მთავარი,სიახლეები

საქართველოში საქმიანი ვიზიტისთვის თანხმობის მისაღებად უცხოელმა განაცხადი უნდა შეავსოს

19.07.2020 • 2999
საქართველოში საქმიანი ვიზიტისთვის თანხმობის მისაღებად უცხოელმა განაცხადი უნდა შეავსოს

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბიზნეს საქმიანობისთვის საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, თანხმობის მისაღებად, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს.

განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის – www.stopcov.ge -ის მეშვეობით. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სახელისა და გვარის გრაფა ივსება ინგლისურ ენაზე, ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული ტრანსკრიფციით.

ეს წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი, ხუთი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა. ერთობლივ ბრძანებას ხელს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები აწერენ.

შევსებული განაცხადი, ავტომატურად ფიქსირდება ელექტრონულ პროგრამაში, რომელზეც წვდომა აქვს, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განაცხადის შემვსები პირის მიერ შერჩეულ, ზემოთ აღნიშნული 5 სამინისტროდან ერთ-ერთს.

ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი ივსება და თანხმობის გამცემ ორგანოს წარედგინება:

  • საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, დამადასტურებელი წერილი მომწვევი ორგანიზაციიდან და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხევაში;

თუ განაცხადს ავსებს იურიდიული პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, ის ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მის მიერ რეკომენდირებული პირის მოქმედი პასპორტის ასლი, დამადასტურებელი წერილი მომწვევი ორგანიზაციიდან და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხევაში.

მომწვევ ორგანიზაციას შეიძლება წარმოადგენდეს: საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოური საწარმოს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, (მათ შორის, სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულება), სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, საჯარო სამართლის იურდიული პირი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულო.

განაცხადების განხილვა ხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ მიღებიდან არაუმეტეს 4 სამუშაო დღისა. თანხმობის გამცემი უწყება განიხილავს განაცხადს და უარყოფით პასუხს აცნობებს განმცხადებელს, იმ შემთხევაში, თუ: ა) განაცხადი შევსებულია არასრულად ან არასწორად; ბ) მოთხოვნის მიზნობრიობა არ შეესაბამება ბიზნეს/შრომით საქმიანობას.

ერთობლივ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „განაცხადის შემვსები პირისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანხმობის გამცემი უწყება იტოვებს უფლებას, არ განუმარტოს განაცხადის შემვსებ პირს თავისი გადაწყვეტილება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: