მთავარი,სიახლეები

ეკას ბრძოლა 32 წლის ძმის გადასარჩენად

18.07.2020 • 3180
ეკას ბრძოლა 32 წლის ძმის გადასარჩენად

კვირას, 19 ივლისს, მცხეთაში, გუდაურის გადასახვევთან და სენაკში, ფოთი-ზუგდიდის  გზაზე შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ნიკა ღვინჯილიას გადასარჩენად ფულს აგროვებენ. ეს პირველი აქცია არ არის, უკვე 2 თვეა ნიკას ოჯახის წევრები და მეგობრები ფულს აგროვებენ, რომ ნიკამ გულის გადანერგვა შეძლოს.

აქცია ნიკას ოპერაციისთვის ფულის შესაგროვებლად. ფოტო ფეისბუქჯგუფიდან „ნიკასთვის“

ნიკა ღვინჯილია 32 წლისაა. 2020 წლის აპრილში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმში ცხოვრობდა, ნიკას ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი – გულის დილატაციური კარდიომიოპათია. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, ოჯახს კი ამის ფინანსური საშუალება არა აქვს, ამიტომაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ყველა გზას მიმართავენ, რომ საჭირო თანხა შეგროვდეს და ნიკას გადარჩენა შეძლონ. 

ნიკას გადარჩენისთვის აქციებს მისი და, ეკა ღვინჯილია უწევს ორგანიზებას. ეკამ გვითხრა, რომ გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსში, ცნობილ კლინიკაში უნდა ჩატარდეს. საჭიროა 100 ათასი დოლარი, რაც 300 ათას ლარზე მეტია. ორ თვეზე მეტია ეკა ძმის გადასარჩენად ფულს აგროვებს, ორგანიზებას უწევს აქციებს, მოქალაქეებს მოუხმობს მხარდაჭერისკენ და სულ ახსოვს, რომ ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა.

ნიკა ღვინჯილია

აქციების შედეგად, დღეის მონაცემებით, შეგროვდა საჭირო თანხის ნახევარი – 171 ათასი ლარი, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ნიკა ღვინჯილიას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ნიკა და ეკა სენაკში გაიზარდნენ, სადაც ახლა ნიკას დედა და ბებია ცხოვრობს. ნიკას 86 წლის ბებიამ არ იცის შვილიშვილის დიაგნოზის შესახებ, მას  ორი შვილი [ნიკას მამა და მამიდა] ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა.

ნიკა პროფესიით მზარეულია. მისი სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში მისი კოლეგები, მზარეულებიც ჩაერთვნენ. მზარეულები ნიკასთვის – ასეთი ჰეშთეგით ქვეყნდება ფეისბუქზე ვიდეოები, რომელშიც ქართველი მზარეულები ნიკას მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

ფეისბუქზე ნახავთ ჯგუფს – ნიკასთვის, სადაც ყველა აქტივობა ზიარდება. გაიგებთ, როგორ ჩაერთო ნიკას გადარჩენის აქციაში 2 წლის ასაკში, დილატაციური კარდიომიოპათიის შედეგად გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ აქციაში ჩართვით მას აქვს განცდა, რომ ანიტას ეხმარება; ნახავთ პატარა გაბრიელ წიქარიშვილის ვიდეოს, რომელიც ყვება, როგორ დაზოგა ტკბილეულის ფული ნიკას დასახმარებლად რომ ჩაერიცხა და ბევრს სხვა ამბავს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ – 32 წლის ახალგაზრდა კაცის გადარჩენისათვის ბრძოლა.

ნიკასთვის შეგროვებული თანხა ყუთიდან. ფოტო ფეისბუქჯგუფიდან „ნიკასთვის“

ახლა ნიკა და ეკა თბილისში ცხოვრობენ, ბინაში, რომელიც მათ ნათესავმა დაუთმო დროებით. ნიკა დადის ექიმთან, სახლში აქვს ჟანგბადის ბალონი, რომელიც სუნთქვის გაძნელებისას მდგომარეობას უიოლებს და ელის, როდის შეგროვდება საჭირო თანხა, რომ გულის გადანერგვა შეძლოს.

ნიკა ღვინჯილია: „ველი ახალ სიცოცხლეს… ველი, როდის შეიკრიბება თანხა, რომ დონორის რიგში ჩამაყენონ”.

ნიკა ღვინჯილია

______________________

ნიკას დახმარების მსურველთათვის:

მაგთი | ბილაინი 0901701542 ზარის ღირებულება 1 ლარი 

საქართველოს ბანკი: GE46BG0000000162446658

თიბისი ბანკი: GE85TB7118045061100049

მიმღები: ეკატერინე ღვინჯილია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: