Batumelebi | როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით – Batumelebi
RU | GE  

როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით

დაბა შუახევიდან ოთხიოდე კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან მარცხნივ, აღმართზე, ვიწრო გზა ადის. სოფელი, სადაც ეს უასფალტო გზა მიდის, ცენტრალური  მაგისტრალიდან არ ჩანს. როცა სოფლის გზას დაადგები, პირველი მოსახლე დაახლოებით ორ კილომეტრში ჩნდება. ეს სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სადაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.

ჩანჩხალოში ჩვენი სტუმრობის მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტი იყო. ორგანიზაციამ იმის გადასაღებად მიგვიწვია, თუ როგორ მუშაობენ სოფლის მოსახლეობის მხარდასაჭერად – ამ შემთხვევაში სოფელს, პროექტის ფარგლებში, გარეგანათების მოწყობა დაუფინანსეს, მოსახლეობამ კი განათების ბოძები თავად შეადუღა, შეღება და დაამონტაჟა.

სოფელში ბევრი ადამიანი დაგვხვდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები. „ამას, პანდემიას და თურქეთის საზღვრის ჩაკეტვას უნდა ვუმადლოდეთ, თორემ ამ დროს სოფელი თითქმის დაცლილია“, – გვითხრა ერთ-ერთმა ჩანჩხალოელმა.

სოფელ ჩანჩხალოში მიმავალი გზა

სოფელ ჩანჩხალოში მიმავალი გზა

ჩანჩხალოში 4 აგვისტოს მოგვიწია მისვლა. სოფელში, თითქმის ყველა ეზოში, თამბაქო აქვთ დარგული და სახელდახელო საშრობებში თამბაქოს ფოთლებს აშრობენ.

სოფელში მეთამბაქოობა გასულ საუკუნეში წამყვანი დარგი იყო მეცხოველეობასთან ერთად. მოგვიანებით კი, შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა აქ მცხოვრები ოჯახებისთვის.

თამბაქოს პლანტაცია სოფელ ჩანჩხალოში

თამბაქოს ფოთლების საშრობი სოფელ ჩანჩხალოში

თამბაქოზე ახალმა რეგულაციებმა, როგორც აჭარის სხვა სოფლების მეთამბაქოეების, ჩანჩხალოელების პროტესტიც გამოიწვია და აქციებზეც ხშირად გამოდიოდნენ. „შემოსავლის ამ ერთადერთ წყაროსაც გვართმევდნენო“, – გვითხრეს სოფელში.

სოფელს ბოლო პერიოდში არაერთი პრობლემა ჰქონდა [მეწყერი, უგზოობა, გვირაბების მშენებლობით გამოწვეული პრობლემები] და ახლაც აქვს, თუმცა, ამჯერად ჩანჩხალოელებმა ის პრობლემა გამოკვეთეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის დახმარებითა და მათივე ჩართულობით მოაგვარებდნენ. ასეთად სოფელმა სწორედ გარეგანათება შეარჩია.

გარეგანათების ბოძები სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის ეზოში

დასამონტაჟებლად გამზადებული გარეგანათების ბოძი / უკან ფონზე სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღი

მარიამ მიქელაძე

„სოფელ ჩანჩხალოში დღეს მუდმივად 80 კომლი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობისთვის გარეგანათების არქონა დიდი პრობლემაა. მაღალმთიანი სოფელია და  ზოგ ადგილას გზა ხრამის პირას გადის, რაც განსაკუთრებით ღამით არ არის უსაფრთხო. ასევე სოფელში მომრავლებულია გარეული ცხოველები და სიბნელეში, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის საშიშია გადაადგილება. ერთ ადგილზე ღამით მანქანებსაც კი უჭირთ გავლა და განათებას, პროექტის ფარგლებში, ამ მონაკვეთშიც ვაკეთებთ“, – ამბობს ჩანჩხალოელი მარიამ მიქელაძე.

მარიამის თქმით, გარეგანათების მოწყობა სოფელს სერიოზულ პრობლემას მოუგვარებს: „პროექტში სოფლის მოსახლეობაა ჩართული. მილების შედუღება, შეღებვა, დამონტაჟება – ამ სამუშაოებს სოფლელები ასრულებენ. სულ 20 ბოძია დასამონტაჟებელი, ნაწილი დავამონტაჟეთ, ნაწილის დამონტაჟებაზე კი მოსახლეობა ახლა მუშაობს“.

გარეგანათების ბოძებს სოფლის მოსახლეობა ღებავს

გარეგანათების ბოძის მონტაჟი

გარეგანათების ბოძების დასამონტაჟებლად საჭირო მასალები ჩანჩხალოელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეუძინა პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. ორგანიზაციას ეს პროექტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] დაუფინანსა.

თავის მხრივ, საიამ ფინანსები მოიძია პროექტის ფარგლებში – „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“. ამ პროექტის დონორი კი არის გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW).

ირმა პავლიაშვილი

„პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქვეგრანტები გავეცით აჭარაში, არის გერმანელების მიერ დაფინანსებული. პროექტის მიზანია, უზრუნველვყოთ შემოსავლის მომტანი აქტივობების განხორციელება მოსახლეობისთვის. ამ მიზნით შეირჩა სწორედ ეს სოფლები, სადაც როგორც წყლის პრობლემის მოგვარებაზე ვზრუნავთ მოსახლეობასთან ერთად, ასევე გარეგანათების საკითხების მოგვარებაზეც.

მოსახლეობის ჩართულობა ჩვენი ძირითადი მიზანია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის ქვაკუთხედი სწორედ მოსახლეობაა, რომელიც ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. [მოსახლეობა] მისი აქტიურობით უნდა გეგმავდეს და აგვარებდეს იმ პრობლემებს, რაც მათ ადგილზე აქვთ და თვითმმართველობასთან ერთად სწორად განსაზღვრავდეს იმ სერვისების მიღებას, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაა“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი.

გოგიტა მახარაძე

„ორგანიზაციამ შეიძინა ლითონის მილები, ასევე ყველა საჭირო მასალა მილების შედუღების, შეღებისა და დამონტაჟებისთვის; შეძენილია ნათურები და ელექტროსადენიც. სამუშაოებს ვაკეთებთ ჩვენ, სოფლის მოსახლეობა… მეოთხე უბანში რამდენიმე ბოძი იმ მონაკვეთზე დავამონტაჟეთ, რომელიც არის დაბურული და ღამით თითქმის შეუძლებელია გადაადგილება. როცა ბოძების მონტაჟს მოვრჩებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით გავიყვანთ კაბელს და გარეგანათება ქსელში ჩაირთვება“, – ამბობს გოგიტა მახარაძე.

გოგიტა მახარაძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორია ჩანჩხალოში.

გარეგანათების ბოძის მონტაჟი

გარეგანათების ბოძის მონტაჟი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თაოსნობით და მხარდაჭერით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩანჩხალოში – იმ უბნებში, სადაც არასდროს ყოფილა გარეგანათების ქსელი, ეწყობა ეს ქსელი და ამ პროექტში მუნიციპალიტეტის მერიაც ჩართულია“, – გვეუბნება გია დავითაძე, შუახევის მერის წარმომადგენელი შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში.

გია დავითაძე

„მუნიციპალიტეტის მართვაშია კომუნალური სამსახური და ეს სამსახური აიღებს თავის თავზე პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული გარეგანათების ბოძების ქსელში ჩართვას და შემდგომში მის მოვლა-პატრონობას,“ – ამბობს გია დავითაძე. – „ასევე გვინდა, ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით და ჩვენი მხარდაჭერით გავაკეთოთ სოფელში ბიბლიოთეკა, მერიის ეკონომიების ხარჯზე გამოვნახოთ შესაბამისი თანხა. ამ პროექტის განხორციელებაშიც მოსახლეობა იქნება ჩართული. ზოგადად, არის მერიის მზაობა, რომ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ ერთად გაგრძელდეს არაერთი სხვა პროექტის განხორციელება“.

გარეგანათების ბოძის მონტაჟი სოფელ ჩანჩხალოში

გოგიტა მახარაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი ჩანჩხალოში შემდგომშიც გააგრძელებს სოფლის პრობლემებზე მუშაობას: „ვფიქრობთ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ თუ სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით აღმოვფხვრით არაერთ პრობლემას.“

ირმა პავლიაშვილი ადასტურებს, რომ „ჩაჩხალოში დაიგეგმა ადგილობრივ დონეზე ბიბლიოთეკის გამართვაც, რომლის ფარგლებში, ახალგაზრდებს, სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გაეცნონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მიიღონ განათლება და ამან ხელი შეუწყოს შემოსავლის მომტანი აქტივობების განხორციელებას, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ადგილზე გაუმჯობესდეს. ჩვენი პრიორიტეტია ადგილზე უზრუნველვყოთ ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიქნებით საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებაში სხვადასხვა კუთხით – ეს იქნება ადგილობრივ დონეზე პრობლემების გამოკვეთა, ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თუ სხვა. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იქნება, ადვოკატირების გზით დავაყენოთ თვითმმართველობაში და ასევე ჩვენ ჩვენი პროექტის ფარგლებში უზრუნველვყოთ შემდგომი გაგრძელება ამ აქტივობების, რათა მოსახლეობა გააქტიურდეს. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობით გადაწყდეს სწორედ ის პრობლემები, რომლებიც მათ წლებია აწუხებთ“.

ჩანჩხალოში ბიბლიოთეკის მოწყობის შემდეგ, მუნიციპალიტეტი გეგმავს ბიბლიოთეკარის შტატის დაშვებას, რითაც სოფელში ერთი ადგილობრივი დასაქმდება.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში შეძენილი და სოფლის მოსახლეობის მიერ დამონტაჟებული გარეგანათების ბოძები ჩანჩხალოში / 4.08.2020

„ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალშიც დავუჭიროთ მხარი საინიციატივო ჯგუფების/მოსახლეობის გაძლიერებას და მათ ჩართულობას – ეს იქნება როგორც სამართლებრივი კუთხით კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობა, კონკრეტულად, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნება იმ კუთხით, რომ მოსახლეობამ თვითონ დაინახოს, თუ რა შეუძლია გააკეთოს თავისი ძალებით და არ იყოს მხოლოდ დამოკიდებული სხვა, მესამე პირის დაპირებაზე. მოსახლეობამ მისი უშუალო ჩართულობით უნდა მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც მას ადგილზე აწუხებს“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი.

ამ თემაზე:

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com