მთავარი,სიახლეები

მთავრობა ტყვიით მოშხამვაზე ცნობიერებას ამაღლებს, თუმცა საღებავში ტყვიას არ ამოწმებს

24.10.2019 • 2016
მთავრობა ტყვიით მოშხამვაზე ცნობიერებას ამაღლებს, თუმცა საღებავში ტყვიას არ ამოწმებს

ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება.

წელს საქართველოშიც აღინიშნება კვირეული, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ფლაერები და ბუკლეტებიც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რატომ არის საშიში ტყვიის ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და მოცემულია რეკომენდაციები – როგორ შეიძლება მოხდეს პრევენცია.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ დღეს, 24 ოქტომბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ასევე გვითხრეს, რომ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მედიასემინარი ამ თემაზე და იყო საუბრები საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. რაც შეეხება კვირეულის ფარგლებში გამოყოფილ ბიუჯეტს, ცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროებს შორისაა საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – სახლების ფასადის, შიდა კედლების, ავეჯის თუ სათამაშოების შესაღებად.

ბავშვებში ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვა და ა.შ.

არის თუ არა საღებავში ტყვია, ეს საქართველოში მოქალაქემ თავად უნდა გაარკვიოს. ზოგადი რეკომენდაციები ტყვიისგან მოწამვლის შესახებ ერთადერთია, რასაც მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ტყვიისგან დასაცავად. სლოგანი – „აკრძალე ტყვია საღებავებში“, საქართველოში მხოლოდ სიტყვებია, რადგან საღებავებში ტყვიის შემცველობას არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ამოწმებს.

საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სამშენებლო მასალების ბაზარზე ზედამხედველობა ხდება მხოლოდ ოთხ პროდუქტზე: არმატურაზე, ცემენტზე, პლასტმასის მილებსა და ელექტროკაბელებზე. „ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, საღებავთან დაკავშირებით მომავალში შესაძლოა იყოს რაიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს პროდუქტებია“, – გვითხრეს ბაზარზე ზედამხედველობის სამმართველოში.

„მომხმარებელს საკუთარი ძალით რომ შეეძლოს ტყვიისგან ან სხვა საფრთხეებისგან თავის დაცვა, მაშინ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლი ასეთი ტიპის სამომხმარებლო პროდუქციაზე არ იარსებებდა.

ჩვენთან არის აბსოლუტურად არანორმალური მდგომარეობა, უკვე წლებია, რაც სახელწიფო კონტროლი გაუქმებულია და აქამდე არ განუცხადებია მთავრობას, რომ აპირებს ამის ოდესღაც დანერგვას“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით, რომ ტყვია სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

„აუცილებელია არა მარტო საღებავებზე, არამედ ნებისმიერი სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე კონტროლის დაწესება და ეფექტიანი განხორციელება. კომპლექსურად რომ შევხედოთ, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, სხვადასხვა უწყებებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვიკითხოთ ანგარიში, ვინ რა გააკეთა ამ საკითხთან მიმართებაში და შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე.

2019 წლის 23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წლის 31 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ 72 ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ აქვთ ტყვიის შემცველ საღებავებზე კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის მექანიზმი.

„ტყვიის შემცველი საღებავების სრული აღმოფხვრით, 2030 წლისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და დაბინძურებული ჰაერით, წყლით და ნიადაგით გამოწვეული სიკვდილისა და დაავადების შემთხვევები;

2020 წლისთვის მოხდება ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების ეკოლოგიურად მდგრადი მართვა, საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტების შესაბამისად და საგრძნობლად შემცირდება მათი გავრცელება ჰაერში, წყალში და ნიადაგში, რაც  მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე  უარყოფით ზეგავლენას“, – აღნიშნულია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა არაფერია ნათქვამი, რა ნაბიჯებს გადადგამს ამისთვის საქართველოს მთავრობა.

__________________

ფოტო: pexels

გადაბეჭდვის წესი


ასევე: