხალხს შანსს ვაძლევო.
ვისაც ეს შანსი არ უნდოდა, გარბოდა. მაგრამ ამ საქმეშიც უკანმოუხედავობა იყო: გაქცეული შინ არასდროს ბრუნდებოდა.
შუა საუკუნეების გზები ხომ ასე განსხვავდება დღევანდელისგან. გაქცეულთა უმრავლესობა, სწორედ იმ იდუმალი ბილიკებით მოარული ყაჩაღი ხდებოდა, ბათუმს რომ აქეთა საქართველოსთან აბამდა. უმცირესი ნაწილი კი ახერხებდა უკეთესი გზის პოვნას და ბედს მარტო ეძიებდა ოსმალეთის ქალაქებში: ახალი ოჯახი, ახალი საქმე, ახალი ენა, ახალი რწმენა. ეს უზარმაზარი და უხილავი ისტორიაა, რადგან მასში უსახელო მილიონები მონაწილეობდნენ. ყველაზე ცნობილი ქართველი ყაჩაღები თავს სწორედ ოსმალოს საქართველოს აფარებდნენ. ასე უწოდებდნენ ქართველები იმ ქართულ პროვინციებს, რომლებსაც უკვე სულთნის ფაშები მართავდნენ. მერე ისტორია შემობრუნდა: ამ პროვინციებს რუსეთი მიადგა. მერე სურათი კვლავ შეიცვალა.
ბათუმიც, ცხადია მოჰყვა ამ ამბავში, მაგრამ უამრავ, დღეს დავიწყებული სოფლისა თუ ქალაქისგან განსხვავებით, მისი ისტორია მხოლოდ პოლიტიკაში დარჩენილი ნავსადგურით არ შემოფარგლულა.
ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ადგილებისთვის ისტორიას და წარსულს არც აქვს მნიშვნელობა.
იმისათვის, რაც მარადიულია, ისტორია არ არის გადამწყვეტი. საუკუნეთა თვლასაც აზრი არ აქვს. ოცი, ოცდასამი… დიდად არც არქეოლოგიურ გათხრებს, არც ქალაქის სიდიდეს. ის იმხელა არასდროს იქნება, რომ ვინმე შეაწუხოს. იქ ყოველთვის იქნება ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები და ყოველთვის ილაპარაკებენ იმ უცნაური ინტონაციით, მხოლოდ სანავსადგურო ქალაქში რომ გაიგონებთ და იქ ყოველთვის იქნება უამრავი ხალხი, ზღვის ქვიანი ნაპირი ყოველთვის სავსე იქნება, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქში მოულოდნელი წვიმა იცის.
რა არის მარადისობა ქალაქისთვის?
ალბათ ყოველ ქალაქს, ამ საუნჯეს რომ ფლობს, თავისებურად მიუღია ის. რაღაც მიზეზით, ან რაღაც მიზნით. და, იმას, რაც მიუღია ყველანაირი გამოცდისთვის გაუძლია.
არავინ იცის, იფიქრეს თუ არა იმ სახელდაკარგულმა კაცებმა ამის შესახებ, როცა სწორედ ამ ყურედან შეაცურეს ნავი ზღვაში და მერე ნაპირს წამომდგარ მთებს გამოხედეს. ეგებ არც შეაცურეს და მხოლოდ მოცურდნენ აქ, რადგან მოხერხებული საყუდარი იყო? ამას ვერავინ იტყვის. მათ ალბათ არც უფიქრიათ იმის შესახებ, რომ წერტილი, რომელიც ზღვის პირას იპოვეს, მარადიული იქნებოდა.
რატომ თუნდაც ათი მილის მოშორებით არ გაეჩვივნენ მისვლა-მოსვლას? ალბათ ეს იყო ადგილი, რომელმაც ადამიანები მიიჩვია, მათ საჭიროებას საუკეთესოდ მოერგო.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამდენ საუკუნეს გაუძლო, იყო პატარა, ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ კი შტორმებით მსუნთქავი, სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე, სხვადასხვა ნაფეხურის მიმღები შენ მკერდზე და თან სულ ცოცხალი იყო.
მგონი, იყო სხვაც, რაც ამ ადგილს აცოცხლებდა: ეს ადგილი ადამიანებს რაღაცის გადალახვის საშუალებას აძლევდა.
ეს იყო ზოგჯერ ხილული, ზოგჯერ კი უხილავი რამ, ერთგვარი ფრონტირი არა მხოლოდ იმპერიებს, არამედ უბრალოდ ადამიანში არსებულ სამყაროებს შორის.
არაფერი განსაკუთრებული ამ ქალაქს საუკუნეთა განმავლობაში არ ჰქონდა. ციხესიმაგრე, გარნიზონები, ზღვა, ამინდი. სად არ მდგარა რომაული ციხესიმაგრე?
ამ ქალაქს ჰქონდა წერტილი: გადალახვის, თუ შემობრუნების, თუ ცვლილების, ან კიდევ რაღაც უფრო დიდის და მნიშვნელოვანის, რაც ადამიანთა სულსა და ცხოვრებაზე იმოქმედებდა.
ამიტომ, ის მარადი იყო და მარადიც არის.
ამიტომაცაა, რომ ის არ არის მხოლოდ ტურისტული ადგილი, ანდა პლაჟი, სადაც ზაფხულობით ათასები წვანან მზის გულზე.
მოულოდნელი წვიმები, თითქოს ახსენებს ამ გარუჯვის მოყვარულებს: მე მხოლოდ ეს არ ვარ. მე მხოლოდ ჭყუმპალაობა და ცივი ლუდი არ გახლავარ, საერთოდ არ ვიცი, რა არის ეგ ცივი ლუდი, მე მარადისობა ვარ და ერთ დღეს ეგებ კვლავაც იმისთვის ვიყო საჭირო, რისთვისაც ყოველთვის ვიყავი. მე არც უბრალოდ ნავთობის მილების გამტარი ვარ, არც მხოლოდ აბრეშუმის ჭიით დატვირთული ნავებისა. ესენი იმდენად იყვნენ აქ, რამდენადაც სხვა ათასი შემეძლო… მგონი, ასე ლაპარაკობს ბათუმი დღეს.
იცით რა არის ბათუმში ყველაზე კარგი?
შუა ზაფხულში, ადრიან დილით, მისი უკიდურესი სამხრეთიდან უნდა გამოჰყვე ზღვის ნაპირს. ამ დროს ქალაქის განაპირას მოხალისე მეთევზეების ნავები უბრუნდებიან ნაპირს და ბადეებში ვერცხლისფრად მოციმციმე თევზები თრთიან; ჯერ არ იცი, მზე გამოანათებს, თუ წვიმა წამოვა. შეიძლება, ორივე ერთად დაეტიოს ცაზე; ზღვა წყნარია: იქეთ, ჩრდილოეთისკენ გემი ირწევა. ვერც გაარჩევ, რამხელაა და ვისი, შენ კი ნელ-ნელა შედიხარ ქალაქში, ისე, რომ საზღვარს ვერც დაიჭერ. აუცილებლად გამოგეპარება.
ამ დროს გარშემო ალბათ ყველაფერი ისეთია, როგორიც ოდესღაც იყო. სახლები, პალმები, ზღვისპირა გრძელი სკამები თითქოს დახატულია და სინამდვილეში არც არსებობს.
საუკეთესო, რაც გესმის, ზღვის ფრთხილი ხმა და თოლიების ყრუ ძახილია. იქეთ კი მთელი სამყაროა: გაქცევის, გადარჩენის, ცვლილებისა და აღმოჩენის უზარმაზარი ტერიტორია: თუ რა თქმა უნდა, ზღვაში შეაბიჯებ.
__________________________
დაწერილია გერმანული ალმანახისთვის ოდესა ტრანსფერ, ტაშენბუხი, 2009 წ. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.
ფოტოზე: აკა მორჩილაძე. ფოტო „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი