მთავარი,სიახლეები

რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა

20.07.2020 • 1347
რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა

“…დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა და 50 უყურებდა, რამდენიმე ჩხუბობდა, ზოგი აშველებდა… დიდხანს არ გაგრძელებულა, 5-7 წუთი ალბათ… მერე კლიენტი მოვიდა, დამიძახეს და გამოვბრუნდი,” – უთხრა მოსამართლეს მოწმე ხათუნა კობალაძემ. ის პროდუქტების მაღაზიის კონსულტანტია და აპრილში, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს შეესწრო.

მოწმის თქმით, მას არ დაუნახავს ვინმესთვის ხელის დარტყმა, ან იარაღის გამოყენება.

საუბარია ბათუმში, აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს.

რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

მოწმე ხათუნა კობალაძე ადვოკატის, დავით ჯაფარიძის შეკითხვამ გააღიზიანა: “მაღაზიის რომელ ნაწილში იდექით, როცა ჩხუბის ხმა მოგესმათ?”

“ზუსტად სად ვიდექი ახლა, არ მახსოვს…” – ჩაილაპარაკა მოწმემ.

“არ მახსოვს, ესეც პასუხია,” – მიმართა მოწმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

“…თქვენ ამბობთ, რომ არ გახსოვთ ბევრი რამ. საიდან დაასკვენით, რომ ჩხუბობდნენ? მარტო იმის გამო, რომ ხელებს იქნევდნენ? იქნებ ცეკვავდნენ?” – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა ნონა დუმბაძემ.

“ცეკვის დროს, მგონი, გინება და ყვირილი არ არის,” – არ დაიბნა მოწმე.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა გამომძიებელმა ჯემალ ცეცხლაძემაც. მან ამ საქმეზე ბრალდებულები გამოკითხა.

“მე მოგიყევით, ნახეთ, როგორ გამლახეს-მეთქი… მე და თქვენ ხომ ერთად დავათვალიერეთ ვიდეო,” – უთხრა მოწმეს ბრალდებულმა ელდარ ანთაძემ.

“გამორიცხულია,” – მოკლედ თქვა პასუხი გამომძიებელმა.

ამ საქმეზე დღეს კიდევ 4 მოწმე უნდა დაეკითხათ, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს მტკიცებულება უდავოა.

სასამართლო პროცესზე დააბრუნეს ბრალდებული რეზო წულუკიძე, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. პროცესზე დაბრუნების უფლება დავით მამისეიშვილმა ასევე ბრალდებულის ძმას, ფირუზ წულუკიძესაც მისცა. ისინი წინა სხდომაზე გააძევა მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან ხმაურის გამო.

ამ თემაზე:

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: