Batumelebi | რუსეთის ბუნდოვანი როლი – სტატია კარტოგრაფების საქმეზე ფრანგულ Le Monde-ში რუსეთის ბუნდოვანი როლი – სტატია კარტოგრაფების საქმეზე ფრანგულ Le Monde-ში – Batumelebi
RU | GE  

რუსეთის ბუნდოვანი როლი – სტატია კარტოგრაფების საქმეზე ფრანგულ Le Monde-ში

Le Monde საქართველოში დავით გარეჯი დაკავშირებულ მოვლენებსა და კარტოგრაფების საქმეზე დღეს ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამ სკანდალმა შესაძლოა საარჩევნო ხმებზე იმოქმედოს.

„საქართველოში, შაბათს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მონასტრის თემა სკანდალურ ეპიცენტრად იქცა, რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე. ფეიქნიუსებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით რეგიონში დაძაბულობის ფონზე, საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია ისე, როგორც არასდროს“, – წერს Monde-ი

გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კარტოგრაფების საქმე არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, 7 ოქტომბერს დაიწყო, როცა ორი კარტოგრაფი – სახელისუფლებო კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს, რომელთა მოვალეობაც საზღვრის სადემარკაციო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება იყო.

სტატიაში მოთხრობილია, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩევას საქართველოს გენერალური პროკურორი ბრალს სდებს სურვილში, დაეთმოთ მიწა აზერბაიჯანისთვის 2005-2007 წლებში, როცა ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. თითქოს მათ 1938 წლით დათარიღებული ნამდვილი რუკა დამალეს, რათა გამოეყენებინათ სხვა, საქართველოსთვის დამაზარალებელი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა 3500 ჰექტარი ტერიტორია. კარტოგრაფებს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ელით.

„მოულოდნელი დაკავებები, რომელიც თან სდევდა საარჩევნო კამპანიას, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დებატების მთავარი თემაა. ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი სააკაშვილი, რომელიც „მოღალატედაა“ შერაცხული, ბრალს სდებს სახელისუფლებო პარტია ,,ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ მანიპულაციაში არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით.

კარტოგრაფების საქმეს რომ პოლიტიკური ხასიათი აქვს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც ნათელია. თხუთმეტმა ასეთმა ორგანიზაციამ, მათ შორის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ,,ღია საზოგადოების ფონდმა“ 9 ოქტომბერს კარტოგრაფების საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებად“ შეაფასა და მმართველი პარტია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულეს. როცა რამდენიმე ძირითადი მოწმე დაკითხულიც კი არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ არჩევნების წინ დელიკატური თემებით  მოსახლეობის მანიპულირება“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ეს ორი კარტოგრაფის პირადი ტრაგედიაა, მაგრამ ამასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, რომელიც არც არსებობს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სასამართლო სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური იარაღი იქნება“, – ეუბნება Le Monde-ს საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტი, ივანე ჩიტაშვილი.

 ნაციონალური და რელიგიური გრძნობების გაღვივება

ასე ასათაურებს გამოცემა ერთ-ერთ ქვეთავს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რუსეთთან დაახლოებული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები კარტოგრაფებს ბრალს სდებენ დავით გარეჯის მონასტრის გაყიდვის მცდელობაში, თუმცა 1500-გვერდიან საქმეში რელიგიური ობიექტი ნახსენებიც კი არ არის.

„საუბრობენ მონასტერზე, რომ ადამიანების ემოციებით ითამაშონ და ნაციონალური, რელიგიური გრძნობები გააღვივონ ხალხში“, – ამბობს ივანე ჩიტაშვილი.

გამოცემა წერს, რომ ეს სტრატეგია მუშაობს ქვეყნის მოსახლეობის მართლმადიდებელ სეგმენტზე, ანუ საქართველოს მოსახლეობის 84%-ზე.

„თითქმის 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო-აზერბაიჯანი აწარმოებდა მოლაპარაკებას საზღვრის საკითხებზე, ძველ რუკებზე დაყრდნობით, თუმცა არცერთი ვარიანტი ჯერ რატიფიცირებული არ არის“, – წერია სტატიაში.

რუსეთის ბუნდოვანი როლი

გამოცემა ესაუბრა მართლმადიდებელ ბერს, რომელიც ჟურნალისტს იმ პირობით ესაუბრა, რომ აზრს ანონიმურად გადმოსცემდა, რადგან დარწმუნებულია, რომ უთვალთვალებენ.

„ყველაფერი პრეზიდენტის ვიზიტით დაიწყო“, – ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ ,,დიდი სახელმწიფო“ [რუსეთი] რეგიონში კონფლიქტის შექმნითაა დაინტერესებული. კარტოგრაფების საქმე მას საბჭოთა წმენდის პერიოდს ახსენებს, როცა დაკავებულთა 60% -ი პოლიტპატიმარი იყო.

„ისე, როგორც არასდროს ქართველები მრისხანებამ და შფოთვამ მოიცვა. ვისაც ტვინი ვერ გამოურეცხეს, მათ იციან, რომ ეს ამბავი აბსურდია. პროკურატურა პირდაპირ ემორჩილება ხელისუფლებას, რომელიც იყენებს ორ უდანაშაულო მსხვერპლს არჩევნების წინ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციებისთვის“, – ამბობს გამოცემასთან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი და დიპლომატი შოთა ღვინერია.

ყოფილი დიპლომატი რუსეთის როლზეც მიანიშნებს Monde-ს და ამბობს, რომ რუკა, რომელიც „დამალეს“ კარტოგრაფებმა, უცებ აღმოჩნდა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

„ამ საქმით მოსკოვს რეგიონში დესტაბილიზაცია და საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაღვივება სურს, საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად“, – ამბობს მკვლევარი.

Monde-ი ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დირექტორსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილის იურისტს, გიორგი მშვენიერაძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ აქტივისტები და ტროლები, განსაკუთრებით ფეისბუქზე, მობილიზებულები არიან, რომ ის წარმოაჩინონ „მოღალატედ, რომელსაც მონასტრის გაყიდვა სურს“.

კარტოგრაფების საქმის სასამართლო განხილვები 4 დეკემბერს უნდა დაიწყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com