რატომ ვერ თავისუფლდება საჯარო სკოლა პოლიტიკური გავლენებისგან, ვინ უნდა აიღოს სკოლის დირექტორი არჩევაზე პასუხისმგებლობა და როგორ უშლის ხელს დღეს არსებული სისტემა სკოლას განვითარებას – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.
- ბატონო სიმონ, როცა სკოლის დირექტორების მასობრივ გათავისუფლებაზე საუბრობდით, თქვით, რომ დირექტორების ავტორიტეტი იკლებს, რადგან მათ საზოგადოება უყურებს როგორც პარტიულ მუშაკებს და არა როგორც მათი მომავლის განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს. რაში გამოიხატება მათი ავტორიტეტის კლება?
როდესაც ვკითხულობთ გამოხმაურებებს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლისგან, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი იყო არა მარტო კომპეტენტური, არამედ მიღწევები აქვს ბავშვებთან დაკავშირებით, განახორციელა კონკრეტული პროექტები და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანს უშვებენ სკოლიდან და სთავაზობენ სხვას, რომელიც არაფრით გამოირჩევა, საერთოდ არ ვიცნობთო, მაშინ მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ ახალი დირექტორი არ არის შერჩეული კომპეტენციების გამო. შესაბამისად, სკოლას ამ ადამიანთან შემდეგ ურთიერთობა აქვს, როგორც პარტიის წარმომადგენელს. „ქართული ოცნების“ მოსვლიდანვე დაიწყო ეს პრობლემა, რადგან როცა 5 წლის წინ, დირექტორების არჩევნები ჩატარდა, შერჩევის დროს მოიწვიეს საზოგადოების წევრები, არასამთავრობოების წარმომადგენლები და მაშინაც, ზოგიერთი კომისიის წევრი მიყვებოდა, რომ მათი შეფასებები გადაეგზავნათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შეცვლილი სახით დაუბრუნდათ.
- როგორ მიხვდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას გადაეგზავნა?
სამინისტრომ უთხრა, რომ ვიღაცეებს უნდა გადავუგზავნოთ და გადავამოწმოთო და სხვა ორგანო, რომელიც ერევა ასეთ საკითხებში, გამოცდილებიდან ვიცით, რომ არის ან პირდაპირ პარტია ან უსაფრთხოების სამსახური. ამ შემთხვევაში, შიდა საუბრებიდან იცოდნენ, რომ ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს იმ პერიოდში ხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ ვითომ იძიებს პოლიტიკური ნიშნით დაწუნებული დირექტორების საქმეებს, სამართლიანობის აღსადგენად.
შემდეგ ვნახეთ ია კერზაიას საქმე. იქ, უბრალოდ, ეჭვები კი არ არის, რომ გარედან იყო ჩარევა, მინისტრიც ადასტურებდა ინტერვიუებში, რომ გენინსპექცია იღებს გადაწყვეტილებას მის გარეშეც კი და რომ რეალურად, გარედან მართული პროცესი იყო.
- სექტემბერში გათავისუფლებული დირექტორების უმრავლესობა დატოვეს მოვალეობის შემსრულებლად. ცალკეული შემთხვევები იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩარევა?
მე რა გამოცდილებაც მაქვს ამასთან მიმართებაში, მაგალითად 2007 წელს, როცა იყო დირექტორების არჩევნები, პარტიამ გააკეთა ის, რომ შეაგროვა ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებებთან, შეადგინეს სია, ვინ არ უნდა ყოფილიყო დირექტორი და გამოუგზავნეს სამინისტროს. სამინისტრო ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებდა ამ სიას, ზოგში – არა. კომისიის თავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ზოგიერთ რეგიონში სიტყვასიტყვით გაითვალისწინეს ეს სია და ზოგმა თქვა, რომ ეს სია არაფერს ნიშნავდა. დირექტორებად არ უნდოდათ ის ხალხი, ვინც მათ თხოვნებს არ ასრულებდა და ესენი მაინც და მაინც პარტიული აქტივისტები კი არ იყვნენ, სისტემის მორჩილი ადამიანები უნდოდათ. ზოგს უნდოდა, რომ მისი ცოლი გამხდარიყო დირექტორი და ხელს უშლიდა სხვას, ან უნდა, რომ დაეჯილდოვებინა პარტიული აქტივისტი და გაეხადა დირექტორი. ასეთი რამეები ხდებოდა. ახლაც, არჩევნების მერე პარტიას დასჭირდება საკუთარი აქტივისტების დასაქმება.
მახსოვს, განათლების მინისტრის მრჩეველი გახდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ კორუფციის გამო დაიჭირეს.
- რამდენიმე ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნოდ საუბრობს იმაზე, რომ სკოლის დირექტორები უნდა აირჩიოს თვითონ სკოლამ, სამინისტროს მონაწილეობის გარეშე. თქვენ რომელ მოდელს ემხრობით?
სამეურვეო საბჭოები ვითომ დემოკრატიული მოდელია, რომელიც ითვალისწინებს დირექტორის კომპეტენციებს, მაგრამ რეალობას თუ გადავხედავთ, სკოლებში იყო ერთი კანდიდატი გაგზავნილი სამინისტროსგან, ზოგს კანდიდატიც არ შეხვდათ და პირდაპირ დანიშნა სამინისტომ. თუ არ მიუშვეს კანდიდატები სკოლამდე, სკოლას არჩევანი აღარ რჩება.
- თუ იქნება სწორი, სამეურვეო საბჭომ უარი თქვას სამინისტროს მიერ გაგზავნილი კანდიდატის განხილვაზე?
ასეთი შემთხვევა გვქონდა „ქართული ოცნების“ პერიოდში. იყო მარიამ რამინაშვილის შემთხვევა. მარიამი გაუშვეს პოლიტიკური ნიშნით, რადგან ძალიან უმნიშვნელო დარღვევებზე ედავებოდნენ. მაგალითად, ნათურაზე ჰქონდა ხელშეკრულება და ბოქლომი ჰქონდა ნაყიდი და რაღაც ფართი ნახაზში არასწორად იყო მითითებული, მაშინ როცა ნახაზს დირექტორი არ ადგენს და ვერც გადაამოწმებს. შემდეგ მოიყვანეს ადამიანი, რომელიც არ აირჩია სამეურვეო საბჭომ და სამინისტრომ მაინც პირდაპირ დაუნიშნა. ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ სკოლაში მანამდე იყო პროტესტი, ბოიკოტი და სწავლა გაჩერდა.
დღეს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ არჩევნების შედეგის მიუხედავად დანიშნოს სახელმწიფომ დირექტორი და ფაქტია, რომ ეს პროცესი დემოკრატიული არ იყო. თუმცა დემოკრატიულ არჩევნებს ცალკე პრობლემები აქვს, რადგან ის ხალხი, ვინც მონაწილეობს არჩევნებში, დაქვემდებარებულია მოქმედ დირექტორებზე, რადგან მასწავლებლებს ხელშეკრულებას დირექტორი უფორმებს და უნივერსიტეტების მაგალითზე ვნახეთ, რომ ეს სისტემა არ მუშაობს. როცა მოქმედი დირექტორი გადის არჩევნებზე იქ მისი გავლენები მუშაობს. მეორე პრობლემაა ის, რომ დემოკრატიულად არჩეული დირექტორი ყოველთვის არ არის კომპეტენტური.
- მაშინ, რაშია გამოსავალი?
ერთ-ერთი იქნებოდა თუნდაც ის, რომ დირექტორის არჩევა შეეძლოს განათლების საბჭოს და ის იქნებოდა შედეგზეც პასუხისმგებელი. ამერიკის მოდელია ეს.
- განათლების საბჭო იქნება სამინისტროსგან დამოუკიდებელი?
სრულად დამოუკიდებელი ვერცერთი ვერ იქნება, რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. თუ დირექტორს პარტია ირჩევს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ პარტიამ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიც ხომ პარტიები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს და ყველაფერი წინასწარ ცხადია. როცა ღიაა, მაშინ პასუხისმგებლობაც პარტიას ეკისრება. დღეს არსებული მოდელის პრობლემა ის არის, რომ პარტია პასუხისმგებლობას არ იღებს და დემოკრატიული პროცესის სიმულაციას აკეთებს. ვითომ სკოლამ აირჩია. ღია რომ იყოს და ყველამ ვიცოდეთ, რომ პარტია არჩევს სკოლის დირექტორს, ან იმ საბჭოს, რომელიც დირექტორებს არჩევს, უკეთესი ვითარება იქნება იმ მხრივ, რომ პასუხსაც პარტიას მოვთხოვთ.
- ანუ რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიები აკეთებენ აქცენტს, შესაძლოა ამ მოდელსაც ჰქონდეს პრობლემა?
ეს მოდელი არის დემოკრატიული, თუმცა იმ საზოგადოებაში, სადაც კორუფციაა ყოველდღიურობაა, იქ შეიძლება ბევრი პრობლემა გაჩნდეს, მათ შორის კომპეტენტურობის თვალსაზრისით. ჩვენ სახელმწიფო მოწყობის მოდელზე უნდა დავფიქრდეთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კონკრეტული სკოლების გამოსწორების შესაძლებლობა, მაშინ მას უფლებაც უნდა ჰქონდეს, რომ პირდაპირ დანიშნოს დირექტორი, მაგრამ როგორ ვაგებინებთ პასუხს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებებზე, ესაა სამსჯელო.
მე, პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სამინისტრომ დანიშნოს დირექტორი, თუ პასუხისმგებლობების საკითხი სწორად იქნება დაყენებული. ახლა პრობლემა ისაა, რომ პასუხს არ აგებს სახელმწიფო, მაგრამ რეალურად ამას აკეთებს. ვერც დემოკრატიულად არჩევაში ვხედავ პრობლემას, უბრალოდ, სხვა მექანიზმების ამუშავება მოგვიწევს.
- ძალიან ხშირად სამინისტრო ამბობს, რომ „მოდით ვენდოთ სკოლებს“, როცა რაიმე გადაწყვეტილებაზეა საუბარი. დირექტორის არჩევანში თუ შეგვიძლია ვენდოთ, ზემოთ დასახელებული გამოწვევების მიუხედავად?
მე ყოველთვის მომხრე ვიყავი სამეურვეო საბჭოების არჩევნებისაც და დირექტორებისაც, ახლაც ვთვლი, რომ მოემზადება სკოლა მხოლოდ პროცესში, მაგრამ ამდენიმე მიზეზის გამო პროცესი არ ყალიბდება: სტრუქტურულად რთულია მფლობელი იყოს ერთი და მმართველი ისეთი, რომელიც მფლობელს არ ემორჩილება. სკოლის მფლობელი არის სახელმწიფო და ის აგებს პასუხს ამ სკოლის გამართულ მუშაობაზე. დემოკრატიულად რომ ავირჩევთ დირექტორს, ექნება მას რეალურად ის პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს სკოლა, თუ სახელმწიფო ადგენს ნორმებს, ფინანსებს უდგენს როგორ დახარჯოს, სად დახარჯოს, სასწავლო გეგმას ის კარნახობს და ასე შემდეგ. იმ პირობებში, როცა ეს ყველაფერი მკაცრად არის გაწერილი, რეალურად, რაც არ უნდა დემოკრატიულად ავირჩიოთ დირექტორი, მას შეზღუდული აქვს არეალი.
- გამოდის, რომ როცა სამინისტრო საუბრობს ლიდერ დირექტორზე, გულისხმობს ადამიანს, ვინც კარგად შეასრულებს მის მითითებებს?
ფიქციაა, რა თქმა უნდა. სივრცე არ აქვს დღეს დირექტორს არანაირი. სამსახურიდან ხალხს ვერ უშვებს, ვერ აჰყავს ახალი ხალხი დამოუკიდებლად, ვერ იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო გეგმაზე, მასწავლებლის განვითარების სისტემა წინასწარ არის განსაზღვრული. სამეურვეო საბჭოებიც იმიტომ იქცა ფიქციად, რომ ძირითადი გადაწყვეტილების სივრცე აქვთ ბიუჯეტი, მაშინ როცა, ბიუჯეტის ყველა მუხლი წინასწარ არის გაწერილი სკოლების უმეტესობაში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება დარჩა ამ დონეზე – გაზის გათბობა დააყენოს სკოლამ თუ მაზუთის.
- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის მაღალი ხარისხის მქონე, დემოკრატიულ პრინციპების გამტარებელი და განვითარებადი განათლების სისტემის შექმნას, საზოგადოებამ ამისთვის სახელმწიფოს და ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიას, პასუხი უნდა აგებინოს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ყოველთვის!“- გულისხმობთ თუ არა აქ პედაგოგებსა?
ამომრჩეველს ვგულისხმობ რა თქმა უნდა, მაგრამ ამომრჩევლისთვისაც არ არის აქტუალური ეს თემა. სკოლის დირექტორი საიდან მოხვდა დირექტორად, ეს ნაკლებად პრობლემურია მასწავლებლისთვის, მშობლისთვის, რადგან ხშირად საგანმანათლებლო ხარვეზების ძირებს ვერ ხედავენ.
- ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თუკი მოსწავლეს გაუზრდის სახელმწიფო ვაუჩერს, ვთქვათ 2 ათას ლარამდე, მოსწავლეს ექნება მეტი არჩევანი და სკოლებს შორისაც გაჩნდება კონკურენცია. იზიარებთ ამ პოზიციას?
ლოგიკა არის ამაშიც, მაგრამ არ ემყარება ემპირიულ ცოდნას, რომელიც სხვა ქვეყნების მაგალითზე გვაჩვენებს, რომ ეს სისტემა არ მუშაობს. სახელმწიფო სკოლა ვერ ბანკროტდება. თუ საჯარო სკოლიდან მასობრივად წავლენ კერძო სექტორში ბავშვები, იმ სკოლებს კომპეტენტური მასწავლებლები ხომ ჰყავს მისაყვანი. დიდი ალბათობით საჯარო სკოლის მასწავლებლები ეყოლებათ.
სინამდვილეში კვლევები გვეუბნება, რომ კერძო სექტორში ბავშვები ვერ იღებენ უფრო მაღალი ხარისხის განათლებას. გარდა ამისა, მიიღებს კერძო სკოლა იმ პრობლემურ ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლაში სწავლობენ? თუ ეტყვის რომ პრობლემები არ გვინდა და კარგად იყავი. ვინ უნდა მიხედოს ამ ბავშვებს თუ საზოგადოებას უნდა, რომ ყველა განათლებული იყოს. განათლება არის უფლება – გვინდა, რომ ეს უფლება გადავიყვანოთ კომერციულ ჭრილში და გავხადოთ ყიდვა-გაყიდვის საგანი?
ჩვენ არ უნდა ავირჩიოთ პარტიები, რომლებიც ერთს გვპირდებიან, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ჩვენი მოთხოვნებიდან, საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ ისინი. ერთ-ერთი საზოგადოებრივი საჭიროება არის ის, რომ გვჭირდება დემოკრატიულად ცხოვრების გამოცდილებაც და ბავშვებსაც სჭირდებათ დემოკრატიულად მართული სკოლის გამოცდილება იმისთვის, რომ გაიზარდონ დემოკრატიული ღირებულებების მქონე ადამიანებად. ეს არის ერთ-ერთი დაკვეთა. თუ ამას ხელს უშლის ხელისუფლება, მაშინ ასეთი აღარ უნდა ავირჩიოთ. თუ ავირჩევთ ამ ლოზუნგით მოსულს და დავინახავთ, რომ სხვანაირად იქცევა, უნდა გადავირჩიოთ.