მთავარი,სიახლეები

ევა – გოგო, რომელსაც თუშეთში ცხვრების გადარეკვის ტურისტულ მარშრუტად ქცევა სურს

18.07.2020 • 3432
ევა – გოგო, რომელსაც თუშეთში ცხვრების გადარეკვის ტურისტულ მარშრუტად ქცევა სურს

„ოცამდე ცხენი გვყავს, ოცდახუთიც ძროხა. ახლა ტურისტები აღარ არიან, ვეღარ ჯირითობენ ცხენები და მოსუქდნენ მთაში“, – ამბობს ევა კაპიტანოვა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თბილისში სამსახური მიატოვა, თუშ კაცზე დაქორწინდა და მთაში გაყვა, მერე კი ევა და გოჩა ალვანში დასახლდნენ. ევა სანამ დაქორწინდებოდა, სამსახურს გიდობასაც უთავსებდა და ტურისტებს თუშეთს აცნობდა. ყველაზე რთულ, საცხენოსნო ტურს სთავაზობდა უცხოელებს. ჯირითი თავიდან თბილისის იპოდრომზე ისწავლა, ბარის ცხენებზე. ახლა ამბობს, რომ თუშეთში გაზრდილი ცხენები ბევრად განსხვავდებიან იპოდრომის ცხენებისგან: პატარები არიან, ტყე-ღრეს შეჩვეულები და ბევრად საიმედოები. ევას და გოჩას ახლა საკუთარი ცხენები ჰყავთ.

ევა კაპიტანოვა

როცა გოჩა შირაქიდან თუშეთისკენ მიერეკება საქონელს საძოვრებზე ევაც მიყვება, გზადაგზა ფოტო და ვიდეომასალას იღებს, პოტენციურ ტურისტებს პირუტყვის გასავლელ გზას ათვალიერებინებს, მესაქონლეობის თავისებურებებზე უამბობს და სხვანაირ თუშეთს აცნობს. ამბობს, რომ მესაქონლეობას, პირუტყვის გადარეკვის პროცესს თუშეთში და გზას, რასაც მწყემსები გადიან, დიდი პოტენციალი აქვს იქცეს ეგზოტიკურ ტურად, რითაც ბევრი უცხოელი დაინტერესდება.

„მანავში ცხოვრობს ერთი ფრანგი გოგო, რომელიც ქართველზე დაქორწინდა, პროფესიით მწყემსია, შვეიცარიელ სტუმრებთან ერთად წავედით თუშეთში პირუტყვის გადასარეკად, 5, 10 დღეს მიდიან ერთად ცხვრები, ძროხები, ცხენები, ათასნაირ ხევს და ქარაფს გადიან, ულამაზესი სანახაობაა. ძალიან მოეწონათ. მწყემსი გოგო გვეუბნებოდა, რომ ევროპაში ასე აღარავინ ერეკება პირუტყვს, ვერცკი წარმოუდგენიათ, რომ ძროხა შეიძლება იალაღზე თავისუფლად გაუშვა და არაფერი მოუვიდეს. მიჰყავთ ტრანსპორტით საძოვრებამდე და მერე შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე ჰყავთ, მესაქონლეობის ინფრასტრუქტურა საფრანგეთსა და შვეიცარიაში სრულიად განსხვავებულია. აქ თან საქონელს მივერეკებოდით, გზადაგზა ვისვენებდით, საღამოობით ცოტას ვსვამდით, ერთ ჭერქვეშ გვეძინა და საქმეც კეთდებოდა. ეს მთელი ამბავი იყო მათთვის. ამ გამოცდილებამ დამაფიქრა პირუტყვის გადარეკვის სამომავლო ტურზე“, – ამბობს ევა.

ევა კაპიტანოვა მეუღლესთან ერთად თუშეთში

მას შემდეგ, რაც რძე დაგროვდება მთაში ევა და გოჩა ყველს, კარაქს და სულგუნს აკეთებს. ევა ყვება, რომ თუშური გუდის ყველი აუცილებლად სპეციალური შემდედებლით, ,,კვეთით“ უნდა გაკეთდეს და არა პეპსინით. როცა თავად მიერეკებიან საქონელს, რძეც მათია და ყველიც, მაგრამ თუ სხვა მწყემსს ჩააბარებენ ყველაფერს, მხოლოდ ყველის ნაწილს მისცემენ პატრონს – ყველს და რძის პროდუქტებს საქონლის ჯოგიდან იმის მიხედვით აძლევენ პატრონს, რამდენსაც ისინი იწველებიან – ასეთია მწყემსების დაუწერელი კანონი.

თუშური გუდის ყველი საკმაოდ ძვირი ღირს, კილოგრამის ფასი 25 ლარია. შესაბამისად, საქონლის პატრონებისთვის ეს კარგი შემოსავალია, თუმცა დიდი შრომის ფასად. თუშეთში ფერმები არ არის, არის მხოლოდ ცხვრის ბინები, სადაც ყველს ამზადებენ და ცხვრის ბაკი – სადაც პირუტყვს აბინავებენ. ყველს ხელით აკეთებენ, დიდ კასრებში. როგორც ევა ამბობს, ახლა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმი შეფერხებულია, თუშები მთლიანად მესაქონლეობაზე არიან დამოკიდებულები, აქამდე კი ადგილობრივები ითავსებდნენ გიდობას და ცხენებსაც აქირავებდნენ საცხენოსნო ტურებისთვის ვაშლოვანის ნაკრძალში.

„თუშეთში გიდად მუშაობის დროსაც ხშირად დავდიოდი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად დავინახე, რაც ამ დიდი თემის ოჯახის წევრი გავხდი, – ამბობს ევა. – დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ურთულესია მესაქონლეობა და დიდ ენერგიას მოითხოვს, საქონლის გადარეკვაც ძალიან დამღლელია, მაგრამ არსებობს სხვა მხარე ამ ყველაფრის. ერთხელ თუ წახვალ თუშეთში, მერე სულ იქით მიგიწევს გული“. ყვება დაცარიელებული სოფლების წესებზე, დღეობებზე და დაუწერელ კანონებზე, რასაც დღემდე ზედმიწევნით იცავენ თუშები.

ამ წესების მიხედვით, თუ მამა-პაპისეული კარმიდამო გაქვს თუშეთში, შეგიძლია იქ აძოვო შენი საქონელი, სხვის ტერიტორიაზე პირუტყვის გაშვება აკრძალულია, იმის მიუხედავად ცხოვრობს თუ არა იქ ვინმე. მთაში კოლექტივიზაცია საბოლოოდ 1956 წელს გაუქმდა და თუშებიც აიძულეს ჩამობარგებულიყვნენ. ძირითადად ქვემო, ზემო ალვანსა და ლალისყურში დასახლდნენ. გადმოსახლებულმა თუშებმა იციან, ვინ რომელი სოფლიდანაა, რომელი გვარი საიდანაა და სოფლელები ერთმანეთზე დღემდე არ ქორწინდებიან.

საძოვრებისკენ მიმავალი ცხენები

თუშეთში ყველა სოფელს თავისი დღეობა აქვს, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება. სოფელი შეიძლება დაცლილი იყოს, მაგრამ იქაურები ბარიდან დღეობაზე მაინც ადიან. სოფლის დღეობა ტრადიციების პატივისცემისა და წინაპართა ხსოვნის ერთგვარი დადასტურებაა.

„დღეობას 3, 5 მასპინძელი ოჯახი ჰყავს, მათ მნათეები ჰქვიათ. მნათეებს დღეობისთვის შემთხვევითობის პრინციპით ირჩევენ, მასპინძლებს დღეობაზე მიაქვთ უამრავი ხორაგი, კლავენ საკლავს, იწვევენ ადამიანებს და შეიძლება ორასამდე სტუმრის გამასპინძლება მოგიხდეს. დღეობა 3 დღეს გრძელდება, მესამე დღეს იხარშება უამრავი ხინკალი. მნათეები ვალდებულები არიან უმასპინძლონ სოფელში ყველა გამვლელ-გამომვლელს. მარტო არიან მნათეები, მათ ასევე შემთხვევითობის პრინციპით არჩეული ოჯახები ეხმარებიან კერძების დამზადებასა და ალაგება-დალაგებაში. დამხმარეებს მაკალათები ჰქვიათ. ჩვენც ვიყავით უკვე მნათეები ჩვენს სოფელ გირევში. ივლისის ბოლოს თუ დაიწყებ მოგზაურობას თუშეთში აუცილებლად მოხვდები რომელიმე სოფლის დღეობაზე“, – ამბობს ევა.

ევა კაპიტანოვა, თუშეთი

დღეობაზე იხარშება ლუდი, იკვლება საკლავი და კეთდება უამრავი ხინკალი. სოფლის მასპინძლებმა დღეობაზე სოფელს რაიმე უნდა შესწირონ.

დღეობის პირველ დღეს მნათეები გამთენიისას ცივ მდინარეში წვებიან სამჯერ, მერე სალოცავ ჭონთიოში მიდიან ახალი დროშით, დროშას ყველა ოჯახი თავის ალამს აბამს. მნათეები ახალ დროშას ტოვებენ სალოცავში და უკან მოაქვთ წინა წლის დროშა.

დღეობებზე სტუმრები სვამენ, ცეკვავენ და მღერიან. ასეა ყოველ წელს, ყველა თუშურ სოფელში.

როგორც ევა გვეუბნება შემოდგომაზე, როცა ცხვრებს თუშეთიდან უკან, შირაქის საძოვრებზე მოერეკებიან ყველაფერი სხვანაირია. ეს სექტემბრის ბოლოს ხდება.

„სიტყვა ფერიცვალების მნიშვნელობას ყველაზე კარგად გრძნობ, თუ შემოდგომაზე მოხვდები თუშეთში. ამ დროს ყველაფერი ფერადია, გარემო სხვანაირი ხდება. სექტემბერში სულ სხვანაირ პეიზაჟებს ხედავ, ვიდრე ასვლისას ხედავდი“, – ამბობს ევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: