მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა შემოსავლები დაკარგა ბათუმის ბიუჯეტმა და რა აღარ ჩატარება ქალაქში – პანდემიის ბიუჯეტი

13.08.2020 • 1564
რა შემოსავლები დაკარგა ბათუმის ბიუჯეტმა და რა აღარ ჩატარება ქალაქში – პანდემიის ბიუჯეტი

ბათუმის საკრებულომ დღეს, 13 აგვისტოს, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი მთლიანობაში 26 625 570 ლარით შემცირდა.

თუმცა, შემოსულობების ნაწილში, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით  39 856 200 ლარით ნაკლებს მიიღებს, ეს დანაკლისი კი, დამატებით მიღებული ტრანსფერით ნაწილობრივ შეივსო.

ბიუჯეტის ცვლილებას დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მხარი 16-მა წევრმა დაუჭირა [უმრავლესობამ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა და რაულ თავართქილაძემ]. ბიუჯეტში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ .

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, „წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა გამოწვევას. ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწრაფი ტემპებით განხორციელებას“.

მიუხედავად ამ განცხადებისა, არაერთი დაგეგმილი პროექტი, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, მომავალი წლისთვის გადაიდო.

მაგალითად, ბათუმში, ე.წ. „ბარცხანის“ ავარიული ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება წელს 1 მილიონ 22 ათას 600 ლარით შემცირდება [შესყიდვის სამუშაოთა წარმოების გრაფიკიდან გამომდინარე ხდება მრავალწლიანი (2020-2021 წწ.) პროექტი – აღნიშნულია განმარტებით ბარათში];

ასევე, ინასარიძის ქუჩა #3-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება წელს შემცირდება 100 ათასი ლარით [გადავიდა 2021 წელს] და სხვ.

ბიუჯეტის ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შემცირებულ/გაუქმებულ იქნა რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები.“ თუმცა, გაუქმდა რამდენიმე სოციალური პროგრამაც.

2020 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება ფილტვის კიბოს სკრინინგი, რისთვისაც 52 500 ლარი იყო გათვალისწინებული. არ დაფინანსდება ასევე მზრუნველობასმოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება/ჰოსპისი ბინაზე, რისთვისაც 64 000 ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღარ დაფინანსდება პერსონალური ასისტენტების გადამზადება, რისთვისაც 14 400 ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტიდან ამოიღეს ასევე სმენადაქვეითებულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახის წევრებისთვის ქართული ჟესტური ენის სწავლება 5 თვის განმავლობაში [8 438 ლარი] და პერსონალური ასისტენტების მიერ სერვისის მიწოდება შშმ პირებისათვის 6 თვე 12 პირისათვის [21 600 ლარი].

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარე წლის დასაწყისში ფილტვის კიბოს სკრინინგზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, შემდეგ კი პანდემიის პერიოდი დაიწყო. სხვა ღონისძიებებიც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ განხორციელდა, ამიტომ მათი დაფინანსება ბიუჯეტიდან ამოიღეს“.

მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა მერია წელს ვერ ახერხებს სესხის პროცენტისა და ძირის დაფარვას იმ გეგმით, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული. შესაბამისად, ქალაქის ეს ვალდებულებები მომდევნო წელში გადავა.

ქალაქი წელს არ გადაიხდის 5 186 300 ლარს, რითაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების საპროცენტო ხარჯები უნდა დაეფარა, ასევე წელს არ გადაიხდის 19 075 000 ლარს, ამავე ბანკიდან მიღებული სესხების ძირი თანხის დასაფარად. როგორც მერიის დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ვალდებულებები გადავადდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის ივლისის განკარგულების საფუძველზე.

შემოსულობები იზრდება გრანტის სახით მიღებული სპეციალური ტრანსფერით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 2 019 730 ლარით [ეს თანხა, როგორც დოკუმენტშია მითითებული, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით გამოიყო]; ბათუმის ბიუჯეტი დამატებით მიიღებს 10 300 000 ლარს აჭარის ბიუჯეტიდან, ამასთან, დაგეგმილია სანებართვო მოსაკრებლის ზრდა 350 ათასი ლარით და პროცენტების ზრდა 560 900 ლარით.

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს საგანგებო სხდომა / 13.08.2020 / ფოტო: საკრებულო

ამ თემაზე:

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: