მთავარი,სიახლეები

მოქალაქე: „ჩემი მეუღლე მუცლით დაეცა არმატურაზე, რომელიც მოსაცდელის ადგილას დატოვეს“

14.08.2020 • 1833
მოქალაქე: „ჩემი მეუღლე მუცლით დაეცა არმატურაზე, რომელიც მოსაცდელის ადგილას დატოვეს“

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, გაჩერების დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ რკინის შვერილზე მოქალაქე დაზიანდა. დაზარალებული ქალის ქმარმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის მეუღლეს გადაჭრილ რკინაზე დაცემის შემდეგ სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

„გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე მიდიოდა, წამოკრა ფეხი ამ არმატურის  ნაგლეჯზე და მუცლით დაეცა. სასწრაფოთი წავიყვანეთ და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა უკეთაა, გადავრჩით,“ – ამბობს ვანო, დაზარალებული ქალის მეუღლე.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ინციდენტი დღეს, 14 აგვისტოს მოხდა, როცა გამვლელმა ბავშვმა ასევე შემთხვევით გამოკრა ფეხი მიწაში ჩაბეტონებულ არმატურას და წაიქცა – თვითმხილველი ამბობს, რომ ბავშვი შემთხვევით გადაურჩა რკინაზე თავით დაცემას.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი შემთხვევები და მოუწესრიგებელი ტროტუარები პირველი არ არის. იმიტომ, რომ საქმეს გულგრილად აკეთებენ და მისი შესრულების ხარისხს არავინ ამოწმებს,“ – ამბობს მოქალაქე.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც დაქირავებულ კომპანია „ალმაში“ გადაგვამისამართეს – წერეთლის ქუჩაზე გაჩერების დემონტაჟის სამუშაოები ამ კომპანიას აქვს შესრულებულიო. კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ გაჩერება 10-15 დღის წინ მოშალეს და მის ადგილას ახალი გაჩერება უნდა მოაწყონ. მისივე მტკიცებით, ადგილი, საიდანაც ძველი გაჩერება აიღეს, წითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული.

„ანკერებია დარჩენილი, სადაც იყო უსაფრთხოების ლენტი შემოკრული. ეს მოსაცდელი დიდდება, რადგან მოსახლეობას არ ჰყოფნიდა. ახალი შეღებილი, გაზრდილი, გარემონტებული მოსაცდელი დადგება იმავე ტერიტორიაზე,“ – ამბობს მიშა გორგილაძე, შპს „ალმას“ აჭარის რეგიონალური მენეჯერი.

კითხვაზე, წერეთლის ქუჩაზე მოშლილი მოსაცდელის ადგილას არის თუ არა დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, მიშა გორგილაძე ამტკიცებს, რომ – არის.

„ჩვენ გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული შემსრულებელთან, რომელიც ვალდებულია უსაფრთხოების ნორმები ჰქონოდა დაცული. მე, პირადად, გადავაკონტროლე და იყო წითელი ლენტი გავლებული, სადაც ანკერებია ამოშვერილი. ცუდი ამინდი იყო, შეიძლება მოძვრა,“ – გვითხრა მიშა გორგილაძემ.

კითხვაზე, სამუშაოების მსგავსად ჩატარება შეესაბამება თუ არა ბათუმის მერიის დადგენილ სტანდარტებს, მიშა გორგილაძე პასუხობს: „სტანდარტია, რადგან იგივე ანკერზე უნდა დამონტაჟდეს ახალი მოსაცდელი. თუ ლენტი არაა და ვინმეს მოგლეჯილი აქვს, ახალ ლენტს გაავლებენ“.

მიშა გორგილაძის თქმით, ახალი მოსაცდელი წერეთლის ქუჩაზე „მაქსიმუმ ორ-სამ დღეში დამონტაჟდება“. მანამდე კი კომპანია ტერიტორიას გამაფრთხილებელი ლენტით ისევ შემოსაზღვრავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: