ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

05.06.2020 • 5453
ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმში ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების ცალ მხარეს ავტომობილების გაჩერება შემოდგომიდან აიკრძალება. ამ ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა ცალმხრივი იქნება და მოეწყობა ე.წ. Bus lane-ბი [ავტობუსის სავალი ხაზები]. ამ ხაზებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. პარალელურად, ავტომობილების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზეც. Bus lane-ბის მოწყობა პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში იგეგმება.

რა იცვლება კონკრეტულად [პროექტის მიხედვით]

გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილები, მიკროავტობუსები და ავტობუსები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან [ცირკიდან] ჯავახიშვილის ქუჩამდე [ბათუმი მოლამდე] ამავე მიმართულებით. ქუჩის მარჯვენა მხარეს დარჩება პარკინგიც, ხოლო მეორე მხარეს მოეწყობა Bus lane და ჯავახიშვილისა და გორგილაძის კვეთიდან ბარათაშვილის მიმართულებით, ცალმხრივად იმოძრავებენ მხოლოდ ავტობუსები.

ბარათაშვილის ქუჩაზე, Bus lane გაგრძელდება გორგილაძის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში – ბარათაშვილის ქუჩის მარჯვენა [ლუწ] მხარეს. აქ Bus lane შეწყდება და გაგრძელდება თბილისის მოედანთან მდებარე წრიულიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ჭავჭავაძის ქუჩაზეც მოძრაობა გარკვეულწილად გახდება ცალმხრივი. წრიულიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით იმოძრავებს ყველა სახის ტრანსპორტი. პირიქით, გრიბოედოვის ქუჩიდან წრიულამდე [თბილისის მოედნამდე] კი მოეწყობა Bus lane და აქ მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ.

თუმცა, ჭავჭავაძის ქუჩაზე Bus lane გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე იქნება ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, ის იქნება გზის გამყოფი ხაზის გასწვრივ [თი ბი სი ბანკის მხარეს, ამ ბანკიდან საკათედრო ტაძრამდე], შესაბამისად, აქ ავტობუსის გაჩერება მოეწყობა არა ტროტუარზე, არამედ ქუჩის გამყოფ ზოლზე [ბანკის წინ]. მეორე გაჩერება კი ასევე გზაგამყოფ ზოლზე, დაგეგმილია თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

თავდადებულის ქუჩიდან თბილისის მოედნის მიმართულებით კი Bus lane ჭავჭავაძის ქუჩაზე გაგრძელდება ასევე გზაგამყოფის გასწვრივ, ოღონდ, უკვე არა ეკლესიის, არამედ მოპირდაპირე მხარეს.

Bus lane-ბის მოწყობის პარალელურად იგეგმება მოძრაობის მიმართულების შეცვლა პუშკინისა და გორგასლის ქუჩებზე:

პუშკინის ქუჩა „კარფურიდან“ 26 მაისამდე იქნება ცალმხრივი და ავტომობილები ამავე მიმართულებით იმოძრავებენ [ანუ, 26 მაისის ქუჩიდან „კარფურისკენ“ მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე არ იქნება].

გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

[red_box]ნახევარმილიონიანი ტენდერი[/red_box]

ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების გასწვრივ ავტობუსების სავალი ხაზის დახაზვისთვის, ქალაქის ბიუჯეტიდან 531 837 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2020 წლის 30 ივნისს დასრულდება.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ამავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

ტექნიკური დავალება: ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქუჩის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით (მათ შორის იმ ადგილებზე, სადაც მონიშვნის ტექნოლოგიური განხორციელების სქემა გულისხმობს საღებავის დატანას არსებული ძველი საღებავის მოცილების შემდეგ) – ძველი დარჩენილი საღებავის სავალი ნაწილიდან მოცილების მოცულობა -3 000 კვ.მ-ია, ხოლო დახაზვის საერთო მოცულობა – 5 909.31 კვ.მ.

მოსანიშნია: ავტობუსების სავალი ნაწილისა და გაჩერების ადგილები, ქვეითთა გადასასვლელები (ე.წ. „ზებრა“), ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი, სდექ ხაზები, მიმმართველი ისრები და სხვა სახის საგზაო მონიშვნები, მათ შორის, სხვადასხვა სახის საგზაო ჰორიზონტალური ნიშნის აღნიშვნები.

ტენდერით განსაზღვრულია ღამის ხილვადობისას მონიშვნის შუქდაბრუნების კოეფიციენტი; ასევე, კლასი და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თეთრი და ყვითელი ფერის საღებავები მშრალ ამინდში.

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 36 თვით [3 წლით] არის განსაზღვრული.

Bus lane-ბის მოწყობა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტის – „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ – ფარგლებში იგეგმება.

პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაცია ბათუმში 2015 წელს გაიმართა. სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნაზე დეტალური საუბარი კი 2018 წელს დაიწყო.

ამ თემაზე:

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: