მთავარი,სიახლეები

საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს – არჩევნები 2020

31.10.2020 • 1383
საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს – არჩევნები 2020

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლით ირჩევენ მეათე მოწვევის პარლამენტს.

საარჩევნო პროცესი საქართველოში დღეს დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.

არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის 150 წევრს. 120  პოლიტიკოსი პროპორციული სიით გახდება პარლამენტის წევრი, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

საქართველოს მოსახლეობამ 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი და, ასევე, აირჩიოს პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

2020 წლის არჩევნებზე 3 526 023 ამომრჩეველი აძლევს ხმას, მათ შორის 14 170  საქართველოს მოქალაქე უცხოეთში იმყოფება.

აჭარაში სულ 314 889 ამომრჩეველია. აქედან ყველაზე მეტი, 147 292 ამომრჩეველი ბათუმში ცხოვრობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 118 მედიაორგანიზაციის  5 971 წარმომადგენელი.

31 ოქტომბრის 20.00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ოთხი ტელევიზია ეგზიტპოლის შდეგებს სწორედ 20.00 საათის შემდეგ გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: