მთავარი,სიახლეები

პროდუქტებში სუდანის შემცველობას სურსათის სააგენტო უცხოეთში გამოიკვლევს

19.07.2020 • 1946
პროდუქტებში სუდანის შემცველობას სურსათის სააგენტო უცხოეთში გამოიკვლევს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წელს სუდანის/საღებავის ლაბორატორიული კვლევისთვის 34 ნიმუშს აიღებს. სააგენტოს მიღებული აქვს თანხმობა, რათა თევზის ნიმუშებისა და სურსათში საღებავების ლაბორატორიულ კვლევაზე ხელშეკრულება, ჯამში 32 898 ევროს ფარგლებში, ტენდერის გარეშე გააფორმოს.

„ისე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საჭირო ლაბორატორიულ კვლევებზე, უმცირესი ფასი შემოგვთავაზა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა დაცვისა და გარემოს ინსიტუტმა “BIOR” (ლატვია). შემოთავაზებულმა ფასმა საერო ჯამში შეადგინა 32 898 ევრო.

აქედან: თევზის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა – 28 818 ევრო [30 ნიმუში X 960.6 ევრო] და სუდანის/საღებავის ლაბორატორიული კვლევა – 4 080 ევრო [34 ნიმუში X 120 ევრო]“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებული ლაბორატორიები ვერ უზრუნველყოფენ თევზის ნიმუშების და სურსათში საღებავების (Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red 7n და Para Red) იმ მაჩვენებლებზე სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი შესაბამისი რეგულეციებით.

„ამასთან, ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართეველოში მოქმედი ლაბორატორიები ვერ გვთავაზობენ აღნიშნულ მომსახურებას უცხოური, ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების მეშვეობითაც“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

შესაბამისი ხელშეკრულება ლაბორატორიულ კვლევაზე, 19 ივლისის მდგომარეობით, შესყიდვების გვერდზე ჯერ ატვირთული არ არის.

„2020 წლის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის თანახმად, განსაზღვრულ ვადებში, სურსათში საღებავებისა და თევზის ნიმუშების კვლევასთან დაკავშირებული ვალდებულებების სრულად შესრულება, ქართული წარმოების სუნელებისა და თევზის ევროკავშირში ექსპორტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, – აცხადებს სურსათის სააგენტო.

Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, აკრძალული საღებავი „სუდანი“ ბოლოს, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან, ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა.

საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა და კეტჩუპი, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შემოწმდა.

ამ თემაზე:

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: