მთავარი,სიახლეები

პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს

14.08.2020 • 1151
პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის პირობას სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დავების საბჭოში ასაჩივრებს.

კომპანია საჩივარში აღნიშნავს, რომ ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული გარანტიის მოთხოვნა არის „საბანკო სექტორის მონიპოლიზაცია, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლებას და ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს“.

საქართველოს პროკურატურამ ადმინისტრაციული შენობის I, IV და VI სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი 2020 წლის 6 აგვისტოს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 980 ათასი ლარია.

ამ ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნით, პრეტენდენტის მიერ „გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტაში – ლარში, [ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ]…“

„უნისონი“ სარჩელში მიუთითებს, რომ 2017 წელს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადასტურდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის, ხაშურის და თბილისის მერიების მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

„ბრძანებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში [გარდა დონორების სახსრებითა და მათ მიერ წამოყენებული პირობებით გამოცხადებული ტენდერებისა], მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. ამავე კანონის თანახმად: „სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის. ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 7 აგვისტოს ბრძანებით საავანსო საბანკო გარანტიებთან მიმართებითაც“, – აღნიშნულია საჩივარში.

„უნისონი“ აცხადებს, რომ ამის მიუხედავად,  შემსყიდველი ორგანიზაციები კვლავაც დარღვევით აგრძელებენ მუშაობას. კერძოდ: ელექტრონულ ტენდერში შემსყიდველი სახელმწიფო უწყება, როგორც შესრულების, ასევე ავანსის შემთხვევაში, ითხოვს მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების წარდგენას: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით კი, საბანკო დაწესებულებების, საფინანსო ინსტიტუტებისა თუ სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული გარანტია გათანაბრებულია“.

„აღნიშნული დარღვევა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არღვევს თავისუფალი კონკურენციის სტანდარტებს, იწვევს საბანკო სექტორის მონიპოლიზაციას, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლების განხორციელებას. ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  აღნიშნული ტენდერის პირობა წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებთან“, – აცხადებს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“.

„უნისონი“ თავისი საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოსგან ითხოვს – ბათილად ცნოს პროკურატურის სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი ჩანაწერები, სადაც მოთხოვნილია მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები და დაავალოს შემსყიდველს [ამ შემთხვევაში პროკურატურას] დასაშვებად მიიჩნიოს ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიღება.

„უნისონის“ საჩივარი დავების საბჭოში 2020 წლის 12 აგვისტოს შევიდა. სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ საკითხი 14 აგვისტოს უნდა განიხილოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: