ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციიდან ერთი მოშიმშილე სასწრაფომ გადაიყვანა

ერთ-ერთ მოშიმშილე, რომელიც მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას ითხოვს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან გრძელდება. აქ გაშლილია კარვებიც, სადაც ამჟამად 14 ადამიანი განაგრძობს შიმშილობას.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ამ დრომდე აჭარის პროკურატურასთან 15 ადამიანი შიმშილობდა. გუშინ, 10 ივნისს, აქციის მონაწილეები თურქეთის საკონსულოსთან გადმოვიდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ დრომდე პასუხი არც თურქეთის საკონსულოდან მიუღიათ და არც – პროკურატურისგან.

“ჯერ არ ვიცით, რა ფორმით გაგრძელდება საპროტესტო აქციები, მაგრამ პროტესტი გრძელდება,” – ამბობს თამაზ ბაკურიძე. ის ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სპიკერია.

8 ივნისს გენპროკურატურის წარმომადგენლები ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრაზე ექსტრადაციის შესახებ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. პროკურატურაში ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

რა გავლენა აქვს სისხლის ჯგუფს კორონავირუსზე – კვლევა

გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც აჩვენებს კავშირს COVID 19-სა და სისხლის ჯგუფს შორის. კვლევის შუალედურ შედეგებზე „დოიჩე ველე“ წერს.

მკვლევარებმა შეისწავლეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 1610 პაციენტის მონაცემები იტალიიდან და ესპანეთიდან, რომელთაც აღენიშნებოდათ დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, მათგან რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა კიდეც.

მეცნიერებმა პაციენტების დნმ შეისწავლეს და შეადარეს 2205 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემებს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტებში, რომელთაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ, COVID 19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებთან შედარებით.

თუმცა კვლევის შედეგები არ მიუთითებს პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანების იმუნიტეტზე ახალი კორონავირუსის მიმართ, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ახალი კორონავირუსის მძიმედ გადატანის ნაკლები რისკი აქვთ.

რაც შეეხება მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს, კვლევის თანახმად, სისხლის ამ ჯგუფების მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა COVID 19-ის მიმდინარეობის მკაფიო ტენდენცია სისხლის ჯგუფის მიხედვით.

თუ კი გერმანულ-ნორვეგიული კვლევის შუალედური შედეგები დადასტურდება, ეს მნიშვნელოვნად აისახება SARS-CoV-2-ით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე.

კავშირი სისხლის ჯგუფებსა და დაავადების მიმდინარეობაზე, ადრეც გამხდარა დაკვირვების საგანი. მაგალითად, ცნობილია, რომ ადამიანები, რომელთაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ, იშვიათად ავადდებიან მალარიის მძიმე ფორმებით, ხოლო მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს უფრო სტაბილურად გადააქვთ ჭირით დაავადება.

თურქეთმა საზღვრები გახსნა, თუმცა საქართველოდან ამ ქვეყანაში ჯერ ვერ წახვალთ

თურქეთი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. თუმცა საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გადასვლას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ – საზღვარზე საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ისევ მოქმედებს.

საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვარი გახსნა ყველა ქვეყანასთან, გარდა ირანისა. თუმცა ამ რეგულაციების გაუქმება ჯერ არ შეეხება საქართველოში შემოსვლისა და გასვლის  მსურველებს.

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებას საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ:

„გაუქმდა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებული რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა თურქეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით თურქეთის საზღვრის კვეთის შეზღუდვას, გარდა ირანთან სახმელეთო საზღვრის გავლით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვისა.

თურქეთისა და უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც შევლენ თურქეთის ტერიტორიაზე, უტარდებათ ჯანმრთელობის კონტროლი, რა დროსაც სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში ან საჭიროებიდან გამომდინარე, PCR ტესტი გაკეთდება უფასოდ. ამ პროცესთან დაკავშირებული პირობები და წესები დადგინდება თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა ან იქიდან გამოსვლა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული ზომების შესაბამისად.

ამასთანავე, გრძელდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მხარის მიერ მიღებული შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან თურქეთის ტერიტორიაზე ან თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის მსურველმა საქართველოს, თურქეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებმა გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე და იმოქმედონ მის შესაბამისად“.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები თურქეთთან ორმხრივად 15 მარტს ჩაიკეტა.

გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, გარემოვაჭრეებმა გასაყიდი საქონელი – მაისურები, წინდები, შორტები და სხვა წვრილმანი ნივთები აჭარის მთავრობის შენობასთან მიიტანეს პროტესტის ნიშნად. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მუნიციპალური ინსპექცია ვაჭრობის საშუალებას არ აძლევს. მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ გაუსაძლის  მდგომარეობაში არიან, რადგან მათ სავაჭრო ფართობის დაქირავება არ შეუძლიათ, თუმცა თუ არ ივაჭრებენ, ფიზიკურად ვერ იარსებებენ.

გარემოვაჭრე ეთერ თავართქილაძე ამბობს, რომ ვაჭრობა მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„სოფლიდან დავდივარ სავაჭროდ, ზოგჯერ გზის ფულიც კი არ მაქვს რომ გამოვიდე, ნაოპერაციები ვარ, ოჯახში სხვა შემოსავალი არ გვაქვს. არც პენსიონერი ვარ, 6-სულიანი ოჯახი მყავს შემოსავლის გარეშე, მეუღლე ავად არის. ადგილი, რომელიც გარემოვაჭრეებისთვის გამოყეს, პირუტყვის სადგომს ჰგავს, „ჯეშტებში“ ვზივართ ამოხარშული, ჰაერიც კი არ არის, 5 კაცი არ გაივლის დღეში, რა უნდა ვივაჭროთ“, – ამბობს ეთერ თავართქილაძე.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დევნის. „მთავრობა გამოსავალს ხედავს აქტების შედგენაში, ჯარიმების შედგენაში და ჩვენს დევნაში. ლუკმა-პურისთვის ვდგავართ ქუჩაში, ინსპექციის თანამშრომლებთან გვიხდება დაპირისპირება ამის გამო. „წადით ზემდგომს მიმართეთო“, – გვეუბნებიან, ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთო. ამ ორგანოზე მეტი ზემდგომი არ არის აჭარაში, ამიტომ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვიქმნას ისეთი გარემო, სადაც რეალურად გვექნება შესაძლებლობა, გავყიდოთ ჩვენი საქონელი“, – ამბობს ციცო მუშკუდიანი.

გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გასაყიდი საქონელი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მიიტანეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გასულ წელს, საპროტესტო აქციების შემდეგ, გარემოვაჭრეებს სავაჭროდ ალტერნატიული ფართობი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყვეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მყიდველი არ შედის, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ამის გამო იძულებული ვიყავით ისევ ქუჩაში გამოვსულიყავით. „ჯეშტებით“ შემოღობილი ოთახი მოგვცეს, ისეთი, პირუტყვის სადგომიც რომ არ იქნება. მე თუ ჩემი ჯანმრთელობის ფასად ვდგავარ ქარში, წვიმაში და საარსებოს ვშოულობ, რატომ მიშლიან ხელს.

მიჭირს და ამიტომ ვდგავარ, დალხინებული ადამიანი ქუჩაში არ გამოვა, მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა. ალტერნატიული ადგილი მოგვცენ, ისეთი, სადაც მყიდველი შემოვა და არა ის, რასაც გვთავაზობენ“, – ამბობს ნანა კინწურაშვილი.

გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გასაყიდი საქონელი აჭარის უმაღლეს საბჭოსთანაც მიიტანეს, სადაც მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ანგარიშს აბარებდა. მოვაჭრეები მასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა.

გარემოვაჭრეები აჭარის მთავრობასთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გარემოვაჭრეები ძირითადად წერეთლის ქუჩაზე არიან განთავსებული, თუმცა იქ მუნიციპალური ინსპექცია გაჩერების და ვაჭრობის უფლებას არ აძლევს.

„კორონავირუსის პანდემია რაც დაიწყო, საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩით. ჩვენ თვითდასაქმებული ხალხი ვართ, თუმცა არც მთავრობის დახმარება მიგვიღია. გამოვედით რომ ჩვენი საქონლით დღიური სარჩო მოვიძიოთ და გვდევნიან,“-ამბობენ გარემოვაჭრეები.

მათი თქმით, შარშანდელი აქციების დროს, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა საქონელიც წაართვეს, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ. გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილი ამბობს, რომ მისგან 500 ლარის საქონელი წაიღეს ინსპექციის თანამშრომლებმა და ახლაც ემუქრებიან საქონლის წართმევით. „ადგენენ ჯარიმის აქტებს და სახლში გვიგზავნიან, რითი უნდა გადავიხადოთ ეს ჯარიმა უმუშევარმა ადამიანებმა?“- კითხულობს ნანა კინწურაშვილი.

ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს.

მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც.

ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

[checklist]

  • ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად],
  • ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
  • ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
  • ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი,
  • დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
  • სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა,
  • სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა,
  • ხიხაძირი-სარიჩარის მთა-ხიხაძირი,
  • დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი,
  • ირემაძეები-ჯანჯღნარი-ირემაძეები,
  • საციხური-აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-საციხური.

[/checklist]

ხულო-ბეშუმის გარდა სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტი სხვადასხვა გრაფიკით იმოძრავებს – კვირაში ერთხელ, კვირაში რამდენჯერმე, დღეჩაგდებით. გასვლა ძირითადად იქნება დილის 9 საათზე [ბეშუმის მიმართულებით კი დილის 8 საათზე]; მარშრუტის ბოლო წერტილიდან გამოსვლა კი – საღამოს 6 საათზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 16 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: მთა ჩირუხი / ხულო / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

შაბათ-კვირას, 13-14 ივნისს კი, სინოპტიკოსების ცნობით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 -23 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 21 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბათუმში უარყოფითია 196 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 196 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, დღეს, 11 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 15 137 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

4 ინფიცირების წყარო დაუდგენელია, ეს, ფაქტობრივად, 4 ახალი კლასტერია – გახარია

დღეს, 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას და სამთავრობო უწყებებს „უკიდურესი გონიერებისკენ“ და „სიფრთხილისკენ“ მოუწოდა.

„არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთხი ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენელია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტიურად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს, საიდან როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო,“ – განაცხადა გახარიამ.

დღეს, 11 ივნისს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ დილის ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

ახალი ტურისტული ნიშნულების მოსაწყობად აჭარაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ნიშნულების დაფების დამზადებასა და დამონტაჟებაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება. დაფები დამონტაჟდება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში; ასევე, სოფელი ჭახათი- კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-სოფელი ცხემლისი-კურორტი გომისმთა-სოფელი ხაბელაშვილების საფეხმავლო მარშრუტზე.

აღნიშნული ბილიკის მონიშვნა უნდა განხორციელდეს „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად.

საოჯახო სასტუმრო სახლების მანიშნებლები კი განთავსდება გზებსა და სახლებზე და სხავდასხვა სოფელსა და ლოკაციაზე. მანიშნებლები დაემატება ასევე უკვე არსებულ, მარკირებულ, ტურისტულ მარშრუტებზე მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებსა და ღვინის მარნებზე.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

ტურისტული მანიშნებლების ზუსტ ადგილს გამარჯვებულს სააგენტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიაწვდის. ასევე, გადასცემს  ტურისტული ნიშნულების საბეჭდ ვერსიასა და მზა დიზაინს.

სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

ესკიზი ტენდერიდან

ამ თემაზე:

აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევენ

 

15 ივნისიდან საქართველოში იხსნება ეროვნული პარკები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის იხსნება.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა ყველა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას.

სააგენტო ავრცელებს COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვების ჩამონათვალსაც, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ ვიზიტორებს.

  • შენობებსა და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირსა და პირს;
  • ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
  • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/-ზე

ასევე, სააგენტო მოუწოდებს ვიზიტორებს, არ შევიდნენ ტერიტორიაზე, თუ თავს გრძნობენ ცუდად, მოერიდონ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც ხველა და ცემინება აღენიშნება, ხშირად დაიმუშაონ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

_________

ფოტოზე: მტირალას ეროვნული პარკი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი – ახალი მონაცემები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 11 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 2 000 464 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 112 924, გამოჯანმრთელდა – 533 504.

ახალი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატები. ნიუ იორკის შტატში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 30 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ნიუ ჯერსიში – 12 377.

სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 7 360 239 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 416 201 ადამიანი.

___________

ნიუ იორკი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE

 

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი.

ჯამში საქართველოში კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 694, ხოლო გარდაიცვალა – 13 ადამიანი.

ახალი ექვსი შემთხვევიდან 5 გუშინ, 10 ივნისს, დღის განმავლობაში დადასტურდა. ამ 5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯერჯერობით ვერ ადგენს.

ამავე თემაზე: 

5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერ ვერ ვპოულობთ – გამყრელიძე

რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი

„ბათუმელებმა“ მოიპოვა შპს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებარე პროექტის რენდერი, რომელსაც კომპანია ორი წელია ასაიდუმლოებს. ამ რენდერის მიხედვით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი. აშენებს თუ არა კომპანია შეთანხმების შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს – კომპანიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

ამ მშენებლობის არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, რადგან საზოგადოებას ამ დრომდე არ უნახავს პროექტის ვიზუალური მასალა [რენდერი], რომელიც ბათუმის ბულვარში, ძეგლის ტერიტორიაზე შენდება.

კომპანიამ სამშენებლო მოედანზე პროექტის ე.წ. რენდერი და არც სრულფასოვანი საინფორმაციო დაფა არ გამოაკრა, რაც კანონის დარღვევაა.

კომპანიის მიერ განთავსებული საინფორმაციო დაფა არ შეიცავს არანაირ მონაცემს უშუალოდ პროექტის შესახებ. გარდა ამისა,  დაფაზე მითითებული საკონტაქტო პირი, როგორც თავად გვითხრა „ამბასადორ ბათუმში“ არ მუშაობს, ასეა მშენებლობის დაწყების დღიდან.

დაფაზე მითითებული ინფორმაციით, მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ამავე წელს უნდა დასრულებულიყო. როგორც ცნობილია, კომპანიას ვადა გაუგრძელეს, თუმცა საინფორმაციო დაფის შეცვლისთვის თავი არავინ შეიწუხა და ამ საკითხზე კონკრეტული შედეგი არც  შესაბამისი უწყების, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეაგირებას მოჰყვა, რაც ასევე კანონის დარღვევაა.

„ამბასადორი ბათუმის“ საინფორმაციო დაფა

არაერთხელ გამოითქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ კომპანიამ პროექტი შეცვალა და არც თუ უსაფუძვლოდ: სააგენტოს ძეგლების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე თავად „ამბასადორი ბათუმის“ დირექტორმა აღიარა, რომ საძირკველი გაცილებით მასშტაბური შენობისთვის მოამზადეს და არა შეთანხმებული, ნებართვაგაცემული პროექტისთვის.

აშენებენ თუ არა შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ამის კონტროლი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს ევალება. ამ ჯგუფს მშენებლობა ბოლოს ორი კვირის წინ შეუმოწმებია და როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ გაგვიმარტა, მშენებლობა შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.

„რაც შეეხება საძირკველს, კომპანიამ პროექტის შეთანხმების შემდეგ მოგვმართა და გვითხრა, რომ სუსტი გრუნტის გამო სჭირდებოდა უფრო მყარი საძირკველი და ჩვენ ეს ცვლილება შევითანხმეთ. მოგვიანებით გამოჩნდა რა ჰქონდა გულში, მაგრამ ჩვენ ამ ჩანაფიქრზე უარი ვუთხარით, მყარი საძირკვლის საწინააღმდეგო კი არაფერი გვაქვს“, – გვითხრა ოლეგ ბოლქვაძემ.

სადისკუსიო საგნად იქცა ის საკითხიც, განიხილავს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას და ისიც რეალურად მიმართა თუ არა კომპანიამ ამ მოთხოვნით სააგენტოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ „ამბასადორი ბათუმმა“ მართლაც მიმართა მათ წერილობით, ასევე განმარტეს, რომ კომპანიას ბულვარის საზღვრებიდან ნაკვეთის ამოღებაზე ძეგლების საბჭომ უარი უთხრა, თუმცა ეს არ არის საბოლოო პასუხი. როგორც სააგენტოში გვითხრეს, საბჭოს წევრებისთვის გაუგებარია კომპანიის არგუმენტები. თუმცა, საკითხის უკეთ შესასწავლად გასვლითი სხდომის ჩატარებას აპირებენ: „ადგილზე შეისწავლიან, თუ რა საფუძვლით ითხოვს კომპანია ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას“.

გასვლითი სხდომის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

„ამბასადორ ბათუმს“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ნაკვეთის ამოღება სურს, სადაც მხოლოდ 4-სართულიანი შენობის მშენებლობის [დამატებით მიწისქვეშა სამი სართულით] ნებართვა აქვს და 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს ვალდებულება, პროექტში ცვლილება [15 სართულამდე გაზრდა] შეათანხმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს. ეს კომპანიისთვის ერთგვარი ბარიერია, სასურველი ნებართვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან  მისაღებად.

თავის დროზე, მშენებლობის მასშტაბების საკითხის განხილვისას, ძეგლების საბჭოს სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დაგეგმილია მეხუთე კლასის მშენებლობა, ამიტომაც ნებართვის მისაღებად, საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ, პირდაპირ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ.

„ამბასადორ ბათუმის“ დირექტორის, გოჩა კამკიას ინფორმაციით, კომპანიას საძირკველი მაღლივი შენობისთვის აქვს მომზადებული. მან ამის შესახებ სააგენტოს ძეგლების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მიწის ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღების მოთხოვნით „ამბასადორ ბათუმმა“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 28 იანვარს მიმართა. კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მისწერა, რომ 2015 წელს, ბულვარის საზღვრების დადგენის შემდეგ, ამ საზღვრებში მოაქციეს მისი კერძო საკუთრება, მაგრამ თავად, როგორც დაინტერესებული მხარე, ამ საკითხის განხილვისას არ მიიწვიეს. კომპანიის განმარტებით, ის, რომ მიწის ნაკვეთს აქვს ძეგლის სტატუსი, ბევრ პრობლემას უქმნის მას, როგორც მესაკუთრეს და ასევე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სააგენტოს.

ამონარიდი „ამბასადორ ბათუმის“ წერილიდან. ობიექტზე საუბრისას კომპანია გულისხმობს მიწის ნაკვეთზე არსებულ უკვე დანგრეულ შენობას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვით დაანგრიეს. ძეგლების საბჭო ამ შენობის დანგრევას იმ მოტივით დათანხმდა, რომ შენობას არანაირი არქიტექტურული და ისტორიული ღირებულება არ ჰქონდა. ამ ადგილზე სააგენტომ თითქმის იმავე მასშტაბის გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის ნებართვა გასცა, თუმცა კომპანიას გაცილებით დიდი ზომის შენობის აშენება სურს. ამიტომაც ითხოვს ის ბულვარის საზღვრებიდან ნაკვეთის ამოღებას.

რეესტრის მონაცემებით კი, ეს ტერიტორია ბულვარის საზღვრებში შედიოდა მის გაყიდვამდეც, ანუ 2009 წელს. მაშინ მას შპს „ბათუმის საკურორტო კლინიკა“ ერქვა.

„ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გაყიდა, ნაკვეთის მისამართად იმ დროს მომზადებულ ამონაწერშიც ბათუმის ზღვისპირა პარკია მითითებული.

 

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

„ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში“ – განცხადება აჭარა TV-ის ჟურნალისტების სახელით

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ჟურნალისტების დევნა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს, 10 ივნისს, კრიტიკულად შეაფასა. ბოკერიამ ასევე გააკრიტიკა ტელევიზიის ერთ-ერთი მრჩეველი, თამარ წილოსანი, რომელიც სწორედ ამ პარტიის წარდგინებით მოხვდა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში.

აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე გიგა ბოკერიას განცხადების შემდეგ ორი განცხადება გამოქვეყნდა – ერთი [სავარაუდოდ] მენეჯმენტის სახელით, მეორე კი ახალი ამბების თანამშრომლების სახელით.

მენეჯმენტის განცხადება, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

“მიგვაჩნია, რომ ბატონი გიგა ბოკერიას განცხადება არის იმის დასტური, რომ რასაც ამ დღეების განმავლობაში მაუწყებელი მიუთითებდა, რომ “ევროპული საქართველოს” ორგანიზებულია მაუწყებლის წინ ერთი ადამიანის შიმშილობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია “ევროპულ საქართველოსთან” და ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, იმის რომ დირექტორის გადაყენება პირდაპირ კავშირშია მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს  ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალისგან შეწყდეს ზეწოლა, რათა მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ გარემოში ფუნქციონირება, საქართველოს სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ მივმართავთ და ვთხოვთ, გაარკვიოს და გამოააშკარავოს ის პოლიტიკური სუბიექტები, ვინაც ცდილობს ზეწოლა და გავლენა მოახდინოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოზე”.

ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლების სახელით გამოქვენებული განცხადება, რომელსაც ასევე სტილის დაცვით გთავაზობთ:

„ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლების განცხადება; მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ სხვადასხვა დაინტერესებული პირი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე. თუმცა, მათ სარედაქციო მუშაობაში უკანონო ჩარევის, ჟურნალისტებზე ზეწოლის ან  რომელიმე თემის დაბლოკვის შესახებ რაიმე მტკიცებულება დღემდე არ წარმოუდგენიათ. ჩვენ, ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში. საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის შემთხვევაში კი ვიქნებით პირველები, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს“.

განცხადების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის სამმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ მათ ამ განცხადების შინაარსი გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს.

რატომ დატოვა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბი „ნონა“

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი აღარ არის. ბაციაშვილმა, რომელიც საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრია, ტიტულოვანი სპორტსმენი და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს [ეს ტიტული საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოჭადრაკე ქალს აქვს: ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს და ნინო ბაციაშვილს] „ნონა“ 2020 წლის დასაწყისში დატოვა, მას შემდეგ, როცა მას კლუბმა უარი უთხრა დაფინანსების გაზრდაზე.

„2020 წლის იანვარში, როცა შემომთავაზეს იგივე კონტრაქტი, ვთხოვე პირობების შეცვლა, ვითხოვდი მწვრთნელის და სახელფასო დაფინანსების გაზრდას, რადგან მწვრთნელები ძალიან ძვირი ჯდება და როცა მაღალ დონეზე თამაშობ, სულ უფრო და უფრო ძვირდება მათი მომსახურება. მიზნები მქონდა, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატები, მინდა ეს წლები მაქსიმალურად გამოვიყენო. კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებული იყო წელიწადში დაახლოებით  2 000 დოლარი მომზადებაზე. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ეს დიდი თანხაა, მაგრამ იმ საქმისთვის, რასაც მე ვაკეთებ, ეს არ იყო ბევრი. ვთხოვე, მინიმუმ სამჯერ გაეზარდათ ეს თანხა. კლუბისგან უარი მივიღე, მითხრეს, რომ არ აქვთ უფლება მეტი გადამიხადონ“.

მოჭადრაკე ამბობს, რომ კლუბის უარი დაფინანსების გაზრდაზე მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანია, მოჭადრაკე მარტო ვერ ერევა ინფორმაციას, საჭიროა მწვრთნელი, რომელიც გამზადებს, გეხმარება იდეების დამუშავებაში. სიახლეს როცა იყენებ პარტიის დროს, ეს არის ქულის მომტანი, მუდმივად უნდა ვითარდებოდე, რომ არ იყოს შენთან თამაში მარტივი, ასეთი სპორტია ახლა ჭადრაკი და ძალიან რთულია ზღვა ინფორმაცია მოჭადრაკემ აკონტროლოს მწვრთნელის დახმარების გარეშე, ვიღაც უნდა გეხმარებოდეს, განიხილავდეს შენთან ერთად, ამიტომ გვჭირდება ძლიერი, უცხოელი მწვრთნელები. არის ძალიან ბევრი მწვრთნელი, ვისთანაც მინდოდა მუშაობა, მაგრამ თანხის სიმცირის გამო ეს ვერ ხერხდება“, – ამბობს მოჭადრაკე.

Qatar Masters Open 2015. ყაიმი მსოფლიო ჩემპიონთან, ნორვეგიელ მოჭადრაკე მაგნუს კარლსენთან. ფოტო: ABC.es

ბაციაშვილი კლუბ „ნონას“ წევრი იყო დაარსების დღიდან. 2013 წლიდან დღემდე მისი შედეგები უმჯობესდება, იგი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში], საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში და სულ ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე რაპიდში.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ია. ამ კლუბის დაფინანსება თითქმის ყველა წელს იზრდება. 2020 წელს „ნონას“ ბიუჯეტი 358 ათას 200 ლარია. 2015-2020 წლებში „ნონასთვის“ ბიუჯეტიდან ჯამში  1 977 700 ლარი დაიხარჯა. კლუბის საქმიანობა მოჭადრაკეების მომზადებაა, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება კლუბ „ნონას“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა მოუტანა, რომლის გამარჯვებულიც „ნონა“ ოთხჯერ გახდა – 2014, 2015, 2017 და 2019 წლებში. ბაციაშვილმა ამ ჩემპიონატებში სამჯერ აიღო დაფაზე ოქროს მედალი.

2019 წელი, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა საუკეთესო რეიტინგ პერფომანსი აჩვენეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე და ოქროს მედლები მიიღეს პირად დაფებზე. ფოტო: დავით ბაციაშვილი

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე „ნონა“ ძლიერი მოთამაშეებით გამოდის. მაგალითად, გასულ წელს „ნონას“ სახელით თამაშობდნენ ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია, თუმცა მხოლოდ ბაციაშვილი და მელია [ამჟამად აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე] იღებდნენ აქამდე ყოველთვიურ ანაზღაურებას კლუბში, სხვა მოთამაშეებს კი „ნონა“ უშუალოდ ტურნირის წინ უფორმებს ხელშეკრულებას.

მიუხედავად მრავალწლიანი თანამშრომლობისა, კლუბში ამბობენ, რომ მეტის გაკეთება ნინო ბაციაშვილისთვის მათ არ შეეძლოთ.

„ეს არ არის ფედერაცია. სამართლებრივ ფარგლებში რაც შეიძლებოდა, ჩვენ ვაძლევდით ნინოს და იმაზე მეტსაც ხანდახან, რაც სჭირდებოდა“, – გვითხრა კლუბის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.

კლუბის მენეჯერი, მარიკა ჯაფარიძე კი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი მოჭადრაკის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ.

„საკითხი ეხებოდა ისეთ მიზნებს და ამოცანებს, რომლებსაც ვერ მოახერხებდა კლუბი თავის თავზე აეღო, სამართლებრივ ჩარჩოებში ვეღარ ვჯდებოდით. კლუბის სამართლებრივ ფარგლებში ნინოს მაქსიმალურად ჰქონდა, რაც შეიძლებოდა მიგვეცა, უბრალოდ ამ ეტაპზე მის მიზნებს და ამოცანებს მეტი სჭირდება და სჭირდება სხვა დაფინანსებაც, რაც ამ მომენტში, კლუბის ჩარჩოებში, შეუძლებელია. მატერიალური საშუალებაც რომ ყოფილიყო, კლუბისთვის ეს არამიზნობრივ ხარჯებში გადიოდა, ეს უფრო ფედერაციის საკითხია. რაც მას სჭირდებოდა, ამის საშუალება კლუბს არც ჰქონდა. ნინო კლუბიდან უკმაყოფილო არ წასულა, უბრალოდ ამ მომენტში მისი მიზნები ცდება იმ მიზნებს და ამოცანებს, რაც კლუბს აქვს“, – გვითხრა მარიკა ჯაფარიძემ.

ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ ჭადრაკის ფედერაცია საქართველოს ნაკრების წევრებს უფინანსებს სანაკრებო დონეზე შეკრებებს, თუმცა არც ესაა საკმარისი და სწორედ ამიტომ მიმართა დახმარებისთვის კლუბს, რომელშიც იგი 2013 წლიდან თამაშობდა.

„უდიდესი კონკურენციაა ჭადრაკში, ჩინელ და რუს მოჭადრაკეებს უნდა ებრძოლო – თითო ადამიანს სამი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენთან არ არის ამის საშუალება, ამიტომაც, ჩემი შედეგების და წვლილის გათვალისწინებით, რაც საჭადრაკო კლუბ „ნონას“მოვუტანე, მივმართე კლუბს,“ – ამბობს ნინო.

2019 წლის ბოლოს ბათუმის მერიამ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი „წლის სპორტსმენად“ დაასახელა, საჭადრაკო კლუბი „ნონა“ კი – „წლის გუნდად“. თუმცა, ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ ამ წოდებისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო მას არ მიუღია.

„უცნაური ამბავია. მითხრეს, რომ მოხდა პრობლემა საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით და ვერ იპოვეს ჩემი ანგარიში, რომელზეც ჩარიცხავდნენ თანხას, თუმცა ანგარიშის ნომერი იგივე იყო. 6 თვე გავიდა მას შემდეგ“, – ამბობს მოჭადრაკე.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ნინო ბაციაშვილის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა 2019 წლის დეკემბერში, თუმცა ბანკმა არაზუსტი მონაცემების გამო თანხა არ მიიღო.

„მიმდინარე წელს, დაზუსტებული მონაცემების წარმოდგენის შემდგომ, საჭირო გახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც შეფერხდა პანდემიის გამო. აღნიშნული თანხის გათვალისწინება მოხდება 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების საფუძველზე, რის შემდეგაც გატარდება საჭირო ღონისძიებები თანხის ჩარიცხვის მიზნით“, – წერილობით მოგვაწოდეს პასუხი ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურიდან.

კლუბ „ნონადან“ წამოსვლის შემდეგ, 2020 წლის პირველ ივნისს, ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა სწრაფ ჭადრაკში. ტურნირში, რომელშიც ევროპის ტოპ მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ბაციაშვილმა 10 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ვებგვერდზე, სადაც ქართველი მოჭადრაკეების წარმატებების შესახებ პერიოდულად ქვეყნდება ინფორმაცია, ეს ახალი ამბავი არ გამოქვეყნებულა.

კორონავირუსის ფონდში შეგროვილი 133 მილიონის ხარჯვა ისევ არ დაუწყიათ

2020 წლის 10 ივნისისთვის StopCoV ფონდში ჩარიცხულია 133 638 721 ლარი. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებული ინფორმაციით, „ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვა, დღეის მდგომარეობით, არ მომხდარა/არ მიმდინარეობს და მისი გახარჯვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ ვინ რამდენი გადარიცხა აღნიშნულ ფონდში.

„საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, მოკლებულნი ვართ სამართლებრივ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩარიცხვების შესახებ“, – მოგვწერეს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან. – „აღსანიშნავია, რომ იმ პირებმა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს StopCov-ის ფონდში თანხების ჩარიცხვის თაობაზე, მათ შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე stopcov.ge“.

აპარატის ინფორმაციით, ე.წ. StopCoV-ის ფონდი, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, საქართველოში მოქმედი კომპანიების ინიციატივითა და მათი მხრიდან სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილით, სახელმწიფოს ერთიანი სახაზინო ანგარიშის ფარგლებში დაარსდა.“

10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 822,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 690,
  • მათ შორის გარდაცვლილი – 13;
  • კარანტინის რეჟიმშია – 3 230;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 საქართველოს მოქალაქე.

StopCov ფონდში, 2020 წლის 5 მაისის მდგომარეობით, 129 მილიონ 683 ათას 782 ლარი იყო ჩარიცხული:

COVID 19-ის ფონდიდან თანხის ხარჯვა არ დაწყებულა – ფონდს 129 მილიონი ლარი აქვს

ყურის გაწმენდა ბამბიანი ჩხირებით საშიშია – ექიმი ბეხრი დიასამიძის რჩევები ყურის ჰიგიენაზე

რა ვიცით ყურში გოგირდის დაგროვებაზე, როდის შეიძლება იყოს ეს საზიანო და როგორია ყურის სწორი ჰიგიენა? – ამ და სხვა კითხვებს მედიცინის დოქტორი, ბეხრი დიასამიძე პასუხობს.

  •  ბატონო ბეხრი, მიიჩნევა, რომ ყურში გოგირდის დაგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

ეს მცდარი მოსაზრებაა, გოგირდი შეიძლება დაუგროვდეს სულ პატარებსაც, მხოლოდ მოხუცებს არ ეხებათ. არიან პაციენტები, რომელთაც აქვთ მიდრეკილება, არის ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც ძალიან მცირე დოზით უგროვდებათ.

გოგირდი წარმოიქმნება გარეთა სასმენ მილში, რომელიც წარმოადგენს უბანს ყურის ხილული ნაწილიდან შუა ყურამდე. გარეთა ყურის კანში არის სპეციფიკურ ჯირკვლები, რომლებიც გოგირდს გამოიმუშავებს. წარმოქმნილი გოგირდი ნელა გადაადგილდება ყურის ხილული ნაწილისკენ და შემდეგ თავისთავად, ან დაბანისას ყურს სცილდება. იდეალურად, ჭარბი გოგირდი იქამდე ტოვებს ყურს, ვიდრე ის გამოიწვევს ყურის დახშობას, რაც თავის მხრივ იწვევს ტინიტუსს, სმენის დაკარგვას, თავბრუსხვევას, ტკივილს და გამონადენს ყურიდან. უმრავლეს შემთხვევაში, ყურის გოგირდი თვითონვე გამოდის სასმენი მილიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს ასე არ ხდება და აუცილებელია ექიმის დახმარება.

  • რა უწყობს ხელს ყურში გოგირდის საცობის ფორმირებას?

ყველაზე ხშირი მიზეზი არის გარემო პირობები, მაგალითად მტვერი, ცემენტი… ხშირად ეს ემართებათ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ პირობებში, სადაც დიდი რაოდენობით მტვერია – უწევთ მუშაობა ქუჩაში, შეხება აქვთ სილასთან, ცემენტთან და ა.შ. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მტვერთან არანაირი შეხება არ აქვთ და მათთანაც ხდება საკმაოდ ბევრი გოგირდის გამოყოფა. ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია ამისკენ, თუნდაც ასაკით პატარა და ასეთი პაციენტიც გვყავს – ბავშვია, მაგრამ სამ თვეში ერთხელ ვუწმენდთ ყურს. ყურში გოგირდი შეიძლება განვიხილოთ როგორც ყურის დამცველობითი უნარი, ამიტომ ეს არ არის დაავადება. მას არავითარი კავშირი არ აქვს გარეთა ყურის ანთებასთან, ანთება შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც იწყებენ ყურში “ჩხიკინს”.

რატომ არის საჭირო ყურში გოგირდი? მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. პირველ რიგში ის ატენიანებს სასმენი მილის კანს, რითაც ყურის გამოშრობასა და ქავილს გვაცილებს თავიდან. ასევე, იგი შეიცავს სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და ბოლოს – გოგირდი ასრულებს ერთგვარი დამცავი ფარის ფუნქციას, გარესამყაროსგან ყურის შიდა სტრუქტურების დასაცავად. როდესაც მტვერი ან სხვა სახის ჭუჭყი ხვდება ყურში, ყურის გოგირდი ამწყვდევს მათ, რომ ისინი და ყურის სიღრმეში არ მოხვდნენ.

  • როგორ უნდა გავიწმინდოთ ყური სწორად?

არავითარ შემთხვევაში ყური არავინ არ უნდა გაიწმინდოს იმ კოსმეტიკური ჩხირებით, რომლებიც იყიდება – კატეგორიულად არ შეიძლება. დასაშვებია ის სპეციალური ჩხირები (საბავშვო), რომელთაც კოსმეტიკური ჩხირებისგან განსხვავებული ფორმა აქვთ, რის გამოც ყურში ღრმად არ შედის. ასეთი ჩხირებით ყურის გამოწმენდისას რთულია გაკონტროლება რა დისტანციაზეა ბამბიანი ნაწილი ყურში (განსაკუთრებით თუ ბავშვს უწმენდენ ყურს, ასეთი პაციენტიც მყოლია, დედამ რომ დაუზიანა დაფის აპკი ბავშვს), ოდნავ თავი რომ გააქანოთ, შესაძლოა დაფის აპკი დაზიანდეს, რის შემდეგაც იწყება სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ანთებებთან, ჩირქთან, სმენის პრობლემასთან, ხმაურთან და აშ.

თუ ექიმმა არ ჩახედა და არ გამოირეცხა, ვერასოდეს ამოიღებთ გოგირდს ყურიდან, მით უმეტეს ასეთი ჩხირებით. პირიქით, როცა ამ ჩხირებით ცოტა ზეწოლა მაინც ხდება არსებულ გოგირდზე, ის უფრო იპრესება ყურში. ყველაზე სწორი გზაა ყური გამოიწმინდოთ გარედან ნეკი თითით ან სველი ხელსახოცით, რადგან შიგნით მაინც ვერ გაასუფთავებთ. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იმ ყურის ჩხირების გამოყენება, რომელთაც უფრო ფართო თავი აქვთ და ისეთი ფორმა, რომელიც შიგნით ყურში არ გიშვებთ. ეს საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ კოსმეტიკური მხარე მოვხსნათ, ანუ გოგირდი რომ არ ჩანდეს გარედან.

  • როდის უნდა მივმართოთ ყურის გამოსარეცხად ექიმს?

ყურში გოგირდის დაგროვებას შეუძლია გამოიწვიოს ყურების დაგუბება, სმენის დაქვეითება, უსიამოვნო შეგრძნება, დისკომფორტი, ქავილი, მიზეზი ხდება თავბრუსხვევის და ყურში ხმაურის (რის გამოც ნევროპათოლოგსაც კი მიმართავენ ხოლმე შეცდომით). იმ ადამიანებმა, ვისაც მიდრეკილება აქვთ გოგირდის ჭარბი რაოდენობით გამოყოფისა და დაგროვებისკენ, ყურის გამოსარეცხად ექიმს უნდა მიმართონ 6 თვეში ერთხელ. გოგირდის გამოყოფა/დაგროვებას სეზონურობა არ ახასიათებს, მაგრამ ზაფხულში მომართვიანობა მეტია, რადგან იციან, რომ  აუცილებლად ყურები უნდა იყოს ღია, მაშინ საშიში არაა არც ყვინთვა, არც ბასეინი. ახლა მაის-ივნისში სწორედ შესაბამისი პერიოდია, ანუ ზღვის სეზონის დაწყებამდე.

ზოგჯერ ძალიან ასაკოვანი პაციენტები ვერ ატყობენ, რომ ბევრი გოგირდი დაუგროვდათ, სმენა უუარესდებათ და ცხადია, მათ ოჯახის წევრების დახმარება სჭირდებათ. ბევრი ბებია და ბაბუაა, რომლებიც სმენის აპარატს იყენებს და ხშირად აპარატის გაუმართაობას აბრალებს სმენის დაქვეითებას, თუმცა შემოწმებისას აღმოვაჩენთ, რომ ეს დაგროვებული გოგირდის საცობია. 

  • რამდენად საზიანოა, როცა ზღვის წყალი ხვდება ასეთ ყურში?

გოგირდი ისეთი კონსისტენციისა, იწოვს ღრუბელივით ნესტს და ადამიანი მალევე გრძნობს ამას, მაგრამ ეს არ არის საშიში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დროს ყურის წვალება. სავალდებულო არ არის გოგირდიან ყურში წყალი მოხვდეს, რომ მას უსიამოვნო შეგრძნება მოჰყვეს, შესაძლოა აბაზანაში ბანაობისას ორთქლიც საკმარისი გახდეს საამისოდ, თან მოგეხსენებათ ბათუმში მეტი ნესტია, ვიდრე სხვაგან.

არის შემთხვევები, როცა ზღვიდანაც იჭრება ყურში ინფექცია, მაგრამ უფრო ხშირია, როცა იწყებენ ყურის გაღიზიანებას. როცა ზღვაში ჩაყვინთვისას ყურში წყალი ჩაგივათ და დაგიგუბდებათ ყურები, ამოსვლისას უნდა მიმართოთ აპრობირებულ მეთოდს – ცალ ფეხზე ხტომა თავით გვერდზე გადახრილი. ეს თუ არ გაიხსნა ნუ აწვალებთ, ესე იგი ყურში არის გოგირდი, ზღვის წყალთან ერთად. თუ ხტომის მეთოდმა არ გიშველათ, ყურში მაინც არაფერი ჩაიდოთ, უმჯობესია მეორე დღეს მიმართოთ ექიმს, რადგან როცა ყურში გოგირდია და მასში ხვდება ზღვის მარილიანი წყალი, რომელიც გოგირდს იქეთ ჟონავს, ეს შესაძლოა გახდეს ყურის ანთებების მიზეზი.

თუ მარილიანი წყალი ჩარჩა ყურში, საღამოს იწყება ყურში სითბოს შეგრძნება და შემდეგ გადადის ტკივილში. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ ყურზე მარილის კომპრესი, რაც, სამწუხაროდ, ხშირად იციან ჩვენთან. ყურის ტკივილამდე არ უდნა მივიყვანოთ საქმე, მაგრამ თუ ასე მოხდა, დაივიწყეთ მარილის კომპრესი – არსებობს სპეციალური გამაყუჩებლები და თუ ღამით გაგვიჭირდა, მივმართოთ მას, ან მოვითმინოთ და მეორე დღეს მივიდეთ ექიმთან.

  • როდის არ შეიძლება ყურის გამორეცხვა?

არ შეიძლება ყურის გამორეცხვა, როცა არის ყურის დაავადება, საუბარია ჩირქოვან ანთებებზე, ქრონიკულ ანთებებზე, დაზიანებული დაფის აპკის ანთებაზე. სამწუხაროდ, ზოგჯერ არ აქცევენ ამას ყურადღებას, რაც დაუშვებელია. ყურის გამორეცხვა ხდება ფიზიოლოგიური ხსნარით ან თბილი წყლით და არავითარ შემთხვევაში ცივი წყლით.

  • ხშირად სახლის პირობებში ირეცხავენ ყურს წყალბადის ზეჟანგით, ეს რამდენად უსაფრთხოა?

ნამდვილად, ზოგჯერ სახლშიც აკეთებენ გარკვეულ მანიპულაციებს, მაგრამ იქაც დიდი მნიშვნელობა აქვს წესების ცოდნას. წყალბადის ზეჟანგის ყურში ჩაწვეთება სახლის პირობებში სასარგებლოა მაშინ, როცა ექიმთან ვიზიტისთვის ემზადებით. როცა ყურში არის გოგირდი მშრალი, ცოტა ძნელია მისი ამოღება და თუ ყური არ არის დაზიანებული, არ არის ჩირქოვანი ანთება, მწვავე ანთება… ჯობია, რომ ერთი დღით ადრე, ვიდრე ექიმთან მოხვალთ, ყურში ჩაიწვეთოთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის 3-4 წვეთი და არ გამოიწმინდოთ. ყური დაგუბდება მალევე, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მეორე დღეს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ გამოწმენდს ასეთ მომზადებულ ყურს, რადგან მასში გოგირდი უკვე დარბილებულია. ეს რამდენიმე წუთიანი პროცედურაა, თუ არ არის ანთებითი პროცესი და ყურიც მომზადებულია. გოგირდის 80% ირეცხება ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარით ან თბილი წყლით.

ბათუმის მერიის ინსპექცია 42 560 ლარად სპეცტანსაცმელს იყიდის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესაძენად 42 560 ლარია გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტიდან. ინსპექციამ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ინსპექცია ყიდულობს 133  ქურთუკს, ამდენივე ჟილეტს, 266-266 მაისურს მოკლე და გრძელი სახელოთი, 133 კეპს და 133 საწვიმარ ლაბადას.

ტენდერის პირობის მიხედვით, ტანსაცმელი იკერება ინდივიდუალური, თითოეულ თანამშრომელზე ზომის აღებით [ყოველ თანამშრომელზე ზუსტი ზომის მორგებით]. არაზუსტი ზომების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტი დაუბრუნდება მიმწოდებელს გასასწორებლად.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში 176 პირია დასაქმებული.

„მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტთან ერთად წარმოადგინოს მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობის და წონის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალის შემადგენლობასთან. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი“, – აღნიშნულია ტენდერში.

მუნიციპალური ინსპექცია, პირობის მიხედვით, „უფლებამოსილია საქონლის მიწოდებისას მიმწოდებლის თანდასწრებით შეარჩიოს შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დამატებითი კვლევისთვის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი კვლევის შედეგად დადგინდება, რომ იგი/ისინი არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უარი განაცხადოს მთლიანი რაოდენობის მიღებაზე“.

სპეცტანსაცმელი ინსპექციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა ჩაბარდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 14 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს მთავრდება.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებითაც აღიჭურვება. ინსპექციამ 49 კამერის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 23 520 ლარით გამოაცხადა და ზუსტად ამ თანხაზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „კომპიუტერშოპთან“ მიმდინარე წლის მარტში.

რა ევალება ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, ნახეთ ბმულზე:

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის შესაძენი სპეცტანსაცმლის ესკიზები / ტენდერიდან

ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან გააგრძელებენ

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან განაგრძობენ. ისინი ისევ ითხოვენ თურქეთიდან ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას.

“შიმშილობას განაგრძობს 15 ადამიანი, მათ შორის, ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი… საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ექსტრადაცია,”- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, მაია მელიქიძემ.

ლავასოღლის მხარდამჭერთა აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ლავასოღლის მხარდამჭერთა აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ამ დრომდე აჭარის პროკურატურასთან 15 ადამიანი შიმშილობს, მათგან ოთხს პირი აქვს ამოკერილი.

8 ივნისს გენპროკურატურის წარმომადგენლები ლავასოღლის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრაზე ექსტრადაციის შესახებ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. პროკურატურაში ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

ბოკერია აჭარის ტელევიზიის საკითხზე მისივე პარტიის მიერ წარდგენილ მრჩეველს აკრიტიკებს

“ევროპული საქართველო” აჭარის ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებს აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომელიც თავის დროზე “ევსაქებმა” წარადგინეს, ამ დრომდე  არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნება” იმეორებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პოლიტიკას, რომელსაც ამჟამინდელი მმართველი პარტია მას ოპოზიციაში ყოფნის დროს აკრიტიკებდა. ბოკერიას განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა.

“მთელი ამ წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზია ახერხებდა, რომ დაეცვა ჟურნალისტური სტანდარტები, ჰქონოდა პლურალიზმი და ბევრი თვალსაზრისით იყო სამაგალითო. ჩვენ ახლა ვხედავთ აგრესიულ მცდელობას, რომ ეს “პრობლემა” ივანიშვილის ხელისუფლებისთვის იქნას აღმოფხვრილი. პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ყველასთვის ნათელია, რომ ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორის დანიშვნა სწორედ ამ ამოცანებს ემსახურებოდა. ამ ამოცანისთვის ხდება იქ საკადრო წმენდა, მათ შორის, პროცედურების დარღვევით”, – აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

ამავე ბრიფინგზე, ბოკერიამ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა “ევროპული საქართველოდან”, პეტრე ზამბახიძემ, ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი გააკრიტიკეს. მათი თქმით, წილოსანი საბჭოში “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა და სამწუხაროა, რომ მას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია არც ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე და არც დირექტორ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საჭიროებაზე.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ნომინირებული ადამიანი სამაუწყებლო საბჭოში დღემდე არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ის დამოუკიდებელია და ვერავინ დააძალებს ქალბატონ წილოსანს იმას, რომ რა პოზიციაც იმ პარტიას აქვს, რომელმაც მისი ნომინირება მოახდინა, ის პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ამ მაუწყებლის ბორდის წევრების  შეფასებაში ვართ თავისუფლები. ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა და ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას საკითხზე, რომელიც ახლა არის ცენტრალური საკითხი ამ კონტექსტში და ეს არის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი”, – თქვა ბოკერიამ.

მისი განცხადებით, წილოსანის ეს დამოკიდებულება “ფაქტობრივად, მხარდაჭერას” ნიშნავს. ბოკერიამ მოუწოდა საბჭოს წევრს, ნათლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

თამარ წილოსანი გასულ კვირას აცხადებდა, რომ აპირებდა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიემართა, თუმცა წილოსანს ეს ამ დრომდე არ მოუთხოვია. მან არც “ბათუმელების” სატელეფონო ზარებს უპასუხა, რომ განემარტა, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი მოითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი, ხუთწევრიანი საბჭოდან სამის თანხმობა სჭირდება.

პარალელურად, მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ალექსანდრე მილორავა კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს წინ მე-13 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაშვებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა რამდენჯერმე  მოითხოვა.

რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე

 

ბულვარში სამეწარმეო საქმიანობაზე აუქციონების გამოცხადება დაიწყო

ბათუმის ბულვარმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა პარკში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო.

„აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება.“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია.

ამ ეტაპზე 30 აუქციონია გამოცხადებული სუვენირებით ვაჭრობაზე [დახლების იჯარით გაცემაზე], სადაც გამარჯვებულს უფლება ეძლევა, აწარმოოს კომერციული საქმიანობა. საწყისი ფასი 1260 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 38 ლარი. ეს აუქციონები 2020 წლის 15 ივნისს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით:

საქმიანობა უნდა განხორციელდეს ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19)გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

გამარჯვებული ვალდებულია დასაქმებული პირი მომხმარებელთან კონტაქტის დროს აღჭურვოს დამცავი ფარით და ნიღბით, მიზანშეწონილია ანგარიშსწორება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.

გამარჯვებულს ეკრძალება:

სუვენირების დახლის წინ ან/და მიმდებარედ არსებული ტერიტორია გამოიყენოს დამატებით სავაჭრო ადგილად და განალაგოს სხვადასხვა პროდუქცია სარეალიზაციოდ.
სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;
სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება, სუვენირების დახლისა და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება (მაგ: მოლბერტების, ბრენდირებული/სარეკლამო ქოლგების და ა.შ.);
ნებისმიერი სახის ვიზუალის ცვლილება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან;

გამარჯვებულს ეკრძალება ასევე სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა;

სსიპ ბათუმის ბულვარი  უფლებას იტოვებს, აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს სუვენირების დახლის ადგილმონაცვლეობა, მოიჯარესთან შეთანხმების შემდგომ.

[toggle title=”აუქციონის სხვა პირობები შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

– აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

– აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

– მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული ქონება (სუვენირების დახლი) დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება აანაზღაუროს სუვენირის დახლის ღირებულება;

– აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

– გამარჯვებული ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის ბულვართან.

– გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს საბოლოოდ დაფიქსირებული საიჯარო თანხა სრულად.

– გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

– აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

– იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული სუვენირების დახლი და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

– იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად).

– საჭიროების შემთხვევაში გამარჯვებული შეუძლია ხელშეკრულებისგაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს პსარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები.

– თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

[/toggle]

ამ თემაზე:

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

 

ბათუმში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

ამ წუთებში გარემოვაჭრეები ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ცდილობენ ვაჭრობის განახლებას, თუმცა მათ მუნიციპალური ინსპექცია ამის უფლებას არ აძლევს.

ინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მოვაჭრეები ქუჩის სავალ ნაწილს ჩაკეტავენ, მათ დააჯარიმებენ. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მათ საარსებო წყარო აღარ აქვთ და თუ არ მისცემენ ვაჭრობის საშუალებას, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„დახლი იქირაონ, შევიდენ და ივაჭრონ,“- ასეთია მუნიციპალური ინსპექციის კომენტარი გარემოვაჭრეების მოთხოვნაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო სავაჭრო ობიექტები 3 თვე გაჩერებული იყო, მათ მუშაობის უფლება რამდენიმე დღეა რაც მიეცათ. გარემოვაჭრეებს გასაყიდი ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი ხელში უჭირავთ და ცდილობენ ვაჭრობის გაგრძელების უფლება მიიღონ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

გუშინ, 9 ივნისს, გარემოვაჭრეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთანაც მივიდნენ და გასაყიდი ტანსაცმელი მიიტანეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ელოდნენ პასუხს კითხვაზე, თუ სად გაყიდონ თავიანთი საქონელი.  გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გუშინ  ისინი მუნიციპალურმა ინსპექციამ 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე მოვაჭრეს ტანსაცმელიც ჩამოართვეს.

თორნიკე რიჟვაძეს გარემოვაჭრეებისთვის არ მოუსმენია. მოვაჭრეები ვაჭრობის მიზნით დღესაც გამოვიდნენ ქუჩაში.

გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო, როცა მერიამ გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეების პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

გარემოვაჭრეები მაშინ ამბობდნენ, რომ ქუჩაში ვაჭრობა მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა და რომ ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.  ბათუმის მერიის პოზიცია მაშინაც და ახლაც არის ის, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს.

„მირჩევნია უარი ვთქვა ტურზე“, – რას ამბობენ გიდები ტურიზმის რეგულაციებზე

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, კორონავირუსის პირობებში გიდებმა და მძღოლებმა ტურებში უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან. კერძოდ, გიდებს თან უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური თერმომეტრი და ყოველდღე, ტურის დასაწყისში ტურისტებს სიცხე უნდა გაუზომონ, აკონტროლონ ტურისტებს შორის დისტანცია. ავტომობილში კი 2 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ხშირად შეხებადი ზედაპირები. მძღოლი გამოყოფილი უნდა იყოს დამცავი ბარიერით სალონისგან და ა.შ.

დაუშვებელია კონდიციონერის ჩართვა და რეკომენდაციის მიხედვით, უმჯობესია ღია იყოს ავტომობილის ფანჯრები.

მართალია, რეკომენდაციები მხოლოდ სასურველ და არა სავალდებულო წესებს გულისხმობს, მაგრამ გიდების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები ბევრ კითხვას აჩენს და ძალიან გაართულებს ტურებს.

გერმანულენოვანი გიდი, ნატალია ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ ტურისტი საზღვარზე შემოსვლისას წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას, ასევე ცნობას, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია. ტურისტებს სიცხეს გაუზომავენ სასტუმროში შესვლისას და გასვლისას, ასევე, რესტორნებსა და კაფეებში.

„ამ ყველაფრის შემდეგ მე, გიდმა, კიდევ ვუზომო სიცხე ტურისტს, მგონია, რომ სისულელეა. მეტიც, მე მიკრძალავს სახელმწიფო ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების გაწევას. არ მაქვს უფლება, ტურისტს წამალი მივცე ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში რაიმე ფორმით ჩავერიო, ამ დროს კი სახელმწიფო ექთნის მოვალეობას მაკისრებს“, – ამბობს ნატალია ანდრონიკაშვილი. ის ამბობს, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობას ურჩევნია ტურებზე უარი თქვას, რადგან გადაადგილებისას პრობლემა იქნება კონდიციონერის ჩართვის აკრძალვა ცხელ ზაფხულში. გარდა ამისა, გიდი მიიჩნევს, რომ პატარა ავტომანქანებში: სპრინტერსა და მინივენში კონსტრუქციულად გაუთვალისწინებელია მძღოლის ბარიერით შემოსაზღვრა, რადგან ასე ის კარგავს წვდომას მარჯვენა უკანა ხედვის სარკესთან, ასევე ცენტრალურ უკანა ხედვის სარკესთან. ასე შეიქმნება საავარიო მდგომარეობა მაღალმთიანეთისკენ მიმავალ მიწაყრილი გზებისა და მძღოლების ტარების მანერის გათვალისწინებით.

„მირჩევნია უარი ვთქვა ტურზე, ვიდრე ასე გავრისკო საკუთარი სიცოცხლე. უკონდიციონეროდ ტურისტებს დავახრჩობ, ჩამოწეული ფანჯრები აბსოლუტურად არ ამართლებს, თუ დიდი ჯგუფი გყავს, ავტობუსში ფანჯრები არ იღება, ბევრ სპრინტერს უკანა ფანჯრები არ ეწევა და ვინც იქ დაჯდება, დაახრჩობ. მინივენსა და დელიკაში შეიძლება ფანჯრების რაღაც ნაწილის გაღება, მაგრამ აუცილებლად გააცივებ მას, ვინც უკან დაჯდება და დაუბერავს ღია ფანჯრიდან. ამ ყველაფრისგან შეიძლება გამოვიდეს ის, რომ სრულიად ჯანმრთელი ტურისტი გააცივო. თან ჩვენ ხომ ასფალტზე არ დავდივართ? ეს არის თუშეთის, სვანეთის და ხევსურეთის, მაღალმთიანი აჭარის მრავალსაათიანი გზები“, – ამბობს გიდი.

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, მიიღოს უცხოელი ტურისტები, რაც შესაძლებელი გახდება სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით როგორც მეზობლებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.

გიდმა ნატალია ანდრონიკაშვილმა კი გვითხრა, რომ მას ტურისტები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ ამის მიუხედავად, ვერ ყიდულობენ ავიაბილეთებს 15 ივლისამდე საქართველოს მიმართულებით. იმავეს ამბობს გიდი კობა მაისურაძეც, ტურისტები მასაც დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ავიაბილეთების შეძენა საქართველოს მიმართულებით შეუძლებელია.


ფრანგულენოვანი გიდი, ლელა გოგავა თვლის, რომ პანდემიის პირობებში რეკომენდაციების სწორად დაცვა გიდებმა შესაძლოა მხოლოდ მცირე, არაუმეტეს 5-6 კაციან ჯგუფებთან მოახერხონ.

„საერთოდაც მეეჭვება, რომ ამ პირობებში ტურისტების დიდი ჯგუფები ჩამოვიდნენ, არ იქნება წელს ტურისტების დიდი დაინტერესება. პრობლემას ქმნის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ტუროპერატორებისა და გიდებისთვის ჯერ კიდევ არ არის საბოლოო, რის გამოც ტურისტებს ზუსტ ინფორმაციას ვერ ვაწვდით რა პირობებში მოუწევთ მოგზაურობა და ეს ჯავშნების პროცესს დროში ახანგრძლივებს: არ ჩამოვა უცხოელი თუ ზუსტად არ იცის, სად მოდის. ერთი თვით ადრე მაინც უნდა იცოდეს რა ელის აქ“, – ამბობს ლელა გოგავა.

მას მარტის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით გადაბმულად უნდა ჰქონოდა ტურები, მაგრამ ბევრი ტური ერთი წლით 2021-ში გადაიდო. ზოგიც სექტემბერ-ოქტომბერში. თუმცა გიდის თქმით, შემოდგომის ტურებიც არაა გარანტირებული, ვირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაში.

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დარციმელია გვეუბნება, რომ ტურები მნიშვნელოვნად გაძვირდა, რის გამოც ბევრი ტურისტი შეიკავებს თავს მოგზაურობისგან:

„ტრანსპორტის, რესტორნის ნახევრად დაუტვირთაობა ზრდის ხარჯს, ასევე თავდაცვის საშუალებები: ნიღბები, თერმოსკრინინგის აპარატი, სანიტაიზერები და ა.შ.“

ზუსტად პროგნოზირება, პოსტპანდემიურ პერიოდში ტურისტების რა ნაკადი ჩამოვა საქართველოში 2020 წელს, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ქალი: „პოლიციელმა განყოფილებაში მითხრა, ჩემი ცოლი რომ იყო, ყოველდღე გცემდიო“ 

ქალი, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, „ბათუმელებთან“ პოლიციელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიოლეტამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] 5 ივნისს დაურეკა 112-ს და დახმარება სთხოვა.

ვიოლეტა გვიყვება, რომ პოლიციისთვის მიმართვამდე კონფლიქტი ყოფილი ქმრის ოჯახში ჰქონდა ყოფილ ქმართან, მის ახალ მეუღლესთან და ყოფილ დედამთილთან.

„კიბიდან დამაგორეს, ჩემი ქმრის ახალი ცოლი მახრჩობდა…

მე იქ ჩემი შვილის წამოსაყვანად მივედი, რადგან ბავშვს ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, ცუდად მექცევიანო. სახლში ჩემი ყოფილი ქმრის ცოლი მეჩხუბა, როგორ გაბედე საერთოდ აქ მოსვლაო…“ – ამბობს ვიოლეტა. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მას ყოფილმა ქმარმა და დედამთილმაც მიაყენეს, ყოფილი ქმრის ცოლმა კი ხელი ჰკრა.

ვიოლეტას თქმით, ყოფილ ქმართან კონფლიქტი ალიმენტის საკითხზე აქვს – უკვე განქორწინებულ ცოლ-ქმარს სამოქალაქო დავა აქვთ.

„ჩემს ყოფილ მეუღლეს უნდა იმის ჩვენება, რომ მე თითქოს ბავშვს არ ვაჩვენებ, არადა, არაა ეს პრობლემა…“- დასძენს ვიოლეტა.

ვიოლეტა 5 წლის ბავშვთან ერთად 5 ივნისს პოლიციელებს მახინჯაურის პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად გადაუყვანიათ.

„მალოდინეს ერთი საათი… როგორც აღმოჩნდა, ჩემ დარეკვამდე მათ მიუმართავთ პოლიციისთვის. ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახი პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ცხოვრობს და მეუბნებოდნენ კიდეც, მაქ ბევრი ნაცნობი გვყავსო. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემთვის მოიცალა ინსპექტორმა. პირდაპირ მოვიდა და მითხრა, აბა, მომიყევი, ასეთმა სუსტმა გოგომ როგორ სცემე ორი ქალიო…“ – ჰყვება ვიოლეტა.

ვიოლეტას თქმით, პოლიციელი მას დასცინოდა და იმას არ წერდა გამოკითხვის ოქმში, რასაც თვითონ უყვებოდა:

„მაგალითად, ჩაწერეს, რომ თითქოს მე ვუთხარი, მომიყვანეთ შვილი-მეთქი. ვკითხე, რატომ არ წერთ, რომ მე ვთხოვე მოეყვანათ და განსხვავებაა თხოვნას და მოთხოვნას შორის? ასევე გამოტოვეს, რომ მე იმ სახლში დაუკაკუნებლად არ შევსულვარ… უნდოდათ მეთქვა, რომ კიბეზე კი არ დამაგორეს, არამედ მე თვითონ წავიქეცი. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო სიმართლე.

ეს კაცი ბრაზდებოდა. მიყვირა, აქ წიგნს კი არ ვწერთ ჩვენო, ზოგადად უნდა დავწერო, მერე კითხვებში დეტალურად გკითხავთ, ნუ მასწავლი შენ პროტოკოლის დაწერასო.

მისაყვედურა კიდეც: რის გამო ატეხე სკანდალი, ბავშვმა ასე გითხრა, შეიძლება, ვერ გაიგე სწორად და ამიტომ გაბრაზდი, ან შეიძლება ბავშვს შეეშალა და მოიტყუაო. ასევე მითხრა, ასე თუ ვუშლიდი ჩემს ქმარს ნერვებს, გასაგებია, რატომ არ ვართ ერთად და მე რომ ვიყო მისი ცოლი, ყოველდღე მცემდა… ამ დროს მეორე პოლიციელმა თქვა, მე საერთოდ გადავიფიქრე ცოლის მოყვანაო. დამცინოდნენ. ბოლოს ტირილი დავიწყე. ტიროდა ჩემი შვილიც,“ – გვიყვება ვიოლეტა.

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე, რომელმაც ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა და პროკურატურასაც, ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება პოლიციელის წინააღმდეგ.

„…მე, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი გამოკითხვის პროცესს, რადგან ქალაქში არ ვიყავი. მოვითხოვე სოციალური მუშაკის ჩართვა, რადგან იქ იყო მცირეწლოვანი. საბოლოოდ, ბავშვი საერთოდ აღარ გამოკითხეს, მაგრამ კანონმდებლობით ისედაც დაუშვებელია საღამოს ექვსი საათის შემდეგ არასრულწლოვნის ყოფნა პოლიციის განყოფილებაში. მე დავრეკე 126-ზე და გენერალურ ინსპექციას მივაწოდე ინფორმაცია… დედა-შვილი პოლიციის განყოფილებიდან საღამოს 10-ზე გამოვიდნენ… მე მოვისმინე, როგორ ტიროდა ეს ქალი. იმედია, ამოიღებენ ვიდეოკადრებსაც და დადასტურდება ეს ყველაფერი,“ – ამბობს ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება ოჯახში ძალადობის კუთხით. რაც შეეხება პოლიციელის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევას – უწყების პრესცენტრმა ამ ნაწილზე ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.

პოლიციელის გადაცდომაზე სამართლებრივი რეაგირება გენერალური ინსპექციის უფლებაა და თუკი სამართალდამცველის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ნიშნებსაც დაინახავს გენინსპექცია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიმართოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

„ჩვენთან ამ ფაქტზე ინფორმაცია არ შემოსულა,“ – გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის პრესცენტრში.

„ჭაბურღილები მოაწყვეს, 500-კომლიანი სოფელი მაინც უწყლოდ ვართ“ – ქობულეთის მერიის განმარტება

„სოფელი უკვე უდაბნოს დაემსგავსა, მთელი სოფელი უწყლოდ ვართ უკვე ორი კვირა, ადრე ხანდახან მაინც მოდიოდა წყალი, ახლა საერთოდ აღარ მოდის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები გულნაზ ვერულიძე. მისი თქმით, მოსახლეობა წყალს ჭებიდან ეზიდება. სოფელში დაახლოებით 500-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მოქალაქეების თქმით, ისინი წყალს წყაროდან ან ჭებიდან ეზიდებიან. პრობლემა ვერ მოგვარდა იმის მიუხედავად, რომ ამ სოფელში გასულ წელს ორი ჭაბურღილი მოაწყვეს.

„მერიაში გეტყვიან, მოდის გრაფიკითო, მაგრამ სად მოდის? – იმდენი მოდის, ავზსაც ვერ გაავსებ. ახლა რომ ასეთი პრობლემაა, მერე რა იქნება, უფრო რომ დაცხება? ამ სოფელში მუდმივადაა წყლის პრობლემა, მაგრამ გასულ წელს ფული დაიხარჯა, წყალი რომ გვქონოდა,“ – ამბობს ჯონი გოგიტიძე. ისიც მუხაესტატეში ცხოვრობს.

„გვალვის გამო შეიქმნა დებეტის პრობლემა ანუ შემოდის ცოტა წყალი. გასულ წელს არ იდგა ეს პრობლემა, რადგან გვალვა არ იყო,“ –  გვითხრა ლევან ზოიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ. მისი განმარტებით, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება სამ დღეში ერთხელ, რადგან წყლის რესურსი საკმარისი არ არის. ლევან ზოიძე არ უარყოფს, რომ სამ დღეში ერთხელაც შესაძლოა არ მოდიოდეს ონკანში წყალი.

„ფიქსირდება წყლის უნიათო ხარჯვაც, ბოსტნებს რწყავენ…  ჩვენ გაფრთხილებული გვყავს მოსახლეობა, რაღაცნაირად ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყონ,“ – აღნიშნავს ლევან ზოიძე.

„რაის ბოსტნების მორწყვა, ბოსტანი კი არა, დასალევი წყალი არაა… რაც მოდის, ის თუ დაილევა, ჯერ ის თქვან, ხშირად ამღვრეულია, მაგრამ ესეც არაა. ისე, ბოსტანსაც მორწყვა არ უნდა?“ – კითხულობს ჯონი გოგიტიძე, რომელიც მუხაესტატეში ცხოვრობს.

ქობულეთის მერის მოადგილემ ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსენა, რამდენი დაიხარჯა გასულ წელს სოფელ მუხაესტატეში ორი ჭაბურღილის მოსაწყობად. მისი მტკიცებით, ორივე ჭაბურღილი გამართულად მუშაობს. ჭაბურღილის მოწყობის ხარჯის შესახებ მონაცემებს ქობულეთის მერიის პრესცენტრისგან ველოდებით.

„აჭარის წყლის ალიანსს აქვს შესაბამისი პროექტი, რომელიც მალე მოაგვარებს ამ პრობლემას, პანდემიის გამო შეფერხდა და ახლა პროექტი უკვე ნაყიდია,“ – გვითხრა ლევან ზოიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილ გრანტზე, რომლითაც რამდენიმე სოფელში წყლის და კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყოს, მათ შორის, მუხაესტატეში. სამუშაოს განხორციელების კონკრეტული თარიღი და პირობები ჯერ ცნობილი არ არის.

____

ნახეთ ამავე თემაზე:

მღვრიე წყალი ქობულეთის სოფელში, სადაც წყლის სისტემაზე 4 მილიონი დახარჯეს

15 ივნისიდან საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა არ განახლდება

15 ივნისს, ორშაბათს, საქართველოში მატარებლების მოძრაობა აღდგება, თუმცა მხოლოდ 5 მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი. 

რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, მათი მიმოსვლა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა, სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესახებ.

„საქართველოს რკინიგზაში“ ვერ გვითხრეს მიზეზი, რატომ არ იმოძრავებენ საგარეუბნო მატარებლები, ან როდის აღდგება საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობა.

15 ივნისიდან მატარებლით გადაადგილებისას, კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალი რეგულიციები შედის ძალაში. კერძოდ, მატარებელში შესვლამდე მგზავრი გაივლის თერმოსკრინინგს, დეზობარიერს და ვალდებულია ხელები დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის განმავლობაში ატაროს პირბადე.

საგარეუბნო მატარებელი, მაგისტრალურისგან განსხვავებით, თითქმის ყველა სადგურში ჩერდება, შესაბამისად, მგზავრების ნაკადზეც იგივე რეგულაციები უნდა გავრცელდეს: თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ა.შ.

ამავე თემაზე: 

მატარებელი 5 მიმართულებით მხოლოდ დღისით იმოძრავებს – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

აქ, ახლა, თიბისი საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური.

სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას  ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.  სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და  საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო  გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს

მატარებელი 5 მიმართულებით მხოლოდ დღისით იმოძრავებს – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 15 ივნისს, ორშაბათს, საქართველოში მაგისტრალური მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას:

  • თბილისი-ბათუმი
  • თბილისი-ოზურგეთი
  • თბილისი-ფოთი
  • თბილისი-ზუგდიდი
  • თბილისი-ქუთაისი

„საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ ფასები უცვლელი დარჩა, თუმცა მატარებელი იმოძრავებს მხოლოდ დღისით და არა – ღამით. ასევე, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით იმოძრავებს 2 მატარებელი.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი გავა დილის 07:50 საათზე და საღამოს 17:55 საათზე. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კი მატარებელი გამოვა დილის 08:00 საათზე და საღამოს 17:20 საათზე.

მატარებელში ასვლამდე მგზავრი გაივლის თერმოსკრინინგს, დეზობარიერს და ვალდებულია ხელები დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.

„საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ მგზავრები ვაგონში დასხდებიან ჩვეულებრივ, ერთმანეთის გვერდიგვერდ, თუმცა არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

______________

ფოტო: საქართველოს რკინიგზა

ამავე თემაზე: 

15 ივნისიდან საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა არ განახლდება

ბათუმში 105 ადამიანის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 105 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, დღეს, 10 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 16 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 14 941 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა საქართველოში – 10 ივნისის მონაცემები

დღეს, 10 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

2 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტები საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს კლინიკებში, ერთი შემთხვევა საბურთალოს კლასტერის პაციენტის კონტაქტირებულ პირს უკავშირდება, ერთი ინფიცირებული კი სამედიცინო პერსონალია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საქართველოში 119 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 822 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 690 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კარანტინში იმყოფება 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.

____________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

 

ბათუმის თევზის ბაზართან აფეთქების შედეგად კაფეს კედელი ჩამოინგრა

ბათუმის თევზის ბაზართან მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად კაფეს ერთი კედელი ჩამოინგრა. აფეთქება დღეს, 10 ივნისს, დილით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა  მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს

„მადლობა“ – ეს სიტყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 9 ივნისს, ალბათ ყველაზე ხშირად ისმოდა. მადლობა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრეს იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში გადმოიტანეს, პანდემიის დროს გაწეული მენეჯმენტისთვის, ან, მაგალითად, შეურაცხყოფის ატანისთვის. მადლობა თორნიკე რიჟვაძემაც გადაუხადა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დარბაზში დარჩნენ და კრიტიკული კითხები არ დაუსვამთ. დარბაზში მდუმარედ, რამდენიმე წუთით, თუმცა დეპუტატის სავარძელში, მხოლოდ ერთი გარემოვაჭრე იჯდა.

დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის ანგარიში მოისმინა. სხდომა დიდხანს გაგრძელდა, კრიტიკული კითხვა საერთოდ არ დასმულა. არაერთხელ გაისმა ტაში.

რთული აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის მოსმენის დაწყება, რადგან უმაღლესი საბჭოს შესასვლელში დღეს საპროტესტო აქცია გარემოვაჭრეებმა გამართეს. გარემოვაჭრეების თქმით, მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და თავის რჩენის სხვა საშუალება არ აქვთ. გარემოვაჭრეებმა უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ტანსაცმელიც მიიტანეს, თუმცა თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მათ თავი აარიდეს.

გარემოვაჭრეებს სხდომათა დარბაზში შესვლაზეც უთხრეს უარი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა გააპროტესტა. დაახლოებით ნახევარი საათი ცდილობდა  სხდომის დარბაზიდან ელგუჯა ბაგრატიონის გაძევებას დავით გაბაიძე. ელგუჯა ბაგრატიონს თავს ედგა მანდატურის წარმომადგენელი და მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებდა – „გთხოვთ, გამომყევით, ასე არ შეიძლება, თქვენ ხომ კანონმდებელი ხართ“. საბოლოოდ, ელგუჯა ბაგრატიონმა მაშინ დატოვა დარბაზი, როცა მას თორნიკე რიჟვაძე მიუახლოვდა და დეპუტატმა ცალკე შეხვედრის დაპირება მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველაფერი მიმოიხილა – „იაფი სახლის“ პროექტიდან დაწყებული „ახალგაზრდული ცენტრით“ დამთავრებული. თორნიკე რიჟვაძეს არ უსაუბრია რომელიმე პრობლემაზე ან გამოწვევაზე. მან ისაუბრა, როგორ შენდება გზები და სკოლები, სკოლებში როგორ შეიტანეს 20 ათასი წიგნი, 3 მილიონი პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის რომ დახარჯეს, ან როგორ დააბრუნეს ადამიანები სოფლებში ხელშემწყობი პროგრამებით.

„შარშან წარმატებით დასრულდა ნარინჯისფერი რთველი, წელს კიდევ უფრო წარმატებული უნდა იყოს,“ – ამ სიტყვებზე ღიმილით გახედა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს.

თორნიკე რიჟვაძეს არც ახალგაზრდების შექება გამორჩა. ისიც გაიხსენა, ახალგაზრდების რეგიონული ცენტრის შექმნის გამო ბევრი გვაკრიტიკებდა და ახლა ევროპის მასშტაბით მოიპოვეს აღიარებაო – პანდემიის დროს მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.

„ყველას სათქმელი გითხარით“, – დაასრულა თორნიკე რიჟვაძემ.

ვიდრე მთავრობის თავმჯდომარეს დეპუტატები უსმენდნენ, დეპუტატის დაცარიელებულ სავარძელში რამდენიმე წუთით გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილი ჩაჯდა. გარემოვაჭრემ მაშინვე დატოვა დარბაზი, როგორც კი მასთან აპარატის თანამშრომელი მივიდა და უთხრა, ეს დეპუტატის სავარძელია, გვერდით უნდა გადმოჯდეთო.

„საერთოდ აღარ მინდა აქ,“ – თქვა გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილმა, ვიდრე სხდომათა დარბაზს დატოვებდა და მის წინ დაწყობილ სატელევიზიო კამერებსაც სწრაფად ჩაუარა.

პროტესტის ნიშნად სესია დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატებმაც. დარბაზიდან გასვლამდე გიორგი დიასამიძემ დეპუტატებს და თორნიკე რიჟვაძეს მიმართა, იქნებ, ის ადამიანი მაინც მოიკითხოთ, აჭარის ტელევიზიის წინ რომ მე-12 დღეა შიმშილობსო.

გარემოვაჭრე თუ შიმშილი ტელევიზიის წინ, ან ზოგადად რეგიონში, ამის შემდეგ არავის უხსენებია – სხდომა მადლობების გადახდის რეჟიმში და ტაშით გაგრძელდა, თუმცა აჭარის ტელევიზია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაინც  გაახსენდა.

„გამოინახება თუ არა შენობა აჭარის ტელევიზიისთვის?“ – ჰკითხა დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მას მოკლედ უპასუხა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და დამატებით შენობას ტელევიზიას მალე გადასცემენ.

კითხვის დასმამდე მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ, რომელიც წინა წლებში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა. დეპუტატმა თქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის წინა მოსმენაზე ბათუმის აეროპორტის მოუწესრიგებელ გარემოზე ესაუბრა, ახლა კი, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„ჩვენ მხოლოდ ფორმალურად კი არ მოვდივართ აქ, რომ კონსტიტუციური ვალდებულება შევასრულოთ,“ – გაიბადრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მერაბ ბლადაძემ იკითხა სოფლის გამგებლების ხელფასებზეც. მისი ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით სოფლის რწმუნებულების შრომის ანაზღაურება განსხვავებულია.

„აჭარაში აქვთ 650 ლარი, მოადგილეს – 430 ლარი, მაშინ როცა გურიაში აქვთ – 880 ლარი, კახეთში 900 ლარი ჰქონიათ“, – თქვა მერაბ ბლადაძემ.

„ხელფასები გადასახედია, ეს საკითხი მისახედია,“ – უპასუხა დეპუტატს თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვა დასვა დარბაზში დარჩენილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – გიორგი ცინცქილაძემ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოდან“, კითხვა ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს ეხებოდა და არა რეგიონში არსებულ პრობლემას.

„მადლობა კონსტრუქციულობისთვის“ – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელს თორნიკე რიჟვაძემ და იქვე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც გააკრიტიკა. „ვისურვებ, ცოტა უფრო ჯანსაღი პოლიტიკოსები ისხდნენ ამ დარბაზში“, – თქვა მან.

უმრავლესობის დეპუტატებმა კანონით დაკისრებული ფუნქციის ანუ მთავრობის კონტროლის ნაცვლად, მადლობის თქმა არჩიეს და დარბაზში არმყოფი ოპოზიციის კრიტიკა. მაგალითად, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ბიუჯეტს შემოსავლები რომც დააკლდეს, გზების კეთილმოწყობას ეს არ შეეხება“.

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბერძნულ ეპოქასთან შედარება, სპარტანელებზე აქცენტი და სოფიზმზე საუბარი არჩია. ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა და მისი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ტრიბუნა განათლების, კულტურის ან სპორტის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად მან ასე გამოიყენა:

„ასე იყო სპარტაში: ვინც მეტს იყვირებდა, ის იმარჯვებდა… და იყვნენ სოფისტებიც, ასეა „ნაციონალური მოძრაობაც“, ისინი ხომ ვერ დასვამდნენ კითხვებს…“ , – დაიწყო დეპუტატმა.

სხდომა უმაღლეს საბჭოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

ხულო-ზარზმის 14 მლნ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა იძიებს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის დღეს, 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში „მამისონის“ გარდა კიდევ სამი კომპანია მონაწილეობდა.

სამშენებლო კომპანია „მამისონი“ 2007 წელს თბილისშია რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“, რომლის მესაკუთრეებიც არიან თორნიკე, ირაკლი, სოფიკო და ნიკოლოზ ჭკადუები. ირაკლი ჭკადუა კი, შპს „მამისონის“ გენერალური დირექტორია.

აქამდე შპს „მამისონი“ აჭარაში კიდევ ერთ მასშტაბურ ტენდერში მონაწილეობდა – ამ კომპანიამ აჭარაში 3,3 მილიონ ლარად „ახალი სასაფლოს“ მოწყობაზე იმუშავა. სასაფლაო დღემდე გამოუსადეგარია და საკითხს პროკურატურა სწავლობს. კომპანია „მამისონში“ დღეს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ საგამოძიებო ორგანომ მათგან შესაბამის დოკუმენტაცია ამოიღო.

თავის დროზე შპს „მამისონმა“, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ჩაქვში ბათუმის ახალი სასაფლაოს მოსაწყობად. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებს“ შპს „ვეგასგან“ ჰქონდა შეძენილი, თუმცა, სასაფლაო დღემდე არ გახსნილა, რადგან სამუშაოები არასათანადოდ არის ჩატარებული. ტენდერის შესახებ, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე

ხულო-გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ 2018 წელს გაფორმებული 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის 6 მარტს შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს [რაზედაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა] კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთს [რაზედაც ხელშეკრულება დღეს გაფორმდა], სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობს. ხელშეკრულება კი ჯერ გაფორმებული არ არის.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ირაკლი ჭკადუამ 10 ათასი ლარი შესწირა 2017 წლის სექტემბერში.

„ამ ეტაპზე საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა) – ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შეფასების ეტაპი“, – მოგვწერეს 8 ივნისს დეპარტამენტიდან.

„ბათუმელებმა“ საგზაო დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია „ტოდინთან“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შეწყვეტილი ხელშეკრულებების გამო, რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს დეპარტამენტი კომპანიისგან? ხომ არ მიმდინარეობს დავა, რა ეტაპზეა და სხვა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად… სამართალწარმოების მიზნების გათვალისწინებით დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას ამ ეტაპზე მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“, – მოგვწერა 8 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

კითხვაზე, როდის უნდა დაიწყოს ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა და როდის უნდა დასრულდეს? – დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, სამუშაოების განხორციელების ვადად განსაზღვრულია 24 თვე, ხოლო პირველი ლოტის 5 კმ-იანი მონაკვეთისთვის [ამ მონაკვეთზე სამუშაოები „მამისონიმ“ უნდა შეასრულოს] – 18 თვე“.

ამავე თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

ერთი ქალი და მეთევზეები პალიასტომის ტბიდან [ვიდეო]

იამზე გაბუნია ფოთში, პალიასტომის ტბის პირას გახსნილი თევზის მარკეტის მეპატრონეა. ყოველ დილით, როცა მეთევზეები პალიასტომში თევზს იჭერენ, იამზეს მარკეტს აკითხავენ სავსე ბადეებით.

ბაზრის წინ, რომელიც პატარა, ვარდისფრად შეღებილ სახლშია განთავსებული, დილაობით ავტომანქანების რიგი დგება. ფოთში ყველამ იცის, რომ აქ ახალი, ცოცხალი თევზი იყიდება.

იამზე 61 წლისაა. მისი ცხოვრება პალიასტომთანაა დაკავშირებული. ბოლო 15 წელია ყოველ დილით ექვს საათზე დგება, თავის თევზის მარკეტში მიდის და იქაურობას მეთევზეების დასახვედრად ამზადებს.

თევზის მარკეტი ერთსართულიან შენობაშია განთავსებული. იმ ოთახის კარი, სადაც ახალი თევზი შედის, პალიასტომზე გადის. წლის ამ დროს პალიასტომის ტბაში შავი ზღვიდან წითელთვალა კეფალი შედის. თევზის მარკეტშიც ძირითადად კეფალი და შავი ზღვის ორაგული იყიდება.

მეთევზეები პალიასტომიდან

ახალი თევზი მარკეტში მეთევზეებს დღეში სამჯერ – დილის შვიდ საათზე, ცხრაზე და თერთმეტზე მიაქვთ. შუადღისკენ თევზის შემოსვლა მცირდება.

„ზაფხულში 200-300 კილოგრამ თევზს ვყიდი. ზამთრის პერიოდში – 100-150 კილოს. ყველამ იცის, რომ აქ კარგი და ცოცხალი თევზის ყიდვა შეუძლიათ,“ – ამბობს იამზე.

იამზე მეწარმე ქალია. თევზის მარკეტის გარდა ღორებისა და თხების ფერმაც აქვს.

„საშუალო განათლება მაქვს. მამაჩემს თავისი მეთევზეთა ბრიგადა ჰყავდა. ჩვენთან ქალებმა ყველამ იცის თევზაობა. მე ნავით მაქვს მოვლილი მთელი პალიასტომი. ბადის გაშლა არ ვიცი, თორემ ბადითაც ვითევზავებდი. რომ ვუყურებდი ჩვენს მეთევზეებს, ძალიან მინდოდა მათთვის რამე გამეკეთებინა. ახლა ჩემს მარკეტში სამი ქალი მყავს დასაქმებული – ერთი თევზს წმენდს, ერთი რეცხავს, ერთიც პარკში ულაგებს მყიდველს. ჩემი აზრით, მყიდველიც და გამყიდველიც, ყველა კმაყოფილი მყავს,“ – გვიყვება იამზე გაბუნია.

პალიასტომელი მეთევზეები თევზაობის ძველ, ტრადიციულ მეთოდს მიჰყვებიან. გასაშლელი ბადით თევზაობენ. ბადის გაშლას და შემდეგ მის ამოღებას 18-20 კაცი მაინც სჭირდება.

გასაშლელი ბადით თევზაობა პალიასტომზე

იამზეზე ამბობენ, რომ მეთევზეების ბრიგადა სწორედ მან გადაარჩინა, რადგან გააჩინა ადგილი, სადაც მეთევზეების მიერ დაჭერილი თევზის გაყიდვა იქნებოდა შესაძლებელი.

„ფოთში ძალიან უყვართ თევზი. თითქმის ყველა მოსახლის სახლის უკან წყალი ჩადის. ზოგი თავისთვით თევზაობს, ზოგი ყიდის და თავს ირჩენს. ჩემთვის ეს ადგილი ყველაფერია. ამით ვარჩენ ჩემს შვილებს. სესხი მაქვს გაკეთებული და ამ თევზის მარკეტით ვიხდი. რაც შემიძლია, ყველას ვეხმარები.

ამ სამსახურის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ყველაფერია. ავად რომ ვიყო, აქ როცა მოვდივარ, კარგად ვხდები,“ – ამბობს იამზე.

დამშვიდობებისას იამზეს მისამართი ვკითხე, სხვებმა როგორ  უნდა მოგაგნონ-მეთქი.

„კაპარჭინა რომ უერთდება პალიასტომს, მალთაყვაში [ფოთი], ხიდის ქვეშ არის ჩემი მაღაზია,“ – გვითხრა მან.

გომის მთაზე დაკარგული 23 წლის კაცი იპოვეს

კურორტ გომის მთაზე დაკარგული 23 წლის კაცი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.

ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა“.

აღნიშნულ სამსახურში დაკარგული კაცის შესახებ ინფორმაცია 8 ივნისს შევიდა.

 

1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის

ქობულეთის სოფლების: ზედა კონდიდი, კოხი, ოხტომი და ასევე ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სატენდერო თანხა 1 644 262 ლარია.

წინადადებების მიღება ტენდერში 2020 წლის 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 169 დღეს.

„აღნიშნულ ვადაში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა [დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს]“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

ამ თემაზე:

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

Exit mobile version