მთავარი,სიახლეები

„ჭაობი” – ბათუმში ახალგაზრდებმა ხელნაკეთი გაზეთი გამოსცეს

12.08.2020 • 1826
„ჭაობი” – ბათუმში ახალგაზრდებმა ხელნაკეთი გაზეთი გამოსცეს

ბათუმში ახალგაზრდებმა გაზეთი „ჭაობი“ გამოსცეს.  „ჭაობი“ ზაფხულის ცხელ დღეებში მზადდებოდა ბათუმისთვის“ – წერია სეზონური, ხელნაკეთი გამოცემის საპრეზენტაციო ტექსტში. „ჭაობის“ პრეზენტაცია დღეს, 12 აგვისტოს, გაიმართა ბათუმის ზღვისპირა ბარში.

12-გვერდიან გამოცემას ფრანგი და ქართველი ავტორები ჰყავს, მათ შორის, ლორენ ვენი და ზურა აბაშიძე. გამოცემა ორენოვანია – ინგლისურ-ქართული.

გაზეთი გამომცემლებმა საკუთარი სახსრებით დაბეჭდეს ჩვეულებრივ პრინტერზე, თითოეული ეგზემპლარის ხელით ილუსტრირებაში კი მეგობრები და თანამოაზრეები დაეხმარნენ, დაამზადეს სულ 100 ეგზემპლარი.

„ჭაობი“ უფასოდ გავრცელდება ბათუმის კაფე-ბარებში.

როგორც „ჭაობის“ ავტორები ამბობენ, გამოცემას არ აქვს ფინანსური და პოლიტიკური მიზნები და მათ უბრალოდ ახალგაზრდების ხმის მიწვდენა სურთ მკითხველისთვის. გაზეთი სეზონურად გამოვა გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში.

ბარი Conte Beach, სადაც „ჭაობის“ პრეზენტაცია გაიმართა

გაზეთში გაეცნობით რედაქტორის სვეტს, ამბავს ბათუმელ მოხუც ქალზე, რომელსაც ფეხი სტკივა, გარეთ ვერ გადის და წვიმა ახალისებს, გაეცნობით ბათუმელი ლგბტქი თემის წევრების ისტორიებს, რომლებიც თბილისში მიემგზავრებიან ხოლმე ქვიარ საღამოებზე დასასწრებად, რადგან საკუთარ ქალაქში ამ ტიპის თავისუფლებისთვის სივრცე არ აქვთ.

გამოცემის ერთ-ერთი ავტორი ბათუმში მცხოვრები ფრანგი გოგოა, ლორენ ვენი, რომელიც წერს საკუთარ გამოცდილებაზე, როგორია ევროპელისთვის ცხოვრება საქართველოში.

„ჭაობი“ საინტერესო რჩევებს სთავაზობს ბათუმში ერთი საინტერესო დღე-ღამის გატარების მსურველებსაც, სადაა შესაძლებელი გემრიელად სადილობა, სად ღირს საცეკვაოდ ან ალკოჰოლის მისაღებად წასვლა და ა.შ.

„ჭაობის“ პრეზენტაციაზე Conte Beach-ში ლაივ ჰიპ-ჰოპ პერფორმანსი გამართა მარტისტმა – Biggie Brase და Affordance – 303Hz-ის სტუდენტმა, მინიმალიზმისა და ექსპერიმენტული ხელოვნების მიმდევარმა.

გადაბეჭდვის წესი