ჯანდაცვის სამინისტრო 200 000 სწრაფი ტესტის შესყიდვას გეგმავს – COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯამში 200 ათას ცალ ანტიგენის სწრაფ ტესტს (Antigen (Ag) RDT) და ანტისხეულების სწრაფ ტესტს (IgM/IgG) შეისყიდის. სამინისტრო შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს, მანამდე კი ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ტესტების შესყიდვა, მსოფლიო ბანაკის დაფინანსებით, ამავე ბანკის COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი ფასები 23 ივლისამდე უნდა წარუდგინონ.

სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პროცედურების გამოცხადებისას პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრული იქნება შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: 

  • მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მინიმუმ სამი წლის გამოცდილება სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების;
  •  მსგავსი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების თაობაზე შესრულებული წარმატებული ხელშეკრულებები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი ქვეყნის სერტიფიკატი.

—–

2020 წლის 21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ პირს, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 9 პაციენტი.

ამ თემაზე:

მეზღვაურები კარანტინს დატოვებენ, თუ ყოველ 60 საათში გაივლიან PCR ტესტს საკუთარი ხარჯით

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 23-24 ივლისს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ პირს, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 9 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 33 476 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით აჭარაში კარანტინში იმყოფება 2008 პირი.

___________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა – 21 ივლისის მონაცემები

21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1049 შემთხვევა, 903 პაციენტი განიკურნა,  16 – გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დღეს კარანტინში იმყოფება 5534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 ადამიანი.

ოცნებობენ ადამიანები ჭკვიან სახლებზე? | Smarter.ge

გასული საუკუნის დასაწყისში მეორე ინდუსტრიულმა რევოლუციამ, ცნობილმა, როგორც ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, ადამიანებს ხედვისა და წარმოდგენების ახალი ჰორიზონტი გაუჭრა. დროთა განმავლობაში მეცნიერული მიღწევები პოპულარულმა კულტურამ უფრო საჯარო გახადა, მეტიც, გამოგონილი შინაარსის ფილმებმა და წიგნებმა შემდეგ უკვე მეცნიერების განვითარებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ადამიანებს გაუჩნდათ ცხოვრების უფრო და უფრო გამარტივების სურვილი, სურვილი იმისა, რომ გარემო იყოს მასზე მორგებული და არა პირიქით.

ასეა თუ ისე, განვითარება ყველაზე ხელშესახები მაშინაა, როცა მას თავად შევიგრძნობ, როცა პროგრესი საკუთარ სახლში იჭრება. ალბათ, გინახავთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები, რომლებშიც სამყარო რობოტიზებულია, ადამიანებს კი თითქმის აღარ უწევთ რუტინული საქმის კეთება, მაგალითად, “მე, რობოტი”, “სამართებლის პირზე მორბენალი” და სხვები. ამ სტატიაში გესაუბრებით სწორედ ამგვარი “მომავლის” სახლზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აწყმოდ იქცა.

Smarter – ჭკვიანი სახლის სისტემები

ჭკვიანი სახლი თანამედროვე, უსაფრთხო, კომფორტული და ენერგოეფექტური გარემოა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით და მხოლოდ ერთი აპლიკაციით იმართება.

კომპანია სმარტერი ქართულ რეალობაში 2016 წლიდან გამოჩნდა და ადგილობრივ ბაზარზე ჭკვიანი სახლის სისტემების მოწინავე კომპანიებს ოფიციალურად წარმოადგენს.

“ამ სფეროთი დაინტერესება დაიწყო ბევრი წლის წინ, როცა საკუთარი მოხმარებისთვის დავიწყეთ ჭკვიანი სახლის სისტემების გამოწერა. მაშინ დასავლეთშიც ახლად იკიდებდა ფეხს ეს ტექნოლოგია და როცა ჩვენ აქ ჩვენს თავზე გამოვცადეთ ეს კომფორტი, გადავწყვიტეთ, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შესაძლებელი გაგვეხადა ადგილობრივ ბაზარზე ამ სერვისების მიღება.”- ამბობს დიმიტრი აბულაძე Smarter-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

რა გამოწვევებს პასუხობს ჭკვიანი სახლი?

კომფორტი: ალბათ, რთული წარმოსადგენია დღეს არსებული ცხოვრების რიტმის პირობებში დილის მზის სხივებმა გაგაღვიძოს და არა შემაწუხებელი მაღვიძარას ხმამ, მაგრამ ჭკვიანი სახლი, როგორც ამბობენ, იმის საშუალებას იძლევა, ფარდა-ჟალუზები მზის ამოსვლისას ისე გადაიწიოს, რომ ბუნებრივ პირობებში გაგეღვიძოთ, ამ დროისთვის კი სამზარეულოში ყავა უკვე მზად დაგხვდეთ.

“კომფორტი არსებობს იქამდე, სადამდეც წვდება ადამიანის მოთხოვნები. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ყველა მომხმარებლის მოთხოვნას მოერგოს,”- ამბობს სანდრო მჭედლიშვილი, სმარტერის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

უსაფრთხოება: უსაფრთხოება არამარტო ჭკვიანი სახლის, არამედ ზოგადად კაცობრიობის გამოწვევაა.  Smarter-ის ჭკვიანი ტექნოლოგიები სახლიდან გამოსულებს სამუდამოდ გაგიქრობთ იმის შიშს, დაგრჩათ თუ არა უთო ჩართული, კარი გადასაკეტი, ქურა გასათიში და ასე შემდეგ. მოძრაობის დეტექტორისა და ჭკვიანი კამერების საშუალებით მუდმივად გეცოდინებათ რამდენად დაცულია სახლი, ასევე შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ წყლის, გაზის თუ სხვა სახლამდე მოსული ნივთიერების გაჟონვის საფრთხეები.

სანდოობა პერსპექტივაში: გარდა იმისა, რომ ჭკვიან სახლს ტექნიკურად სერტიფიცირებული და პროფესიონალი ინჟინრების გუნდი გაგიმართავთ, ამასთან, კომპანია მუდმივად იქნება თქვენთან კონტაქტზე, ნებისმიერ დროს მზად, გიპასუხოთ ყველა კითხვაზე და მოგცეთ ყველა ის ცოდნა, რითიც სერვისისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ.

სმარტერის ჭკვიანი გადაწყვეტილებები

სახლის, ოფისის, სასტუმროსა თუ აგარაკის მოწყობისას თქვენ გაქვთ საშუალება შენობა აღჭურვოთ შემდეგი ჭკვიანი სისტემებით:

კიდევ რა სიახლეებია?

” ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ბათუმში და ზოგადად, აჭარის რეგიონში თითქმის ყველა წამყვან კომპანიასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში ბევრი უცხოელი ყიდულობს ბინას და მათთვის ნაცნობი და მიმზიდველია აღნიშნული ტექნოლოგიები, დეველოპერები, რომლებსაც საშუალო ან საშუალოზე მაღალ სეგმენტზე აქვთ გათვლა, უკვე აუცილებელ პირობად მიიჩნევენ ბინების ჭკვიანი სისტემებით აღჭურვას და ისე გაყიდვას. “

შესაბამისად, სულ მალე „სმარტერი“ შოურუმს ბათუმში მოაწყობს, სადაც დაინტერესებულ კომპანიებსა თუ კერძო პირებს შეეძლებათ საკუთარ თავზე გამოსცადონ ის უპირატესობები, რაც ჭკვიანი სახლის სისტემებს აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში უკვე არის კომპანიის ოფისი, საიდანაც არსებულ და მომავალ კლიენტებს აწვდიან სერვისსა და მომსახურებას. ასევე, როგორც კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებიან, ჩაეშვება სამართავი აპლიკაცია ქართულ ენაზე, რომელსაც წვდომა ექნება ყველა იმ ფირმის ტექნოლოგიასთან, რომელსაც ამჟამად კომპანია გვთავაზობს. ცხოვრება კი სმარტერთან ერთად უფრო გამარტივდება.

პარტნიორები

გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სმარტერი მოწინავე კომპანიებს ოფიციალურად წარმოადგენს, მაგალითად Orvibo-ს რომელმაც ქართველი მომხმარებლის გული მალევე მოიგო და დღეისთვის ყველაზე პოპულარული ბრენდია, ასევე საქართველოში თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან და ჯამში ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი აქვს 7000-ზე მეტი აპარტამენტი, 500 ოფისი, 10ზე მეტი რესტორანი და ამჟამად ითვლის 10 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. მათ უკვე გამოსცადეს, როგორია იცხოვრო სახლში, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ჭკვიანი.

საიტი Smarter.ge თქვენც გაძლევთ საშუალებას გატესტოთ ჭკვიანი სახლი თქვენი სმარტფონის გამოყენებით, ასევე ააწყოთ თქვენი ჭკვიანი სახლი და ზუსტად იცოდეთ, რა ფასად შეძლებთ წარმოდგენილი კომფორტის ჰორიზონტთან მიახლოებას.

 

რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა აპრილიდან 98 პროცენტით შემცირდა. სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ტვირთის გადამზიდავები ახერხებენ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ 39 618 პირი შემოვიდა. საქართველომ რუსეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 16 მარტს ჩაკეტა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა მარტში 78 პროცენტით შემცირდა. აპრილში, მაისსა და ივნისში კი, კლებამ 98 პროცენტს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  • მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ  39 618 პირი შემოვიდა
  • აპრილში რუსეთიდან 11 986 შემოსვლის ფაქტი დაფიქსირდა
  • მაისში – 12 635
  • ივნისში – 11 444

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე აქვს დათვლილი უშუალოდ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც „ყაზბეგიდან“ შემოვიდნენ საქართველოში, მათ შორის, არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

  • მარტში 32 788 რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში „ყაზბეგიდან“
  • აპრილში – 3 496
  • მაისში – 3 561
  • ივნისში – 3 433

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ცალკე არ ითვლიან, რამდენი ადამიანი შემოდის, როგორც ტრანზიტული მძღოლი კონკრეტული ქვეყნიდან და ტრანზიტული მოძრაობის რაოდენობას თვეების მიხედვით ცალ-ცალკე ითვლიან.

___

მთავარი ფოტო: 2017 წელი. ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა

უსკოს წევრობის 6 კანდიდატი – ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ

უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] სამ ახალ წევრს, მათ შორის, თავმჯდომარის მოადგილეს, უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, უმაღლესმა საბჭომ ისინი სამი ახალი წევრით უნდა ჩაანაცვლოს.

კანდიდატების სია უმაღლეს საბჭოში უკვე შესულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი წარადგინა, ეს პირები კონკურსის წესით შეარჩიეს.

მათგან  უმაღლესი საბჭო სამ წევს შეარჩევს, რომლებიც კომისიაში შევლენ, შემდეგ კი კომისია თავმჯდომარის ახალ მოადგილეს აირჩევს.

ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას თორნიკე მჟავანაძე იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იმავე მიზეზით უსკოს კომისიას დატოვებენ რამაზ გოლომანიძე და ზურაბ გოლიაძეც.

წარდგენილებს შორის არიან: რამაზ ბოლქვაძე – ხულოს საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე [2006-2010] წლებში.

ირაკლი გვარჯალაძე – ის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობდა.

მარიამ გუგუნავა – აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მეუღლე. პროფესიით იურისტია და  როგორც თვითონ გვითხრა, საარჩევნო მიმართულება ყოველთვის აინტერესებდა: „ამ თემაზე ვწერ სამაგისტრო ნაშრომსაც“.

სოფო დიასამიძე – სტომატოლოგი, რომელსაც საუბნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ნოდარ მელაძე – ხულოს საოლქო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე.

დავით ფარტენაძე – ის სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის თანამშრომელია და აქვს საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება.

რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან?

პლასტმასი რომ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა, ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ სახიფათო ტენდენციაზე, კერძოდ იმაზე თუ რამდენად საზიანოა მარიხუანის მოსაწევად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭურჭელი – პლასტმასის ე.წ. ხელნაკეთი ბონგი, რომელიც წყლის ერთჯერადი ბოთლისა და ვერცხლის ქაღალდის კომბინაციით მზადდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლასტმასის ჭურჭლის უმეტესობა გახურებისას კანცეროგენულ ქიმიკატებს გამოყოფს, მარიხუანის მოწევისთვის განკუთვნილი პლასტმასის ხელნაკეთი ბონგიც არ არის უსაფრთხო. ჩაკიდებისას ვერცხლის ქაღალდი ხურდება და ადნობს პლასტმასის ბოთლის ყელს, ასეთი ბოთლიდან მოწევისას, დამდნარი პლასტმასის კვამლი, მარიხუანის ბოლთან ერთად მიდის ფილტვებში, რაც სპეციალისტების შეფასებით – ძალიან სახიფათოა.

“განსაკუთრებით ზიანის მომტანია პლასტმასის ბოთლის გახურების დროს აალებადი კანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც ინტენსიური ჩასუნთქვის შემთხვევაში ფილტვის ქსოვილს აყენებს ზიანს და დროთა განმავლობაში, სისტემატიური მოხმარების პიროებებში, შეიძლება ეს გახდეს ისეთი საშიში დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორიცაა  ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე”, – ამბობს ეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი ნარგული ასანიძე.

ტყემალი მინერალური წყლისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბოთლში. წარწერა პლასტმასზე: 1 PET

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოცემა წერს, რომ პლასტმასი გაცხელებისას ქიმიკატებს გამოყოფს, რომლებმაც შესაძლოა თქვენს საჭმელსა თუ სასმელში შეაღწიოს. “კვლევებმა აჩვენეს, რომ პლასტმასისგან გარკვეულ ქიმიკატები შესაძლოა ჩვენს საკვებსა და სასმელში აღმოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს უფრო სწრაფად და უფრო დიდი დოზით, როდესაც პლასტმასი ხურდება. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენ მიიღოთ პოტენციურად მავნე ქიმიკატების კიდევ უფრო მაღალი დოზა, თუ საკვებს პლასტმასის კონტეინერით გააცხელებთ მიკროტალღურ ღუმელში”, –  ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს პირდაპირ დამდნარი პლასტმასის კვამლის ჩასუნთქვა.

საკვებისა და სასმელის ინდუსტრიაში სულ ათამდე სახეობის პლასტმასი გამოიყენება. სასმელი წყლის ჭურჭლისთვის ძირითადად გამოიყენება პლასტმასი კოდით 1 – პოლიეთილენ ტერაფტალატი (PET ან PETE). მიჩნევა, რომ იგი უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისთვის, მისი მრავალჯერადად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნარგული ასანიძე ამბობს, რომ ქიმიკატების გამოყოფის თვალსაზრისით, საშიშია ასეთი ბოთლების მეორადად გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათში ცხელ სითხეს/მასას ასხამთ, რადგან შესაძლოა გახურებისას პლასტმასი ამ მასასთან შევიდეს რეაქციაში და იგი საკვებად უვარგისი ხდება.

ბიოლოგი ამბობს, რომ საფრთხის შემცველია პლაჟზე წაღებული წყლის ბოთლის გაჩერება მზის გულზე. “აუცილებლად უნდა გადააფაროთ რამე, რომ არ მოხდეს პლასტმასის გახურება”, – ამბობს ის.

აჭარა TV ჩქმალავს მნიშვნელოვან ამბებს და არ აკრიტიკებს ხელისუფლებას – ქარტიის ანგარიში

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 6 თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ანგარიშიდან, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების ხარისხს შეეხება.

მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქება

„მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი და საგანგაშოა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ შევადარებთ 2020 წლის მარტამდე არსებულ ვითარებას, როდესაც აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების ძირითადი თემა ხშირად იყო თავად აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. მაუწყებლის ჟურნალისტები და წამყვანები ხშირად მიუთითებდნენ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე“, – ნათქვამია ქარტიის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში წერია, რომ სამონიტორინგო პერიოდში, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები „საერთოდ ამოვარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგიდან“.

„…საინფორმაციო გამოშვების ეთერში საერთოდ ვერ მოხვდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც ომბუდსმენმა აჭარის მაუწყებლის დირექტორ გიორგი კოხრეიძეს 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდა. ასევე, არ გაშუქდა ამავე არხის გადაცემა „ჰეშთეგისა“ და ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლის, მალხაზ რეხვიაშვილის საჯარო წერილი, რომლითაც ის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის რეპრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭა თეონა თურმანიძის ფეისბუქპოსტის გამო ეთერიდან გათავისუფლების ამბავს – 21 აპრილის გადაცემაში ამის შესახებ მაყურებელს გამოშვების ბოლოს, მე-15 ამბად, ამინდის პროგნოზის წინ მიაწოდეს ინფორმაცია. 11 მაისს კადრსინქრონად გაშუქდა მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, ამ ამბავზე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოხმაურება კი საერთოდ არ გაშუქებულა.

გარდა აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხებისა, მთავარი 20:00 საათზე ყურადღების მიღმა ტოვებდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საკითხებს. მაგალითად, 12 მაისს მაუწყებელმა ვრცლად გააშუქა ისეთი თემები, როგორიცაა პრემიერის ვიზიტი და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრები, თუმცა არ დაინტერესდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაციებით. ამ დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული, მათ შორისაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც“, – წერია ანგარიშში.

მონიტორინგის მასალებში საუბარია 27 აპრილს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც შეეხებოდა კორუფციულ სქემას საერთაშორისო გადამზიდავებთან დაკავშირებით. ანგარიშში წერია, რომ „აღნიშნულ თემას არაერთმა ცენტრალურმა ტელევიზიამ დაუთმო მნიშვნელოვანი ყურადღება, თუმცა აჭარის მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი არც 27 აპრილს გაშუქებულა და არც შემდგომ დღეებში“, – წერია ანგარიშში.

მონიტორინგის მასალებში ყურადღებაა გამახვილებული სხვა დეტალებზეც: „30 აპრილს ბათუმის მერი საკრებულოს წინაშე წარსდგა ყოველწლიური ანგარიშით, თუმცა, როგორც სხვა მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, მისი ანგარიში არ იყო სრულყოფილი და სიტყვიერი მოხსენების ნაცვლად, მერმა საკუთარი საუბრის ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა. მერმა და მისმა წარმომადგენლებმა არც საკრებულოს წევრთა კითხვებს დაუთმეს ადეკვატური დრო. მერის საკრებულოში მისვლის ამბავი „მთავარში“ გაშუქდა, თუმცა აღნიშნული დეტალები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.

19 მაისს TV-25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სულხან მესხიძემ გაავრცელა განცხადება, რომ თორნიკე რიჟვაძე მინისტრებს მათთან ურთიერთობას უკრძალავს. ამბავი გააშუქა ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამაც, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო ბადეში კი ეს ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა“.

ბალანსის დაცვა

„მონიტორინგის პერიოდში „მთავარში“ 20:00 საათზე, რიგ შემთხვევებში, ბალანსი არ იყო დაცული, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებისთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭებაში ან საერთოდ არგაშუქებაში.

მაგალითად, 2020 წლის 21 აპრილის გადაცემაში გასული სიუჟეტი – „საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა“ ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის დამატებითი ვადით გაგრძელებას.

სიუჟეტში არ იყო გაშუქებული ოპოზიციის კრიტიკა და არგუმენტები, თუ რატომ არ უჭერენ ისინი მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. მართალია, ამავე გადაცემაში ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, რომელსაც ასევე ჰქონდა საწინააღმდეგო მოსაზრებები, თუმცა არ გაშუქებულა ორი ძირითადი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

გარდა ამისა, მთავარში 20:00 საათზე ყოველდღე პირდაპირ ეთერში გადიოდა ინტერვიუ რესპონდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ან მათთან აფილირებული ექსპერტები იყვნენ“.

კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი

 

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი, „ძირითადად დაცლილი იყო ხელისუფლების კრიტიკისგან“.

„საინფორმაციო გამოშვება სჯერდებოდა მიმდინარე ამბების მხოლოდ მშრალად გაშუქებას, არ ცდილობდა ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილების კრიტიკულად გაანალიზებას და მაყურებლისთვის საკითხის შესახებ მრავალმხრივი მოსაზრებების მიწოდებას. შესაძლოა, ბალანსი ფორმალურად დაცული და მაყურებლისთვის შეთავაზებული ყოფილიყო სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, მთლიანი აღქმით, ეს არ არის კრიტიკული გაშუქება.

საინფორმაციო გამოშვება არ ცდილობდა, მაყურებლისთვის მიეწოდებინა განსხვავებული ინფორმაცია ან ფოკუსი ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ასევე, არ ცდილობდა თავად მოეძიებინა პრობლემური თემები დაეყენებინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არაერთ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას აწუხებდა, თუნდაც, პანდემიის პირობებში.

საინფორმაციო გამოშვებები, უმეტესად მიყვებოდა დღის წესრიგს და იმ მოვლენების გაშუქებას, რომელსაც საზოგადოებას პოლიტიკოსები, ძირითადად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ.

მაგალითად, 29 მაისს „მთავარის“ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ბათუმის საკრებულოს იმ სხდომის შესახებ, სადაც ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ საკითხი არ უნდა ამოეღო. საქმე ეხებოდა ბათუმის ბულვარის ცენტრში დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემას იმ კომპანიისთვის, რომელიც ოთხსართულიანი მშენებლობის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს.

ამბის გაშუქებისას აჭარის ტელევიზიამ აქცენტის გაკეთება ამჯობინა იმაზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი დაზარალდებოდა, თუკი საკითხი ჩავარდებოდა.

გადაცემაში შუქდებოდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, ფერმერებისათვის 200-ლარიანი სუბსიდირების გადაცემასა და განათლებასთან დაკავშირებით. თუმცა გაშუქება იყო კრიტიკისგან დაცლილი და მაყურებელი ვერ იღებდა მრავალმხრივ დაბალანსებულ ინფორმაციას. ამ გეგმებთან დაკავშირებით არ ისმოდა სათანადო კრიტიკა. ხშირად წამყვანს ისევ ხელისუფლების წარმომადგენელი ჰყავდა ეთერში. იყო შემთხვევებიც, როდესაც გადაცემაში სტუმრად ჰყავდათ კონკრეტული სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჟურნალისტის მხრიდან არ ისმოდა კრიტიკული კითხვები, ძირითადად, წამყვანის კითხვები ეხებოდა პროცედურულ საკითხებს და განმარტებებს, თუ რას მოიცავს ესა თუ ის პაკეტი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს მისი მიღება და ა.შ. საინფორმაციო გამოშვებაში ტენდენციური ხასიათი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას, ვიდრე მათ კრიტიკას.

მაგალითად, 14 მაისის გადაცემაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თემა გაშუქდა უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციაზე. ამ თემაზე სასაუბროდ ჩართვაში ჰყავდათ ხელისუფლების წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. წამყვანს არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები და აქცენტი ძირითადად პროცედურებზე იყო გამახვილებული“, – წერია მონიტორინგის მასალებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მონიტორინგის მასალები დღეს, 20 ივლისს, გამოაქვეყნა.

____

აჭარის ტელევიზიის მიერ ამ საკითხზე მომზადებულ სიუჟეტში მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფირუზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ანგარიშში არის უზუსტობები, შესაბამისად, ის ეჭვობს, რომ ქარტია ამ ანგარიშით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

ტარიელ ნაკაიძე VS ანზორ ბოლქვაძე – ნაკაიძეს ოპოზიციიდან ოპონენტი, სავარაუდოდ, არ ეყოლება

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება „ევროპული საქართველოდან“. როგორც ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, სავარაუდოდ, ოპოზიციიდან მას კონკურენტები არ ეყოლება და დაპირისპირება მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატთან მოუწევს.

  • ბატონო ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

მე არ მომინდა პოლიტიკაში წასვლა, მე, უბრალოდ, წარმოვადგენ იმ საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც, ვფიქრობ უკვე დროა, ხელისუფლებაში იყვნენ. უფრო მეტი მრავალფეროვნება ხელისუფლებაში, ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიულ განვითარებას, სეკულარიზმს. მე ვარ მუსლიმი თემის უფლებების დამცველი ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო იქნება და შეიძლება ისტორიულიც ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი, არამედ საზოგადოების ინტერესიც.

ბოლო რვა თვის განმავლობაში შემოვიარე მთელი საქართველო, მოვინახულე ყველა ეკომიგრანტი, რომელიც ზემო აჭარიდან ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში. მე მოვისმინე მათი ინტერესები და, ზოგადად, ამ მიმართულებით ამ თემში არის სურვილი, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობდნენ ადამიანები, ვინც მათი ინტერესების დაცვაში მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, მე ამ ბიძგმა, ტალღამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება.

  • ფიქრობთ, რომ თქვენ იქნებით საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ინტერესების დამცველი პარლამენტში?

არა მარტო მუსლიმების, მაგრამ მე რადგან ამ მიმართულებით მაქვს ნამუშევარი, მათ ინტერესებსაც წარმოვადგენ. მე ვიქნები ჩემი კუთხიდან წასული ადამიანების, მათ შორის საქართველოს ყველა მოქალაქის დამცველი, თუ მათ ექნებათ რაიმე სახის პრობლემა. ის, რაც დეპუტატის კომპეტენციებში შედის, მე ამ მიმართულებით ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი პრიორიტეტი არ იქნება ტენდერებში გამარჯვება და ფინანსური მაქინაციები შემოსავლების მიღების მიზნით, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ღიად შეინიშნება დეპუტატებში.

  • მმართველმა პარტიამ დღეს ოფიციალურად დაასახელა ანზორ ბოლქვაძე, რომელიც თქვენი კონკურენტი იქნება აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში. რას ფიქრობთ მასზე, როგორც კონკურენტზე და რა იქნება თქვენი უპირატესობა. ის უკვე იყო სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ზემო აჭარიდან.

ჩემი უპირატესობა იქნება მოსახლეობისთვის ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები და პრიორიტეტები, ჩვენი ბეგრაუნდი და რეალური დაპირებები, რომელსაც პროგრამული სახით წარვუდგენთ. ანზორ ბოლქვაძე არის სახელისუფლებო კანდიდატი. არის მოლოდინი, რომ სერიოზული ზეწოლები დაიწყება მოსახლეობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოსახლეობას ვერ გატეხს.

ამის მოლოდინი არსებობს, რადგან ამის პრაქტიკაც არსებობდა, როცა ჩაერთვება მთელი სახელისუფლებო მანქანა წინასაარჩევნოდ, ეს ყოველთვის ასე ხდება. არც ამ არჩევნებზე იქნება გამონაკლისი.

  • თქვენ გყავთ ისეთი მყარი ამომრჩეველი, რომელიც გაუძლებს ზეწოლებს?

რა თქმა უნდა. ასე რომ არ იყოს, არც ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მე ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარაში [ოთხ მუნიციპალიტეტში] და ასევე შეიძლება ვიყო პროპორციულ სიაშიც. თუმცა ჯერ ეს დაზუსტებული არ არის. კანდიდატი ვიქნები „ევროპული საქართველოდან“.

დღეს დავტოვე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარეობა, ასევე გამოვედი გამგეობის წევრობიდან და დავტოვე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის გამგეობის წევრობაც.

  • ოპოზიციიდან მხოლოდ თქვენ იქნებით მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ სხვა კონკურენტებიც გეყოლებათ?

ამასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, არ იქნება ოპოზიციიდან სხვა კანდიდატი.

  • ჩვენ გვახსოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე თქვენი აქტიურობა. ასევე ის რეაქციები, რაც თქვენთან დაკავშირებით ვლინდებოდა სოციალურ ქსელებში. იყო ძალიან ნეგატიური შეფასებები: „მოღალატე“, „თურქეთის აგენტი“ და ა.შ არ ელით, რომ როცა დაიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, თქვენი მისამართით განახლდება მსგავსი შემოტევა. როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ ამ ტალღას?

ჩვენ შავ პიარს აქამდეც ვუპირისპირებდით სიმართლეს და, შესაბამისად, დღესაც დავუპირისპირებთ. ამის მოლოდინი არის და არც პიროვნულად არ ვარ ამისგან დაზღვეული. ეს უფრო მეტს მომცემს ჩემს პოლიტიკურ სვლაში, რადგან საზოგადოება ნათლად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ მოღალატეა და ვინ – არა, ვინ პატრიოტია. რეალობა ერთია, ფაქტი ერთია და ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტებს. ჩვენ სიმართლეს დავუპირისპირებთ ყველა არასწორ შემოსევას, რომელიც შეიძლება ჩემს მიმართ იყოს. ეს არ მაშინებს, რადგან გამოცდილება მაქვს მიღებული. არც არაფერი გამოსვლიათ მათ, ვინც რაღაც იარლიყების მიწებებას ცდილობდა.

  • როგორ ფიქრობთ, თუკი შეხვალთ პარლამენტში, დაეხმარება თქვენი იქ ყოფნა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს? წლებია, მშენებლობის ნებართვის მიღებას ვერ მიაღწია მუსლიმმა თემმა?

ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილება დადებითად იმოქმედებს არსებულ სიტუაციაზე, რადგან ის ძალები, რომლებიც ცვლილების მოლოდინში არიან, უფრო ლიბერალური და სწორი ხედვებით მიიღებენ საკულტო ნაგებობების მშენებლობებზე გადაწყვეტილებას.

მე ამ პროცესში შევიტან დადებით როლს და არა მარტო მუსლიმურ საკულტო ნაგებობებთან, სხვა რელიგიური უმცირესობების საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებითაც – ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს დამოკიდებულება, რომ მე ვარ ბევრი, დომინანტი და ამან უნდა შეუშალოს ხელი უმცირესობას, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს, რაღაც აიშენოს და ღვთისმსახურება შეასრულოს.

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა – სურსათის სააგენტო

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 35 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა – პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს.

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

  •  მაწონი „რანინა“ – დამზ. თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“);
  •  არაჟანი „რანინა“ – დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“)
  •  არაჟანი „მილკო“ – დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“);
  •  რძე „მალკო 2.5% – დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“)
  •  კარაქი ნაღების 82.5% „რანინა“ – დამზ. თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“);
  •  არაჟანი „ქობულეთური 25%“ – დამზ. თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს ,,მემა კომპანი“)
  • „ყველი ქართული“ – დამზ. თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა – 10.08.20 (მწარმოებელი ი/მ „სურენ კირაკოსიანი“).

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორები დააჯარიმა და ბაზრიდან  სურსათის კონკრეტული პარტიების  გამოთხოვა დაავალა. საწარმოებში კი განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.

რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. რეგულაცია ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ, აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. აღნიშნული რეგლამენტით, დაუშვებელია, მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს.

ამ თემაზე:

რომელ ნაწარმზე იკრძალება დასახელება „ყველის“ გამოყენება

 

რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა

“…დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა და 50 უყურებდა, რამდენიმე ჩხუბობდა, ზოგი აშველებდა… დიდხანს არ გაგრძელებულა, 5-7 წუთი ალბათ… მერე კლიენტი მოვიდა, დამიძახეს და გამოვბრუნდი,” – უთხრა მოსამართლეს მოწმე ხათუნა კობალაძემ. ის პროდუქტების მაღაზიის კონსულტანტია და აპრილში, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს შეესწრო.

მოწმის თქმით, მას არ დაუნახავს ვინმესთვის ხელის დარტყმა, ან იარაღის გამოყენება.

საუბარია ბათუმში, აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს.

რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

მოწმე ხათუნა კობალაძე ადვოკატის, დავით ჯაფარიძის შეკითხვამ გააღიზიანა: “მაღაზიის რომელ ნაწილში იდექით, როცა ჩხუბის ხმა მოგესმათ?”

“ზუსტად სად ვიდექი ახლა, არ მახსოვს…” – ჩაილაპარაკა მოწმემ.

“არ მახსოვს, ესეც პასუხია,” – მიმართა მოწმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

“…თქვენ ამბობთ, რომ არ გახსოვთ ბევრი რამ. საიდან დაასკვენით, რომ ჩხუბობდნენ? მარტო იმის გამო, რომ ხელებს იქნევდნენ? იქნებ ცეკვავდნენ?” – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა ნონა დუმბაძემ.

“ცეკვის დროს, მგონი, გინება და ყვირილი არ არის,” – არ დაიბნა მოწმე.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა გამომძიებელმა ჯემალ ცეცხლაძემაც. მან ამ საქმეზე ბრალდებულები გამოკითხა.

“მე მოგიყევით, ნახეთ, როგორ გამლახეს-მეთქი… მე და თქვენ ხომ ერთად დავათვალიერეთ ვიდეო,” – უთხრა მოწმეს ბრალდებულმა ელდარ ანთაძემ.

“გამორიცხულია,” – მოკლედ თქვა პასუხი გამომძიებელმა.

ამ საქმეზე დღეს კიდევ 4 მოწმე უნდა დაეკითხათ, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს მტკიცებულება უდავოა.

სასამართლო პროცესზე დააბრუნეს ბრალდებული რეზო წულუკიძე, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. პროცესზე დაბრუნების უფლება დავით მამისეიშვილმა ასევე ბრალდებულის ძმას, ფირუზ წულუკიძესაც მისცა. ისინი წინა სხდომაზე გააძევა მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან ხმაურის გამო.

ამ თემაზე:

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემათ თავდაცვის სამინისტროს ის ქონება, რომლებშიც ცხოვრობენ

მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება დაამტკიცა. შესაბამისი დაგდგენილება ძალაში 2020 წლის 20 ივლისს შევიდა.

დღემდე აჭარაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ოჯახები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებში ცხოვრობდნენ და მათ სახელმწიფო ამ ქონების დაცლას სთხოვდა.

საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს:

[checklist]

  • საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს (სარგებლობს);
  • ფიზიკურ პირს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე.

[/checklist]

აღნიშნულ პირებს საკუთრებაში არ გადაეცემათ ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), თუ:

  • მას, მის მშობელს, მეუღლეს (ყოფილ მეუღლეს) ან შვილს/შვილებს საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ფართობი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
  • დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით;
  • მას საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართობი.

დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), საკუთრებაში არ გადაეცემა

[crosslist]

  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს.

[/crosslist]

დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობის დევნილისთვის (დევნილი ოჯახისთვის) გადაცემა წარმოადგენს მისი, როგორც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და შესაბამისად, მას (მის ოჯახს) აღარ წარმოეშობა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება.

ამ დებულებით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება:

  • მრავალბინიან სახლში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში;
  • იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (მის მიერ დაკავებულ, შენობის ფართობის ოდენობის მიწის ნაკვეთთან ერთად), რომელიც არ წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ნაწილს და არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს დებულება აწესრიგებს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

[toggle title=”დებულება სრულად ნახეთ აქ“]

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაცხოვრებელი ფართობი – შენობის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად და წარმოადგენს საცხოვრებელი ფართობის სამეურნეო სათავსს იმავე შენობაში (სარდაფი, სხვენი, საცხოვრებელი ფართობის მომიჯნავე სხვა სათავსი);

ბ) დევნილი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დევნილის სტატუსის მქონე პირი;

გ) დევნილი ოჯახი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახი;

დ) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;

ვ) იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა არ არის დამოკიდებული სხვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე;

ზ) მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან);

თ) საბინაო ფონდი – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეთა საბინაო უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ფართობების ერთობლიობა;

ი) საცხოვრებელი ფართობი – შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად;

კ) ფლობა (მფლობელობა) – საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე ფაქტობრივი ბატონობა.

მუხლი 3. საკუთრებაში გადაცემას დაქვემდებარებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი

ამ დებულებით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება:

ა) მრავალბინიან სახლში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში;

ბ) იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (მის მიერ დაკავებულ, შენობის ფართობის ოდენობის მიწის ნაკვეთთან ერთად), რომელიც არ წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ნაწილს და არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში.

მუხლი 4. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში მიღებაზე უფლებამოსილი პირი

1. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს:

ა) საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს (სარგებლობს);

ბ) ფიზიკურ პირს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს საკუთრებაში არ გადაეცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), თუ:

ა) მას, მის მშობელს, მეუღლეს (ყოფილ მეუღლეს) ან შვილს/შვილებს საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ფართობი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;

ბ) დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით;

გ) მას საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართობი.

3. ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), საკუთრებაში არ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს.

4. ამ დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობის დევნილისთვის (დევნილი ოჯახისთვის) გადაცემა წარმოადგენს მისი, როგორც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და შესაბამისად, მას (მის ოჯახს) აღარ წარმოეშობა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება.

მუხლი 5. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირება

1. სამინისტრო, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს საკუთრებაში გადასცემს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს (მათ შორის, დევნილ ოჯახს), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ეს ფართობი წარმოადგენს უფლებრივად უნაკლო ნივთს.

2. თუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში მიღებაზე უფლება წარმოეშობა ერთზე მეტ პირს (მათ შორის, დევნილ ოჯახს), სამინისტროს წარედგინება ყველა პირის განცხადება.

3. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი წერილობით განცხადებასთან ერთად სამინისტროს წარუდგენს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ბ) მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლს, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას) საფუძველზე;

გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს და წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (დედანი ან დამოწმებული ასლი);

დ) მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია – საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს (მაგალითად, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა);

ე) არანაკლებ სამი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც დასტურდება ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობა (სარგებლობა);

ვ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს;

ზ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაციას/დოკუმენტაციას მშობლების, მეუღლის, ყოფილი მეუღლის, შვილის/შვილების შესახებ.

4. დევნილი წერილობით განცხადებასთან ერთად სამინისტროს წარუდგენს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დევნილის მოწმობის ასლს;

ბ) სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) დევნილის სტატუსი;

ბ.ბ) დევნილი ოჯახის შემადგენლობა;

ბ.გ) დევნილის/დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;

ბ.დ) დევნილის/დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ;

გ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს;

დ) სსიპ – საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

5. სამინისტრო, განცხადების რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის:

ა) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

ბ) საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.

6. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროსა და ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. დევნილის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას ასევე ხელს აწერს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამ პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება წარმოადგენს დევნილის/დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც დადგენილი წესით აისახება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ წარმოებულ ბაზაში.

9. ქონების გადაცემის ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 6. საკუთრების უფლების რეგისტრაცია

1. პირი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, აგრეთვე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის სამინისტროს მიერ დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს წარუდგენს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არეგისტრირებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლებას, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება აღნიშნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება

მრავალბინიანი სახლის საერთო ქონებაზე (საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები და სხვ.), რომელიც არ განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ იზოლირებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, საკუთრების უფლების მოპოვება რეგულირდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

[/toggle]

 

ამ თემაზე:

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

 

ვინ შეცვალა ჩიქოვანი მთავრობის აპარატში და სხვა საკადრო გადაადგილებები

2 ივლისს „შპს სტადიონს“ აჭარის მთავრობამ სახელი შეუცვალა და  „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ უწოდა. დღეს კი კომპანიის დირექტორი შეცვალეს – ეს თანამდებობა  ჯაბა სურმანიძემ დატოვა. ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ვიცე-მერი და მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას კი [ ყოფილი შპს სტადიონი] ბაქარ ჩიტაია უხელმძღვანელებს. ამ დრომდე ის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. გარკვეული პერიოდით გზების დეპარტამენტს არჩილ ჩიქოვანიც ხელმძღვანელობდა.

ბაქარ ჩიტაია საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი აღმასრულებელი იყო.

იმისთვის, რომ მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულიყო, ჯაბა სურმანიძემ ასევე დატოვა შპს „ჰიგიენა 2009“- ის დირექტორის თანამდებობა, რომელზეც ის პარალელურად და შეთავსებით მუშაობდა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სახელი ამ კომპანიასაც შეუცვალეს და მას „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ უწოდეს.

ჯაბა სურმანიძის გათავისუფლების შემდეგ „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის თანამდებობა ნოდარ კონცელიძემ დაიკავა.  ნოდარ კონცელიძე ამ კომპანიაში გადასვლამდე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში მუშაობდა.

____

რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“

ხვალიდან ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივლისის 21 საათიდან 21 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე.

21 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიდამთიან რაიონებში – დღისით 25-30 გრადუსი, ღამით – 18-23 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – დღისით 20-25 გრადუსი სითბო, ღამით 12-17 გრადუსი

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე. წვიმა. ხილვადობა 4-10კმ.
  • ტალღის სიმაღლე ღამით 7-12 დმ (2-3 ბალი), დღისით 15-20 დმ (4-5 ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსი.

22 და 23 ივლისს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის პორტი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

29 კაცი და 1 ქალი – რატომ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ კაცები

დღეს, 20 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი წარადგინა. წარდგენისას ქალი კანდიდატის ღირსებად 4 შვილის დედობა დაასახელეს. „ქართული ოცნების“ სიას ფეისბუქში უკვე გამოეხმაურა საზოგადოება და მას გენდერულად არასენსიტიური უწოდა. რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების სია? – „რესპუბლიკელ“ თამარ კორძაიას შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ქალებს ვერ ხედავს პოლიტიკაში, „რაც ყველაზე დიდი პრობლემაა“.

„როგორ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ შექმნას დაბალანსებული პოლიტიკა, როდესაც 30 მაჟორიტარობის კანდიდატიდან მარტო 1 ქალია წარდგენილი? ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი ფორმალურად იღებს გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ არის საზოგადოებრივი ზეწოლა, მოთხოვნა. როდესაც მასზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილებას იღებს გარეგანი ჩარევის გარეშე, ვხედავთ, რომ მათთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქალების ყოფნა პოლიტიკაში და ეს დაადასტურა კიდეც მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამ“, – ამბობს კორძაია.

ერთადერთი ქალი კანდიდატის წარდგენისას, მის მთავარ ღირსებად მმართველმა პარტიამ 4 შვილის დედობა დაასახელა.

„ის, რომ პოლიტიკაში წარმოდგენილ სუბიექტებს ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ და ა.შ. ეს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხია, მაგრამ შვილებისა და მათთან ურთიერთობის მხოლოდ ქალის შემთხვევაში აღინიშნა, მენტალური პრობლემაა. ქალი მათთვის მაინც ასოცირებულია შვილებთან, ოჯახთან და თუ კარგი დედაა, ამიტომ უნდა დაფასდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე. შეიძლება ადამიანი არ იყოს დედა, მაგრამ ბრწყინვალე იყოს საზოგადოებრივ ასპარეზზე.

კაცის შემთხვევაში არ იყო ოჯახი და შვილები ნახსენები. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პოზიციონირება საზოგადოების წინაშე ნათლად აჩვენებს მათ სახეს. თანასწორობის იდეა „ქართული ოცნებისთვის“ არ არის თავსებადი, გააზრებულიც კი არ აქვთ. ეს გაუაზრებლობა ამ ტექსტებშიც კი ჩანს“, – ამბობს თამარ კორძაია.

მისი შეფასებით, გენდერული თანასწორობა, ქალების პოლიტიკაში ყოფნა „ქართული ოცნებისთვის“ საერთოდ არ არის თემა და ვერც კი ხვდებიან, ეს რა მასშტაბის პრობლემა შეიძლება იყოს.

„მათ ისეთ კანდიდატებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც პატარა მამასახლისებად არიან წარმოდგენილები თავიან რეგიონებში. თუნდაც იგივე ანზორ ბოლქვაძე, რომელზეც არაერთი გადაცემა გაკეთდა, მის უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ა.შ. არიან კაცები, რომლებსაც ე.წ. კაცური გავლენა აქვთ თავიანთ რაიონებში და ფეოდალურ სივრცეს ქმნიან თავიანთ გარშემო, სადეპუტატო, სამაჟორიტარო ტერიტორიაზე. რა აქვთ ამ ადამიანებს გაკეთებული ხალხისთვის, ამაზე არ ყოფილა წარდგენისას საუბარი. ამიტომ, მათი პრიორიტეტები ნათელი და ცალსახაა“, – ამბობს კორძაია.

„ქართულ ოცნებას“ გენდერულად დაუბალანსებელი სია ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. ქალი არ დაუსახელებიათ მერობის არც ერთ კანდიდატად.

„არც საკრებულოში იყო ქალების წარმომადგენლობა სერიოზული. ამიტომ, ეს არის „ქართული ოცნების“ ხედვა – ისინი ვერ ხედავენ ქალებს პოლიტიკაში. ეს არის მათი პრობლემა“, – ამბობს თამარ კორძაია.

მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც. კორძაიას თქმით, მთელი კამპანია ივანიშვილს აწყობილი ჰქონდა პანდემიაზე და მის წარმატებით გავლაზე, „არც ერთი სიტყვა არ თქმულა სოციალური პრობლემების დაძლევაზე, იმაზე, რომ გაჭირვება გვაქვს და რომ კეთილდღეობა და განათლება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა“.

____

მთავარი ფოტო: ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები

„რეგულაციებით ქორწილის გადახდა რატომაა დანაშაული?“ – აქცია სარიტუალო დარბაზების გახსნის მოთხოვნით

„უნდა გაიხსნას დარბაზები, ასე არ გამოვა, ყველას ჭამა გვინდა, ბანკის ვალებია, ჩემთან, მაგალითად, 50 კაცი იყო დასაქმებული… რეგულაციებით ქორწილის გადახდა რატომაა დანაშაული?“ – კითხულობს სარიტუალო დარბაზის „დავითის“ ხელმძღვანელი – ომარ ქამადაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს „ეუფორია ბათუმის“ წინ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. სარიტუალო დარბაზების მფლობელები და იქ დასაქმებული პირები ქორწილების და ქელეხების გამართვის უფლებას ითხოვენ.

„მოდის კლიენტი, თარიღს ვერ ვუნიშნავ, ვრეკავ 144-ზე, მპასუხობენ, რომ სიახლე რამე არ არის… რა საფრთხეა ასეთი, აღარ დასრულდა? ბოლო-ბოლო დაგვიწესონ რეგულაციები ორმეტრიანი დისტანცია, ცალ-ცალკე მაგიდები და იქნება, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება…“ – გვითხრა ომარ ქამადაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცემათ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

სარიტუალო დარბაზების მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, მარტში შეჩერდა. ჯერ უცნობია, როდის განახლდება მუშაობა სარიტუალო დარბაზებში.

დღეს მოქმედი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)“.

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

ბათუმში ხართ და არ იცით სად გადაიღოთ ფოტოები? გვესმის. ზღვის, ტბის და მწვანე ბულვარის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ბევრი ადგილია, სადაც საუკეთესო კადრები გამოდის, არადა, ფოტოები, რომელიც აჩვენებს, რომ არამხოლოდ კარგად გამოიყურებით, არამედ ბათუმში სეირნობთ, საჭიროა. ამიტომაც გაჩვენებთ ადგილებს, სადაც ისე გადაღება შეიძლება, ასობით, ათასობით მოწონება რომ ექნება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებს.

ფოტო კუპატასთან

კუპატა მსოფლიოში ცნობილი ძაღლია ბათუმიდან. თეთრი, შავყურა ძაღლი ცენტრალური პარკის შესასვლელთან, მელიქიშვილის ქუჩის ზებრაზე აცილებს ბავშვებს და ყეფით აჩერებს ავტომობილებს, ბავშვები რომ უსაფრთხოდ გადაიყვანოს. კუპატა ყველამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ვიდეოკადრები გადაიღეს და გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ მიაცილებს ის პატარებს. ცოტა ხნის წინ კი კუპატა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, შენობის კედელზე დახატეს.

ამ ადგილას შესანიშნავი ფოტო გამოდის, შეგიძლიათ სელფიც სცადოთ. ჩანს კუპატა კედელზე და აბაშიძის ქუჩა. მას შემდეგ რაც აქ გადაიღებთ, დიდი ალბათობით ნამდვილი კუპატაც შეგხვდებათ და დამატებით, მასთანაც შეგიძლიათ ფოტოს გადაღება.

ბათუმის დელფინარიუმი

სელფი წყლიდან ჰაერში „აფრენილი“ დელფინის ფონზე თქვენს ფოტოგალერეაში საპატიო ადგილს დაიჭერს. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, ეწვიეთ ბათუმის დელფინარიუმს, შოუს დაესწარით და აუცილებლად გადაიღეთ ფოტოები.

მფრინავი ქალის ძეგლი

კიდევ ერთი კარგი ადგილი ფოტოს გადასაღებად ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელია, მფრინავი ქალის ძეგლთან.

ბათუმში ამბობენ, რომ ეს ფადიკო გოგიტიძის ძეგლია, პირველი მფრინავი ქალის აჭარიდან, რომელიც ბათუმში, საცდელი ფრენისას, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაიღუპა 24 წლის ასაკში. ბათუმში მისი სახელობის ქუჩაცაა.

ნამდვილად იმსახურებს პირველი მფრინავი ქალის ქანდაკება, ყველა იღებდეს მასთან თითო ფოტოს კარგ ამინდში, როცა ეს ქათქათა გამოსახულება ძალიან კარგად ჩანს ფოტოებზე ლურჯი ცის ფონზე.

ევროპის მოედანი

შეუძლებელია ბათუმში იყო და არ გადაიღო ფოტო ევროპის მოედნის ფონზე.

აქ სულ ჟრიამულია, ბავშვები ველოსიპედებით, სკეიტით დაქრიან, შადრევანში წუწაობენ, უფროსები იქვე ისვენებენ, აქვეა #1 აფთიაქის ძველი შენობა, მაკდონალდსი და მედეას ძეგლი. წარსულში მარიას, ახლა კი მემედ აბაშიძის გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ავთენტურად შემორჩენილი ქუჩაა ბათუმში.

ალი და ნინო

შერიგებები, დაშორებები, შეხვედრები და შორს წასვლები… ალი და ნინოს ქანდაკება ისეთივეა, როგორიც სიყვარული – ამ ყველაფრისგან შედგება.

ქართველი მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის მობილური ქანდაკება ბულვარისა და პორტის სიახლოვეს დგას. ალი და ნინო აზერბაიჯანელი ავტორის, ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟები არიან: ნაწარმოებში აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, მოქმედება კი პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება კავკასიასა და ირანში.

ფოტო ამ ადგილას თქვენს მეგობრებს აჩვენებს, რომ ბათუმში ისვენებთ, ხოლო თუ შეყვარებული ხართ, ალის და ნინოს ფონზე გადაღებული კადრი გზავნილიც შეიძლება იყოს, გააჩნია, როგორ გადაიღებთ წყვილს, ერთად თუ დაშორების მომენტში.

 დ’ალფონსის ძეგლი

ძველ ბულვარში, საპატიო ადგილზე, მწვანეში ჩაფლულ ადგილას ცილინდრიანი და ტროსტიანი კაცის ქანდაკება დგას, უფრო სწორად ზის და გვერდით, მრგვალ მაგიდასთან მეორე ადამიანისთვისაცაა ადგილი, გეგონებათ, ფოტოსთისაა გამზადებული.

ეს კაცი მიხეილ დ’ალფონსია, ცნობილი ფრანგი მებაღე, რომლის წვლილიც ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში ფასდაუდებელია. ერთ დროს გაუვალი ზღვისპირეთი დ’ალფონსმა წალკოტად აქცია, ჩამოიტანა უამრავი ეგზოტიკრი მცენარე, ქალაქს მებაღის სახელი დღემდე ახსოვს.

კოლონადები

ბულვარის თეთრი კოლონადები ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. კოლონადების პროექტი 1930 წელს, მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოუტანია იტალიიდან  ბათუმელ ექიმ ივანე მჭედლიძეს, სამშენებლო სამუშაოებს კი აწარმოებდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი.

კოლონადა აიგო 1934 წელს, რაზეც იქვე გაკეთებული მოზაიკური წარწერა მიგვნიშნებს. აქედან მოჩანს მწყობრ, თანაბრად განაშენიანებულ სიმწვანეში ჩაფლული ზღვის ხედი და იდეალური ადგილია ფოტოების გადასაღებად, არსებობს უამრავი ძველი ფოტოც, ბულვარის კოლონადებთან გადაღებული. არც თქვენ გამოტოვოთ ეს ადგილი – თეთრი კოლონადები, პალმა, ცისა და ზღვის შეხვედრა ჰორიზონტზე და თქვენ ამ ყველაფრის ფონზე!

სთრითარტი ბათუმის უნივერსიტეტის კედელზე

ბათუმში ყოფნისას ჩვენი შეხსენების გარეშეც გადაიღებთ ალბათ ფოტოებს ზღვის პირას, მაგრამ ზღვაში გადაღება შეიძლება გაგიჭირდეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაკლები შანსია წყალგამძლე სმარტფონი გქონდეთ.

გთავაზობთ, რუსთაველის ქუჩაზე, უნივერსიტეტის უზარმაზარ კედელზე დახატულ ამ გოგოსთან ერთად გადაიღოთ მშვენიერი კადრები.

ბათუმში გადაღებული ფოტოები რომ შეისწავლოს ვინმემ, ეს ადგილი აუცილებლად მოხვდება ათეულში.

ძველი კარი ბათუმის ძველ უბანში

ეს ტიპური, ბათუმური სახლის ძველი კარია ისტორიული უბნიდან. ასეთებს მხოლოდ ქალაქის ძველ ნაწილში შეხვდებით და სელფის გადასაღებად ძალიან კარგი ადგილია. რა თქმა უნდა, ბათუმში რომ არის გადაღებული, აუცილებლად მონიშნეთ.

რვაფეხა”

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზია“, რომელსაც „რვაფეხასაც“ ეძახიან,  გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დგას. ზღვის სამყაროს ამსახეველი, მოზაიკით მოპირკეთებული ფერადი ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„რვაფეხა” ბრძოლის შედეგად გადარჩენილი ბათუმის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს კაფე „ფანტაზიას” დანგრევას უპირებდნენ, სასტუმრო ჰილტონს მის ნაცვლად ორი აუზი უნდა მოეწყო. ბათუმელი აქტივისტებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობის შედეგია, რომ ბათუმის ბულვარში ეს ზღაპრული შენობა ისევ დგას. აქ საღამოობით შადრევნებიც ირთვება და ზუსტად ისევე მოგართმევენ სამფეხა, მოვერცხლილი სანაყინით ნაყინს, როგორც ბავშვობაში, 20, 25 წლის წინ. როგორ შეიძლება ,,რვაფეხასთან” ერთი ფოტო არ გქონდეთ?

„მე შენ მიყვარხარ”

ვინმეს თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მიემართება ეს სიტყვები, არ დაახანოთ და გაეშურეთ მაზნიაშვილის ქუჩის №13-ში სადაც კედელი დაგხვდებათ უამრავჯერ მიწერილი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ”, თუ ასეთი არავინაა ირგვლივ ვისაც მსგავს ფოტოს გაუგზავნიდით, გირჩევთ მაინც გქონდეთ სადმე სმარტფონში მსგავსი კადრი, რა იცით როდის რა მოხდება.

დაისი ზღვაზე

ფოტო დაისის ფონზე თითქმის ყველა იმ ადამიანის ციფრულ ფოტოგალერეაშია, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია ზღვაზე. და რატომაც არა? ფოტო აჩვენებს, რომ ზღვაზე ისვენებთ, გარუჯული და ბედნიერი ხართ, ამ საღამოს მშვენიერი გეგმები გაქვთ, ახლა კი ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისე დადგეთ, თითქოს მზე „ხელში გიჭირავთ“ :)

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარიდან ოფიციალურად დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს 20 ივლისს, მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად დაასახლება.

ბათუმში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რესან კონცელიძე იქნება. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა, არის პოლიციის გენერალ-მაიორი.

აჭარის მაღალმთიან რეგიონში (ხულო-შუახევი, ქედა, ხელვაჩაური) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება. ის წინა მოწვევების პარლამენტშიც იყო მაჟორიტარი.

ქობულეთში კი „ქართულმა ოცნებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად.

კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. „ჩვენ ერთგული ვრჩებით ევროპის და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარს უჭერს ქართველ ხალხს ამ საქმეში, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჩვენ პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ, ამიტომ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემით გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენსკენ აფხაზი და ოსი ძმები“.

ბიძინა ივანიშვილმა ამ დღეს ნაკლებად ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და უფრო მეტი ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდ-19-ისგან გამოწვეულ კრიზისს.

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში – 20 ივლისი

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი.

ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსზე სულ რვა პაციენტი მკურნალობს.

20 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული საქართველოში. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900, გარდაიცვალა 15. კარანტინის რეჟიმში 5 534 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.

„გოლდენ სიი“ სტუდენტთა მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს

შავი ზღვის საერთაშოროსო კოლეჯი „გოლდენ სიი“ რესტორან „სეზართან“ პარტნიორობით აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

[checklist]

  • მზარეული
  • კონდიტერი
  • ბართენდერი
  • მიმტანი

[/checklist]

რესტორანი „სეზარის“ დამფუძნებელი
რესტორანი „სეზარის“ დამფუძნებელი ფაჰიმე თარივერდი და კოლეჯ გოლდენ სიი -ის დირექტორი ლეილა გოგიტიძე

სასწავლო პროცესი წარიმართება დუალური სასწავლო მოდელით, სტუდენტები განთავსდებისან რესტორან „სეზარიში“ პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობებისათვის, თეორიული ნაწილი კი ჩატარდება პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე.

რესტორნის სამზარეულოში სტუდენტები დაეუფლებიან ქართული და უცხოური კერძების მომზადებას.

სტუდენტები პროფესიულ სასწავლებელში, გარდა სპეციალობისთვის საჭირო სავალდებულო საგნებისა, გაივლიან ინგლისური და ებრაული ენების სასაუბრო კურსს.

წარჩინებული სტუდენტები დასაქმდებიან, როგორც რესტორან „სეზარში“, ასევე, სხვა კვების ობიექტებში.

„სეზარი“ მდებარეობს „მეტრო სიტის“ შენობის მეორე სართულზე, ულამაზესი ზღვის ხედით, ვერანდით, კარგი ინტერიერით და სასიამოვნო გარემოთი.

რესტორანი „სეზარის“ დამფუძნებელია ენთუზიაზმით სავსე ქალბატონი ფაჰიმე თარივერდი, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროცესში.


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577190653; 591718142.

მისამართი: ბათუმი, დ.თავდადებულის N49.

ელ.ფოსტა: Leila.gogitidze@gmail.com; batumigoldensea@gmail.com.

www.goldensea.ge

ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილზე ავტობუსების სავალი ზოლის [Bus lane] დახაზვაში ქალაქის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „მიონი დეველოპმენტი“-ს შორის უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება.

მერიის სამმართველომ თავდაპირველად ავტობუსების სავალი ხაზის მონიშვნაზე ტენდერი 531 837 ლარით გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა 90 ათასი ლარით გაზარდა. შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ ამ თანხაში არ იყო შესული არსებული საღებავის სავალი ნაწილიდან მოცილებისთვის საჭირო თანხა, საღებავის მოცილება კი, ტენდერის მოთხოვნა იყო. შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 621 837 ლარამდე გაიზარდა.

ტენდერში, შესყიდვების პორტალის მიხედვით, მხოლოდ კომპანია „მიონი დეველოპმენტი“ მონაწილეობდა, რომელიც სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 16 ივლისს გაფორმდა.

ავტობუსის ხაზის მონიშვნის შემდეგ, ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩაზე – ჯავახიშვილიდან ბარათაშვილის მიმართულებით [ცირკამდე], ამ ზოლში მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს. ანუ გორგილაძის ქუჩა ამ მონაკვეთში ცალმხრივი გახდება [გარდა ავტობუსებისა].

მოძრაობა აიკრძალება ასევე ჭავჭავაძის ქუჩის ცალ მხარეს – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], სადაც მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ.

შესაბამისად, ავტობუსის ხაზის გასწვრივ, ტროტუარებთან, გაუქმდება ავტოპარკინგი.

ავტობუსის ხაზზე, მოძრაობის მიმართულებასა და საგზაო ნიშნების განლაგებაზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 30 ივნისის სხდომაზე ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა დაამტკიცა.

რას ითვალისწინებს ახალი სქემა, ნახეთ ბმულზე:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

პროდუქტებში სუდანის შემცველობას სურსათის სააგენტო უცხოეთში გამოიკვლევს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წელს სუდანის/საღებავის ლაბორატორიული კვლევისთვის 34 ნიმუშს აიღებს. სააგენტოს მიღებული აქვს თანხმობა, რათა თევზის ნიმუშებისა და სურსათში საღებავების ლაბორატორიულ კვლევაზე ხელშეკრულება, ჯამში 32 898 ევროს ფარგლებში, ტენდერის გარეშე გააფორმოს.

„ისე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საჭირო ლაბორატორიულ კვლევებზე, უმცირესი ფასი შემოგვთავაზა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა დაცვისა და გარემოს ინსიტუტმა “BIOR” (ლატვია). შემოთავაზებულმა ფასმა საერო ჯამში შეადგინა 32 898 ევრო.

აქედან: თევზის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა – 28 818 ევრო [30 ნიმუში X 960.6 ევრო] და სუდანის/საღებავის ლაბორატორიული კვლევა – 4 080 ევრო [34 ნიმუში X 120 ევრო]“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებული ლაბორატორიები ვერ უზრუნველყოფენ თევზის ნიმუშების და სურსათში საღებავების (Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red 7n და Para Red) იმ მაჩვენებლებზე სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი შესაბამისი რეგულეციებით.

„ამასთან, ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართეველოში მოქმედი ლაბორატორიები ვერ გვთავაზობენ აღნიშნულ მომსახურებას უცხოური, ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების მეშვეობითაც“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

შესაბამისი ხელშეკრულება ლაბორატორიულ კვლევაზე, 19 ივლისის მდგომარეობით, შესყიდვების გვერდზე ჯერ ატვირთული არ არის.

„2020 წლის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის თანახმად, განსაზღვრულ ვადებში, სურსათში საღებავებისა და თევზის ნიმუშების კვლევასთან დაკავშირებული ვალდებულებების სრულად შესრულება, ქართული წარმოების სუნელებისა და თევზის ევროკავშირში ექსპორტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, – აცხადებს სურსათის სააგენტო.

Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, აკრძალული საღებავი „სუდანი“ ბოლოს, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან, ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა.

საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა და კეტჩუპი, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შემოწმდა.

ამ თემაზე:

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

 

ხომ არ გაიქცევი და მიმატოვებ? – თინეიჯერის ბლოგი

ავტორი: ლილე მესხიძე, ისრაელის GHIS სკოლის მოსწავლე

__________________

– გაიგე, გუშინ ორი ბიჭი რომ დაბრიდეს?

– რაა?

– ხო, ბიჭო, დილით ნიუსებში მოვკარი ყური, ამბობენ კლასელებთან ჰქონდათ პრობლემაო. აშკარად გასულები იყვნენ.

– მერე? ჩაუშვეს ვინმე?

– არა, ძაან ცუდ დღეში არიან, მაგრამ პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

– ჰაჰ.. არ მიკვირს.

– რას იძახი?

– სულ ეგრე არაა? ყოველდღე ვიღაცას კლავენ. დაიკიდე.

– ბავშვები მკვდრები არიან.

– ჰო, მესმის.

– ეს ამბავი.. რავი… საერთოდ არ გაღელვებს?

– კი, ტეხავს, მაგრამ ხომ გითხარი – არაფერია ახალი.

– ხოდა რა, დავიკიდოთ და ერთ დღესაც ჩვენც იგივე **რობა დაგვემართოს?  მერე ჩვენი მკვლელი რომ ვერ დაიჭირონ, რა, ეგ უნდა მესიამოვნოს??

– ოოო, შანსი არაა, ჩვენ რომ ეგ დაგვემართოს.

– და ამაში დარწმუნებული ხარ, იმიტომ რომ???

– ***ები ხომ არ ვართ? კაი რა შენი აზრით სულელური ჩხუბის გამო ასე პროსტა დაგვადებენ იარაღს და დაგვბრიდავენ? ან რომც აიწიოს ჩხუბი, ვინმე გაგვაშველებს ან გაგვიყვანს რა. რამე იქნება…

– მართლა? შენ რა წინა წლის ამბავი დაგავიწყდა?

– არა.

– მიდი, გაიხსენე აბა.

———–

– ბიჭო

– ჰო

– გავიდეთ რა.

– კაი რა, ცოტა ხანი შევირგოთ.

– ნიკააა!

– ახლა გვაქვს შანსი  გავიხიოთ ბოლომდე.

– კაი რა, მაგას ყველგან ვიზამთ.

– ჰო, მარა, დაბადების დღეზე ვართ და მიზეზი მოგვეცა.

– …

– მიდი რა, მოეშვი თუ ძმა ხარ რა.. რამდენიმე სიმღერის მერე წავიდეთ, კაი?

– მოსულა.

———–

– ჰეი, ნიკა, ეს რა გააკეთე?

– რა იყო? სიმღერა შევაცვლევინე დიჯეის, რა პრობლემაა?

– ვინ მოგცა მაგის უფლება?

– დამშვიდდი.. დიჯეი იმისთვისაა, რომ სიმღერები ცვალოს.

– ბიჭო, ჩვენ ვცეკვავდით ამ სიმღერაზე?

– შენი სიმღერა რომ დასრულდა ზუსტად მერე შევუკვეთე მე, ძმაო.

– აუ ბოდიშიც ხომ არ მოგიხადო? ვინმემ გითხრა, რომ უნდა შემეპასუხო?

– მოიცა რა, ხომ არ მეღადავები..

– ეი, დიჯეი, წინა სიმღერა დააბრუნე!

– პირველი აქ მე  მოვედი, ამიტომ დაელოდე შენ ჯერს!

– დიჯეი, ჩართე-მეთქი ჩვენი სიმღერა!

– შე ჩემა, გითხარი დაელოდე-თქო, არ გესმის?

– კაი კაი, მაგრამ ეს ამბავი აქ არ დასრულდება.

– მიდი, გაიარე!

———–

– ჰე, მზად ხარ მოვუსვათ აქედან?

– იასნა.

– ეეე, ჩემი ძმა ხარ, ფეხით მოგვიწევს სიარული და ჯობია ეხლავე გავიდეთ.

– არაა პრობლემა.

———–

– ნიკა, ეს ტიპები ჩვენსკენ მოდიან?

– ასე გგონია?

– ჯანდაბა!

– კაი, მოეშვი, ამხელა მოძრაობაა, ვერ გაბედავენ.

– კაი რა, ვითომ ვინმეს ადარდებს მოვკვდებით თუ არა.

– როგორ არ ადარდებთ..

– აუ, აქვე დაგვბრიდავენ, არა? ამის დედაც. ჯერ გვცემენ, დაგვბრიდავენ და ბოლოს დაგვტოვებენ აქ დასისხლიანებულებს. ამის დედაც.

– ე, ბიჭო, მიყურე! არ დავიბრიდებით, გესმის? ამდენ ხალხში ვერ მოგვეკარებიან. ხელის დაკარებასაც ვერ გაბედავენ.

– მოდიან. ნიკა, დაგვერხა!

– ნუ იძახი მაგას!

– მე  გეგმები მქონდა, ნიკა! მინდოდა ეს ოხერი დაფინანსება ამეღო. მინდოდა რამეთი მაინც ეამაყათ მშობლებს. ვეღარ – ვეღარაფერს ვეღარ შევძლებ. ვეღარ ვისახელებ თავს. ზეგ ხომ თამაში მაქვს. მე…

– მისმინე, ჩვენ ყველას გვაქვს ეს დეგენერატული გეგმები და არ ვაპირებთ სიკვდილს, სანამ ჩვენსას არ გავიტანთ. გესმის? არ შერჩებათ. ვიცი, მაგარ **ობა სიტუაციაში ვართ ახლა, მაგრამ რამენაირად გადავიტანთ. ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და თუ საჭირო გახდა ერთადაც ვიჩხუბებთ. მომავლის გეგმებზე ასე ადვილად ხელს არ ავიღებთ! გასაგებია?

– კაი … კაი, მე შენს გვერდით ვიქნები!

– მეც შენს გვერდით დავრჩები!

– ნაღდად ხო?

– მოიცა, ის დანაა?..

– რა?

– ფუ, ამის დედაც. დანებით მოდიან.

– რაა? რას იძახი? ნიკა, მოიცადე, სად გარბიხარ? მოიცა… ნიკა!

———–

– ფუი, ამის დედაც…

– და შენ რა გქვია, პატარა ბიჭი?

– ვერ… გაჩერდი! გთხოვ!

– რა ვერ..? ლაპარაკი არ იცი?

– ვსუნთქავ… ვერ ვსუნთქავ…

– შშშშ… ყველაფერი კარგად იქნება პატარა ბიჭო… კარგად იქნები

– გთხ…….ოვთ

———–

– ნიკა, ხო?

– კი

– შეგიძლია მითხრა ოთხი დღის წინ რა მოხდა?

– არ ვიცი რაზე მესაუბრებით.

– ნიკა, შენი მეგობარი იპოვეს მკვდარი. მასთან ერთად ბოლოს შენ და რამდენიმე ბიჭი გნახეს, ძალიან დაგვავალებ თუ რაც იცი იმას მოგვიყვები.

– ხომ ვთქვი, არ ვიცი რაზე მესაუბრებით.

– ….

– შეიძლება ახლა წავიდე?

– დარწმუნებული ხარ?

– კი.

———–

– არავინ მოყვა, რა მოხდა, ხო?

– ჰო … არც მისმა მეგობარმა.  4 დღე…  ოთხი დღე იყო დაკარგული და ბოლოს მდინარეში იპოვეს… მოტივტივე… მკვდარი…

– ასეთი რამ, როგორ მოხდა, მაინც ვერ გამიგია. როგორ…

– არ ვიცი რა… მართლა არ ვიცი…

– …

– არავის ენაღვლებოდა, უკანაც არ მოიხედეს… აუ, ჩვენ თავს რომ ასეთი რამ მოხდეს

– არ მოხდება…

– ერთმანეთის გვერდით ხო დავდგებით?

– ….

– ხომ არ გაიქცევი და მიმატოვებ?

– … ……. რა თქმა უნდა, არა!

– შეყოყმანდი…

– მე..

– ამის დედა ვატირე, შენ შეყოყმანდი…

__

მთავარი ფოტო: ილუსტრაცია kouishou radio

აჭარაში, სამ მაჟორიტარულ ოლქში, 360 საარჩევნო უბანი იქნება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის 6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება, რომლებშიც ცესკოს მონაცემებით, ჯამში 360 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

  • N28 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 104 საარჩევნო უბანი [ეს ოლქი მოიცავს ქალაქ ბათუმს];
  • N29 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 76 საარჩევნო უბანი [აქედან 65 – ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო 11 – მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში / ეს ოლქი მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულს [ამ ერთეულში შედის სოფლები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი];
  • N30 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 180 საარჩევნო უბანი [აქედან 46 უბანი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, 31 – ქედის, 49 – შუახევის და 54 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე / ეს ოლქი მოიცავს ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ხელვაჩაურის ყველა დანარჩენ სოფელს), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს].

—–

უკვე ცნობილია „ქართული ოცნების“ სამივე მაჟორიტარი – მმართველი პარტია ბათუმში [N28 საარჩევნო ოლქში] რესან კონცელიძეს, ქობულეთში [N29 საარჩევნო ოლქი] ზაალ მიქელაძეს, ხოლო ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოში [N30 საარჩევნო ოლქი] ანზორ ბოლქვაძეს წარადგენს.

„ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ, 20 ივლისს წარადგენს, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ხვალ არ დასახელდებიან მოჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც მმართველი პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაასახელებს: „ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“

 

მთავარ ფოტოზე: ამომრჩევლის თანმხლები ბავშვი სპაიდერმენის ფორმით ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. ფოტო „ბათუმელების“ 2016 წლის არქივიდან. 

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური 

ანზორ ბოლქვაძეს „ქართული ოცნება“ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად ხვალ დაასახელებს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. ანზორ ბოლქვაძე მოქმედი დეპუტატია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში.

თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წელს კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.

2016 წელს მან ხულოს, შუახევისა და ქედის საარჩევნო ოლქები ისევ „ოცნების“  სახელით მოიგო, ამჯერადაც, ის, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესაც განიხილავდნენ, არ დადასტურდა. ერთი ვერსიით ეს არც თავად თორნიკე რიჟვაძემ მოინდომა, სხვა ვერსიით კი, პარტიის შიდა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ რიჟვაძეს არჩევნების მოგება ამ სამაჟორიტარო ოლქებში გაუჭირდებოდა.

____

უკვე ცნობილია „ქართული ოცნების“ სამივე მაჟორიტარი – ბათუმის საარჩევნო ოლქში რესან კონცელიძეს, ხოლო ქობულეთში ზაალ მიქელაძეს წარადგენს მმართველი პარტია.

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან, რესან კონცელიძე კი წლების განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

„ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატებს ხვალ, 20 ივლისს წარადგენს, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ხვალ არ დასახელდებიან მოჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც მმართველი პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაასახელებს: „ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“

აჭარაში 2020 წლის არჩევნებისთვის სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება:

  • N28 მაჟორიტარული ოლქი – ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • N29 მაჟორიტარული ოლქი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული [ამ ერთეულში შედის სოფლები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი];
  • N30 მაჟორიტარული ოლქი – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ხელვაჩაურის ყველა დანარჩენი სოფელი), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის როგორც ტრადიციულ, ასევე დისტანციურ ფორმატში – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს გათვლებით, 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 18 ივლისს დასრულებულიყო დისტანციური სწავლების შესახებ საინფორმაციო კამპანია, რისთვისაც სამინისტროს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 199 996 ლარზე უნდა გაეფორმებინა. შესაბამისი თანხმობა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსგან 2 ივნისს ჰქონდა. თუმცა, სამინისტროს ეს პროექტი არ განუხორციელებია.

განათლების სამინისტრომ ხელახალი თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 17 ივლისს მიმართა. განაცხადში სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების საინფორმაციო/საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე განკარგულება მთავრობამ 2020 წლის 10 ივლისს გამოსცა. შესაბამისად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება.

სამინისტრო ამჯერად ხელშეკრულების ვადებს ცვლის, რომლის მიხედვითაც, „ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმართვა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით“, 31 ივლისს უნდა დაიწყოს და 14 სექტემბერს დასრულდეს. კამპანიისთვის საჭირო თანხა უცვლელი რჩება – 199 996 ლარი.

„აღნიშნული კამპანიის განხორციელება თავდაპირველად იგეგმებოდა ივნისი-ივლისის თვეში… კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო, მთავრობის გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციასთან რიგი საკითხების დაზუსტება, ვერ მოხერხდა საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული განკარგულების პროექტის დროული განხილვა და გამოცემა“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით ემზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, როგორც ტრადიციულ ფორმატში, ასევე დისტანციური სწავლების მოდელით.

„მაგრამ ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, სავარაუდოა, რომ კორონავირუსის  შემთხვევებმა შესაძლოა განაგრძოს მატება და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში შესაძლო ეპიდვითარების გართულებით გამოწვეულ ცვლილებებს მომზადებული დახვდეს არამხოლოდ საგანმანათლებლო სექტორი, არამედ საზოგადოებაც. სწორედ ამიტომ კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ზემოხსენებული კამპანიის განხორციელება და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე“, – აცხადებს ამჯერად განათლების სამინისტრო.

ამ თემაზე:

სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე

სკოლა ბათუმში, რომელიც აშშ-ის მიერ აღიარებულ დიპლომს გასცემს 

ხარისხიან განათლებაზე თითქმის ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგრამ ხშირად სურვილების ასრულებისთვის დიდი ფინანსური რესურსია საჭირო. მიუხედავად ბევრი გაცვლითი პროგრამისა, ყველას არ ეძლევა უცხოეთში სწავლის საშუალება, სწორედ ნიჭიერი ბავშვებისთვის შექმნა საერთაშორისო სკოლა “პროგრესმა” ამერიკული აკადემია, რომელიც მოსწავლეებს ამერიკული უმაღლესი სკოლის ((High-School) დიპლომს სთავაზობს ქალაქიდან გაუსვლელად. ვინ, როგორ, რატომ და სად ხდება ამ ოცნებების ასრულება ამის შესახებ ნატო კვანტალიანი, ამერიკული აკადემიის აკრედიტაციის ხელმძღვანელი დეტალურად პასუხობს.

  • ქალბატონო ნატო, რას გულისხმობს ამერიკული დიპლომი/ატესტატი და რა უპირატესობა აქვს?

უმაღლესი სკოლის ამერიკული დიპლომი გულისხმობს, რომ მოსწავლემ High-School-ის საგნები გაიარა ინგლისურ ენაზე და დააგროვა 25 კრედიტი. დიპლომთან ერთად მოსწავლე იღებს საგნების ჩამონათვალს და ნიშნების ფურცელს. ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ეს  ნიშნები იქნება აღიარებული. ანუ თუ სკოლაში  სწავლის დროს მოსწავლეს მოუწევს სხვა ქვეყანაში ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელება, ეს კრედიტები ჩაეთვლება, მოხდება კრედიტების ტრანსფერი.

  • კონკრეტულად რას სთავაზობთ მოსწავლეებს და სად?

ჩვენმა სკოლამ აკრედიტაცია გაიარა კოლეჯების საბჭოებში და საქართველოს სამივე ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში შესაძლებელია ქალაქიდან გაუსვლელად ამერიკული დიპლომის აღება. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სასწავლო რესურსებს, რომელიც მხოლოდ აკრედიტებული სკოლებისთვისაა ხელმისაწვდომი. სკოლა ასევე ანგარიშვალდებულია შეასრულოს და დააკმაყოფილოს აკრედიტაციის სტანდარტები, იზრუნოს სკოლის უწყვეტ განვითარებაზე, შესაბამისად, სწავლა სწავლების ხარისხი ყოველთვის უმაღლესია.

  • რომელი კლასიდან უნდა ჩაერთოს მოსწავლე ამერიკის უმაღლესი სკოლის სადიპლომო პროგრამაში?

აკრედიტაცია მიენიჭა 9-12 კლასებს, ამიტომ თუ მოსწავლეს სურს ამერიკული დიპლომი, ის ამერიკულ სექტორზე უნდა ირიცხებოდეს მე-9 კლასიდან. სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში რაიმე ნათელი და გარკვეული პოლიტიკა არა აქვთ და როდის ექნებათ რთული სათქმელია.

  • ამ შემთხვევაში მოსწავლეს ხომ არ შეეშლება ხელი აიღოს ქართული ატესტატი?

რაც შეეხება ქართული ატესტატის აღებას, რა თქმა უნდა, ხელს არ უშლის. ამჟამად სკოლა იმაზე მუშაობს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს სკოლის ამერიკული კურუკულუმი და სხვა სააკრედიტაციო დოკუმენტები. ამის შემდეგ პროგრესის ამერიკულ დიპლომს აღიარებს საქართველოს სახელმწიფო. ესე იგი ამერიკული სექტორის კურსდამთავრებულები ქართულ უნივერსიტეტებში მისაღებად წარადგენენ მხოლოდ ამერიკულ დიპლომს. ის მოსწავლეები, რომლებიც ქართულ სექტორზე სწავლობენ, მიიღებენ მხოლოდ ქართულ დიპლომს.

  • რამდენად შესაძლებელია ჩაითვალოს საქართველოში ნასწავლი მასალა უნივერსიტეტში კრედიტებად?

უნივერსიტეტის კრედიტად ჩაითვლება მხოლოდ AP კურსი და ისიც გამოცდის ჩაბერების შემთხვევაში. ჩვენი სკოლა ასევე იძლევა საშუალებას მოსწავლემ ბაკალავრიატში სწავლა გააგრძელოს როგორც საქართველოში, ასევე უკრანის და ამერიკაში, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.

  • ალბათ სხვა ქვეყნებშიც გყავთ პარტნიორები, რა პროგრამებს სთავაზობენ ისინი ქართველ ახალგაზრდებს?

პარტნიორები გვყავს გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში. სკოლაში ასევე მოქმედებს საუნივერსიტეტო საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ეხმარება მოსწავლეს უნივერსიტეტის შერჩევაში მისი უნარებიდან და სურვილებიდან გამომდინარე.

  • რამდენად მარტივია ამერიკაში ან ევროპაში უნივერსიტეტში მოხვედრა ამ დიპლომით? თუ არის ჩასაბარებელი სატ ან ტოეფლ გამოცდები?

ეს დიპლომი ნამდვილად მიიღება ამერიკაშიც და ევროპაშიც დიდი წარმატებით. არის გამონაკლისები, როდესაც უნივერსიტეტები დამატებით გამოცდებს ითხოვენ, მაგრამ ამის შეთანხმება წინასწარ უნდა მოხდეს.

  • რამდენად შესაძლებელია ამერიკაში ან ევროპაში დაფინანსების მოპოვება? რა არის ამისთვის საჭირო?

დაფინანსებისთვის მოსწავლემ უნდა ჩააბაროს sat ან toefl ტესტი.  აკადემიის პროგრამის ფარგლებში ვამზადებთ მოსწავლეებს sat ტესტისთვის. ჩვენთან ძალიან ბევრი საინტერესო კლუბია და მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში. ასევე სკოლა უზრუნველყოფს სარეკომენდაციო წერილით, რასაც უნივერსიტეტები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

  • რამდენ სკოლას აქვს მსგავსი პროგრამა დასავლეთ საქართველოში? რამდენად რთულია აკრედიტაციის მოპოვება?

საქართველოში მხოლოდ ორ სკოლას აქვს ეს აკრედიტაცია. აქედან ბათუმსა და ქუთაისში – მხოლოდ პროგრესს. სააკრედიტაციო საბჭოს ვებგვერდზეც შეგიძლიათ მოიპოვოთ ეს ინფორმაცია. აკრედიტაციის მოპოვებისთვის საჭიროა კვალიფიციური მასწავლებლები, მაღალი ხარისხია პროგრამა, მართვის კომპეტენცია და რესურსების მართვის გარანტიები, რომელიც მუდმივ განახლებას ექვემდებარება. სკოლას მოეთხოვება სააკრედიტაციო ინსტიტუტის ognia https://www.cognia.org/-ის მიერ შემუშავებული სტანდარტების დაკმაყოფილება.

  • რა ღირს აკადემიაში სწავლა?

აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომია, ვინაიდან ჩვენი სკოლა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ 30 % და 20%-იანი გრანტები ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე. სკოლა ინდივიდუალურად განიხილავს ნიჭიერი მოსწავლეების საკითხს და ცდილობს ხელი შეუწყოს თითოეულ მათგანს მიიღოს ხარისხიანი განათლება ქალაქიდან გაუსვლელად.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 571 01 90 50

დააწკაპუნეთ აქ და გადადით ბმულზე რეგისტრაციისთვის:

____

მთავარი ფოტო: ამერიკული უმაღლესი სკოლის პირველი კურსდამთავრებული, ანა შერვაშიძე და სკოლის დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი

პირს, რომელიც საქართველოს საზღვარს უკანონოდ გადმოკვეთს, 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს.

აღნიშნულ პირთა სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებას, კვებას, დასუფთავებას, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნას კი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო და ის ვრცელდება 2020 წლის 10 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოში საქმიანი ვიზიტისთვის თანხმობის მისაღებად უცხოელმა განაცხადი უნდა შეავსოს

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბიზნეს საქმიანობისთვის საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, თანხმობის მისაღებად, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს.

განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის – www.stopcov.ge -ის მეშვეობით. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სახელისა და გვარის გრაფა ივსება ინგლისურ ენაზე, ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული ტრანსკრიფციით.

ეს წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი, ხუთი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა. ერთობლივ ბრძანებას ხელს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები აწერენ.

შევსებული განაცხადი, ავტომატურად ფიქსირდება ელექტრონულ პროგრამაში, რომელზეც წვდომა აქვს, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განაცხადის შემვსები პირის მიერ შერჩეულ, ზემოთ აღნიშნული 5 სამინისტროდან ერთ-ერთს.

ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი ივსება და თანხმობის გამცემ ორგანოს წარედგინება:

  • საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, დამადასტურებელი წერილი მომწვევი ორგანიზაციიდან და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხევაში;

თუ განაცხადს ავსებს იურიდიული პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, ის ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მის მიერ რეკომენდირებული პირის მოქმედი პასპორტის ასლი, დამადასტურებელი წერილი მომწვევი ორგანიზაციიდან და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხევაში.

მომწვევ ორგანიზაციას შეიძლება წარმოადგენდეს: საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოური საწარმოს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, (მათ შორის, სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულება), სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, საჯარო სამართლის იურდიული პირი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულო.

განაცხადების განხილვა ხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ მიღებიდან არაუმეტეს 4 სამუშაო დღისა. თანხმობის გამცემი უწყება განიხილავს განაცხადს და უარყოფით პასუხს აცნობებს განმცხადებელს, იმ შემთხევაში, თუ: ა) განაცხადი შევსებულია არასრულად ან არასწორად; ბ) მოთხოვნის მიზნობრიობა არ შეესაბამება ბიზნეს/შრომით საქმიანობას.

ერთობლივ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „განაცხადის შემვსები პირისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანხმობის გამცემი უწყება იტოვებს უფლებას, არ განუმარტოს განაცხადის შემვსებ პირს თავისი გადაწყვეტილება“.

ბათუმში კორონავირუსზე 897 კვლევის შედეგი უარყოფითია – 19 ივლისის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 897 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

19 ივლისის დილის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 7 პაციენტი.

ცხელების კლინიკაში კი მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ, 20 ივლისს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 33 337 პირს

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში, კარანტინში იმყოფება 2071 პირი. კარანტინი დატოვა 11 339-მა პირმა.

მთელიუ ქვეყნის მასშტაბით კი, 19 ივლისის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1028,
    მათ შორის გამოჯანმრთელებული – 899,
    მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმშია – 5627,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228 პირი;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

20 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიდამთიან რაიონებში – დღისით 27-32 გრადუსი, ღამით – 18-23 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – დღისით 18-23 გრადუსი სითბო, ღამით 10-15 გრადუსი

ზღვაზე ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ხოლო ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება.

სამშაბათს და ოთხშაბათს [21 და 22 ივლისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ნავსადგური/ ივლისი, 2020 / ფოტო: გურამ მურვანიძე

 

ევა – გოგო, რომელსაც თუშეთში ცხვრების გადარეკვის ტურისტულ მარშრუტად ქცევა სურს

„ოცამდე ცხენი გვყავს, ოცდახუთიც ძროხა. ახლა ტურისტები აღარ არიან, ვეღარ ჯირითობენ ცხენები და მოსუქდნენ მთაში“, – ამბობს ევა კაპიტანოვა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თბილისში სამსახური მიატოვა, თუშ კაცზე დაქორწინდა და მთაში გაყვა, მერე კი ევა და გოჩა ალვანში დასახლდნენ. ევა სანამ დაქორწინდებოდა, სამსახურს გიდობასაც უთავსებდა და ტურისტებს თუშეთს აცნობდა. ყველაზე რთულ, საცხენოსნო ტურს სთავაზობდა უცხოელებს. ჯირითი თავიდან თბილისის იპოდრომზე ისწავლა, ბარის ცხენებზე. ახლა ამბობს, რომ თუშეთში გაზრდილი ცხენები ბევრად განსხვავდებიან იპოდრომის ცხენებისგან: პატარები არიან, ტყე-ღრეს შეჩვეულები და ბევრად საიმედოები. ევას და გოჩას ახლა საკუთარი ცხენები ჰყავთ.

ევა კაპიტანოვა

როცა გოჩა შირაქიდან თუშეთისკენ მიერეკება საქონელს საძოვრებზე ევაც მიყვება, გზადაგზა ფოტო და ვიდეომასალას იღებს, პოტენციურ ტურისტებს პირუტყვის გასავლელ გზას ათვალიერებინებს, მესაქონლეობის თავისებურებებზე უამბობს და სხვანაირ თუშეთს აცნობს. ამბობს, რომ მესაქონლეობას, პირუტყვის გადარეკვის პროცესს თუშეთში და გზას, რასაც მწყემსები გადიან, დიდი პოტენციალი აქვს იქცეს ეგზოტიკურ ტურად, რითაც ბევრი უცხოელი დაინტერესდება.

„მანავში ცხოვრობს ერთი ფრანგი გოგო, რომელიც ქართველზე დაქორწინდა, პროფესიით მწყემსია, შვეიცარიელ სტუმრებთან ერთად წავედით თუშეთში პირუტყვის გადასარეკად, 5, 10 დღეს მიდიან ერთად ცხვრები, ძროხები, ცხენები, ათასნაირ ხევს და ქარაფს გადიან, ულამაზესი სანახაობაა. ძალიან მოეწონათ. მწყემსი გოგო გვეუბნებოდა, რომ ევროპაში ასე აღარავინ ერეკება პირუტყვს, ვერცკი წარმოუდგენიათ, რომ ძროხა შეიძლება იალაღზე თავისუფლად გაუშვა და არაფერი მოუვიდეს. მიჰყავთ ტრანსპორტით საძოვრებამდე და მერე შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე ჰყავთ, მესაქონლეობის ინფრასტრუქტურა საფრანგეთსა და შვეიცარიაში სრულიად განსხვავებულია. აქ თან საქონელს მივერეკებოდით, გზადაგზა ვისვენებდით, საღამოობით ცოტას ვსვამდით, ერთ ჭერქვეშ გვეძინა და საქმეც კეთდებოდა. ეს მთელი ამბავი იყო მათთვის. ამ გამოცდილებამ დამაფიქრა პირუტყვის გადარეკვის სამომავლო ტურზე“, – ამბობს ევა.

ევა კაპიტანოვა მეუღლესთან ერთად თუშეთში

მას შემდეგ, რაც რძე დაგროვდება მთაში ევა და გოჩა ყველს, კარაქს და სულგუნს აკეთებს. ევა ყვება, რომ თუშური გუდის ყველი აუცილებლად სპეციალური შემდედებლით, ,,კვეთით“ უნდა გაკეთდეს და არა პეპსინით. როცა თავად მიერეკებიან საქონელს, რძეც მათია და ყველიც, მაგრამ თუ სხვა მწყემსს ჩააბარებენ ყველაფერს, მხოლოდ ყველის ნაწილს მისცემენ პატრონს – ყველს და რძის პროდუქტებს საქონლის ჯოგიდან იმის მიხედვით აძლევენ პატრონს, რამდენსაც ისინი იწველებიან – ასეთია მწყემსების დაუწერელი კანონი.

თუშური გუდის ყველი საკმაოდ ძვირი ღირს, კილოგრამის ფასი 25 ლარია. შესაბამისად, საქონლის პატრონებისთვის ეს კარგი შემოსავალია, თუმცა დიდი შრომის ფასად. თუშეთში ფერმები არ არის, არის მხოლოდ ცხვრის ბინები, სადაც ყველს ამზადებენ და ცხვრის ბაკი – სადაც პირუტყვს აბინავებენ. ყველს ხელით აკეთებენ, დიდ კასრებში. როგორც ევა ამბობს, ახლა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმი შეფერხებულია, თუშები მთლიანად მესაქონლეობაზე არიან დამოკიდებულები, აქამდე კი ადგილობრივები ითავსებდნენ გიდობას და ცხენებსაც აქირავებდნენ საცხენოსნო ტურებისთვის ვაშლოვანის ნაკრძალში.

„თუშეთში გიდად მუშაობის დროსაც ხშირად დავდიოდი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად დავინახე, რაც ამ დიდი თემის ოჯახის წევრი გავხდი, – ამბობს ევა. – დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ურთულესია მესაქონლეობა და დიდ ენერგიას მოითხოვს, საქონლის გადარეკვაც ძალიან დამღლელია, მაგრამ არსებობს სხვა მხარე ამ ყველაფრის. ერთხელ თუ წახვალ თუშეთში, მერე სულ იქით მიგიწევს გული“. ყვება დაცარიელებული სოფლების წესებზე, დღეობებზე და დაუწერელ კანონებზე, რასაც დღემდე ზედმიწევნით იცავენ თუშები.

ამ წესების მიხედვით, თუ მამა-პაპისეული კარმიდამო გაქვს თუშეთში, შეგიძლია იქ აძოვო შენი საქონელი, სხვის ტერიტორიაზე პირუტყვის გაშვება აკრძალულია, იმის მიუხედავად ცხოვრობს თუ არა იქ ვინმე. მთაში კოლექტივიზაცია საბოლოოდ 1956 წელს გაუქმდა და თუშებიც აიძულეს ჩამობარგებულიყვნენ. ძირითადად ქვემო, ზემო ალვანსა და ლალისყურში დასახლდნენ. გადმოსახლებულმა თუშებმა იციან, ვინ რომელი სოფლიდანაა, რომელი გვარი საიდანაა და სოფლელები ერთმანეთზე დღემდე არ ქორწინდებიან.

საძოვრებისკენ მიმავალი ცხენები

თუშეთში ყველა სოფელს თავისი დღეობა აქვს, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება. სოფელი შეიძლება დაცლილი იყოს, მაგრამ იქაურები ბარიდან დღეობაზე მაინც ადიან. სოფლის დღეობა ტრადიციების პატივისცემისა და წინაპართა ხსოვნის ერთგვარი დადასტურებაა.

„დღეობას 3, 5 მასპინძელი ოჯახი ჰყავს, მათ მნათეები ჰქვიათ. მნათეებს დღეობისთვის შემთხვევითობის პრინციპით ირჩევენ, მასპინძლებს დღეობაზე მიაქვთ უამრავი ხორაგი, კლავენ საკლავს, იწვევენ ადამიანებს და შეიძლება ორასამდე სტუმრის გამასპინძლება მოგიხდეს. დღეობა 3 დღეს გრძელდება, მესამე დღეს იხარშება უამრავი ხინკალი. მნათეები ვალდებულები არიან უმასპინძლონ სოფელში ყველა გამვლელ-გამომვლელს. მარტო არიან მნათეები, მათ ასევე შემთხვევითობის პრინციპით არჩეული ოჯახები ეხმარებიან კერძების დამზადებასა და ალაგება-დალაგებაში. დამხმარეებს მაკალათები ჰქვიათ. ჩვენც ვიყავით უკვე მნათეები ჩვენს სოფელ გირევში. ივლისის ბოლოს თუ დაიწყებ მოგზაურობას თუშეთში აუცილებლად მოხვდები რომელიმე სოფლის დღეობაზე“, – ამბობს ევა.

ევა კაპიტანოვა, თუშეთი

დღეობაზე იხარშება ლუდი, იკვლება საკლავი და კეთდება უამრავი ხინკალი. სოფლის მასპინძლებმა დღეობაზე სოფელს რაიმე უნდა შესწირონ.

დღეობის პირველ დღეს მნათეები გამთენიისას ცივ მდინარეში წვებიან სამჯერ, მერე სალოცავ ჭონთიოში მიდიან ახალი დროშით, დროშას ყველა ოჯახი თავის ალამს აბამს. მნათეები ახალ დროშას ტოვებენ სალოცავში და უკან მოაქვთ წინა წლის დროშა.

დღეობებზე სტუმრები სვამენ, ცეკვავენ და მღერიან. ასეა ყოველ წელს, ყველა თუშურ სოფელში.

როგორც ევა გვეუბნება შემოდგომაზე, როცა ცხვრებს თუშეთიდან უკან, შირაქის საძოვრებზე მოერეკებიან ყველაფერი სხვანაირია. ეს სექტემბრის ბოლოს ხდება.

„სიტყვა ფერიცვალების მნიშვნელობას ყველაზე კარგად გრძნობ, თუ შემოდგომაზე მოხვდები თუშეთში. ამ დროს ყველაფერი ფერადია, გარემო სხვანაირი ხდება. სექტემბერში სულ სხვანაირ პეიზაჟებს ხედავ, ვიდრე ასვლისას ხედავდი“, – ამბობს ევა.

ეკას ბრძოლა 32 წლის ძმის გადასარჩენად

კვირას, 19 ივლისს, მცხეთაში, გუდაურის გადასახვევთან და სენაკში, ფოთი-ზუგდიდის  გზაზე შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ნიკა ღვინჯილიას გადასარჩენად ფულს აგროვებენ. ეს პირველი აქცია არ არის, უკვე 2 თვეა ნიკას ოჯახის წევრები და მეგობრები ფულს აგროვებენ, რომ ნიკამ გულის გადანერგვა შეძლოს.

აქცია ნიკას ოპერაციისთვის ფულის შესაგროვებლად. ფოტო ფეისბუქჯგუფიდან „ნიკასთვის“

ნიკა ღვინჯილია 32 წლისაა. 2020 წლის აპრილში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმში ცხოვრობდა, ნიკას ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი – გულის დილატაციური კარდიომიოპათია. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, ოჯახს კი ამის ფინანსური საშუალება არა აქვს, ამიტომაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ყველა გზას მიმართავენ, რომ საჭირო თანხა შეგროვდეს და ნიკას გადარჩენა შეძლონ. 

ნიკას გადარჩენისთვის აქციებს მისი და, ეკა ღვინჯილია უწევს ორგანიზებას. ეკამ გვითხრა, რომ გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსში, ცნობილ კლინიკაში უნდა ჩატარდეს. საჭიროა 100 ათასი დოლარი, რაც 300 ათას ლარზე მეტია. ორ თვეზე მეტია ეკა ძმის გადასარჩენად ფულს აგროვებს, ორგანიზებას უწევს აქციებს, მოქალაქეებს მოუხმობს მხარდაჭერისკენ და სულ ახსოვს, რომ ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა.

ნიკა ღვინჯილია

აქციების შედეგად, დღეის მონაცემებით, შეგროვდა საჭირო თანხის ნახევარი – 171 ათასი ლარი, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ნიკა ღვინჯილიას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ნიკა და ეკა სენაკში გაიზარდნენ, სადაც ახლა ნიკას დედა და ბებია ცხოვრობს. ნიკას 86 წლის ბებიამ არ იცის შვილიშვილის დიაგნოზის შესახებ, მას  ორი შვილი [ნიკას მამა და მამიდა] ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა.

ნიკა პროფესიით მზარეულია. მისი სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში მისი კოლეგები, მზარეულებიც ჩაერთვნენ. მზარეულები ნიკასთვის – ასეთი ჰეშთეგით ქვეყნდება ფეისბუქზე ვიდეოები, რომელშიც ქართველი მზარეულები ნიკას მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

ფეისბუქზე ნახავთ ჯგუფს – ნიკასთვის, სადაც ყველა აქტივობა ზიარდება. გაიგებთ, როგორ ჩაერთო ნიკას გადარჩენის აქციაში 2 წლის ასაკში, დილატაციური კარდიომიოპათიის შედეგად გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ აქციაში ჩართვით მას აქვს განცდა, რომ ანიტას ეხმარება; ნახავთ პატარა გაბრიელ წიქარიშვილის ვიდეოს, რომელიც ყვება, როგორ დაზოგა ტკბილეულის ფული ნიკას დასახმარებლად რომ ჩაერიცხა და ბევრს სხვა ამბავს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ – 32 წლის ახალგაზრდა კაცის გადარჩენისათვის ბრძოლა.

ნიკასთვის შეგროვებული თანხა ყუთიდან. ფოტო ფეისბუქჯგუფიდან „ნიკასთვის“

ახლა ნიკა და ეკა თბილისში ცხოვრობენ, ბინაში, რომელიც მათ ნათესავმა დაუთმო დროებით. ნიკა დადის ექიმთან, სახლში აქვს ჟანგბადის ბალონი, რომელიც სუნთქვის გაძნელებისას მდგომარეობას უიოლებს და ელის, როდის შეგროვდება საჭირო თანხა, რომ გულის გადანერგვა შეძლოს.

ნიკა ღვინჯილია: „ველი ახალ სიცოცხლეს… ველი, როდის შეიკრიბება თანხა, რომ დონორის რიგში ჩამაყენონ”.

ნიკა ღვინჯილია

______________________

ნიკას დახმარების მსურველთათვის:

მაგთი | ბილაინი 0901701542 ზარის ღირებულება 1 ლარი 

საქართველოს ბანკი: GE46BG0000000162446658

თიბისი ბანკი: GE85TB7118045061100049

მიმღები: ეკატერინე ღვინჯილია 

ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში

17 ივლისის საღამო ბათუმში აუცილებლად მოასწავებდა წვიმას. ამ ქალაქში ყველამ იცის, რომ ყველა გეგმას წვიმა წარმართავს. თუმცა, ეს საღამო ელექტრასი იყო.

მუზები ახლაც რომ უამბობდნენ პოეტებს ამბებს, ალბათ, მოჰყვებოდნენ იმ მრავალტანჯულ დროზე, როცა ღია სივრცეში შეკრებაც კი არ შეიძლებოდა. გუშინ კი პრემიერა იყო. ნინო ხარატიშვილის “ელექტრას ომი” დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია ცის ქვეშ. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში წერდა:

“როცა გადაუღებელი წვიმისგან თავდაღწევა უნდოდათ, ამბობდნენ: „მზევ, ჩამოდი ვაკესაო, ცხვარს დიგიკლავ მაკესაო, შიგიწვავ, შიგიმარილავ, შამოგიდევ თავქვეშაო. თუ მოხვალ შენ შეჭამო, თუ არადა მე შევჭამო“.”

შელოცვამ ნამდვილად “გაჭრა”. როგორც კი გამოჩნდნენ მსახიობები წვიმაც შეწყდა.

აგამემნონისა და კლიტემნესტრას ქალიშვილის ეს ძველი ამბავი სრულიად ახალი ფერებით, ესთეტიკითა და ჟღერადობით გამოვიდა ბათუმის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე.

“ჩვენ – მსახიობები, რეჟისორი, მხატვრები, კომპოზიტორი, განათებისა და ხმის დიზაინერები, ჩვენ, ვინც ახლა ბათუმის დრამატული თეატრის ამ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ვიკვლევთ თემას, რომელიც არასდროს „გადადის მოდიდან”, სამწუხაროდ. ჩვენ ვიკვლევთ ომს სროლების, დასვრილი ტანსაცმლის, ტელევიზორებიდან გადმოღვრილი ახალი ამბების გარეშე. ელექტრა წერილს გზავნის ღამის კოსმოსში და ტანზე “Balenciaga”-ს დიდი, შავი კაბა აცვია”, – წერია ანოტაციაში.

ელექტრას როლი სპექტაკლში მეგი კობალაძემ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს როლი მას უკვე მეორედ ერგო. 2014 წელს ბათუმის დრამატულ თეატრში “ელექტრა” მიშა ჩარკვიანმა დადგა. მომდევნო წელს მეგი კობალაძე ამ როლისთვის აჭარის თეატრალური საზოგადოების რჩეული გახდა, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი.

საპრემიერო ჩვენება სულ ორ დღეს გრძელდება, ასე რომ დღეს, 18 ივლისს, საღამოს 10 საათზე შეგიძლიათ დაესწროთ თეატრის ეზოში “ელექტრას ომს” – მანამდე კი არ დაგავიწყდეთ წვიმის ღმერთებზე ლოცვა.

ბათუმში კოვიდ-19-სგან 1 პაციენტი განიკურნა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ერთი პაციენტი გაწერეს, მისი ბოლო ტესტი კოვიდ-19-ზე უარყოფითია, თუმცა რეკომენდაციის მიხედვით, ის მაინც საკარანტინო სივრცეში გადავა. კლინიკაში, დღეს 18 ივლისს ელოდებიან კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელემთან“ საუბარში ამბობს, დღეს შესაძლოა კიდევ ერთი პაციენტი გაწერონ. „გუშინ ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუ დღესაც უარყოფითი აღმოჩნდება პასუხი, პაციენტი კლინიკას დატოვებს“-ამბობს კიკაბიძე.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე, ერთი პაციენტი დღეს გადაიყვანეს საკარანტინო სივრციდან. აღნიშნილი პირი თურქეთიდან იყო შემოსული და კარანტინში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ლაბორატორიებში ჩატარებული 902 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკაში ერთი ადამიანია მოთავსებული და მისი კვლევის პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.

 

Exit mobile version