მთავარი,სიახლეები

აჭარა TV ჩქმალავს მნიშვნელოვან ამბებს და არ აკრიტიკებს ხელისუფლებას – ქარტიის ანგარიში

20.07.2020 • 1497
აჭარა TV ჩქმალავს მნიშვნელოვან ამბებს და არ აკრიტიკებს ხელისუფლებას – ქარტიის ანგარიში

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 6 თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ანგარიშიდან, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების ხარისხს შეეხება.

მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქება

„მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი და საგანგაშოა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ შევადარებთ 2020 წლის მარტამდე არსებულ ვითარებას, როდესაც აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების ძირითადი თემა ხშირად იყო თავად აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. მაუწყებლის ჟურნალისტები და წამყვანები ხშირად მიუთითებდნენ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე“, – ნათქვამია ქარტიის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში წერია, რომ სამონიტორინგო პერიოდში, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები „საერთოდ ამოვარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგიდან“.

„…საინფორმაციო გამოშვების ეთერში საერთოდ ვერ მოხვდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც ომბუდსმენმა აჭარის მაუწყებლის დირექტორ გიორგი კოხრეიძეს 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდა. ასევე, არ გაშუქდა ამავე არხის გადაცემა „ჰეშთეგისა“ და ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლის, მალხაზ რეხვიაშვილის საჯარო წერილი, რომლითაც ის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის რეპრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭა თეონა თურმანიძის ფეისბუქპოსტის გამო ეთერიდან გათავისუფლების ამბავს – 21 აპრილის გადაცემაში ამის შესახებ მაყურებელს გამოშვების ბოლოს, მე-15 ამბად, ამინდის პროგნოზის წინ მიაწოდეს ინფორმაცია. 11 მაისს კადრსინქრონად გაშუქდა მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება, ამ ამბავზე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოხმაურება კი საერთოდ არ გაშუქებულა.

გარდა აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხებისა, მთავარი 20:00 საათზე ყურადღების მიღმა ტოვებდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საკითხებს. მაგალითად, 12 მაისს მაუწყებელმა ვრცლად გააშუქა ისეთი თემები, როგორიცაა პრემიერის ვიზიტი და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრები, თუმცა არ დაინტერესდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაციებით. ამ დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული, მათ შორისაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც“, – წერია ანგარიშში.

მონიტორინგის მასალებში საუბარია 27 აპრილს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც შეეხებოდა კორუფციულ სქემას საერთაშორისო გადამზიდავებთან დაკავშირებით. ანგარიშში წერია, რომ „აღნიშნულ თემას არაერთმა ცენტრალურმა ტელევიზიამ დაუთმო მნიშვნელოვანი ყურადღება, თუმცა აჭარის მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი არც 27 აპრილს გაშუქებულა და არც შემდგომ დღეებში“, – წერია ანგარიშში.

მონიტორინგის მასალებში ყურადღებაა გამახვილებული სხვა დეტალებზეც: „30 აპრილს ბათუმის მერი საკრებულოს წინაშე წარსდგა ყოველწლიური ანგარიშით, თუმცა, როგორც სხვა მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, მისი ანგარიში არ იყო სრულყოფილი და სიტყვიერი მოხსენების ნაცვლად, მერმა საკუთარი საუბრის ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა. მერმა და მისმა წარმომადგენლებმა არც საკრებულოს წევრთა კითხვებს დაუთმეს ადეკვატური დრო. მერის საკრებულოში მისვლის ამბავი „მთავარში“ გაშუქდა, თუმცა აღნიშნული დეტალები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.

19 მაისს TV-25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სულხან მესხიძემ გაავრცელა განცხადება, რომ თორნიკე რიჟვაძე მინისტრებს მათთან ურთიერთობას უკრძალავს. ამბავი გააშუქა ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამაც, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო ბადეში კი ეს ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა“.

ბალანსის დაცვა

„მონიტორინგის პერიოდში „მთავარში“ 20:00 საათზე, რიგ შემთხვევებში, ბალანსი არ იყო დაცული, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებისთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭებაში ან საერთოდ არგაშუქებაში.

მაგალითად, 2020 წლის 21 აპრილის გადაცემაში გასული სიუჟეტი – „საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა“ ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის დამატებითი ვადით გაგრძელებას.

სიუჟეტში არ იყო გაშუქებული ოპოზიციის კრიტიკა და არგუმენტები, თუ რატომ არ უჭერენ ისინი მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. მართალია, ამავე გადაცემაში ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, რომელსაც ასევე ჰქონდა საწინააღმდეგო მოსაზრებები, თუმცა არ გაშუქებულა ორი ძირითადი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

გარდა ამისა, მთავარში 20:00 საათზე ყოველდღე პირდაპირ ეთერში გადიოდა ინტერვიუ რესპონდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ან მათთან აფილირებული ექსპერტები იყვნენ“.

კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი

 

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი, „ძირითადად დაცლილი იყო ხელისუფლების კრიტიკისგან“.

„საინფორმაციო გამოშვება სჯერდებოდა მიმდინარე ამბების მხოლოდ მშრალად გაშუქებას, არ ცდილობდა ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილების კრიტიკულად გაანალიზებას და მაყურებლისთვის საკითხის შესახებ მრავალმხრივი მოსაზრებების მიწოდებას. შესაძლოა, ბალანსი ფორმალურად დაცული და მაყურებლისთვის შეთავაზებული ყოფილიყო სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, მთლიანი აღქმით, ეს არ არის კრიტიკული გაშუქება.

საინფორმაციო გამოშვება არ ცდილობდა, მაყურებლისთვის მიეწოდებინა განსხვავებული ინფორმაცია ან ფოკუსი ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ასევე, არ ცდილობდა თავად მოეძიებინა პრობლემური თემები დაეყენებინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არაერთ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას აწუხებდა, თუნდაც, პანდემიის პირობებში.

საინფორმაციო გამოშვებები, უმეტესად მიყვებოდა დღის წესრიგს და იმ მოვლენების გაშუქებას, რომელსაც საზოგადოებას პოლიტიკოსები, ძირითადად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ.

მაგალითად, 29 მაისს „მთავარის“ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ბათუმის საკრებულოს იმ სხდომის შესახებ, სადაც ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ საკითხი არ უნდა ამოეღო. საქმე ეხებოდა ბათუმის ბულვარის ცენტრში დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემას იმ კომპანიისთვის, რომელიც ოთხსართულიანი მშენებლობის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს.

ამბის გაშუქებისას აჭარის ტელევიზიამ აქცენტის გაკეთება ამჯობინა იმაზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი დაზარალდებოდა, თუკი საკითხი ჩავარდებოდა.

გადაცემაში შუქდებოდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, ფერმერებისათვის 200-ლარიანი სუბსიდირების გადაცემასა და განათლებასთან დაკავშირებით. თუმცა გაშუქება იყო კრიტიკისგან დაცლილი და მაყურებელი ვერ იღებდა მრავალმხრივ დაბალანსებულ ინფორმაციას. ამ გეგმებთან დაკავშირებით არ ისმოდა სათანადო კრიტიკა. ხშირად წამყვანს ისევ ხელისუფლების წარმომადგენელი ჰყავდა ეთერში. იყო შემთხვევებიც, როდესაც გადაცემაში სტუმრად ჰყავდათ კონკრეტული სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჟურნალისტის მხრიდან არ ისმოდა კრიტიკული კითხვები, ძირითადად, წამყვანის კითხვები ეხებოდა პროცედურულ საკითხებს და განმარტებებს, თუ რას მოიცავს ესა თუ ის პაკეტი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს მისი მიღება და ა.შ. საინფორმაციო გამოშვებაში ტენდენციური ხასიათი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას, ვიდრე მათ კრიტიკას.

მაგალითად, 14 მაისის გადაცემაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თემა გაშუქდა უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციაზე. ამ თემაზე სასაუბროდ ჩართვაში ჰყავდათ ხელისუფლების წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. წამყვანს არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები და აქცენტი ძირითადად პროცედურებზე იყო გამახვილებული“, – წერია მონიტორინგის მასალებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მონიტორინგის მასალები დღეს, 20 ივლისს, გამოაქვეყნა.

____

აჭარის ტელევიზიის მიერ ამ საკითხზე მომზადებულ სიუჟეტში მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფირუზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ანგარიშში არის უზუსტობები, შესაბამისად, ის ეჭვობს, რომ ქარტია ამ ანგარიშით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: