განათლება,მთავარი,სიახლეები

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ახალი წესი – მთავრობის დადგენილება

12.08.2020 • 4448
უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ახალი წესი – მთავრობის დადგენილება

12 აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გარდამავალ დებულებებში. დებულებებს დაემატა 2 პუნქტი, რომლებიც უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ეხება.

ახალი ცვლილებით:

[checklist]

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
  • სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 30 ივნისამდე წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება, ასევე იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დადებითად შეუფასდათ გარე დაკვირვება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით [წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება] დადგენილი მოთხოვნები.

[/checklist]

ახალი ცვლილებით შეიცვალა ასევე 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი [რომელიც არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობებს ეხება] და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

2020-2021 სასწავლო წლის  II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;“.

[ეს პუნქტი ცვლილებამდე შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას და პროფესიულ კომპეტენციას 10-10 კრედიტქულაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 7-7 კრედიტქულაზე აქვს დადასტურებული, მას უფლება ექნება დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა“].

გარდამავალ დებულებებს დაემატა ასევე ახალი, მუხლი 44. მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელიც ასეა ჩამოყალიბებული:

„ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების/მინიჭების მიზნით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის №390 დადგენილების ამოქმედებამდე [ანუ ამავე წლის 30 ივნისამდე] უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ურთიერთობა სხვაგვარად არ რეგულირდება, ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნებით.“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: