საქართველოში პირველი ელექტროსკუტერების გაზიარების კომპანია MYCAB.GE ერთი წლის გახდა

Mycab.ge ერთი წლის გახდა, სტარტაპ კომპანია, რომელიც არის თვითგორიალების გაზიარების სერვისი, მოკლე მანძილზე გადაადგილების მარტივი, ტურისტებისა და მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი საშუალება.

Mycab.ge-ს მართვა მთლიანად ხორციელდება დისტანციურად, ტელეფონის საშუალებით, არ გესაჭიროებათ დამატებით აპლიკაციის გადმოწერა, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ეწვიოთ www.Mycab.ge-ს და პირდაპირ, მარტივად იწყებთ სარგებლობას აპლიკაციით.

ასევე, გავაფართოვეთ პარკირების არეალი, თუ აქამდე შესაძლებელი იყო პარკირება მხოლოდ Mycab.ge-ს სადგომებზე, ახლა მომხმარებელს შეუძლია დაასრულოს მოგზაურობა რუკაზე მითითებულ მწვანე ზონაში.

Mycab.ge-ის პროექტი არის მთლიანად ქართული, პროგრამა შექმნილია ქართველი დეველოპერების მიერ, რაც გვაძლევს მომავალში დამოუკიდებლად განვითარებისა და მოქნილობის შესაძლებლობას.

Mycab.ge-ით სარგებლობა საქართველოში პირველად ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი, რადგან ბათუმი არის ტურისტული ქალაქი, სადაც ველო ბილიკების ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ასევე, 2020 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ სერვისის შეთავაზება თბილისშიც.

ხშირად გვესმის სურვილები, რომ კარგი იქნებოდა ფასი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, აქედან გამომდიანარე, Mycab.ge-მ შეამცირა 1 წუთის ღირებულება 35 თეთრიდან 25 თეთრამდე. აღსანიშნავია, რომ 0 ლარი არის მოგზაურობის დაწყების საფასური.

მალე, მომხმარებელს შევთავაზებთ ძალიან საინტერესო პროდუქტებს. ერთწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ფასი უნდა იყოს იაფი, თვითგორიალა უნდა გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის ალტერნატივა.

 

კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან, COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

 

მთავარი ფოტო: არქივიდან

ნარკოტიკის „გამოუსადეგარი ოდენობისთვის“ 8 წლით ვეღარ დაგაპატიმრებენ – საკონსტიტუციო

„გამოუსადეგარი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვეღარ მიუსჯიან. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დღეს, 4 ივნისს, გადაწყვიტა. მოსარჩელეები ამ მუხლით გასამართლებული პირები იყვნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მოხმარების შემდეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი არსებითად განსახილველად არ დაუშვია, დღეს გამოტანილი განჩინებით კმაყოფილია საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე. „მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი დადგა“, – ამბობს ის.

იურისტი განმარტავს, რომ თუკი აქამდე მხოლოდ „დეზომორფინის“ შემთხვევაში ვერ შეუფარდებდა მოსამართლე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთას გამოუსადეგარი ოდენობისთვის, ამჯერად ეს წესი ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას შეეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთო სასამართლოს მოსამართლემ უნდა განსაზღვროს რა ოდენობაა „გამოუსადეგარი“. იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ეს მოსამართლემ მტკიცებულების საფუძველზე, ანუ ამ შემთხვევაში – ნარკოლოგის ჩვენების საფუძველზე უნდა განსაზღვროს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდების მხარის მიერ მოწვეული ნარკოლოგი იტყვის, რომ ამოღებული ნარკოტიკი მოხმარებისთვის საკმარისია, დაცვის მხარის მოწვეული კი ისაუბრებს იმაზე, რომ ეს „გამოუსადეგარი ოდენობისაა“?

გიორგი გოცირიძე კანონის მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვით ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, თუმცა შესაძლებელია, ადვოკატის მიერ მოწვეული ნარკოლოგის ჩვენება არ იყოს დამაჯერებელი.

„უმჯობესია, თუკი პარლამენტი კონკრეტულ ოდენობებს განსაზღვრავს კანონში და დაზუსტებული იქნება ეს,“ – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ „ბათუმელებთან“.

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ შეჩერებულა – ბიზნეს ჯგუფი დედაქალაქში არსებულ ძეგლების საბჭოს სთხოვს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთ ბულვარში, ამოიღოს ძეგლის ტერიტორიიდან, ანუ ბულვარის საზღვრებიდან.

„ამბასადორი ბათუმს“ მხოლოდ ეს ერთი პროექტი არ აკაშირებს ბათუმის ბულვართან – ამ კომპანიამ დამატებითი მიწის ნაკვეთი მიიღო მართვაში, სადაც კაფე-ბარის მოწყობას გეგმავს. მსგავსი ხელშეკრულების გააგრძელება სურდათ სხვა კომპანიებსაც, თუმცა მათ ბათუმის მერიამ უარი უთხრა და ამ ქონებების უკან დაბრუნების მიზნით სასამართლო დავა წამოიწყო.

რატომ უდგება ამ საკითხს ბათუმის მერია ორმაგი სტანდარტით? – ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ მილიონზე მეტი დაზოგა, როცა გადაწყვიტა და შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარში მიწის ნაკვეთზე 2016 წელს გაფორმებული „აღნაგობის ხელშეკრულების“ ვადა გაუგრძელა. მერმა თქვა, რომ კომპანიას ამ ნაკვეთზე აქვს შენობა, რომელზეც „მილიონზე მეტია დახარჯული“. მან განმარტა, რომ თუ კომპანიას ვადას არ გაუგრძელებს, ქალაქი იძულებული იქნება ეს შენობა გამოისყიდოს. სწორედ ამას გულისხმობდა მერი „მილიონის დაზოგვაში“. ამავე მიზეზით ახსნა „ამბასადორისთვის“ მიწის გადაცემის საკითხის დამტკიცებამდე საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი SMS – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. ეს მესიჯი საიამ შეაფასა, როგორც „შესაძლო კორუფციული ინტერესი“.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ბათუმის ბულვარში კაფე-ბარების მფლობელები აცხადებდნენ, რომ „ამბასადორი ბათუმს“ მათ ტერიტორიაზე უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს – სტატია არქივიდან.

 ბათუმის მერის პოზიცია და მის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილ SMS-თან დაკავშირებული ინციდენტი, ასევე თავმჯდომარის პასუხის – OK“, იმ მოიჯარეებმაც გაიგეს, ვისაც ასევე ბულვარში აქვს მიწის ნაკვეთი ანალოგიური ხელშეკრულებით. მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე მათ უარი უკვე უთხრა. ახლა ისინი ამბობენ, რომ მერია მათაც ისევე უნდა მოექცეს, როგორც „ამბასადორი ბათუმს“ – აღნაგობის ხელშეკრულება გაუგრძელოს.

კადრი TV 25-ის მასალიდან

წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურდება მათი ეჭვები – „მერია ბულვარში ადგილს გავლენიანი ინვესტორისთვის ათავისუფლებს“.

ადვოკატ ზურაბ ცეცხლაძის თქმით, აღნაგობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოში 10 ბიზნესმენი დაობსისინი დაჟინებით ითხოვენ, რომ 2016 წელს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება მათაც გაუგრძელოს მერიამ, ისე, როგორც ეს „ამბასადორი ბათუმის“ შემთხვევაში გააკეთა. გარდა ამისა, ისინი კიდევ ერთ უსამართლობაზე მიუთითებენ – მერიამ „ამბასადორი ბათუმის“ შენობა საბაზრო ფასად, 1 მილიონ ლარად შეაფასა, მაშინ, როცა მათი შენობები თვითღირებულების ფასად შეაფასა უპირობოდ – მათ ახალ საინვესტიციო პირობებზე უარი უთხრა.

რესტორანი „ლათინო“ ერთი მხრიდან ბულვარს, მეორე მხრიდან კი სანაპიროს ესაზღვრება. აქვს ორსართულიანი შენობა და პატარა სივრცე, სადაც საცეკვაო სცენაა მოწყობილი. ეს შენობა მერიას აუდიტმა 155 000 ლარად შეუფასა. მერია ლათინოსს აღნაგობის ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს.
რესტორანი მწვანე ბარი ბათუმის ბულვარში აუდიტმა 95 000 ლარად შეაფასა. მერია მწვანე ბარს აღნაგობის ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს.

საქმე იმაშია, რომ 10 პირს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 15 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, „ამბასადორი ბათუმისგან“ განსხვავებით, ბათუმის მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე თავდაპირველად არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა.

საბოლოდ მხარეებს შორის დავა დაწყო – მთლიანობაში საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. მათ შორისაა „ამბასადორი ბათუმიც“ – ამ 11-დან ხელშეკრულება სწორედ მხოლოდ მას გაუგრძელეს.

2005 წლის ხელშეკრულებებით, ფიზიკურმა პირებმა ბულვარში გადაცემულ ნაკვეთებზე კაპიტალური შენობები ააშენეს და ტურისტულ ობიექტები, ძირითადად სარესტორნო ბიზნესი განავითარეს.

2010-2011 წლებში [ეტაპობრივად და ინდივიდუალურად] მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები შეცვალა და რადგან უკვე ამ ტერიტორიებზე შენობებიც იდგა, აღნაგობის ხელშეკრულებები გააფორმა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საზღაური.  ხელშეკრულებებს ვადა 2015 წელს გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ოფიციალურად ითხოვდნენ. მერიამ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, ხელშეკრულებების ვადის გასვლის მიზეზით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყვიტა. შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, რადგან 2017 წლიდან ქონება უზურფრუქტის წესით  ბულვარს გადასცეს იმ პირობით, რომ ბულვარს პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება ყოფილ მოაღნაგეებთან, იგივე ფასებში სამი წლის ვადით.

2018 წლის ბოლოს, ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ისინი არამართლზომიერად აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის თანხის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს. [აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი-მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.]

მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე] საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობები არასაბაზრო ფასით, როგორც თვითონ ამბობენ „ფაქტობრივად კაპიკებად“ შეუფასა.

2018 წლის დეკემბერში, მერმა ლაშა კომახიძემ მოაღნაგეებს აღნაგობის თანხის გადაუხდელობა ოფიციალურად, წერილობით შეახსენა. ამ წერილებში დაანგარიშებული აღნაგობის საფასური და პირგასამტეხლოც ფიქსირდებოდა. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ირკვეოდა, რომ მერია მოაღნაგეებთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამიტომაც მერია სასამართლოში შეეცადა იმის გარკვევას, ამ საქმიდან ვის რამდენი ერგებოდა. პროცესი გაჭიანურდა, მოსამართლემ მხარეებს მორიგების ვადა მისცა, რის შემდეგაც მოაღნაგეებს ხელშეკრულებები 2020 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელეს.

დავა ისევ გრძელდება.

ახლა მოაღნაგეები ამბობენ, რომ მერიას სთავაზობენ 15-წლიანი ხელშეკრულებას, 7 წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით, ანუ ზუსტად იმ პირობას, „რაც ამბასადორს გასულ კვირას მისცეს“. მათგან ზოგიერთი ამაზე უკვე ჩამოყალიბებულია, ზოგს კი დრო სჭირდება, თუმცა ამბობს, რომ პირობა მოსწონს.

„15 წლიანი იჯარა, კიდევ შვიდი წლით გაგრძელების მოთხოვნის პირობით მშვენიერია. 22 წელის შემდეგ რა იქნება არავინ იცის. მე მომწონს ეს პირობა, თანახმა ვიქნებოდი“, – გვითხრა დავით მამულაძემ, ბათუმის მერიის ერთ-ერთმა კონტრაქტორმა, რომელიც ბულვარში „მწვანე ბარს“ ფლობს. იგივე პირობების მოთხოვნა დავით მამულაძის გარდა, კიდევ რამდენიმე მოიჯარემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შპს „ამბასადორი ბათუმს“ კაფესთვის მერიამ ზუსტად ეს პირობები განუსაზღვრა:

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი აღნაგობის უფლებით, 15 წლიანი იჯარით, შემდგომში კიდევ შვიდი წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით და ინვესტიციის განხორციელების პირობით. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 22 წლის შემდეგ შენობას მერიას უსასყიდლოდ დაუთმობს.

რას უპასუხებს მერია მოაღნაგეებს? – ამ კითხვაზე დღეს მერიაში დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცეს და გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მოაღნაგეებთან შეხვედრა ჩანიშნული არ არის, გვიპასუხებენ, როცა ბიზნესმენებთან შეხვედრა შედგება და რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამავე თემაზე:

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში

საქართველოს განათლების მინისტრის 4 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ოფიციალურად განისაზღვრა ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობა.

[checklist]

  • I-IV კლასებში – 20 წუთი;
  • V-IX კლასებში – 30 წუთი;
  • X-XII კლასებში  – 40 წუთამდე.

[/checklist]

მაქსიმალური დასაშვები საათები (ასტრონომიული) დღეში

მინისტრის ბრძანებით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. ამასთან, გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, „მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგალითად, ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება,“ – ნათქვამია ბრძანებაში.

ამავე ბრძანების მიხედვით,  2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს „ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე, „სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად“.

ბრძანებაში ასევე წერია, რომ 2019-2020 სასწავლო წელს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე II სემესტრში მოსწავლეები შეფასდებიან I-IV კლასებში განმავითარებელი, ხოლო V-XII კლასებში განმავითარებელი ან განმსაზღვრელი შეფასებით სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შეთავაზებული ფორმით.

განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის წესი მასწავლებლებს ამავე ბრძანებაში შეუძლიათ ნახონ.

ბრძანებაში შენიშვნის სახით წერია, რომ სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას რომელ შესაძლებლობებს გამოიყენებს, სამინისტრო და რესურსცენტრები კი მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

2019-2020 სასწავლო წელს, კერძო სკოლები და საგნის ან საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები დამოუკიდებლად იღებენ გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილებას და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავენ გამოცდის ფორმას.

დამატებითი დეტალები იხილეთ მინისტრის ბრძანებაში, რომელიც შეეხება 2020 წლის 16 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

უჩიპო პირადობას ისევ ვერ აიღებთ – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების – ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის სარჩელი. ისინი არაელექტრონული ანუ უჩიპო პირადობის გაცემას ითხოვდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომდე მოსარჩელეებმა მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააგენტომ, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მათ შეეძლოთ მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება.

მოსარჩელეები რელიგიური რწმენიდან გამომდინარე უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, მოსარჩელე ნანა სეფაშვილი ვერ სარგებლობს სხვაგვარი დოკუმენტით, რის გამოც რჩება სოციალური ცხოვრებისგან სრულად იზოლირებული.

მოსარჩელეები სასამართლო განხილვის დროს აღნიშნავდნენ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა ანტიქრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზაა. „ეს უკავშირდება აპოკალიპსს“, – ამბობდნენ ისინი.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს აღწევს. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს პირის მრწამსის კანონიერების შემოწმებას. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია დავა იმაზე, თუ რატომ გააჩნია პირს ესა თუ ის რწმენა. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამოწმოს პირის რელიგიური გრძნობების უტყუარობა ან/და გულწრფელობა,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლო წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც „წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია რწმენა და ქმედება, რომელიც ამ რწმენას უკავშირდება.

„იმისათვის, რომ ქმედებამ ავტომატურად მოიპოვოს დაცვა რელიგიის თავისუფლების საფუძველზე, იგი უნდა წარმოადგენდეს ამ რელიგიის გაცხადებას, ხოლო იმისათვის, რომ ქმედება წარმოადგენდეს „რელიგიის გაცხადებას“, საჭიროა მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არსებობა ქმედებასა და რელიგიას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი კავშირი უდავოდ არსებობს ისეთ დროს, როდესაც ქმედება წარმოადგენს შესაბამისი რელიგიის უშუალო მოთხოვნას. მაგალითად, რელიგიური ტექსტების კითხვა, ლოცვა, მარხვის შენახვა, რელიგიური რიტუალების განხორციელება წარმოადგენს რელიგიის გაცხადების ტრადიციულ ფორმებს და არსებობს მჭიდრო და პირდაპირი კავშირი ქმედებასა და რელიგიას შორის“ , – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იუსტიციის სამინისტრო გასული წლის 26 დეკემბრიდან გასცემდა არაელექტრონულ პირადობის მოწმებებს, რომელთა მოქმედების ვადაც ერთი თვე იყო.

„ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს” – გენდერული საბჭოს წევრი

სამეგრელოში გავრცელებულია მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ აბორტი აკრძალულია – წერია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020) შესრულების შუალედურ ანგარიშში“. ანგარიშში ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც „საგანგაშო“.

„საგანგაშოა სამეგრელოს რეგიონში აბორტის შესახებ გავრცელებული მცდარი აზრი, როგორც მოსახლეობაში, ისე უწყების წარმომადგენლებში. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აბორტი საქართველოში, კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ ვადაზე აკრძალულია (აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს), რაც თავისთავად ზღუდავს 26 რეგიონში აბორტის სერვისზე წვდომას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის ეს დასკვნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილ და ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ ქალებთან და გენდერის საბჭოს წარმომადგენლებთან ზუგდიდში, რიყეში, რუხში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაბუმეში, მარტვილში, სენაკსა და ხობში შეხვედრებს ეყრდნობა.

სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაუკავშირდა „ბათუმელები“ გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ქალთა უფლებების განხორციელებას უნდა უწევდნენ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტებში. არასასურველი ორსულობის შეწყვეტას, რაც კანონმდებლობით 12 კვირამდე დაშვებულია, ისინი „ცოდვასა“ და „დანაშაულს“ უწოდებენ, ზოგ მათგანს აბორტი ერთადერთ შემთხვევაში მიაჩნია დასაშვებად: „თუ ქალი კვდება და სხვა გზა არ არის”.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, სოფო რუსეცკის ინფორმაციით, აბორტის თემა ყველა მუნიციპალიტეტში იყო განხილული, მაგრამ სამეგრელო კვლევაში ცალკე გამოყვეს, რადგან მხოლოდ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მიაწოდეს მკვლევარებს მცდარი ინფორმაცია, თითქოს აბორტი აკრძალულია ნებისმიერ ვადაზე საქართველოში კანონმდებლობით. სოფო რუსეცკის თქმით სხვა რეგიონებში ასეთი მცდარი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„სიმართლე რომ გითხრათ, კანონმდებლობა ზეპირად არ მახსოვს. მგონი გარკვეული ტიპის აბორტებს სახელმწიფო არ კრძალავს” 

მაგალითად, მარტვილის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დარეჯან სხულუხია აბორტის აკრძალვის მომხრეა და ამბობს, რომ აბორტი კანონმდებლობით აკრძალული და დასჯადი რომ იყოს, ამით პრობლემა აღმოიფხვრებოდა. იგი ამბობს, რომ „აბორტის აკრძალვის მომხრეა, მაგრამ დასჯისთვის ქალს ვერ გაიმეტებდა, რადგან მაინც ქალია“.

„სიმართლე რომ გითხრათ, კანონმდებლობა ზეპირად არ მახსოვს და მგონი რაღაც გარკვეული ტიპის აბორტებს სახელმწიფო არ კრძალავს. რისთვის აჩენ, მერე თუ კლავ“, – ამბობს ის.

დარეჯან სხულუხია მიიჩნევს, რომ თუ კონტრაცეპტივებს სწორად გამოიყენებენ ქალები, აბორტის საჭიროება აღარ დადგება. იგი ფიქრობს, რომ აბორტი მხოლოდ მაშინაა დასაშვები „თუ ქალი კვდება, ნაყოფი არ იზრდება და ქალი დაამტკიცებს, რომ აბორტი გარდაუვალია“.

ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის საბჭოების უფლებამოსილებაა. მარტვილის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს ქალთა გაძლიერება სხვაგვარად ესმის. მან გვიამბო, როგორ დაარწმუნა ქალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გეგმავდნენ ორსულობის შეწყვეტას, არ გაეკეთებინათ აბორტი:

„პირადად მიმიღია ამაში მონაწილეობა, მოხდა ისე, რომ ქალი მოვიდა, იკეთებდა… ვეუბნები… ვუსაბუთებ, რომ გაჩნდება… და მართლაც ჩემს სახელზე გაჩენილი რამდენიმე ბავშვია ახლა. ერთი მოვნათლე კიდეც, მოშორება უნდოდა და არ მოვაშორებინე. აბორტის წინააღმდეგი ვარ. ამხელა ტვირთის ტარება ქალისთვის ძალიან ძნელია“.

      „ზუგდიდში აბორტი? – ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს“

ჩხოროწყუს გენდერული საბჭოს წევრი ანა ახალაია მიიჩნევს, რომ აბორტი „დანაშაულია“, მაგრამ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქალისთვის.

ასე ფიქრობს ზუგდიდის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ეკატერინე ტიფაიაც და  დასძენს, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია, თუ ზუგდიდში ვინმემ შეიძლება გაიკეთოს აბორტი.

„ზუგდიდში აბორტი…? ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს, ამით „ჩვილის“ უფლებები ირღვევა და ადამიანს იმდენი შეგნება უნდა ჰქონდეს, არ მოუსწრაფოს სიცოცხლე მუცლადმყოფ არსებას. თუ ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვები აბორტი“, – ამბობს გენდერული საბჭოს წევრი.

„ჩვენთან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ქალთა უფლებების საკითხები არასდროს დამდგარა”

ეკატერინე ტიფაიას თქმით, ზუგდიდში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები არასდროს დამდგარა, რადგან ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ საბჭოსთვის არავის მიუმართავს.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, როგორც ეკატერინე ტიფაია იხსენებს, ზუგდიდის გენდერულმა საბჭომ ერთადერთი საკითხი განიხილა, მხოლოდ მას შემდეგ, როცა საბჭოს განცხადებით მიმართეს არასამთავრობოებმა და ქალთა უფლებების დამცველებმა – ისინი აპროტესტებდნენ 8 მარტისთვის ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებას, რომ ქალებისთვის „სადღესასწაულოდ“ ხორცსაკეპი მანქანები დაერიგებინათ.

„გენდერული თანასწორობის საბჭოები მხოლოდ სათაურებია”

გენდერული თანასწორობის საბჭო ყველა მუნიციპალიტეტშია. ასეთი საბჭოს შექმნას თვითმმართველობებს კანონი ავალდებულებს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს წევრები გენდერულად მგრძნობიარეები უნდა იყვნენ და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქის საჭიროება თანაბრად გაითვალისწინონ.

სამოქალაქო უფლებების დამცველი, იურისტი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველ ერთეულებში  გენდერული საბჭოების წევრთა ღირებულებები და წარმოდგენები სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ეს განპირობებულია იმით, რომ თვითმმართველ ერთეულებში ამ საბჭოების დაკომპლექტებას ზედაპირულად უდგებიან.

„აბორტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადასა და პირობებში ხელმისაწვდომი სერვისია და ქალის უფლებაა. ამ უფლების დამალვა ადამიანის უფლების დარღვევაა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც კარგად იციან ამ შესაძლებლობის, როგორც უფლების შესახებ, უბრალოდ უწყების წარმომადგენლები საკუთარ, კანონსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებენ და ავიწყდებათ, რომ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული კონსტიტუციით და ადამიანის უფლებებით ხელმძღვანელობს, თუ მათ კანონით და უფლებები არ მოსწონთ, უნდა დატოვონ სახელმწიფო უწყება”, – ამბობს ანა აბაშიძე.

ის მიიჩნევს, რომ არალოგიკურია გენდერულ საბჭოში იყვნენ წევრები, რომლებიც ქალის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგებიან.

„ზოგადად უფლებები, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ქალს მიემართება, ჩვენს ქვეყანაში მეათეხარისხოვანია, რასაც თავად ქალები განაპირობებენ ინერტულობით, უმოქმედობით და დომინაციაზე შეგუებით.

ეს საბჭოები სინამდვილეში მხოლოდ სათაურებია, მაშინ, როცა სწორედ გენდერული თანასწორობის საბჭოებით იწონებს ხშირად სახელმწიფო თავს ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში. თუ უწყება ზედაპირულად არსებობს და რეალურად ქალთა უფლებების საწინააღმდეგო ღირებულებების გამავრცელებელია, სჯობს საერთოდ არ გვქონდეს”, – ამბობს ანა აბაშიძე.

__________________

ამავე თემაზე: 

2 ქალი და 8 კაცი – როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში

მოსწავლეებისთვის „არას“ დაწერა სავალდებულო აღარ არის – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 4 ივნისის ბრძანებით, მასწავლებლები დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლის ჟურნალში მოსწავლისთვის „არას“ დაწერის ყოველდღიური ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

თუმცა, როგორც ბრძანებაში წერია, მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები და სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს გამოიყენოს მოსწავლის შესაფასებლად.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან,“- წერია მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნული ბრძანება ვრცელდება „2020 წლის 1-ლი აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

 

ქართველი რეჟისორის ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია და ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმს – „დასაწყისი“ კინოფესტივალის მთავარ სექციაში აჩვენებენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე მესამედ მოხვდა. 2014 წელს რეჟისორის პირველი ფილმი „უხილავი სივრცეები”  მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, მეორე ნამუშავარი „ლეთა” კი – „რეჟისორთა ორკვირეულის” სექციაში.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი იეჰოვას მოწმეთა შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ, რაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

წელს კანის კინოფესტივალი  პანდემიის გამო ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება და არც ერთი სექცია არ იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სექციებში მოხვედრილი ფილმები ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე იქნება ნაჩვენები.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ. სცენარის ავტორები არიან დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.

_________________

ფოტოზე: კადრი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან ,,დასაწყისი”

ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფომ? [გამოკითხვა]

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად 2020 წლის 27 ოქტომბერს გახსნეს.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აჭარის მთავრობაში ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება.

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი პასუხი. გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმურია.


ბათუმის სტადიონი კერძო პირზე უნდა გასხვიდეს თუ სჯობს სახელმწიფომ მართოს?

როდის განახლდება უცხო ენებისა და TOEFL სწავლების უფასო პროგრამა ბათუმში

ბათუმში განათლების ფონდის პროგრამა – უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, რომელიც მსმენელებისთვის უფასოა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობს გამოცხადების შემდეგ  გაჩერებულია. პროგრამის ფარგლებში უცხო ენებს 600-მდე მოქალაქე სწავლობს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის განახლდება პროგრამა და ხომ არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ონლაინ, „აჭარის განათლების ფონდის“ ხელმძღვანელი რუსუდან ქავთარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო.

„ახლა ვამზადებთ დისტანციურ პლატფორმას, რომ ონლაინრეჟიმში გადავიყვანოთ სასწავლო პროცესი. უახლოეს დღეებში დავტესტავთ პროგრამას, სავარაუდოდ, ეს იქნება ZOOM-ის პლატფორმაში. მსმენელებისგანაც იყო გამოხმაურება და მათაც აინტერესებთ, თუ როდის განახლდება პროგრამა“, – ამბობს რუსუდან ქავთარაძე.

სასწავლო პროცესის შეჩერების გამო, პროგრამაში დასაქმებულ მასწავლებლებს ანაზღაურება არ მიუღიათ – როგორც რუსუდან ქავთარაძე ამბობს, ხელშეკრულების მიხედვით, პედაგოგებს მხოლოდ ჩატარებული საათები უნაზღაურდებათ.

„თუკი სწავლება განახლდება დისტანციურად, ამ შემთხვევაში  პროგრამაში დასაქმებული პედაგოგები მიიღებენ ანაზღაურებას ყველა ჩატარებულ საათზე“.

რუსუდან ქავთარაძის თქმით, ჯამში 49 ჯგუფია დაკომპლექტებული, მიმდინარე წელს კი ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფიც  დაემატა. პროგრამის ბენეფიციარები უცხოელები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ.

ქავთარაძის თქმით, განახლდება თუ არა პროგრამა დისტანციურად, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში იქნება ცნობილი.

„ორმა ქალმა შიმშილობა დაიწყო, 5 კაცს პირი აქვს ამოკერილი“ – ლავასოღლის მხარდასაჭერი აქცია

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად უკვე 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ორი ქალია. დღეს აქციის კიდევ ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა. გუშინ კი პროკურატურის წინ პირი აქციის სამმა მონაწილემ ამოიკერა. ისინი შიმშილობას არ წყვეტენ.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ისინი თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. მინდია ლავასოღლი 2018 წელს დააკავეს თურქეთში.

„…ხვალამდე ვაძლევთ დროს, რომ პროკურატურამ გვიპასუხოს, უნდა გვითხრან კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია, რასაც პროკურატურა არ ამბობს… ხვალ გადავკეტავთ ქალაქს, თუ პასუხი ვერ მივიღეთ. რა ადგილას გადაიკეტება, არ ვიცი, დღეს საღამოს მოვითათბირებთ,“ – გვითხრა აქციის მონაწილე მაია მელიქიძემ.

მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად თბილისსა და ქუთაისში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ოთხმა პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა. ინფორმაციის გადასამოწმებლად პენიტენციურ სამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ მათთვის პატიმრების შიმშილობის შესახებ ცნობილი არ არის.

მინდია ლავასოღლს ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

ავტოავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 4 ივნისს, პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ბათუმი/4.06/2020/ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა

აჭარაში 20 საჯარო სკოლა ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით აღიჭურვა

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით უზრუნველყოფას. აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას აძლევს მოსწავლეს, პრაქტიკული, რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები.

2020 წელს 10 საჯარო სკოლა იქნა უზრუნველყოფილი ფიზიკის ლაბორატორიის ელექტრონული პროგრამით, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 50 000 ლარი.

2020 წელს ლაბორატორიის ელექტრონული პროგრამით უზრუნველყოფილია 10 საჯარო სკოლა:

[checklist]

  • ქ. ბათუმის N5 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N9 საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლა;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის საჯარო სკოლა;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლა;

[/checklist]

პროგრამის ფარგლებში ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით რეგიონში უზრუნველყოფილია 20 საჯარო სკოლა.

საზმაუ შესყიდვებზე ინფორმაციას ვეღარ გაასაიდუმლოებს – საიამ სასამართლო დავა მოიგო

საზოგადოებრივ მაუწყებელს შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა. საუბარია კონტრაქტებზე, რომლებსაც მაუწყებელი სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან აფორმებს. მაუწყებელში მიაჩნდათ, რომ შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ ეხებოდათ და ისინი ამ ტიპის ინფორმაციას ამ დრომდე არ გასცემდნენ. ჯერ უცნობია, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა ზემდგომ ინსტანციაში საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მაუწყებლის მიერ გაფორმებული კონტრაქტების მისაღებად  მას შემდეგ მიმართა, როცა მაუწყებლისგან ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, მათ შორის, სარეკლამო მომსახურებების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ტიპის ინფორმაცია მაუწყებელმა უნდა გასცეს, რადგან იგი სახელმწიფო ფულს ხარჯავს.

„სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის პოზიცია, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საჯარო ინფორმაციად მიჩნევა დაუშვებელია მასში პერსონალური მონაცემების ასახვის გამო, გაზიარებული ვერ იქნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული იურიდიული პირის განხორციელებული შესყიდვის შედეგად შეძენილი მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული საჯარო ინფორმაცია და მათი გაცემა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ გამოიწვიოს ხელშეკრულებაში ასახული პერსონალური მონაცემების გამჟღავნება,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და უნდა შეეხოს საჯარო დაწესებულებებსაც,“ – მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნიკა სიმონიშვილი. მისი თქმით, ამ დრომდე მაუწყებელი და საჯარო უწყებებიც, მაგალითად, იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერდნენ, რომ „ინფორმაცია კონფიდენციალურია“ და  უწყება ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობდა კომერციული საიდუმლოების დაცვის მოტივით.

„სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ხელშეკრულებაში ამის ჩაწერა არაა საკმარისი და ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალკე უნდა გამოსცეს აქტი, რატომ მიიჩნევს კონკრეტულ ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად. ეს დასაბუთება უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, თუ რის გამო შესაძლოა მივიჩნიოთ კონკრეტული ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად,“ – განმარტავს ნიკა სიმონიშვილი.

იურისტის თქმით, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კუთხით, მაუწყებელმა ნებისმიერი კონტრაქტი უნდა გასცეს, როგორც საჯარო ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვით.

„აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გასცემდა ტელერადიო პროდუქტის შეძენასთან, ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას… სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ მხარეთა შეთანხმება აღარ იქნება საკმარისი, რომ ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიონ და ეს ხელშეკრულებაში ჩაწერონ,“ – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა „ბათუმელებთან“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 27 ნოემბერს მიიღო, თუმცა მხარეს ნახევარი წლის გასვლის შემდეგ – 2020 წლის 29 მაისს გაუგზავნა.

„ეს დარღვევაა ფორმალური თვალსაზრისით, რადგან ერთ თვეში უნდა გაიგზავნოს… სასამართლო ამ კუთხით ხშირად განმარტავს, რომ საქმეთა სიმრავლის გამო ვერ ხერხდება გადაწყვეტილებების დროულად გაგზავნა. გასაჩივრების ვადა კი, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აითვლება,“ – დასძინა საია-ს იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა.

დედამიწაზე ბიოლოგიური სახეობების მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს – BBC

დედამიწაზე ბიოლოგიური სახეობების მეექვსე, მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს,  რომლის მასშტაბები შეიძლება შევადაროთ მხოლოდ დინოზავრების გადაშენებას – ამის შესახებ სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს ამერიკელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.

ექსპერტებმა გააანალიზეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების მონაცემები და დაადგინეს, რომ 515 სახეობის ძუძუმწოვარს, ფრინველს, რეპტილიას და ამფიბიას გადაშენება ემუქრება.

ბიოლოგიური სახეობების პირველი მასობრივი გადაშენება მოხდა დაახლოებით 540 მლნ წლის წინ, მეხუთე კი – 66 მლნ წლის წინ, როცა, ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, ასტეროიდის დედამიწაზე ჩამოვარდნამ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

თუ აქამდე გადაშენებას იწვევდა ბუნებრივი კატასტროფები, ახლა მიმდინარე პროცესი ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული, პირველ რიგში, ტყეების გაჩეხვითა და ბრაკონიერობით.

„ჩვენ შევედით მეექვსე მასობრივი გადაშენების ფაზაში. როგორც ჩვენი კვლევები აჩვენებს, კრიზისი ისე სერიოზულია, რომ ჩვენი მოქმედება უახლოესი 10-50 წლის განმავლობაში განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს“ – უთხრა „ბიბისის“ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა ხერარდო სებალოსმა.

მან და კიდევ ორმა ბიოლოგმა, პროფესორმა პოლ ერლიხმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან და დოქტორმა პიტერ რეივენმა მისურის ბოტანიკური ბაღიდან, შეაჯამეს ბუნების დაცვის საერთაშორისო საბჭოს და ფონდის – Birdlife-ის მონაცემები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში – Proceedings of the National Academy of Sciences.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფაუნის სახეობების გაქრობა ბუნებრივ ტემპს ასჯერ აღემატება. გადაშენების პირას მყოფი სახეობები ბინადრობენ ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა, მაგრამ უფრო მეტად – ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

მაგალითად, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბრაზილიის ჯუნგლებში მცხოვრები მაიმუნი ოქროსფერი ტამარინი, ეთიოპიური ტურა კაბერუ, ნიანგის სახეობა, რომელიც ინდოეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობს და ა.შ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბიოლოგიურ სახეობათა გადაშენება ისეთივე სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, როგორც კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება. ამავე დროს, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. მეცნიერები გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას კაცობრიობის მორალურ ვალდებულებას უწოდებენ.

„ვეთანხმები კვლევის ავტორებს, რომ ბიოლოგიური სახეობების შენარჩუნება იმსახურებს კლიმატის ცვლილებაზე არანაკლებ ყურადღებას“  – ამბობს პროფესორი დიანა ფიშერი კვინსლენდის უნივერსიტეტიდან [ავსტრალია].

მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა უბრალოდ არ იცის, ველური ბუნების რამდენად დიდი ნაწილი შეიძლება გაქრეს სამუდამოდ.

პროფესორი კრის ჯონსონი ტასმანიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ ასეთი რამ დედამიწაზე არ მომხდარა დინოზავრების გაქრობის შემდეგ.

„ბიოლოგიური სახეობების გადაშენების საფრთხე სწრაფად იზრდება ისეთი პროცესების გამო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ამ სახეობების საცხოვრებელი არეალის მოსპობა“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ის 515 სახეობა, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილია ათასზე ნაკლები ინდივიდით, მალე გაქრება.

____________________

ფოტოზე: ოქროსფერი ტამარინი, რომელიც ბრაზილიაში ბინადრობს, გადაშენების საფრთხის წინაშეა. ფოტო: ვიკიპედია 

სამსახურიდან გაუშვეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი 

აჭარის ტელევიზიამ ხელშეკრულება  შეწყვიტა შორენა ღლონტთან, რომელიც ბოლო სამი თვე ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე კი შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ამ პოზიციიდან 24 თებერვალს გაათავისუფლეს და კონსულტანტად გადაიყვანეს, მასთან ხელშეკრულება სამი თვით გააფორმეს.

„ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა…“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. რა ჩაუწერეს ამჯერად შორენა ღლონტს ბრძანებაში და რის გამო მიიჩნია ტელევიზიის ადმინისტრაციამ, რომ შორენა ღლონტისთვის ხელშეკრულება არ უნდა გაეგრძელებინა? – ემზარ პაქსაძემ გვითხრა, რომ კითხვებს მას შემდეგ შეუძლია უპასუხოს, თუკი შორენა ღლონტისგან მიიღებს თანხმობას ბრძანების გასაჯაროვების შესახებ.

„ბათუმელები“ ამ დრომდე შორენა ღლონტს ვერ დაუკავშირდა.

შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს. „რა ნორმა დაირღვა, არ არის მითითებული, ის სამართლებრივ დავას მოიგებს,“ – ასე აფასებდა შორენა ღლონტის გათავისუფლებას 24 თებერვალს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, იურისტი გია ქარცივაძე. შორენა ღლონტის გათავისუფლება მესამე სექტორში შეფასდა, როგორც „სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის აშკარა მცდელობა“.

ამ დროისთვის 9 ჟურნალისტი დავობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ.  ამ სარჩელების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტებმა ასევე მიმართეს პროკურატურას ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არც გამოძიება დაწყებულა.

აჭარის ტელევიზიაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს საგანგაშოდ აფასებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“. კოალიცია მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა, რომელიც მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მხრიდან ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს. ის უკვე მეშვიდე დღეა აჭარის ტელევიზიის შენობასთან შიმშილობს. დღეს, 4 ივნისს, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

ფინკა ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო

ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო.

„ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი ბიზნესიც კოვიდ19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ პარტნიორობის შედეგად მოვიცავთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს, განსაკუთრებით რეგიონების მკვიდრთ, რათა ყველას ჰქონდეს ფინანსურ სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა. ეს თანამშრომლობა საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების მხარდაჭერის მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.

„სიამოვნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინკა ბანკ საქართველოსთან იმ უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური დისტრესის დროს, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ გამოიწვია. მხარს ვუჭერთ მიკრო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებს, განსაკუთრებით კი, ფინკა ბანკის აგრარული სფეროს კლიენტებს, რადგან ვთვლით, რომ ეს ბიზნესები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოში ეკონომიკური აღმავლობისათვის,“ განაცხადა დანიელ შრაიბერმა, Symbiotics -ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელმა.


Symbiotics -ის შესახებ

სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე. 2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ინვესტიციები განხორციელდა 25-ზე მეტი საინვესტიციო მანდატის მიხედვით და 50-ზე მეტი ე.წ. მესამე მხარის სპეციალიზირებული კაპიტალის მართვის მენეჯერების მიერ, რაც ასეთ ტრანზაქციებისთვის მზარდ ეკოსისტემასა და ბაზარს ქმნის.

symbioticsgroup.com


ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ფინკა ბანკს მიკრო დაფინანსების სფეროში წამყვანი პოზიცია უჭირავს. ბანკის კლიენტების 70% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სს ფინკა ბანკი საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სერვისის სხვა მომწოდებლებთან, რათა კლიენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის სათანადო პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.

www.FINCA.ge

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 155 ფაქტი გამოავლინეს მაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე უწყების თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 41 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში – 25, აჭარაში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 15, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას

„ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან“, – ბათუმში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავენ და გავლენიანი ჯგუფების ინტერესებისგან ბულვარის დაცვას ითხოვს.

მიმართვის ადრესატები ასევე არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 29 მაისს, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ განაცხადა თანხმობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, შპს „ამბასადორი ბათუმს“, პირდაპირი განკარგვის წესით, გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ეს უძრავი ქონება არც მეტი არც ნაკლები მდებარეობს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის ბულვარი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის იდენტობის გამომხატველი და მისი სავიზიტო ბარათი რომაა, ეს არავისთვისაა სადაო. შესაბამისად, ყველასთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ხელყოფა კერძო პირების ინტერესების სასარგებლოდ. მით უფრო, რომ ასევე ყველასთვის ცნობილია, შპს „ამბასადორი ბათუმის“ ინტერესების შესახებ  ბულვარის ცენტრალურ ნაწილში.

ბათუმის საკრებულომ ყოველგვარი სამოქალაქო ჩართულობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე შესაძლებელია დადასტურებულ ფაქტად მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ბათუმის მერს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოძრავებს გარკვეული ინტერესები, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალაქის საუკეთესო ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს – ვგულისხმობთ მის სმს გზავნილს საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ სწორედ ბათუმის ბულვარში (ხსენებული ნაკვეთის მიმდებარედ) ფლობს ყოფილი „ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის“ შენობას, რომლის ადგილას, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, უნდა ააგოს 4–სართულიანი საცურაო აუზი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, გასული წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ განსახილველად შემოიტანა სრულიად ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ითხოვს არა გამაჯანსაღებელი კომპლექსის, არამედ 15–სართულიანი სასტუმროს მშენებლობას – სასტუმროს მშენებლობას ბულვარის ცენტრში.

მას ამ პროექტზე მაშინ და ჯერჯერობით უარი ეთქვა.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ აპირებს დასჯერდეს ამ უარს – ის აპირებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინაშე დააყენოს მოთხოვნა, რომ ბულვარის ცენტრალური ნაწილის საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი ძეგლის საზღვრებიდან ამოიღონ, რაც სერიოზული საფრთხეა ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მთლიანობისთვის.

გავლენიანი პირები ღია და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვასა და მიტაცებას ბათუმის ბულვარში, პროტესტის მიუხედავად, მაინც ახერხებენ (მაგალითად, ბოლო წლებში აქ აშენდა სასტუმრო „მერიდიენი“, რაც 2015 წელს ამ ძეგლის – ბულვარის უძველესი ნაწილის საზღვრებიდან ამოიღეს კიდეც).

ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესებმა დაგვარწმუნა, რომ ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს, და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან.

ბულვარის განაშენიანების გეგმით, რომელზე მუშაობის დასრულება ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, განისაზღვრება ბათუმის ბულვარის მომავალი განვითარება, მისი ტერიტორიის გამოყენება და დაშვებული სახეობები, ისე რომ არ შეილახოს როგორც ძეგლის ღირებულებები და მახასიათებლები, ასევე არ დაირღვეს მისი საზოგადოებრივი, ღია სივრცის ფუნქცია.

მოვითხოვთ, არ დაუშვათ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სასტუმროსა და მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარებასა და ძეგლის დაცვის ინტერესებს.

ასევე მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღებებმა უზრუნველყოთ ფართო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დახურულ კარებს მიღმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ისედაც საკმაოდ დააზარალა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა და მისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფასეულობა – ბათუმის ბულვარი“.

ღია წერილს ხელს აწერენ ბათუმში მოქმედი შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საზოგადოება „ბათომი“
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • საქართველოს  ახალგაზრდა მწვანეები
  • საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“

______

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი. 2011 წელი, აქცია ბათუმის ბულვარის გადასარჩენად.

რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

ბათუმში, ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებით გადაკეტეს.

ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დასრულებულია. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე გაფორმებული არ არის.  სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.

სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებდა.

ახალი ბულვარის გაგრძელება/ბათუმი/ 4.06.2020

„ნაპირდაცვის პროექტი და, შესაბამისად, სამუშაოებიც დამთავრდა. ნაპირდამცავი ნაგებობა აშენებულია, ზღვაზე ჩასასვლელები მოწყობილია, აღდგენილია სასეირნო ბილიკი და დასრულებულია პლაჟის აღდგენაც [ხრეშის შეტანით]. საქმე იმაშია, რომ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, უნდა შემოეტანა გარკვეული ტექნიკა, რაც ამ დრომდე ვერ მოახერხა. ამიტომ, მიღება-ჩაბარება ჯერჯერობით რჩება პრობლემად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რა ტექნიკა უნდა შემოიტანოს კომპანიამ? – საუბარია ხრეშის გადასაქაჩ ტუმბოებზე, რაც თავის დროზე, ფონდის განმარტებით, არ იყო სწორად შერჩეული. ამჯერად კი, კომპანიამ ისეთი დანადგარები უნდა შემოიტანოს, რომელიც პლაჟის კვებისთვის გამოდგება. ეს ტექნიკა კი, ფონდის განცხადებით, ბათუმის მერიას გადაეცემა.

„პანდემიაც დაემთხვა, თუმცა ახალი ტექნიკის შემოტანის საკითხი ახლა ძალიან სწრაფად მოგვარდება“, – აცხადებენ ფონდში.

„რადგან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტსა და ტერიტორიაზე რჩება ისევ კონტრაქტორს. ვინაიდან  პასუხისმგებლობა მისია, ამიტომ არის შემოღობილი. თუმცა ეს თემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ტერიტორია გაიხსნება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ამ თემაზე:

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ზღვის წყალი 20 გრადუსამდე გათბა – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 ივნისს, დღისით, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე მშრალი ამინდი შენარჩუნდება, ღამით კი მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით იწვიმებს, თუმცა 5 ივნისს, დღისით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბათუმში 6-7 ივნისსაც.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 -23 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 20 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბათუმში 262 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – 4 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 262 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 693 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება – შიმშილობის მე-7 დღე

დღეს, 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაზე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“. ამ მოძრაობის წევრი – ალექსანდრე მილორავა უკვე ერთი კვირა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს.

„…თავს ნორმალურად ვგრძნობ, დღეს სასწრაფოს ჯერ არ შევუმოწმებივარ, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებ“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ საგანგაშოდ აფასებს და ამბობს, რომ კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტების დევნა მიმდინარეობს. საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.

ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას

„140 წლის იტალიური სახლი, რომელიც ბაროკოს სტილშია ნაშენები, რატომ უნდა შეეწიროს პასუხისმგებელი უწყებების გულგრილობას. ფილმი მონანიება ამ სახლში გადაიღეს და სცენარში ძეგლების დაცვაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ესმის“, – ასე სრულდება წერილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის #51-ში მცხოვრებლებმა პროკურატურას დღეს, 3 ივნისს  მიმართეს.

ამ მისამართზე, ბათუმისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ორსართულიანი სახლი მდებარეობს, რომელსაც აქვს როგორც არქიტექტურული, ასევე ისტორიული ღირებულება.

სადაბაზოს მოხატული ჭერი

როგორც აქ მაცხოვრებლები ამბობენ თავდაპირველად, ანუ 2010 წელს, ძეგლში მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად, ისტორიულ სახლის გვერდით, ჯერ 6-სართულიანი მაღლივი კორპუსი ისე ააშენეს, რომ მათ შორის დაშორება მხოლოდ 3 სანტიმეტრია [შუაში პენოპლასტია გამოყენებული], შემდეგ კი კიდევ ერთი სართული დაამატეს. 2020 წლის თებერვალში კი ამავე კორპუსზე სამშენებლო სამუშაოები ისევ განახლდა.

„მშენებლობის დროს დაიბზარა ძეგლის კედლები, ფასადის ერთი მხარე მუდმივად სველდებოდა,  დაცურდა და დაზიანდა კრამიტი“, – ამბობს აქ მცხოვრები ნატალია აროშიძე.

ძეგლის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში აქ მაცხოვრებლები მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებებს – ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადანაშაულებენ. მოქალაქეებმა ყველა მათგანს არაერთგზის, წერილობით და ზეპირსიტყვიერადაც შეატყობინეს, რომ კორპუსი მშენებლობის გამო ძეგლი ზიანდება.

მშენებლობა ძეგლის ინტერესების უგულებელყოფით მაინც გრძელდება.

მიმდინარე მშენებლობა

„ჯერ ექვსი სართული უნდა ყოფილიყო, ახლა მერვეს აშენებენ. არ ვიცით გაჩერდებიან თუ არა ოდესმე, ან რას აკეთებენ ზემოთ. პროექტში ვნახეთ, რომ დახვეული კიბე ადის სახურავზე, რომელსაც ჩვენი სახლის მხარეს მოაჯირს უკეთებენ. გვაინტერესებს, რას უნდა გადმოხედონ? – თუ ასე იქნება, გამოდის, რომ ჩვენს ფანჯრებში უნდა შემოგვიხედონ?“ – ამბობს თემურ მოისწრაფიშვილი.

აქ მაცხოვრებლები ამბობენ იმასაც, რომ მშენებელმა საკადასტრო საზღვრებიც დაარღვია.

თემურ მოისწრაფიშვიილი და ნატალია აროშიძე- ფარნავაზ მეფის#51-ში მაცხოვრებლები

მშენებლობა ძეგლის გვერდით, ფარნავაზ მეფის #53-ში ათი წელია უკვე მესამედ წამოიწყეს: 2010 წელს 6-სართულიან კორპუსის მშენებლობით დაიწყო, 2014 წელს ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვს მასზე ერთი სართულის დაშენების უფლება გასცა. 2020 წლის თებერვალში კი მშენებელმა სამუშაოების გაგრძელების უფლება ლაშა კომახიძისგან ისე მიიღო, რომ ეს ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სააგენტოსთვის არ შეუთანხმებიათ.

მერიაში გვითხრეს, რომ მშენებელს სახლის სახურავზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მხოლოდ ე.წ. საჩრდილობლის მოწყობის ნებართვა მისცა და პროექტი ღიობის მოწყობას არ ითვალისწინებს.  მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მშენებლობა შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს და დარღვევები არ ფიქსირდება. დღეს ან ხვალ მშენებლობის  შემოწმებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს [კმდს] მონიტორინგის ჯგუფიც გეგმავს.

სახლი, რომლის არქიტექტურული იერ-სახე ახალაშენებულმა კორპუსმა დიდწილად დაჩრდილა, 140 წლისაა. აქ შემორჩენილია უნიკალური ბუხარი, 140 წლის წინანდელი კაფელი, სახელურები, მოხატული ჭერი, საუცხოო კიბე და მოაჯირები.

სადარბაზოში შენარჩუნებულია ძველი მოხატულობა და იატაკი

აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მოთხოვნაა, რომ ძეგლს იერ-სახე შეუნარჩუნდეს და ასევე სურთ გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რადგან არ გამორიცხავენ, რომ გაუთავებელმა მშენებლობამ შესაძლოა საძირკველიც დააზიანა.

ეს ძველი კარის სახელურია, რომელიც ამ სახლის ისტორიის ნაწილია. კიდევ ერთი ასეთი სახელური, როგორც ნატალია აროშიძემ გვიამბო, სახლის სადაბაზოს მთავარ კარზე მოიპარეს.

 

ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს

„შემახე ამნისტია“ – ამ მოთხოვნით ბათუმის ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ, რომელიც, პირველ რიგში, შეხება პრობაციონერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს.

„2012 წლის მერე მსგავსი არაფერი ყოფილა… ჩვენთან მნიშვნელოვნად გაზრდილია პატიმრების რაოდენობა და ევროპაში უკვე მეორე ადგილზე ვართ პრობაციონერების რაოდენობით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ შეეხოთ ამნისტია იმისთვის, რომ შეძლონ დასაქმება, ასევე შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აზიანებენ საკუთარ თავს, მაგალითად, ნარკოდამნაშავეებს. ამნისტია არ უნდა შეეხოს მხოლოდ პედოფილიის გამო გასამართლებულ ადამიანებს,“ – ამბობს გიორგი გაბედავა, „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ წარმომადგენელი. ეს ორგანიზაცია ატარებს კამპანიას „შემახე ამნისტია“, რომლის ფარგლებში აქცია თბილისში უკვე გაიმართა. შემდეგი აქცია ზუგდიდში ჩატარდება.

გიორგი გაბედავა ამბობს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან და თუკი მმართველი პოლიტიკური გუნდი თავისი ნებით საყოველთაო ამნისტიის მიღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დამოუკიდებელი დეპუტატი კანონპროექტით მიმართავს პარლამენტს.

„ეს კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის, მუშაობს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც თავად იყო პოლიტპატიმარი,“ – დასძინა გიორგი გაბედავამ „ბათუმელებთან“. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამნისტია მოხდეს საპარლამენტო არჩევნებამდე, რადგან, მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ამ პრობლემას არ გაითვალისწინებენ.

მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს გია ქარცივაძე ითხოვს. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეექვსე დღეს, მილორავას მოთხოვნას – საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, არც ტელევიზიის დირექტორი გამოეხმაურა და არც ბორდის სხვა წევრები, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გია ქარცივაძემ მარტო გადაწყვიტა.

„ადამიანი შიმშილობს უკვე მეექვსე დღე. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნა სჭირდება, მაგრამ მე მაინც მივმართე უკვე მრჩეველთა საბჭოს წერილობით…“ – ამბობს გია ქარცივაძე. მან სოციალურ ქსელში შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ალექსანდრე მილორავას.

„ჩემთვის სრულად გასაგებია თქვენი თავგანწირვა მაუწყებელში მიმდინარე მძიმე პროცესების გამოსასწორებლად… გთხოვთ, შეწყვიტოთ პროტესტის უკიდურესი ზომა და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ – წერს გია ქარცივაძე.

მოძრაობის, „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ალექსანდრე მილორავა უკვე მეექვსე დღეა ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი წევრია, აქედან სამი მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ მიერაა შერჩეული. ორი წევრი ოპოზიციამ შეარჩია, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული თამარ წილოსანი ამბობს, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს ჟურნალისტებთან.

„მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების არაერთი საფუძველი არსებობს, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი (არსებითია) შემდეგი:

  1. მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დევნა; 2. მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა; 3. მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა; 4. კოლექტიური დავის მიმდინარეობისას მედიაციის პროცესის შეწყვეტა,“ – აღნიშნავს გია ქარცივაძე მრჩეველთა საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც იგი გიორგი კოხრეიძის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს“ – წერს გია ქარცივაძე წერილში, რომლითაც იგი მრჩეველთა საბჭოს მიმართავს.

გია ქარცივაძე წერილში გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რომელიც მისი აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია.

„მას შემდეგ, რაც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა/დანიშვნა განხორციელდა, მაუწყებელი იძულებით დატოვა არაერთმა დასაქმებულმა, ხოლო ათეულობით თანამშრომელი გახდა დირექტორის მხრიდან დევნის ობიექტი, მათ მიერ დაკავებული პოზიციისა თუ მათი კრიტიკული აზრის გამო. თანამშრომელთა დევნის პირველი ხილული მაგალითი იყო დირექტორის მიერ მრჩეველთა საბჭოსთვის წარმოდგენილი მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მაუწყებელში უნდა გაუქმებულიყო ის თანამდებობები ან/და სტრუქტურული ერთეულები, სადაც მისთვის მიუღებელი პირები იყვნენ დასაქმებულები,“ – წერს გია ქარცივაძე.

გია ქარცივაძე აღწერს კონკრეტული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების პროცესს, რომელიც, მაგალითად, საერთაშორისო და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა.

„დირექტორმა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მიმართ დაიწყო/დაასრულა დისციპლინური დევნა შინაგანაწესით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნების უხეში დარღვევით, ხოლო ონლაინ მედიის სამსახური სტრუქტურული ერთეულის დებულებაში განხორციელებული ცვლილებით პარალიზებული გახადა.

გარდა იმისა, რომ მაუწყებლის დირექტორი დებულებაში ცვლილებით ცდილობდა მოადგილის მაუწყებლიდან გაშვებას, პარალელურად მის მიმართ/წინააღმდეგ წამოწყებული ჰქონდა დისციპლინური წარმოება და ყველა პირობას უქმნიდა მაუწყებლის დასატოვებლად. დირექტორი დებულების პროექტის ჩავარდნის შემდეგაც აგრძელებდა მის ხელმეორედ წარდგენისთვის/განხილვისთვის მომზადებას, რითაც ერთგვარი სტრესის ქვეშ ამყოფებდა მაუწყებლის თანამშრომლებს და მიზანმიმართულად პირველ მოადგილეს (რომლის ხელშეკრულებაშიც ცვლილება მისი თანხმობის გარეშე შეიტანა). დებულებაში ცვლილების განხილვის განმეორებითი პროცესი შეწყდა მას შემდეგ, რაც პირველმა მოადგილემ (ჯერ კიდევ საავადმყოფო ფურცელზე მყოფმა) დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – აღნიშნულია გია ქარცივაძის მიერ მრჩეველთა საბჭოსთვის მიმართულ წერილში.

მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე „სხვა გეგმას“ უწოდებს გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ტელევიზიიდან მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას.

„სხვა გეგმის“ ნაწილი იყო ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და მაუწყებლის შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევით ახალი ამბების სამსახურის მთავარი გამოშვების წამყვანის თ. ბაკურიძის ჯერ სატელევიზიო ეთერს ჩამოშორება, ხოლო შემდეგ მის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური სახდელის გამოყენება, უმნიშვნელო ან/და შეთხზულ ფაქტებზე დაყრდნობით, არსებითი კვლევის გარეშე.

„სხვა გეგმის“ ნაწილი იყო ახალი ამბების სამსახურში წამყვან-რეპორტიორის თ. თურმანიძის სატელევიზიო ეთერიდან ჩამოშორება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის საჯაროდ აფიქსირებდა თავისი პოზიციას მაუწყებელში მიმდინარე სარედაქციო ერთეულების ნგრევაზე, „სხვა გეგმის“ ნაწილი იყო კოლექტიური დავის პირობებში მაუწყებლის ერთ-ერთი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის – მალხაზ რეხვიაშვილის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება და საბოლოოდ მის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური სახდელის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის შეეცადა საჯაროდ დაეცვა პროფესიული კავშირის ერთ-ერთი წევრი, რომლის მიმართაც დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა იმის გამო, რომ მან ისარგებლა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით,“ – წერს გია ქარცივაძე.

ჯერ უცნობია, რას უპასუხებს მრჩეველთა საბჭო გია ქარცივაძეს.

„მე ვაგრძელებ შიმშილობას“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა, რომელსაც დღეს, 3 ივნისის საღამოს უმაღლესი საბჭოს წევრი უმრავლესობიდან, ცოტნე ანანიძე ხვდება.

 

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში დადასტურებულია Covid-19-ის 555 383 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 31 199 და განიკურნა 223 638 ადამიანი.

ბრაზილია მეორე ადგილზეა ახალი კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. პერუში დადასტურებულია Covid-19-ის 170 039 შემთხვევა [გარდაიცვალა 4 634 ადამიანი], ჩილეში – 108 686 [გარდაიცვალა 1 188 ადამიანი], მექსიკაში – 97 326 [გარდაიცვალა 10 637 ადამიანი].

მსოფლიოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 6 418 078  შემთხვევა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 381 064  ადამიანი, განიკურნა – 2 755 562.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Fernando Bizerra

თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი.

10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.

საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.

ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.

ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას.

სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს.

თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.

უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.

რატომ მოშალა ბოსტნები ინსპექციამ ბათუმში

ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მოქალაქეებს ბოსტნების მორღვევა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი თავად დაშალეს ათამდე მოქალაქის ბოსტნის ღობე. ინსპექციის ქმედებას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

აფხაზეთის ქუჩაზე ახალი დასახლებაა. აქ, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, რომლებმაც ბინები რამდენიმე წლის წინ მიიღეს სახელმწიფოსგან. აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრები ლელა ნოდია ამბობს, რომ იქ, სადაც ახლა ბოსტნები აქვთ, რამდენიმე წლის წინ ეკალ-ბარდი იყო და ქვეწარმავლები ბუდობდნენ. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გაასუფთავა ტერიტორია და იქ ბოსტნეული დარგო.

“არავინ არ ითხოვს ამ ტერიტორიას საკუთრებაში. გაუვალი ადგილი იყო. გავწმინდეთ, კიტრი, პომიდორი და ლობიო დავთესეთ. ცოტა მწვანილიც გვაქვს. დღეს მოვიდნენ და დაიწყეს დანგრევა. გვითხრეს შარშან გაგაფრთხილეთო. მოსავალი გვაქვს უკვე. თუ ღობე არ ექნება, გაგვიფუჭდება,” – ამბობს ლელა ნოდია.

78 წლის ავერიონ ლიპარტელიანი თავის ბოსტანში. აქ ღობე დღეს ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოშალა
მუნიციპალური ინსპექცია შლის ერთ-ერთი მოქალაქის ბოსტნის ღობეს

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა ტერიტორია, რომელზეც ბოსტნები აქვთ გაშენებული, თვითნებურად მიისაკუთრეს.

“ეს ტერიტორია წლებია მიტაცებულია აქაური მოსახლეობის მიერ. თავის დროზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ახლა უკვე მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა ამ ხალხის გაფრთხილება, რომ გამოეთავისუფლებინათ ეს ტერიტორია შემდგომში სავარაუდო კეთილმოწყობის მიზნით. არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილებები და დღეს გადავწყვიტეთ იმ ღობეების დემონტაჟი, რომელიც აქაა განთავსებული. არ ვეხებით ნარგავებს. ვცდილობთ მაქსიმალურად არ დავუზიანოთ ნარგავები და ღობის კონსტრუქციების დემონტაჟი მოხდეს,” – ასე განმარტა მიზეზი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ თენგიზ მესხიძემ, თუ რატომ გადაწყვიტეს ღობეების დემონტაჟი.

საბოლოოდ, მოქალაქეებსა და მუნიციპალურ ინსპექციას შორის შეთანხმება შედგა. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქეებს ორი დღის ვადა მისცა. სწორედ ამ დროში უნდა დაშალონ ბოსტნის ღობეები.

თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაიმართა.

სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ ჩატარდა და გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების მუხლებით, თუმცა ადვოკატი დავით მოდებაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულებისთვის გამოძიებას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ წარუდგენია. ცხრავე დაკავებულს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან, რასაც ბრალდებულები აღიარებენ. ისინი 2019 წელს შემოვიდნენ ბათუმში. ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

„ტერორიზმი გამორიცხეთ“ – ხაზგასმით ამბობს ადვოკატი დავით მოდებაძე, რომელსაც  ვკითხეთ, რატომაა გასაიდუმლოებული საქმის მასალები და რატომ მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის პირობაზე ბრალდებულებს და ადვოკატებს. ადვოკატმა გვითხრა, რომ სწორედ ამ პირობის გამო საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს და ვერც იმას გვეტყვის, რას საქმიანობდნენ ბრალდებულები ბათუმში, ან რატომ მოუწიათ უკანონოდ საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსასვლელად.

სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა: „… საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი“. საუბარია იმ სახლებზე, სადაც ბრალდებულები დააკავეს. ადვოკატის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სულ სამი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ამ ნაწილზე საუბარი დღევანდელ პროცესზე საერთოდ არ ყოფილა და გამოძიება ჯერ კონკრეტულ შედეგზე გასული არ არის.

ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ ბრალდებულს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი. „პანდემიის გამო ვერ მოხერხდა იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა, რომელიც მანამდე ჩანიშნული იყო,“ – აღნიშნა დავით მოდებაძემ. ადვოკატმა თქვა, რომ საუბარი ამ ნაწილზეც აკრძალულია.

გამოძიებას სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

საქართველოში ველოსიპედების გაყიდვები გაიზარდა

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ველოსიპედის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა. ორბორბლიანი ტრანსპორტი დაშვებული იყო შეზღუდვების დროს და ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა გადაადგილების საუკეთესო საშუალება მაშინ, როცა ქვეყანაში ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო. მათ შორისაა ბათუმელი ვახო ბერიძე, რომელიც დიდი ხანია ველომოყვარულია.

„ავტომანქანაც მაქვს, მაგრამ ველოსიპედს დიდი ხანია ვიყენებ. პანდემიის დროს ახალი ველოსიპედი შევიძინე. ჯანმრთელობისთვისაც კარგია, მოგეხსენებათ, და პანდემიის დროსაც გამომადგა. ყველაზე შორი მანძილი, რაც დამიფარავს ველოსიპედით, 20-25 კილომეტრია,“ – გვითხრა მან.

ველოტრანსპორტის პოპულარობის ზრდის პარალელურად საქართველოში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა. ველოსიპედის მაღაზიებში ამბობენ, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე ველოსიპედების გაყიდვა 2-3-ჯერაც კი არის გაზრდილი.

„სამჯერ მაინცაა გაზრდილი მოთხოვნა წინა თვეებთან შედარებით,“ – გვითხრეს ველოსიპედების მაღაზიაში, ბათუმში. ამ კომპანიას პუშკინის ქუჩაზე ველოსიპედების ორი მაღაზია აქვს. აქ გვითხრეს, რომ შემოტანილი საქონელი რიგ შემთხვევებში საკმარისი არ აღმოჩნდა მყიდველების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან პანდემიის გამო ველოსიპედების შემოტანა რთული იყო.

ველოსიპედზე რომ მოთხოვნა გაზრდილია, ამას გვიდასტურებენ ინტერნეტმაღაზია „ველო სახლშიც“. ეს მაღაზია სხვადასხვა სახის ველოსიპედით ვაჭრობს.

„დაახლოებით 2-3-ჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. ყოველწლიურად გაყიდვები იზრდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ველოსიპედების გაყიდვების გაზრდა პანდემიას უკავშირდება. მოთხოვნა ყველა ფასის ველოსიპედზეა, 450 ლარიდან 2000 ლარამდე,“ – გვითხრეს ინტერნეტმაღაზიაში.

იგივე გვითხეს ველოსიპედების კიდევ ერთ მაღაზია allbikes.ge-ში.

„ისეთი სიტუაცია იყო, ადამიანებს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, იძულებული გახდა ბევრი, შეეძინა ველოსიპედი, რომ გადაადგილებულიყო თუნდაც სამსახურში. სეზონიც დაემთხვა ამ ყველაფერს, სეზონზე ყოველთვის არის აქტივობა, თუმცა პანდემიის პერიოდში [შეზღუდვების დროს] უფრო მეტი აქტივობა იყო, ვიდრე, მაგალითად,ივნისსა და მაისში. გაცილებით მეტი გაყიდვები იყო ახლა, ვიდრე სხვა წლებში, ამავე პერიოდში. დაახლოებით 30-40 პროცენტით გაიზარდა გაყიდვები,“ – გვითხრეს მაღაზიაში. აქვე ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაყიდვებმა შედარებით იკლო.

ველოსიპედზე მოთხოვნა გაიზარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც, მათ შორის, იტალიაშიც, სადაც, მართალია, ველოტრანსპორტი აქამდეც პოპულარული იყო, მაგრამ არა ისე, როგორც, მაგალითად, გერმანიაში ან ნიდერლანდებში. გერმანულმა გამოცემამ, „შპიგელმა“, იტალიაში ველოტრანსპორტის პოპულარობის ზრდაზე სტატიაც კი მოამზადა სათაურით – „ფერარის სამშობლო ველოსიპედების ქვეყანა ხდება“.

იტალიაში ველოტრანსპორტის წახალისებაში მთავრობაც ჩაერთო. კერძოდ, იმ ქალაქებში, სადაც 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ველოსიპედის ან სკუტერის შეძენის შემთხვევაში მისი ღირებულების 60 პროცენტს, მაქსიმუმ 500 ევროს, მთავრობა გადაიხდის. ამისათვის იტალიის მთავრობამ 120 მლნ ევრო გამოყო. მთავრობის შეთავაზება იმ პირებს ეხება, რომლებიც 2020 წლის 4 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეიძენენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, ველოსიპედს, სკუტერს და სხვა ელექტრომგორავებს.

იტალია, რომი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Riccardo Antimiani

ველოტრანსპორტი გერმანიაში აქამდეც პოპულარული იყო, თუმცა „დოიჩე ველე“ წერს, რომ პანდემიის პირობებში ამ ქვეყანაშიც გაიზარდა მოთხოვნა და ქვეყანაში „ველოსიპედების მიკრობუმია“. კორონავირუსის პანდემიის გამო კიდევ უფრო მეტი გერმანელი არჩევს, თავი აარიდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ველოსიპედზე გადაჯდეს.

_____________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

პირბადის გარეშე მგზავრობის გამო 549 პირს ბათუმში ტრანსპორტი დაატოვებინეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში 36 მგზავრი დააჯარიმეს მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 549 პირს კი პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი დაატოვებინეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება. იკრძალება კონდიციონერის გამოყენება, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს. ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია.

მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, 549 პირს პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი დაატოვებინეს.

მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა შეივსოს სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერი. ასევე ყოველდღიურად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია.

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო 5 დღის განმავლობაში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 9 584-ჯერ შეამოწმა მუნიციპალური ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსები კი – 6 967-ჯერ.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ფეისბუკიდან

მეხსიერება – ჩაძირული ქუჩები და გამქრალი სანაპიროები

ავტორი: მულტიმედია პლატფორმა „ვირაგო“

მეხსიერება – ჩაძირული ქუჩები და გამქრალი სანაპიროები

როდის შეძლებთ ქორწილის გადახდას და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ სიძე-პატარძალს

როდის იქნება შესაძლებელი ქორწილის გადახდა, ისევ უცნობია. 8 ივნისიდან  დახურული კაფე-რესტორნების ნაწილი იხსნება, თუმცა ეს არ ეხება საქორწინო და სარიტუალო დარბაზებს. 15 ივლისამდე ძალაში რჩება მთავრობის განკარგულების ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

„თუკი შესაძლებელია რესტორნებში 10-ზე მეტი პირის შეკრება სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება იმავე წესის დაცვით საქორწინო დარბაზებმაც იმუშაონ? არაა ეს სამართლიანი“, – ამბობს სარიტუალო დარბაზ „ალექსანდრიას“ მენეჯერი დავით ჯაფარიძე. ეს და სხვა საქორწინო დარბაზები ამ ეტაპზე ჯავშნებს ვერ იღებენ – სარიტუალო დარბაზები ისევ დაკეტილია.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე – 144-ზე განმარტავენ, რომ შეზღუდვა 15 ივლისამდე მოქმედებს და ჯერ უცნობია, როდემდე შენარჩუნდება ეს შეზღუდვა, ხოლო თუ ვინმე რესტორანში გამართავს ქორწილს, რესტორნის მესაკუთრეს დააჯარიმებენ 10 ათასი ლარით. შესაძლებელია, მეფე-პატარძალიც დაჯარიმდეს.

„…კი, შესაძლებელია, ფიზიკური პირებიც დაჯარიმდნენ 2 – 2 ათასი ლარით, ამაზე გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებს ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს რესტორანს. ქორწილის სახე თუ მიეცემა შეკრებას ან იუბილე, ქელეხი და ასე შემდეგ, იურიდიული პირი დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. ჩასწორება ამ კუთხით დადგენილებაში ჯერ არ გვაქვს… არ ვიცით, იქნება თუ არა ჩასწორება,“ – გვიპასუხა 144-ის ოპერატორმა.

როდიდან შეძლებს ბიზნესის განახლებას, ეს არც სარიტუალო დარბაზ „ელიტას“ მენეჯერმა, ზია დიასამიძემ იცის.

„მითითება არ არის არაფერი, ისე როგორ გავაკეთებ ჯავშანს? მოდიან, მელაპარაკებიან, მაგრამ კონკრეტულ თარიღზე არ ვთანხმდებით… გამოაცხადებენ, ალბათ,“ – აღნიშნა ზია დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

უსინათლო ქალი ბათუმში: კომპენსაცია არ მომცეს

ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.

უსინათლო და მარტოხელა ქალმა, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, გვითხრა, რომ არ უნდა საჯაროდ გამოჩენა, რადგან შესაძლოა მის ნათესავებს ამან დისკომფორტი შეუქმნას. თუმცა 100 ლარი მისთვის მნიშვნელოვანი თანხაა და მიიჩნევს, რომ მან ეს 100 ლარი ბიუროკრატიის გამო დაკარგა.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დახმარების მიღების ინსტრუქციში, რომელიც არეგულირებს შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემის წესს, წერია: “მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ამ პირების სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს”.

მთავრობის ინსტრუქციაში არაფერი წერია სხვა წესების შესახებ, რაც ასაკით პენსიონერ შშმ პირებს ეხება. თუმცა სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა, ნოდარ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მთავრობის დებულების მიხედვით, თუ ადამიანი ასაკის პენსიას იღებს და ამავე დროს არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, საჭიროა დამატებით განცხადების შევსება და წარდგენა სოციალურ სააგენტოში, ასევე სამედიცინო შემოწმების აქტის ამონაწერი/პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

“ვინც ასაკით პენსიონერი არ იყო, მაგრამ ჰქონდა პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი, იმათ ავტომატურად ჩაერიცხათ, მათთვის განცხადებები საჭირო არ არის, მაგრამ ვინც ასაკით პენსიონერია, ისინი უნდა გამოცხადდნენ, შეავსონ განაცხადი, წარადგინონ პირველი ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიცემა, როცა მოვლენ განცხადების შემოტანისთვის, იმის მომდევნო თვიდან. ეს წერია დადგენილებაში”, – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.

70 წლამდე ასაკის შშმ ქალი ამბობს, რომ ის სათანადოდ ინფორმირებული არ იყო ამ კონკრეტული ბიუროკრატიული დეტალის შესახებ. ის ელოდა, რომ 100-ლარიანი კომპენსაცია პენსიასთან ერთად ჩაერიცხებოდა. “რომ არ ჩაირიცხა, მივედი [სააგენტოში], მაგრამ ვადა გასულიაო. იქამდე კარანტინი იყო, გამყოლი არავინ მყავდა”, – ამბობს პენსიონერი.

სააგენტოში ამბობენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა ტელევიზიითაც და წინა თვის გაცდენილ დახმარებას ახლა ვერ გასცემენ. “საერთოდ, ყველაფერი განცხადების შემოტანის თვის მომდევნო თვიდან ინიშნება და თუ განცხადება შემოიტანა ივნისში, დახმარება მიეცემა პირველი ივლისიდან, თუ მაისში – ივნისიდან, მომდევნო თვიდან…” – გვითხრეს სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსინათლო ქალი მარტოხელაა, მას ზოგჯერ ნათესავები აკითხავენ და ეხმარებიან საჭმლის მომზადებასა თუ სხვა საქმეებში. ქალს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და რამდენიმე წელია სარგებლობს შშმ პირების ასისტენტის სერვისით, რომელსაც ბათუმის მერიის ერთ-ერთი პროგრამაა. ასისტენტის მოვალეობაში შედის უსინათლო ბენეფიციარის გაცილება და თანხლება კვირაში რამდენჯერმე, როცა ამას უშუალოდ ბენეფიციარი ითხოვს.

“კარანტინის პერიოდში არავინ მუშაობდა, მე მარტოხელა ვარ. არავინ მყავდა, რომ გამყოლოდა, ჩემით არ შემიძლია… რატომ უნდა წამართვან ის, რაც მეკუთვნის, იმის გამო, რომ დროულად ვერ გავიგე და ვერ მივედი, ან რად უნდოდა ჩემი მისვლა, მე იქ ბაზაში ხომ ვარ იმ კატეგორიაში… ამაზე მწყდება გული”, – ამბობს პენსიონერი.

უსინათლო პენსიონერი ამბობს, რომ მასთან არავის დაურეკავს და შეტყობინება რომც მიეღო, მის წაკითხვას ვერ მოახერხებდა – “ტელევიზორში რომ თქვეს დახმარებაზე, გავიგე, მაგრამ იქ თქვეს, რომ პენსიაზე ჩაირიცხებოდა, არ უნდა დაერეკათ განცხადების შევსებაა საჭიროო? ჩემი ნომერი აქვთ”.

სოციალურ სააგენტოში კი ამბობენ, რომ შშმ პირების ცალკეულად ინფორმირებისთვის დამატებით სერვისი არ არსებობს – “ეს ინფორმაცია გადაიცემოდა ტელევიზიითაც, რადიოთიც… გამოქვეყნება ნიშნავს, რომ გასაჯაროვდა”.

Exit mobile version