მთავარი,სიახლეები

რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“

28.02.2020 • 3285
რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“

დასაქმების არსებული მონაცემების მიუხედავად, რატომ დანიშნეს ერთი და იგივე ადამიანი ორი სახელმწიფო შპს-ს დირექტორად? – კითხვა დღეს, 28 თებერვალს, თორნიკე რიჟვაძეს დავუსვით. საუბარია ჯაბა სურმანიძეზე, რომელიც აქამდე შპს „სტადიონს“ ხელმძღვანელობდა, 20 თებერვალს კი, ის შპს „ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორიც გახდა. ამ ორგანიზაციამ ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოაწყოს.

„პროექტები, რომლებსაც ჯაბა სურმანიძე ხელმძღვანელობს, არის დაახლოებით 300 მილიონზე მეტი პორტფელი და ამ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ეს პროექტები. სწორედ ამიტომ მართავს ეს ადამიანი, მათ შორის, ორივე პროექტს და ორივე კომპანიას, რომ არის ძალიან მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი აღნიშნულ კომპანიაში დასაქმდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა, დანაზოგი დიდად აღემატება იმ ხელფასს, რასაც ამ ადამიანს უხდიდნენ…“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯაბა სურმანიძის ხელფასი ორივე პოზიციაზე ჯამში 9 150 ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ჯაბა სურმანიძის, როგორც „ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარია, ხოლო როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასი – 6250 ლარი.

ჯაბა სურმანიძის ეს ხელფასი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელფასზე მაღალია. თორნიკე რიჟვაძის ხელფასი თვეში 5750 ლარია.

რა იგულისხმება „ხარჯების ოპტიმიზაციაში“? – აჭარის მთავრობის პრესცენტრში განმარტავენ, რომ პროექტების განხორციელებისას, პროექტების მართვისა და მენეჯმენტის პროცესში, მიღებულ იქნა სწორი საპროექტო და სხვა სახის გადაწყვეტები რითაც დაიზოგა საბიუჯეტო სახსრები.“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს დანაზოგია ჯაბა სურმანიძის ხელფასზე მეტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: