მთავარი,სიახლეები

ევროკავშირი ბელორუსისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

13.08.2020 • 1367
ევროკავშირი ბელორუსისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს, 14 აგვისტოს, იმსჯელებენ რა რეაგირება მოახდინონ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, როცა საპროტესტო აქციები ქვეყანაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშეს.

ევროკავშირმა შესაძლოა თავიდან აამოქმედოს გაუქმებული სანქციები ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც BBC წერს, ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები შიშობენ, ამით არ უბიძგონ ბელორუსს ეძებოს გამოსავალი რუსეთის მხარდაჭერაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოთათბირი ბელორუსის თემის განსახილველად პოლონეთის ინიციატივით გაიმართა, რასაც ბალტიის ქვეყნებმა და ფინეთმაც დაუჭირა მხარი.

„ჩვენ უნდა ვუბიძგოთ ლუკაშენკოს აირჩიოს მშვიდობიანი გზა, დაამყაროს ურთიერთობა დასავლეთთან და ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სანქციებისგან თავის დაღწევა რთული იქნება“, – თქვა ამ კვირის დასაწყისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ცაპუტოვიჩმა.

კვირის დასაწყისში სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადა ასევე ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმაც.

„ვაკვირდებით ბელორუსის ხელისუფლების ქმედებებს ახლანდელ სიტუაციაში და ვგეგმავთ სიღრმისეულ ცვლილებებს ბელორუსისა და ევროკავშირის ურთიერთობაში. ეს გადაფასებები შესაძლოა შეეხოს ძალადობაზე, უსაფუძვლო დაკავებებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა სამიტებზე მიიღებენ, საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ქვეყნების პოზიციებს და მოამზადებენ პროექტს სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით.

როგორც BBC წერს, სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ევროპულმა და ამერიკულმა სანქციებმა წლების განმავლობაში ვერ შეცვალა ლუკაშენკოს დამოკიდებულება პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებასთან, რისი დადასტურებაცაა ოპოზიციის მიმართ რეპრესიები ბელორუსში.

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ბელორუსში, ნაიჯელ გულდ დეივისი არ ეთანხმება აზრს, რომ სანქციებს საერთოდ არ უმოქმედია ბელორუსიის მდგომარეობაზე.

“ძალიან აშკარა იყო, რომ ლუკაშენკოს ერჩია სანქციები საერთოდ არ ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ სანქციები მისთვის სერიოზულ ბარიერად არ ქცეულა, როცა ის წყვეტდა დაემყარებინა კონტროლი და აეცილებინა საფრთხე საკუთარი ძალაუფლებისთვის“, – ამბობს ნაიჯელ გულდ დეივისი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არამხოლოდ საკუთარი რეაქცია გამოხატოს მომხდარის შესახებ, არამედ იმოქმედოს პროაქტიურად, თუნდაც არასაჯარო კონტაქტებით ბელორუსულ მხარესთან, რომ გამოიკვეთოს რა ახალი ზომები იქნება მიღებული ბელორუსის ხელისუფალთა საპასუხოდ.

ევროკავშირი 1997 წლიდან ატარებს ბელორუსის მმართველი პირების წინააღმდეგ სანქციებს, რომლებსაც პერიოდულად ამკაცრებს ან ამსუბუქებს.

სანქციები ძირითადად პერსონალური იყო და ითვალისწინებდა გადაადგილების შეზღუდვასა და აქტივების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნებში.

2016 წელს ევროკავშირმა გააუქმა ლუკაშენკოსა და 169 ბელორუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ოთხი კომპანია.

სანქციები მოიხსნა მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში შუამავლის როლი შეითავსა და უარი თქვა ღიად დაეჭირა მხარი რუსეთისთვის უკრაინასთან ურთიერთობის საკითხებში.

ევროკავშირის სანქციებისგან ბელორუსში ამჯერად მოქმედებს ემბარგო იარაღზე და ყველა იმ საშუალებებზე, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას შიდა რეპრესიებისთვის.

ასევე პერსონალური სანქციები ბელორუსში მოქმედებს მხოლოდ 4 ადამიანზე, ყოფილ ძალოვანებზე, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ 1999-2000 წლებში ლუკაშენკოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების: ვიქტორ გონჩაროვის, იური ზახარენკოსა და დიმიტრი ზავადსკოის მკვლელობაში.

ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე, მკვლელობის მსხვერპლი გონჩაროვი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი იყო, ზახარენკო – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ზავადსკოი კი – ტელეჟურნალისტი.

ბელარუსმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა დღეს ლუკაშენკოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „წადი, სანამ გვიანი არ არის“.

___

2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელორუსს.

პროტესტულად განწყობილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

 

__

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/474354/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: