განათლება,მთავარი,სიახლეები

ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის როგორც ტრადიციულ, ასევე დისტანციურ ფორმატში – სამინისტრო

19.07.2020 • 2267
ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის როგორც ტრადიციულ, ასევე დისტანციურ ფორმატში – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს გათვლებით, 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 18 ივლისს დასრულებულიყო დისტანციური სწავლების შესახებ საინფორმაციო კამპანია, რისთვისაც სამინისტროს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 199 996 ლარზე უნდა გაეფორმებინა. შესაბამისი თანხმობა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსგან 2 ივნისს ჰქონდა. თუმცა, სამინისტროს ეს პროექტი არ განუხორციელებია.

განათლების სამინისტრომ ხელახალი თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 17 ივლისს მიმართა. განაცხადში სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების საინფორმაციო/საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე განკარგულება მთავრობამ 2020 წლის 10 ივლისს გამოსცა. შესაბამისად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება.

სამინისტრო ამჯერად ხელშეკრულების ვადებს ცვლის, რომლის მიხედვითაც, „ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმართვა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით“, 31 ივლისს უნდა დაიწყოს და 14 სექტემბერს დასრულდეს. კამპანიისთვის საჭირო თანხა უცვლელი რჩება – 199 996 ლარი.

„აღნიშნული კამპანიის განხორციელება თავდაპირველად იგეგმებოდა ივნისი-ივლისის თვეში… კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო, მთავრობის გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციასთან რიგი საკითხების დაზუსტება, ვერ მოხერხდა საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული განკარგულების პროექტის დროული განხილვა და გამოცემა“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით ემზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, როგორც ტრადიციულ ფორმატში, ასევე დისტანციური სწავლების მოდელით.

„მაგრამ ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, სავარაუდოა, რომ კორონავირუსის  შემთხვევებმა შესაძლოა განაგრძოს მატება და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში შესაძლო ეპიდვითარების გართულებით გამოწვეულ ცვლილებებს მომზადებული დახვდეს არამხოლოდ საგანმანათლებლო სექტორი, არამედ საზოგადოებაც. სწორედ ამიტომ კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ზემოხსენებული კამპანიის განხორციელება და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე“, – აცხადებს ამჯერად განათლების სამინისტრო.

ამ თემაზე:

სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: