მთავარი,სიახლეები

რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ

13.08.2020 • 2013
რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები – (ბათუმის და ფოთის პორტები, ყულევის ტერმინალი) არ ასაჯაროებენ ინფორმაციას პორტებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ. „ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ  ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ბათუმის პორტიდან გაიტანეს 2013 წელს.

ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, რომ ნავსადგურში სრულდება კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა, სადაც დასაწყობდება ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის, ამონიუმის ნიტრატიც,  კიდევ უფრო გააღრმავა ქალაქში შიშები, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები თავად ბათუმის პორტში.

სწორედ ამ შიშებზე საპასუხოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 5 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში პორტებს ყოველწლიურად და კომპლექსურად ამოწმებენ.

რამდენად იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს როგორც ბათუმის, ისე ქვეყნის სხვა პორტებში? – სწორედ ამის შესწავლის მიზნით გამოითხოვა “ბათუმელებმა” 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების მასალები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან დღეს, 13 აგვისტოს, გვაცნობეს, რომ ამ დოკუმენტების მოწოდება არ შეუძლიათ.

„ვინაიდან, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს იმ პირის (ორგანიზაციის) თანხმობას, რომლის მიმართაც არის ის შედგენილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიმართა საქართველოს ნავსადგურებს ინფორმაციის გაცემაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ნავსადგურებმა უარი განაცხადეს სააგენტოს მიერ ნავსადგურებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების დასკვნების გაცემის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია,“ – მოგვწერეს პასუხად სააგენტოდან.

შესაბამისად, საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, რა წერია კომპლექსური შემოწმების მასალებში და თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ არ ასაჯაროებენ ამ მასალებს პორტები?

საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცულობაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი,  რაც  4 აგვისტოს ბეირუთში ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემი აფეთქდა.

მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი RHOSUS-ი 2013 წელს ბათუმის პორტიდან გაემგზავრა მოზამბიკის მიმართულებით. გემზე 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იყო. გემი ლიბანში, ბეირუთის პორტში გაჩერდა, ინსპექტირების შემდეგ RHOSUS-ი დააკავეს და მას პორტის დატოვების უფლება აღარ მისცეს. RHOSUS-ის,  დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა – გემი, ეკიპაჟი და ტვირთი კი ბეირუთის პორტში მიატოვა. გემი 6 წლის განმავლობაში იყო ბეირუთის პორტში გაჩერებული.

ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა. მთავრობის გადადგომას წინ უძღოდა ანტისამთავრობო პროტესტი და შეტაკებები. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ იმ პოლიტიკოსების და პასუხისმგებელი პირების დასჯას, ვისი გულგრილობის და უყურადღებობის შედეგადაც ქალაქის ცენტრში 6 წლის განმავლობაში იყო უყურადღებოდ მიტოვებული ათასობით ტონა ამონიუმის ნიტრატი.

რა წერია ბათუმის პორტის 2013 წლის შემოწმების მასალებში გემ RHOSUS-ზე

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ გემი RHOSUS-ი  ამონიუმის ნიტრატით  ბათუმში დაიტვირთა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი – ჩატარდა თუ არა გემის ინსპექტირება ბათუმის პორტში და ჰქონდა თუ არა მას ნაოსნობის უფლება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2013 წლის სექტემბერში გემმა ბათუმის პორტი წესების სრული დაცვით დატოვა.

„გემი უკანასკნელად საქართველოში იმყოფებოდა 2013 წლის 21-28 სექტემბერს, რის შემდეგაც მან დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები და გაემართა მოზამბიკის მიმართულებით. გემის ინსპექტირება ბათუმის ნავსადგურში განხორციელდა ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ინსპექტორების მიერ შავი ზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში (BS MoU) 2013 წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული შემოწმებისას დაფიქსირდა 11 შენიშვნა, რომელთაგან 7 შენიშვნაზე მიეცათ გამოსწორების ვადა ნავსადგურიდან გასვლამდე, 2 შენიშვნაზე – 14-დღიანი ვადა, ხოლო 2-ზე – შემდეგ ნავსადგურში გამოსწორების მითითებით.

აღნიშნულის შემდგომ, 2013 წლის 26 სექტემბერს, ჩატარდა გემის განმეორებითი ინსპექტირება, შეუსაბამობების აღმოფხვრის შემოწმების მიზნით. ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ შვიდივე შენიშვნა, რომლებიც უნდა გამოსწორებულიყო გემის ნავსადგურიდან გასვლამდე – აღმოიფხვრა. გემის დატვირთვის შემდგომ წარმოდგენილი სატვირთო და სხვა სავალდებულო დოკუმენტაციის საფუძველზე გემს მიეცა თავისუფალი ნაოსნობის უფლება,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: