რუსთაველის ქუჩის აღსადგენად 174 557 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე [არდაგანის ტბა] გზის სავალი ნაწილის აღსადგენად, 174 557 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ორჯერ [მარტსა და მაისში] გამოცხადებული ტენდერები არ შედგა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთში, „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში“ სანიაღვრე და საკანალიზაციო სამუშაოები ჩატარდა, რის გამოც აყარეს ქვაფენილი და გადათხარეს გზის სავალი ნაწილი. გზა არსებული ბუნებრივი ქვაფენილის გამოყენებით უნდა აღადგინონ.

„ტენდერის გამოცხადების თავისებურებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას სავარაუდოდ დასჭირდება 2 თვე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს სამუშაოების დასრულებას [იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი შედგა] იმ პერიოდისათვის, როცა აქტიური ტურისტული სეზონი დასრულებული იქნება. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იგეგმება 2020 წლის 15 ივლისიდან ბათუმში გაიხსნას საერთაშორისო ტურისტული სეზონი. თუ შეზღუდული ვადების საფუძვლით მოხდება ხელშეკრულების დადება, 15 ივლისისთვის, ტურისტული თვალთახედვით ცენტრალური მნიშვნელოვანი ადგილები იქნება ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ხოლო აგვიტოს დასაწყისისთვის – ე.წ. „ახალი ბულვარის“ მიდამოებიც, რომელიც ასევე ტურისტულად მნიშვნელოვანი ზოლია“, – აღნიშნულია წერილში, რომლითაც მერიის სამსახურმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

რუსთველის ქუჩა

სააგენტომ კეთილმოწყობის სამსახურს ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა 5 ივნისს მისცა. მერიის სამსახურის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

როდის გაკეთდება რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე

ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია”

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.  28 წლის იაკობ თავდგირიძე ამ ობიექტზე მუშად მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მშენებელი კომპანია „სი ემ სი მეზღვაური“ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს.

შპს „სი ემ სი მეზღვაურის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორიც გია დოლიძეა. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

გია დოლიძე დღემდე შპს „გიგეროს“ დირექტორიცაა. ამ კომპანიის 23 წლის მუშა, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების გადაკვეთაში მოხდა. მუშა მაშინ მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „მიმდინარე წლის 7 ივნისს ქ. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 85-ში არსებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობის პროცესის დროს მე- 16 სართულიდან გადმოვარდა მშენებლობაზე დასაქმებული მუშა. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,სი ემ სი მეზღვაური”. აღნიშნული კომპანიის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარე წლის იანვრში დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, სამართალწარმოების ფარგლებში აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს“.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს ,,სი ემ სი მეზღვაურის” წილებს ფლობენ გია დოლიძე, დარეჯან შერვაშიძე და გოჩა რომანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ტურისტებს ძიძებს დააკავშირებენ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბევრი ძიძა უმუშევარი დარჩა. ამავე დროს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ოჯახებს, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებიც დასაქმებულებიარიან და ბავშვს ვერავისთან ტოვებენ. ნათია სირაბიძე, რომელიც „შპს ემპიარის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ პირადი გამოცდილებითაც იცის, რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები და ამიტომ ახალი სერვისის შექმნა გადაწყვიტა. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნათია სირაბიძესთან, რომელიც გეგმავს ეს სერვისი ბათუმში ჩამოსულ ტურისტებსაც მოარგოს.

  • ნათია, თქვენ ამბობთ, რომ ტურისტებისთვის ძიძის მოკლევადიანი მომსახურების სერვისს ქმნით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მოდელი იმუშავებს საქართველოში?

ჩვენი საწყისი გათვლა სწორედ ზაფხულის სეზონზეა. ხშირად, როცა ოჯახები სტუმრად მოდიან ბათუმში და სურთ გვიანობამდე გარეთ ყოფნა, ან თუნდაც ზღვაზე ნებივრობა და ეს დიდი ხნით ბავშვისთვის მიუღებელია, ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე საათით ბავშვების დატოვების სერვისს. ეს სერვისი საკმაოდ სარფიანად დაასაქმებს სტუდენტებს, რომლებმაც რამდენიმე ენა იციან. ეს მომსახურება შეუძლიათ ტურისტულმა სააგენტოებმაც თავიდანვე ჩადონ შეთავაზებაში და მეტი ტურისტი მოიზიდონ ზღვის სეზონზე.

უკვე გვაქვს შემოთავაზება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან, რომლებსაც სურთ ბავშვებს მშობლიური ენა ასწავლონ/გაახსენონ. დაკვეთები გვექნება, მთავარია ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ერთმანეთს ძიძები და მშობლები ქვეყნის შიგნითაც დააკავშიროთ – ისინი ერთმანეთის პოვნას შუალედური რგოლის გარეშე ვერ მოახერხებენ?

ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ ერთიანი ბაზა და დავაკავშიროთ ძიძები ოჯახებს, ისე, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი. გვინდა ოჯახებს შევთავაზოთ კვალიფიციური ძიძები, მასწავლებლები და დამხმარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ 6 წლამდე ბავშვის აღზრდა-მოვლას და 6-10 წლის ბავშვებისთვის დახმარებას გაკვეთილების მომზადებაში, სკოლიდან სახლში ტრანსპორტირებაში.

კვალიფიციური ძიძები ხელს შეუწყობენ ბავშვების ფიზიკური უნარების, კოგნიტური და ემოციური ინტელექტის განვითარებას. ძიძები ჩვენთან გაივლიან მოსამზადებელ კურსს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ასევე, გაივლიან ფსიქოლოგთან კონსულტაციას და წარმოადგენენ ჯანმრთელობის ცნობას. გაწერილი იქნება პირობები და ძიძებსაც და ოჯახსაც თავიდანვე ეცოდინებათ, რომ თუნდაც კოვიდ სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და მოფრთხილება ორივე მხრიდან.

სააგენტოს შუამავლობით დასაქმებულიც და დამსაქმებელიც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება შეთანხმებულ ყველა პირობას.

ერთი მხრივ, მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ სათანადოდ უნდა დაფასდეს კვალიფიციური კადრი, რომელიც მისთვის ძვირფას ადამიანს ანდობს – დედის ზრუნვა უნდა ჩაანაცვლოს თუნდაც რამდენიმე საათით. მეორე მხრივ, ძიძაც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ მოვლა არ არის, არამედ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაც, სიმპტომების გამოვლენა. მშობელმა შეიძლება დაპოსტოს სოციალურ ქსელში, რომ ეძებს ძიძას, მაგრამ ინფორმაციის გადამოწმებას, გასაუბრებას, ფსიქოლოგთან კონსულტაციას დრო და ფინანსები სჭირდება, რასაც ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ როგორც ოჯახის, ასევე, ძიძის უსაფრთხოებაც და კმაყოფილებაც.

  • თუმცა, ეს სერვისს მნიშვნელოვნად გააძვირებს…

რა საკვირველია, სერვისი არის ფასიანი, მაგრამ ჩვენ ბევრ რამეს ვიღებთ საკუთარ თავზე, მაგალითად, დამსაქმებელი ოჯახი გვეუბნება რა მოთხოვნები აქვს, ჩვენ ვეძებთ შესაბამის კანდიდატს და მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში ოჯახი იხდის ერთჯერად თანხას.

რაც შეეხება ძიძების გადამზადებას, საწყის ეტაპზე მოსამზადებელი კურსის პირველ ლექციას ვთავაზობთ უფასოდ, თუ მოეწონათ როგორც დედებს, ასევე ძიძად დასაქმების მსურველებს, მათ შეეძლებათ მინიმალურ ფასად გაიარონ 5-დღიანი კურსი, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგი გაუძღვება. კურსი მოიცავს ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების ეტაპებს; რთული ქცევის მართვას; ბავშვის განვითარებისთვის სასურველი გარემოს შექმნას და სათანადო კომუნიკაციას; ემოციების მართვას. ნებისმიერი დედისთვისაც საინტერესო თემებია.

ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში 

ქობულეთში, პეტრას ციხის დაცვის ზონაში, 1 ჰექტარ ფართობზე, რომელიც სახელმწიფომ 3,8 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიას 2019 წლის აგვისტოში მიჰყიდა, სასტუმრო აშენდება. სასტუმროს კი „რედკო“ ააშენებს, რომელიც ბათუმი თაუერს [ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას] ფლობს.

დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ოფშორული კომპანია „კ ენდ ლ ინვესტმენტი“ იყო. შეძენიდან 8 თვეში კი მესაკუთრე კომპანია „რედ-კო“ გახდა. „რედ-კო“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კ ენდ ლ ინვესტმენტი“, რომელმაც სახელმწიფოსგან ეს ნაკვეთი შეისყიდა, მათ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიაა.

ეს ნაკვეთი დღეს შპს „რედ-კო ციხისძირის“ საკუთრებაშია. „რედ-კოს“ და „რედ-კო ციხისძირის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი კი არის შპს „ფირსთ ინვესთმენთ ქომფანი“, რომელიც ესტონეთშია რეგისტრირებული.

აღნიშნულ ნაკვეთზე, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „70 მლნ ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი იწყება. ციხისძირში საერთაშორისო ბრენდ Marriott International-ის Alof’-ის სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. Bamboo Beach Tsikhisdziri-ს დეველოპერული კომპანია „რედკო“ უცხოელი არქიტექტორების ჩართულობით ახორციელებს“.

მიწის ნაკვეთის გასხვისების გამო, გასულ წელს მაღალი თანამდებობის პირებს მიმართა საზოგადოება „ბათომმა“. ორგანიზაციას აინტერესებდა, რას უპირებდა ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს. წერილში აღნიშნული იყო, რომ „გაყიდული ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიური დაცვის ზონას, რომელსაც ძალიან მაღალი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „საძირკვლის ჩაყრის დროს სამუშაოებს აკონტროლებდნენ როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე კომპანიის მიერ თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები, თუმცა რაიმე არტეფაქტები აღმოჩენილი არ ყოფილა. ტერიტორია ამ კუთხით დღემდე კონტროლდება“.

ამ თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

მთავარი ფოტო: რენდერი – სასტუმრო ქობულეთში, ძეგლის დაცვის ზონაში / წყარო: აჭარის მთავრობა

 

 

 

 

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავტომანქანა ამოყირავდა

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავტომანქანა ამოყირავდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში/7.06.2020
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში/7.06.2020
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში/7.06.2020

სავალუტო ჯიხურები, საქალაქთაშორისო მიმოსვლა, რესტორნები – რა შეზღუდვები უქმდება ორშაბათიდან

ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები, დასაშვებია დახურულ სივრცეში რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობა, აღდგება საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა.

8 ივნისიდან დასაშვებია სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი ობიექტების საქმიანობა, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ.

[red_box]8 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ აღდგება[/red_box]

  • ორშაბათიდან კვლავ არ იმოძრავებს სამგზავრო მატარებლები
  • აკრძალული რჩება 10 პირზე მეტის შეკრება [ქორწილი, ქელეხი და სხვა მსგავსი ღონისძიებები]
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია პირბადის ტარება
  • ტაქსით დასაშვებია მაქსიმუმ 2 მგზავრის გადაყვანა [ამასთან, აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა]
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები
  • დახურულ სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება.

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა მალე აღდგება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში“ უთხრეს. თუმცა, ასევე დასძინეს, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია:

მატარებელით მგზავრობა უახლოეს მომავალში აღდგება – საქართველოს რკინიგზა

როგორ შეცვლის ავტობუსის ხაზი მოძრაობას ბათუმის ქუჩებზე

ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. Bus lane-ის დახაზვის შემდეგ კი, ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება რამდენიმე ქუჩაზე შეიცვლება.

Bus lane-ი დაიხაზება გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან [ბათუმი მოლიდან] გორგილაძის ქუჩაზე – ტროტუარის გასწვრივ – ბარათაშვილის ქუჩამდე [ცირკამდე]. აქედან ხაზი ბარათაშვილის ქუჩის ტროტუარის გასწვრივ გაგრძელდება ზუბალაშვილის ქუჩამდე და აქ შეწყდება.

მეორე ხაზი დაიწყება ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარის გასწვრივ, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე. შემდეგ აქედან ხაზი გაგრძელდება არა ტროტუარის, არამედ გზის გამყოფი ზოლის გასწვრივ [თი ბი სი ბანკის მხარეს] თავდადებულის ქუჩამდე, აქედან კი ავტობუსის ხაზი გაგრძელდება გზის გამყოფის მეორე მხარეს – წრიულამდე [წერეთლის ქუჩის დასაწყისამდე].

ავტობუსის ხაზის მონიშვნის შემდეგ, ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩაზე – ჯავახიშვილიდან ბარათაშვილის მიმართულებით [ცირკამდე], ამ ზოლში მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს. ანუ გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი გახდება [გარდა ავტობუსებისა].

მოძრაობა აიკრძალება ასევე ჭავჭავაძის ქუჩის ცალ მხარეს – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], სადაც მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ.

შესაბამისად, ავტობუსის ხაზის გასწვრივ, ტროტუარებთან, გაუქმდება ავტოპარკინგი.

ავტობუსის ხაზზე, მოძრაობის მიმართულებასა და საგზაო ნიშნების განლაგებაზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

Bus lane-ბის მოწყობის პარალელურად იგეგმება მოძრაობის მიმართულების შეცვლა პუშკინისა და გორგასლის ქუჩებზე:

პუშკინის ქუჩა [„კარფურიდან“] ლორიას ქუჩიდან 26 მაისამდე იქნება ცალმხრივი და ავტომობილები ამავე მიმართულებით იმოძრავებენ [ანუ, საპირისპიროდ, 26 მაისის ქუჩიდან „კარფურისკენ“ ლორიას ქუჩამდე, მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე არ იქნება].

გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგეგმება რუსთაველის ქუჩაზე არსებული გამყოფი ზოლის გაჭრაც გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში [ამ ადგილზე ჯერ გზის სავალი ნაწილი-ქვაფენილი უნდა აღდგეს]. შესაბამისად, გრიბოედოვის ქუჩაც გახსება ცალმხრივი ჭაჭავაძიდან რუსთაველამდე მონაკვეთში და ტრანსპორტი ამ მონაკვეთში მხოლოდ ჭავჭავაძიდან რუსთაველის ქუჩისკენ იმოძრავებს. ანუ, რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვზე ტრანსპორტი ვერ გადმოვა.

იქ სადაც გაიხსნება გზაგამყოფი, განთავსდება შუქნიშანი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ იმოძრაონ როგორც მარჯვნივ რუსთაველის მიმართულებით, ასევე მარცხნივ ახალი ბულვარის მიმართულებით.

ასევე დაგეგმილია ჯავახიშვილის ქუჩის გაჭრაც [ყოფილი სასამართლოს შენობის მიმდებარედ, ამავე შენობიდან პოლიციის სამმართველოს მიმართულებით], თუმცა, აქ ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს.

ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლის მოწყობა თავდაპირველად ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე იგეგმებოდა, თუმცა მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან აღმაშენებლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და ქუჩა გადათხრილია.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმმა დათქმულ ვადაში ვერ მიიღო 1,3-მილიონიანი ელექტროავტობუსები

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

8 ივნისს ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 10-15, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. ხილვადობა კარგი;
  • ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +21 გრადუსი

სამშაბათს და ოთხშაბათს [9 და 10 ივნისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის პლაჟი. 31 მაისი, 2020. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

 

აჭარაში კორონავირუსზე 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 27 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.

stopcov.ge-ს 7 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 809,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 674,
  • მათ შორის გარდაცვლილი – 13;
  • კარანტინის რეჟიმში – 3 161;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ამ თემაზე:

7 ივნისი: კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა და 11 გამოჯანმრთელებული

პასუხები სკოლის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვებზე

მოსწავლეების უმრავლესობამ სასწავლო წელი დაასრულა, თუმცა მშობლები უკვე იწყებენ მომავალი წლისთვის მზადებას, განსაკუთრებით თუ ბავშვი პირველ კლასში მიდის და ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ხშირად გაგიგიათ ალბათ მშობლების კითხვები: რომელ სკოლას მირჩევთ? როგორ შევაფასო სწავლის ხარისხი? როგორი გარემო დახვდება? როგორი კლასელები ეყოლება? მასწავლებლები ვინ არიან? რა საგნებს გაივლის, რა გამოადგება ცხოვრებაში? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალის დირექტორ ნანა ჩარექიშვილთან, რომელიც დეტალურად ისაუბრებს მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებზე და ბავშვის წარმატებისთვის აუცილებელ საგნებზე.

  • ქალბატონო ნანა, რა სერვისებს სთავაზობს სკოლა ბათუმელ ბავშვებს?

ჩვენი სკოლა უკვე წლებია წარმატებულად ფუნქციონირებს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში და ორიენტირებულია ხარისხიან სწავლა-სწავლებაზე. სკოლაში სწავლება ორიენტირებულია მოსწავლის წარმატებაზე და თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევაზე. სწავლების კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულს. დატვირთულია სამეცნიერო, STEM და სპორტული აქტივობით; მისი მიზანია განათლებული, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა.

ჩვენთან მოქმედებს სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი საფეხურები, მათ შორის ამერიკული აკადემია. ასევე გვაქვს მოსამზადებელი კურსები TOEFL, IELTS, SAT გამოცდებისთვის.

  • როგორ არჩევთ მასწავლებლებს, რა კრიტერიუმებით აფასებთ?

პედაგოგთა შერჩევის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა. საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა საჭიროა თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებს კანდიდატის დასაქმებას, როგორიცაა: პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმის სიყვარული და ერთგულება. მასწავლებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მომავალი საქმიანობის მნიშვნელობა – უყვარდეს ბავშვი. მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად ჩვენი სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა შენარჩუნებაც ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია.

  • როგორ ინარჩუნებთ ხარისხს, მუდმივი მონიტორინგი თუ გაქვთ?

სასწავლო პროცესის დაგეგმვის და ორგანიზების პარალელურად მნიშვნელოვანია შენარჩუნება და განვითარება, შეფასება, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა და შედეგზე გასვლა. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, რისთვისაც სისტემატიურად ვაწარმოებთ მონიტორინგს. ახლაც, დისტანციურ რეჟიმში სწავლებისას, პედაგოგებთან ერთად განვიხილავთ მონიტორინგის შედეგებს და ვგეგმავთ მომავალ აქტივობებს. ასევე მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას მშობლების ჩართულობაც განაპირობებენ, ამიტომაც მუდმივად გვაქვს მათთან კომუნიკაცია.

ნანა ჩარექიშვილი, სკოლა პროგრესის ბათუმის ფილიალის დირექტორი
  • რთული ქცევის ბავშვები თუ გყავთ სკოლაში, ცელქი ბავშვი ადრე რთულ ქცევის ბავშვად ითვლებოდა, რამდენად არის ეს დამოკიდებულება შეცვლილი?

ჩვენ ცელქი ბავშვებიც გვიყვარს და მშვიდებიც. თითოეული ბავშვი ძვირფასია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ჩვენი პედაგოგები და პირადად მეც ჩართული ვართ და ვმოქმედებთ იმ კუთხით, რაც ბავშვის საჭიროებას და ინტერესებს წაადგება.

  • საგანმანათლებლო მოდულში თუ გაქვთ ისეთი საგნები, რომლებიც სხვა სკოლებში ნაკლებადაა?

სკოლას აქვს ორმაგი აკრედიტაცია. მოსწავლეს ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ორენოვანი განათლება და ამერიკული დიპლომი. საგაკვეთილო პროცესს უძღვებიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგები. სკოლა გამოირჩევა უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით – რუსული, ინგლისური, გერმანული ენები. ინგლისურ ენას ეუფლებიან პირველი კლასიდან, ასევე ბავშვები სწავლობენ ბიზნეს უნარებს და უცხო გარემოში ადაპტაციას. მესამე კლასიდან ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

მაღალ კლასებში მოსწავლეებს გაცვლით პროგრამებს, ასევე საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობას ვთავაზობთ. ჩვენთან სხვადასხვა უცხოენოვანი მოსწავლეებიც არიან. მათთან ერთად სწავლა მოსწავლეს უვითარებს მრავალფეროვან, მულტიკულტურულ გარემოში თანაარსებობის უნარებს.

  • არაფორმალური განათლების მისაცემად, რა აქტივობები გაქვთ სკოლაში?

სკოლა “პროგრესში” ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, რომელთა მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდა. ამ ეტაპზე სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურისა და კინო კლუბი “ქიმერიონი”, კითხვის კლუბი (ინგლისურ ენაზე), ეკო-კლუბი, ფილოსოფიის კლუბი. ამ კლუბებში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები და საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ. მაგალითად ეკო-კლუბი ჩართულია ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსში; კლუბები ატარებენ ინტელექტუალურ თამაშებს. სკოლა მაქსიმალურად მხარს უჭერს მოსწავლეთა ინიციატივებს. არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებაში.

  • ხშირად ქვეყნდება თქვენმოსწავლეების შესახებ სტატიები, მოსწავლეების წარმოჩენა რა მიზანს ემსახურება?

ჩვენ თითოეული მოსწავლით ვამაყობთ, მართლა გამორჩეული ბავშვები გვყავს. სტატიების საშუალებით გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენი მოსწავლეების ხედვას, მოსაზრებებს, მისწრაფებებს, ასევე ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათში თავისუფალი აზროვნების, გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრებას, თვითრწმენის ამაღლებას და განმტკიცებას. რა რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში მედიასთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც სკოლიდანვე უნდა გამოიმუშაონ.

  • ერთ-ერთი პირველი იყავით იმ სკოლებს შორის, რომლებიც ახალ ფორმატს დისტანციურ სწავლებას ადვილად მოერგო. რამდენად გაუჭირდათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს?

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მალევე დავგეგმეთ და განვახორციელეთ. ვფიქრობ, ჩვენმა სკოლამ ამ გამოწვევას კარგად გაართვა თავი. წინასწარ გაიწერა სასწავლო ბადე სკოლის ყველა საფეხურისთვის, შედგა საგაკვეთილო ცხრილი, მოხდა მასწავლებლების მობილიზება/გადამზადება და მშობლების ინფორმირება. მოსწავლეთა ნაწილი გასული იყო ქალაქგარეთ, ძირითადად მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და ვინაიდან პროცესი საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, დავუკავშირდით მშობლებს, რომ მომხდარიყო თითოეული მოსწავლის პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავლის გზის დასახვა. დისტანციური სწავლების პროცესის დაწყებიდან დღემდე ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში. მცირე გამონაკლისების შემთხვევაში, მასწავლებლები ინდივიდუალურად მუშაობდნენ ბავშვებთან.

დავალებების, ტესტირებების თუ სხვა აქტივობების ჩატარებისთვის პედაგოგები იყენებდნენ, როგორც სკოლის ელექტრო ჟურნალს, ასევე სხვა პლატფორმებს: zoom-ს, online-conference-ს, ტელე-სკოლას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პედაგოგს, დამრიგებელს და ტექნიკურ მენეჯერს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისა და შეუფერხებლად, ხარისხიანად წარმართული პროცესისთვის. მადლობა მშობლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

  • თქვენი სკოლა ძლიერია STEM მიმართულებით, რამდენად არის ინტერესი მოსწავლეების მხრიდან, რა ღონისძიებები ტარდება?

სტემი – ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის და პროგრამირების კომბინირებული სასწავლო პროგრამაა, რომელიც ემსახურება საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას. ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა ჩართულია stem აკადემიის პროგრამაში, რომელსაც 2020 წელს გამარჯვებული მასწავლებელი – უტა კილასონია უძღვება.

გასულ წელს სკოლა პროგრესმა გრანდიოზულ საგანმანათლებლო stem ფესტივალს უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სკოლამ შეიძინა ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია საბუნებისმეტყველო საგნების წარმატებულ სწავლებასთან. Stem ფესტივალზე ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური დანადგარების და ტექნოპარკში არსებული შესაძლებლობების შესახებ. ფესტივალს ესწრებოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ კასრაძე. ბავშვებმა გამოფინეს თავიანთი პროექტები და ნამუშევრები. ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მეცნიერებაც სახალისო და საინტერესო შეიძლება იყოს.

ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მოსწავლეები მეექვსე წელია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობენ. ფინალურ გუნდებს შორის არის გუნდი “ატომი”, რომლის ერთ-ერთი წევრია პროგრესელი ბექა ვანაძე. მალე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც “ნასაში” გაემგზავრება. სკოლის ყველა პედაგოგი ვგულშემატკივრობთ ბავშვებს, უტა კილასონიას და ბატონ დავით სონღულაშვილის დამსახურებით დიდი წარმატებები ელოდებათ წინ.

  • რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც სკოლას არჩევენ თავიანთი შვილებისთვის?

სკოლის შერჩევისას ყურადღება მიაქციონ პირველ რიგში მასწავლებლებს, ისინი არიან ნებისმიერი სკოლის უმთავრესი აქტივი, შემდეგ უკვე პროგრამას, რა საგნებს ისწავლის, რამდენად ჩართული იქნება არაფორმალურ აქტივობებში.

ბავშვი უნდა სწავლობდეს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, ჰქონდეთ მეგობრული და თბილი ურთიერთობები, მიიღოს ხარისხიანი განათლება, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ამ ყოველივეს სკოლა  “პროგრესი” 4 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები თავს ბედნიერად, თავისუფლად და სრულფასოვნად გრძნობენ, მაღალკვალიფიციური პედაგოგები ენერგიას არ იშურებენ, რომ თითოეულ მოსწავლეს თითოეული საგანი შეაყვარონ. და კიდევ ერთს დავამატებ, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი ქართულ ატესტატთან ერთად ამერიკული დიპლომის აღება ქალაქიდან გაუსვლელად.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ფორმა იხილეთ აქ:

სკოლა პროგრესის მოსწავლეები

მატარებელით მგზავრობა უახლოეს მომავალში აღდგება – საქართველოს რკინიგზა

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში“ უთხრეს. თუმცა, ასევე დასძინეს, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის. შემუშავებულია ტრანსპორტისთვის რეგულაციები და საქართველოს რკინიგზა ყველა ამ რეგულაციას დააკმაყოფილებს, რადგან მათ შექმნაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციას, რაც მგზავრებმა უნდა დააკმაყოფილონ“, – ამბობენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მატარებლით მგზავრობის დროს კომპანიამ და მგზავრებმაც შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:

  • სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრთა ვიდეო ან თერმოსკრინინგი;
  •  სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • აუდიო, ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებისას უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
  • სერვისცენტრებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი შესაბამისი სტიკერების განთავსება (იატაკის ზედაპირზე) აგრეთვე, მოსასვენებელი სკამების ნაწილის ან სრულად მოხსნა/დემონტაჟი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;
  • მოსაცდელ დარბაზში, მომსახურე პერსონალისა და მგზავრებისთვის, ხელმისაწვდომ ადგილას (საბილეთო სალაროს მიმდებარედ) განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები, უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა – წყლითა და თხევადი საპნით;
  • სამუშაო ადგილებზე უზრუნველყავით ხელის დასამუშავებელი 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებების განთავსება და დასაქმებულებს მიაწოდეთ ინფორმაცია მათ სწორ მოხმარებაზე;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • პერიოდულად გაანიავეთ სამუშაო სივრცეები, თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

მომსახურების ცენტრებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პერსონალისა და მგზავრების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს დროულად შესაბამისი პირის ან სამსახურის მიერ.

 

სამუშაო სივრცეში (ყველგან, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა) არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

ხშირად გამოყენებული ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი მარშრუტის დასრულების შემდგომ.

სანიტარიული კვანძები უნდა დალაგდეს და დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით დღეში არანაკლებ სამჯერ.

მატარებელში მგზავრებს შეეზღუდებათ ჟურნალების, ბუკლეტების გაზეთების გავრცელება,

მგზავრებს ტრანსპორტირების დროს არ უნდა გადასცენ სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. (გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა.

 

ახალი რეგულაციის მიხედვით, თუ მგზავრობის დაწყებამდე მგზავრი თავს შეუძლოდ გრძნობს, არ უნდა გამოიყენოს სატრანსპორტო საშუალება.

  • საერთო გამოყენების ადგილებში კი უნდა დაიცვას უსაფრთხო დისტანცია და გამოიყენოს ნიღაბი;
  • მგზავრმა ბილეთი უნდა შეიძინოს წინასწარ (რეკომენდირებულია ელექტრონულად), რათა თავიდან აიცილოთ რიგში დგომა;
  • მგზავრობის პროცესში მატარებლის ყველა შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი;
  • ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა, მომსახურე პერსონალი უნდა ატარებდეს ნიღაბს;
  • მატარებლის სალონში ჰაერი უნდა იფილტრებოდეს ინტენსიურად, სუფთა ჰაერის მიღება გარედან უნდა ხდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
  • პერიოდულად უნდა გაიწმინდოს მოაჯირები, კარების სახელურები, სავარძლების სახელურები და ხშირად გამოყენებული ზედაპირები;
  • ასევე რეკომენდირებულია, რომ ყოველი მარშრუტის შემდეგ მოხდეს შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია.

დაიღალეთ დაღლილობით? – ანუ რა არის ქრონიკული დაღლილობის მიზეზი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი რთული დარღვევაა, რომელიც ხასიათდება უკიდურესი დაღლილობით, რაც არ შეიძლება აიხსნას რაიმე ძირითადი სამედიცინო მდგომარეობით. ასეთი დაღლილობა შეიძლება გაუარესდეს ფიზიკური ან გონებრივი აქტივობით, მაგრამ არ გაუმჯობესდება დასვენებით. თერაპევტი თამარ დონდუა ამბობს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხშირად რაღაც სხვა დაავადების სიმპტომია. “ამიტომ ადამიანმა ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებით, უნდა მიმართოს ექიმს, რათა დადგინდეს მიზეზი –  დაავადებაა ეს, თუ დღის რეჟიმია მოსაწესრიგებელი”, – ამბობს ის.

[yellow_box]სიმპტომები[/yellow_box]

პირველ რიგში, ქრონიკული დაღლილობის ნიშანია ის, რომ ადამიანი დილიდანვე იღვიძებს დაღლილი და უკვე ფაქტობრივად ენერგიაგამოცლილია, ან გაღვიძებიდან რამდენიმე საათში გრძნობს დაღლილობასა და ძილიანობას”, – ამბობს თამარ დონდუა. გარდა ამისა, ქრონიკული დაღლილობის მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინების ნაკლებობა. “ხშირად ეს არის D ვიტამინის ნაკლებობა”, – ამბობს ექიმი.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუდმივ დაღლილობას, მათ შორის დილითაც (ახალგაღვიძებულზე), მეხსიერების ან კონცენტრაციის დაკარგვა, გაფართოებული ლიმფური კვანძები ყელსა და იღლიებში, კუნთების ან სახსრების აუხსნელი ტკივილი, თავის ტკივილი, ძილი, რომლის შემდეგადაც არ ვგრძნობთ დასვენებულად თავს, ფიზიკური ან გონებრივი ვარჯიშის შემდეგ ძლიერი დაღლილობა.

Mayo Clinic:ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზის დასადასტურებლად არ არსებობს ტესტი. ასეთ პაციენტთან შეიძლება საჭირო გახდეს სხვადასხვა სამედიცინო ტესტი, რომ გამორიცხოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომელთაც აქვთ მსგავსი სიმპტომები. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე.

[yellow_box]რა შეიძლება იყოს მიზეზი?[/yellow_box]

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს იმუნური სისტემის პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი ან ვირუსული ინფექციები. თერაპევტი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ჰემოგლობინის ნაკლებობაც, ანუ სისხლნაკლებობა, “რადგან ჰემოგლობინი არის რკინისა და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მიდის ჩვენს ორგანიზმში ყველა უჯრედამდე, თუ ჰემოგლობინის ნაკლებობა აქვს ადამიანს, თავის ტვინი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და აქედან გამომდინარე დაღლილობაც გამოწვეულია ამით”, – ამბობს თამარ დონდუა.

[yellow_box]როცა პრობლემა დღის განრიგია?[/yellow_box]

ძალიან ხშირად ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება უკავშირდება ძილის არასწორ ჰიგიენას – ანუ როცა ადამიანს ძილ-ღვიძილის პროცესი აქვს არეული, თუ სძინავს მხოლოდ რამდენიმე საათი. მიზეზი შეიძლება იყოს სტრესული, დაძაბული და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, რის გამოც ადამიანს ღამითაც უწევს მუშაობა. 

“აუცილებელია ძილის მოწესრიგება, უნდა ვეცადოთ დავიძინოთ იმ დღეს, როცა დაღამდება – 12 საათამდე, რადგან სწორედ ღამის ძილის პერიოდში ხდება სეროტონინის გამომუშავება, ანუ იმ ჰორმონის, რომელიც სიმშვიდეს იწვევს ადამიანში”, – ამბობს ექიმი თერაპევტი. თამარ დონდუას განმარტებით, ღამის ძილი ვერ ჩანაცვლდება თუ ადამიანს ამდენივე დრო სძინავს დღისით: “ჩვენი ბიორიტმი ასეა მოწყობილი – ღამე უნდა გვეძინოს და დღისით ვფხიზლობდეთ. ხშირად ახალგაზრდებშია ეს დარღვევა, ღამის ცხოვრების გამო, კომპიუტერის გამოყენების გამო… ტელეფონები და გაჯეტები უნდა გადადო გვერდზე და თორმეტისთვის უდნა ეცადო დაიძინო”.

ექიმი ამბობს, რომ ღამით უნდა გვეძინოს 7-8 საათს – ასე  ადამიანი იღვიძებს აბსოლუტურად ნორმალურ განწყობაზე.

ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა

დღეს დილიდან ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა, ისინი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო და მუშაობა 20 მაისის შემდეგ განაახლეს.   მძღოლები ამბობენ, რომ ფეხზე მდგომი მგზავრების აკრძალვის შემდეგ, მათი შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა.

პანდემიის პირობებში შემოღებული რეგულაციები გამო კი, თანხები მიკროავტობუსებში ლუქის დამაგრებასა და ღია ფანჯრების მოწყობასაც დაჭირდა.

მიკროაბტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

პანდემიამდე, მერიასთან მგზავრობის შეთანხმებული ტარიფი, ხელვაჩაურის მიმართულებით 50 თეთრი იყო, ახლა კი მძღოლები ტარიფის 70 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ.

კომპანია, რომლის დაქვემდებარებაშიც  მძღოლები მუშაობენ, ბათუმის მერიამ გუშინ, 5 ივნისს, 100 ლარით დააჯარიმა სანებართვო პირობების დარღვევის გამო, დღეს კი მძღოლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.

გაფიცულ მძღოლებს ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე შეხვდა. „რადგან მგზავრთა ნაკადი შემცირდა, ეს შემოსავალზეც აისახა და ამიტომ გვინდა ტარიფის გაზრდაო. თუმცა ტარიფის მატება ასე არ ხდება, უნდა დაწერონ განცხადება და მიმართონ საკრებულოს. საკრებულო იმსჯელებს და როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე იქნება“-ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

მისი თქმით, გაფიცული მძღოლები მუშაობას განაახლებენ.

 

ამავე თემაზე:

კომპანია, რომელმაც მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდა, მერიამ დააჯარიმა

 

ლავასოღლის 8 მხარდამჭერი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – სასამართლო გადაწყვეტილება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები, რომლებიც 5 ივნისის აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. სასამართლო დღეს, 6 ივნისს გაიმართა. დაკავებული 9 პირიდან სასამართლომ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

აღნიშნულმა პირებმა გუშინ, 5 ივნისს ახალსოფელთან, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყვნენ დაკავებული.

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ.  მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.

ლავასოღლი ამ დროისთვის თურქეთის ციხეში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები მის საქართველოში გადმოყვანას მოითხოვენ.

 

ამავე თემაზე:

„კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება

ბოლო 37 დღის მანძილზე აჭარაში კოვიდ-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები არც ბოლო კვლევების შემდეგ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 246 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში 33 პირია მოთავსებულია, მათი კვლევის პასუხები კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

ოფიციალური წყაროს ცნობით, რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) 14 მარტს დადასტურდა, დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს, თუმცა ამ დროისთვის კლინიკაში არცერთი პაციენტი აღარ იმყოფება.

„კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა“-ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.

კომპანია, რომელმაც მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდა, მერიამ დააჯარიმა

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდეს და 50 თეთრის ნაცვლად, მგზავრებს 70 თეთრის გადახდას სთხოვდნენ. მგზავრობის საფასურის გაზრდამ, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

სამგზავრო ტარიფს ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს. მგზავრობის საფასურის გაზრდაზე კი ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ის კომპანია დააჯარიმა, რომელიც აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრების გადაყვანას უზრუნველყოფს.

„გავაფრთხილეთ კომპანია „აჭარტრანსრეგულირება“, ვისიც არის აღნიშნული მიკროავტობუსები და სანებართვო პირობის დარღვევისთვის 100 ლარით დავაჯარიმეთ. მათ  ვალდებულება აქვთ, რომ ორი დღის განმავლობაში გაზრდილი ტარიფის შესახებ ტრაფარეტი მოხსნან და ძველი ტარიფი დააბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა სანქციები ამოქმედდება“, – ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც ბათუმი-ხელვაჩაურის მარშრუტით მოძრაობენ, დღეს დილიდან გაფიცულები არიან. ისინი აქციის გამართვასაც გეგმავენ. სავარაუდოდ, მათი გაფიცვის მოტივი სამგზავრო ტარიფს უკავშირდება. აქცია დღეს 6 ივნისს, 13:30 საათზეა დაგეგმილი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე:

ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა

„რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები

„მამამ მითხრა, მოკალი ჩიტი და შევჭამოთ“, – ეს სიტყვები ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, როცა ცხოველების და ზოგად, ცოცხალი არსებების მიმართ ემპათიაზე ვესაუბრებოდი“- გვითხრა ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, თინათინ ჭავჭანიძემ. მას „ბათუმელები“ ესაუბრა განათლების სისტემის ნაკლზე და საზოგადოებაზე, რომელიც ცხოველების მიმართ სისასტიკეს პრობლემად არ აღიქვამს. 2008-2011 წლებში თინათინ ჭავჭანიძე კოლეგებთან ერთად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამას – „გავიცნოთ ჩვენი მეგობრები“ დევნილ მოსწავლეებთან. ამ პროგრამის მიზანი იყო ბავშვებში ემპათიის განვითარება შინაური ცხოველების მიმართ.

თინათინ ჭავჭანიძე: წლების წინ, ნორვეგიის დევნილთა საბჭო დევნილი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებდა, სადაც ჩვენი ორგანიზაციაც იყო ჩართული და ჩვენ ამ ბავშვებს ემპათიას სწორედ შინაური ცხოველების მიმართ მოპყრობის მაგალითზე ვასწავლიდით.

ომგამოვლილი ბავშვები ისედაც ტრავმირებული იყვნენ, თუმცა მძიმე იყო ისიც, რომ მათ დევნილობის შემდეგად არ დახვდათ ემპათიური გარემო.  ბავშვები, ვისაც ვხვდებოდით, სრულიად გულგრილ და დუხჭირ გარემოში იზრდებოდნენ, სადაც მაგალითად, ჩიტზე ნადირობა ჩვეულებრივი რამ იყო. ერთ-ერთი ბავშვი ამბობდა, – „მამა მითხრა, მოკალი ჩიტი და შევჭამოთ“, – ეს უკვე ნიშნავს,  რომ ეს არ იყო ნადირობა გართობისთვის, ეს მათ გამოკვებისთვის სჭირდებოდათ.  გარემოში, სადაც ეს ბავშვები იზრდებოდნენ, ჩაგვრა იყო სრულიად ჩვეულებრივი ამბავი.

  • ოჯახებს გულისხმობს თუ ზოგადად, გარემოს?

ორივეს. ერთ-ერთი სკოლაში, სადაც ეს ბავშვები დადიოდნენ, დირექტორს ადგილის გამოყოფა ვთხოვეთ, რომ ბავშვებთან მუშაობა შეგვძლებოდა. იცით რა გვითხრა? – „მე აქედან რა?“ სიკეთე-მეთქი, მეტი რა უნდა მეთქვა. ამის შემდეგ მითხრა, მე ამათგან (დევნილ ბავშვებს გულისხმობდა), ვირთხების მეტი არაფერი მინახავსო.

ერთ სკოლაში, კლასში რომ შევედით, მასწავლებელმა მიმართა ბავშვებს – „დევნილებმა ხელი ასწიეთ“,  არადა ჩვენი მიზანი საერთოდ არ იყო მათი გამოყოფა. პირველ მერხზე  ბავშვმა მკითხა – „სვანი დევნილია?“  ბავშვები ვერ არკვევდნენ რა სჭირდათ და დამატებით კიდევ მათი მარგინალიზაცია და დაყოფა მიდიოდა დევნილებად, სვანებად და რა ვიცი კიდევ რა. დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ იყო სრულიად მიუღებელი.

ბავშვები ამბობდნენ, რომ მასწავლებელი მათ ეძახდა „დებილებს“, უკან დაგვსვა და გვლანძღავსო. ზრდასრულებზეა აქ საუბარი. მათზე, ვინც უნდა ასწავლოს ბავშვებს ემპათია, სიყვარული, დაჩაგრულის დაცვა.

  • ცხოველებთან დაკავშირებით რას ფიქრობდნენ ბავშვები?

პირველად რასაც გვიყვებოდნენ, მხოლოდ ნეგატიური მოგონებები იყო. ერთი იხსენებდა, რომ მისმა ბიძაშვილმა კნუტები ტომარაში ჩაყარა და კედელზე ახეთქა. თუმცა ჩვენი ტრენინგების შედეგი აშკარად თვალნათელი იყო და ბავშვების დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა ცხოველების მიმართ. ისინი ცდილობდნენ მშობლებთან, მეზობლებთანაც  ესაუბრათ ამაზე და მათი დამოკიდებულებაც შეეცვალათ. თავიდან უკვირდათ, თუ რატომ ველაპარაკებოდით ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაზე, რატომ ვისმენდით მათგანაც ამბებს, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ცნობიერება შეიცვალა. სხვადასხვა თამაშით ვცდილობდით, თვითონ ბავშვებს აეხსნათ, რას გრძნობდნენ ისინი მსხვერპლის როლში.

  • მშობლებისგან არ ესმოდათ ცხოველების მიმართ ემპათიაზე, მზრუნველობაზე?

იცით, ეს ბავშვები იმდენად მოკლებული იყვნენ მზრუნველობას და სითბოს, რომ როცა გვხვდებოდნენ, გვეხუტებოდნენ და უხაროდათ შეხვედრა. ერთმა მშობელმა გვითხრა, მამამისი ცემს [ბავშვს] და მაინც ვერ გააგებინა რამე, მხოლოდ თქვენი სჯერაო.

მე არ ვამბობ, რომ ყველა მათგანი ცხოველთა დამცველი გამოვიდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა გვიყვებოდნენ – „ლეკვი ვიპოვეთ, ვაჭამეთ, მოვუარეთ“.

  • თქვენ საუბრობთ სიღარიბეზე და ბავშვების მიმართ არატოლერანტულ გარემოზე. გარემო, რომელიც ბავშვების მიმართ გულგრილია, ასეთივეა ცხოველების მიმართაც?

სიდუხჭირე ერთ-ერთი ნაწილია სამყაროსთან დაპირისპირების, მაგრამ ვისაც ამის პრობლემა არ აქვს, არც ის ფიქრობს ემპათიაზე.  დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში ბავშვების მიმართ არის, რომ საკვებს აძლევს, აცმევს, უხდის თანხას განათლებაში და მორჩა. ის რომ ბავშვი ადამიანია და რაღაც შეიძლება აწუხებდეს, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ დიდები. შესაბამისად, არც ცხოველების მიმართ არ აქვთ ემპათია.

აი, ახლა ვარ დაბა სიონში და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ აგრესიას ავლენენ ადამიანები ქუჩაში მყოფი ძაღლების მიმართ. „რატომ უნდა ვაჭამო?“, „რატომ მოდიან, რატომ გვაწუხებენ?“ – იძახიან.

აქ ქუჩის ძაღლის ზედსართავი არის „ცოფიანი“ და უნდა გეშინოდეს, უნდა ურტყამდე ან გაურბოდე. დამოკიდებულებაა ასეთი – რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას, კვერცხს ხომ არ დებს, ხომ არ იწველება?  სრულიად მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს მათ მიმართ. ცხოველების როლი გარემოში და ადამიანებთან ურთიერთობაში საერთოდ უგულებელყოფილია.

ადამიანებს ხშირად არ ესმით, რომ ცხოველი არის ცოცხალი არსება და მასაც ტკივა. რომ ცხოველი უნდა იყოს დაცული ტკივილისგან, წყურვილისგან, სტრესისგან,  სხვათაშორის, ეს არც პარლამენტარებს ესმით.

  • რას ამბობენ პარლამენტარები?

როცა პარლამენტში განიხილავდნენ კანონპროექტს შინაური ცხოველების კეთილდღეობის შესახებ, კითხულობდნენ – „რას ნიშნავს კეთილდღეობა?“ ეს ერეოდათ ფუფუნებაში. როცა ვუხსნიდით, რომ კეთილდღეობა ნიშნავს, რომ ცხოველი დაცული უნდა იყოს შიმშილისგან, წყურვილისგან,  ჭრილობებისგან და დაავადებებისგან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობის დაცვა, საცხოვრებელი გარემოს გამოყოფა და მენტალური სტრესისგან, წამებისგან დაცვა, ვერ იგებდნენ.  ეგონათ, რომ „როლექსის“ საათზეა საუბარი.  არ ესმით, რომ ცხოველიც შეიძლება განიცდიდეს მენტალურ სტრესს. ხუციშვილმა გვითხრა, ძაღლების კეთილდღეობის პროექტს მთელი პარლამენტი დასცინისო.

  • ცხოველების წამების შესახებ ხომ მიიღეს კანონი?

დიახ, თუმცა „კეთილდღეობა“ მაინც ამოიღეს კანონიდან და არც წამებაა დაკონკრეტებული.

  • განათლების სამინისტროს რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ?

ამ პროექტის გაგრძელება კიდევ გვინდოდა, მე მგონი არ დაგვიტოვებია განათლების არცერთი მინისტრი რომ არ შეგვეთავაზებინა, თუმცა პასუხი იყო გულგრილობა.

მარგველაშვილის მინისტრობის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი დაინტერესდა ამ პროექტით და შემდეგ ისიც გაჩუმდა. ლია გიგაურს ვესაუბრე, მინისტრის მოადგილე რომ იყო. ვუხსნიდი, როგორ აძლიერებდა ეს პროექტი ბავშვებში ცხოველების მიმართ ემპათიას და ზოგადად, როგორ ამცირებდა აგრესიას. მითხრა, რომ რაც სკოლებში მანდატურები შევიდნენ, აგრესია აღარ არის ბავშვებშიო. ეს ნიშნავს, რომ აგრესია სკოლის გარეთ გავიდა-მეთქი. მხრები აიჩეჩა და წავიდა.

  • თვითონ განათლების სისტემა რამდენად ორიენტირებულია იგივე ემპათიის გაძლიერებაზე დაუცველის, ჩაგრულის მიმართ, ან ცოცხალი გარემოს მიმართ?

ის, რომ განათლების სისტემაში მყოფი ადამიანები სკოლის როლს ვერ ხედავენ ამ საკითხში, ეს უკვე ჩანს. ერთ-ერთმა მინისტრმა გვითხრა, ცხოველები პრიორიტეტად არ ითვლებაო. არც კი უღრმავდებიან იმას, რომ როცა ემპათიაზე ვსაუბრობთ, აქ სწორედ აგრესიის მართვაზეა საუბარი.  რომ გარემო მხოლოდ ასფალტი, სკოლა და სახლი არ არის, არამედ ჩიტი, ძაღლი, კატა, ხე და ა.შ.  გარემოსგან სრულიად დაცლილია დღევანდელი რეალობა, გამოყოფილია და აღიქმება აშკარად მტრულად.

„ყვავები დაგვესხნენო“ – თბილისში იძახდნენ. კი არ დაესხნენ, თავიანთ შვილებს იცავდნენ. სწორედ ამას ვასწავლიდით ბავშვებს, რომ პატარა რომ იყო, დედა ხომ დაგიცავს საფრთხისგან, ასეა ცხოველიც. ეს ადვილად ესმით ბავშვებს, დიდებს კი არ ესმით.

  • რამდენიმე დღის წინ, როცა ფეისბუკში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ დააგლეჯინა მოზარდმა ნაგაზს პატარა ძაღლი, საზოგადოება ძალიან აგრესიული იყო მოზარდის მიმართ. წერდნენ, რომ მოზარდი ამ ძაღლივით უნდა აწამო. ეს რას ნიშნავს?

შემდეგ ხსნიდნენ, რომ ეს ემოციურობით მოუვიდათ, თუმცა მე, პირადად, მსგავს რამეს ვერანაირი ემოციურობის დროს ვერ დავწერ. ძაღლის დაცვა არ ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებას და პირიქით.

გახსოვთ ალბათ თბილისში ძაღლების ჩხუბის ჩემპიონატი ტარდებოდა, ეს არის სასტიკი გართობა და კრიმინალი. პოლიციით დავადექით თავზე და იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ, თუმცა პოლიციაც კი ისე გვიყურებდა როგორც დამნაშავეებს, რომლებმაც ასეთი სანახაობა ჩავშალეთ. ბავშვები ჰყავდათ მოყვანილი და მღვდელიც იყო მოსული დიდი ძაღლით. აი, აქედან მოდის აგრესია და ბავშვი მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ხედავს.

ამიტომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ძაღლს ან კატას არ უნდა დაუშავოს რადგან რადგან ცოცხალია და სტკივა.

________________

ფოტოზე: თინათინ ჭავჭანიძე. ნათელა გრიგალაშვილის ფოტო 

„კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს და ადვოკატს გენერალურ პროკურატურაში ორშაბათს, 8 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ლავასოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ უთხრა. ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები ბათუმში პირველ ივნისიდან იმართება. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ.

ადვოკატის თქმით, პროკურატურიდან დღეს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როცა საპროტესტო აქციის 9 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ჩაკეტვის დროს.

„ცნობილი არ არის, რას გვეტყვიან პროკურატურაში, ან არის თუ არა რამე გადაწყვეტილი… საპროტესტო აქციები გრძელდება, ვიდრე ლავასოღლის საქართველოს არ გადმოსცემენ. 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი. იმედია, პროკურატურაში შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლექსო კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში აღარ იმყოფებოდა. ლავასოღლი  თურქეთში 2018 წელს დააკავეს. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში კი, ვერ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

ქალი, რომელიც 5 ბავშვს მარტო ზრდის და ემიგრანტები დაეხმარნენ, ახლა სხვებს ეხმარება

„როცა გიჭირს, ერთი პურით დახმარებაც დიდი რამეა, მეც მივიტანე გულთან სხვისი ტკივილი,  როგორც სხვებმა ჩემი მდგომარეობა. სხვას გავუკეთე ანალოგიური. როცა უცხო ადამიანები მოდიოდნენ  პროდუქტით, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვინ არიან, რატომ მოდიან და მოაქვთ ჩვენთვის საჭმელიო. ვუხსნიდი, რომ ეს დროებითია, კრიზისი გვაქვს და ხალხის დახმარების იმედად ვართ, წამოვდგებით ფეხზე და სხვებს დავეხმარებით, ისინი იქნებიან ჩვენს იმედად-მეთქი. “ – გვიყვება ხათუნა გიგაშვილი.

28 წლის ქალი ხუთი ბავშვს მარტო ზრდის. ის პანდემიის დროს სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა და ბინის ქირის ფულსაც კი ვერ იხდიდა.

ხათუნა გიგაშვილს სოციალური დახმარება პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე შეუწყვიტეს, ხუთ ბავშვთან ერთად [მას ორი შვილი ჰყავს და სამიც და-ძმა] ის ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა. მის მდგომარეობას დაემატა ისიც, რომ ხათუნა ბავშვებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს – უნდა გადაეხადა, როგორც ქირის საფასური, ასევე კომუნალური გადასახადები.

ხათუნას და მისი ოჯახის ფინანსური პრობლემების შესახებ „ბათუმელებში“ სტატია ზუსტად ორი თვის წინ, 2020 წლის აპრილში გამოაქვეყნა, როგორც თვითონ გვიყვება, ამის შემდეგ მის ტელეფონზე ზარები არ შეწყვეტილა:

„ჩემს სახლში მოსვლა და წასვლა აღარ შეწყვეტილა. მოდიოდნენ უცხო ადამიანები, მოჰქონდათ პროდუქტი, ტკბილეული, ანგარიშის ნომერიც გამიხსნეს და თანხას მირიცხავდნენ. ასე შევაგროვე აპრილის ქირის გადასახადი, ელექტროენერგიის გადასახადი კი სიკეთის ფონდმა გადამიხადა, ისინი სულ მეხმარებიან“.

ცოტა ხანში ისევ „სიკეთის ფონდიდან“ ხათუნას შეატყობინეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქირის თანხას ქართველი ემიგრანტი გადაუხდიდა. მალე სოციალური დახმარებაც აღუდგინეს და განაცდური თვეების თანხაც დაურიცხეს. ამას მოყვა პროდუქტის ვაუჩერიც, რის შემდეგაც ხათუნამ გადაწყვიტა, რომ „უკვე ბევრი დაუგროვდა“ და ახლა უკვე მასაც შეეძლო სხვების დახმარება.

„საიტზე წავიკითხე, რომ ერთ ბებოს წამლებისთვის მცირე თანხა ესაჭიროებოდა. ეს თანხა მე გადავურიცხე. პროდუქტი კი გავუნაწილე ისეთ ოჯახს, რომელიც წერდა, რომ ბავშვებისთვის საჭმელი არ ჰქონდა, მე თვითონ გავუტანე. ერთხელ ფონდის წარმომადგენელთან ერთადაც ვიყავი, რომელიც ადრე მე დამეხმარა, როცა გამოვთქვი სურვილი ძალიან გაუკვირდათ“, – გვიყვება ხათუნა.

ხათუნას თქმით, ბავშვებს იმდენად მოეწონათ სხვების დახმარების პროცესი, რომ ახლა თვითონ ეძებენ ფეისბუქზე მსგავს განცხადებებს: „ხანდახან მომირბენინებენ, დედა შეხედე ამასაც უჭირსო“, – გვითხრა ხათუნამ.

რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება

აჭარაში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დღეს, 5 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე.

„ეს არის  ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ – ასე უპასუხა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე აქტივისტზე.

ალექსანდრე მილორავა მერვე დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს და დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებს.

„აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმაურებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომლითაც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ალექსანდრე მილორავას რამდენიმედღიანი შიმშილობის აქცია შეაფასა. თორნიკე რიჟვაძის განცხადება არ შეესაბამება მისი, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსს და ეთიკის ნორმებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზიის არც მრჩეველთა საბჭოს კომპლექტაციისა და მენეჯმენტის ჩამოყალიბების პროცესისგან სრულად ჩამოშორებულია და მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომელიმე ფორმით ჩაერიოს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში. მას, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს, მთავრობის თავმჯდომარეს აქვს პირდაპირი მოვალეობა დაიცვას რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქის უფლება და თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადებები, მიუხედავად განცხადების ადრესატის შეხედულებების განსხვავებულობისა. გვსურს აღვნიშნოთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ალექსანდრე მილორავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან სწორედ მათ მიერ არასწორად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა ტელევიზია, სადაც ადამიანებს დევნიან განსხვავებული აზრის გამო, ათავისუფლებენ სამსახურიდან, აქვეითებენ და აიძულებენ თავად დაწერონ სამსახურიდან წასვლის განცხადება. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ის, რომ ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ უკვე 9 თანამშრომელმა დაიწყო სასამართლო დავა და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

მოვუწოდებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს,  პატივი სცეს რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უფლებას, ღირსებას, იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი ნორმებით და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური პრინციპებს,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციები მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • საზოგადოება „ბათომი“
  • მწვანე სექტორი
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი ბათუმის ოფისი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის ფილიალი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოში 52 613 პირს რეგისტრირებული იარაღი აქვს, შენახვა-ტარების უფლება – 121 638 პირს

„იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან ტარების უფლება, რამდენია მართლმადიდებელი სასულიერო პირი და რამდენი – სხვა რელიგიური მიმდინარეობის სასულიერო პირი?“ –  საჯარო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოვითხოვეთ. ეს ის უწყებაა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებას გასცემს.

„მომსახურების სააგენტო აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებას არ ახორციელებს,“ – მოგვწერეს შსს-ს მომსახურების სააგენტოდან.

ეს ინფორმაცია შს სამინისტროდან მას შემდეგ გამოვითხოვეთ, როცა 28 აპრილს პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირს განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ბრალი წაუყენა.

მომსახურების სააგენტოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შენახვის უფლებით ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში რეგისტრირებული აქვს 52 613 ადამიანს, ხოლო შენახვისა და ტარების უფლებით – 121 638 ადამიანს.

“გავღარიბდი” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეკლარაციიდან გამქრალ ქონებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ გაღარიბდა. გახარიას კითხვა 2015 წლის შემდეგ მისი ქონებრივი დეკლარაციიდან გამქრალ შემოსავალზე დღეს, 5 ივნისს, ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაუსვეს.

„2015 წლის შემდეგ გავღარიბდი და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას,“  – თქვა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქონებრივი დეკლარაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მის მიერ დეტალურადაა შევსებული.

„იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ეხლა რა გინდათ, მოგიყვეთ, ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“ – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია 30 მაისს შეავსო. დეკლარაციის შევსების მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელფასო ანგარიშზე 99 ლარი და 41 თეთრი ჰქონდა.

„ფაქტია, ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ“ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ“.

„ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ — უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან, ბებიასთან ჩავედი, ეს არა, – ესეც ტურიზმია, შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს“, — განაცხადა მან.

მთავრობის მიერ შედგენილი ეკონომიკის გახსნის გეგმის თანახმად, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მიღებას საქართველო  პირველი ივლისიდან დაიწყებს.

ბათუმში ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული.

აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ისინი უკვე მესამე დღეა აანონსებენ სარფის საბაჟოს გადაკეტვას, თუმცა ეს რამდენჯერმე გადადეს. დღეს აქციის მონაწილეები სარფისკენ მიდიოდნენ, თუმცა ახალსოფლიდან უკან, პროკურატურასთან დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც 15 ადამიანი შიმშილობს.

აქციის მონაწილეების თქმით, პროკურატურასთან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებს პროკურორი შეხვდებოდა. აქციის მონაწილე მაია მელიქიძემ ვერ დაგვიზუსტა, ვინ უთხრა მათ ამის შესახებ. ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მას პროკურატურიდან ჯერ არავინ შეხმიანებია.

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად ბათუმში, პროკურატურის შენობასთან, 15 ადამიანი შიმშილობს, 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ.  მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი თურქეთში 2018 წელს დააკავეს. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში ვერ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში…“ – წერს ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი. უკვე მერვე დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებს.

ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნაა საჭირო. მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის მოთხოვნით უკვე მიმართა გია ქარცივაძემ. იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად კიდევ ერთი წევრის მოთხოვნაა საჭირო, თუმცა თამარ წილოსანი ორშაბათამდე არ ჩქარობს. ამ დრომდე მას ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე ოფიციალური მოთხოვნა არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო, თამარ წილოსანმა თქვა, რომ ჟურნალისტებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს.

რატომ არ მიმართა დღესვე მრჩეველთა საბჭოს თამარ წილოსანმა, თუკი იგი იმპიჩმენტს მხარს უჭერს? – ვკითხეთ თამარ წილოსანს. მან გვიპასუხა, რომ პროცედურები უნდა დაიცვას და წერილს გია ქარცივაძესთან ერთად უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც დღეს ბათუმში არ არის. თამარ წილოსანმა ვერ დაგვისახელა კანონის კონკრეტული ნორმა, რომელიც ადგენს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ მრჩეველთა საბჭოს.

კანონის ჩანაწერი: „მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი“.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ორშაბათამდე ალექსანდრე მილორავა შიმშილობას შეწყვეტს და იმპიჩმენტის საკითხი აქტუალური აღარ იქნება? – ვკითხეთ მრჩეველთა საბჭოს წევრს, თუმცა მან მოუცლელობის მიზეზით ტელეფონი გაგვითიშა.

„დაკავებული ვარ, ვერ გიპასუხებთ,“ – გვითხრა თამარ წილოსანმა.

გია ქარცივაძე კი, რომელმაც მრჩეველთა საბჭოს უკვე მიმართა ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით, ამბობს, რომ ბათუმში დღეს დაბრუნება მარტივად შეეძლო, თუკი თამარ წილოსანი ეტყოდა ამის შესახებ.

„მითხრა, რომ ორშაბათს აპირებს განაცხადის შეტანას და ხელი მომიწერეო, მე ახლაც და ორშაბათსაც შემეძლო ხელის მოწერა ამ მოპთხოვნაზე,“ – ამბობს გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“.

თამარ წილოსანი მრჩეველთა საბჭოს წევრი მას შემდეგ გახდა, როცა იგი კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა. დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა, ალექსანდრე მილორავას 2017 წელი გაახსენა, როცა იგი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად. აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრე მილორავა „პოლიტიკურ შეკვეთას“ ასრულებს.

მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ ეს განცხადება გაავრცელა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ზუსტად იგივე გაიმეორა, რომ ეს არის პოლიტიკური შოუ და ალექსანდრე მილორავამ წონაში მოიმატა და დაკლება უნდა.

როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

„ადგილი აქვს აქციის  მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს,  პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ტელევიზიის სხვა მენეჯერებს არაფერი უთქვამთ, ემზარ პაქსაძემ კი ვერ ახსნა, რატომ ასრულებს ალექსანდრე მილორავა „პოლიტიკურ დაკვეთას“. მოშიმშილეს შიმშილობის მერვე დღეს მენეჯმენტი ასე გამოეხმაურა.

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაშვებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა. ალექსანდრე მილორავა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. დღეს საღამოს ამავე მოთხოვნით აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

„…დღეს ეს პირები, რომლებიც წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, კუთხე, თითქოსდა აინტერესებთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახორციელებენ პოლიტიკურ შეკვეთებს, ეს პროცესი არის გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის,“ – აღნიშნა ემზარ პაქსაძემ, თუმცა ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, მან ვერ დააკონკრეტა, რატომაა მნიშვნელოვანი ალექსანდრე მილორავას პოლიტიკური წარსული ან პოლიტიკური არჩევანი დღეს, თუკი მისი მოთხოვნები სამართლიანია?

ალექსანდრე მილორავა ტელევიზიისგან ითხოვს არა ეთერს ან კონკრეტული ჟურნალისტური მასალების მომზადებას, არამედ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ჟურნალისტების დევნის გამო, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

„ამ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ… აუდიტის დასკვნასაც გაჩვენებთ“ – აღნიშნა ემზარ პაქსაძემ, როცა მას ჟურნალისტების დევნაზე ვკითხეთ. სასამართლოში უკვე 9 სარჩელია აქვთ შეტანილი კრიტიკულად განწყოფილ ჟურნალისტებს – მათ, ვინც რედაქციას ჩამოაშორეს. ჟურნალისტები ითხოვენ გამოძიების დაწყებასაც, ჟურნალისტების დევნის გამო.

მოშიმშილის წინააღმდეგ მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ემზარ პაქსაძემ დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრე მილორავა 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებში „ევროპული საქართველოდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ამ პარტიას 1000 ლარი შესწირა. ალექსანდრე მილორავა ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას 2017 წლის ბოლოს გაემიჯნა და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში 2017 წლიდან ჩართული აღარ არის.

„მე დღეს მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტი ვარ… “ – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

ალექსანდრე მილორავა სამი წლის წინ იყო „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში. დღეს კი ტელევიზიის ხუთწევრიან მრჩეველთა საბჭოში მუშაობს „ევროპული საქართველოს“ შერჩეული წევრი თამარ წილოსანი,  რომელიც ამ დრომდე არ უჭერს მხარს  იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, რასაც ალექსანდრე მილორავა ითხოვს.

კონკრეტულად რის საფუძველზე მიიჩნევს აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც მერვე დღეა შიმშილობს, „პოლიტიკურ შეკვეთას“ ასრულებს?

„მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, სიაშია და… მაშინ უნდა თქვას, რომ მე ვარ პოლიტიკური პარტიიდან, ამაზეა საუბარი,“ – უკან არ დაიხია ემზარ პაქსაძემ, რომლის წარმოდგენილ დოკუმენტს ყველა ჟურნალისტი გაეცნო – არავის ახსოვდა, ბათუმის ერთ-ერთ უბანში ალექსანდრე მილორავა მაჟორიტარობის კანდიდატი რომ იყო სამი წლის წინ ერთ-ერთი პარტიიდან.

„აგერ მაქვს მისი სურათიც, ფეიკი კი არ მაქვს გაკეთებული,“ – დასძინა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ.

ალექსანდრე მილორავას საარჩევნო პოსტერი 2017 წელს. ფოტო აჭარის მაუწყებლის მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან

ემზარ პაქსაძემ კიდევ ერთ საკითხზე ითხოვა ჟურნალისტების ყურადღება: „მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ როცა ჩამოსულებს ეძახდნენ ჩვენს ჩამოსულებს, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისში არის რეგისტრირებული“.

ემზარ პაქსაძემ მიიჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და რომ ეთიკურად გამოეხმაურა საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბაჩუკი ჩხეიძეს, რომელმაც „ჩამოსულებზე“ აქცენტი საინფორმაციო სამსახურის უფროსთან – ვახო ხუზმიაშვილთან საუბრის დროს გააკეთა. ალექსანდრე მილორავას, რომელიც ემზარ პაქსაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თბილისშია რეგისტრირებული“, არაფერი უთქვამს „ჩამოსულებზე“.

რა ადასტურებს ზეწოლას და იმას, რომ მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს“? – კითხვების დასმა გიორგი კოხრეიძისთვისაც გვინდოდა, რომელიც ტელევიზიის გასასვლელში შეგვხვდა. მან გვითხრა, რომ კომენტარს არ გააკეთებს.

იმის მიუხედავად, რომ კომენტარზე უარი გვითხრა, მას მაინც ვკითხეთ შერჩევით მიდგომაზე, მაგალითად, როცა ფეისბუქპოსტის გამო ჟურნალისტი და ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი – მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან გაუშვა, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსის და ასევე სხვა ჟურნალისტის შეურაცმხყოფელი ფეისბუქპოსტებზე საქმისწარმოება არც კი დაიწყო.

„…კარგით რა, მასე იმასაც ამბობდნენ აქციის მონაწილეები, ტელევიზიის თანამშრომელი გამოვიდა და ფეხი გვიკრა კარავზეო. ვნახე კადრები და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, მე ყველა ამ ფაქტებს გამოვაქვეყნებ და აუდიტის დასკვნასაც,“ – თქვა გიორგი კოხრეიძემ, თუმცა საუბარში მოულოდნელად დერეფანში გამოჩენილი სოსო სტურუა ჩაგვერთო, მრჩეველთა საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“.

„რეხვიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება შეგიძლიათ ნახოთ“, – გვირჩია მან. ვიდრე მას ავუხსნიდით, რომ გიორგი კოხრეიძესთან გვქონდა კითხვები და არა მასთან, კითხვებისგან დირექტორის  „დაცვა“ ლალი ბერძენიშვილმა სცადა, რომელიც ტელევიზიის განვითარების მენეჯერია. „რატომ სვამთ იმ კითხვებს, რომლებზეც ისედაც გაქვთ პასუხები?“ – იკითხა მან.

ამასობაში, გიორგი კოხრეიძე პასუხების გაცემის გარეშე დაუბრუნდა თავის სამუშაო ოთახს.

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმში ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების ცალ მხარეს ავტომობილების გაჩერება შემოდგომიდან აიკრძალება. ამ ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა ცალმხრივი იქნება და მოეწყობა ე.წ. Bus lane-ბი [ავტობუსის სავალი ხაზები]. ამ ხაზებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. პარალელურად, ავტომობილების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზეც. Bus lane-ბის მოწყობა პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში იგეგმება.

რა იცვლება კონკრეტულად [პროექტის მიხედვით]

გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილები, მიკროავტობუსები და ავტობუსები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან [ცირკიდან] ჯავახიშვილის ქუჩამდე [ბათუმი მოლამდე] ამავე მიმართულებით. ქუჩის მარჯვენა მხარეს დარჩება პარკინგიც, ხოლო მეორე მხარეს მოეწყობა Bus lane და ჯავახიშვილისა და გორგილაძის კვეთიდან ბარათაშვილის მიმართულებით, ცალმხრივად იმოძრავებენ მხოლოდ ავტობუსები.

ბარათაშვილის ქუჩაზე, Bus lane გაგრძელდება გორგილაძის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში – ბარათაშვილის ქუჩის მარჯვენა [ლუწ] მხარეს. აქ Bus lane შეწყდება და გაგრძელდება თბილისის მოედანთან მდებარე წრიულიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ჭავჭავაძის ქუჩაზეც მოძრაობა გარკვეულწილად გახდება ცალმხრივი. წრიულიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით იმოძრავებს ყველა სახის ტრანსპორტი. პირიქით, გრიბოედოვის ქუჩიდან წრიულამდე [თბილისის მოედნამდე] კი მოეწყობა Bus lane და აქ მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ.

თუმცა, ჭავჭავაძის ქუჩაზე Bus lane გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე იქნება ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, ის იქნება გზის გამყოფი ხაზის გასწვრივ [თი ბი სი ბანკის მხარეს, ამ ბანკიდან საკათედრო ტაძრამდე], შესაბამისად, აქ ავტობუსის გაჩერება მოეწყობა არა ტროტუარზე, არამედ ქუჩის გამყოფ ზოლზე [ბანკის წინ]. მეორე გაჩერება კი ასევე გზაგამყოფ ზოლზე, დაგეგმილია თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

თავდადებულის ქუჩიდან თბილისის მოედნის მიმართულებით კი Bus lane ჭავჭავაძის ქუჩაზე გაგრძელდება ასევე გზაგამყოფის გასწვრივ, ოღონდ, უკვე არა ეკლესიის, არამედ მოპირდაპირე მხარეს.

Bus lane-ბის მოწყობის პარალელურად იგეგმება მოძრაობის მიმართულების შეცვლა პუშკინისა და გორგასლის ქუჩებზე:

პუშკინის ქუჩა „კარფურიდან“ 26 მაისამდე იქნება ცალმხრივი და ავტომობილები ამავე მიმართულებით იმოძრავებენ [ანუ, 26 მაისის ქუჩიდან „კარფურისკენ“ მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე არ იქნება].

გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

[red_box]ნახევარმილიონიანი ტენდერი[/red_box]

ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების გასწვრივ ავტობუსების სავალი ხაზის დახაზვისთვის, ქალაქის ბიუჯეტიდან 531 837 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2020 წლის 30 ივნისს დასრულდება.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ამავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

ტექნიკური დავალება: ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქუჩის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით (მათ შორის იმ ადგილებზე, სადაც მონიშვნის ტექნოლოგიური განხორციელების სქემა გულისხმობს საღებავის დატანას არსებული ძველი საღებავის მოცილების შემდეგ) – ძველი დარჩენილი საღებავის სავალი ნაწილიდან მოცილების მოცულობა -3 000 კვ.მ-ია, ხოლო დახაზვის საერთო მოცულობა – 5 909.31 კვ.მ.

მოსანიშნია: ავტობუსების სავალი ნაწილისა და გაჩერების ადგილები, ქვეითთა გადასასვლელები (ე.წ. „ზებრა“), ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი, სდექ ხაზები, მიმმართველი ისრები და სხვა სახის საგზაო მონიშვნები, მათ შორის, სხვადასხვა სახის საგზაო ჰორიზონტალური ნიშნის აღნიშვნები.

ტენდერით განსაზღვრულია ღამის ხილვადობისას მონიშვნის შუქდაბრუნების კოეფიციენტი; ასევე, კლასი და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თეთრი და ყვითელი ფერის საღებავები მშრალ ამინდში.

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 36 თვით [3 წლით] არის განსაზღვრული.

Bus lane-ბის მოწყობა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტის – „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ – ფარგლებში იგეგმება.

პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაცია ბათუმში 2015 წელს გაიმართა. სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნაზე დეტალური საუბარი კი 2018 წელს დაიწყო.

ამ თემაზე:

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

 

 

“წონაში მოიმატა და დაკლება უნდა” – რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილეზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე აქტივისტზე ამბობს, რომ ის „წონაში დასაკლებად შიმშილობს“.

„ეს არის  ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ –  ასე უპასუხა აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე  აქტივისტზე.

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს წინ მერვე დღეა შიმშილობს.

დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ ალექსანდრე მილორავა 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა პარტია „ევროპული საქართველოს“ სახელით. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი თორნიკე რიჟვაძემ, როდესაც მილორავას პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითა.

მილორავას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს და დირექტორის – გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს.

დღეს, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

Glovo-სა და RC კოლას უპრეცენდენტო დასაქმების პროგრამა დღეიდან დაიწყო

მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს Glovo და RC Cola ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა მსურველს შეუძლია შემოუერთდეს ფეისბუქის ჯგუფს „გახდი არსი გლოვერი“  და ამ ზაფხულს საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, Glovo-ს პარტნიორ კურიერად დაიწყოს მუშაობა.

ამისათვის არ არის საჭირო გყავდეს სკუტერი ან ავტომობილი – არსი კოლისა და გლოვოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „გახდი არსი გლოვერი“  მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. არსი კოლა შერჩეულ კანდიდატებს ველოსიპედებს სრულიად უსაყიდლოდ გადასცემს. პროექტი კანდიდატებს სთავაზობს კონკურენტულ შემოსავალს, მოქნილ გრაფიკსა და რეალური მანძილის ანაზღაურებას! 

პროგრამა გათვლილია საზაფხულო პერიოდზე და 18 დან 24 წლამდე ახალგაზრდებზე. საზაფხულო სამუშაოთი დაინტერესებულ პირები უნდა შემოუერთდნენ ჯგუფს „გახდი არსი გლოვერი“ და ავტვირთონ 1 წუთამდე ვიდეო ჰეშტეგით ( #გლოვერობისRC)  გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

დაიწყე საზაფხულო სამსახური Glovo-სა და RC კოლასთან ერთად. მიიღე საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 22-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს!

თუ აქამდე არასოდეს გიმუშავია, არც ესაა პრობლემა – შერჩეული კანდიდატების პროექტის ფარგლებში ტრენინგებიც ჩაუტარდებათ.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

იყო სრულწლოვანი და გქონდეს სურვილი იმუშავო.

პროექტში მონაწილეობისთვის:

პირველ რიგში, უნდა დაემატო სპეციალურ Facebook ჯგუფში აქ: https://www.facebook.com/groups/3049713935115326/

უნდა გადაიღო ვიდეო და მოგვიყვე, თუ რატომ გინდა პარტნიორ კურიერად მუშაობის დაწყება და ატვირთო ვიდეო Facebook ჯგუფში.

სულ ესაა!

ვიდეოების მიღების დასრულების შემდეგ, RC კოლსა და Glovo-ს წარმომადგენლები შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.

გაითვალისწინე, რეგისტრაციის დასრულების ბოლო ვადაა 20  ივნისი.

თურქეთში დასაქმებული ქალების მეორე აქცია „ქართული ოცნების” ოფისთან ბათუმში

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, თურქეთის ქალაქ ქემალფაშაში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქალებმა აქცია გამართეს. კორონავირუსის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ეს ქალები უმუშევრები დარჩნენ. ისინი მთავრობისგან ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ. საქართველოს მთავრობას თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ ან შემოსავალი ჰქონდათ და დაკარგეს, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება აქვს გათვალისწინებული.

ამ კომპენსაციის მიმღებთა შორის, ჯერჯერობით, ვერ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ.

ქემალფაშაში დასაქმებულ ქალებს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე შეხვდა.

„გასაგებია პრობლემა, რომელიც წამოაყენეს. დადგენილება, რომელმაც გამარტივებულად განსაზღვრა ის ნაწილი, რაც უკავშირდება ე.წ. 300-ლარიან კომპენსაციას, მინიმალური ცნობის წარდგენა იყო საჭირო მათ დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით. თუმცა აღმოჩნდა მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ქვეყნის გარეთ  იყო  დასაქმებული, აქედან გამომდინარე მათ გაუჭირდათ ამ ცნობის წარმოდგენა. ამიტომ მათი [ქალების] თხოვნის საფუძველზე მე ვუშუამდგომლებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ მოხდეს მათი მოთხოვნების გათვალისწინება,“ –  თქვა ზაალ მიქელაძემ.

აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.  აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს კომპენსაციასთან ერთად საბანკო ვალდებულებების გადავადებაში დახმარებაც სთხოვეს.

„პურის ფული არ არის და ბანკის  ფულს როგორ შეიტანს ადამიანი,“ –  ჰკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ბანკებთანაც და კომპენსაციის ნაწილშიც გპირდებით, რომ მოგეხმარებით,“ –  უთხრა პასუხად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეს.

აჭარის მთავრობის თათბირი „ქართული ოცნების“ ოფისში

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიული აქტივი, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები და საკრებულოების ხელმძღვანელები იკრიბებიან. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მათთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაფართოებულ თათბირს ატარებს.

„ქართული ოცნების“ ოფისში მივიდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – სულიკო თებიძე და მისი მოადგილე, თამაზ სალუქვაძე, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები და მოადგილეები.

ოფისთან იმყოფებიან  უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებიც.

დღეს თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ამავდროულად ქართული ოცნების აჭარის ოფისის ხელმძღვანელია, ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებიც წარადგინა. ქობულეთში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება მირიან ქათამაძე, რომელიც ქობულეთის გამგებელია. ბათუმში შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი მანველიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი.

50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში, აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში, პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან.

კანონპროექტი ინიცირებულია ანრი ოხანაშვილისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ.

„პირბადეების ტარება სავალდებულო არის დახურულ საჯარო სივრცეში, თავშეყრისას. თუკი ფიზიკური პირი არ დაიცავს წესს, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული წესით ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და ამის კონტროლს ვერ უზრუნველყოფს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს — მასში მძღოლსაც და მგზავრსაც აქვს ვალდებულება, ატაროს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი/მგზავრი არ დაიცავს ამ წესს, მაშინ გათვალისწინებულია ასევე 50 ლარით ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება“, — განაცხადა მან.

„რაც შეეხება ტაქსს, ტაქსით მგზავრობის დროს, როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს, ევალება ატაროს პირბადე. ამ შემთხვევაშიც, თუ მძღოლს ან მგზავრს არ ექნება პირბადე, გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარი“, — აღნიშნა ოხანაშვილმა

ასევე, ოხანაშვილის ცნობით, კანონპროექტი უკავშირდება საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიმოსვლის წესებისა და თვითიზოლაციის/კარანტინის წესების დაცვას.

„გარდა ამ წესებისა, არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი წესი, უკავშირდება როგორც საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიმოსვლის წესების დაცვას, ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, პირი, რომელიც ჩამოვა საზღვარგარეთიდან, დაემორჩილოს წესებს, გადავიდეს თვითიზოლაციასა თუ კარანტინში. იმ შემთხვევაში, თუკი ეს წესები არ იქნება დაცული, თუკი ფიზიკური პირი, ვისაც გადაიყვანენ კარანტინში, არ დაემორჩილება ამ წესებს ან წინააღმდეგობას, ასეთ მძიმე შემთხვევებში გათვალისწინებულია მხოლოდ 2000- ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, 10 000 ლარი — იურიდიული პირისთვის. განმერობით ჩადენის შემთხვევაში იწყება სს პასუხისმგებლობა. ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება პირბადეებს, არის ადმინისტრაციული წესით და აქ სს პასუხისმგებლობა არ გავრცელდება“, — აცხადებს იგი.

რაც შეეხება ღია სივრცეებს, მაგალითად, პარკებს, ოხანაშვილის თქმით, „ღია სივრცეებში არაა პასუხისმგებლობა დადგენილი“.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგრო კრედიტები 0%-დან გაიცემა

შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა. ვითიბი ბანკი, პირველი დღიდან ჩართულია და უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს  შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამასთან. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სესხის აღება შესაძლებელია საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. 

შეღავათიანი აგრო კრედიტით საბრუნავი საშუალებებისათვის შესაძლებელია ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა; შრომითი რესურსების და ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის; ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი საშუალებ(ებ)ის რემონტი

ამასთან ერთდ, შეღავათიანი აგრო კრედიტით ძირითადი საშუალებებისათვის ფინანსდება ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება. პროდუქტი განკუთვნილია გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისათვის, მრავალწლოვანი ნარგავების გაშენებისათვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად და სხვა.

სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, სესხის მოცულობა საბრუნავი საშუალებებისთვის შეადგენს 5000 – 100 000 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებებისათვის 7 000 – 5 000 000 ლარს.

„პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს“ – კოალიცია აჭარის ტელევიზიაზე

„აჭარის მაუწყებელი, ერთი მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა… ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს – დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიასთან უკვე მე-8 დღეა შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს და დირექტორის – გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. დღეს, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის შიმშილობას ეხმაურება და ასევე მიიჩნევს, რომ „დევნის და შევიწროების მსხვერპლი გახდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი“. შორენა ღლონტი აჭარის ტელევიზიიდან 3 ივნისს გაათავისუფლეს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული. ჟურნალისტებმა ასევე მიმართეს პროკურატურას ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამოძიების დაწყების თხოვნით.

„კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა… საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ არის ჩარჩო საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში 306 ადამიანის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 306 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 22 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 999 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

1500-მდე გარდაცვლილი დღე-ღამეში – კორონავირუსის ანტირეკორდი ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის პანდემიამ ბოლო 24 საათში 1473 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ახალი ანტირეკორდია ქვეყანაში, რომელშიც პანდემიის შედეგად 614 941 ადამიანია ინფიცირებული.

ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ.

მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობისა, ბრაზილიის ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ Covid19-ს უბრალო გრიპს უწოდებს.  პანდემიის მიმდინარეობისას ბრაზილიაში გადადგა ჯანდაცვის ორი მინისტრი და ამ დრომდე ამ პოსტზე არავინ დაუნიშნავთ.

ექსპერტები შიშობენ, რომ ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდება ღარიბი მოსახლეობა და ადგილობრივი აბორიგენები, ბრაზილიის ძირძველი მოსახლეობა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 5 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში Covid19-ით გარდაიცვალა 34 021 ადამიანი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც, პერუში, ჩილესა და მექსიკაში.

მსოფლიოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 6 640 960  შემთხვევა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 391 285 ადამიანი, განიკურნა – 2 873 330.

______________

ფოტოზე: ბრაზილია. კოვიდინფიცირებული პაციენტების სასაფლაო რიო დე ჟანეიროსთან. ფოტო გადაღებულია დრონით, 2020 წლის 8 მაისს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ANTONIO LACERDA

Exit mobile version