მთავარი,სიახლეები

ბრძოლა შვილისთვის წესების გარეშე

12.08.2020 • 1912
ბრძოლა შვილისთვის წესების გარეშე

ყოფილი ცოლ-ქმარი 7 წლის ბავშვისთვის სამი წელია დავობს. უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება და ბოლო ორი გადაწყვეტილებით ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება – ბავშვი ისევ მამასთან ცხოვრობს. იყო თუ არა 4 წლის ასაკში ბიჭი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი – რა დაადგინა სასამართლომ?

ორი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, რომლებმაც შეისწავლეს საქმის მასალები, დაადგინა, რომ დედასთან ცხოვრების დროს, ანუ 4 წლის ასაკში ბავშვი არ ყოფილა არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რასაც მამა ამტკიცებს. სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია: „საქმეში არ არის წარმოდგენილი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებები, რომ არასრულწლოვნის მიმართ ნამდვილად განხორციელდა რაიმე სახის ძალადობრივი და სექსუალური ხასიათის ქმედება ან კიდევ ასეთს ადგილი ექნება მომავალში… პალატას ჩამოუყალიბდა იმის ვარაუდი, რომ არასრულწლოვნის განმარტებები წარმოადგენს მხოლოდ მამის ზეგავლენის შედეგს“.

რა თქვა 7 წლის ბავშვმა? – ის საქმეში მონაწილე სამი ფსიქოლოგიდან ერთ-ერთს  მოუყვა, რომ დედის მეგობარმა სამი წლის წინ მასზე იძალადა სექსუალურად – [კაცმა] „ფეხი დააბიჯა სასქესო ორგანოზე, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, რაზეც დედას გაეღვიძა და [კაცს] დაუწყო ცემა“; ასევე [კაცმა] „მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება“.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მშობლების დავის შესწავლა 2020 წლის 30 აპრილის, სამი თვის და 12 დღის წინ დაასრულა. სასამართლოს ვერდიქტი ასეთია – მამის „საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

უზენაესი სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

უზენაესამდე იყო ქუთაისის სასამართლოს მეორე ინსტანციის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ დედის „მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“. ქალის ადვოკატის, ირაკლი შავაძის თქმით, რომ არა ბათუმის სოციალური სამსახურის დაუდევრობა თუ არაჯანსაღი გავლენიანი მამის ინტერესების გათვალისწინება, თუნდაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ აღსრულდებოდა.

დედის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება, არსებობს რისკი, მამამ ბავშვი გაიტაცოს, ამიტომ მან სასაზღვრო უწყებებს მიმართა, რომ კაცს საზღვარზე გასვლის უფლება არ მისცენ. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ მამა მაინც მოახერხებს ბავშვთან ერთად ქვეყნის დატოვებას, „მაგალითად, საოკუპაციო ხაზის გავლით“.

ამ ვითარებაში ბავშვი დღემდე მამასთან რჩება და დედას მისი ნახვის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ჰქონდა.

სასამართლო ბატალიების შემდეგ დედა, ფსიქოლოგის თანდასწრებით, პირველად გუშინ, 11 აგვისტოს შეხვდა შვილს ბათუმის სოცსააგენტოში. ბიჭმა მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო დედასთან, თუმცა კონტაქტი ვერ შედგა. ბავშვს დედა შეხვდა დღესაც და როგორც ქალის ინტერესების დამცველი ამბობს, „დღეს ბევრად უკეთესი შედეგი ჰქონდათ“.

მხარე დარწმუნებულია, რომ მამა ძალადობრივი მეთოდებით „დედის წინააღმდეგ განაწყობს შვილს“.

 

„როცა ბავშვს სექსუალური ხასიათის ძალადობას შთააგონებ, ეს არის გარყვნილი ქმედება. ბავშვიც და ქალიც არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ სახელმწიფოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ ადარდებს. აღსრულებას ხელოვნურად უშლიან ხელს“, – აცხადებს ირაკლი შავაძე, რომელმაც პოლიციას სამჯერ მიმართა მამისთვის გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი. პოლიციამ არაფერი იღონა. [„ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს, რომ „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან“].

10 ივლისს დედა იძულებული გახდა ისევ ბათუმის სასამართლოსთვის მიემართა და ამჯერად „ბავშვის მამისგან, როგორც მოძალადისგან“ განცალკევება – დამცავი ორდერი მოითხოვა. ადვოკატი ასევე ითხოვს, რომ დედა-შვილი გადაიყვანონ თავშესაფარში, სადაც ფსიქოლოგს ექნება საშუალება, ბავშვთან მამის გავლენების მიღმა იმუშაოს.

ადვოკატის პოზიცია ბათუმის სასამართლომ არ გაიზიარა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასამართლომ ბავშვი მამისგან არ განაცალკევა, მაგრამ დაავალა, რომ „ბავშვი დედასთან შესახვედრად მოამზადოს“. დამცავი ორდერის თანახმად, დედა შვილს უნდა შეხვდეს ბათუმში, „ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში“ კვირაში სამჯერ.

დამცავი ორდერი ამოქმედდა გამოცემისთანავე.

ამის მიუხედავად, დედა  მხოლოდ 11 აგვისტოს შეხვდა შვილს, თუმცა შვილმა მასთან საუბარი არ ისურვა. „აზრს კარგავს ფსიქოლოგის ერთი საათით მუშაობა. ამ შეხვედრიდან გამოსული ბავშვი ისევ მამასთან ბრუნდება, რომელიც შვილს ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებს – აჯერებს, რომ „დედა მოჯადოებულია“; „დედამ ის მიატოვა“; „რომ დედის გამო მამას პოლიცია დააკავებს“, – ამბობს ადვოკატი.

არსებითად რა გამოიკვლია სასამართლომ? – მამის ნაამბობი

მშობლების დავა ბავშვის გარშემო საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. ქუთაისის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დედის მოთხოვნა შვილთან დაკავშირებით 2018 წლის 9 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა.

მეორე ინსტანციაში საქმე სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა სამი მოსამართლის შემადგენლობით. მამა სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ბავშვი არის სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. იმავეს უშვებდა ფსიქოლოგების ერთი ჯგუფი, რომლებმაც ბავშვთან იმუშავეს.

მამამ სასამართლოს შვილის დედასთან ცხოვრების პერიოდზე უამბო, რომ „მცირეწლოვან ს.-ს კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ… არ ზრუნავდა შვილზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში, არ ალაგებდა სახლს“.

თუმცა, იყო უარესი ბრალდებებიც – დედა „არის ერთ-ერთი სექტის წევრი“; „იგი ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა და მიდრეკილია ალკოჰოლისადმი“.

მამის მხრიდან ყველაზე მძიმე ბრალდება კი ის იყო, რომ დედის მეგობარი კაცი სექსუალურად ძალადობდა ბავშვზე. ძალადობის სცენებს თავად ბავშვიც აღწერს.

რა ინფორმაცია მიიღო სასამართლომ ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკებისგან

7 წლის ბავშვთან დღემდე რამდენიმე ფსიქოლოგმა და სოცმუშაკმა იმუშავა. დაიდო შესაბამისი დასკვნებიც.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის, მარინე ჭანტურიას დასკვნაში აქცენტირებულია ბავშვის საცხოვრებელი პირობები: რომ ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობს კომფორტულ სახლში, სადაც დგას თანამედროვე ავეჯი, აქვს ასაკის და სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, დიდი რაოდენობით სათამაშო. მამა შვილს კვებავს კარგად, ზრუნავს მის ჯანმრთელობასა და განათლებაზე. სოცმუშაკი თავის დასკვნაში ახსენებს იმასაც, რომ ქმრის გადმოცემით ბავშვის დედა არის „სექტის წევრი“.

პალატა ხაზგასმით წერს, რომ „მითითებულ დასკვნაში არ არის საუბარი ბავშვის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე, რომელზედაც მოგვიანებით – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე უთითებდა  მამა. შესაბამისად, დასკვნაში არ არის გამოკითხული ბავშვი და არ არის შეფასებული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით“.

2019 წლის 8 აგვისტოს შეფასება-დასკვნა მოამზადა ააიპ „საქართველოს ბავშვების“ ექსპერტ-ფსიქოლოგმა ნინო ლორთქიფანიძემ იმის გასარკვევად, „ვლინდებოდა თუ არა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ნიშნები“. ამ დასკვნაში წერია, რომ ბავშვი არ არის ხალისიანი. თხრობის მომენტში იწყებს ღელვას, უწევს ხმის ტონს. ამბობს, რომ, როდესაც მ.მ მას „დააბიჯა სასქესო ორგანოზე ფეხი, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, დედას გაეღვიძა და დაუწყო ცემა მ.მ-ს. ასევე ბავშვი საუბრობს იმაზე, რომ მ.მ მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება“.

ფსიქოლოგი იქვე წერს იმაზეც, რომ „ემოციურ გამოვლინებებში იკვეთება სექსუალური ძალადობის გადატანილი ბავშვის ნიშნები“.

იმავე ფსიქოლოგის დასკვნაში ვკითხულობთ: ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ასევე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ… იკვეთება დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროების დომინირება“.

ფსიქოლოგი ფსიქოემოციურ მდგომარეობას აფასებს ბავშვის სავარაუდო ძალადობის განხორციელების ფონზე და დასკვნაში უთითებს: „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გარკვეულად ცდილობს დედის ნეგატორულად წარმოჩენას, რაც მამის მხრიდან ბავშვზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედების შედეგია, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით… ბავშვი სავარაუდო ძალადობის ირგვლივ საუბრის დროს… აღწერს დედის მიერ მის მიმართ „დამცველ“ ქცევებს“.

კიდევ ერთი დასკვნა ბავშვის მდგომარეობის შესახებ 5 ივლისისთვის მოუმზადებია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს, ფსიქოლოგ ქეთევან დიასამიძეს, რომლის მიხედვითაც, ბავშვზე შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობა არასრულად ვლინდება… ბავშვი „არსებული სიტუაციის ირგვლივ საუბრობს ზერელედ, არ ესმის პრობლემის არსი… სიტუაციის აღქმა და გააზრება – ზერელე“, – წერს სპეციალისტი ბავშვის ქცევაზე. ის ბავშვს ახასიათებს, როგორც „ადვილად შთაგონებადს“.

რა უთხრა სასამართლოს ბავშვის დედამ

ბავშვი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ „დედა მოჯადოებულია“. დედამ კი სასამართლოს უთხრა, რომ ყველა ბრალდება, რასაც ბავშვის მამა უყენებს, არის ტყუილი და ეს 2017 წლიდან დღემდე არაერთი საგამოძიებო და სასამართლო მასალებით დასტურდება.

დედა ამბობს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ქმარი კი გაშორების შემდეგ მის დაბრუნებას ცდილობდა და ბავშვი გაიტაცა ქალის დასჯის მიზნით. ბავშვი ბოლო სამი წელია ცხოვრობს მამასთან. კაცი ცდილობს ბავშვი დედის წინააღმდეგ განაწყოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვხვდებით ასეთ ჩანაწერს: „ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად… ბავშვისთვის ორივე მშობელი არის ძალიან მნიშვნელოვანი… დედასა და შვილს შორის სკაიპით ურთიერთობის შედეგად იკვეთება ბავშვის სიამოვნება და დადებითი დამოკიდებულება. აუდიოჩანაწერით გამოიკვეთა, რომ მამა ცდილობდა ბავშვს უარი ეთქვა დედასთან ურთიერთობაზე ბავშვის თანდასწრებით შეურაცხმყოფელი, ბილწი სიტყვების მიყენებით. უფროსებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ ბავშვს უსვამს შეკითხვას: „გინდა დედასთან საუბარი, მე არ მინდა“. ბავშვი პასუხობს, რომ არ სურს დედასთან საუბარი. შემდეგ კი ითხოვს, რომ თავად უთხრას ეს დედას. ბავშვიც ეუბნება. ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერში, როდესაც დედა-შვილის საუბარს არ ესწრება მამა, ბავშვი ამბობს, რომ მას სურს დედასთან შეხვედრა, თუმცა მამა არ აძლევს ამის უფლებას“.

რა ჩაწერა სასამართლომ 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ზედმიწევნით, დეტალურად შეისწავლა“ საქმეში წარმოდგენილი მასალები და დადგენილად ჩათვალა, რომ ბავშვის მიერ მოყოლილი ინფორმაცია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ შესაძლო იყოს „მამის ზეგავლენის შედეგად მოწოდებული ინფორმაცია“. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბავშვის მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობის ფაქტს.

რა პრეტენზიები აქვს დედის ადვოკატს სახელმწიფო ინსტიტუტებთან

ამ დავაში ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტო საქმეში ჩართული იყო მესამე პირად. ადვოკატი ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ საქმის აღსრულების გაჭიანურებაში ამ უწყებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „კანცელარიაში არ ჩაიბარეს სასამართლო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი“. „სოცსააგენტოს თანამშრომელმა სასამართლოს ქალთან დაკავშირებით უთხრა, „თუ გავითვალისწინებთ დედის ცხოვრების წესს, სასურველია ბავშვი მამასთან იყოს“, მაშინ, როცა დედას არც კი იცნობდა“, – აცხადებს ირაკლი შავაძე.

მას პრეტენზია აქვს სააგენტოს კიდევ ერთ თანამშრომელთან გულო დილავერიძესთან, რომელიც მედიაში ღიად აკრიტიკებდა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მიერ დედის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში საჩივარი მამამ და სოცსააგენტომ ერთად შეიტანეს დედის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად. თუმცა, დავის პროცესში, სააგენტო რეორგანიზაციის შედეგად შეუერთდა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, რომლის წარმომადგენელმა, გიორგი კუპრეიშვილმა კასაციაში უარი განაცხადა დავის გაგრძელებაზე და დავა მამამ მარტო გააგრძელა.

ირაკლი შავაძე ფიქრობს, რომ სააგენტო რატომღაც თავიდანვე იყო დედის მიმართ არაკეთილგანწყობილი.

„11 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. თუკი ადრე ბავშვს დედის დანახვაზე თვალები უბრწყინავდა, 11 აგვისტოს შეხვედრაზე დედას ახლოს მისვლის უფლებაც კი არ მისცა. სასამართლომ ბავშვის მამასთან დაყოვნება მიიჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების საზიანოდ, „რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უკიდურესად ნეგატიური შედეგი ბავშვის შემდგომი განვითარებისა და აღზრდის პროცესში“. ამ ვითარებაში ბავშვი ისევ მამასთან რჩება, ბავშვის საუკეთესო ინტერესები ამ ქვეყანაში არავის ადარდებს, მთავარია გავლენები“, – ასკვნის ირაკლი შავაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ძალიან გართულდება, თუკი ბავშვი მამასთან გააგრძელებს ცხოვრებას. ის ფიქრობს, რომ დედა-შვილი სასწრაფოდ უნდა მოათავსონ თავშესაფარში, სადაც ფსიქოლოგი გააგრძელებს ბავშვთან მუშაობას, მამის გავლენების მიღმა.

ვინ არიან ბავშვის მშობლები

ბავშვის მშობლები ბელორუსიის მოქალაქეები არიან. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ბავშვის მამამ „გაიტაცა ბავშვი“, რომელთან ერთადაც ჩამოვიდა საქართველოში და თავშესაფარს ითხოვს.

იგივე დავა განიხილეს ბელორუსიაში საგამოძიებო ორგანოებმა და სხვა სპეციალისტებმაც. მათაც დაასკვნეს, რომ კაცის მიმართ ყველა ბრალდება ყოფილი ცოლის მიმართ იყო უსაფუძვლო და ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას მიანიჭეს. სწორედ სასამართლოს ამ დადგენილების შემდეგ „გაიტაცა“ მამამ ბავშვი უცხოეთში, ქალის მიერ თანაცხოვრების პერიოდში გაცემული „თანხმობით“.

ამასთან ბელორუსიის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ „მამის ქმედებებში იკვეთება მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება“.

ბელორუსიაში შედგენილ ერთ-ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არსებობს ჩანაწერი, სადაც ქალის მისამართით კაცი ამბობს: „ჩემ მიერ ნაჩუქარი ტელეფონი გადაიფორმა თავის გვარზე სავარაუდოდ იმისთვის, რომ მე არ შემძლებოდა მისი კონტროლი… ჩვენს შორის მოხდა კონფლიქტი, როდესაც მე ვუწოდე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი“.

დაკარგული შვილის კვალს ქალმა თვეების შემდეგ მიაგნო და ისიც საქართველოში ჩამოვიდა მის დასაბრუნებლად. ქართულმა სასამართლოებმა მისი საჩივარი დააკმაყოფილეს. გადაწყვეტილებაში წერია, რომ არასრულწლოვანი ბელორუსიის რესპუბლიკიდან „არამართლზომიერად“ არის გადაადგილებული“. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვის „ბელორუსიაში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს დედამ“.

საქართველო მიერთებულია ჰააგის 1980 წლის კონვენციას, რომელიც ბავშვთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას ავალდებულებს სახელმწიფოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: