90 წლის ნუსრედინ შავაძე, ღორჯომის სოფელ პაქსაძეებში არჩევნებზე ჯოხით მივიდა. ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია და არც არასდროს მოითხოვს. ის სოფელში ყველაზე ხანდაზმულია, დურგალია და დღემდე ამუშავებს ხეს. ნუსრედინ შავაძე ამბობს, რომ ღორჯომის სოფლებში 156 ხის სახლი აქვს აგებული და ქვისგან სახლი არასდროს აუშენებია.
„მე საერთოდ მოზარული ხალხი არ მიყვარს, მაგათ არასდროს დავლოცავ. საქმის მოზარულს, მისვლა-მოსვლის მოზარულს, არჩევნების მოზარულს. რა გზარავს, მოდი!
ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, არ მიყვარს სიზარმაცე და უშნოობა არც ხალხში, არც მთავრობაში. თუ არ იშრომებ, არაფერი გექნება. მე ახლაც ვშრომობ, ხეს ვამუშავებ. ადრე ცხოვრება ბნელი და ძნელი იყო, მაშინ მჭადს თუ მონახავდი, პური ვინ იცოდა?! გამჩენმა თქვა – კაი და ბევრი შემეხვეწეთ, თქვენთვის არც დამელევა და არც დამენანებაო, ხოდა კარგი ვთხოვოთ.
ჩემთვის მთავარია ომი არ იყოს. ბევრ ომს მოვესწარი. ვიბადებით, ვიზრდებით და მაინც ხომ ვკვდებით? რატომ უნდა მოვიკვლე თოფით? დრომ მოვიდეს და მომკლას, ხომ?
არ მომითხოვია არჩევნებზე არასდროს გადასატანი ყუთი და არც მოვითხოვ. რომ მეთხოვა, მომიტანდნენ. სიარული მიყვარს. მთაშიც წავდივარ ზაფხულში, ბევრი კი აღარ მყავს, ორ ძროხას დავატარებ. 4, 5, 6, თვე ვართ მთაში, მე, ჩემი ცოლი და ბადიშები. ცოლი 86 წლისაა, ძროხებს ვეღარ წველის და ბადიშებს ასწავლის, აბა, მთაში ურონიო რანაირად იქნები?
156 ხის სახლი მაქვს დადგმული, ქვისგან სახლი არასდროს ამიშენებია. საერთოდ, ჯანმრთელობისთვის ხე ჯობია, ასე გამიგია და ასეც გამოვცადე,“ – გვითხრა ნუსრედინ შავაძემ.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობამ ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში 35.97 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში შუახევში დაფიქსირდა.
ბათუმის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 45 466-მა ამომრჩეველმა, რაც 32.22%-ს შეადგენს; ქობულეთში – 26 316 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც 37.86%-ია; ხელვაჩაურში 16 100 ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, რაც 38.05%-ია; ქედაში – 6 353 ამომრჩეველი, რაც 40.42%-ია; შუახევში 6369 ამომრჩეველი გამოაცხადდა, რაც 42.03%-ს შეადგენს და ხულოში – 8921 ამომრჩეველი, რაც 36.32%-ს შეადგენს.
2016 წლის არჩევნებზე, უსკოს 15 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენდა 35.32%-ს (108 983 ამომრჩეველი).
უსკოში ამ დროისთვის 17 საჩივარია შესული, მათგან 11 ბათუმის ოლქში დაფიქსირდა, 1 – ქობულეთის ოლქში, დანარჩენი 5 საჩივარი – #30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
უსკოს განმარტებით საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.
ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე ხმამაღლა პრეტენზიას გამოხატავდა. მან საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა.
„მას ორმა ბიჭმა მიაყენა შეურაცხყოფა და მე ჩავერიე. ვკითხე, რატომ ეუბნებოდნენ ქალს ასეთ სიტყვებს და მერე ჩემზე გადმოვიდნენ… ესენი იყვნენ რაგბისტები, სახით ვიცანი და ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანები,” – ამბობს ხათუნა ბერიძე.
საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ნეფარიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მოქალაქე ნამდვილად არ იყო საარჩევნო სიაში.
„დღეს სულ ასეთი ორი შემთხვევა იყო… გარეთ რა მოხდა, არ ვიცი,“ – ამბობს ირაკლი ნეფარიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
ბათუმი წვიმის ქალაქია. აქ თავსხმას, დელგმას, თქეშს, კოკისპირულს თუ ჟუჟუნას – ყველანაირ წვიმას შეესწრები. როცა ბათუმში თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ აქ წვიმა ქალაქის მთავარი პერსონაჟია, თავგზისამბნევი და გეგმების თავდაყირა დამყენებელი. ბათუმში წვიმას ვერ ასცდები. სჯობს მის არსებობას თავიდანვე შეეჩვიო და მეტიც, დაელოდო ხოლმე, როდის გაწვიმდება.
ბათუმში ხშირად შენი დღის გეგმა წვიმას უნდა მოარგო. აუცილებლად უნდა გქონდეს ფერადი ბოტები, ქოლგა და საწვიმარი, ისე ბათუმისთვის უცხო ხარ და წინდაუხედაობისთვის ყოველთვის გალუმპვით გადაგიხდის სამაგიეროს.
შეგიძლია იფიქრო, რომ შემოდგომის წვიმიან დღეებში შინ ყოფნას და წვიმის ფანჯრის მინიდან ყურებას არაფერი სჯობს, მაგრამ ასე არასდროს გეცოდინება როგორია ბათუმი წვიმის ფარდის მიღმა. სჯობს ეს ფარდა ხანდახან გადასწიო, მყუდრო სახლის ზღურბლს გადააბიჯო, ქოლგა გაშალო და წვიმიან ბათუმში გაისეირნო.
მთავარია წვიმისთვის მზად იყო. ქოლგა და საწვიმარი სასურველიაძველ ბათუმში გასეირნება წვიმაშიც კარგი იდეაა
თუ კარგ ამინდში ბათუმში მუზეუმებისთვის დრო არ გრჩებათ, წვიმიანი ამინდი იდეალურია მუზეუმების დასათვალიერებლად.
ბათუმში მუზეუმების არჩევანი დიდია, ქალაქში ათამდე მუზეუმია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე. მაგალითად, არქეოლოგიური მუზეუმი ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობათა და სხვა უნიკალური ექსპოზიციების დათვალიერების გარდა უძველესი სამკაულების ასლების შეძენაცაა შესაძლებელი.
შეგიძლიათ ეწვიოთ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, სადაც უნიკალური, მრავალფეროვანი მასალებია დაცული.
ასევე გირჩევთ ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც მოინახულოთ თამარის დასახლებაში, სადაც ცნობილი ძმები ნობელების ბათუმში მოღვაწეობის გარდა ძველი ბათუმის ისტორიასაც გაეცნობით.
კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმია, სადაც პერსონალური, ჯგუფური და რეტროსპექტული გამოფენები ეწყობა.
ჰო, მუზეუმებში სტუმრობისას პირბადე არ დაგავიწყდეთ, ახალი კორონავირუსის პანდემია მუზეუმების მუშაობაზეც აისახა და აქ სტუმრობა მხოლოდ პირბადითა და წესების დაცვითაა შესაძლებელი.
ბულვარში სეირნობისას წვიმაშიც შეიძლება შეხვდეთ ახალდაქორწინებულ წყვილს, რომლებიც ტრადიციულ ფოტოსესიას მართავენ ბულვარშიწვიმიან ამინდში ზღვაზე შტორმის ყურებისას ცოტათი კინოფილმის გმირადაც წარმოიდგენთ თავსროგორც კი წვიმა გადაიღებს, პირსისკენ გაისეირნეთ
ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ამ ქალაქში სულ რომ არაფერი აკეთო წვიმაში, ბოტებით გუბეებში ტოპვაც გაგახალისებს.
წვიმისას შეგიძლია დელფინარიუმის გვერდით, მწვანეში ჩაფლულ პატარა სკვერს მიაშურო, სადაც დიდი, წითელი იაპონური კობრებით სავსე აუზია. წვიმაში თევზებს ან რაღაც უხარიათ, ან პირიქით – წყლის ზედაპირზე ხტიან და შენც შეგიძლია უყურო და უყურო.
წვიმაში ველოსიპედით გისეირნიათ? ოღონდ ზომიერ წვიმაში. დაუვიწყარი სიამოვნებაა. თბილად გაცვია, წვიმა მხოლოდ სახეს გისველებს და მიჰქრი. თუ ბულვარის ველობილიკს გაუყვები წვიმაში, ზღვაზე შტორმსაც ნახავ. ამ დროს პლაჟზე უამრავი ადამიანი გამოდის ფოტოების გადასაღებად, ტალღებზე დასაკვირვებლად.
სანაპიროზე წვიმას თავისი ხიბლი აქვს. ეს პეიზაჟი თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, ბათუმს არ იცნობთ
სისულელეა ვთქვათ, რომ წვიმაში ერთ საათზე მეტხანს ივლით და არ მოგშივდებათ ან ცხელი სასმელი არ მოგინდებათ. ამ დროს ალბათ საუკეთესო გამოსავალია რომელიმე დიდშუშებიან რესტორანს ან კაფეს მიაშუროთ, მაგალითად, პორტთან ახლოს, ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ფანჯრიდან წვიმას უყურებთ და უგემრიელეს, ცხელ წვნიანს მიირთმევთ.
დაუწერელი კანონია, რომ არასდროს უნდა შეუკვეთო ყავა ან ჩაი იქ, სადაც სადილს უკვეთავ. რატომ? იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩაი ან ყავა სხვა კაფეშიც შეგიძლია მიირთვა, სულ სხვა გარემოში.
გირჩევთ, წვიმიან ქალაქში ლიმონიანი ჩაის ან ყავის მისართმევად რომელიმე მაღალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულის კაფეს ეწვიოთ. ასეთი ბათუმში ბევრია, საიდანაც წვიმაში გაავებული ზღვაც კარგად ჩანს და ნისლიანი, მოქუფრული ქალაქიც.
ბევრისგან მოისმენთ, რომ ცუდ ამინდშიც კი ,,ბერეგზე“ მიირთმევს ყავას, წვიმის ხმის ფონზე, ქოლგაში შეყუჟული. ასეც შეიძლება. ასე ყველაზე ახლოს ხართ გემებთან, რომლებისთვისაც სულერთია რა ამინდია, მაინც მიმოდიან ნისლიან ქალაქში და ვინ იცის, თუ გაგიმართლათ იქნებ გემის პორტში შემოსვლას ან გასვლასაც შეესწროთ, როცა საყვირების ხმაში იძირება სანაპირო.
დაკვირვებიხართ, რა ფერისაა ზღვა წვიმის დროს? ნავსადგურთან, ჩაშვებულ ღუზასთან, წვიმის წვეთებზე დაკვირვება გიცდიათ?
სიმართლე რომ ვთქვათ, ყველას თავისი გეგმა აქვს წვიმიან ქალაქში. ეს გეგმაც უკიდურესად პირობითია. ერთი რამ კი უნდა ითქვას, რომ არის სურათები, რასაც ბათუმში ყველა თანაბრად ხედავს: მაგალითად, წვიმისა და შტორმის შემდეგ, როცა ყველაფერი წყნარდება და მზე ისევ ანათებს, აუცილებლად ნახავთ სანაპიროზე თვალანთებულ ოპტიმისტებს, რომლებიც ტალღებისგან გამორიყულ ძვირფას ნივთებს და ოქროს ეძებენ. შეშის და თურმე ნუ იტყვით, კაკლის შემგროვებლებსაც კი შეხვდებით – ამბობენ, რომ სოფლის მდინარეებს ზღვაში კაკალი ჩააქვს და შტორმის შემდეგ სანაპიროზე გამოირიყება.
კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს – როცა რამის შეგროვებას იწყებ, სხვას ვეღარაფერს ხედავ. ჰოდა, ნურაფერს შეაგროვებთ, ისე დააკვირდით ამ ქალაქს, სრული სურათი რომ არ დაგეკარგოთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა მისცა ხმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს შუშანა ჯაიანს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქემ, რომელიც იყო კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ სიაში, ხმა უბანზე მისცა.
„უზარმაზარი ნაკადი იყო და რეგისტრატორმა დაუშვა შეცდომა, მოაწერინა ხელი, მაგრამ დაიწერა საჩივარი ამაზე,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა კოვიდინფიცირებული პირი უბანზე, თავმჯდომარე ამბობს: „გვითხრა, უკვე დავამთავრე კარანტინი და გამოვედიო“.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამის დამადასტურებელი ცნობა მოქალაქეს, კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ არა. „თუმცა მანამდე ორი მოქალაქე მოვიდა და მათ ჰქონდათ ცნობა,“ – გვითხრა მან.
მირდატ ქამადაძის თქმით, სპეციალურ სიაში მყოფმა პირებმა 84-ე, 71-ე და 98-ე უბნებზეც მისცეს ხმა.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ დღეს განაცხადა, რომ მასთან იმყოფებოდა მოქალაქე, რომელსაც გუშინწინ მიუვიდა ამომრჩევლის ბარათი, სადაც ეწერა, რომ მე-17 საარჩევნო უბანზე აძლევდა ხმას, თუმცა ის საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს.
„უთხრეს, რომ არის კოვიდინფიცირებული, რომ სპეციალურ სიაშია და უბანზე ვერ მისცემდა ხმას, მაშინ, როცა არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ მისთვის,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ელზა აგირბას, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქე კოვიდინფიცირებულთა სიაშია და მას ამიტომ არ მისცეს უბანზე ხმის მიცემის უფლება.
„ეს მოქალაქე არის სპეციალურ სიაში, როგორც კოვიდინფიცირებული. მაშინ უნდა წარმოედგინა ცნობა და თუ ინფიცირებულია, სახლში მიაკითხავენ,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
“ეზოში არიან შეკრებილი, იქნებ შემოვიდნენ, რა ვიცი… ჯერჯერობით მარტო კომისიის წევრებმა მივეცით ხმა. 8 კონვერტია ჩაგდებული ყუთში,”- ამბობს “ბათუმელებთან” ბიჭიკო შანთაძე. ის ხულოში, სოფელ წაბლანას საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეა. ამ სოფელში დღეს არჩევნებზე არავინ მიდის.
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ სხალთის თემის სოფელ წაბლიანშიც. დღეს არც აქ მოსილა ამომრჩეველი უბანზე.
წაბლანელები რომ არჩევნებზე არ მიდიოდნენ, ამის შესახებ მათ ჯერ კიდევ 5 სექტემბერს თქვეს, როცა ბათუმში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. წაბლანელები ეკომიგრანტები არიან. ისინი აპროტესტებენ, რომ მთავრობა მათ საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ბინებს არ არემონტებს. წაბლანელები აცხადებენ, რომ მათ მისცეს შავი კარკასი, რომლის გარემონტების საშუალება მათ არ აქვთ.
“რატომაა შერჩევითი მიდგომა, დევნილებს თუ გაურემონტეს ბინები, ჩვენ რა დავაშავეთ?”- კითხულობენ წაბლანელები.
“გადასატან ყუთზე საერთოდ არ შემოსულა მოთხოვნა… სამი დამკვირვებელი გვყავს უბანზე, მეტი არავინ,”- გვითხრა წაბლიანის საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა თავართქილაძემ.
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში ირაკლი კუპრაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე 3 მოქალაქე, რომლებიც შარაბიძეების დასახლებაში არიან რეგისტრირებულნი, ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისი თქმით, ამავე უბანზე სხვა დარღვევაც გამოვლინდა. კერძოდ, „წილისყრის დროს კომისიის თავმჯდომარის ნებართვით უბანზე დაგვიანებით მოსული „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი შეიყვანეს, მაშინ როცა სხვებს ამის უფლება არ მიეცათ“.
კუპრაძის თქმით, 58-ე საარჩევნო უბანზე გახსნილი ბიულეტენი აჩვენეს დამკვირვებლებს „რაც ასევე დარღვევაა. 63-ე უბანზე კი საკონტროლო ფურცელს არ დაასვეს ბეჭედი, ისე ჩაუშვეს ყუთში“.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როცა ამომრჩევლებს შეცვლილი აქვთ საარჩევნო უბანი, ამის შესახებ კი მათ არ მისვლიათ საარჩევნო ბარათები.
ბათუმის 54-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან იგი სპეცსიაში იყო. ამომრჩეველმა საარჩევნო კომისიას ტელეფონში აჩვენა ელექტრონული ცნობა კოვიდდაწესებულების დატოვების შესახებ, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცნობა უნდა იყოს ფურცელზე.
„თუ მოიტანს ამობეჭდილს, დავაქსეროქსებთ და ხმას მისცემს,“ – ამბობენ საარჩევნო კომისიაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ დოკუმენტის სახით უნდა წარმოადგინოს ცნობა საარჩევნო უბანზე.
ბათუმის 86-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი ნახა საარჩევნო სიაში. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მიაწოდეს, ისმის, როგორ აპროტესტებს მოქალაქე გარდაცვლილი ოჯახის წევრის სიაში ყოფნას.
„ბათუმელები“ 86-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. „მე იუსტიციის სახლში არ ვმუშაობ, ჩვენთან მოდის სიები. ეს ბატონი უნდა მიბრძანდეს თვითონ იუსტიციის სახლში და მიიტანოს ოჯახის წევრის გარდაცვალების მოწმობა, რომ ამოიღონ სიიდან“ – გვითხრა მან. მისივე თმით, აღნიშნულის შესახებ საჩივარი უბანზე არ დაწერილა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში 84-ე საარჩევნო უბნის წინ ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსი იდგა. მისი განცხადებით, ასე მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.
„კარტოფილით, ხახვით და კიდევ სხვა პროდუქტით დატვირთული მიკროავტობუსი იდგა საარჩევნო უბნის წინ და როგორც კი ჩვენმა წარმომადგენლებმა დააფიქსირა ეს ვიდეოში, ისინი გაეცალენ უბანს.
მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ძალიან გაჭირვებულია, ქართულ საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა და რასაც თქვენ აკეთებთ ახლა, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე.
მან ბრიფინგზე კიდევ ერთი დარღვევის შესახებ ისაუბრა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, სპეციალურ სიაში მითითებული ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელმაც გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლოს, საარჩევნო უბანზე ცდილობდა ხმის მიცემას.
„ქართული ოცნება“ ცდილობს კოვიდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად და ვთხოვთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ ფაქტებს მიაქციონ ყურადღება.“
დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარალამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ენმ-ს განცხადებით, საარჩევნო უბნის წინ ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსი ვიდეოზე გადაიღეს.
ხულოს მუნიციპალიტის სოფელ წაბლანაში პროტესტი გრძელდება, ამ სოფელში მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
დღეს, 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნის ეზოში სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, თუმცა ისინი ხმის მიცემას არ აპირებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე სოფელში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებმა მიიღეს, რომლებიც ამ სოფლის მკვიდრები არ არიან.
წაბლანაში ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათ გაურემონტებელი საცხოვრებელი ბინები ბათუმში მისცეს. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თუკი დევნილების საცხოვრებელი კორპუსი ბიუჯეტის ხარჯზე გარემონტდა, ეკომიგრანტებსაც უნდა გამოუყონ რემონტისთვის ფული.
წაბლანა მეწყრისგან დაზარალებული სოფელია. 1989 წელს წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. მაშინ სახელმწიფომ წაბლანის გადარჩენილი მოსახლეობა ბათუმში, პანსიონატებში შეასახლა, ბინების გადაცემის პირობით. 29 წლის განმავლობაში ეს პირობა შეუსრულებელი დარჩა, ამიტომ წაბლანელები ისევ დაბრუნდნენ თავიანთ სოფელს.
31 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 პაციენტი.
დღეის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 936 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 22 691 პაციენტი, გარდაიცვალა – 307.
stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 001, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136, კოვიდსასტუმროში კი 2245 პირი იმყოფება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 31 ოქტომბერს, ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
საიას განცხადებით დღის 10:00 საათისთვის ხმის მიცემის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
„დარღვევები შეეხება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას,“-აცხადებს საია.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:
გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);
ზუგდიდის №65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით;
საბურთალოს №23, თელავის №54 და მთაწმინდის №3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს – უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;
შუახევში №41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად, აგრეთვე, სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი);
მარნეულის №85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.
გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეოგადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუს №17,ზუგდიდის №24 და ბათუმის №35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.
ამ დროისთვის დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.
როგორც საია აცხადებს, მათი დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს უწევენ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.
„გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში“-აცხადებს საია.
______________
ფოტოზე: 31 ოქტომბრის არჩევნები. საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში.
დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში საარჩევნო უბნებთან დილიდან ხალხმრავლობა შეიმჩნევა. ხშირ შემთხვევაში ჭირს დისტანციის დაცვა. ამორმჩევლები პირბადით აძლევენ ხმას.
31 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში. 2020 წელი31 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში. 2020 წელი31 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში. 2020 წელი31 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში. 2020 წელი
დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს.
ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა დღეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოს ირჩევს ოთხი წლის ვადით. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი იქნება, 18 პარტიული სიით არჩეული და 3 მაჟორიტარი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 25 პარტია და ერთი ბლოკია რეგისტრირებული. ასევე, 19 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტირებულ ბათუმში, 13 – ქობულეთში, ხოლო 14 – ხელვაჩაურის, ქედის, შეახევისა და ხოლოს მაჟორიტარულ ოლქში.
აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 147 292 ამომრჩეველია ბათუმში, 70 837 – ქობულეთში, ხოლო 96 760 ამომრჩეველია რეგისტრირებული ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
___________
ფოტოზე: პირველი ამომრჩეველი სოფელ დიდაჭარის #12 უბანზე. აჭარა, ხულო. ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე
დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლით ირჩევენ მეათე მოწვევის პარლამენტს.
საარჩევნო პროცესი საქართველოში დღეს დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის 150 წევრს. 120 პოლიტიკოსი პროპორციული სიით გახდება პარლამენტის წევრი, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
საქართველოს მოსახლეობამ 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი და, ასევე, აირჩიოს პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.
2020 წლის არჩევნებზე 3 526 023 ამომრჩეველი აძლევს ხმას, მათ შორის 14 170 საქართველოს მოქალაქე უცხოეთში იმყოფება.
აჭარაშისულ 314 889 ამომრჩეველია. აქედან ყველაზე მეტი, 147 292 ამომრჩეველი ბათუმში ცხოვრობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.
31 ოქტომბრის 20.00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ოთხი ტელევიზია ეგზიტპოლის შდეგებს სწორედ 20.00 საათის შემდეგ გამოაქვეყნებს.
პროგრამის ბიუჯეტი, რომლიც ფერმერთა დახმარებას ითვალისწინებს, მთავრობამ 37 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე შეამცირა. მთავრობის დადგენილება პროგრამის დაფინანსების 7 მილიონი ლარით შემცირებაზე დღეს, 30 ოქტომბერს ამოქმედდა.
ეს სახელმწიფო პროგრამა გარკვეული კატეგორიის ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვას, ასევე საწვავის დაფინანსებას ითვალისწინებს და ის 2020 წლის მაისიდან მოქმედებს. პროგრამას სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
„დღევანდელი მდგომარეობით პროგრამისთვის 22 მილიონამდე ლარია გახარჯული, ასე რომ, ჩვენი გათვლებით იანვრამდე 8 მილიონზე მეტის ათვისება არ იქნება, შესაბამისად, წელს დაფინანსება შემცირდა და ის 7 მილიონი სხვა პროგრამებს მოხმარდება. თუმცა, პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისთვის ქულების დარიცხვა 2021 წლის მაისამდე გაგრძელდება. იმ მიწის მესაკუთრეთა ბაზის მიხედვით, რაც საჯარო რეესტრმა მოგვაწოდა, პროგრამისთვის მთლიანობაში 47 მილიონზე მეტი ლარია საჭირო, ამიტომ თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული“, – გვითხრა პროგრამის მენეჯერმა ლევან უროტაძემ.
მისივე თქმით, 2021 წლის 20 მაისამდე გაგრძელდება, როგორც ქულების დარიცხვა [ვისაც არ დარიცხვია] ასევე, უკვე დარიცხული ქულების გამოყენების ვადაც.
პროგრამის მიხედვით, 1 ჰექტარზე სუბსიდია 200 ლარია [200 ქულა].
თავდაპირველად მიწის თანამესაკუთრეების ბანკში ყველას ერთად მისვლა იყო საჭირო, რომ აგრობარათი აეღოთ. ეს წესი ივლისში შეიცვალა.
კოვიდდადებითი პაციენტები, რომელებიც საკუთარ ბინაში, სახლის პირობებში მკურნალობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასატანი ყუთის სიაში ვერ მოხვდნენ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მათ უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ სიაში მათი მონაცემები არ იძებნებოდა და შესაბამისად, მათ ცესკო ვერ დაარეგისტრირებდა. მათ შორის არიან მოქალაქე ნინო სიორიძე და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.
ქალბატონო ნინო, როდის მიმართეთ კომისიას და როგორ დაასაბუთა ცესკომ უარი გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით?
არჩევნებზე ფიზიკურად მისვლის შესაძლებლობა არ მეძლევა იმიტომ, რომ კოვიდდადასტურებული ვარ. პასუხი, რომ კოვიდდადებითი ვარ, გავიგე ტესტის აღებიდან სამი დღის შემდეგ. ჩვენ სამნი ვართ, მე და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრი. ჩვენი მონაცემები არ იყო არსად ბაზაში ასახული, შესაბამისად, როცა ვრეკავდით ცესკოს ცხელ ხაზზე და ვითხოვდით გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრას, გვეუბნებოდნენ, რომ არ ვართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ სიაში და არ შეეძლოთ გადასატანი ყუთის სიაში ჩევეწერეთ. ჯანდაცვის სამინიტროს ცხელ ხაზზე დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია, 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ საერთოდ გამეთიშა ტელეფონი. რაღაც დროის შემდეგ თავიდან დავრეკე, თუმცა იმ დღეს ვერ დავუკავშირდი, შემდეგ კი საერთოდ ჩავიქნიე ხელი, ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან იმ დროისთვის ჩვენ პასუხიც არ გვქონდა ვიყავით თუ არა კოვიდდადებითი.
შემდეგ დაიდო ინფორმაცია, რომ გახანგრძლივდა რეგისტრაციის ვადა და კიდევ შეგვეძლო გადასატანი ყუთის სიაში მოხვედრა გვეცადა. პირველად ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ის იყო, რომ ინფორმაცია რომ კოვიდდადასტურებულები ვიყავით გვიან მივიღეთ, თუმცა მაშინაც ცხადი იყო, რომ იზოლაციაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, ოჯახის ექიმი გვიკავშირდებოდა, 112- დანაც დაგვიკავშირდნენ. ცესკოს პასუხი კი იყო – ასე ვინც დარეკავს ყველა უნდა ავღრიცხოთ მაშინ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანობა დაირღვევაო.
მაგრამ დაირღვა სამართლიანობა სხვა ნაწილში…
დიახ, ჯერ ტესტის გაკეთებაც ძალიან პრობლემური იყო. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ტესტის გაკეთება დაგვჭირდა, არ გვქონდა ტემპერატურა, თუმცა რეალურად ვიყავი ინფიცირებული პირის კონტაქტი. იყო ალბათობა იმისაც, რომ არ დაგვდასტურებოდა ვირუსი, თუმცა ოჯახის რამდენიმე წევრს უკვე ჰქონდა სიმპტომები, ტესტის გარეშეც გასაგები იყო, რომ ინფიცირებული შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ რაღაც კონკრეტული დაავადებების მატარებლები ვართ თუ არა, ამიტომაც ამ პერიოდში გვინდოდა ტესტი გაგვეკეთებინა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. საბოლოოდ ოჯახის ყველა წევრმა ვერ მოვახერხეთ ტესტის გაკეთება, ორნი მივედით მხოლოდ, იმ დღეს ადგილზეც პრობლემა იყო, იმიტომ, რომ არ გვქონდა იმ მომენტში ტემპერატურა და არ გვიკეთებდნენ ტესტს.
ვისაც არა აქვს ტესტირება საერთოდ გაკეთებული, პრაქტიკულად ვერ მოხვდებოდა ცესკოს სიაში, მთელი ისტორიის მოყოლა გახდა საჭირო, რომ მანამდე კოვიდდადებითან გქონდა კონტაქტი და გვქონდა გამოხატული სიმპტომები, დავკარგეთ სუნის და გემოს შეგრძნება. ჩვენ გვინდოდა გაგვეგო ოჯახის სხვა წევრებისგან ვსაჭიროებდით თუ არა იზოლაციას.
რატომ არ შეიტანეს თქვენი მონაცემები ბაზაში მას შემდეგ, რაც მოახერხეთ ტესტის ჩატარება და ვირუსი დაგიდასტურდათ?
ვერ გეტყვით, ეს ვერ გავარკვიეთ. როცა დავრეკეთ პოლიკლინიკის ცხელ ხაზზე, მათ გვითხრეს, ჩვენთან კეთება მხოლოდ ლაბორატორიული პროცედურა -ტესტის აღება, პასუხები სხვაგან მზადდება და ისინი უკან პოლიკლინიკას არ უბრუნდებაო, ანუ ისინი ინფორმაციას ვერ გასცემდნენ. მეუბნებოდნენენ დავკავშირებოდი 112-ს.
დავრეკე 112- შიც, მათ კი მითხრეს, რომ ასეთი ინფორმაცია მათთან არ მიდის, ჯანდაცვასთან კიდევ, რაც ხდება ცხელ ხაზზე, ეს თქვენც იცით – ამის შემდეგ ვარჩიეთ უბრალოდ ლოდინი, დავრჩით თვითიზოლაციაში და ველოდებოდით პასუხებს.
ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სამი ადამიანი ვართ, ვისაც გვინდოდა ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშუალებით, მაგრამ არ გამოვიდა. ამ სიაში მოხვედრაზე გვითხრეს უარი.
ფიქრობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს, ვისაც ამის ორგანიზება ევალებოდა, მეტი ძალისხმევა რომ გაეღოთ, შეძლებდით თქვენი ხმის დაფიქსირებას არჩევნებზე?
ის, რომ საარჩევნო წელია, დიდი ხანია ვიცით. ვიცოდით, რომ აუცილებლად დადგებოდა პანდემიის მეორე ტალღაც, რომ ეს პერიოდი დაემთხვეოდა არჩევნებს – ასეთი მოლოდინები იყო წინასწარ, ამიტომ პირველი გონივრული ეჭვი რაც შეიძლებოდა გაჩენილიყო, იყო ის, რამდენად მაღალი იქნებოდა ამ პირობებში საზოგადოების ჩართულობა არჩევნებში.
შეიძლება ზოგი ფიქრობდა, რომ ჯამრთელობიდან გამომდინარე, გარკვეული რისკების პირობებში, ადამიანებს უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ რისკის მიუხედავად გამოთქვამს სურვილს დააფიქსიროს თავისი არჩევანი, არ ეძლევა ამის საშუალება. ფაქტია, რომ გადატვირთულია ყველა სისტემა, რომელსაც დაევალა ამ მიმართულებით, თუნდაც სტატისტიკის მოგროვება. წარმოუდგენელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც აბსოლუტურად სხვა საქმით არის დაკავებული, ასეთ აღრიცხვას სრულად ჩაატარებდა. ვფიქრობ, რაიმე გამოსავლის მოფიქრება შეიძლებოდა.
რა განცდა გაქვთ, გაბრაზებული ხართ?
ალბათ არავის არ აწყობს დაბალი აქტივობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს შევხვდით აბსოლუტურად მოუმზადებელი. შეიძლებოდა მეტი წანდახედულობის გამოჩენა, როგორც საარჩევნო, ასევე პანდემიის მეორე ტალღასთან მიმართებაში.
Le Monde საქართველოში დავით გარეჯი დაკავშირებულ მოვლენებსა და კარტოგრაფების საქმეზე დღესვრცელ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამ სკანდალმა შესაძლოა საარჩევნო ხმებზე იმოქმედოს.
„საქართველოში, შაბათს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მონასტრის თემა სკანდალურ ეპიცენტრად იქცა, რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე. ფეიქნიუსებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით რეგიონში დაძაბულობის ფონზე, საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია ისე, როგორც არასდროს“, – წერს Monde-ი
გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კარტოგრაფების საქმე არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, 7 ოქტომბერს დაიწყო, როცა ორი კარტოგრაფი – სახელისუფლებო კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს, რომელთა მოვალეობაც საზღვრის სადემარკაციო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება იყო.
სტატიაში მოთხრობილია, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩევას საქართველოს გენერალური პროკურორი ბრალს სდებს სურვილში, დაეთმოთ მიწა აზერბაიჯანისთვის 2005-2007 წლებში, როცა ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. თითქოს მათ 1938 წლით დათარიღებული ნამდვილი რუკა დამალეს, რათა გამოეყენებინათ სხვა, საქართველოსთვის დამაზარალებელი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა 3500 ჰექტარი ტერიტორია. კარტოგრაფებს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ელით.
„მოულოდნელი დაკავებები, რომელიც თან სდევდა საარჩევნო კამპანიას, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დებატების მთავარი თემაა. ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი სააკაშვილი, რომელიც „მოღალატედაა“ შერაცხული, ბრალს სდებს სახელისუფლებო პარტია ,,ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ მანიპულაციაში არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით.
კარტოგრაფების საქმეს რომ პოლიტიკური ხასიათი აქვს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც ნათელია. თხუთმეტმა ასეთმა ორგანიზაციამ, მათ შორის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ,,ღია საზოგადოების ფონდმა“ 9 ოქტომბერს კარტოგრაფების საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებად“ შეაფასა და მმართველი პარტია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულეს. როცა რამდენიმე ძირითადი მოწმე დაკითხულიც კი არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ არჩევნების წინ დელიკატური თემებით მოსახლეობის მანიპულირება“, – აღნიშნულია სტატიაში.
„ეს ორი კარტოგრაფის პირადი ტრაგედიაა, მაგრამ ამასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, რომელიც არც არსებობს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სასამართლო სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური იარაღი იქნება“, – ეუბნება Le Monde-ს საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტი, ივანე ჩიტაშვილი.
ნაციონალური და რელიგიური გრძნობების გაღვივება
ასე ასათაურებს გამოცემა ერთ-ერთ ქვეთავს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რუსეთთან დაახლოებული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები კარტოგრაფებს ბრალს სდებენ დავით გარეჯის მონასტრის გაყიდვის მცდელობაში, თუმცა 1500-გვერდიან საქმეში რელიგიური ობიექტი ნახსენებიც კი არ არის.
„საუბრობენ მონასტერზე, რომ ადამიანების ემოციებით ითამაშონ და ნაციონალური, რელიგიური გრძნობები გააღვივონ ხალხში“, – ამბობს ივანე ჩიტაშვილი.
გამოცემა წერს, რომ ეს სტრატეგია მუშაობს ქვეყნის მოსახლეობის მართლმადიდებელ სეგმენტზე, ანუ საქართველოს მოსახლეობის 84%-ზე.
„თითქმის 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო-აზერბაიჯანი აწარმოებდა მოლაპარაკებას საზღვრის საკითხებზე, ძველ რუკებზე დაყრდნობით, თუმცა არცერთი ვარიანტი ჯერ რატიფიცირებული არ არის“, – წერია სტატიაში.
რუსეთის ბუნდოვანი როლი
გამოცემა ესაუბრა მართლმადიდებელ ბერს, რომელიც ჟურნალისტს იმ პირობით ესაუბრა, რომ აზრს ანონიმურად გადმოსცემდა, რადგან დარწმუნებულია, რომ უთვალთვალებენ.
„ყველაფერი პრეზიდენტის ვიზიტით დაიწყო“, – ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ ,,დიდი სახელმწიფო“ [რუსეთი] რეგიონში კონფლიქტის შექმნითაა დაინტერესებული. კარტოგრაფების საქმე მას საბჭოთა წმენდის პერიოდს ახსენებს, როცა დაკავებულთა 60% -ი პოლიტპატიმარი იყო.
„ისე, როგორც არასდროს ქართველები მრისხანებამ და შფოთვამ მოიცვა. ვისაც ტვინი ვერ გამოურეცხეს, მათ იციან, რომ ეს ამბავი აბსურდია. პროკურატურა პირდაპირ ემორჩილება ხელისუფლებას, რომელიც იყენებს ორ უდანაშაულო მსხვერპლს არჩევნების წინ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციებისთვის“, – ამბობს გამოცემასთან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი და დიპლომატი შოთა ღვინერია.
ყოფილი დიპლომატი რუსეთის როლზეც მიანიშნებს Monde-ს და ამბობს, რომ რუკა, რომელიც „დამალეს“ კარტოგრაფებმა, უცებ აღმოჩნდა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
„ამ საქმით მოსკოვს რეგიონში დესტაბილიზაცია და საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაღვივება სურს, საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად“, – ამბობს მკვლევარი.
Monde-ი ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დირექტორსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილის იურისტს, გიორგი მშვენიერაძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ აქტივისტები და ტროლები, განსაკუთრებით ფეისბუქზე, მობილიზებულები არიან, რომ ის წარმოაჩინონ „მოღალატედ, რომელსაც მონასტრის გაყიდვა სურს“.
კარტოგრაფების საქმის სასამართლო განხილვები 4 დეკემბერს უნდა დაიწყოს.
„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა.
ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში მივიდა. ერთი თვის წინ, ნატალიას კოვიდ-19 დაუდასტურდა და მიუხედავად იმისა, რომ ის უსიმპტომო იყო, კოვიდსასტუმროში იგი სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.
„ღამის 2 საათი იყო, როცა მამა ცუდად გახდა, 112-ზე რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. გვიმეორებდნენ, რომ უნდა დავლოდებოდით და სხვა გზა არ იყო… როცა მოვიდა სასწრაფოს ექიმი საათ-ნახევრის მერე, ნახა მდგომარეობა და მამაჩემს უთხრა, ეტყობა, ძალიან მადლიერი კაცი ხართ, სასწაულად გადარჩენილხართო,“ – გვიყვება ნატალია დევაძე. – „მერეც ვერ წაიყვანეს კლინიკაში, ადგილი არ გვაქვსო და ვიდრე არ დარეგულირდება წნევა და შაქარი, არ წავალთო… სასწრაფოს ექიმმა დაგვიდასტურა, რომ მამაჩემის განძრევა მართლაც არ იქნებოდა კარგი, ჩვენით რომ გადაგვეყვანა სადმე სასწრაფოს მოსვლამდე და ჩვენი ძალებით რომ არ აღმოგვეჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება, ცუდად იქნებოდა საქმე“.
ნატალია დევაძის თქმით, მან საათ-ნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე დარეკა 112-ზე და შემდეგ ერთ-ერთი კლინიკაში მომუშავე ახლობელ ექიმს მიმართა.
„იმან გვიშველა. ვუთხარით, რომ სასწრაფო ვერ მოდიოდა და აგვიხსნა, რა უნდა გვექნა პირველ რიგში… მანამდე 112-ზეც იგივე ვუთხარი, სასწრაფო თუ ვერ მოდის, იქნებ ვინმე ექიმს დამალაპარაკოთ, რეკომენდაცია მაინც მომცეთ, დამაკვალიანოთ-მეთქი. არაა ეს ჩვენი საქმეო, არადა სასწრაფო იმიტომაა სასწრაფო, რომ გადაუდებლად გჭირდება, აქ ხომ წამებაზეა დამოკიდებული სიცოცხლე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნატალია დევაძემ.
ნატალია დევაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე თვითონაც არ უნდა გადაეყვანა სასტუმროში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს, როცა კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქე დარწმუნებულია, რომ უსიმპტომო პაციენტების სასწრაფოს მანქანებით გადაყვანა რესურსების არასწორი გადანაწილება და უპასუხისმგებლობაა.
„ჩვენთანაც თქვეს სასწრაფოს ექიმებმა, კოვიდდადებითები გადაგვყავდა სასტუმროებში, რომლებსაც სიცხეც კი არ ჰქონდათო, ამიტომ არ გვეცალა. ხელისუფლებას მიმართეთ, ჩვენ რა ვქნათო… მეც როცა დამიდგინდა კორონავირუსი, ვიდრე მე არ მოვიკითხე და შევაწუხე, არ გადამიყვანეს, თანაც სახლში 67 წლის დიაბეტიანი მამა მყავს. მე უსიმპტომო ვიყავი და სასტუმრო „ეიფორიაში“ სასწრაფომ გადამიყვანა. ვფიქრობ, რომ ეს ტყუილად დახარჯული რესურსია. რა თქმა უნდა, უნდა გადაიყვანონ ასეთი პაციენტებიც, მაგრამ სხვა მანქანის გამოყენება ხომ შეიძლება, რადგან ამ დროს შესაძლოა სხვა კვდებოდეს და ექიმი მასთან საერთოდ ვერ მიდიოდეს,“ – უთხრა ნატალია დევაძემ „ბათუმელებს“.
ნატალია დევაძე ერთადერთი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ სასწრაფოს ჯგუფები ბათუმში ან უნდა დაამატოს, ან მისი მუშაობის წესს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, არაკოვიდპაციენტები სხვადასხვა მძიმე დიაგნოზით, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღებას.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ინტენსიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საავტომობილო გზა უკავშირდება ალამბარი-ზენითის მიმართულებას. რეაბილიტირებული გზით 100-ზე მეტი ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილება.
ლეღვა-წილოსნების საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად მოეწყო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ხელოვნური და დამცავი ნაგებობები, აშენდა ერთი ახალი ხიდი. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9500 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის 27 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 9000 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ჭარნალის ხიდი-ჭარნალის (ქოქოლაძეების მიმართულებით) საავტომობილო გზის 1140 მ. სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული გზა სოფელ მურმანეთს და ქვედა ჭარნალს აკავშირებს, რომლითაც 500 ოჯახი ისარგებლებს.
მიქელაძეების ხიდი-დევაძეების მიმართულებით საავტომობილო გზის 255 მ. სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები და მოხდება არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას.
კაპანდიბი-ახალსოფელის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2745 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შესაბამისი ხელოვნური ნაგებობები. ასევე პროექტის ფარგლებში მახოს ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9000 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის 25 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 8400 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
ქედის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მერისი-გუნდაური-ჭალათი 3780 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივ ოჯახთან ერთად ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9050 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის ათ კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 3660 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის სანიღვრე არხები, დამცავი ზღუდარები და საყრდენი კედლები. ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. შუახევი-ჩირუხის გზა გრუნტოვანია და მასზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს. ასევე აღნიშნული გზით ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ გადაადგილებას ჩირუხის მთაზე.
ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის 1 კმ. 800 მ. სიგრძეზე დაგეგმილია ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტირებული გზით ჭვანისა და წყალსაყრის თემში მცხოვრები 350 ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება. სახელშეკრულებო ვადების მიხედვით ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 10 000 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის 21 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 7000 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა (შავი ტბა, ტურისტული მიმართულება) საავტომობილო გზის 4250 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფროტულ გადაადგილებას შეძლებენ. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომდევნო წელს დასრულდება.
სოფელ ზედა თხილვანაში გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა. თხილვანის საავტომობილო გზის 740 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 70 ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნულ მიმართულებას აქვს ასევე ტურისტული მნიშვნელობაც, ვინაიდან სოფელ თხილვანაში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები და თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 11700 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის 28 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 9450 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
სოფელი, სადაც არჩევნებზე მისვლას არავინ აპირებს, წაბლანაა. ხულოს ამ სოფელში მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
„არავინ არ აპირებს მისვლას, დილით საარჩევნო უბანთან დავდგებით, იქ არავინ შევა,“ – ამბობს წაბლანაში მცხოვრები ბაჩი შაინიძე.
წაბლანელები რომ არჩევნებზე მისვლას არ აპირებდნენ, ამის შესახებ მათ აჭარის მთავრობის სახლთან 5 სექტემბერს მოწყობილ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე თქვეს. წაბლანაში ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათ საცხოვრებელი ბინები ბათუმში გადასცეს, თუმცა რემონტის გარეშე. ეკომიგრანტები თვლიან, რომ თუკი დევნილების საცხოვრებელი კორპუსი ბიუჯეტის ხარჯზე გარემონტდა, ეკომიგრანტებსაც უნდა გამოუყონ რემონტისთვის ფული.
დღეს, 30 ოქტომბერს, წაბლანელებს სოფელში კრება მოუწყვიათ და კიდევ ერთხელ უმსჯელიათ, ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. კრებაზე ბოიკოტი ძალაში დატოვეს.
ხულოს მერის რწმუნებული სხალთაში, რაულ მხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კრებას არ დასწრებია, მაგრამ ამის შესახებ ინფორმირებულია და იცის, რომ მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
წაბლანაში ამომრჩევლის მისაღებად მზადაა საარჩევნო კომისია, თუმცა კომისიის რომელიმე წევრი ამ სოფლის მკვიდრი არავინ არის.
„ჩვენ მზად ვართ, თუ მოვლენ, მათი ნებაა, ამომრჩეველს ძალით ხომ ვერ მოიყვან… ჩვენ დაბა ხულოდან ვართ, კომისიის რომელიმე წევრი წაბლანელი არ არის,“ – გვითხრა სოფელ წაბლანას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა, ჯამბულ აბაშიძემ.
წაბლანის მცხოვრებლებს სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი ბათუმში 2018 წელს გამოუყო, სადაც კორპუსი ააშენა და ამ კორპუსში წაბლანელებს ბინები გადასცეს.
1989 წელს წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა. მაშინ სახელმწიფომ წაბლანის გადარჩენილი მოსახლეობა ბათუმში, პანსიონატებში შეასახლა, ბინების გადაცემის პირობით. 29 წლის განმავლობაში ეს პირობა შეუსრულებელი დარჩა, ამიტომ წაბლანელები ისევ დაბრუნდნენ თავიანთ სოფელს.
რატომ ვერ თავისუფლდება საჯარო სკოლა პოლიტიკური გავლენებისგან, ვინ უნდა აიღოს სკოლის დირექტორი არჩევაზე პასუხისმგებლობა და როგორ უშლის ხელს დღეს არსებული სისტემა სკოლას განვითარებას – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.
ბატონო სიმონ, როცა სკოლის დირექტორების მასობრივ გათავისუფლებაზე საუბრობდით, თქვით, რომ დირექტორების ავტორიტეტი იკლებს, რადგან მათ საზოგადოება უყურებს როგორც პარტიულ მუშაკებს და არა როგორც მათი მომავლის განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს. რაში გამოიხატება მათი ავტორიტეტის კლება?
როდესაც ვკითხულობთ გამოხმაურებებს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლისგან, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი იყო არა მარტო კომპეტენტური, არამედ მიღწევები აქვს ბავშვებთან დაკავშირებით, განახორციელა კონკრეტული პროექტები და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანს უშვებენ სკოლიდან და სთავაზობენ სხვას, რომელიც არაფრით გამოირჩევა, საერთოდ არ ვიცნობთო, მაშინ მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ ახალი დირექტორი არ არის შერჩეული კომპეტენციების გამო. შესაბამისად, სკოლას ამ ადამიანთან შემდეგ ურთიერთობა აქვს, როგორც პარტიის წარმომადგენელს. „ქართული ოცნების“ მოსვლიდანვე დაიწყო ეს პრობლემა, რადგან როცა 5 წლის წინ, დირექტორების არჩევნები ჩატარდა, შერჩევის დროს მოიწვიეს საზოგადოების წევრები, არასამთავრობოების წარმომადგენლები და მაშინაც, ზოგიერთი კომისიის წევრი მიყვებოდა, რომ მათი შეფასებები გადაეგზავნათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შეცვლილი სახით დაუბრუნდათ.
როგორ მიხვდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას გადაეგზავნა?
სამინისტრომ უთხრა, რომ ვიღაცეებს უნდა გადავუგზავნოთ და გადავამოწმოთო და სხვა ორგანო, რომელიც ერევა ასეთ საკითხებში, გამოცდილებიდან ვიცით, რომ არის ან პირდაპირ პარტია ან უსაფრთხოების სამსახური. ამ შემთხვევაში, შიდა საუბრებიდან იცოდნენ, რომ ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს იმ პერიოდში ხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ ვითომ იძიებს პოლიტიკური ნიშნით დაწუნებული დირექტორების საქმეებს, სამართლიანობის აღსადგენად.
შემდეგ ვნახეთ ია კერზაიას საქმე. იქ, უბრალოდ, ეჭვები კი არ არის, რომ გარედან იყო ჩარევა, მინისტრიც ადასტურებდა ინტერვიუებში, რომ გენინსპექცია იღებს გადაწყვეტილებას მის გარეშეც კი და რომ რეალურად, გარედან მართული პროცესი იყო.
სექტემბერში გათავისუფლებული დირექტორების უმრავლესობა დატოვეს მოვალეობის შემსრულებლად. ცალკეული შემთხვევები იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩარევა?
მე რა გამოცდილებაც მაქვს ამასთან მიმართებაში, მაგალითად 2007 წელს, როცა იყო დირექტორების არჩევნები, პარტიამ გააკეთა ის, რომ შეაგროვა ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებებთან, შეადგინეს სია, ვინ არ უნდა ყოფილიყო დირექტორი და გამოუგზავნეს სამინისტროს. სამინისტრო ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებდა ამ სიას, ზოგში – არა. კომისიის თავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ზოგიერთ რეგიონში სიტყვასიტყვით გაითვალისწინეს ეს სია და ზოგმა თქვა, რომ ეს სია არაფერს ნიშნავდა. დირექტორებად არ უნდოდათ ის ხალხი, ვინც მათ თხოვნებს არ ასრულებდა და ესენი მაინც და მაინც პარტიული აქტივისტები კი არ იყვნენ, სისტემის მორჩილი ადამიანები უნდოდათ. ზოგს უნდოდა, რომ მისი ცოლი გამხდარიყო დირექტორი და ხელს უშლიდა სხვას, ან უნდა, რომ დაეჯილდოვებინა პარტიული აქტივისტი და გაეხადა დირექტორი. ასეთი რამეები ხდებოდა. ახლაც, არჩევნების მერე პარტიას დასჭირდება საკუთარი აქტივისტების დასაქმება.
მახსოვს, განათლების მინისტრის მრჩეველი გახდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ კორუფციის გამო დაიჭირეს.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნოდ საუბრობს იმაზე, რომ სკოლის დირექტორები უნდა აირჩიოს თვითონ სკოლამ, სამინისტროს მონაწილეობის გარეშე. თქვენ რომელ მოდელს ემხრობით?
სამეურვეო საბჭოები ვითომ დემოკრატიული მოდელია, რომელიც ითვალისწინებს დირექტორის კომპეტენციებს, მაგრამ რეალობას თუ გადავხედავთ, სკოლებში იყო ერთი კანდიდატი გაგზავნილი სამინისტროსგან, ზოგს კანდიდატიც არ შეხვდათ და პირდაპირ დანიშნა სამინისტომ. თუ არ მიუშვეს კანდიდატები სკოლამდე, სკოლას არჩევანი აღარ რჩება.
თუ იქნება სწორი, სამეურვეო საბჭომ უარი თქვას სამინისტროს მიერ გაგზავნილი კანდიდატის განხილვაზე?
ასეთი შემთხვევა გვქონდა „ქართული ოცნების“ პერიოდში. იყო მარიამ რამინაშვილის შემთხვევა. მარიამი გაუშვეს პოლიტიკური ნიშნით, რადგან ძალიან უმნიშვნელო დარღვევებზე ედავებოდნენ. მაგალითად, ნათურაზე ჰქონდა ხელშეკრულება და ბოქლომი ჰქონდა ნაყიდი და რაღაც ფართი ნახაზში არასწორად იყო მითითებული, მაშინ როცა ნახაზს დირექტორი არ ადგენს და ვერც გადაამოწმებს. შემდეგ მოიყვანეს ადამიანი, რომელიც არ აირჩია სამეურვეო საბჭომ და სამინისტრომ მაინც პირდაპირ დაუნიშნა. ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ სკოლაში მანამდე იყო პროტესტი, ბოიკოტი და სწავლა გაჩერდა.
დღეს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ არჩევნების შედეგის მიუხედავად დანიშნოს სახელმწიფომ დირექტორი და ფაქტია, რომ ეს პროცესი დემოკრატიული არ იყო. თუმცა დემოკრატიულ არჩევნებს ცალკე პრობლემები აქვს, რადგან ის ხალხი, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, დაქვემდებარებულია მოქმედ დირექტორებზე, რადგან მასწავლებლებს ხელშეკრულებას დირექტორი უფორმებს და უნივერსიტეტების მაგალითზე ვნახეთ, რომ ეს სისტემა არ მუშაობს. როცა მოქმედი დირექტორი გადის არჩევნებზე იქ მისი გავლენები მუშაობს. მეორე პრობლემაა ის, რომ დემოკრატიულად არჩეული დირექტორი ყოველთვის არ არის კომპეტენტური.
მაშინ, რაშია გამოსავალი?
ერთ-ერთი იქნებოდა თუნდაც ის, რომ დირექტორის არჩევა შეეძლოს განათლების საბჭოს და ის იქნებოდა შედეგზეც პასუხისმგებელი. ამერიკის მოდელია ეს.
განათლების საბჭო იქნება სამინისტროსგან დამოუკიდებელი?
სრულად დამოუკიდებელი ვერცერთი ვერ იქნება, რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. თუ დირექტორს პარტია ირჩევს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ პარტიამ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიც ხომ პარტიები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს და ყველაფერი წინასწარ ცხადია. როცა ღიაა, მაშინ პასუხისმგებლობაც პარტიას ეკისრება. დღეს არსებული მოდელის პრობლემა ის არის, რომ პარტია პასუხისმგებლობას არ იღებს და დემოკრატიული პროცესის სიმულაციას აკეთებს. ვითომ სკოლამ აირჩია. ღია რომ იყოს და ყველამ ვიცოდეთ, რომ პარტია არჩევს სკოლის დირექტორს, ან იმ საბჭოს, რომელიც დირექტორებს არჩევს, უკეთესი ვითარება იქნება იმ მხრივ, რომ პასუხსაც პარტიას მოვთხოვთ.
ეს მოდელი არის დემოკრატიული, თუმცა იმ საზოგადოებაში, სადაც კორუფციაა ყოველდღიურობაა, იქ შეიძლება ბევრი პრობლემა გაჩნდეს, მათ შორის კომპეტენტურობის თვალსაზრისით. ჩვენ სახელმწიფო მოწყობის მოდელზე უნდა დავფიქრდეთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კონკრეტული სკოლების გამოსწორების შესაძლებლობა, მაშინ მას უფლებაც უნდა ჰქონდეს, რომ პირდაპირ დანიშნოს დირექტორი, მაგრამ როგორ ვაგებინებთ პასუხს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებებზე, ესაა სამსჯელო.
მე, პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სამინისტრომ დანიშნოს დირექტორი, თუ პასუხისმგებლობების საკითხი სწორად იქნება დაყენებული. ახლა პრობლემა ისაა, რომ პასუხს არ აგებს სახელმწიფო, მაგრამ რეალურად ამას აკეთებს. ვერც დემოკრატიულად არჩევაში ვხედავ პრობლემას, უბრალოდ, სხვა მექანიზმების ამუშავება მოგვიწევს.
ძალიან ხშირად სამინისტრო ამბობს, რომ „მოდით ვენდოთ სკოლებს“, როცა რაიმე გადაწყვეტილებაზეა საუბარი. დირექტორის არჩევანში თუ შეგვიძლია ვენდოთ, ზემოთ დასახელებული გამოწვევების მიუხედავად?
მე ყოველთვის მომხრე ვიყავი სამეურვეო საბჭოების არჩევნებისაც და დირექტორებისაც, ახლაც ვთვლი, რომ მოემზადება სკოლა მხოლოდ პროცესში, მაგრამ ამდენიმე მიზეზის გამო პროცესი არ ყალიბდება: სტრუქტურულად რთულია მფლობელი იყოს ერთი და მმართველი ისეთი, რომელიც მფლობელს არ ემორჩილება. სკოლის მფლობელი არის სახელმწიფო და ის აგებს პასუხს ამ სკოლის გამართულ მუშაობაზე. დემოკრატიულად რომ ავირჩევთ დირექტორს, ექნება მას რეალურად ის პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს სკოლა, თუ სახელმწიფო ადგენს ნორმებს, ფინანსებს უდგენს როგორ დახარჯოს, სად დახარჯოს, სასწავლო გეგმას ის კარნახობს და ასე შემდეგ. იმ პირობებში, როცა ეს ყველაფერი მკაცრად არის გაწერილი, რეალურად, რაც არ უნდა დემოკრატიულად ავირჩიოთ დირექტორი, მას შეზღუდული აქვს არეალი.
გამოდის, რომ როცა სამინისტრო საუბრობს ლიდერ დირექტორზე, გულისხმობს ადამიანს, ვინც კარგად შეასრულებს მის მითითებებს?
ფიქციაა, რა თქმა უნდა. სივრცე არ აქვს დღეს დირექტორს არანაირი. სამსახურიდან ხალხს ვერ უშვებს, ვერ აჰყავს ახალი ხალხი დამოუკიდებლად, ვერ იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო გეგმაზე, მასწავლებლის განვითარების სისტემა წინასწარ არის განსაზღვრული. სამეურვეო საბჭოებიც იმიტომ იქცა ფიქციად, რომ ძირითადი გადაწყვეტილების სივრცე აქვთ ბიუჯეტი, მაშინ როცა, ბიუჯეტის ყველა მუხლი წინასწარ არის გაწერილი სკოლების უმეტესობაში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება დარჩა ამ დონეზე – გაზის გათბობა დააყენოს სკოლამ თუ მაზუთის.
თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის მაღალი ხარისხის მქონე, დემოკრატიულ პრინციპების გამტარებელი და განვითარებადი განათლების სისტემის შექმნას, საზოგადოებამ ამისთვის სახელმწიფოს და ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიას, პასუხი უნდა აგებინოს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ყოველთვის!“- გულისხმობთ თუ არა აქ პედაგოგებსა?
ამომრჩეველს ვგულისხმობ რა თქმა უნდა, მაგრამ ამომრჩევლისთვისაც არ არის აქტუალური ეს თემა. სკოლის დირექტორი საიდან მოხვდა დირექტორად, ეს ნაკლებად პრობლემურია მასწავლებლისთვის, მშობლისთვის, რადგან ხშირად საგანმანათლებლო ხარვეზების ძირებს ვერ ხედავენ.
ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თუკი მოსწავლეს გაუზრდის სახელმწიფო ვაუჩერს, ვთქვათ 2 ათას ლარამდე, მოსწავლეს ექნება მეტი არჩევანი და სკოლებს შორისაც გაჩნდება კონკურენცია. იზიარებთ ამ პოზიციას?
ლოგიკა არის ამაშიც, მაგრამ არ ემყარება ემპირიულ ცოდნას, რომელიც სხვა ქვეყნების მაგალითზე გვაჩვენებს, რომ ეს სისტემა არ მუშაობს. სახელმწიფო სკოლა ვერ ბანკროტდება. თუ საჯარო სკოლიდან მასობრივად წავლენ კერძო სექტორში ბავშვები, იმ სკოლებს კომპეტენტური მასწავლებლები ხომ ჰყავს მისაყვანი. დიდი ალბათობით საჯარო სკოლის მასწავლებლები ეყოლებათ.
სინამდვილეში კვლევები გვეუბნება, რომ კერძო სექტორში ბავშვები ვერ იღებენ უფრო მაღალი ხარისხის განათლებას. გარდა ამისა, მიიღებს კერძო სკოლა იმ პრობლემურ ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლაში სწავლობენ? თუ ეტყვის რომ პრობლემები არ გვინდა და კარგად იყავი. ვინ უნდა მიხედოს ამ ბავშვებს თუ საზოგადოებას უნდა, რომ ყველა განათლებული იყოს. განათლება არის უფლება – გვინდა, რომ ეს უფლება გადავიყვანოთ კომერციულ ჭრილში და გავხადოთ ყიდვა-გაყიდვის საგანი?
ჩვენ არ უნდა ავირჩიოთ პარტიები, რომლებიც ერთს გვპირდებიან, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ჩვენი მოთხოვნებიდან, საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ ისინი. ერთ-ერთი საზოგადოებრივი საჭიროება არის ის, რომ გვჭირდება დემოკრატიულად ცხოვრების გამოცდილებაც და ბავშვებსაც სჭირდებათ დემოკრატიულად მართული სკოლის გამოცდილება იმისთვის, რომ გაიზარდონ დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანებად. ეს არის ერთ-ერთი დაკვეთა. თუ ამას ხელს უშლის ხელისუფლება, მაშინ ასეთი აღარ უნდა ავირჩიოთ. თუ ავირჩევთ ამ ლოზუნგით მოსულს და დავინახავთ, რომ სხვანაირად იქცევა, უნდა გადავირჩიოთ.
რას ფიქრობენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის ლიდერები, მწვანე პოლიტიკის საკითხებზე? – ამ თემაზე მათ „ბათუმელები“ არჩევნების წინ ესაუბრა. აქ წაიკითხავთ პოლიტიკოსების შეხედულებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა, ჰაერის ხარისხი, საჯარო მწვანე სივრცეები, ინფრასტრუქტურული მოწყობა, მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ ბათუმში ამ მიმართულებით პრობლემებია.
„გამოწვევები ექვემდებარება აღიარებას და რეაგირებას“ – თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნება“
თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერი – თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად არსებობს გამოწვევები განაშენიანებასთან დაკავშირებით:
„შეცდომები, გადაცდომები შესაძლოა იყოს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ხედვა, განსაკუთრებით ლოკალურ ჭრილში არის, რომ ეს გამოწვევები, პირველ რიგში, ექვემდებარება აღიარებას და რეაგირებას,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.
მან აღნიშნა, რომ ახალ სამშენებლო კოდექსთან ერთად ქალაქს მალე ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც მოაწესრიგებს განაშენიანების პრობლემას: „სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მომზადდა გენგეგმა, იმედია, ტენდერი ამჟამად წარმატებით ჩატარდება. მანამდე კი გარდამავალ ეტაპზე ყველა პროექტი განიხილება ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მიერ”.
კითხვაზე, არის თუ არა ქალაქში საკმარისი პარკები და სკვერები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ უფრო მეტია საჭირო:
„წელს, ამ თვეში დავიწყეთ სამი ახალი სკვერის მშენებლობა. არამარტო ცენტრალურ უბნებში, არამედ „პივზავოდზე“, ე.წ. სტეფანოვკაზე, თამარის დასახლებაში და ჩაქვშიც იქნება აუცილებლად სარეკრეაციო სივრცე.
რაც შეეხება ჰაერის ხარისხს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ეს განგრძობადი პროცესია და ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვმუშაობთ ამ საკითხზე და ამაზეც მიდის საუბარი ადგილობრივ და საპარლამენტო დონეზეც, რომ გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი, თუმცა ბათუმზე უფრო გაუარესებულია მდგომარეობა დიდ ქალაქებში და პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ჩვენც“.
თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ ბათუმის 3 მთავარი ურბანული პრობლემაა: დენდროლოგია, მშენებლობა და ტრანსპორტი.
„ჯერ კიდევ შეგვიძლია ვუშველოთ ამ ქალაქს“ – გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობა“
გიორგი კირთაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, გიორგი კირთაძემ, ურბანულ თემებზე საუბარი განაშენიანების პრობლემით დაიწყო:
„ძალიან მნიშვნელოვანია „რივიერას“ თემა. მე ვთვლი, რომ იმ ადგილას ბეტონის კედელი არ უნდა აშენდეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ რივიერას პროექტი ამ სახით არ უნდა განხორციელდეს.
რაღაც წესები და რეგულაციები თავის დროსაც იქნა მიღებული, მაგრამ ამ წესების დარღვევით და გამონაკლისების დაშვებით ძალიან ბევრი ისეთი შენობა აშენდა, რომლებმაც ქალაქს იერსახე შეუცვალა. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ყველაფერი გაფუჭებულია, ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ ვუშველოთ ამ ქალაქს. ამისთვის საჭიროა სწორი ურბანული განვითარების სტრატეგია და გეგმა. პრობლემაა, როცა ქალაქს ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია ბოლომდე წესრიგში არ აქვს და, რა თქმა უნდა, ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების გეგმა, რომელსაც არ გადაუხვევს“.
კითხვაზე, არის თუ არა ქალაქში საკმარისი გამწვანებული სივრცეები, კირთაძე ფიქრობს რომ არა, და იმის მიუხედავად, რომ გასულ წლებში ბულვარის ზოლი საგრძნობლად გაიზარდა, ქალაქში საჭიროა არსებული სივრცეების სარეკრეაციო ზონებად ქცევა:
„მათ შორის მდინარეების კალაპოტები შემოერთებული ტერიტორიებიდან, მათ შორის მდინარე ჭოროხზე, ჩვენი გეგმით, უნდა მოეწყოს სარეკრეაციო ზონები. ასევე ნავთობტერმინალთან და ქიმიურ ტერმინალთან ერთად, ნაგავსაყრელი ქმნის რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში, მათ შორის, აბინძურებს ჰაერს.
ის, რომ ბათუმში ურბანული ქაოსია, ცხადია. მაგალითისთვის, იმ ადგილებში, სადაც გზები უნდა გასულიყო, ააშენეს კორპუსები. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალშემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობა უნდა დასრულებულიყო 2020 წელს და იმის ნაცვლად, რომ წელს დაეწყოთ მაინც, პანდემიის მიზეზით სრულიად ამოიღეს ბიუჯეტიდან, რაც სერიოზული დარტყმაა არამარტო შემოერთებული ტერიტორიებისთვის, ასევე მთელი ქალაქისთვისაც“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
„ადამიანები ისე ცხოვრობენ ახალ კორპუსებში, რომ მზე ენატრებათ“ – არმაზ ახვლედიანი, „ევროპული საქართველო“
არმაზ ახვლედიანი
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ურბანული განაშენიანების კუთხით ყველაზე მეტად ბათუმი დაზარალდა:
„ბათუმში საერთოდ იგნორირებულია სივრცითი მოწყობის თემა, კორპუსები, რომლებიც თავისთავად ძალიან შორს არიან ესთეტიკური კუთხით დახვეწილობისგან, იმავდროულად ისე ახლო-ახლო შენდება ერთმანეთთან, რომ საერთოდ გამორიცხულია ჰარმონიული განაშენიანება, ადამიანები ისე ცხოვრობენ ამ კორპუსებში, რომ მზე ენატრებათ.
ამასთან, ახლად განაშენიანებულ უბნებში იგნორირებულია მწვანე სივრცეები, საპარკინგე ადგილები. ეს არის სრული ქაოსი, რომლის გამომწვევიც არის არასწორი მართვა, მართვა ბათუმის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საკმარისად არის ჩართული კორუფციაში და გარიგებებში ბიზნესთან და დეველოპერებთან“.
ახვლედიანის აზრით ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიც:
„შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი დანგრეული და განადგურებულია, რაც შემორჩა, მათ ეზოებშიც უსახური შენობები ჩაიდგა.“
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რა სივრცეც არის დარჩენილი ქალაქში ამჟამად, უნდა იყოს ათვისებული მწვანე სივრცეების სასარგებლოდ, რადგან ამის ნაკლებობა იგრძნობა:
„ბულვარი უნდა იყოს თავისუფალი მშენებლობებისგან. ერთი საკითხია, რომ რაც აშენდა, ამას რა ვუყოთ, მაგრამ ამიერიდან უნდა დასრულდეს, საერთოდ უნდა შეწყდეს მშენებლობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და უნდა განისაზღვროს ის ზოლი, რომელშიც მშენებლობა იქნება მიუღებელი და გამორიცხული. იგივე ეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილსაც.”
„მნიშვნელოვანია გაჩნდეს ახალი მწვანე სივრცეები“ – ირაკლი კუპრაძე, „ლელო“
ირაკლი კუპრაძე
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ირაკლი კუპრაძე ბათუმის ურბანული პრობლემების სათავეს გენგეგმის არარსებობაში ხედავს:
„ჩემთვის პრობლემურია ყველა ურბანული საკითხი, რომლის თავი და თავიც არის განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ესმის, როგორც ქალაქის კულტურული ქსოვილის ნაწილი, რომელსაც ასევე შეუძლია გრძელვადიანი ეკონომიკური დოვლათის მოტანა განსხვავებით იმ კორპუსებისგან, რომლებიც შენდება და აქვს ერთჯერადი ეკონომიკური ეფექტი და შემდგომ მას არანაირი ურბანული და ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია.
სკვერები და ინფრასტრუქტურა მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბათუმში არ არის საკმარისი გამწვანება, რაც აისახება ასევე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე. ინფრასტრუქტურის ნაწილში კი საუბარია გზებზე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებზე, რომელიც გაუმართავია და არ ფარავს მთლიან ბათუმს“.
კუპრაძის აზრით, ქალაქში მიმდინარე პროცესი ცალსახად ქაოსურია და შორს დგას მეცნიერული გადაწყვეტილებებისგან:
„ქალაქში არსებობს უამრავი მწვანე სივრცე, რომლებსაც არ გააჩნია სტატუსი. იმისთვის, რომ ისინი დავიცვათ და შევინარჩუნოთ, საჭიროა საკრებულომ გასცეს მათზე სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას და გაჩნდეს ახალი, ღია, საჯარო, მწვანე სივრცეები მთელი ქალაქის და არამარტო ცენტრალური ნაწილის ტერიტორიაზე, რომელიც გათვლილი იქნება ადამიანების სოციალიზაციაზე, დასვენებაზე, ასევე მნიშვნელოვანია, მორგებული და ადაპტირებული იყოს ეს სივრცეები, ისევე როგორც მთელი ქალაქი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
„ადამიანებს წართმეული აქვთ მშენებლობის უფლება“ = იაგო ხვიჩია, „გირჩი“
იაგო ხვიჩია
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იაგო ხვიჩია „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმში. სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით, ის არ საუბრობს განაშენიანების გეგმაზე და ჰაერის დაბინძურებაზე.
„ჩემთვის ამ ქალაქში უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს წართმეული აქვთ მშენებლობის უფლება და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ქალაქის მერია იღებს.
რაც შეეხება იმას, სწორად ვითარდება თუ არა ქალაქი, მე ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მაქვს და ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ქალაქის განვითარებას არ სჭირდება რამე კონკრეტული გეგმა, ქალაქები ასე არ ვითარდება, ვიღაცები მოდიან, აშენებენ, ქალაქიც იზრდება. ამის გამო ვფიქრობ, რომ ქალაქის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ თავისუფლად განვითარდეს.
როცა ინვესტორი მოდის, მან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმის თაობაზე თუ რას, როგორ ააშენებს. პატივი უნდა ვცეთ ადამიანების კერძო საკუთრებას, რომელსაც შეიძლება ზიანი მიადგეს ამგვარი შეუთანხმებელი მშენებლობით.“ – ამბობს იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება გამწვანებას, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ბათუმი კომფორტულია ფეხით გადასაადგილებლად. იგი ფიქრობს, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით მწვანე საფარით და ჯანსაღი ჰაერით სწორედ მდიდარი ქვეყნის ქალაქებია გამორჩეული.
„ამ ქალაქში დიდი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვებზე“ – გენრი დოლიძე, „მოქალაქეები“
გენრი დოლიძე
„მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გენრი დოლიძის აზრით, ბათუმის მთავარი გამოწვევებია ქაოსური მშენებლობა, გენგეგმის არარსებობა და შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა.
„ვფიქრობ, პროფესიონალების მიერ შედგენილი ქალაქის გენგემა ამ პრობლემებს მეტწილად მოაგვარებს და ეს მანკიერი, კორუფციული მიდგომები მეტად ვეღარ დააზარალებს ქალაქს. ყველამ ვიცით, რომ ამ ქალაქში დიდი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვებზე, სართულების დამატებაზე და ასე შემდეგ, რასაც ასე თუ ისე გენგეგმის მიღება შეცვლის.
ჩვენ ვამუშავებთ ძალიან კარგ ეკოლოგიურ გეგმას და მალე დავდებთ, ჩვენი ლოგოც მწვანე ფერისაა და გამწვანების საკითხებში მემარცხენე პოზიცია გვიჭირავს, ეს შეიძლება პირდაპირ არ აისახებოდეს ეკონომიკაზე, მაგრამ გამწვანებაში ჩადებული ფული ნიშნავს ჯანმრთელობაში და ქალაქის სილამაზეში ჩადებულ ფულს, რაც აუცილებლად შემოიტანს ირიბ შემოსავალს და მივიღებთ ნაკლებ დანახარჯს ჯანდაცვაში“.
გენრი დოლიძე მიიჩნევს, რომ ქალაქს მეტი მწვანე ზონა სჭირდება, განსაკუთრებით გარეუბნებში, სადაც ნაკლებადაა საჯარო, სარეკრეაციო ადგილები.
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ზაურ გაბაიძეს მიაჩნია, რომ ბათუმის მთავარი გამოწვევა სანიაღვრე სისტემა და გზებია. მისი აზრით გენერალური გეგმის არარსებობამ გამოიწვია ქალაქის არასწორი ურბანული განვითარება.
„გამწვანების კუთხით ნორმალურია, ბათუმს ყოველთვის ჰქონდა ბულვარი, პარკი, ახალშემოერთებული ტერიტორიებიც ფაქტობრივად სოფელია, მწვანეა. ახალაშენებული კორპუსების მცხოვრებლებისთვის შესაძლებელია დაემატოს გამწვანებები“.
ზაურ გაბაიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში ჰაერის პრობლემას მაღალსართულიანი სახლები ქმნის, რომლებიც, მისი აზრით, ძირითადად ჭაობში უნდა აშენებულიყო. იგი ასევე წინააღმდეგია “ბათუმი რივიერას” მშენებლობის, რომელიც, მისი აზრით, ქალაქს უფრო მეტად ჩაკეტავს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილია ჰაერის ხარისხით.
„როცა წვიმს, ქალაქში წყალი დგება, სანიაღვრე სისტემა ვერ იტევს. რიგ ადგილებში ველობილიკების და ტროტუარების გაყვანისთვის გზები შევიწროვდა და შეიძლება ავტომობილის სავალი ნაწილის გაფართოება გახდეს საჭირო,“ – ამბობს ზაურ გაბაიძე.
თურქეთში, ქალაქ იზმირში 6,6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. იზმირის მერი CNN TÜRK-თან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 20 საცხოვრებელი კორპუსია დანგრეული. თურქეთის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველო ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. მიწისძვრა იზმირში. EPA/Mehmet Emin Menguarslanფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. მიწისძვრა იზმირში. EPA/Mehmet Emin Menguarslan
თურქეთში, ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თურქეთის დროით 14:51 წუთზე დაფიქსირდა სეფერიჰისარის რაიონის მახლობლად. შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაიბზარა მრავალსართულიანი კორპუსები. ბიძგები იგრძნობოდა სტამბულსა და ბურსაშიც. იზმირიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილმა ბინები დატოვა და ამჟამად ღია ცის ქვეშ დგას. ქალაქის ქუჩები დანგრეული სახლების მტვრითაა დაფარული. იზმირის მერი CNN TÜRK-თან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 20 საცხოვრებელი კორპუსია დანგრეული. თურქეთის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველო ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულების და დაღუპულების შესახებ.
ტვიტერზე ვრცელდება მიწისძვრის შედეგების ამსახველი ვიდეოები:
Dramatic footage of the moment a building collapses in #Izmir. There are reports of a minor tsunami and flooding in Seferihisar. No casualties reported yet, but the fear is there, as the mayor said around 20 buildings reportedly collapsed#quake#turkeyhttps://t.co/rhMLkvdnx9
დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 45 382 151 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 018 697 და გარდაიცვალა 1 187 029 ადამიანი.
COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და იგი ყოველდღურად იცვლება. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოშიც, მზარდია. მაგალითად, თუ ორი დღის წინ საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 63 იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 71-ია.
კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გარდაცვალების მაჩვენებელი, Worldometers-ის მონაცემებით, ერთ მილიონ მოსახლეზე 152.3-ია. ასე გამოიყურება კოვიდის გავრცელების მხრივ პირველ ათეულში მყოფი ქვეყნების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე:
ინფოგრაფიკაზე ნაჩვენებია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე (არა პროცენტებში)
წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს – უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების ჩაბარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის და ამჯერად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ყველა შეთავაზება სრულად მოერგო ონლაინპლატფორმას.
ამ შეთავაზებების შესახებ დეტალურად უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გვესაუბრა.
[checklist]
თუ შეიძლება, დეტალურად რომ გვითხრათ, რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?
[/checklist]
დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი არახალია და მსგავსი შეთავაზებები მუდმივად გვაქვს აბიტურიენტებისათვის, რათა გაუმარტივდეთ გამოცდების ჩაბარება. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივცეთ საშუალება მოემზადონ გამოცდების ჩასაბარებლად და ეს მომზადება არ გულისხმობს მხოლოდ თეორული ცოდნის გაზიარების პროცესს. მათ მუდმივად ვთავაზობთ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ გამოცდებში, სადაც ეროვნული გამოცდების იდენტურ ტესტებს წერენ და ეს უადვილებთ ადაპტაციის პროცესს.
შარშან ამ პროექტში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მოსამზადებელი კურსები სრულად მოვარგეთ ონლაინსივრცეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს ონლაინრეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლება ისარგებლოს ონლაინგაკვეთილებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენი უნივერსიტეტის კომპეტენტური ლექტორები არამარტო წარმართავენ მეცადინეობებს, აგრეთვე შეადგენენ და შეასწორებენ იმიტირებულ ტესტებს. აბიტურიენტებისთვის აგრეთვე გაიმართება ონლაინჩართვები, საიდანაც მიიღებენ რჩევებს გამოცდაზე წერის გასამარტივებლად.
საქართველოს უნივერსიტეტის ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს სჭირდებათ მხოლოდ ონლაინრეგისტრაციის გავლა, საგაკვეთილო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, შემდგომ კი ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებენ დასწრებას. მეცადინეობები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გაგრძელდება და სრულად მოიცავს იმ მასალას, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ.
აქვე მინდა დავამატო, რომ გარდა მოსამზადებელი კურსისთვის შექმნილი ტესტებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება ონლაინრეჟიმში გაშვებულ ტესტებზე იმუშაოს და საკუთარი ცოდნა გადაამოწმოს. ეს, როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში გამოცდებისთვის ადაპტირებას შეუწყობს ხელს და გაუმარტივებთ მომზადების პროცესს.
იმედი მაქვს, რომ ამით აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შევუმსუბუქებთ გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროცესს, წელსაც, ვირუსის გამო შექმნილ რთულ პერიოდში. ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს უნივერსიტეტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას.
2020 წლის არჩევნების წინ ბევრი დაპირება მოვისმინეთ, მათ შორის მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზეც. პოლიტიკოსების პოზიცია ძირითადად ასეთია – მწვანე პოლიტიკა კარგია, გვჭირდება, თუმცა იგივე გვესმოდა წინა წლებშიც, არჩევნების შემდეგ კი მწვანე პოლიტიკის საკითხები არაპოპულარული, მეორეხარისხოვანი ხდება პოლიტიკოსებისთვის და როცა არჩევანი მწვანე პოლიტიკასა და ცალკეული ბიზნესკომპანიების ინტერესებს შორის დგება, საკითხი თითქმის ყოველთვის ბიზნესის სასარგებლოდ წყდება.
უცნაურია, რომ ამ არჩევნებზე მწვანე პოლიტიკის თემა განსაკუთრებით აქტუალური არ გახდა ბათუმში, ქალაქში, რომელიც ურბანული კატასტროფის ზღვარზეა, რომლის ბეტონის კედლებში ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი ბრიზის ნაცვლად უკვე სამშენებლო მტვრის ნისლი დგას, სადაც შესაძლებელია ბეტონის ქარხანა უკანონოდ სამი წელი მუშაობდეს ქალაქის შუაგულში და სადაც მწვანე სივრცე მცირდება.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ბათუმელებმა“ დაიწყოს მედიაკამპანია მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად. მიგვაჩნია, რომ ეს საშუალებას მოგვცემს, ხაზი გავუსვათ მწვანე პოლიტიკის აუცილებლობას ბათუმში, აჭარის რეგიონსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
გვინდა საზოგადოებას, ჩვენს მკითხველს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პოლიტიკოსებს, მუდმივად შევახსენოთ მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობა და ის შედეგებიც, რაც მის უგულებელყოფას მოჰყვება.
ეს შედეგები სახეზეა და მას ყოველ დღე ვგრძნობთ, ვსუნთქავთ და ვხედავთ.
სამშენებლო მტვერი, ავტომანქანების გამონაბოლქვი, ქალაქის ქაოსური განაშენიანება, სკვერებისა და პარკების ნაცვლად სამშენებლომოედნები, პარკინგის არარსებობის გამო ველობილიკებზე გაჩერებული ავტომანქანები ქმნიან გარემოს, რომელიც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება – ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, რაც ფილტვის დაავადებებს, სიმსივნესა და მძიმე ლითონებით მოწამვლას იწვევს, ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა, დამოუკიდებლად გადაადგილება ეტლით მოსარგებლე პირებისათვის რთულია.
ეს უკვე ახლა, ჩვენს თვალწინ ხდება.
როგორი იქნება ეს ქალაქი ხუთი, ათი წლის შემდეგ, თუკი მწვანე პოლიტიკა ისევ მეორეხარისხოვანი და მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილი პუნქტი იქნება? სად და როგორ ვიცხოვრებთ? როგორი ჯანმრთელობით?
ამ კითხვებზე პასუხები გვჭირდება საზოგადოებისგან, გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსებისგან, სამშენებლო და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისგან, რომელთა საქმიანობა პირდაპირ აისახება საზოგადოების საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობაზე, გვჭირდება მეტი ვიცოდეთ მწვანე პოლიტიკის შესახებ, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით, არამედ სოციალური სამართლიანობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებისათვის.
ამ მედიაკამპანიაში „ბათუმელებს“ მხარს უჭერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ შინიდან მხოლოდ 1 საათით გავიდნენ და მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში იმოძრაონ.
გადაადგილებისას ყველამ სპეციალურად შემუშავებული ფორმულარი უნდა შეავსოს, სადაც მიუთითებენ შინიდან გასვლისა და შესვლის დროს. თუ სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსზე შორს წასვლა აუცილებელია [სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამსახურში წასასვლელად და ა.შ.], პირმა უნდა მიუთითოს სპეციალურ აპლიკაციაში სად, რა მიზნით, რამდენი ხნით მიდის და როდის ბრუნდება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდა და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების მილიონ სამასი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთში, დღევანდელი მონაცემებით, covid 19-ით 36 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ვირუსით საფრანგეთში 2000-მდე ინფიცირებული დაიღუპა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 115 ათასამდეა.
საფრანგეთში დღეიდან იკეტება:
უმაღლესი სასწავლებლები
რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები
ევროპის გარე საზღვრები
არ იკეტება:
საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას
ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები
პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები
მუნიციპალური პარკები
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე უნდა გადავიდეს.
კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს ქვეყნის ხელისუფლება ყოველ 15 დღეში ერთხელ გადახედავს.
ცესკოს ინფორმაციით, სპეცსიაში 3 695 ამომრჩეველი შეიყვანეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში. მათ ყუთს ადგილზე მიუტანენ. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ თავად 14 431 ამომრჩეველს დაუკავშირდნენ, რომლებიც იყვნენ ბაზაში და მოუწოდეს მოეთხოვათ გადასატანი ყუთი.
„გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს 9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – აცხადებს ცესკო. თუმცა, სპეცსიაში აქედან მხოლოდ 3 695 ამომრჩეველი რატომ შეიყვანეს და სხვები არა [ვინც დარეკა] – ამაზე განმარტება ცესკოსგან ვერ მივიღეთ.
ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მინიმუმ 10 736 ამომრჩეველი ვერ მისცემს ხმას, ვინაიდან ისინი არ არიან სპეცსიაში [14 431 – 3 695 = 10 736]. მათ ადგილზე ყუთს არ მიუტანენ, უბანზე ხმის მისაცემად მისვლა კი, ამ ამომრჩევლების მხრიდან იზოლაციის წესების დარღვევა იქნება, რაც კანონით დასჯადია. ამასთან, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, მათი უბანზე მისვლა სხვების ჯანმრთელობისთვისაა სარისკო.
გარდა ამისა, ხმას ვერ მისცემენ ვერც ის ამომრჩევლები, რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ 28-29-30 ოქტომბერს. მათი რაოდენობა უცნობია, თუმცა 30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია [ყველა ასაკის] 29 387 ადამიანი.
ცესკოს ვკითხეთ, კოვიდპაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, შეიყვანეს თუ არა სპეცსიაში და მიუტანენ თუ არა ყუთს ადგილზე? – „კოვიდპაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ითვლებიან თვითიზოლირებულად და მათაც უნდა დაერეკათ ცესკოში საარჩევნო ყუთის მოთხოვნით და რეკავდნენ კიდეც. ვინც სპეცსიაშია, ყუთი მიუვა ადგილზე“, – გვითხრეს ცესკოში დღეს, 30 ოქტომბერს.
30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, 10 618 კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე [თუმცა არ ვიცით, ამათგან რამდენია ამომრჩეველი].
ცესკოს ინფორმაციით:
„გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში საავადმყოფოებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი სულ 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
სპეცსიაში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა არის – 7 150
სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა სპეცსიაში არის – 1 917“.
„30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას“, – აცხადებს ცესკო.
მიუხედავად სპეცსიის დამტკიცებისა, ნახეთ დეტალურად, თუ ვინ ვერ მიიღებს მონაწილეობას პანდემიის გამო არჩევნებში:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის პირველ ნახევარში – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 ნოემბერს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ვიკერსმა ისაუბრა ტყვიის მავნე ზეგავლენაზე. მან ტყვიის ექსპოზიციის მთავარ წყაროდ საღებავები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტყვიით მოწამვლის შედეგად ბავშვების, მათ შორის მუცლადმყოფი ნაყოფის, ტვინი და ნერვული სისტემა ზიანდება:
„ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშის ინტელექტუალურ განვითარებაზე, ამცირებს საგანმანათლებლო მიღწევებს. ტყვიას ინტელექტის ქურდსაც ეძახიან, იმიტომ, რომ მას მიაქვს ჩვენი მოსახლეობის ინტელექტი, ტვინის შესაძლებლობები. იგი აზიანებს ზრდასრულებსაც, ამაღლებს წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, რაც თავის მხრივ სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. ტყვიას ასევე შეუძლია დააზიანოს თირკმლები,” – თქვა მან.
„ბათუმელების“ კითხვას, ექვემდებარებიან თუ არა ტყვიის მავნე გავლენისგან სრულ გამოჯანმრთელებას ბავშვები, რომელთა სისხლშიც დადასტურდა ტყვიის არსებობა და როგორია ტყვიის ზემოქმედების გრძელვადიანი ეფექტი, კეროლაინ ვიკერსმა ასე უპასუხა:
„მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილა ტყვიის ექსპოზიციის სერიოზული შემთხვევები, რომელთა შედეგადაც ბავშვები მძიმედ მოწამლულან ტყვიით. მათ მკურნალობენ თერაპიით, რომელიც ტარდება სისხლიდან ტყვიის გამოსაყვანად.
უნდა ითქვას, რომ ტყვიის ასეთი მაღალი დონის ზემოქმედების შედეგად ძალიან ცხადი ნევროლოგიური ზეგავლენები ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ამის შედეგად მათ ექნებათ ხანგრძლივად მიმდინარე დაზიანებები/ჩივილები.
როცა ხდება მცირე დონის ტყვიის ზემოქმედება, არ არის აუცილებელი აკუმულაციური თერაპიის ჩატარება. ის საჭიროა მხოლოდ ტყვიის კონკრეტული დონის ზემოქმედებისას. თუმცა, ტყვიის მცირე დონის ექსპოზიციისას აუცილებელია მოხდეს ტყვიის ზეგავლენის წყაროს იდენტიფიცირება და მისი მოშორება, რადგან ტყვიის მცირე დონის ექსპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, აზიანებს ნერვულ სისტემას და, სამწუხაროდ, მისი შედეგები შეუქცევადია“.
რა შეიძლება იყოს ტყვიის ზემოქმედების მანიშნებელი ბავშვებში? ჯანმოს ექსპერტი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მცირე დოზის ექსპოზიციის დროს ეს შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ანტისოციალური ქცევა, ყურადღების დეფიციტი, სკოლაში ცუდი მოსწრებადობა.
კეროლაინ ვიკერსი: „კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვმა უნდა დაიბანოს ხელები ჭამის წინ, ტყვიისშემცველი მტვერია, რომელიც იმ სახლებში წარმოიქმნება, რომელთა კედლებიც წლების წინ ტყვიისშემცველი საღებავით იყო შეღებილი. წლების განმავლობაში ეს ტყვია არსად მიდის“.
„კვირეულის მიზანია ყურადღება გავამახვილოთ ტყვიის მავნე ზეგავლენაზე და იმაზე, თუ რას აკეთებენ ქვეყნები ამ საკითხთან მიმართებაში და რა უნდა გააკეთონ. 77-მა ქვეყანამ უკვე მიიღო ზომები ტყვიის შემცველ საღებავთან მიმართებაში, რომელიც ბავშვებში ტყვიით მოწამვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კარგია, რომ ამ ქვეყნებმა მიიღეს ზომები, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნების 60%-ს ჯერ კიდევ გადასადგმელი აქვს ეს ნაბიჯი,” – ამბობს კეროლაინ ვიკერსი.
საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება, რასაც გაეროს კვლევაც ადასტურებს. ცნობილია ისიც, რომ ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი [85%] დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. თუ რატომ არის ტყვის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში, ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა ცნობილია, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ, არსებობს ტყვიის ექსპოზიციის ერთდროულად რამდენიმე წყარო.
ჯანმოს წევრი ქვეყნების რუკაზე ლურჯად არის ნაჩვენები სახელმწიფოები, სადაც კანონით სავალდებულოა საღებავის ტყვიაზე კონტროლი. ამ რუკაზე საქართველო ყვითლადაა მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ამას არ აკონტროლებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც ბათუმში მარტში გაიმართა, ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზებზე საუბრისას ითქვა, რომ ინფორმაცია არასაკმარისია იმის დასადგენად, რა გავლენა აქვს ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე შემდეგ პროდუქტებს: საღებავი, რძე და ცხოველური პროდუქტები, ხის მასალები და წარმოება, ნიადაგი, მტვერი, სამშენებლო მასალები, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, სამზარეულოს ჭურჭელი, ნაგავსაყრელები, საფანტის დამზადება, პოლიგრაფიული საქმიანობა და სხვა.
კვლევის წინასწარი შედეგებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებლის საყურადღებო წყაროებია: სანელებლები, მაღაროებთან დაკავშირებული საქმიანობა, ნახშირის წარმოება, ტყვიისა და სხვა მეტალების გადამუშავება, ისტორიული ტყვიანარევი ბენზინი (იგულისხმება ბიოაკუმულირებული ბენზინის ტყვია, რომელსაც მოიხმარდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში და მას შემდეგაც, სანამ ჩაანაცვლებდნენ თანამედროვე მოხმარებადი ბენზინით) და სათამაშოები.
„სისტემური ლოქდაუნი არ იქნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტავს და ამით პროტესტის გამოხატვას შეზღუდვას.
პრემიერის თქმით, შესაძლოა კონკრეტული მიმართულებებით „წერტილოვანი ლოქდაუნი“ გვქონდეს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვა არ გამოცხადდება.
„ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,“ – დასძინა გიორგი გახარიამ.
ქობულეთის მერია ზღვისპირას პანორამული გადასახედის, ხოლო ქალაქის შესასვლელში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის ან ნაგებობის მოწყობას გეგმავს.
შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კონკურსები უკვე გამოაცხადა, 10 და 15 ათასი ლარით.
პანორამული გადასახედი ბაქანი ქობულეთის სანაპირო ზოლში, ზღვისპირა პარკის მიმდებარედ ჯებირზე უნდა მოეწყოს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის ან/და ნაგებობის მოწყობა მდინარე ჩოლოქის [ზ.ჟვანიას სახელობის] ხიდის მიმდებარედ იგეგმება.
ორივე კონკურსში წინადადებების მიღება 2020 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება.