ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია საპარკინგე სივრცეში ლედ მონიტორის მიწოდება-მონტაჟისთვის აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] მაქსიმუმ 298 ათას ლარს გადაიხდის. კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დასრულდება.
თუმცა 2 თვის წინ „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცეოდა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები კი სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან შეძლებდნენ.
ტენდერის პირობების მიხედვით: „ლედმონიტორის მიწოდება-მონტაჟის ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ ლედმონიტორის სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო დროებითი ნებართვების მიღებიდან 35 კალენდარული დღე;
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში მიმართოს ლედმონიტორის სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო დროებითი ნებართვების მისაღებად შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს და მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები წარმოუდგინოს შემსყიდველს.
ლედმონიტორის სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის გაყვანისთვის აუცილებელი სამუშაოები (ტრანშეის გათხრა, ტროტუარზე ქვაფენილის დემონტაჟი/მონტაჟი, გამწვანება და სხვა) და მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულების საერთო ღირებულების ფარგლებში“.
სტადიონის საპარკინგე სივრცე 1200 ავტომობილზეა გათვლილი. პარკინგზე მოხვედრა ბილეთით იქნება შესაძლებელი.
ამ თემაზე: