ვის არ ესმის შშმ პირების ხმა – ფორმალურად ადაპტირებული არჩევნები არასტანდარტული პანდუსით

გაორმაგებულ სოციალურ პაკეტს, ადაპტირებულ გარემოს და დასაქმებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პარტია დაჰპირდა, არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის სრულფასოვანი ადაპტირებული გარემოს შექმნაზე კი პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი პარტია იყო  – „ქართული ოცნება“, რომელიც შმმ პირებს იმავეს ოთხი წლის წინ, 2016 წელსაც ჰპირდებოდა.

როგორ შესრულდა ეს დაპირება და რა გარემო დახვდათ საარჩევნო უბნებზე მისულ შშმ ამომრჩევლებს 2020 წლის 31 ოქტომბერს, ამაზე კვლევა არამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა“ ჩაატარა. ამ ორგანიზაციამ ბათუმში ყველა ადაპტირებული საარჩევნო უბანი შეისწავლა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, რამინ მაჭარაშვილის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში შენობების შესასვლელებთან დამონტაჟებული იყო ხის გადასატანი პანდუსები, რაც ეტლით მოსარგებლეებისთვის ძირითადად უსარგებლოა.

იყო შემთხვევები, როცა შენობის შესასვლელი ადაპტირებული იყო, თუმცა უშუალოდ შესასვლელი კარის ზღურბლი იყო იმდენად მაღალი, რომ ეტლით გადასვლა შეუძლებელი იყო, ზოგან კი შესასვლელი კარი არ იყო სტანდარტული სიგანის, არ აღწევდა 70 სანტიმეტრს და ეტლით შეღწევა შეუძლებელი იყო. ასევე, არც ერთ უბანზე არ იცნობდნენ უსინათლოებისთვის საჭირო ჩარჩო-ფორმის მოხმარების ინსტრუქციას.

„ქობულეთში უბანზე მისულ უსინათლო ამომრჩეველს  15-20  წუთი მოუწია საარჩევნო კაბინაში ლოდინი, ვიდრე კომისია მას სპეციალურ ჩარჩოს მიაწოდებდა,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში ამომრჩეველს 42 ადაპტირებული საარჩევნო უბანი უნდა დახვედროდა. კვლევით დადგინდა, რომ მათგან უმეტესობას არ ჰქონდა სტანდარტული, ადაპტირებული პანდუსი, რომელიც კომფორტული იქნებოდა როგორც ელექტრო, ასევე მექანიკური ეტლით მოსარგებლეებისთვის.  გარდა ამისა, თვალსაჩინო ადგილზე არ იყო გამოკრული სმენის არმქონეთათვის კენჭისყრის პროცედურის ამსახველი პოსტერები, რასაც ასევე ცესკოს დადგენილება ითვალისწინებს.

ბათუმის #5 საუბნო-საარჩევნო კომისიაში სპეციალური კაბინა მას შემდეგ დაადაბლეს, როცა ამომრჩეველი უბანზე  მივიდა.
ფოტო:თედო ჯორბენაძე

სად დახვდებოდა ამომრჩეველს ადაპტირებული საარჩევნო უბანი, ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების მიხედვით, ფორმალურად, ბათუმში 42, პლუს ორი მარტივად ადაპტირებული საარჩევნო უბანია, ქობულეთში – 33 [5 მარტივად ადაპტირებული], ქედაში – 15 [ერთი მარტივად ადაპტირებული], შუახევში – 5 [ერთი მარტივად ადაპტირებული], ხელვაჩაურში – 23 [5 მარტივად ადაპტირებული]  ხულოში კი სულ  – 7 [ერთი მარტივად ადაპტირებული].

31 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯამში, აჭარაში სულ 138, ქვეყნის მასშტაბით კი 1126 ადაპტირებული საარჩევნო უბანი [აქედან 237 მარტივად ადაპტირებული] იყო გახსნილი.

„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 ნოემბერს, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არა ხულიგნობის მუხლით, რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, არამედ ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი].

გადაწყვეტილება მოსამართლემ დისტანციურად გამოაცხადა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, რეზო წულუკიძეს სასამართლომ 8 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის 2 თვეში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. მოსამართლემ ორივე ბრალდებული ასევე 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ელდარ ანთაძე დღესვე დატოვებს დაწესებულებას, დღეს გავიდა მათი დაპატიმრებიდან 5 თვე და 29 დღე. სწორედ ამ ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატი განმარტავს, რომ თუკი მოსამართლე პროკურატურის ვერსიას გაიზიარებდა, ბრალდებულებს 2-დან 5 წლამდე მოუწევდათ თავისუფლების აღკვეთა, რადგან მათ ხულიგნობის ჩადენას განმეორებით ედავებოდნენ.

საუბარია ბათუმში, აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს.

რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, ასევე პოლიციელი – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

28 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცა. არჩევნების დღეს თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ზონდერჯგუფის მობილიზებას ახდენს „ნაციონალური მოძრაობა“. თორნიკე რიჟვაძის საპასუხოდ ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ საუბარია არა ზონდერჯგუფზე, არამედ საარჩევნო ხმების დაცვაზე. საარჩევნო უბნებში ბიულეტენების დათვლის დროს, ფირუზ წულუკიძე ახლობლებთან ერთად გონიოს საარჩევნო უბანთან იყო და ამბობდა, რომ ხმებს იცავდა. იქვე მობილიზებული იყო პოლიციაც.

რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასრულა, თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მან დღეს გამოაცხადა.

ამ საქმეზე:

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

 

რა თქვა რიჟვაძემ ბათუმის მე-19 უბნის შესახებ, რომელიც საჩვენებლად გადათვალეს

„ქართული ოცნების“ ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა არანაირად არ შეცვლილა ოპოზიციის და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები…“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს მოწყობილ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ. მან დღევანდელი ბრიფინგზე ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე ისაუბრა. ეს ის უბანია, რომლის ხელახლა გადათვლასაც ბათუმის საოლქო კომისია დათანხმდა. 75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ხმები გადათვალა მხოლოდ  იმ უბანზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველადი შემაჯამებელი ოქმით, თუ ხმების გადათვლით, უპირატესობა აჩვენა.

ბათუმის საოლქო კომისიამ ვერ განმარტა, რატომ დათანხმდა მხოლოდ ერთ უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას, როცა ათეულობით შემაჯამებელი ოქმი, რაც გასაჯაროვდა, კითხვებს და ეჭვებს აჩენდა. ბათუმის საოლქო კომისიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია აქტი, რომლითაც გამოჩნდებოდა, რამდენით გაიზარდა „ქართული ოცნების“ ხმები იმ უბანზე, რომელიც ხელახლა გადათვალეს.

თორნიკე რიჟვაძე, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ან  საარჩევნო ადმინისტრაცია მე-19 უბანს ამჯერად იმის საჩვენებლად იყენებს, რომ საუბნო კომისიის წევრებს რეალურად რაიმეს გაყალბება კი არ სურდათ, არამედ შემაჯამებელი ოქმის შედგენა არ იცოდნენ სწორად, ანუ კომპეტენციის პრობლემა იყო. საოლქო კომისიებს და არც თორნიკე რიჟვაძეს არ აქვთ პასუხი კითხვაზე: რატომ გახსნეს საჩვენებლად და გადათვალეს მხოლოდ ერთი საუბნო კომისიის ბიულეტენები.

„…სადაც არსებობდა ელემენტარული სამართლებრივი საფუძველი გადათვლის, თუ გასაჩივრების, საოლქო კომისიებმა მოახდინეს ამ საჩივრების განხილვა, მათ შორის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ დაინტერესებული პირების ჩართულობით. ამ შემთხვევაში კი, ის ატეხილი აჟიოტაჟი სოცქსელში, რომ სადღაც რაღაც გაბათილდა, თუ იყო გაყალბებული, ეს ყველაფერი დადასტურდა,  რომ  არის მტკნარი სიცრუე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რით დადასტურდა, რომ საჩივრები იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და რატომ არ ენდობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებს?

„თქვენ ნახეთ ეუთო ოდირის დასკვნა, ეს ერთი. თქვენ ნახეთ კონკრეტული ოქმი, რომელიც გასაჩივრდა, გადაითვალა და დადგა ეს შედეგი. რამდენი ოქმიც არ უნდა გაასაჩივრონ, ძირითად შემთხვევაში არის ის, რომ მმართველი პარტიის ხმები ძირითად შემთხვევაში უმჯობესდება და ალბათ გესმით, რომ მოტივაცია ნაკლებია ოპოზიციის, რომ მოახდინოს შემდგომი განვითარება ამ სცენარის…“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მას არ განუმარტავს, რატომ არ ითხოვს მაშინ ხმების გადათვლას „ქართული ოცნება“ და რატომ ეუბნებიან კატეგორიულ უარს ოპოზიციას ხმების გადათვლაზე?

„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული მთელი ეს აჟიოტაჟი არის დესტრუქცია და დეზინფორმაცია, ეს არის მანიპულირება ოქმებით,“ – მიიჩნევს თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძე თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ფეიქ დღის წესრიგი აქვს“ და ოპოზიციის მხრიდან „ყოველდღურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ“.

„…ასევე გეგმავენ რაღაც გაურკვეველ აქციებს. ამ შემთხვევაში, როგორც ადრე, ახლაც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში…“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კრიზისს ის მომენტი, რომ როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში იქნება მარტო? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს, ვიდრე ის დღევანდელ ბრიფინგს დაასრულებდა.

„არანაირად,“ – გვიპასუხა მან პარტიული ოფისის დარბაზის დატოვებამდე.

აჭარაში 89 შემაჯამებელი ოქმი შესწორდა – პარლამენტის პროპორციული არჩევნები

აჭარის 6 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები 373 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნების 373 შემაჯამებელი ოქმიდან კი, ჯამში 89 ოქმია შესწორებული – ზოგიერთ უბანზე 1-ელ ნოემბერს, ზოგი კი შემდგომ, საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებით ან/და შესაბამისი ოლქების განკარგულებებით.

„ბათუმელებმა“ ამ 373 უბანზე პარლამენტის პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმი გადაამოწმა, რომლებიც ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული.

ბათუმში, სადაც სულ 120 საარჩევნო უბანია, პარლამენტის პროპორციული წესით კენჭისყრის შედეგების 41 შემაჯამებელი ოქმია შესწორებული. ეს ოქმები არ იყო შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.

ამასთან, 11 ოქმში არასწორად იყო მითითებული საარჩევნო სუბიექტების [პარტიების] მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, ხოლო 30 უბნის შემაჯამებელ ოქმებში ზოგან საერთოდ არ იყო ან არასწორად იყო შეტანილი სხვადასხვა მონაცემი, აკლდა კომისიის წევრის ხელმოწერა, არ იყო საუბნო კომისიის ბეჭდის ნომრები, არასწორად იყო მითითებული ბათილი, ასევე უბანზე მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და სხვა.

ბათუმის საოლქო კომისიაში 75 საჩივარი განიხილეს. საოლქო კომისია საჩივრების განსახილველად 4 ნოემბერს საღამოს 9 საათზე შეიკრიბა. საოლქო კომისიამ მხოლოდ 13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს მისცა შენიშვნა ან გაფრთხილება.

დამკვირვებელი ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ და შესაბამისად კომისიამაც, მე-19 უბნის გარდა, ყველა სხვა უბნის ხელახლა გადათვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბათუმის საოლქო კომისიის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ქობულეთში 31 ოქტომბერს კენჭისყრა 73 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. შესწორდა 12 უბნის შემაჯამებელი ოქმი, აქედან 6 ოქმში არასწორად იყო მითითებული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

180 უბანზე შეადგინეს შემაჯამებელი ოქმები ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში. პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით კენჭისყრის 180 შემაჯამებელი ოქმიდან, ამ ოლქებში შესწორებები ჯამში 36 ოქმში შეიტანეს. მათგან პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არასწორად იყო მითითებული 8 ოქმში.

გარდა პარლამენტის პროპორციული არჩევნების ბიულეტენისა, აჭარაში ამომრჩეველს კიდევ 3 ბიულეტენით უნდა მიეცა ხმა – პარლამენტის მაჟორიტარული ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. შესწორდა აღნიშნული ბიულეტენებიც.

„ბათუმელებმა“ მხოლოდ ქობულეთის მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენები გადაამოწმა. ამ ოლქში, წინასწარი მონაცემებით, უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, ბარიერი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ცოტნე ანანიძემ გადალახა [სხვა ორ ოლქში მეორე ტური უნდა ჩატარდეს].

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქობულეთის 73 უბნიდან, 6 ოქმი ჩასწორდა, რომელიც უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარის არჩევნებს უკავშირდებოდა.

დისბალანსი და არეულობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბათუმის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ საუბნო კომისიების წევრების დაღლილობით ახსნა. „ბოლო დღეებშიც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“, – გვითხრა მან. განკარგულებების მიხედვით კი, რაც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული, სინამდვილეში ბოლოს კომისიის წევრი 23 ოქტომბერს ჩაანაცვლეს.

ამ თემაზე:

შესწორებული ოქმები

 

სტუდენტური კინოფესტივალის ქართველი და უცხოელი გამარჯვებულები

თბილისში 4-6 ნოემბერს საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ გაიმართა.

ფესტივალში 17 ახალგაზრდა კინორეჟისორი მონაწილეობდა.

სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტში გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი.

  • პირველი ადგილი – „ჩატვირთვა“, რეჟისორი გიორგი წილოსანი 
  • მეორე ადგილი – „დიდი და პატარა ხელები“, რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი
  • მესამე ადგილი – „დაბრუნება“, რეჟისორი გურამ ბაქრაძე 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა არგენტინული ფილმი THE PACK OF THREE, რეჟისორი – კევინ ზაიატი.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ისევ არგენტინული ფილმი დაჯილდოვდა, სახელწოდებით SHENDY WU A DIARY,  რეჟისორი – ინგრიდ პროკოპერი.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი პოლონური ფილმი GUILT-ი  დასახელდა. ფილმის რეჟისორია მარჯანა ურბასკა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ასევე გაიცა სპეციალური აღნიშვნის 4 დიპლომი რეჟისურისათვის, რომელიც გადაეცა ზვიად ციკოლიას ფილმისთვის – „საზღაური“,  Lasse Holdhuss / Moonjump გერმანია, Juana Varela / Ruido – Noise არგენტინა და Roy Alon / Late Kaddish ისრაელი.

პირველი ადგილის მფლობელს 5 ათასი ლარი გადაეცა საჩუქრად. ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ სხვა გამარჯვებულებიც.

ფესტივალის ორგანიზატორი თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტია.

თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში

„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები… ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.

თორნიკე რიჟვაძემ ასე დაახასიათა ოპოზიციის აქტივობა, როცა მას 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ ვკითხეთ. თორნიკე რიჟვაძე სავარაუდოდ გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის სოფლებში მოსახლეობას ხვდება და მოუწოდებს, 8 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

თორნიკე რიჟვაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რა შემთხვევაში განიხილავს მმართველი პოლიტიკური გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს. თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება. ნდობაზე საუბრის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ „კოვიდთან გამკლავებას“ განაგრძობს.

„ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნები საქართველოში და რეგიონში სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. შედეგი დადგა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა და შესაბამისად უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოებში… რაც შეეხება კონკრეტულ მიზნებს და მოტივაციას, თუ ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება ამ აქციების გამართვა, მოგახსენებთ, რომ ეს არის მანიპულაციები, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა… ჩვენ გვაქვს საკმარისი ნდობა ხალხისგან, რაც ასახულია, მათ შორის, რეგიონულ მანდატებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმის კეთებას, მათ შორის, კოვიდთან გამკლავებას,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

___

კვირას, 8 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები თბილისსა და ბათუმში გეგმავენ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით.

სამსახურში აღდგენა და 30 ათასი ლარი კომპენსაცია 4 შვილის დედას – სასამართლო გადაწყვეტილება

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ცნეს „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

დამსაქმებელს დაევალა, მოსარჩელე მოლარე-ოპერატორი დააბრუნოს სამსახურში და მისცეს კომპენსაცია.

„საქართველოს ბანკს“ დაეკისრა ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ბანკს ასევე დაეკისრა დაზარალებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი საშვებულებო თანხა და საშვებულებო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის თანხის 0,07% ნამატიც. ეს ყველაფერი ჯამში 30 000-ზე მეტი ლარია.

დაზარალებული 4 შვილის დედა თ.მ-ა. ის 2007 წლიდან მუშაობდა „საქართველოს ბანკში“  სხვადასხვა პოზიციაზე.

გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, ქალმა დეკრეტული შვებულების პერიოდში მიიღო შეტყობინება სამსახურიდან შრომის კოდექსის 37.1.-ე მუხლის ,,ო“ პუნქტის საფუძველზე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებელმა ქალი ისე გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ მისთვის არ აუნაზღაურებია 2018 წლის გამოუყენებელი ფასიანი 24 დღის საშვებულებო თანხა.

გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლოს განხილვისას დადგინდა, რომ „საქართველოს ბანკს“ იმავე პოზიციაზე მომუშავე 9 პირი დაუსაქმებია სხვადასხვა თანამდებობაზე, ამასთან მოლარე ოპერატორის თანამდებობა ვაკანტური იყო, როგორც მოსარჩელის გათავისუფლების დღისათვის, ასევე იგი ვაკანტური იყო სასამართლო განხილვის დროსაც.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.

შემაჯამებელ ოქმებში არეულობა და ქაოსი კომისიის წევრების ბრალია?

დისბალანსი და არეულობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბათუმის საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ საუბნო კომისიების წევრების დაღლილობით ახსნა. „ბოლო დღეებშიც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“, – გვითხრა მან. განკარგულებების მიხედვით კი, რაც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული,  სინამდვილეში ბოლოს კომისიის წევრი 23 ოქტომბერს ჩაანაცვლეს.

იმ განკარგულებების მიხედვით, რაც ვებგვერდზეა ატვირთული, ბათუმის 120 [სპეცუბნების ჩათვლით] საუბნო საარჩევნო კომისიიდან მხოლოდ 16 საუბნო კომისიაში 16 წევრი ჩაანაცვლეს. ოლქის თავმჯდომარის თქმით კი, შეცვალეს 28 წევრი. უბნებიდან ძირითადად რიგითი წევრები გავიდნენ და ისინი ჩაანაცვლეს პირებმა, რომლებსაც რიგით წევრებად მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ.

ციალა შავაძის განმარტებით, ამას ემატებიან საუბნო კომისიების ის წევრებიც, რომელთა ჩანაცვლებაც პარტიებმა მოითხოვეს. პარტიების მიერ ჩანაცვლებული პირების მონაცემები კი კომისიამ დაზუსტებით ვერ მოგვაწოდა.

ამის მიუხედავად გადამოწმებით დგინდება, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებში დარჩნენ პირები, რომლებსაც არამხოლოდ ზოგადად არჩევნების ჩატარების, არამედ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საპარლამენტო არჩევნების ერთობლივად ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.

ამის საილუსტრაციოდ ის უბნებიც კი გამოდგება, სადაც კორონავირუსის გამო პასუხისმგებელი პირი შეცვალეს – მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ბათუმის #22 საუბნო საარჩევნო კომისია, სადაც უფლებამოსილება დროზე ადრე შეუწყდა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ილია ბერიძეს – ის ნატალია მელნიკოვამ ჩაანაცვლა. ამ უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნოდარ ბარამიძე, ხოლო მდივნად მაია ჯაბნიძე მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნოდარ ბარამიძე ამავე კომისიაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, მაია ჯაბნიძე კი კომისიის მდივანი იყო.

ასევე ვერ ვიტყვით, რომ  კარგად იმუშავეს იმ კომისიებმა, რომლებსაც კომისიის არც ერთი წევრი არ ჩაუნაცვლებიათ. სწორედ ამიტომაც დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია დაღლილობის მიზეზით იმ შეცდომებისა და ქაოსის ახსნა, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოქმებში ფიქსირდება.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბოლო განკარგულება, რომელიც ციალა შავაძემ საუბნო კომისიის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოსცა, 23 ოქტომბრით თარიღდება, ამის შემდეგ ოლქს ერთი კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ ჩანაცვლებული კომისიის წევრები კენჭისყრის დღისთვის მოემზადებინა. სავარაუდოდ საკმარისი იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე ტრენინგი, რადგან ამ პირების შერჩევასთან დაკავშირებით გამოცემულ განკარგულებებშია პირდაპირ წერია, რომ  ძირითადად ისეთი კანდიდატები შეარჩიეს, ვისაც ცესკოს სპეციალური კურსი აქვს გავლილი.

ამავე თემაზე:

შესწორებული ოქმები

მთავრობა პენსიაზე გასული ექიმების მობილიზაციაზე საუბრობს

დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მედპერსონალის მობილიზაციაზე ისაუბრეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 183 მედპერსონალი დაინფიცირდა კორონავირუსით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა, მათგანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება. სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოშია, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მათი მხრიდანაც არის მზაობა და მათი რესურსიც აქტიურადაა გამოყენებული, თუმცა მიმდინარეობს დამატებითი მობილიზება ყველა სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც მოხალისეებად ჩაერთვნენ კოვიდთან ბრძოლაში.

„სამწუხაროდ ისევ ერთ დონეზე რჩება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია, 183 გვქონდა ბოლო 24 საათში. ეს კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც გვჭირდება. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და ჰოსპიტლებში, მაგრამ ისინი იმუშავებენ კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში… იგივე სტომატოლოგები, რომლებიც ბევრი არიან ქვეყანაში, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში… სტუდენტები, მეხუთე-მეექვსე კურსის, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლილი აქვთ, ექიმის, ექთნის ასისტენტებად ამ პერიოდში იმუშავებენ. ჩვენ შევდივართ გარკვეულ ზღვარზე ეპიდსიტუაციის და ეს სიტუაცია სამართავია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაბინძურებული ჰაერი, რომელიც კლავს – კიბოს კიდევ ერთი რისკფაქტორი 

კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  გლობალურად, ყოველი ექვსი გარდაცვალებიდან ერთის მიზეზი კიბოა, მაგალითად, 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფილტვის კიბოა, რომლის ძირითად გამომწვევ მიზეზად თამბაქო მიიჩნევა, თუმცა არსებობს ფილტვის კიბოს ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორი – ჰაერის დაბინძურება, რომლის მავნე ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ვირუსი, პირველ რიგში, სწორედ რესპირატორულ სისტემას აზიანებს.

აშშ-ს კიბოს ასოციაციის მონაცემებით, „უტყუარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ მოხმარებულ ჰაერს, რომელიც ბინძურდება როგორც ავტომანქანების გამონაბოლქვის ნაწილაკებით, ასევე ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული წყაროებიდან – შუძლია გამოიწვიოს ფილტვის კიბო”.

„ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება ზრდის ნაადრევად გარდაცვალების, გულის დაავადებების,  ასთმური შეტევების რისკებს და მას ასევე შეუძლია შეაფერხოს ფილტვების ზრდა და ფუნქციონირება“.

ონკოლოგის, მედიცინის დოქტორის, მემედ ჯინჭარაძის თქმით, ფილტვის კიბოს უმრავლეს შემთხვევაში თამბაქოს მოხმარება იწვევს, თუმცა იგი ამბობს, რომ დაბინძურებული ჰაერის ფაქტორი სატრანსპორტო თუ საწარმოო გამონაბოლქვის სახით ასევე შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს.

აჭარაში ფილტვის კიბოთი ავადობის წელიწადში 100 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ყველა არის მწეველი. 

„მამაკაცებში ფილტვის კიბო სიკვდილიანობის წამყვანი ფაქტორია, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქალების სიკვდილიანობის ფაქტორების პირველ ათეულშიც შედის. მისი გამომწვევი მიზეზი ცალსახად არის თამბაქოს მოხმარება. თუ სადმე ფილტვის კიბოთი ავადობა ქალებში გამოჩნდა, ეს 95% მწეველი ქალია,” – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

მისივე თქმით, ფილტვის კიბო არ მიიჩნევა ახალგაზრდების დაავადებად, რადგან იგი წლების განმავლობაში ყალიბდება:

„ახალგაზრდა ფილტვი იტანს თავიდან, მაგრამ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში – ვეღარ. ფილტვის კიბოს ანამნეზში არის 20-30-წლიანი მოწევის გამოცდილება. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მერე დაანებებენ თავს, მაგრამ თამბაქო იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და მასზე თავის დანებება ძალიან რთულია”.

ონკოლოგი ამბობს, რომ სიმსივნურ დაავადებებს შორის ფილტვის კიბო ყველაზე ვერაგია, რადგან არ ჩანს და ამის გამო მომართვიანობაც დაგვიანებულია, შესაბამისად მაღალია ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობა – „ძალიან რთულად იკურნება, დაავადებულთა 70% მოდის მე-3 მე-4 სტადიაში”.

„ყველა ადამიანი, ვისაც ფილტვის კიბო უდგინდება, სიგარეტს არ ეწევა. აშშ-ში ფილტვის კიბოთი გარდაცვლილი ადამიანების 20%-ს სიგარეტი არასოდეს მოუწევია ან გამოუყენებია თამბაქოს რაიმე ფორმა, მაგრამ ფილტვის კიბო იმ ადამიანებში, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ, ერთ-ერთი ყველაზე ფატალურია შტატებში“ ” – წერს აშშ-ს კიბოს ასოციაცია.

2013 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC), დაბინძურებული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – მყარი ნაწილაკები კარცეროგენად მიიჩნია და თქვა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ დავასკვნათ –  ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის კიბოს.

IARC-ის შეფასებით, ფილტვის კიბოს რისკი იზრდება მყარი ნაწილაკებისა და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შედეგად.

იმავე წელს, 8 წლის ჩინელი გოგონა, რომელსაც ფილტვის კიბო დაუდგინდა, გახდა ჩინეთში ფილტვის კიბოთი დაავადებული ყველაზე პატარა პაციენტი. ექიმმა თქვა, რომ გოგონას შემთხვევაში ფილტვის კიბო დაბინძურებული ჰაერის შედეგია – ამის შესახებ გარდიანიც წერდა.

ჯანმოს ცნობით, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მნიშვნელოვნად მომატებულია, ეს ძირითადად ეხება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს. ჯანმოს ცნობით, მსოფლიო მოსახლეობის 91% ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი აჭარბებს ნორმებს.

ჰაერში მყარი ნაწილაკების მაჩვენებელი ხშირად საქართველოს ქალაქებშიც აჭარბებს ზღვრულ ნორმებს.

სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა და სპეციალისტი აკავშირებს ჰაერის დაბინძურებას კორონავირუსის მძიმე შედეგებთან.

„დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ყოველწლიურად 7 მილიონი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი ხდება. თუ გავაანალიზებთ, რომ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ზრდის რესპირატორული სისტემის დაავადებების რისკს, ხოლო COVID19 სწორედ რესპირატორული სისტემის დაავადებაა, მიხვდებით, რომ იზრდება ვირუსის მიმართ იმ ადამიანების მოწყვლადობა, ვინც დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშაა,” – ამბობს ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოს და სოციალური დეპარტამენტის დირექტორი მარია ნირა.

ადამიანები, რომლებიც არ ეწევიან, თავს არიდებენ ფილტვის კიბოს ყველაზე დიდ რისკფაქტორს, თუმცა უკეთესი პრევენციისთვის, აშშს კიბოს ასოციაციის რეკომენდაციით, უმჯობესია გქონდეთ სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონი.

„ზოგიერთი მტკიცებულება მიანიშნებს, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტას შეუძლია ფილტვის კიბოსგან დაიცვას როგორც მწეველი, ისე არამწეველი ადამიანები,“ – წერს აშშ-ს კიბოს ასოციაცია.

საქართველოში ჰაერის ხარისხსა და ახალ რეგულაციებზე წაიკითხეთ:

ნაადრევი მშობიარობა და დაბინძურებული ჰაერის სხვა შედეგები – ახალი გლობალური კვლევა

 

 

 

 

„რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საერთოდ არ შეიმჩნიოს ის საპროტესტო აქციები, რომელიც არჩევნების შემდეგ იმართება ან ორ დღეში – 8 ნოემბერს ჩატარდება. მურმან დუმბაძეს იმის სჯერა, რომ ამჯერად ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო გაერთიანება შეძლო, რაც უშედეგოდ ვერ ჩაივლის. „მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამისთვის“, – თქვა ჩვენთან ინტერვიუს დროს მურმან დუმბაძემ.

  • ბატონო მურმან, რა განწყობას ხედავთ მოქალაქეებში, როცა მათ ხვდებით არჩევნების შემდეგ? 

დღეს, მაგალითად, სამი შეხვედრა გვქონდა ქობულეთში… ახლა გაცილებით მეტ მოქალაქეს ვხვდები, ვიდრე წინასაარჩევნოდ. აქამდე გვხვდებოდნენ უშუალოდ ჩემი საარჩევნო ბლოკის მხარდამჭერები, ახლა კი, ყველა პარტია გამოდის. გუშინ ვკითხულობდი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც ხომ არ არის ვინმე-მეთქი? მოქალაქეს ვერ ვნახულობთ, მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. „ოცნების“ მხარდაჭერა უკვე სირცხვილია.

მე ვხდები აღშფოთებულ მოქალაქეებს. ივანიშვილმა შეძლო ის, რომ მოქალაქე გამოიყვანა ქუჩაში. ქუჩაში გამოსულ მოქალაქეს ვერავინ დაამარცხებს. რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია, ეს შეუძლებელია. მოქალაქესთან ვერ გაიმარჯვა ძლევამოსილმა ასლან აბაშიძემ, შევარდნაძემ… წავა ივანიშვილიც. ივანიშვილმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა 2020 წლის 31 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით. მე ვემხრობი იმას, რომ აქციები გაიმართოს ბათუმშიც და არ არის აუცილებელი, ყველამ თბილისში მოიყაროს თავი.

  • რატომ ფიქრობთ, რომ ანგარიშგასაწევი შეიძლება გახდეს ეს საპროტესტო აქციები? საოლქო კომისიების რეაქცია ხომ არ აჩვენებს იმას, რომ პირიქით მოხდება – მაგალითად, ბათუმის ოლქში 75 საჩივარი შევიდა, მაგრამ მხოლოდ იმ უბნის შედეგები გადათვალეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია იგებდა? 

ცხადია, ხელისუფლებისგან არ ველი. მე ველი ამას საქართველოს მოქალაქეებისგან. ასე არ ითვალისწინებდა ხალხის აზრს ედუარდ შევარდნაძე, აბაშიძე, მაგრამ ერთსაც და მეორესაც მოუწია წასვლა. ივანიშვილის რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი. თუ უნდა მას, რომ დარჩეს „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში, ის ხელახლა არჩევნებს ჩაატარებს, თუ არა მოქალაქეები პროტესტის გამოხატვას განაგრძობენ და იქნება სრული დაუმორჩილებლობა. მილიონ 900 ათასი კაცი მივიდა არჩევნებზე, აქედან მილიონზე მეტი ხმა მიიღო ოპოზიციამ. ვერაფრით ვერ დადგება ის შედეგი, რაც სურს ივანიშვილს. მე ვეუბნებოდი, რომ ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები წესიერ ფორმატში, რიგიანად, კანონმდებლობით, მაგრამ არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული.

  • რა ადასტურებს თქვენთვის იმას, რომ არჩევნები გაყალბდა? 

ეს იყო კარუსელი, მოსყიდვა, მანამდე სოციალური დახმარებების მოხსნის ან სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარა, ქუჩის ბიჭების გამოყენება… ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალხმა მაინც გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი თუ არ დათანხმდება, „ქართული ოცნება“ საერთოდ გაქრება ქართული პოლიტიკური ველიდან.

  • საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გამო დაუშვეს შეცდომები… 

არ არის ასე, 21-ე საუკუნეში კალკულატორის, კომპიუტერის, ფეისბუქის ეპოქაში როცა მოგდის 800 ამომრჩეველი, 800 ვერ დათვალო, ეს ვერ იქნება კოვიდის ბრალი, ეს არის საკუთარი კომპეტენციის ბრალი.

  • მიიჩნევთ, რომ კომპეტენციის პრობლემა იყო და არ იყო განზრახვა?

ეს არის საკუთარი კომპეტენციის, უნიათობის ბრალი და მიზანმიმართული მოქმედების ბრალი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებდა დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე. მაგალითად, ჩაქვის ზონაში ხმების დათვლა დასრულდა მეორე დღეს, პირველ ნოემბერს, დღის პირველ საათზე. ასეთი გაუგონარი რამ ასლან აბაშიძესაც არ ჩაუდენია. მათ ჰქონდათ დავალება გაყალბების. სხვა რა არის, როცა ბიულეტენი მეტია ჩაყრილი, ამომრჩეველი ნაკლებია ფიქსირებული? ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს არის მიზანმიმართული მოქმედება. ივანიშვილს სურდა, რომ გაეყალბებინა 31 ოქტომბრის არჩევნები და გააყალბა კიდეც. ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.

  • „ოცნება“ ამბობს, ჩვენც მოგვაკლეს ხმები და სწორდება ხარვეზები, ოპოზიციას კი, ხარვეზების გასწორება არ აწყობსო. 

თუ „ოცნების“ ოქმები გაყალბებულია, მაშინ თავად უნდ იჩივლონ სასამართლოში, რატომ არ ჩივის? არ არის ეს ასე. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის მეორე მეხუთედში – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფალი, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს თავისუფალ გარემოში. საარჩევნო ურნასთან უნდა მივიდეს ამომრჩეველი და გააკეთოს არჩევანი, არავითარი ზეწოლა, არავითარი შანტაჟი, არავითარი მოლაპარაკება. ამომრჩეველთან შეიძლება მხოლოდ აგიტაცია. დანარჩენი ყველაფერი გამორიცხეთ. ახლა, როცა საარჩევნო უბნების წინ დგას სამარშრუტო ტაქსი, იქ რიგდება ფული, ან ნარკოტიკული ნივთიერება, ან მოქალაქეს იბარებენ სააღრიცხვო ფურცლით, ეს არის ამომრჩეველზე ზემოქმედება და არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებად. აქ არჩევნების შედეგი კი არ არს მთავარი, არამედ ის, თუ რა ხდება არჩვენების შემდეგ. მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, რაც ხდება ახლა თბილისის, ან ბათუმის ქუჩებში, ზუგდიდში, ქუთაისში, მთელ საქართველოში?

  • როგორ აპირებთ შედეგის მიღწევას? 

ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მან შეძლო მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. მე 90-იანი წლებიდან ასეთი ერთიანობა არ მახსენდება. დღეს უკიდურესად განსხვავებული, ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობის მქონე პარტიები არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის პარტიებიც, რომლებიც მიუახლოვდნენ ზღვარს, რომ მანდატი მოუწევდათ, არ ცნობენ თამაშის წესებს, რაც ივანიშვილმა შემოგვთავაზა და შესთავაზა საქართველოს მოსახლეობას. დღეს უპრეცედენტო გაერთიანება მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ერთადერთი პლუსია, რაც ამ ბაკქანალიას ახლავს.

როგორ ითვლის ცესკო ხმებს – ინტერნეტის რეაქცია

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბნების ოქმები ქართულ ინტერნეტში განხილვის მთავარი თემაა.

შეცდომებს ოქმებში მთავრობის წარმომადგენლები „ადამიანურ შეცდომებს” აწერენ, ოპოზიცია კი შეგნებულ გაყალბებებზე საუბრობს.

შემაჯამებელი ოქმების რიცხვებში დიდ ცდომილებებს სოციალურ ქსელში სახალისო ქარდების ტალღა მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომელი თანამდებობას ტოვებს

ცესკოს ტოვებს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული. მან სამსახურიდან წასვლის თაობაზე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე განცხადება დღეს, 6 ნოემბერს, დაწერა. განცხადება ივანე ბურდულმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ივანე ბურდულმა თანამდებობის დატოვების მოტივად არჩევნების გაყალბება დაასახელა. „მთავარი მიზეზი სამსახურიდან წამოსვლის არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა“, – განაცხადა ბურდულმა. მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების პროცესში მმართველი პარტია და სუს-ი არიან ჩართულები.

„სილქფესტის“ აქციით მომხმარებელები ულიმიტო პაკეტებს გაიაქტიურებენ

6  ნოემბერს , მხოლოდ ერთი დღით, სილქფესტი“  ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს

აღნიშნულ კომბინაციებს აბონენტები (ფიზიკური/იურიდიული)30 დღით გაიაქტიურებენ:

[checklist]

  • ულიმიტოინტერნეტი  – 19₾ – აქტივაცია *019#
  • ულიმიტოსასაუბრო + 5 GB ინტერნეტი 18₾ – აქტივაცია *202#
    პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.
  • ულიმიტოსასაუბრო + ულიმიტო ინტერნეტი 28₾ – აქტივაცია *202#
    პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.

[/checklist]

*პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია
**სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერ-დეკემბერში იწყებს ცირკულაციას, რაც ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი სულ მალე, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად დაიწყება.

რა განსხვავებაა სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს შორის და შეუძლია თუ არა მათი განსხვავება მოსახლეობას, მაშინ როცა ორივე მათგანი სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობს, რაც ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავებაში დაგეხმარებათ:

  • სიმპტომები – გრიპის ვირუსს შეიძლება ჰქონდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობა, თუმცა COVID-19 გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ამ ორ დაავადებას ძირითადად მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ, მაგალითად: მაღალი ტემპერატურა ან შემცივნება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის გაჭედვა ან პირიქით; სახსრებსა და კუნთებში ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება და დიარეა, თუმცა არსებობს ზოგიერთი ნიშანი, რომელიც უფრო COVID19-სთვისაა სახასიათო, მაგალითად, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების გაქრობა.

  • სიმპტომების გამოვლენის დრო – თუ ადამიანს აქვს COVID19, სიმპტომების განვითარებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს გრიპის დროს მოხდებოდა.

გრიპის დროს ჩვეულებრივ ადამიანს სიმპტომები უჩნდება გრიპის ვირუსით ინფიცირებიდან 1-4 დღეში. კორონავირუსის დროს, ადამიანს სიმპტომები უვითარდება დაინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენის დროის დიაპაზონი შეიძლება იცვლებოდეს, მაგალითად, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ნაადრევად – დაინფიცირებიდან 2 დღის შემდეგ ან დაგვიანებით – დაინფიცირებიდან 14 დღის შემდეგ.

  • რამდენ ხანს რჩება ადამიანი გადამდები – COVID19-ისა და გრიპის შემთხვევაში ვირუსის გავრცელება შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენიდან მინიმუმ 1 დღით ადრე, მაგრამ თუ ადამიანს აქვს COVID19, ის უფრო დიდ ხანს არის გადამდები, ვიდრე ეს გრიპის შემთხვევაში იქნებოდა.

მაგალითად, მოზრდილი ბავშვები და ზრდასრულები, რომელთაც აქვთ გრიპი, ყველაზე გადამდებები არიან  ავადმყოფობის დაწყებიდან 3-4 დღის განმავლობაში, ზოგი გადამდები რჩება 7 დღის განმავლობაშიც. ჩვილები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები შეიძლება გადამდები იყვნენ უფრო მეტ ხანსაც.

რამდენი ხანი რჩება ადამიანი COVID19-ის გამავრცელებელი, ზუსტად შესწავლილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ პირი ვირუსის გამავრცელებელი ხდება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 2 დღით ადრე და პირველი სიმპტომების გამოვლენიდან სულ ცოტა 10 დღის განმავლობაში. ეს ეხება ასიმპტომურ პაციენტებსაც.

  • გართულებები – ორივე დაავადება იწვევს მსგავს გართულებებს, მაგრამ გრიპის დროს გამოჯანმრთელება ჩვეულებრივ უფრო სწრაფად ხდება.  

გრიპსაც და COVID19-საც შეუძლიათ გართულებების სახით გამოიწვიოს პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, სითხე ფილტვებში, სეფსისი, გულის შეტევა და ინსულტი, სხვადასხვა ორგანოს (მაგ. თირკმლების) უკმარისობა, ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობის გაუარესება, გულის, ტვინის ან კუნთების ქსოვილების ანთება, მეორადი ბაქტერიული ინფექციები, მაგრამ გრიპის დროს ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება მე-7-მე-10 დღიდან ან მაქსიმუმ ორ კვირაში.

COVID19-ის დროს დამატებითი გართულების სახით შესაძლოა ფილტვების, გულის, ფეხების ან ტვინის ვენებსა და არტერიებში მოხდეს სისხლის შედედება, ასევე გრიპისგან განმასხვავებელი გართულებაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში.

ჯანმოს გრიპისთვის მზადყოფნისა და რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელმა ენ მოენიმ, ჯანმოს ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვისას თქვა, რომ ერთადერთი ზუსტი მეთოდი, იმის დასადგენად გრიპი გაქვთ თუ კორონავირუსი, ლაბორატორიული ტესტია.

„სეზონური გრიპი და კოვიდი რესპირატორული სიმპტომებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა კოვიდს აქვს რამდენიმე უნიკალური სიმპტომი, როგორიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა და თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, დიდია ალბათობა, რომ უფრო კოვიდი გაქვთ, ვიდრე გრიპი.

თვალი ადევნეთ თქვენს სიმპტომებს, თუ ეს სუსტი სიმპტომებია  – ცემინება,  ტემპერატურის არქონა ან დაბალი ტემპერატურა, შეგიძლიათ დარჩეთ შინ და იმკურნალოთ სიმპტომატურად, მაგრამ თუ უფრო მძიმე სიმპტომები აღგენიშნებათ, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და მაღალი სიცხე, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ მაღალი რისკის ჯგუფში ხართ, მაგალითად ხართ ორსული ან გაქვთ სხვა მიმდინარე დაავადებები და თავს არ გრძნობთ კარგად, ექიმს მაინც უნდა მიმართოთ” – განაცხადა მან.

ჯანმოს რეკომენდაციით, გრიპის სეზონისთვის უნდა აიცრას ხუთივე მაღალი რისკჯგუფი: ორსულები, ჯანდაცვის მუშაკები, ბავშვები, ხანდაზმულები და ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

ამავე თემაზე: 

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

 

ბათუმში ხვალ იწვიმებს, კვირას კი გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – ძლიერი წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კოვიდის 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

6 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 734 პაციენტი, 83 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნურ სუნთქვაზეა 79 ადამიანი.

6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის  2 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 560 პირი.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, აქედან 3 146 პირი – თბილისში, აჭარაში – 13 764 – აჭარაში და 4 155 -იმერეთში.

კოვიდით გარდაიცვალა 22 პაციენტი, დადასტურდა 2 775 ახალი შემთხვევა – 6 ნოემბერი

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 22 პაციენტი.

stopcov.ge-ის 6 ნოემბრის დილის მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 560 კოვიდპაციენტი.

ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 51 993-მდე. აქედან გამოჯანმრთელდა სულ 37 019 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 423 კოვიდინფიცირებული.

მთავრობის ინფორმაციით, 6 ნოემბრის დილის მდგომარეობით:

რეგიონების მიხედვით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვა, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით: თბილისში – 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. აქედან 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734.

მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79.

2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში.

7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეშია 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 689, აჭარაში-1 353.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში – 13 764, იმერეთში – 4 155.

ღამით გადაადგილება შეიძლება ისევ აიკრძალოს – მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში რეალურზე 2263 ხმით მეტი დაფიქსირდა

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმები დღეს, 5 ნოემბერს, ხელმეორედ გადათვალეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ამ საარჩევნო უბნის ოქმი ხელახალი გადათვლის შედეგებით. ირკვევა, რომ თითქმის ყველა პარტიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა ოქმში არასწორადაა მითითებული.

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმების გადათვლას ესწრებოდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე, რომელიც „გაუგებარს“ უწოდებს სიტუაციას.

ბათუმის #19 საარჩევნო უბანზე სულ 795-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ხელახალი გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ამ უბანზე მიუღია არა 1021, არამედ 264 ხმა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციის“ არა – 1108, არამედ 269 ხმა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ბათუმის #19 უბანზე „ევროპულმა საქართველომ“ ოქმში აღნიშნული 80 ხმის ნაცვლად მიიღო 13 ხმა, პარტიამ – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ მიიღო არა – 36, არამედ 10 ხმა, „პატრიოტთა ალიანსმა“ არა 85, არამედ 20 ხმა, „გირჩმა“ არა – 81, არამედ 29 ხმა, „ლელომ“ არა – 143, არამედ 33 ხმა და ა.შ.

მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენში ხმების გადათვლის შემდეგაც იგივე მონაცემები დარჩა. „ნაციონალურმა მოძრაობის“ მაჟორატორობის კანდიდატს ლევან ვარშალომიძეს 293 ხმა ჰქონდა შემაჯამებელ ოქმში და იგივე დარჩა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს რესან კონცელიძეს კი 242 ხმა ეწერა ოქმში და გადათვლის შემდეგაც იგივე დარჩა.

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი. ფანქრით მოცემულია კომისიის თავმჯდომარის მიერ დაწერილი ხმების რაოდენობა, ლურჯი ფერის კალმით კი ხელმეორედ გადათვლილი ხმების რაოდენობაა აღნიშნული. ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი  პაატა დიასამიძე ამბობს, რომ გაუგებარია, რა ლოგიკითაა შედგენილი შემაჯამებელი ოქმები, რადგან ხმების გადათვლის შემდეგ სრულიად განსხვავებული შედეგი დაიდო.

„ხმების ხელმეორედ გადათვლას უბნის კომისიის თავმჯდომარე არ ესწრებოდა, ამიტომ მან უნდა გააკეთოს განმარტება, რა გააკეთა და რა პრინციპით დაითვალა ხმები. რთულია იმის ახსნა, რანაირად გამოიყვანა ის ციფრები, რაც შემაჯამებელ ოქმში აქვს დაფიქსირებული.

კონვერტები და ბიულეტენებიც სწორად ჰქონდა დათვლილი, დალუქული ჰქონდა სწორად, მაგრამ შემაჯამებელ ოქმში რატომ აღმოჩნდა ასეთი განსხვავებული ციფრები, გაუგებარია“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმი ერთადერთი იყო, რომელიც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ხელმეორედ. ოქმის მიხედვით ამ უბანზე არჩევნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა. კომისიაში 75 საჩივარი იყო შესული, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისია მხოლოდ ამ უბნით დაინტერესდა.

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში შეცდომებზე „ბათუმელებმა“ 4 ნოემბერსაც გამოაქვეყნა სტატია.

„ჩვენ რომ გაყალბება გვდომოდა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ვერ მოიგებდა ჩვენს უბანზე არჩევნებს? კარგად ნახავდით თქვენ საბოლოო შედეგს, რამდენიმე ხმით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო,“ – ასე ახსნა შეცდომა ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის მდივანმა, თამილა ბაუჟაძემ. ახსნა-განმარტებითი წერილით მან და ამ კომისიის თავმჯდომარემ – ნინო თავართქილაძემ ბათუმის საოლქო კომისიას არჩევნებიდან ორ დღეში – 2 ნოემბერს მიმართეს. მათი განმარტებით, შეცდომა  „გადაღლილობის გამო“ მოხდა.

ბათუმის #19  საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი მიიჩნევს, რომ როცა ამგვარი შემაჯამებელი ოქმების გამო საარჩევნო კომისიებს აკრიტიკებენ, ეს კომისიის წევრების ბულინგია.

„ჩვენი ბულინგი ხდება“- აღნიშნა 4 ნოემბერს „ბათუმელებთან“ თამილა ბაუჟაძემ.

ეტლით მოსარგებლე ქალები, რომლებიც საუკეთესო მოფარიკავეებად დაასახელეს

ქართველი პარასპორტსმენები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ.

ისინი ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) გასული წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავეთა შორის გამოარჩია.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ხეცურიანი ბ კატეგორიის ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ნინა თიბილაშვილი კი 80 ქულით 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს.

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 – 2021 წლისთვის ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიას გასცემს. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

განაცხადების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს.

ეიფელის ბრწყინვალების სამაგისტრო სტიპენდია მოიცავს 12-დან 36 თვემდე პერიოდს, სადოქტორო სტიპენდიის ხანგრძლივობა კი 12 თვეა.

სტიპენდია გაიცემა შემდეგი მიმართულებებით დაინტერესებული მომავალი მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის:

– სამართალი;
– ეკონომიკა და მართვა;
– პოლიტიკური მეცნიერებები;
– საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისთვის;

– დოქტორანტებისათვის: საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა,   ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები;

სამაგისტრო საფეხურზე არჩეული კანდიდატებისთვის ყოველთვიური სტიპენდია 1 181 ევროა. დოქტორანტებისთვის 2020 წლის 31 დეკემბრამდე 1400, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან კი 1700 ევრო.

ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ აპლიკაციების შესავსებად. დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვისა უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას.

იხილეთ  ფრანგულ და ინგლისურ ენაზე დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტების, შერჩევის კრიტერიუმებისა და აპლიკაციის შევსების წესებზე.

პროგრამის დეტალურ აღწერასა და პირობებს გაეცანით ბმულზე

თუ ეს გაუვიდათ, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალონ ივანიშვილი მომდევნო 10 წელი რომ იყოს

„ქართული ოცნების“ ყოფილი და ახლა უკვე ოპოციის ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ფორმითაც ავტორიტარიზმის გზას დაადგება, თუ ხელახლა არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება. არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას შეძლებს, რადგან უახლოეს პოლიტიკურ წარსულში ოპოზიცია ასე ერთიანი არასდროს ყოფილა.

რა ტაქტიკით აპირებს ოპოზიცია შედეგზე გასვლას? – „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

  • ოპოზიცია ემზადება 8 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის. რა არის თქვენი გეგმა, რა ტაქტიკით აპირებთ შედეგის მიღწევას? 

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საზოგადოების მობილიზება, რათა 8 ნოემბერს მაქსიმალური რაოდენობა გამოვიდეს თბილისსა და ბათუმში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ნოემბრის საპროტესტო ტალღა გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმით. ჩვენ უარს ვამბობთ პარლამენტში მონაწილეობაზე, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არჩევნების სამართლიანობას. ვითხოვთ ხელახლა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამ ამოცანების გათვალისწინებით იქნება გადადგმული ყოველი შემდეგი ნაბიჯი.

ჩემი დაკვირვებით, ტაქტიკა ალბათ იქნებოდა უფრო სწორი, თუ აქციები არ იქნებოდა ყოველდღიური. მასშტაბური აქცია ყოველდღიური არ უნდა იყოს და ეს უნდა იყოს თუნდაც კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ. მანამდე უნდა იყოს მიზნობრივი, თემატური საპროტესტო აქციები სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, აქტივობა სოციალურ ქსელში, შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოში თუ სააარჩევნო ადმინისტრაციებში დავების დასრულება, რაც ასე უხვად დაგროვდა.

  • ბათუმში მხოლოდ ერთი უბნის ხმების გადათვლას აპირებს საოლქო კომისია, ისიც იქ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს. რა შემთხვევაში გახდება ეს პროტესტი ანგარიშგასაწევი?

როცა ვამბობთ საოლქო კომისიას, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სამწუხაროდ ყველა ვხდებით, რომ ვგულისხმობთ ივანიშვილს. ვიცით, რომ ყველა ამ კომისიის უკან დგას ივანიშვილის დაჯგუფება და გადაწყვეტილებები მიიღება არა საოლქო, ან ცენტრალურ კომისიებში, არამედ ივანიშვილის კარზე. ყველაფერი იქამდე დადის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა გამოააშკარავა ივანიშვილის რეალური განზრახვა.

  • და რა არის ივანიშვილის რეალური განზრახვა? 

ივანიშილს ძალიან სურს, რომ არავინ იყოს ისეთი მისი ხელისულების ირგვლივ, ვინც მას გააკრიტიკებს, ამხელს და დისკომფორტს შეუქმნის თავის ბიზნეს – პოლიტიკურ ბინძურ საქმიანობაში. ივანიშვილი ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვიდა, რომ ჰყოლოდა დანიშნული ოპოზიცია. მე მჯერა, რომ დღევანდელ ოპოზიციონერთა შორის არ მოიძებნება არავინ, ვინც მას გაურიგდება. იმის მიუხედავად, თუ რა ყრუ კედელი აღიმართება და რა სიმტკიცით, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ საპროტესტო ტალღა. საბოლოო ჯამში ეს საპროტესტო ტალღა გამოიწვევს იმას, რომ ივანიშვლის ხელისუფლება რამდენადაც მონოლითურად წარმოიდგინოთ ახლა ისინი, საბოლოოდ ჩამოინგრევა.

ამას სულ მალე მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან მწვავე კრიტიკა, ისინი ახლა აკვირდებიან საარჩევნო ადმინისტრაციების, თუ სასამართლოების დონეზე დავებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი გაკვირვებულები არიან იმ ფაქტებით, რაც ყოველდღიურად არჩევნების გაყალბებას ადასტურებს. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკაც გაძლიერდება. ამ წნეხს ივანიშვილის მანქანა კი არა, გაცილებით უფრო მტკიცე ავტორიტარული მანქანა ვერ გაუძლებს.

  • გამორიცხავთ, რომ ამ ყველაფერს იგნორირება გაუკეთოს ხელისუფლებამ? 

ის იგნორირებას გააკეთებს რაღაც დრომდე, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც ამ პროცესის ყველა მონაწილე ერთდროულად მას გაუკეთებს იგნირირებას და ეს იგნორირება იქნება გაცილებით უფრო გავლენიანი პროცესზე, ვიდრე მისი მხრიდან ხალხის იგნორირება.

  • რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? 

იმ შემთხვევაში, როდესაც საპროტესტო ტალღა იქნება მძალვრი, შეუქცევადი, თანმიმდევრული, მიზანმიმრთული… მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნები იქნება შეუდარებლად კრიტიკული და მწვავე, რაც ფაქტობრივად ივანიშვილის მმართველობის ლეგიტიმურობას ყველა მხრიდან დააყენებს ეჭვქვეშ.

  • თქვენ ახსენეთ საპროტესტო აქციების სიმძლავრე. რაზეა ეს დამოკიდებული, მხოლოდ ხალხის რაოდენობაზე? 

სიმძლავრე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანების სიმრავლეზე. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ნოემბერს მართლაც იქნება შთამბეჭდავი აქცია ბოლო წლების საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის სიმტკიცე – პოლიტიკური პარტიები არ გატეხენ პირობას და ბოლომდე შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას, რომ არ დაუთმონ ივანიშვილს არჩევნების გაუქმება.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მახსენდება ასეთი ერთიანობა. 2011 წელს, არც 2003 წელს არ შეკრულა ოპოზიცია ასე. დღეს ოპოზიცია და ქართველი ხალხი არ ებრძვის უბრალოდ ივანიშვილს და არ ცდილობს მის გაცილებას პოლიტიკადან. ჩვენ ვებრძვით ერთპარტიულ, ავტორიტარულ, არანორმალურ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ივანიშვილთან ერთად დავასრულოთ ივანიშვილიზმი. შესაბამისად, ამ სიმტკიცეს და ერთიანობას ახლა აქვს მართლაც ისტორიული მნიშვნელობა.

  • რა არის ამ ერთიანობის საფუძველი – ადამიანებმა დაინახეს ერთპარტიული მმართველობის საფრთხე, თუ სხვა მიზეზია? რა პოლიტიკური მომავალი ელის ქვეყანას, თუ ახლა ეს მოცემულობა არ შეიცვლება? 

თუ პოლიტიკური მოცემულობა ქვეყანაში არ შეიცვალა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უკვე ფორმითაც დაადგება ავტორიტარული მმართველობის გზას. ფორმითაც როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ დღემდე ჩვენთან დემოკრატია არ ყოფილა, ჩვენ გვქონდა კვაზიდემოკრატია. ამის შემდეგ ეს უკვე შეეხება ინსტიტუციებს. დარწმუნებული ვარ, რომ კანონმდებლობაც ისე დაიწყებს შეცვლას, რომ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე გამოსვლებიც შეეზღუდოთ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, რუსეთში, ან ბელორუსში. წავა, რა თქმა უნდა, რეპრესიები, შანტაჟი, ყველას აღნუსხვა, ვინც გაბედა და მხარი დაუჭირა ოპოზიციას. წავა ოპოზიციონერების დევნა.

ჩემი პროგნოზით, თუ ივანიშვილს ახლა ეს გაუვიდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კონსტიტუციაშიც შეიძლება შეიტანონ ცვლილება, რომ აი, ივანიშვილი და მისი გუნდი იქნება მმართველი, მაგალითად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი პირობა. ყველაფერზე წავლენ, ნატოს და ევროკავშირს უბრალოდ დაგვავიწყებენ. ამათი მმართველობა არის კურსი კრემლისკენ. ეს კიდევ რას ნიშნჯავს, დაკვირვებული მკითხველი მარტივად მიხვდება.

როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის რეგიონში კი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არც სექტემბერში განახლებულა. რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა ასევე დისტანციურად მიმდინარეობს, იზრდება წერტილოვანი შეზღუდვებიც სხვადასხვა სკოლაში.

განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა ოფიციალურად და ჰკითხა, თუ რამდენ ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა ან სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ვერ მონაწილეობდა სასწავლო პროცესში. სამინისტროში კითხვას პირდაპირ არ უპასუხეს და მოგვწერეს, რომ „600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ TEAMS – ში და  მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინინსტრუმენტებით“.

TEAMS-ის პროგრამაში პროფილის გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსწავლე სარგებლობს ამ პროფილით და ჩართულია სასწავლო პროცესში, რადგან ონლაინსწავლებაში ვერ ჩაერთვება მოსწავლე, თუ მას არ აქვს ინტერნეტი ან კომპიუტერი.

სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს დამუშავებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მოსწავლე ვერ ახერხებს, ვთქვათ, კვირაში ერთხელ მაინც ონლაინგაკვეთილზე დასწრებას, დავალების შესრულებას და აქტივობების განხორციელებას.

მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ აჭარაში 60 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 12 პროცენტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 200-მდე მოსწავლე ფაქტობრივად სასწავლო პროცესის მიღმაა დარჩენილი. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ სკოლები იმ მოსწავლეებს, რომლებიც სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სათანადო აქტიურობას და დავალებების შესრულებას.

ამ პრობლემის შეფასება ვთხოვეთ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის პედაგოგს თეონა შერაზადიშვილს – ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და წარდგენილი იყო 2020 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც.

თეონას თქმით, ჯერჯერობით, ოფიციალურ დონეზე სკოლაში არ არის გადაწყვეტილება მიღებული, რა ფორმით შეაფასებენ დისტანციურ სწავლებაზე მყოფ მოსწავლეებს. თუმცა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების შესრულებაა. პედაგოგის თქმით, სულ ცოტა 10-15 კომპლექსური დავალება მაინც უნდა ჰქონდეს მოსწავლეს შესრულებული, რომ სემესტრული შეფასება გამოუვიდეს.

„ჩემს საგანში 3 შემაჯამებელი დავალებაა პირველ სემესტრში, მაგრამ მხოლოდ შემაჯამებლით, სხვა აქტივობების გარეშე, მოსწავლის შეფასება მოგვიწევს ალბათ უკიდურეს შემთხვევაში. ამაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება და მსჯელობა სკოლაში არ გვქონია. ვფიქრობ, რაღაც რეკომენდაციები, ვარიანტები სამინისტროსაც შეუძლია შემოგვთავაზოს და სკოლები გავაკეთებთ არჩევანს“, – ამბობს თეონა შერაზადაშვილი.

პედაგოგის თქმით, ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლები უკვე მუშაობენ კომპლექსური დავალებების შემუშავებაზე, რაც ასევე დაეხმარება სკოლებს მოსწავლის შეფასებაში. „თავისუფლად შესაძლებელია ამ დავალებებს განმსაზღვრელი დავალებებიც მოვარგოთ და გამოვიყენოთ მოსწავლეების შესაფასებლად, მაგრამ მოსწავლისთვის სწორად და გასაგებად უნდა იყოს მიწოდებული, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდება და შემდეგ, როგორმე უნდა მოხერხდეს შესრულებული დავალებების მასწავლებლამდე მოტანა“, – ამბობს ის.

როგორც პედაგოგი ამბობს, მისი სკოლა სექტემბრიდან საკლასო ოთახებში ატარებს გაკვეთილებს, თუმცა კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო 2 კვირით ისევ დისტანციურ სწავლებაზე მოუწევთ გადასვლა. პედაგოგის თქმით, დისტანციური სწავლების ფორმატი ყველაზე რთული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაა. „ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი. თუ მშობელი არ დაეხმარა, ძალიან გაუჭირდებათ ბავშვებს. უფროს კლასებს რაც შეეხება, ჩემს პრაქტიკაში 4-5 მოსწავლე მაინც არის, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და მოგვიწევს იმაზე მუშაობა, რომ შეძლონ შესრულებული დავალებების რაიმე ფორმით მოტანა ჩვენამდე“, – ამბობს პედაგოგი.

PIRLS-ის 2016 წლის კვლევების მიხედვით, მაღალმთიან სოფლებში მოსწავლეების 57 პროცენტს ინტერნეტი არ აქვს, 27 პროცენტს კი – კომპიუტერი ან პლანშეტი. საშუალო ზომის ქალაქში ინტერნეტთან არ აქვს წვდომა 30 პროცენტს, კომპიუტერი კი არ აქვს 12 პროცენტს.

საქართველოში ბავშვების ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი 2016 წელს. PIRLS კვლევა.

2018 წლის PISA-ს კვლევაში კი ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

2018 წლის კვლევა

სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის თქმით, ასევე მოსალოდნელია, რომ პანდემიის პირობებში გაიზარდოს მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებით გავლენას ახდენს განათლების უფლებაზე არამდგრად ქვეყნებში.

„ცხადია, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და შემდეგ წელს სავარაუდოდ, იქნება უფრო მეტი ზიანი ამ მიმართულებით. მათ შორის სკოლის და სწავლის მიტოვების მაჩვენებელთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია ზრდა“, – ამბობს ეკატერინე სხილაძე.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, აქედან 4 908 გოგოა, 7 141 კი ბიჭი.

სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5 117 მოსწავლე, დაფიქსირებულია მე-10 კლასებში.

რამდენით გაიზრდება ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც განათლების სამინისტროდან „ბათუმელებს“ წერენ, ამ ეტაპზე არ აქვთ მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების რაიმე მაჩვენებელი. თუმცა კითხვაზე – თუ როგორ შეიტყო სამინისტრომ ბავშვის მხრიდან სკოლის მიტოვების შესახებ, დაზუსტებული ინფორმაციას არ გვაწვდიან.

სად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა უფასოდ ბათუმში

აჭარაში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონის პოლიკლინიკებში 7 ათასამდე ვაქცინაა უკვე გაცემული. საჭიროების შემთხვევაში, რისკჯგუფებისთვის გათვალისწინებულ ვაქცინას აჭარაში ისევ შემოიტანენ.

„წლევანდელი ვაქცინა, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“, 4-კომპონენტიანია. მოქალაქემ, რომელიც შედის რისკის ჯგუფში, აცრა უნდა გაიკეთოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, პოლიკლინიკაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე, სადაც არის მისი ოჯახის ექიმი და სადაც არის აცრის კაბინეტი. აცრა უფასოა, მოქალაქე არაფერს არ უნდა იხდიდეს არც კონსულტაციაში, არც ვაქცინის გაკეთებაში.

ეს არის აცრა-ვიზიტი. მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სიცხე, რაიმე ჩივილები, ამიტომ უნდა ეჩვენოს ოჯახის ექიმს, რომელიც მისცემს იქვე მიმართულებას დ გადაამისამართებს აცრის კაბინეტში“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

რუსუდან შავიშვილის თქმით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც შედიან რისკისჯგუფებში, ბათუმში უფასო აცრა გრიპზე შეიძლება გაიკეთონ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში – აღრიცხვის მიხედვით:

  • ბათუმის N1 პოლიკლინიკა [ტბელ აბუსერიძის ქ. N2]
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი [ბარათაშვილის ქ.N30] 
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი [ტბეთის ქ.N4] 
  • „ჩემი ოჯახის კლინიკა“ [გორგილაძის ქ.#82]
  • ბათუმის N4 პოლიკლინიკა [ტაბიძის ქ. N 7] 
  • ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი [ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7]
  • მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა [თამარ მეფის III შესახვევი N17]

აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა, რისკჯგუფებში მყოფმა მოქალაქეებმა აცრისათვის უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტში მდებარე პოლიკლინიკას. მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა.

შეიძლება თუ არა სეზონური გრიპის ვაქცინა გაიკეთონ იმ პირებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ კორონავირუსი და გამოჯანმრთელდნენ? – ამ კითხვაზე რუსუდან შავიშვილი ასე გვპასუხობს:

„ეს საკითხი ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში. როდესაც უკვე გაივლის დაახლოებით 10-15 დღე გადატანილი ინფექციის შემდეგ და თვითშეგრძნება ადამიანს ექნება კარგი, არ ექნება არანაირი სხვა კლინიკური გამოვლენა, მას შეიძლება გაუკეთდეს გრიპის საწინააღმდეგო აცრა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინას სეზონური გრიპით დაავადების რისკი შეუძლია შეამციროს 60%-ით მოსახლეობაში. ვაქცინის შემდეგ სეზონურ გრიპზე იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა გაკეთდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

ამავე თემაზე: 

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

მუნიციპალიტეტებს, ქედისა და შუახევის გარდა, აჭარის ბიუჯეტიდან დახმარება ეზრდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2021 წელს ჯამში 12 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2020 წელს, თუმცა კაპიტალური ფინანსური დახმარება არ გაეზრდებათ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში გასაცემი 75 331 600 ლარი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

  • ბათუმი – 45 000 000 ლარი [8,7 მილიონით მეტი, ვიდრე 2020 წელს]
  • ქობულეთი – 14 508 000 ლარი [858 ათასით მეტი]
  • ხელვაჩაური – 4 123 600 ლარი [2 მილიონით მეტი]
  • ხულო – 4 000 000 ლარი [1 მილიონით მეტი]

რაც შეეხება ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს, მათთვის კაპიტალური ფინანსური დახმარება ზუსტად იმდენივეა გათვლილი სამომავლოდ, რამდენიც მიმდინარე წელს უნდა მიიღონ:

  • ქედა – 3 600 000 ლარი
  • შუახევი – 4 100 000 ლარი

თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისთვის გამოყოფილი დახმარებით დასაფინანსებელი კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს აჭარის მთავრობა ამტკიცებს.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს ასეთი ჩამონათვალი არ ახლავს. თუმცა, როგორც ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, „იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული დახმარებით უნდა დაფინანსდეს, აჭარის მთავრობაში გადაგზავნილია. კონკრეტულად რა თანხას გადმოგვცემენ და რომელი პროექტები დაფინანსდება, ჯერ არ არის ცნობილი“.

ბათუმის მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ამ დახმარებით ძირითადად ქუჩების, სკვერების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ბათუმი და ქობულეთი გაზრდილ კაპიტალურ დახმარებას მიიღებენ, ვიდრე მიმდინარე წელს, მათ უმცირდებათ სპეციალური ფინანსური დახმარება.

ასეთი სპეციალური დახმარება აჭარის ბიუჯეტიდან ბათუმმა წელს 8 მილიონი ლარი მიიღო, ქობულეთმა კი – 3,2 მილიონი ლარი. 2021 წელს ბათუმი ამ სახის დახმარებას საერთოდ ვერ მიიღებს, ქობულეთისთვის კი, მხოლოდ 1,5 მილიონი ლარის გადაცემაა გათვალისწინებული.

„აღნიშნული 8 მილიონი ლარი წელს არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბი სადგურის მშენებლობას მოხმარდა, უფრო სწორად, მშენებლობა KFW-ს სესხითა და გრანტით ფინანსდება, თუმცა სატუმბიდან ზღვაში შემავალი მილების მოწყობა და სხვა სამუშაოები, აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებით დაფინანსდა“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში. სატუმბი სადგურის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.

რაც შეეხება ხელვაჩაურს, ქედას, შუახევსა და ხულოს, ამ მუნიციპალიტეტებს სპეციალური დახმარება აჭარის ბიუჯეტიდან არც წელს მიუღიათ და არც მომავალი წლისთვისაა პროექტით გათვალისწინებული.

აჭარის მთავრობის გათვლებით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტში 328 მილიონ 474 ათასი ლარი შევა, თუმცა ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარით მეტი, 349 მილიონ 474 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ხელფასებისთვის ჯამში 38,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია.

ამ თემაზე:

რამდენს დახარჯავენ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2021 წელს – პროექტი

 

 

 

ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრა

საქართველოში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ფრანგული კომპანია „სანოფი პასტერის“ მიერ წარმოებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დასახელებით –  ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA.

აღნიშნული ვაქცინა ოთხკომპონენტიანია. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან რისკჯგუფებში, შეუძლიათ უფასოდ აიცრან სეზონურ გრიპზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, რისკ-ჯგუფებში შედიან, შესაბამისად, სეზონურ გრიპზე უფასოდ შეძლებენ აცრას:

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და მეტის;
  • გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და მეტის;
  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები;
  • ექიმები;
  • ექიმი-რეზიდენტები;
  • ექთნები (მათ შორის: უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
  • საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
  • ბებიაქალები;
  • სტომატოლოგები;
  • სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
  • სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
  • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი – ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;
  • ვეტერინარები;
  • ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
  • საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
  • სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

„როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში.

ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია – ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურებაში,“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ამავე თემაზე: 

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

ურთულესია რეანიმაციაში თვალცრემლიანი მოხუცების ყურება – მედდები, რომლებიც კოვიდს ებრძვიან

აჭარა კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია საქართველოში. ყოველდღიურად აქ ვირუსით ინფიცირების 300, 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. როგორ მუშაობენ მედდები, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, რეანიმაციაში, როგორია მედიკოსების ყოველი დღე კოვიდინფიცირებულებთან მუშაობისას და რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რასთან გამკლავებაც მათ ყველაზე ძალიან უჭირთ. ამ და სხვა თემებზე ,,ბათუმელები“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდებს ესაუბრა.

  •  ინგა იაკობაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდა:

ქირურგიული დეპარტამენტის მთავარი ექთანი ვარ და კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჯარისკაცივით გადამიყვანეს რეანიმაციის განყოფილებაში, ექთნების დეფიციტის გამო. ჩემი დღე მძიმე შრომისგან შედგება. ახლა ითვლე, რომ უფრო დალაგდა სიტუაცია, თავიდან ყველაფერი ძალიან რთული იყო. დილა იწყება სპეცტანსაცმლის, ხალათების ჩაცმით, ნიღბებით, ფარებით აღჭურვით. ხანდახან  6 საათი ისე გადის, შეფუთულები საერთოდ ვერ გამოვდივართ პალატებიდან, უკვე შევეგუეთ, რომ შეიძლება წყლის დასალევად არ გეცალოს. „რთული“ ეს ის სიტყვა არ არის, როგორც ეკიპირებით მუშაობას შევაფასებდი. იხუთები მთელი დღე, ხელთათმანით ინფიცირებულების ვენებთან მუშაობ.

თუმცა ჩვენი გადაღლა არაფერია ინფიცირებულების მდგომარეობასთან შედარებით. ძალიან რთულია მათი ყურება. შინ ყოველდღე დათრგუნული ვბრუნდები. მოვდივარ და პალატებში თვალცრემლიან მოხუცებს ვტოვებ. საწოლს მიჯაჭვულებს, არანაირი კონტაქტი რომ არ აქვთ ახლობლებთან და ჩვენ, უცნობ მედდებს შემოგვჩივიან, წუხილს ჩვენთან თუ გამოხატავენ.

მე რეანიმაციის მედდა ვარ. ცხადია, აქ სულ მძიმე პაციენტები გვყავს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ხანდაზმულთა მდგომარეობა რთულდება. გვყავს 34 წლის პაციენტიც, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა.

როცა მესმის, რომ არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის, ვფიქრობ, საკმარისია ასეთმა ადამიანმა 10 წუთით შემოიხედოს რეანიმაციაში, რა ხდება… მგონია, რომ ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა იმისთვის, რომ აირიდო თავიდან პირბადის ტარების ვალდებულება, სხვების გაფრთხილების ვალდებულება.

სექტემბრიდანვე, როცა ბათუმში ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იმატა, საჭირო იყო უკეთესი მობილიზება და დახმარება, მაგრამ მაშინ არავის ეცალა ბათუმის და რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. ახლა გვიგზავნიან კონსულტანტებს. ახლა ხომ ჩვენც ვისწავლეთ ამ დაავადების მართვა. თავიდანვე იყო საჭირო დროული დახმარება.

პაციენტებისთვის არამხოლოდ საკუთარი მდგომარეობაა მძიმე – რომელიმეს მდგომარეობა რომც წავიდეს უკეთესობისკენ, ერთმანეთის ტანჯვას უყურებენ.

მაგრამ ამხნევებენ ხშირად ერთმანეთს: ერთი ხანდაზმული ეუბნებოდა მეორეს რეანიმაციაში – ნუ გეშინია, 10 დღე მეკეთა მე [სასუნთქი აპარატი] და კი მომხსნეს მერეო.

24-საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს მედდებს. გვთავაზობენ, დავრჩეთ სასტუმროში, თუ შინ მისვლა არ გვსურს სამსახურის შემდეგ. მირჩევნია სახლში დავბრუნდე, ამ შემოთავაზებით არ ვსარგებლობ.

გარეთ მყოფ ხალხს ვთხოვ, დაგვზოგონ. გავიკეთოთ პირბადე, ხშირად დავიბანოთ და დავიმუშავოთ ხელები. ახლა კი ვაკონტროლებთ სიტუაციას, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ნოემბერში, დეკემბერში. ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მზარდია.

საავადმყოფოში კარგა ხანია ადგილები აღარ არის. პალატები, რეანიმაცია სავსეა. საუკეთესო ვარიანტია თავი დაიცვა, არ დაინფიცირდე და კლინიკაში გადაყვანა არ დაგჭირდეს, თორემ შესაძლოა აქ ვეღარც მოხვდე.

  • თეა ბურჭულაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიის განყოფილების მედდა:

როცა კოვიდინფიცირებულებთან მუშაობ, დაცულობის შეგრძნება ვერანაირად ვერ გექნება. თავად უნდა დაიცვა საკუთარი თავი ნიღბით, ორმაგი ხელთათმანით, ფარით და ხელების ხშირი დამუშავებით.

უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. ერთ მედდაზე 7, 8 პაციენტი მოდის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით შემოვიფარგლებით. როცა რომელიმე პაციენტის მდგომარეობა რთულდება, ყველანი ვერთვებით სიტუაციის დარეგულირების პროცესში. და ასეთი გართულებები ყოველდღიურადაა.

სამწუხაროდ, ბევრ კოლეგასაც არ სჯერა ვირუსის არსებობის, ვისაც უშუალო კონტაქტი არ აქვს კოვიდიანებთან, მაგრამ, როცა ნახავ რთული პაციენტების მდგომარეობას, არ ვიცი როგორ შეძლებ არ გჯეროდეს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი არ არის და ბევრად რთული ვირუსია.

თერაპიის განყოფილებაში ბევრი პაციენტი გვყავს. არიან ჟანგბადზე დამოკიდებულები, კლინიკაში ძირითადად მძიმე პაციენტები გვყავს. თერაპიულშიც მძიმეა პაციენტთა მდგომარეობა. რეანიმაციაში კიდევ უფრო რთული პაციენტები გადაჰყავთ.

ჟანგბადის შემდეგ უმჯობესდება პაციენტების მდგომარეობა, ზოგს უწყვეტ რეჟიმში სჭირდება ჟანგბადი, ზოგს ნაწილობრივ, ხანდახან. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდებით.  მე არ ვრჩები სასტუმროში სამსახურის შემდეგ. ხშირად გვიკეთდება PCR ტესტი და მირჩევნია სახლში წავიდე მორიგეობის შემდეგ.

___

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მხოლოდ აჭარაში კი ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 5000 აღწევს. ინფიცირების საერთო რაოდენობა საქართველოში 46 817-ია, მათგან 33 459 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 401 პაციენტი.

კოვიდინფიცირებულებს ბათუმში რამდენიმე საავადმყოფოში იღებენ და მკურნალობენ. ეს კლინიკებია – მედალფა, მედცენტრი, სამშობიარო სახლი, ბაუ, ინფექციური საავადმყოფო, რესპუბლიკური საავადმყოფო და მეზღვაურთა საავადმყოფო.

ბათუმში თამარის დასახლებას წყლის მიწოდება საღამომდე შეუწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზინების გამო, ბათუმში 21:00 საათამდე წყლამომარაგება შეუწყდა თამარის დასახლებას.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

ბათუმის წყალი მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია მხოლოდ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს გადათვლის ხელახლა. ასეთია საოლქო კომისიის გადაწყვეტილება არაერთი გაუგებარი ლოგიკით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების და იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ. ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა.

„თქვენ იმიტომ თანხმდებით მარტო მე-19 უბანზე ხმების გადათვლას, რომ იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რატომ აქვს კომისიას ეს შერჩევითი მიდგომა? გადაითვალოს მე-19, მაგრამ ასევე გადათვალეთ სხვა უბნებიც, თუმცა თქვენ ამას არ გააკეთებთ,“ – მიმართა წუხელ, გვიან ღამით გამართულ სხდომაზე ბათუმის საოლქო კომისიას უშანგი მიქელაძემ. ის ამ კომისიაში „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენს. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

75 საჩივრის განსახილველად ბათუმის საოლქო კომისია წუხელ, ზუსტად 9 საათზე შეიკრიბა. საოლქო კომისიამ აქედან მხოლოდ 13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს მისცა შენიშვნა ან გაფრთხილება. დამკვირვებელი ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ციალა შავაძემ და შესაბამისად კომისიამაც, ყველა სხვა უბნის გადათვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ბათუმის საოლქო კომისიის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საოლქო კომისიის სხდომა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

„…ფანჯრები დახურეთ, ხმაური შემოდის, ასე ვერ ვიმუშავებთ,“ – ამის თქმა რამდენჯერმე მოუხდა ციალა შავაძეს, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელსაც თითო საჩივრის განსახილველად რამდენიმე წამიც ეყოფოდა, რომ არა კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე დამკვირვებელი, რომელიც კითხვების დასმის და შეკამათების შემდეგ შენობიდან საერთოდ გააძევა და რომ არა ოპოზიციის ორი წარმომადგენელი კომისიაში, რომლებმაც ცოტა მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.

„შლაგბაუმი“ – რამდენჯერმე გაისმა საოლქო კომისიის სარკეებიან დარბაზში რომელიღაც დამკვირვებლის რეპლიკა საოლქო კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც 75 საჩივარი ფორმალურად განიხილეს, თუმცა პრობლემა არაფერზე ჰქონდათ – ისინი დასტურის ნიშნად ხელს იმას უწევდნენ, რასაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა. კომისიას არც მტკიცებულება მოუთხოვია და არც ხმების გადათვლა – საოლქო კომისია, რომელიც ერთგვარი გარანტი უნდა იყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარების, არაერთ ოქმში დაფიქსირებული აბსურდული ციფრების მიუხედავად, დაკმაყოფილდა საუბნო კომისიების ახსნა-განმარტების წერილებს, სადაც ყველამ ერთნაირად ჩაწერა: „დაღლილობის ნიადაგზე დავუშვით შეცდომა…“

„ახალი პითაგორის თეორემა გამოიგონეთ თქვენ“ – ეს ფრაზა და სიტყვა „მათემატიკაც“ საოლქო კომისიის სხდომაზე არაერთხელ გაისმა, ვიდრე კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სხდომას დატოვებდნენ, ან ციალა შავაძე გააძევებდა მათ.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე რომ ელემენტარული მათემატიკის დავიწყებისთვის საუბნო კომისიებში არავის დასჯას და მით უმეტეს ხმების ხელახლა გადათვლას რომ არ აკადრებდა, ეს მის პოზიციაშიც ჩანდა, სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში რომ თქვა ხმამაღლა: „დიახ, მე ვამაყობ ჩემი საარჩევნო ადმინისტრაციით და ჩემი საარჩევნო კომისიის წევრებით…“

საუბნო კომისიები საოლქო კომისიის იურისტმაც დაიცვა, რომელიც ორი წინადადებით აღწერდა თითოეულ საჩივარს, ვიდრე კომისიის წევრები ხელს აუწევდნენ ციალა შავაძეს.

„შეცდომა გამოცდილ ექიმებსაც მოსდით… შეცდომა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე არაკვალიფიციურია,“ – აღნიშნა საოლქო კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

„ეს იყო არა შეცდომა, არამედ მიზანმიმართული გაყალბება, თქვენ არჩევნები გააყალბეთ,“ – მიმართა კომისიას უშანგი მიქელაძემ, ვიდრე იგი სხდომას დატოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დარღვევების სიმრავლეს და სიმძიმეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე არ უარყოფს, იგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში დამნაშავე კორონავირუსია.

„წინა არჩევნებში კოვიდინფექცია გვქონდა?“ – მოგვიბრუნდა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, როცა მას ვთხოვეთ აეხსნა, რამ გამოიწვია ამ მასშტაბის დარღვევები საარჩევნო კომისიებში.

კონკრეტული მონაცემი ვერ გვითხრა, თუმცა ციალა შავაძის თქმით, კოვიდინფექციის გამო საუბნო კომისიებში წევრების შემადგენლობა შეიცვალა, ხოლო „ხარვეზების მიზეზები რაც იყო, ეს ახსნა-განმარტებებში ასახეს“.

რატომ თქვა საოლქო კომისიამ უარი უბნების ხელახლა გადათვლაზე, რაზეც გუშინ საღამოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ თითქოს უპრეცედენტო მოვლენა ხდება საქართველოს არჩევნების ისტორიაში და ხმებს ხელახლა თვლიან.

„ჩვენ ხელახლა დავთვლით მე-19 უბანს, რადგან ეს იყო ჩვენი აქილევსის ქუსლი, იქ ბევრ ციფრთან დაკავშირებით ჰქონდათ გადასწორება. ამიტომ მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილება,“ – უთხრა ციალა შავაძემ „ბათუმელებს“. სხვა საჩივრებთან დაკავშირებით კი, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე ითხოვდნენ ხმების გადათვლას, საოლქო კომისიის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს „პრიმიტიულ ხარვეზებთან“ იყო დაკავშირებული.

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე სულ 795-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამის მიუხედავად აქ შემაჯამებელ ოქმში ჩაწერეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 264-ის ნაცვლად 1021 ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 269-ის ნაცვლად 1108 ხმა მიიღო. ყველა ციფრი, რომელიც აქ შემაჯამებელ ოქმში ჩაწერეს, შესწორება დასჭირდა.

„ჩვენ რომ გაყალბება მოგვენდომებინა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ვერ მოიგებდა ჩვენს უბანზე არჩევნებს? კარგად ნახავდით თქვენ საბოლოო შედეგს, რამდენიმე ხმით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო,“ – ასე ახსნა შეცდომა ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის მდივანმა, თამილა ბაუჟაძემ „ბათუმელებთან“. ახსნა-განმარტებითი წერილით მან და ამ კომისიის თავმჯდომარემ – ნინო თავართქილაძემ ბათუმის საოლქო კომისიას არჩევნებიდან ორ დღეში – 2 ნოემბერს მიმართეს. ამ შემთხვევაშიც „განმარტება“ შაბლონურია – „გადაღლილობის გამო“.

მე-19 უბნის ბიულეტენებს ბათუმის საოლქო კომისიაში დღეს, საღამოს 6 საათზე დათვლიან.

 

ღამით გადაადგილება შეიძლება ისევ აიკრძალოს – მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს

დღეს, 5 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად მსჯელობს, რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი არ არის სისტემურ ჩაკეტვაზე.

„ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შემცირება.

ასევე, საბჭო მსჯელობს იმაზე, რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ღონისძიება, როგორიცაა: ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, შეიძლება იყოს უქმე დღეებში ან კვირის ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებაში, ასევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ან დიდი სავაჭრო ცენტრების, ან სხვადასხვა ბაზრობის ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ამ ღონისძიებების გამოყენება არის ის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესება, ხარისხი და შეზღუდვების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიცავენ საქართველოს მოქალაქეები რეგულაციებით დადგენილ წესებს.

„ეს პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ თითოეულ მოქალაქეს და დამსაქმებელს, არამედ აკისრია პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, არ შეგვიზღუდავს საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი და კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე, გველოდება მეორე ტური, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა, როცა პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ თავის აზრს, ეს მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა პირბადე, დისტანციის დაცვა. გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა.

აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები,“ – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

_______________

ფოტოზე: სონია ბერიძის ნაქარგები

ამავე თემაზე:

სონიას ნაქარგები [ვიდეო]

 

თიბისი ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, თიბისის მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით.

აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა  და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან  ეს პროცესი გაცილებით გამარტივდა.

ახლა სასურველი კურსით კონვერტაციას მომხმარებლები სულ რამდენიმე წუთში, დამოუკიდებლად შეძლებენ. მათ არ მოუწევთ კონვერტაციისთვის ფილიალში მისვლა ან ლოდინი ინტერნეტ ბანკში სასურველი კურსის მისაღებად, რადგან ყველა იურიდიულ პირს ბიზნეს ინეტრნეტ ბანკში ჩაუშენდება თიბისის ბანკის ბლუმბერგის გაცვლითი კურსების საკურსო ბადეები, რითაც მნიშვნელოვნად  გამარტივდება კონვერტაციის პროცესი და მომხმარებლებს არ მოუწევთ ბანკის გარეთ თანხის დაკონვერტირებაზე ფიქრი. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისით სარგებლობა მობაილ აპშიც იქნება შესაძლებელი.

მრავალფეროვანი დისტანციური პროდუქტები და სერვისები ტერაბანკისგან

ტერაბანკი დისტანციური მომსახურებების განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებს ფილიალებში მისვლის გარეშე სულ უფრო მეტი პროდუქტით სარგებლობას სთავაზობს. სერვისების მიღება სასურველი ადგილიდან, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს კომფორტსაც უქმნის და დროის რესურსსაც უზოგავს.

მსურველებს დისტანციურად შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ: სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება და სესხის დისტანციურად აღება, დეპოზიტის გახსნა, ინტერნეტ და მობაილ ბანკის გააქტიურება, ბარათის შეკვეთა, აღდგენა და მიღება, სატარიფო პაკეტის შეძენა, ბარათის უსაფრთხოებისა და 3D უსაფრთხოების გააქტიურება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, მობილურზე თანხის ჩარიცხვა და ა.შ.

ამას გარდა, ტერაბანკის მომხმარებლებს გარკვეული სერვისების მიღება ქოლ ცენტრის დახმარებითაც შეუძლიათ. მათ შორისაა: ბარათის შეკვეთა, მისი დაბლოკვა და გააქტიურება, ბარათის უსაფრთხოების სერვისის ჩართვა ან გაუქმება, ინტერნეტბანკის აქტივაცია ან პაროლის განახლება, სმს მომსახურების ჩართვა და გაუქმება, კომუნალური გადახდების გადახდა და საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადატანა. აღსანიშნავია, რომ ქოლ ცენტრის მეშვეობით შესაძლებელია გზავნილების განაღდებაც.

„დისტანციური მომსახურებები ტერაბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამავდროულად, პანდემიის პირობებში ამ ტიპის სერვისებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია. შესაბამისად, მათ განახლებასა და დახვეწაზე მეტ აქცენტს ვაკეთებთ. დისტანციური მომსახურებების განვითარებასა და გამრავალფეროვნებაზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკი მომხმარებლებს დისტანციური მომსახურებების მიღებას შემდეგი საკომუნიკაციო არხებით სთავაზობს: ინტერნეტბანკით, მობაილბანკით, სმს შეტყობინებით, სატელეფონო მომსახურების ცენტრით, ბოტის დახმარებითა და ონლაინგადახდებით.

აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 328 ახალი შემთხვევა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო დაფიქსირდა დაინფიცირების 328 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში კორონავირუსისგან აჭარაში გამოჯანმრთელდა 284 პაციენტი.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში [4 ნოემბერს] გარდაცვლილ პაციენტებს, სამინისტროს ინფორმაციით:

61 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც, კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს; ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 10 ოქტომბერს.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 212 კოვიდპაციენტი მკურნალობს, ამათგან 17 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; გარდაიცვალა 20 პაციენტი:

კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი – 5 ნოემბერი

 

კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი – 5 ნოემბერი

5 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 289, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 5 ნოემბრის დილის მდგომარეობით 49 218-მდე გაიზარდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებული პირებიდან გამოჯანმრთელდა სულ – 33 459, გარდაიცვალა –  401 პაციენტი.

მთავრობის ინფორმაციით:

  • ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 20 ადამიანიდან თბილისში გარდაიცვალა – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.
  • ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332;
  • 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723.
  • მძიმე პაციენტი არის 638, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი – მათ შორის, თბილისში – 150, აჭარაში – 94.
  • 2 446 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში.
  • 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.
  • საკარანტინო სივრცეშია 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 682, აჭარაში-1 426.
  • სულ 6 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 110 პირი.
  • დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177.

https://netgazeti.ge/news/495530/?fbclid=IwAR1O3fKmdnx-frZfqa4vjuUlmxa7JVQmH-MQpWt2W5olVlS5FnMqiWfBfyw

6-7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 და 7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს სააგენტო.

Exit mobile version