მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ირაკლი კუპრაძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და პაატა ცივაძე – “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარიდან

13.08.2020 • 2477
ირაკლი კუპრაძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და  პაატა ცივაძე – “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარიდან

12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში  გაიმართა. ღონისძიებას  პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის  მამუკა ხაზარაძის გარდა,  „ლელოს“  გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პარტიის   ლიდერები, მოწვეული სტუმრები,  დიპლომატიური კორპუსისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქვეყნის მასშტაბით,  30 სამაჟორიტარო ოლქიდან ამ ეტაპზე დეპუტატობის  მხოლოდ 25 კანდიდატი დასახელდა,  რომელთა შორის 6 ქალია. რაც შეხება აჭარას,  რეგიონიდან მანდატებისთვის ირაკლი კუპრაძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და პაატა ცივაძე იბრძოლებენ.

ირაკლი კუპრაძე – საჯარო სამართლის იურისტი. სამოქალაქო აქტივისტი. თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.

ჯამბულ ხოზრევანიძე – ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ასევე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

პაატა ცივაძე – იურისტი, სამართალმცოდნე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტი. განათლება მიღებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებელში. არის სახალხო მოძრაობის “იყავი აქტიური საქართველოში” დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტის გენერალური დირექტორი.

ირაკლი კუპრაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში:

“ჩვენი გუნდის  მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  არიან ის ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებთ არაერთი გაკეთებული საქმე, იქნება ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა, დასაქმება, ადამიანის უფლებები, კორუფცია, ეკოლოგია თუ სხვა. ეს არის გუნდი, რომელიც აერთიანებს გამოცდილებასა და ახალგაზრდული ბრძოლის სურვილს, ჩვენ თითოეულ ოლქში  საზოგადოებას შევთავაზეთ ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება რეალური ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ახალი ძალა, ახალი იმედი, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ამ გუნდის ფორმირების პროცესში , რომელსაც აქვს იმის უნარი, ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ ქვეყანა გამოიყვანოს იმ ორპოლუსიანი, მძიმე ჭაობიდან, რომელშიც   ის იმყოფება.

ჩვენ შევდივართ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელშიც აჭარა იქნება მთავარი ფრონტის ხაზი, თითოეული ჩვენგანი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და მზად ვართ შევიდეთ ამ მძიმე პროცესში,  მოვივლით  ყველა ეზოს, სახლს, მივალთ  თითოეულ ოჯახში, მოვუსმენთ ყველა ადამიანს, რათა მათი ნდობა სრულიად გავამართლოთ წარმომადგენლობით ორგანოში.

რაც შეეხება კონკრეტულად აჭარიდან წარდგენილ კანდიდატებს: ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის სამაჟორიტარო ოლქში მანდატისთვის ჯამბულ ხოზრევანიძე იბრძოლებს, ეს არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის მთიანი აჭარის გამოწვევები,  აქვს უდიდესი გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მას იყოს მთიანი აჭარის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში, გაახმიანოს თითოეული ადამიანის პრობლემა უმაღლესი ტრიბუნიდან და ჩვენს გუნდთან ერთად იფიქროს მოგვარების გზებზე. მისი ჩვენს გუნდში მოსვლის დღიდან ვხედავ, თუ რამხელა პოზიტივი არსებობს მის  მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაასრულებს ფეოდალიზმს მთიან აჭარაში.

ასევე გამორჩეული კანდიდატი გვყავს ქობულეთში, პაატა ცივაძეს  გააჩნია უდიდესი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მუშაობის, ის  კარგად იცნობს ქობულეთელების პრობლემებს,  მისი ცოდნა, კვალიფიკაცია და საქმისადმი დამოკიდებულება არის გარანტია იმისა, რომ ქობულეთს ეყოლება გამორჩეული ლობისტი საქართველოს პარლამენტში.

ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე ჩემი ქალაქის ხმას საქართველოს პარლამენტში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ბათუმელის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მივალ თითოეულ ბათუმელთან, ყველა უბანში, სახლში ეზოში, რათა ავუხსნა ბათუმელებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად, მე შევედი ამ ბრძოლაში და მაქვს ჩემი თანაქალაქელების იმედი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მათ არ მოსწონთ ჩაბეტონებული ქალაქი, ჩაწყობილი ტენდერები, რეკრეაციული სივრცეების არარსებობა და აწუხებთ სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქალაქს გააჩნია“.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარტია მათ უახლოებს მომავალში დაასახელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: