კულტურა,მთავარი,სიახლეები

ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში

18.07.2020
ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში

17 ივლისის საღამო ბათუმში აუცილებლად მოასწავებდა წვიმას. ამ ქალაქში ყველამ იცის, რომ ყველა გეგმას წვიმა წარმართავს. თუმცა, ეს საღამო ელექტრასი იყო.

მუზები ახლაც რომ უამბობდნენ პოეტებს ამბებს, ალბათ, მოჰყვებოდნენ იმ მრავალტანჯულ დროზე, როცა ღია სივრცეში შეკრებაც კი არ შეიძლებოდა. გუშინ კი პრემიერა იყო. ნინო ხარატიშვილის “ელექტრას ომი” დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია ცის ქვეშ. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში წერდა:

“როცა გადაუღებელი წვიმისგან თავდაღწევა უნდოდათ, ამბობდნენ: „მზევ, ჩამოდი ვაკესაო, ცხვარს დიგიკლავ მაკესაო, შიგიწვავ, შიგიმარილავ, შამოგიდევ თავქვეშაო. თუ მოხვალ შენ შეჭამო, თუ არადა მე შევჭამო“.”

შელოცვამ ნამდვილად “გაჭრა”. როგორც კი გამოჩნდნენ მსახიობები წვიმაც შეწყდა.

აგამემნონისა და კლიტემნესტრას ქალიშვილის ეს ძველი ამბავი სრულიად ახალი ფერებით, ესთეტიკითა და ჟღერადობით გამოვიდა ბათუმის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე.

“ჩვენ – მსახიობები, რეჟისორი, მხატვრები, კომპოზიტორი, განათებისა და ხმის დიზაინერები, ჩვენ, ვინც ახლა ბათუმის დრამატული თეატრის ამ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ვიკვლევთ თემას, რომელიც არასდროს „გადადის მოდიდან”, სამწუხაროდ. ჩვენ ვიკვლევთ ომს სროლების, დასვრილი ტანსაცმლის, ტელევიზორებიდან გადმოღვრილი ახალი ამბების გარეშე. ელექტრა წერილს გზავნის ღამის კოსმოსში და ტანზე “Balenciaga”-ს დიდი, შავი კაბა აცვია”, – წერია ანოტაციაში.

ელექტრას როლი სპექტაკლში მეგი კობალაძემ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს როლი მას უკვე მეორედ ერგო. 2014 წელს ბათუმის დრამატულ თეატრში “ელექტრა” მიშა ჩარკვიანმა დადგა. მომდევნო წელს მეგი კობალაძე ამ როლისთვის აჭარის თეატრალური საზოგადოების რჩეული გახდა, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი.

საპრემიერო ჩვენება სულ ორ დღეს გრძელდება, ასე რომ დღეს, 18 ივლისს, საღამოს 10 საათზე შეგიძლიათ დაესწროთ თეატრის ეზოში “ელექტრას ომს” – მანამდე კი არ დაგავიწყდეთ წვიმის ღმერთებზე ლოცვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: