მთავარი,სიახლეები

საფრანგეთში სტუდენტები აქციებზე სასწავლებლების გახსნას ითხოვენ

21.01.2021
საფრანგეთში სტუდენტები აქციებზე სასწავლებლების გახსნას ითხოვენ

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტები სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოთხოვნით გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე.

20 იანვარს ასობით სტუდენტი პარიზში მარშით გაემართა განათლების სამინისტროსკენ პლაკატით – „ჩვენ არ ვიქნებით მსხვერპლად შეწირული თაობა“.

ფრანგი სტუდენტების უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად სწავლობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლების ხარისხი დაეცა, გაიზარდა სუიციდის შემთხვევები და სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა.

საფრანგეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 25 იანვარს განახლდება, თუმცა მხოლოდ პირველკურსელებისთვის და შემცირებულ ჯგუფებში.

სტუდენტები აცხადებენ, რომ სწავლის განახლების შემთხვევაში ისინი სანიტარულ წესებს დაიცავენ.

სტუდენტთა მანიფესტაციები საფრანგეთის დიდ ქალაქებში სტუდენტური ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. დემონსტრაციებამდე მოქმედებდა დიდი დიდი კამპანია სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #etudiantsfantomes, რამაც ათასობით სტუდენტი გააერთიანა.

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის პირობებში საფრანგეთში 2020 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაკეტილია უმაღლესი სასწავლებლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტუდენტების დიდი ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ ბევრ მათგანს უწევს ბინის ქირის გადახდა პარიზში, რაც არ არის იაფი და სტუდენტური სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო ისინი ვეღარ ახერხებენ ქირის გადახდას.

უახლოეს მომავალში სტუდენტთა პრობლემებზე სასაუბროდ და სამომავლო გეგმების განსახილველად მაკრონის გამოსვლა იგეგმება პარიზის სეკლეს უნივერსტეტში.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: