Batumelebi | რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან? რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან? – Batumelebi
RU | GE  

რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან?

პლასტმასი რომ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა, ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ სახიფათო ტენდენციაზე, კერძოდ იმაზე თუ რამდენად საზიანოა მარიხუანის მოსაწევად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭურჭელი – პლასტმასის ე.წ. ხელნაკეთი ბონგი, რომელიც წყლის ერთჯერადი ბოთლისა და ვერცხლის ქაღალდის კომბინაციით მზადდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლასტმასის ჭურჭლის უმეტესობა გახურებისას კანცეროგენულ ქიმიკატებს გამოყოფს, მარიხუანის მოწევისთვის განკუთვნილი პლასტმასის ხელნაკეთი ბონგიც არ არის უსაფრთხო. ჩაკიდებისას ვერცხლის ქაღალდი ხურდება და ადნობს პლასტმასის ბოთლის ყელს, ასეთი ბოთლიდან მოწევისას, დამდნარი პლასტმასის კვამლი, მარიხუანის ბოლთან ერთად მიდის ფილტვებში, რაც სპეციალისტების შეფასებით – ძალიან სახიფათოა.

“განსაკუთრებით ზიანის მომტანია პლასტმასის ბოთლის გახურების დროს აალებადი კანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც ინტენსიური ჩასუნთქვის შემთხვევაში ფილტვის ქსოვილს აყენებს ზიანს და დროთა განმავლობაში, სისტემატიური მოხმარების პიროებებში, შეიძლება ეს გახდეს ისეთი საშიში დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორიცაა  ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე”, – ამბობს ეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი ნარგული ასანიძე.

ტყემალი მინერალური წყლისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბოთლში. წარწერა პლასტმასზე: 1 PET

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოცემა წერს, რომ პლასტმასი გაცხელებისას ქიმიკატებს გამოყოფს, რომლებმაც შესაძლოა თქვენს საჭმელსა თუ სასმელში შეაღწიოს. “კვლევებმა აჩვენეს, რომ პლასტმასისგან გარკვეულ ქიმიკატები შესაძლოა ჩვენს საკვებსა და სასმელში აღმოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს უფრო სწრაფად და უფრო დიდი დოზით, როდესაც პლასტმასი ხურდება. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენ მიიღოთ პოტენციურად მავნე ქიმიკატების კიდევ უფრო მაღალი დოზა, თუ საკვებს პლასტმასის კონტეინერით გააცხელებთ მიკროტალღურ ღუმელში”, –  ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს პირდაპირ დამდნარი პლასტმასის კვამლის ჩასუნთქვა.

საკვებისა და სასმელის ინდუსტრიაში სულ ათამდე სახეობის პლასტმასი გამოიყენება. სასმელი წყლის ჭურჭლისთვის ძირითადად გამოიყენება პლასტმასი კოდით 1 – პოლიეთილენ ტერაფტალატი (PET ან PETE). მიჩნევა, რომ იგი უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისთვის, მისი მრავალჯერადად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნარგული ასანიძე ამბობს, რომ ქიმიკატების გამოყოფის თვალსაზრისით, საშიშია ასეთი ბოთლების მეორადად გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათში ცხელ სითხეს/მასას ასხამთ, რადგან შესაძლოა გახურებისას პლასტმასი ამ მასასთან შევიდეს რეაქციაში და იგი საკვებად უვარგისი ხდება.

ბიოლოგი ამბობს, რომ საფრთხის შემცველია პლაჟზე წაღებული წყლის ბოთლის გაჩერება მზის გულზე. “აუცილებლად უნდა გადააფაროთ რამე, რომ არ მოხდეს პლასტმასის გახურება”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან