განათლება,მთავარი,სიახლეები

მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

14.08.2020
მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები სკოლებისთვის:

[checklist]

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

[/checklist]

ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართობს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ:

  • თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
  • საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
  • სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით:

  • V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე
  • VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე
  • XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე

ნებისმიერი მოდელის შერჩევა სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეათანხმოს განათლების სამინისტროსთან და რესურსცენტრთან.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები“.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

„განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარებით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: