Batumelebi | რა პრობლემებს ხედავენ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები – მწვანე პოლიტიკა რა პრობლემებს ხედავენ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები – მწვანე პოლიტიკა – Batumelebi
RU | GE  

რა პრობლემებს ხედავენ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები – მწვანე პოლიტიკა

რას ფიქრობენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის ლიდერები, მწვანე პოლიტიკის საკითხებზე? – ამ თემაზე მათ „ბათუმელები“ არჩევნების წინ ესაუბრა. აქ წაიკითხავთ პოლიტიკოსების შეხედულებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა, ჰაერის ხარისხი, საჯარო მწვანე სივრცეები, ინფრასტრუქტურული მოწყობა, მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ ბათუმში ამ მიმართულებით პრობლემებია.

  • „გამოწვევები ექვემდებარება აღიარებას და რეაგირებას“ – თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნება“

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერი – თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად არსებობს გამოწვევები განაშენიანებასთან დაკავშირებით:

„შეცდომები, გადაცდომები შესაძლოა იყოს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ხედვა, განსაკუთრებით ლოკალურ ჭრილში არის, რომ ეს გამოწვევები, პირველ რიგში, ექვემდებარება აღიარებას და რეაგირებას,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ახალ სამშენებლო კოდექსთან ერთად ქალაქს მალე ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც მოაწესრიგებს განაშენიანების პრობლემას: „სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მომზადდა გენგეგმა, იმედია, ტენდერი ამჟამად წარმატებით ჩატარდება. მანამდე კი გარდამავალ ეტაპზე ყველა პროექტი განიხილება ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მიერ”.

კითხვაზე, არის თუ არა ქალაქში საკმარისი პარკები და სკვერები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ უფრო მეტია საჭირო:

„წელს, ამ თვეში დავიწყეთ სამი ახალი სკვერის მშენებლობა. არამარტო ცენტრალურ უბნებში, არამედ „პივზავოდზე“, ე.წ. სტეფანოვკაზე, თამარის დასახლებაში და ჩაქვშიც იქნება აუცილებლად სარეკრეაციო სივრცე.

რაც შეეხება ჰაერის ხარისხს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ეს განგრძობადი პროცესია და ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვმუშაობთ ამ საკითხზე და ამაზეც მიდის საუბარი ადგილობრივ და საპარლამენტო დონეზეც, რომ გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი, თუმცა ბათუმზე უფრო გაუარესებულია მდგომარეობა დიდ ქალაქებში და პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ჩვენც“.

თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ ბათუმის 3 მთავარი ურბანული პრობლემაა: დენდროლოგია, მშენებლობა და ტრანსპორტი.

  • „ჯერ კიდევ შეგვიძლია ვუშველოთ ამ ქალაქს“ – გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ 

გიორგი კირთაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, გიორგი კირთაძემ, ურბანულ თემებზე საუბარი განაშენიანების პრობლემით დაიწყო:

„ძალიან მნიშვნელოვანია „რივიერას“ თემა. მე ვთვლი, რომ იმ ადგილას ბეტონის კედელი არ უნდა აშენდეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ რივიერას პროექტი ამ სახით არ უნდა განხორციელდეს.

რაღაც წესები და რეგულაციები თავის დროსაც იქნა მიღებული, მაგრამ ამ წესების დარღვევით და გამონაკლისების დაშვებით ძალიან ბევრი ისეთი შენობა აშენდა, რომლებმაც ქალაქს იერსახე შეუცვალა. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ყველაფერი გაფუჭებულია, ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ ვუშველოთ ამ ქალაქს. ამისთვის საჭიროა სწორი ურბანული განვითარების სტრატეგია და გეგმა. პრობლემაა, როცა ქალაქს ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია ბოლომდე წესრიგში არ აქვს და, რა თქმა უნდა, ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების გეგმა, რომელსაც არ გადაუხვევს“.

კითხვაზე, არის თუ არა ქალაქში საკმარისი გამწვანებული სივრცეები, კირთაძე ფიქრობს რომ არა, და იმის მიუხედავად, რომ გასულ წლებში ბულვარის ზოლი საგრძნობლად გაიზარდა, ქალაქში საჭიროა არსებული სივრცეების სარეკრეაციო ზონებად ქცევა:

„მათ შორის მდინარეების კალაპოტები შემოერთებული ტერიტორიებიდან, მათ შორის მდინარე ჭოროხზე, ჩვენი გეგმით, უნდა მოეწყოს სარეკრეაციო ზონები. ასევე ნავთობტერმინალთან და ქიმიურ ტერმინალთან ერთად, ნაგავსაყრელი ქმნის რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში, მათ შორის, აბინძურებს ჰაერს.

ის, რომ ბათუმში ურბანული ქაოსია, ცხადია. მაგალითისთვის, იმ ადგილებში, სადაც გზები უნდა გასულიყო, ააშენეს კორპუსები. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალშემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობა უნდა დასრულებულიყო 2020 წელს და იმის ნაცვლად, რომ წელს დაეწყოთ მაინც, პანდემიის მიზეზით სრულიად ამოიღეს ბიუჯეტიდან, რაც სერიოზული დარტყმაა არამარტო შემოერთებული ტერიტორიებისთვის, ასევე მთელი ქალაქისთვისაც“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

  • „ადამიანები ისე ცხოვრობენ ახალ კორპუსებში, რომ მზე ენატრებათ“ – არმაზ ახვლედიანი, „ევროპული საქართველო“

არმაზ ახვლედიანი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ურბანული განაშენიანების კუთხით ყველაზე მეტად ბათუმი დაზარალდა:

„ბათუმში საერთოდ იგნორირებულია სივრცითი მოწყობის თემა, კორპუსები, რომლებიც თავისთავად ძალიან შორს არიან ესთეტიკური კუთხით დახვეწილობისგან, იმავდროულად ისე ახლო-ახლო შენდება ერთმანეთთან, რომ საერთოდ გამორიცხულია ჰარმონიული განაშენიანება, ადამიანები ისე ცხოვრობენ ამ კორპუსებში, რომ მზე ენატრებათ.

ამასთან, ახლად განაშენიანებულ უბნებში იგნორირებულია მწვანე სივრცეები, საპარკინგე ადგილები. ეს არის სრული ქაოსი, რომლის გამომწვევიც არის არასწორი მართვა, მართვა ბათუმის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საკმარისად არის ჩართული კორუფციაში და გარიგებებში ბიზნესთან და დეველოპერებთან“.

ახვლედიანის აზრით ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიც:

„შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი დანგრეული და განადგურებულია, რაც შემორჩა, მათ ეზოებშიც უსახური შენობები ჩაიდგა.“

რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რა სივრცეც არის დარჩენილი ქალაქში ამჟამად, უნდა იყოს ათვისებული მწვანე სივრცეების სასარგებლოდ, რადგან ამის ნაკლებობა იგრძნობა:

„ბულვარი უნდა იყოს თავისუფალი მშენებლობებისგან. ერთი საკითხია, რომ რაც აშენდა, ამას რა ვუყოთ, მაგრამ ამიერიდან უნდა დასრულდეს, საერთოდ უნდა შეწყდეს მშენებლობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და უნდა განისაზღვროს ის ზოლი, რომელშიც მშენებლობა იქნება მიუღებელი და გამორიცხული. იგივე ეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილსაც.”

  • „მნიშვნელოვანია გაჩნდეს ახალი მწვანე სივრცეები“ – ირაკლი კუპრაძე, „ლელო“

ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ირაკლი კუპრაძე ბათუმის ურბანული პრობლემების სათავეს გენგეგმის არარსებობაში ხედავს:

„ჩემთვის პრობლემურია ყველა ურბანული საკითხი, რომლის თავი და თავიც არის განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ესმის, როგორც ქალაქის კულტურული ქსოვილის ნაწილი, რომელსაც ასევე შეუძლია გრძელვადიანი ეკონომიკური დოვლათის მოტანა განსხვავებით იმ კორპუსებისგან, რომლებიც შენდება და აქვს ერთჯერადი ეკონომიკური ეფექტი და შემდგომ მას არანაირი ურბანული და ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია.

სკვერები და ინფრასტრუქტურა მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბათუმში არ არის საკმარისი გამწვანება, რაც აისახება ასევე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე. ინფრასტრუქტურის ნაწილში კი საუბარია გზებზე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებზე, რომელიც გაუმართავია და არ ფარავს მთლიან ბათუმს“.

კუპრაძის აზრით, ქალაქში მიმდინარე პროცესი ცალსახად ქაოსურია და შორს დგას მეცნიერული გადაწყვეტილებებისგან:

„ქალაქში არსებობს უამრავი მწვანე სივრცე, რომლებსაც არ გააჩნია სტატუსი. იმისთვის, რომ ისინი დავიცვათ და შევინარჩუნოთ, საჭიროა საკრებულომ გასცეს მათზე სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას და გაჩნდეს ახალი, ღია, საჯარო, მწვანე სივრცეები მთელი ქალაქის და არამარტო ცენტრალური ნაწილის ტერიტორიაზე, რომელიც გათვლილი იქნება ადამიანების სოციალიზაციაზე, დასვენებაზე, ასევე მნიშვნელოვანია, მორგებული და ადაპტირებული იყოს ეს სივრცეები, ისევე როგორც მთელი ქალაქი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

  • „ადამიანებს წართმეული აქვთ მშენებლობის უფლება“ = იაგო ხვიჩია, „გირჩი“ 

იაგო ხვიჩია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იაგო ხვიჩია „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმში. სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით, ის არ საუბრობს განაშენიანების გეგმაზე და ჰაერის დაბინძურებაზე.

„ჩემთვის ამ ქალაქში უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს წართმეული აქვთ მშენებლობის უფლება და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ქალაქის მერია იღებს.

რაც შეეხება იმას, სწორად ვითარდება თუ არა ქალაქი, მე ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მაქვს და ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ქალაქის განვითარებას არ სჭირდება რამე კონკრეტული გეგმა, ქალაქები ასე არ ვითარდება, ვიღაცები მოდიან, აშენებენ, ქალაქიც იზრდება. ამის გამო ვფიქრობ, რომ ქალაქის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ თავისუფლად განვითარდეს.

როცა ინვესტორი მოდის, მან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმის თაობაზე თუ რას, როგორ ააშენებს. პატივი უნდა ვცეთ ადამიანების კერძო საკუთრებას, რომელსაც შეიძლება ზიანი მიადგეს ამგვარი შეუთანხმებელი მშენებლობით.“ – ამბობს იაგო ხვიჩია.

რაც შეეხება გამწვანებას, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ბათუმი კომფორტულია ფეხით გადასაადგილებლად. იგი ფიქრობს, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით მწვანე საფარით და ჯანსაღი ჰაერით სწორედ მდიდარი ქვეყნის ქალაქებია გამორჩეული.

  • „ამ ქალაქში დიდი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვებზე“ – გენრი დოლიძე, „მოქალაქეები“

გენრი დოლიძე

„მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გენრი დოლიძის აზრით, ბათუმის მთავარი გამოწვევებია ქაოსური მშენებლობა, გენგეგმის არარსებობა და შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა.

„ვფიქრობ, პროფესიონალების მიერ შედგენილი ქალაქის გენგემა ამ პრობლემებს მეტწილად მოაგვარებს და ეს მანკიერი, კორუფციული მიდგომები მეტად ვეღარ დააზარალებს ქალაქს. ყველამ ვიცით, რომ ამ ქალაქში დიდი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვებზე, სართულების დამატებაზე და ასე შემდეგ, რასაც ასე თუ ისე გენგეგმის მიღება შეცვლის.

ჩვენ ვამუშავებთ ძალიან კარგ ეკოლოგიურ გეგმას და მალე დავდებთ, ჩვენი ლოგოც მწვანე ფერისაა და გამწვანების საკითხებში მემარცხენე პოზიცია გვიჭირავს, ეს შეიძლება პირდაპირ არ აისახებოდეს ეკონომიკაზე, მაგრამ გამწვანებაში ჩადებული ფული ნიშნავს ჯანმრთელობაში და ქალაქის სილამაზეში ჩადებულ ფულს, რაც აუცილებლად შემოიტანს ირიბ შემოსავალს და მივიღებთ ნაკლებ დანახარჯს ჯანდაცვაში“.

გენრი დოლიძე მიიჩნევს, რომ ქალაქს მეტი მწვანე ზონა სჭირდება, განსაკუთრებით გარეუბნებში, სადაც ნაკლებადაა საჯარო, სარეკრეაციო ადგილები.

  • „ახალაშენებული კორპუსების მცხოვრებლებისთვის შესაძლებელია დაემატოს გამწვანება“ – ზაურ გაბაიძე, „პატრიოტთა ალიანსი“

ზაურ გაბაიძე. „პატრიოტთა ალიანსი“

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ზაურ გაბაიძეს მიაჩნია, რომ ბათუმის მთავარი გამოწვევა სანიაღვრე სისტემა და გზებია. მისი აზრით გენერალური გეგმის არარსებობამ გამოიწვია ქალაქის არასწორი ურბანული განვითარება.

„გამწვანების კუთხით ნორმალურია, ბათუმს ყოველთვის ჰქონდა ბულვარი, პარკი, ახალშემოერთებული ტერიტორიებიც ფაქტობრივად სოფელია, მწვანეა. ახალაშენებული კორპუსების მცხოვრებლებისთვის შესაძლებელია დაემატოს გამწვანებები“.

ზაურ გაბაიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში ჰაერის პრობლემას მაღალსართულიანი სახლები ქმნის, რომლებიც, მისი აზრით, ძირითადად ჭაობში უნდა აშენებულიყო. იგი ასევე წინააღმდეგია “ბათუმი რივიერას” მშენებლობის, რომელიც, მისი აზრით, ქალაქს უფრო მეტად ჩაკეტავს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილია ჰაერის ხარისხით.

„როცა წვიმს, ქალაქში წყალი დგება, სანიაღვრე სისტემა ვერ იტევს. რიგ ადგილებში ველობილიკების და ტროტუარების გაყვანისთვის გზები შევიწროვდა და შეიძლება ავტომობილის სავალი ნაწილის გაფართოება გახდეს საჭირო,“ – ამბობს ზაურ გაბაიძე.

 

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი