მთავარი,სიახლეები

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

27.04.2020 • 5903
„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების თქმით, რუსეთის მოქალაქეს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი უმაგრებს ზურგს.

  •  გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები

5 გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წლობით ნაშენი მათი ბიზნესი „უკვე წაიღო ფელიქსამ“. გადამზიდავებმა ზუსტად იციან, რომ ამ პირს გავლენიანი სახელმწიფო მოხელეები მფარველობენ. „ბათუმელებმა“ არაერთ წყაროსთან გადამოწმებით დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევია ის პირი, ვის შესახებაც ბათუმელი გადამზიდავები აცხადებენ, რომ მან მათი ბიზნესი მიიტაცა.

ბათუმელი გადამზიდავების თქმით, 2020 წლის 14-15 იანვარს სწორედ ფელიქს ხუდოევმა შეკრიბა მათი თურქი პარტნიორები თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში და დაემუქრა – „თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, მაშინ საერთოდ ვერ იმუშავებთ“.

ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს ერთ-ერთი გადამზიდავი, ბესიკ ქორიძე: „შეხვედრა გაიმართა სასტუმროში, რუსთაველზე. თურქებთან ერთად მეც შევედი, თითქოს თურქი ბიზნესმენი ვიყავი. სასტუმროს კარებთან დაგვხვდა ფელიქსის მძღოლი, რომელმაც გვთხოვა, რომ ტელეფონები და საათები მანქანაში დაგვეტოვებინა. ალექსანდრე ჰქვია და მის სახელზე აქვს კომპანია გაფორმებული – „არარატ საქართველო“. სწორედ ამ კომპანიით ჩაგვანაცვლეს ჩვენ.

სასტუმროში ფელიქსმა თქვა, რომ საქმე „გაიასნებული“ აქვს სახელმწიფო დონეზე. პირდაპირ გვითხრა – ვინც არ ითანამშრომლებს ჩემთან, ერთადერთი სიტყვა იყო, რომ ყველას მანქანა გაჩერდება. დანარჩენი იყო ციფრებზე საუბარი. ერთგვაროვან ტვირთზე, ერთ მანქანაზე ის ითხოვს 450 დოლარს; „გრუპაში“, რომელსაც კარგოს ვეძახით – 750-800 დოლარს. ყველას დაგვპირდა, რომ თუ მასთან არ გადავალთ და ამ თანხას არ გადავუხდით, საბაჟოზე მანქანებს გაგვიჩერებს 10-20 დღით. იტრაბახა თუ ნამდვილად აქვს „გაიასნებული“, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეხვედრიდან მეორე დღესვე  ჩვენი მანქანები მართლა გააჩერეს… ჩვენი ბიზნესის 90% ფელიქსმა უკვე წაიღო“.

ბესიკ ქორიძე ამ სფეროში ათ წელზე მეტია მუშაობს და ახლა მისი კომპანია – „რეექსპოტრანსი“ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას: დატვირთულ ტრანსპორტს ზოგჯერ 20 დღითაც კი აჩერებენ საბაჟოზე, რაც მისთვის გაკოტრების ტოლფასია.

„ბათუმელები“ ბესიკ ქორიძესთან ერთად კიდევ 4 კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. გადამზიდავებმა გვითხრეს, რომ მათაც იმავე მეთოდით გაუჩერეს ბიზნესი, როგორც ბესიკ ქორიძეს.

ბესიკ ქორიძე და სხვა გადამზიდავები წლებია თურქეთიდან საქონელს ეზიდებიან სომხეთში. ამ ხნის განმავლობაში მათ ჩამოუყალიბდათ პარტნიორობაზე დამყარებული ნდობა როგორც თურქ მომწოდებლებთან, ისე სომეხ შემსყიდველებთან. შესაბამისად, არც თურქ და არც სომეხ ბიზნესმენებს არ ხიბლავთ მათთვის უცხო პირთან, იგივე ფელიქს ხუდოევთან თანამშრომლობა, მაგრამ სხვა გზა, ბათუმელი ბიზნესმენების მსგავსად, არც მათ დარჩათ – ქართულ საბაჟოებზე ტვირთების ხელოვნურად დაყოვნების გამო მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიიღეს. როგორც გადამზიდავები აცხადებენ, „თანდათან პარტნიორები იძულებული ხდებიან ითანამშრომლონ „ფელიქსთან“, რადგან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მხოლოდ ის „ანთებს მწვანეს“.

გადამზიდავების თქმით, საუბარია 100 ათასობით დოლარზე და ეს ყველაფერი საქართველოში ერთი კაცის ხელში ხვდება.

„ჩვენ ვთავაზობდით ერთიან სერვისს – რეექსპორტს და გადაზიდვას სომხეთის მიმართულებით, რადგან სომხეთი და თურქეთი არც თუ ისე კარგი პარტნიორები არიან. რეექსპორტის პირობებში, რადგან ფელიქსა უარს ამბობს ქართველებთან თანამშრომლობაზე, გადაზიდვის პროცესში შემოიყვანეს თურქული სატრანსპორტო კომპანიები. ამით დაზარალდნენ როგორც ჩვენი კომპანიები, ისე ქართული ავტოპარკიც – ტრანსპორტი გაგვიჩერა.

თურქული ტრანსპორტის სომხეთში შესვლა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ქართულის. ქართულ მანქანას თავის დაზღვევიანად სომხეთის საბაჟო მაქსიმუმ 55 ლარი უჯდება, თურქულს – 400 დოლარი და ამას ემატება შავი ფული, რასაც თურქი მძღოლები იქ იხდიან.

ჩვენ რეექსპორტში ერთ მანქანაზე გვიხდიდნენ დაახლოებით 100 დოლარს. ეს ოფიციალური ფასია და იბეგრება. ფელიქსა შემოვიდა და ითხოვს 450 დოლარს. სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ ბიზნესმენს უღირს გაიღოს დამატებით ეს 350 დოლარიც, ქარხანა რომ არ გაუჩერდეს.

თავისუფალი კონკურენციის პირობებში ქართული ტრანსპორტი თურქულ ტრანსპორტთან იყო კონკურენტუნარიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სხვა უპირატესობა – მათი ავტოპარკი გაცილებით უკეთესია, გადაზიდვების 50 %-ს ქართული მხარე ახორციელებდა, 50 %-ს – თურქული. მაგრამ რეექსპორტში და ტრანსპორტირებაში როცა გაჩნდა მესამე ძალა, ქართულ ტრასპორტს აღარც კი დარჩა შანსი, რომ ჩაერთოს ამ კონკურენციაში. ახლა დამკვეთს არჩევანის გაკეთება  ფასსა და ხარისხს შორის კი არ უწევს, არამედ ის იძულებულია აირჩიოს თურქული ავტოპარკი, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს 700-დან 1000 დოლარით გაუძვირდა რეექსპორტის მომსახურება“, – ასე ჩამოაყალიბა კიდევ ერთმა დაზარალებულმა გადამზიდავმა, ირაკლი ნემსაძემ კონკრეტული კომპანიების ზიანი.

დატვირთული მანქანები, რომლებსაც ბათუმისა და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ერთი და ზოგჯერ ორი კვირითაც აყოვნებენ.

მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან საერთოდაც შემოსავლების გარეშე დარჩნენ ამ კომპანიებში დასაქმებულები და ქართველი მძღოლები, რომლებიც რეექსპორტზე მუშაობდნენ. „დაახლოებით 1000-1500 ადამიანი მაინც ზარალდება“, – აცხადებს ირაკლი ნემსაძე, კიდევ ერთი გადამზიდავი კომპანიის მფლობელი.

  • რას ამბობენ თურქი ბიზნესმენები

„ბათუმელები“ სამ თურქ ბიზნესმენს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ადასტურებენ თუ არა ინფორმაციას ტრანსპორტის ქართულ საბაჟოზე ხელოვნური დაყოვნების შესახებ და რამდენად უკავშირდება ეს ფელიქს ხუდოევს.

თურქმა ბიზნესმენმა, მუსა ალთინკაიამ, სატელეფონო საუბარში დეტალურად აგვიხსნა, რომ ფელიქს ხუდოევმა და მისმა გავლენიანმა მფარველებმა მისი ბიზნესი საქართველო-სომხეთის მიმართულებით პრაქტიკულად გააჩერეს:

ეროლ კაია

„მე ვეღარ შევძელი სარფის საბაჟოზე მანქანების გატარება, ამიტომ საერთოდ გავაჩერე ეს მიმართულება. რიზეში 20-30 გადამზიდავი ვართ და ყველა გაგვაფრთხილეს ფელიქსის შესახებ. ჩვენ ბიზნესასოციაციასაც მივწერეთ ანკარაში, მაგრამ გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ეს საქართველოში ხდება.

საქართველოში რატომღაც გვთხოვენ, რომ არ ვეთანამშრომლოთ ბათუმელ პარტნიორებს… ვინც რეექსპორტზე მუშაობს, ყველა გააფრთხილეს, რომ მათ არ გაატარებენ, თუ არ იმუშავებენ თბილისის გავლით. მე ამას არ დავთანხმდი და რეექსპორტი საქართველოში შევაჩერე“.

კიდევ ერთმა ბიზნესმენმა, ეროლ კაიამ კი ეს მოგვწერა:

„ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა მაგ ფირმის გამო – 2 დატვირთული მანქანა ერთი ბათუმში, ერთიც თბილისში გამიჩერეს. ფელიქსის გავლენით კლიენტურა გამექცა. ერთი მანქანა, რომელიც დატვირთული იყო… 5 დღე გააჩერეს წითელ ზოლში და მხოლოდ ის მითხრეს, რომ უნდა დაელოდოთო. მე 20 წელია ერევანზე ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადრეც იყო შემთხვევა, როცა მაჩერებდნენ, მაგრამ 1 დღე გრძელდებოდა ხოლმე. დიდი ფირმები ამ და სხვა ბერკეტით ბათუმში მყოფ ჩვენს პარტნიორებს საქმეს ურთულებენ და საბოლოოდ ცდილობენ საქმე ხელიდან გამოსტაცონ “.

  • როგორ აჩერებენ საბაჟოზე მანქანებსა და ტვირთებს

გადამზიდავებს მორიგი მცდელობა ჰქონდათ 20 მარტს, როცა ისინი მივიდნენ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზში] და ერთ-ერთ მებაჟეს კატეგორიულად მოსთხოვეს ტვირთი ან ჩამოერთვა, როგორც უკანონო საქონელი, ან გაეტარებინა. მებაჟე მათ პასუხობს: „ვამოწმებთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია“. ბოლოს კი ბესიკ ქორიძეს ეუბნება: „მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ უშუალოდ ჩვენ მაგის გადაწყვეტის უფლება არ გვაქვს და სხვა, თქვენ იცით, ვისაც უნდა მიმართოთ“.

ბესიკ ქორიძე რამდენჯერმე ჩაეკითხა – „ვის უნდა მივმართო?“, თუმცა მას ამ კითხვაზე არ უპასუხეს და ტელეფონი გაუთიშეს.

 

Newspaper Batumelebi · ბესიკ ქორიძის საუბარი ბათუმის გეზის თანამშრომელთან

ამ სატელეფონო ზარის შემდეგ ანუ 26 მარტს გადამზიდავებმა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკეს. მათ უთხრეს, რომ ამ საკითხს გამოიძიებენ. მას შემდეგ ზუსტად 27 დღე გავიდა. ახლა ბესიკ ქორიძე ამბობს, რომ დღემდე მას არავინ დაკავშირებია „ცხელმა ხაზმა და გამოძიების დაწყებამაც არაფერი შეცვალა ჩვენი ბიზნესის მიტაცების საქმეში“.

გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები საბაჟოებზე არსებულ ვითარებას ასე ახასიათებენ – „მარაზმამდე მივიდა სიტუაცია“: „კრიმინალური ელემენტები“, „90-იანები დაბრუნდა, სადღაც უნდა „გააიასნო“, „ზემოდან უნდა დარეკონ“.

გადამზიდავები ამას საკუთარი გამოცდილებით ასაბუთებენ.

„რამდენჯერმე შევხვდი გეზის უფროსს და რისკების უფროსს. გეზის უფროსი ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია. რისკების უფროსი გელაპარაკება კანონის ენით, რომ მათ ამის უფლება აქვთ. მე მას დავუმტკიცე, რომ ეს ასე არ არის: მე შემიძლია ფელიქსს გადავუხადო ის თანხა, რასაც ითხოვს და ფელიქსა გაატარებს მანქანას-მეთქი. არაო, კანონით ვერ ვახერხებო, მაგრამ მე ღამის ორ საათზე გავაშვებინე მანქანები. ჩემმა პარტნიორმა ჩაურიცხა 1000 დოლარი ფელიქსას, ღამის ორ საათზე მოიყვანეს სახლიდან მებაჟე, ვისაც გაჩერებული ჰყავდა მანქანა და გაუშვა. პირადად მე მქონდა ეს“, – ამბობს ბესიკ ქორიძე და დასძენს: „ახლაც შემიძლია მივიდე საბაჟოზე, თურქეთში ხმოვან მესიჯს გავაგზავნი პარტნიორთან, ის მიწერს ფელიქსას და გაუშვებენ ნახევარ საათში“.

„მებაჟე ოფიცერს როგორც კი მოუვა სიგნალი „გაიასნებაზე“, მაშინვე უშვებენ მანქანას. ყოფილა შემთხვევა, როცა გაიხსნა მანქანა, ვერ მოესწრო დათვალიერება, რადგან დაღამდა, მეორე დღეს უნდა დაესრულებინა დათვალიერება, მაგრამ ღამით შეთანხმდნენ მხარეები და ეს მანქანა დათვალიერების გარეშე გაუშვეს. დილით მოსულ მებაჟეს ისღა დარჩა გაკვირებოდა, მანქანა რომ არ დახვდა გზშ-ში“, – გვითხრა კიდევ ერთმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელმა ირაკლი არძენაძემ.

მისივე თქმით, „საბაჟოზე უნდა გაიხსნას მანქანა, დაითვალოს, დოკუმენტებთან შესაბამისობა დადგინდეს და გაგიშვან. რიგები გეზ-ში არ არის, დღეში 30 მანქანას დაათვალიერებენ, არ აქვთ ამის პრობლემა, მით უფრო ეს ტრანზიტული საქონელია, საქართველოში არ რჩება, პროცედურაში იღებს სახელმწიფო ფულს – ჩვენ მოგებას გვიბეგრავს“.

ბესიკ ქორიძის თქმით კი, მათი ბიზნესის გასაჩერებლად გამოყენებული ხელოვნური ბარიერები ერთ რამეზე მიუთითებს: „რომ ეს საქმე მინიმუმ საბაჟოს დეპარტამენტის ხელმძღვანელების ან შემოსავლების უფროსის დონეზე წყდება“:

„მანქანების რისკჯგუფში მოხვედრის ორი ვარიანტია – ალგორითმი, რომელიც მანქანებს ახვედრებს რისკჯგუფში და მეორეა მექანიკურად მოხვედრების შესაძლებლობა, ანუ ვიღაც ერთვება და შესაბამის ღილაკს აჭერს ხელს. რა ჯგუფია ამაში ჩარეული? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ საბაჟოს დეპარტამენტის ხელმძღვანელები ან შემოსავლების უფროსის დონეზე წყდება.

როცა „აწითლებენ“ საქონელს, აცხადებენ, რომ არის პრევენციული ზომა. ურეკავ, დადიხარ, ეკითხები და პასუხს არავინ გცემს. მინიმუმ ხელმძღვანელები და საბაჟოს ოფიცრები ინფორმირებულები არიან, რაც ხდება. მაქსიმუმ ამათ შორისაც არსებობს გარკვეული კავშირი. პირად საუბრებში გვეუბნებიან, ხომ იცით რა ხდება, რას გვეკითხებით ჩვენო.

მეწარმეს, როცა მანქანაში ჩადებული აქვს 50-100 ათასი დოლარი და უჩერდება საბაჟოზე ორი კვირით და მეტით, ამით წარმოებას ნედლეული აღარ აქვს, სამუშაო ფერხდება და კლიენტურას კარგავს. შესაბამისად, შენში ხედავს პრობლემას და ალტერნატიულ გზებს ეძებს. სწორედ ამ დროს ფელიქსა ირთვება „მაიაკივით“ და პრობლემას, მართალია ძვირად, მაგრამ აგვარებს“.

  • ვინ არის ფელიქს ხუდოევი? 

„ბათუმელებს“ უნდოდა ფელიქს ხუდოევისთვის ეკითხა გადამზიდავებისთვის ბიზნესის წართმევის შესახებ. მან მოკლედ გვიპასუხა, რომ არ არის საქართველოში, ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს და ამიტომ ვერ გვიპასუხებს. მას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მივწერეთ, რომ კითხვებს რუსულად მივაწვდიდით, მაგრამ ფელიქს ხუდოევი ჩვენთან კავშირზე აღარ გამოვიდა.

ოფიციალური წყაროების თანახმად კი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფელიქს შირინის ძე ხუდოევი 1965 წელს თბილისში დაიბადა.

ხუდოევმა, როგორც რუსეთში რეგისტრირებული დახურული სააქციო საზოგადოება „ფელიქსის“ ერთადერთმა აქციონერმა და დირექტორმა, 2014 წლის იანვარში საქართველოში  დახურული სააქციო საზოგადოება „ფელიქსი-ს თბილისის ფილიალი“ დაარეგისტრირა. ის ამ ფილიალის დირექტორადაც დაინიშნა.

ფელიქს ხუდოევი

ფილიალის რეგისტრაციის პროცესში ხუდოევისგან გაცემული მინდობილობით ვახტანგ რამიშვილი და მიხეილ ქრისტესაშვილი მოქმედებდნენ. დებულების მიხედვით, ფილიალის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ქურთუკების წარმოება; ფილიალი უფლებამოსილია ასევე განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

ფელიქს ხუდოევმა და გურამ ნამთალაშვილმა [ისრაელის მოქალაქე] 2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაარეგისტრირეს შპს „მითფუდტრანსლოჯისტიკი“, რომლის წილებს, 50-50%-ს, თავად ფლობენ. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითად საგნად კი მითითებულია ვაჭრობა და ლოჯისტიკა.

„მითფუდტრანსლოჯისტიკის“ წესდებას/პარტნიორთა შეთანხმებას ხელს აწერს მხოლოდ ფელიქს ხუდოევი. დოკუმენტების მიხედვით, ხუდოევზე შესაბამისი მინდობილობა გურამ ნამთალაშვილის მიერ ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში გაფორმდა.

ამ კომპანიის დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე კოტოიანი. „მითფუდტრანსლოჯისტიკის“ იურიდიულ მისამართად კი მითითებულია ალექსანდრე კოტოიანის საცხოვრებელი მისამართი.

ამავე მისამართზე ალექსანდრე კოტოიანმა 2020 წლის იანვარში ახალი შპს – „არარატ საქართველო“ დააფუძნა, რომლის 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც თავადაა.

წესდების მიხედვით, შპს „არარატ საქართველოს“ საქმიანობის ძირითად საგნად რეექსპორტია მითითებული.

ბათუმელი გადამზიდავების თქმით, სწორედ ალექსანდრე კოტოიანია ფელიქს ხუდოევის პირადი მძღოლი. შესაბამისად, მის სახელზე რეგისტრირებული კომპანია „არარატ საქართველოც“ სწორედ ხუდოევის საკუთრებაა და ალექსანდრე კოტოიანი მხოლოდ ნიღაბია.

„ბათუმელები“ ალექსანდრე კოტოიანსაც დაუკავშირდა. მან თავდაპირველად გვითხრა, რომ „ცოტა ხანში დაგვიკავშირდებოდა“, მაგრამ მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

  • რას ამბობენ შემოსავლების სამსახურში

შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ნამდვილად დაიწყო თუ არა გამოძიება 26 მარტს გადამზიდავების მიერ ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის შედეგად. თითქმის ერთი თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა უწყებამ იმ ბიზნესმენების გამოკითხვა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სისტემა მათ აზარალებს?

დილით უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებას მივიღებდით. სამუშაო დღე ისე დასრულდა, რომ დაპირებული განმარტება არ მოუწოდებიათ.

______

ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“.  პროექტის ახორციელებს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: