მთავარი,სიახლეები

ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება

19.07.2020 • 2051
ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილზე ავტობუსების სავალი ზოლის [Bus lane] დახაზვაში ქალაქის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „მიონი დეველოპმენტი“-ს შორის უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება.

მერიის სამმართველომ თავდაპირველად ავტობუსების სავალი ხაზის მონიშვნაზე ტენდერი 531 837 ლარით გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა 90 ათასი ლარით გაზარდა. შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ ამ თანხაში არ იყო შესული არსებული საღებავის სავალი ნაწილიდან მოცილებისთვის საჭირო თანხა, საღებავის მოცილება კი, ტენდერის მოთხოვნა იყო. შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 621 837 ლარამდე გაიზარდა.

ტენდერში, შესყიდვების პორტალის მიხედვით, მხოლოდ კომპანია „მიონი დეველოპმენტი“ მონაწილეობდა, რომელიც სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 16 ივლისს გაფორმდა.

ავტობუსის ხაზის მონიშვნის შემდეგ, ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩაზე – ჯავახიშვილიდან ბარათაშვილის მიმართულებით [ცირკამდე], ამ ზოლში მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს. ანუ გორგილაძის ქუჩა ამ მონაკვეთში ცალმხრივი გახდება [გარდა ავტობუსებისა].

მოძრაობა აიკრძალება ასევე ჭავჭავაძის ქუჩის ცალ მხარეს – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], სადაც მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ.

შესაბამისად, ავტობუსის ხაზის გასწვრივ, ტროტუარებთან, გაუქმდება ავტოპარკინგი.

ავტობუსის ხაზზე, მოძრაობის მიმართულებასა და საგზაო ნიშნების განლაგებაზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 30 ივნისის სხდომაზე ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა დაამტკიცა.

რას ითვალისწინებს ახალი სქემა, ნახეთ ბმულზე:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: