Batumelebi | წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს  წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს  – Batumelebi

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მუშაობენ.

სოფელს წყლის მილები არასამთავრობო ორგანიზაციამ – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეუძინა. ბზუბზუელებს ახლა ისღა დარჩენიათ, რამდენიმე დღით ფიზიკურად იმუშავონ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ სოფლისთვის წყლის მიწოდება.

„თხუთმეტმა ოჯახმა წყაროდან სასმელი წყალი სახლებამდე 40 წლის წინ მოვიყვანეთ. მილებს რეაბილიტაცია ვერ ჩავუტარეთ და ბოლო 6 წელია ხშირად უწყლოდ ვრჩებით, დაზიანებული სისტემის გამო. განსაკუთრებით ზამთარში ვწვალობთ, როცა სოფელში ორ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი მოდის. ასეთ დროს ადგილზე ვერ მიხვალ და დაზიანებულ მილს ვერც შეაკეთებ. როცა შევაკეთებთ, მაშინაც მესამედი არ მოდის, წყლის დიდი დანაკარგია და რაც მოდის, ისიც ხშირად დაბინძურებულია… სოფელში შემოსავალი არ არის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა – პენსიონერებს პენსია წამლის ფულად არ ჰყოფნით, ახალგაზრდებს კიდევ სამუშაო არ აქვთ,“ – გვეუბნება ასლან თავდგირიძე, რომელიც სოფელ ბზუბზუში ცხოვრობს.

სოფელი ქვედა ბზუბზუ. სახლები, სადაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში მოსახლეობა ამ ადგილიდან 2,5 კილომეტრით დაშორებული წყაროდან  სასმელ წყალს მიიყვანს

მაღალმთიანი სოფელი ბზუბზუ ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

ასლან თავდგირიძე ამბობს, რომ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დახმარება ქედის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა: „მერიაშიც დაგვპირდნენ დაგეხმარებითო, მაგრამ ამ დროს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, შეგვხვდნენ ადგილობრივებს, მოისმინეს ჩვენი პრობლემები, დაათვალიერეს სოფელი და გადაწყვიტეს დაგვხმარებოდნენ წყლის მილების შეძენაში. დაგვპირდნენ იმ რაოდენობის მილებს, რაც ამ 15 ოჯახისთვის პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი იქნებოდა“.

ქვედა ბზუბზუს მოსახლეობას წყლის მილები [საერთო სიგრძე 2500 მეტრი] არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტის – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – ფარგლებში გადასცა. აღნიშნული პროექტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] აფინანსებს.

თავის მხრივ საიამ ფინანსები მოიძია პროექტის ფარგლებში – „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“. სწორედ ამ პროექტის დონორია გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსათვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი 8 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლის შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ პროექტის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ქედის სოფელ  ბზუბზუში და ხულოს სოფელ მახალაკურში მცხოვრები ოჯახების სასმელი/სარწყავი წყლით უზრუნველყოფა; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში კი, გარე განათების სისტემის მოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოვახერხეთ სოფლების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოსახლეობის ჩართულობით, სათემო ინიციატივების მომზადება. სოფლებში ჩამოყალიბებულია საინიაციატივო ჯგუფები,“ – ამბობს ნანა დიასამიძე, პროექტის დირექტორი.

სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020

სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ბზუბზუ / 11.07.2020

სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020

ბზუბზუში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილების მიწაში ჩაწყობას და წყლის სისტემის გამართვას მაქსიმუმ ორ კვირაში დაასრულებენ.

„თითქმის ყველა ოჯახის წევრი მუშაობს, ახალგაზრდაც და ხანდაზმულიც, ვისთანაც ეს წყალი მიდის. მთავარია, ამინდმა შეგვიწყოს ხელი და სამუშაოს მალე მოვრჩებით. რახან ახალი მილებით ახალ სისტემას ვაკეთებთ, გადავწყვიტეთ, რომ ძველი სისტემაც შევინარჩუნოთ. წყალი საკმარისია სათავეზე, რომ ორთავე მილს ეყოს. ძველ სისტემას, თოვლი როცა გადნება, ზაფხულობით შევაკეთებთ და სარწყავად გამოვიყენებთ,“ – ამბობს ასლან თავდგირიძე.

სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020

შესვენება / სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020

ადამიანები, რომლებიც წყლის სისტემის მოწყობაზე მუშაობენ ბზუბზუში, ამბობენ, რომ მათ [15 ოჯახი, 92 ადამიანი] სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აწუხებთ, მინიმუმ, 30-40 წლით მოუგვარდებათ: „მერიაშიც გვითხრეს, რომ დაგვეხმარებიან ტექნიკით, მაგრამ მილები ისეთ ადგილებში გაგვყავს, იქ ტექნიკას ვერ შეიყვან, სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ. თხრილებს წერაქვით, ბარით, თოხით ვთხრით. იმ სიღრმეზე ვმარხავთ მილს, რომ ის მზემ, ყინვამ არ დააზიანოს. დაცული იქნება საქონლისგანაც, რადგან პირუტყვი ფეხს რომ ადგამს, აფუჭებს მილს.“

ქვედა ბზუბზუს მოსახლეობას პროექტის ფარგლებში შესყიდული მილებით სასმელი წყალი სოფელში ამ მთებში მდებარე წყაროდან მიჰყავს /11.07.2020

წყარო სოფელ ქვედა ბზუბზუში

პროექტის ფარგლებში მოწყობილი წყლის ახალი სისტემა ამ წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციასაც ითხოვს / მოსახლეობას ამ საკითხის მოსაგვარებლად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დახმარების იმედი აქვს

ბზუბზუს მცხოვრებთა თქმით, ახალი მილების სისტემასთან ერთად შესაცვლელია ის წყალგამანაწილებელიც, რომელიც თავის დროზე რკინისგან გააკეთეს და ახლა დაზიანებულია.

„ვუთხარით ეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ამ კუთხითაც დაგვპირდნენ დახმარებას. რამდენიმე შეკვრა ცემენტი და არმატურაა საჭირო. სილას და ხრეშს ჩვენ ვნახავთ და ჩვენივე ძალებით ავაშენებთ ამ წყალგამანაწილებელსაც,“ – ამბობს ასლან თავდგირიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს სამი სოფელი პროექტის შედგენის პროცესში გამართული კონსულტაციების შედეგად  გამოვლინდა. ამ სოფლებში მოსახლეობამ გამოთქვა მზაობა, რომ მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების პროცესში საკუთარი შრომით ჩაერთონ. მუნიციპალიტეტების მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება, ხოლო მოსახლეობა, დაბალი ეკონომიკურ-სოციალური შესაძლებელობებიდან გამომდინარე, საკუთარი ძალებით მხოლოდ დროებით ახერხებს ამ პრობლემებთან გამკლავებას.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ქვედა ბზუბზუში

პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკურშიც იგეგმება წყლის სისტემის მოწყობა. სოფელში არასოდეს ყოფილა ასეთი სისტემა. აქ მცხოვრები 27 ოჯახიდან 11 ოჯახის წყლით უზრუნველყოფა ხდება ახლო მდებარე წყაროებიდან, ხოლო 16 ოჯახის [120 ადამიანი] წყლის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს სამი კილომეტრის დაშორებით მდებარე წყარო.

საინფორმაციო შეხვედრა ხულოს სოფელ სოფელ მახალაკურში

მილების გაყვანაზე მახალაკურშიც ადგილობრივი მცხოვრებლები იმუშავებენ. იმ ადგილებში კი, სადაც რელიეფის სირთულის და გრუნტის სიმკრივის გამო შეუძლებელი იქნება ხელით თხრილების გაყვანა, გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ტექნიკა.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჩანჩხალოში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში, სადაც 107 ოჯახი [323 ადამიანი] ცხოვრობს გარეგანათების პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ერთი მხრივ, საღამოს და ღამის საათებში დაბალი ხილვადობის გამო მოსახლეობას უძნელდება გადაადგილება, მეორე მხრივ, ხშირია გარეულ ცხოველებთან  (ტურა, მგელი) შეხვედრის შემთხვევები, რაც შიშს იწვევს მოსახლეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის უბნებისკენ მიმავალი სამანქანო გზის ერთი მხარე ტყის გასწვრივ გადის, ხოლო მეორე მხარეს ხრამია და განათება არ არის,  გაზრდილია საფრთხე, როგორც ფეხით, ასევე მანქანით გადაადგილებისას, განსაკუთებით ზამთარში და წვიმის დროს.  გზების გაუმართაობის და დაბალი ხილვადობის გამო ხშირად ზიანდება ავტომანქანები, რის გამოც სამარშრუტო მიკროავტობუსები და  ტაქსებიც მოსახლეობისგან ითხოვენ დამატებით თანხის გადახდას“.

სოფელი დაყოფილია სამ უბნად და შიდა სასოფლო გზის სიგრძე 3 კილომეტრია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტმა დაამონტაჟა გარე განათების 14 ბოძი, ხოლო დამატებით 20 ბოძის დამონტაჟებით განათდება გზის სახიფათო მონაკვეთები.

პროექტის მიხედვით, შუახევის მერიის სპეციალისტების დახმარებით ჩანჩხალოში უკვე განისაზღვრა ბოძების განთავსების ადგილი, რის შემდეგ მოსახლეობის ჩართულობით მომზადდება 20 ორმო განათების ბოძების განსათავსებლად. მოწვეული ელექტროშემდუღებელი შეადუღებს ბოძებს, მოსახლეობა კი შეღებავს და დაამონტაჟებს. ამის შემდეგ მერიის ტექნიკის დახმარებით ბოძებზე დამონტაჟდება ელექტროსადენები, ხოლო მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს გარე განათების სისტემის ქსელში ჩართვას.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჩანჩხალოში

„პროექტის ფარგლებში სოფლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, რის შემდეგაც სოფლის კრებებზე აირჩიეს სოფლის საინიციატივო ჯგუფები. თითოეულ ჯგუფში შედის სოფლის 6 მცხოვრები [სამი კაცი და სამი ქალი]. საინიციატივო ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს სოფლის წინაშე არსებული პრობლემების კვლევა, რომ შემდგომში მომზადდეს სხვადასხვა ტიპის პროექტები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სოფლის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.

ამ ეტაპზე სოფელ მახალაკურს მიეწოდა სასმელი წყლის მილები 3000 მეტრი და 30 მილის გადასაბმელი. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ტარდება წინა სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com