მთავარი,სიახლეები

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

15.03.2019 • 2146
ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს, ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირებს საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. ოთხსართულიანი ძველი კორპუსი მახინჯაურში, რომელშიც სამხედროები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო.

ამ შენობის გვერდით, ყოფილი საბჭოთა შენობები მიმდებარე ტერიტორიებით, სახელმწიფომ ინვესტიციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის პირობით აქამდეც რამდენჯერმე გაასხვისა. მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთები ძველი შენობებით მართველი პარტიის ლიდერ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც შეისყიდეს.

დაინტერესებულია თუ არა რომელიმე კონკრეტული ინვესტორი სამხედრო პირების საცხოვრებელი ადგილით და გეგმავს თუ არა სახელმწიფო მის გასხვისებას ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ვერ მიიღეს.

ტერიტორია, სადაც ყოფილი და მოქმედი სამხედროების ოჯახები ცხოვრობენ

„შენობა თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაშია, ამიტომ ჩვენ ამ ქონებასთან მიმართებაში საინვესტიციო წინადადებას არ განვიხილავთ. თუ სამინისტრო მას უკან დააბრუნებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი გასხვისება განვიხილოთ. სხვა რაიმე სახის განმარტებას ამ საკითხზე ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

მახინჯაურში, თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში მცხოვრებ ყოფილი და მოქმედი სამხედროების ინფორმაციით, შენობაში შესახლების უფლება მათ, წლების წინ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მისცა, იმ პირობით, რომ ძველ შენობას ისინი თავად მოაწესრიგებდნენ.

„ოფიციალური ბრძანება ამასთან დაკავშირებით წერილობით არ გვაქვს და არც შეგვეძლო ეს მოგვეთხოვა. გვაქვს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გვიშუამდგომლა. შენობა მოვაწესრიგეთ, ფაქტობრივად მხოლოდ კარკასი იყო. წლების შემდეგ კი, ჩვენი ადგილზე არყოფნის დროს, მოვიდნენ სამხედრო პოლიციიდან და ჩვენს მეუღლეებს მოაწერინეს ხელი პირობაზე, რომ ნებისმიერ დროს, მითითებისთანავე დავტოვებდით ტერიტორიას“, – გვიყვება ყოფილი სამხედრო პირი, ფრიდონ ბერიძე.

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები ოჯახებით ამ შენობაში 2009 წლიდან ცხოვრობენ. „სამომავლოდ ამ შენობის დარეგისტრირებასაც გვპირდებოდნენ“, – ამბობს ყოფილი ოფიცერი როინ ბერიძე.

აქ მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ მზად არიან დატოვონ ტერიტორია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებს, ოღონდ შეთავაზება ადეკვატური უნდა იყოს.

„მარნეულში ან ქედაში ვერ წავალთ. თუ ნორმალურ ფართობს და ადგილს შემოგვთავაზებენ, უარს არ ვიტყვით. პირიქით გაგვიხარდება თუ აქ სახელმწიფო სასტუმროს ააშენებს“, – აცხადებენ ისინი.

ამ დროისთვის შენობაში 40-მდე სამხედრო პირის ოჯახი ცხოვრობს, მათგან ზოგი პენსიაშია გასული, ზოგიც მოქმედი სამხედროა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია, სადაც მოქმედი და ყოფილი სამხედრო პირების ოჯახები ცხოვრობენ, თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაშია. ქონების მფლობელი კი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მახინჯაურის ყოფილი სამხედრო ბატალიონის შენობიდან ყოფილ სამხედრო პირებს საცხოვრებლის დატოვებას აიძულებენ; მცდარია ასევე ისიც, რომ მათ ამ ბინების საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდნენ:

„არ გეგმავს არავინ მათ გამოსახლებას. ეს სახლი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა. ჩვენ არ ვთხოვთ მათ ბინების დატოვებას, არ ვასახლებთ არავის. თუმცა, ვინც უკვე გადასულია სხვა საცხოვრებელ სახლში და უბინაოდ არ არის, ბინა კი თავისუფალია, მათ, რა თქმა უნდა, ვთხოვთ, რომ ჩააბაროს ბინა, რომელიც თავდაცვის სამინიტროს კუთვნილებაა.

ეს არის სამხედროების დროებითი საცხოვრებელი. სამხედრო, როდესაც სამსახურშია, მას აძლევენ უფლებას, გამოიყენოს ეს საცხოვრებელი. როდესაც მიდის თავდაცვის ძალებიდან, მან უნდა დაცალოს ბინა. თუმცა, ვისაც სხვა საცხოვრისი არა აქვს, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას იცხოვროს. თუკი ის გადის ამ ბინიდან სხვაგან საცხოვრებლად, ვთხოვთ, რომ ჩააბაროს ეს ბინა თავდაცვის სამინისტროს. ახლა იქ არიან მოქმედი სამხედროებიც, მაგრამ ძალიან ბევრია ყოფილი სამხედრო“, – განმარტა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო თოლორდავამ.

მთავარი ფოტო: სახლი, რომელშიც ყოფილი და მოქმედი სამხედროები ცხოვრობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: