მთავარი,სიახლეები

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

30.10.2020
უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა.

ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში მივიდა. ერთი თვის წინ, ნატალიას კოვიდ-19 დაუდასტურდა და მიუხედავად იმისა, რომ ის უსიმპტომო იყო, კოვიდსასტუმროში იგი სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.

„ღამის 2 საათი იყო, როცა მამა ცუდად გახდა, 112-ზე რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. გვიმეორებდნენ, რომ უნდა დავლოდებოდით და სხვა გზა არ იყო… როცა მოვიდა სასწრაფოს ექიმი საათ-ნახევრის მერე, ნახა მდგომარეობა და მამაჩემს უთხრა, ეტყობა, ძალიან მადლიერი კაცი ხართ, სასწაულად გადარჩენილხართო,“ – გვიყვება ნატალია დევაძე. – „მერეც ვერ წაიყვანეს კლინიკაში, ადგილი არ გვაქვსო და ვიდრე არ დარეგულირდება წნევა და შაქარი, არ წავალთო… სასწრაფოს ექიმმა დაგვიდასტურა, რომ მამაჩემის განძრევა მართლაც არ იქნებოდა კარგი, ჩვენით რომ გადაგვეყვანა სადმე სასწრაფოს მოსვლამდე და ჩვენი ძალებით რომ არ აღმოგვეჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება, ცუდად იქნებოდა საქმე“.

ნატალია დევაძის თქმით, მან საათ-ნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე დარეკა 112-ზე და შემდეგ ერთ-ერთი კლინიკაში მომუშავე ახლობელ ექიმს მიმართა.

„იმან გვიშველა. ვუთხარით, რომ სასწრაფო ვერ მოდიოდა და აგვიხსნა, რა უნდა გვექნა პირველ რიგში… მანამდე 112-ზეც იგივე ვუთხარი, სასწრაფო თუ ვერ მოდის, იქნებ ვინმე ექიმს დამალაპარაკოთ, რეკომენდაცია მაინც მომცეთ, დამაკვალიანოთ-მეთქი. არაა ეს ჩვენი საქმეო, არადა სასწრაფო იმიტომაა სასწრაფო, რომ გადაუდებლად გჭირდება, აქ ხომ წამებაზეა დამოკიდებული სიცოცხლე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნატალია დევაძემ.

ნატალია დევაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე თვითონაც არ უნდა გადაეყვანა სასტუმროში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს, როცა კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქე დარწმუნებულია, რომ უსიმპტომო პაციენტების სასწრაფოს მანქანებით გადაყვანა რესურსების არასწორი გადანაწილება და უპასუხისმგებლობაა.

„ჩვენთანაც თქვეს სასწრაფოს ექიმებმა, კოვიდდადებითები გადაგვყავდა სასტუმროებში, რომლებსაც სიცხეც კი არ ჰქონდათო, ამიტომ არ გვეცალა. ხელისუფლებას მიმართეთ, ჩვენ რა ვქნათო… მეც როცა დამიდგინდა კორონავირუსი, ვიდრე მე არ მოვიკითხე და შევაწუხე, არ გადამიყვანეს, თანაც სახლში 67 წლის დიაბეტიანი მამა მყავს. მე უსიმპტომო ვიყავი და სასტუმრო „ეიფორიაში“ სასწრაფომ გადამიყვანა. ვფიქრობ, რომ ეს ტყუილად დახარჯული რესურსია. რა თქმა უნდა, უნდა გადაიყვანონ ასეთი პაციენტებიც, მაგრამ სხვა მანქანის გამოყენება ხომ შეიძლება, რადგან ამ დროს შესაძლოა სხვა კვდებოდეს და ექიმი მასთან საერთოდ ვერ მიდიოდეს,“ – უთხრა ნატალია დევაძემ „ბათუმელებს“.

ნატალია დევაძე ერთადერთი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ სასწრაფოს ჯგუფები ბათუმში ან უნდა დაამატოს, ან მისი მუშაობის წესს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, არაკოვიდპაციენტები სხვადასხვა მძიმე დიაგნოზით, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: