მთავარი,სიახლეები

მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემათ თავდაცვის სამინისტროს ის ქონება, რომლებშიც ცხოვრობენ

20.07.2020 • 1711
მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემათ თავდაცვის სამინისტროს ის ქონება, რომლებშიც ცხოვრობენ

მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება დაამტკიცა. შესაბამისი დაგდგენილება ძალაში 2020 წლის 20 ივლისს შევიდა.

დღემდე აჭარაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ოჯახები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებში ცხოვრობდნენ და მათ სახელმწიფო ამ ქონების დაცლას სთხოვდა.

საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს:

[checklist]

  • საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს (სარგებლობს);
  • ფიზიკურ პირს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე.

[/checklist]

აღნიშნულ პირებს საკუთრებაში არ გადაეცემათ ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), თუ:

  • მას, მის მშობელს, მეუღლეს (ყოფილ მეუღლეს) ან შვილს/შვილებს საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ფართობი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
  • დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილი არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით;
  • მას საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართობი.

დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), საკუთრებაში არ გადაეცემა

[crosslist]

  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს.

[/crosslist]

დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობის დევნილისთვის (დევნილი ოჯახისთვის) გადაცემა წარმოადგენს მისი, როგორც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და შესაბამისად, მას (მის ოჯახს) აღარ წარმოეშობა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება.

ამ დებულებით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება:

  • მრავალბინიან სახლში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში;
  • იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (მის მიერ დაკავებულ, შენობის ფართობის ოდენობის მიწის ნაკვეთთან ერთად), რომელიც არ წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ნაწილს და არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს დებულება აწესრიგებს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/199572/

 

გადაბეჭდვის წესი