ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის შემოსავლები 26,6 მილიონით შემცირდა – სეკვესტრირებულ ბიუჯეტს საკრებულო დაამტკიცებს

12.08.2020 • 1432
ბათუმის შემოსავლები 26,6 მილიონით შემცირდა – სეკვესტრირებულ ბიუჯეტს საკრებულო დაამტკიცებს

ბათუმის მერიამ საკრებულოში ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქის შემოსავლები, საერთო ჯამში, 26 625 600 ლარით არის შემცირებული. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს ბათუმის საკრებულო 13 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

პროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიით შენელებული ეკონომიკური პროცესების გამო, შემცირდა შემოსავლები: „აღნიშნული შედეგი უკვე აისახა ბიუჯეტის შემოსულობებზე, ხოლო პანდემიით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად იკლებს მომავალ პერიოდში მისაღები შემოსავლები“.

დოკუმენტის მიხედვით, იმის გამო, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა შეძლოს საკუთარი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელება, საჭირო გახდა შესაბამისი ფინანსების მობილიზება ან დაზოგვა, რის გამოც:

[checklist]

  • ბათუმის მერიამ მიმართა საქართველოს მთავრობას მუნიციპალიტეტის 2020 წლის სასესხო ვალდებულებების [ძირითადი და საპროცენტო თანხების] მომდევნო 2 წელზე გადანაწილებისთვის, საურავების დარიცხვის გარეშე, რაზედაც მიიღო თანხმობა.
  • გარკვეული პროექტების დაფინანსების მიზნით კი, აჭარის ბიუჯეტიდან ბათუმისთვის გამოიყო 10 300 000 ლარი.
  • ასევე: „მიმდინარე სახის გადაუდებელი ღონისძიებების, ცალკეული ვალდებულებების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შემცირებულ/გაუქმებულ იქნა რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები.“

[/checklist]

2020 წლის გეგმით, ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობები 172 352 400 ლარით იყო განსაზღვრული, ცვლილების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი შემცირდება და 145 726 800 ლარით განისაზღვრება [შესაბამისად, ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელები 185 მილიონის ნაცვლად, 158 მილიონ ლარამდე შემცირდება].

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების პროექტი, რომლითაც ბიუჯეტი მცირდება, „ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქალაქ ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“.

მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტში ქონების გადასახადი, დღგ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, შემოსავლები შეუმცირდა ბათუმის დელფინარიუმს, ბოტანიკურ ბაღს, მცირდება მერიის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები.

უკვე გაუქმდა ან გაუქმდება მთელი რიგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები; დაგეგმილი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება შემცირდება ან მიმდინარე წელს საერთოდ აღარ შესრულდება; გაუქმდება რიგი პროგრამები.


აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით:

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: