მთავარი,სიახლეები

ტარიელ ნაკაიძე VS ანზორ ბოლქვაძე – ნაკაიძეს ოპოზიციიდან ოპონენტი, სავარაუდოდ, არ ეყოლება

20.07.2020 • 4280
ტარიელ ნაკაიძე VS ანზორ ბოლქვაძე – ნაკაიძეს ოპოზიციიდან ოპონენტი, სავარაუდოდ, არ ეყოლება

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება „ევროპული საქართველოდან“. როგორც ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, სავარაუდოდ, ოპოზიციიდან მას კონკურენტები არ ეყოლება და დაპირისპირება მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატთან მოუწევს.

  • ბატონო ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

მე არ მომინდა პოლიტიკაში წასვლა, მე, უბრალოდ, წარმოვადგენ იმ საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც, ვფიქრობ უკვე დროა, ხელისუფლებაში იყვნენ. უფრო მეტი მრავალფეროვნება ხელისუფლებაში, ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიულ განვითარებას, სეკულარიზმს. მე ვარ მუსლიმი თემის უფლებების დამცველი ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო იქნება და შეიძლება ისტორიულიც ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი, არამედ საზოგადოების ინტერესიც.

ბოლო რვა თვის განმავლობაში შემოვიარე მთელი საქართველო, მოვინახულე ყველა ეკომიგრანტი, რომელიც ზემო აჭარიდან ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში. მე მოვისმინე მათი ინტერესები და, ზოგადად, ამ მიმართულებით ამ თემში არის სურვილი, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობდნენ ადამიანები, ვინც მათი ინტერესების დაცვაში მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, მე ამ ბიძგმა, ტალღამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება.

  • ფიქრობთ, რომ თქვენ იქნებით საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ინტერესების დამცველი პარლამენტში?

არა მარტო მუსლიმების, მაგრამ მე რადგან ამ მიმართულებით მაქვს ნამუშევარი, მათ ინტერესებსაც წარმოვადგენ. მე ვიქნები ჩემი კუთხიდან წასული ადამიანების, მათ შორის საქართველოს ყველა მოქალაქის დამცველი, თუ მათ ექნებათ რაიმე სახის პრობლემა. ის, რაც დეპუტატის კომპეტენციებში შედის, მე ამ მიმართულებით ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი პრიორიტეტი არ იქნება ტენდერებში გამარჯვება და ფინანსური მაქინაციები შემოსავლების მიღების მიზნით, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ღიად შეინიშნება დეპუტატებში.

  • მმართველმა პარტიამ დღეს ოფიციალურად დაასახელა ანზორ ბოლქვაძე, რომელიც თქვენი კონკურენტი იქნება აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში. რას ფიქრობთ მასზე, როგორც კონკურენტზე და რა იქნება თქვენი უპირატესობა. ის უკვე იყო სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ზემო აჭარიდან.

ჩემი უპირატესობა იქნება მოსახლეობისთვის ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები და პრიორიტეტები, ჩვენი ბეგრაუნდი და რეალური დაპირებები, რომელსაც პროგრამული სახით წარვუდგენთ. ანზორ ბოლქვაძე არის სახელისუფლებო კანდიდატი. არის მოლოდინი, რომ სერიოზული ზეწოლები დაიწყება მოსახლეობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოსახლეობას ვერ გატეხს.

ამის მოლოდინი არსებობს, რადგან ამის პრაქტიკაც არსებობდა, როცა ჩაერთვება მთელი სახელისუფლებო მანქანა წინასაარჩევნოდ, ეს ყოველთვის ასე ხდება. არც ამ არჩევნებზე იქნება გამონაკლისი.

  • თქვენ გყავთ ისეთი მყარი ამომრჩეველი, რომელიც გაუძლებს ზეწოლებს?

რა თქმა უნდა. ასე რომ არ იყოს, არც ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მე ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარაში [ოთხ მუნიციპალიტეტში] და ასევე შეიძლება ვიყო პროპორციულ სიაშიც. თუმცა ჯერ ეს დაზუსტებული არ არის. კანდიდატი ვიქნები „ევროპული საქართველოდან“.

დღეს დავტოვე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარეობა, ასევე გამოვედი გამგეობის წევრობიდან და დავტოვე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის გამგეობის წევრობაც.

  • ოპოზიციიდან მხოლოდ თქვენ იქნებით მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ სხვა კონკურენტებიც გეყოლებათ?

ამასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, არ იქნება ოპოზიციიდან სხვა კანდიდატი.

  • ჩვენ გვახსოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე თქვენი აქტიურობა. ასევე ის რეაქციები, რაც თქვენთან დაკავშირებით ვლინდებოდა სოციალურ ქსელებში. იყო ძალიან ნეგატიური შეფასებები: „მოღალატე“, „თურქეთის აგენტი“ და ა.შ არ ელით, რომ როცა დაიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, თქვენი მისამართით განახლდება მსგავსი შემოტევა. როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ ამ ტალღას?

ჩვენ შავ პიარს აქამდეც ვუპირისპირებდით სიმართლეს და, შესაბამისად, დღესაც დავუპირისპირებთ. ამის მოლოდინი არის და არც პიროვნულად არ ვარ ამისგან დაზღვეული. ეს უფრო მეტს მომცემს ჩემს პოლიტიკურ სვლაში, რადგან საზოგადოება ნათლად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ მოღალატეა და ვინ – არა, ვინ პატრიოტია. რეალობა ერთია, ფაქტი ერთია და ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტებს. ჩვენ სიმართლეს დავუპირისპირებთ ყველა არასწორ შემოსევას, რომელიც შეიძლება ჩემს მიმართ იყოს. ეს არ მაშინებს, რადგან გამოცდილება მაქვს მიღებული. არც არაფერი გამოსვლიათ მათ, ვინც რაღაც იარლიყების მიწებებას ცდილობდა.

  • როგორ ფიქრობთ, თუკი შეხვალთ პარლამენტში, დაეხმარება თქვენი იქ ყოფნა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს? წლებია, მშენებლობის ნებართვის მიღებას ვერ მიაღწია მუსლიმმა თემმა?

ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილება დადებითად იმოქმედებს არსებულ სიტუაციაზე, რადგან ის ძალები, რომლებიც ცვლილების მოლოდინში არიან, უფრო ლიბერალური და სწორი ხედვებით მიიღებენ საკულტო ნაგებობების მშენებლობებზე გადაწყვეტილებას.

მე ამ პროცესში შევიტან დადებით როლს და არა მარტო მუსლიმურ საკულტო ნაგებობებთან, სხვა რელიგიური უმცირესობების საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებითაც – ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს დამოკიდებულება, რომ მე ვარ ბევრი, დომინანტი და ამან უნდა შეუშალოს ხელი უმცირესობას, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს, რაღაც აიშენოს და ღვთისმსახურება შეასრულოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: