ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

15.07.2020 • 2806
რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა.

შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე დიდი გაურკვევლობა ბათუმის შემთხვევაშია, ამავდროულად, ქალაქის მერს გადადგომას სთხოვენ. მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაწყებულია და მასში ცვლილებებია აუცილებლად შესატანი, მერი, ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა.

მოსალოდნელია თუ არა შემოსავლების კიდევ უფრო შემცირება და ადგილობრივი ბიუჯეტების მორიგი სეკვესტრი წლის ბოლომდე? – ამ კითხვაზე მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურებში ზუსტი პასუხები არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითმმართველობებს სესხების აღება, დიდი ალბათობით, არ დასჭირდებათ. ყველაფერი კი, ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან, რომელზედაც დამოკიდებულია ბიუჯეტის შემოსავლები.

რა შემოსავლები დააკლდა აჭარაში ადგილობრივ ბიუჯეტებს 2020 წლის პირველ ნახევარში:

  • ბათუმის ბიუჯეტს დააკლდება – სულ ცოტა 35 139 569 ლარი;
  • ქობულეთის ბიუჯეტი შემცირდება – 1 200 000 ლარით;
  • ხელვაჩაურის ბიუჯეტი შემცირდა – 2 862 043 ლარით;
  • ქედის ბიუჯეტს დააკლდება – 1 118 000 ლარი
  • შუახევის ბიუჯეტს დააკლდება – 45 000 ლარი;
  • ხულოს ბიუჯეტს დააკლდა – 397 100 ლარი.

აჭარაში, სეკვესტრირებული, ანუ შემცირებული ბიუჯეტები უკვე დაამტკიცეს ხულოსა და ხელვაჩაურში, დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი [მათ შორის ბათუმი] ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

ბიუჯეტებში ცვლილებების პროექტები შესაბამის საკრებულოებში მიმდინარე კვირაში გადაიგზავნება [ეს საკითხი გაურკვეველია ბათუმის შემთხვევაში]. ოფიციალური ინფორმაციებით, არცერთ მუნიციპალიტეტში არ მცირდება საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა.

ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის, ჯამში, 42 829 542 ლარია გათვალისწინებული.

 

[highlight color=”red”]ბათუმის[/highlight] მერია ამ დრომდე არ ასაჯაროებს, თუ რა თანხა ვერ შევიდა ბიუჯეტში პანდემიის გამო, თუმცა, გარკვეული აქტივობები მერიამ ადრევე გააუქმა, მაგალითად ბათუმობა და სხვა კულტურული ღონისძიებები.

„ბათუმელებმა“ ქალაქის ბიუჯეტის 2020 წლის პირველი 6 თვის მონაცემები [შემოსავლების ნაწილში] მერიისგან ოფიციალურად 7 ივლისს გამოითხოვა. სამი დღის შემდეგ, როცა მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, მომზადებული იყო პასუხი, მერიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ დოკუმენტზე მხოლოდ მერის ხელმოწერა იყო საჭირო, „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში კი უთხრეს, რომ „ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ ეტაპზე სრული ციფრი, თანხა არ აქვთ; მონაცემები გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში, საიდანაც უნდა მოვიდეს საბოლოო წერილი და შემდეგ გვეცოდინება დაზუსტებით [თუ რამდენით შემცირდება ქალაქის ბიუჯეტი-ავტ.], საკრებულოს სხდომაც, რომელმაც ბიუჯეტში ცვლილება უნდა განიხილოს, ამიტომ არის გადადებული“.

11 ივლისს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ორშაბათს, 13 ივლისს მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა.

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე შეაფასა ბათუმის მერის შვებულებაში წასვლა ირაკლი მელაშვილმა, ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის თქმით კი, ბათუმის მერი შვებულებაში გავიდა მაშინ, როცა ქალაქის ანტიკრიზისული გეგმა უნდა განეხილა, ისე, რომ მერს ბიუჯეტის კორექტირებაც კი არ გაუკეთებია. „ბიუჯეტში ჯერ კიდევაა თანხები გამოყოფილი იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც ვეღარ განხორციელდება. ამ ფონზე, სრული უპასუხისმგებლობაა, როგორც იქცევა კომახიძე და რიჟვაძეც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ 13 ივლისს ბრიფინგზე.

დღეს, 15 ივლისს, „ბათუმელებმა“ მერის მოვალეობის შემსრულებლის, ჯაბა ტუღუშის ხელმოწერილი დოკუმენტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ 6 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში, ჯამში, დაგეგმილი წლიური შემოსავლების [174,3 მილიონი ლარი] მხოლოდ 33 პროცენტი [58,8 მილიონი ლარი] შევიდა.

ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილი ტრანსფერებიც არ გადმორიცხულა, მაგრამ მერიის საფინანსო სამსახურში გვითხრეს, რომ „ეს ბიუჯეტის შესრულებასთან კავშირში არ არის, ვინაიდან ტრანსფერი, სამუშაოები რომ ჩატარდება, იმის მიხედვით ირიცხება. დაახლოებით ორი თვე, პანდემიის გამო ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმში შეჩერებული იყო. გადასახადები და სხვა შემოსავლები, რაც დაგეგმილი იყო და არ შემოვიდა ბიუჯეტში, დანაკლისია, ვინაიდან რეალურად ფული არ შემოვიდა; ხოლო ტრანსფერებს დანაკლისად ვერ განვიხილავთ, ვინაიდან სამუშაოები შემდგომში შესრულდება – საქმე გაკეთდება, მოითხოვ და ჩაირიცხება“.

შესაბამისად, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა პროექტების განხორციელებაზე იტყვის ბათუმის მერია უარს და რა პროგრამების დაფინანსება შემცირდება. ეს იმ ცვლილებების პაკეტში  გამოჩნდება, რომელსაც მერია ქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის დასამტკიცებლად. მანამდე კი, დეტალები, როგორც ჩანს შესათანხმებელია, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლებასთან.

მაგალითად, ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავდა, თუმცა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არც პანდემიამდე, და არც მერე გამოუცხადებია. პროექტის მიხედვით, ახალი სკვერისთვის ქალაქის ბიუჯეტში 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი არის გათვალისწინებული. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს უნდა დახარჯულიყო, დანარჩენი კი – 2021 წელს. უფულობის გამო ბათუმში ვერ ხორციელდება სხვა დაგეგმილი სამუშაოებიც.

[highlight color=”red”]ქობულეთის[/highlight] მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიონ 200 ათასი ლარით მცირდება.

„ძირითადად მიმდინარე, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება – მაგალითად, კომპიუტერების შესყიდვა იყო დაგეგმილი, სხვა ტექნიკის შესაძენად იყო ფინანსები გათვალისწინებული. პოსტ პანდემიურ პერიოდში შეიკვეცება ეს ხარჯები. ქობულეთში არცერთ პროექტს და პროგრამას შეჩერების ან გაუქმების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. შემოსავლები შემცირდა ძირითადად დღგ-ს ნაწილში. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დეტალებზე მერია მუშაობს. საკრებულოში ჯერ საკითხი გადაგზავნილი არ არის, თუმცა ეს ციფრი, რაც ბიუჯეტს აკლდება, არ შეიცვლება“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში

[highlight color=”red”]ხელვაჩაურის[/highlight] საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები 30 ივნისს შეიტანა. ადგილობრივი ბიუჯეტი 2 862 043 ლარით შემცირდა.

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ძირითადად შემცირდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა გადადებაც შესაძლებელი იყო და ცვლილებები ჯანდაცვის ან სოციალური დაცვის პროგრამებს არ შეხებია. ოპოზიციის აზრით კი, შემცირება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს და არ ეხება ჩინოვნიკების შემოსავლებს, საწვავს, მივლინებებს. საკრებულოს სხდომაზე ცხარე კამათი ახალი 3 პიკაპის შეძენასაც მოჰყვა.

ხელვაჩაურის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ტარიელ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს შემცირდა ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ღონისძიებების დაფინანსება – ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობა, გარეგანათების მოწყობა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სხვა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პროგრამა ან პროექტი გაუქმდა. მაგალითად, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის წელს 1 მილიონზე მეტი ლარი თუ უნდა დახარჯულიყო, დაიხარჯება 300 ათასი ლარი. ასევე სხვა პროექტებში – შემცირდა წელს ასათვისებელი თანხები. თუმცა, არის გარკვეული პროექტები, რომლებიც წელს არ განხორციელდება. შემოსავლების კუთხით ბიუჯეტს უკვე დააკლდა დღგ-ს ნაწილში 1 173 300 ლარი, ხოლო ქონების გადასახადის ნაწილში – 700 ათასამდე ლარი. რაც შეეხება ტრანსფერს, მას აჭარის ბიუჯეტიდან ვიღებთ და ის სრულად შევინარჩუნეთ“, – გვითხრა ტარიელ ნაკაშიძემ.

მაგალითისთვის, ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა იმ დღეს [14 აპრილს] შეწყვიტა, როცა ტენდერში მონაწილე კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ხელახალი ტენდერი კი, 2 ივლისს გამოაცხადა.

ტარიელ ნაკაშიძის თქმით, ყველა პროექტები საგანგებო მდგომარეობის დროს იმიტომ შეჩერდა, რომ დაზუსტებულიყო ხარჯთაღრიცხვა – რა მოესწრებოდა და რამდენით დაფინანსდებოდა. ტენდერები, დაზუსტებული ციფრებით, ნაწილი ხელახლა გამოცხადდა, ნაწილი კი გამოცხადდება.

დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, დაფინანსება სოციალურ სფეროსაც შეუმცირდა, თუმცა, ხელვაჩაურის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, „ეკონომიები იყო პროგრამებში და ეს თანხა დაკორექტირდა – ბიუჯეტში შიდა გადანაწილება მოხდა ამ თანხის.“

ტარიელ ნაკაშიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში შემოსავლების კუთხით მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და „იმედია, ბიუჯეტის კიდევ  შემცირების საშიშროება აღარ იქნება… შემოსავლები რაც აისახა ბიუჯეტში, წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს“.

რაც შეეხება სესხს, ტარიელ ნაკაშიძის თქმით „თვითმმართველობა სესხს არ საჭიროებს. თუ იმის საშიშროება იქნება, რომ მიმდინარე ხარჯებს ვერ დაფარავს [ხელფასები მაგალითად], ასეთ შემთხვევაში მიმართავს მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებას. თუმცა, მიმდინარე ხარჯებს შემოსავლების კლება ამჯერად არ შეხებია“.

[highlight color=”red”]ქედის[/highlight] მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წინასწარ გათვლა, რა ეპიდსიტუაცია იქნება წლის ბოლომდე ქვეყანაში, მათ კომპეტენციას სცილდება, შესაბამისად, დადგება თუ არა სესხის აღების აუცილებლობა „ცუდი  სცენარის“ შემთხვევაში, ამას წინასწარ ვერ იტყვის: „სახელმწიფო დონეზე მოხდება ალბათ, მარტო თვითმმართველობა ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს“.

ჯემალ ტაკიძის თქმით, პანდემიის დროს, „მაშინ, როცა თითქმის მთლიანად გაჩერდა ქვეყანაში ეკონომიკა, დღგ-ს ნაწილში იკლო შემოსავლებმა. ცვლილება ახლა შეგვაქვს ბიუჯეტში, სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, ამ კვირაში საკრებულოში შევიტანთ დოკუმენტს და ალბათ მომდევნო კვირაში საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას. ქედის ბიუჯეტი 1 118 000 ლარით შემცირდება. ძირითადი შემოსავალი ჩვენი იყო დღგ და მაქ დაგვაკლდა, ქონების გადასახადი შემოვიდა, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა, ამის პროცენტული წილი მთლიან შემოსავლებში დაბალია. აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერები კი სრულად შევინარჩუნეთ“.

რა დაგეგმილ ღონისძიებებს დააკლდება ეს თანხა? – ჯემალ ტაკიძე ამბობს, რომ „ძირითადად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, ტექნიკის შეძენა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებაც. მაგალითად, თუ წელს 100 ათასი ლარი იყო გათვლილი გარკვეული პროექტისთვის, ის გავხადეთ ორწლიან პროექტად, ანუ დავიწყებთ, მაგრამ წელს ვეღარ დავასრულებთ. ასეთი ტიპის შემცირებებს ვაკეთებთ. ტენდერებიც შეჩერებული იყო და ახლა ეტაპობრივად გამოვაცხადებთ“.

[highlight color=”red”]შუახევის[/highlight] მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კი, როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, დანაკლისი ამ დროისთვის მხოლოდ 45 ათასი ლარი იქნება.

„ცვლილებები ბიუჯეტში იგეგმება და დღგ-ს ნაწილში შეგვიმცირდება მხოლოდ 45 ათასი ლარით. სხვა შემცირება ჩვენთან არ იქნება. პროგნოზი ასეთია. ოფიციალურად რომელიმე ღონისძიება არ გაუქმდება, ეს დანაკლისი უარყოფითად ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახება. კაპიტალური ხარჯების შემცირება არ იგეგმება“, – გვითხრა ანზორ ცეცხლაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი იმ ტენდერებს, რაც შეჩერებული იყო პანდემიის გამო, ეტაპობრივად აცხადებს: „დეკემბერში რომ დავგეგმეთ და აგვისტოს ბოლოს უნდა დაგვემთავრებინა პროგნოზით, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტის დასრულება ოქტომბრამდე გადაიწევს ალბათ, მაგრამ ისეთი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი  – გზების დაგება და სხვა, რომელიც მოსასწრებია და ამ წელში დასრულდება ყველა“.

[highlight color=”red”]ხულოს[/highlight] ბიუჯეტი წელს 397 100 ლარით შემცირდა. როგორც ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გურანდა აბულაძემ გვითხრა, ბიუჯეტს ეს თანხა ძირითადად დღგ-ს ნაწილში დააკლდა: „სხვა არანაირი შემცირება არ ყოფილა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: