ამოღებულია 4 კგ ნარკოტიკი, რომელიც 1 კგ-მდე ჰეროინს შეიცავს-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს.“ – აცხადებს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის – „ხელისუფლება ნახავს ხალხის ძალას“

ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ დღეიდან სტრატეგიას ცვლიან და ნაცვლად ყოველდღიური აქციებისა, კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი დიდი აქციისთვის იწყებენ მზადებას.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და ვცვლით ჩვენს სტრატეგიას. ამ ხელისუფლებასთან ამ მეთოდით ბრძოლა არ გამოდის როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ყველა უმსგავსო ნორმებს მიმართავენ, რომ როგორმე „გააპრავონ“ ეს გაყალბებული არჩევნები.

ჩვენ კვირამდე დაანონსებული გვქონდა პერმანენტული აქციები, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება მთელი ეს რესურსი, ვინც აქ ვართ, გავდივართ, ვიშლებით მთელს აჭარაში, ვხვდებით ყველა მოქალაქეს, ვუხსნით კიდევ ერთხელ, თუ რა მნიშვნელოვანია მათი არჩევანის დაცვა. კვირას, რვა ნოემბერს, სამ საათზე, თბილისის აქციის პარალელურად ვიკრიბებით აქ და მაშინ ნახავს ხელისუფლება იმ ხალხის ძალას, ვისაც მოპარა არჩევნები,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

„ივანიშვილი მიიღებს უპრეცედენტო დაპირისპირებას, რომლის ერთი მთავარი მუხტი იქნება აჭარა. ივანიშვილი მიხვდება, რომ მისი პოლიტიკური დასასრული დაწყებულია და ამას დასჭირდება რამდენიმე დღე, შეიძლება რამდენიმე კვირა, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი განწირულია იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მისგან საქართველო. ჩვენ მის მზაკვრობას სხვა გზას ვუძებნით, ხალხის მტკიცე ნებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. მოვუწოდებ მის შავრაზმელებს და სხვებსაც, ვინც მის გარემოცვაში არიან, გამოვიდნენ და თქვან, აღიარონ, რომ მოგვპარეს უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, აღიარონ და სუფთა სინდისით განაგრძონ ცხოვრება საქართველოში,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა, „ევროპული საქართველოდან“.

აჭარაში აქციაში, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რამდენიმე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.

კვირას, 8 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად აქცია გაიმართება ბათუმში, მთავრობის სახლის წინ.

თორნიკე რიჟვაძე: იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე

დღეს, 4 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელზეც ინციდენტის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

„არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც ღიმილისმომგვრელია. ამავე დროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამართალდაცველებმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც, თავისი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მშვიდად გააგრძელონ მუშაობა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც მოხდა საღამოს. ეს იყო მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომელიც შეტანილია არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ უმაღლესი პასუხისმგებლობა, ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიადგეს არჩევნების შედეგების შეჯამებას, იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში სიმშვიდე და ვერც ერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები ვერ განვითარდება.

…უზრუნველყოფილი იქნება სახელწიფოს მხრიდან, რომ თითოეული ხმა იქნას ჯეროვნად დათვლილი და მაქსიმალურად დაზუსტდეს, თუ არსებობს სადმე კითხვები.  ეს არჩევნები მართლაც გამორჩეული იყო თავისი გამჭვირვალობით. არც ერთი ხმა არ იქნება დაუცველი,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ღირსეულად უნდა შეძლოს დამარცხების აღიარება და პატივი სცეს ამომრჩევლის ხმას.

კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, არ შევიდეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობას ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს.

„ეს არის მათი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ პატივი უნდა სცენ იმ ამომრჩევლის ნებას და ხმას, რომელიც მათ მიიღეს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, დღეს უკვე დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის. ასევე გაგახსენებთ, რომ უმაღლეს საბჭოში ისედაც ორი პოლიტიკური ძალა არის წარმოდგენილი, სრული უმრავლესობა „ქართული ოცნებაა“ და ნაცმოძრაობამ მიიღო უმცირესობის მანდატები. შესაბამისად, მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც უმაღლესი საბჭოს და არც აჭარის მთავრობის ლეგიტიმაციას. ეს არის მათი გადასაწყვეტი, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევეს

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის #79 ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა აქციის ფონზე, დაძაბულად მიმდინარეობს.

სხდომიდან, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავენ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენელი, თენგიზ სურმანიძე გააძევა. ეს ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდებოდა.

გაძევების საბაბი გახდა ხმამაღალი შელაპარაკება თენგიზ სურმანიძესა და ციალა შავაძეს შორის.

„ეს რა არის, ვირუსია? კოვიდია? ყველას რომ ტექნიკური შეცდომები გაქვთ? ხალხნო, თქვენ კანონთან და სახელმწიფოსთან ხართ ანგარიშვალდებული. „უი, ბოდიში, შემეშალა“ – ეს სკოლაში და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ – განაცხადა მანამდე თენგიზ სურმანიძემ. მას კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, რომ „ზედმეტი მოსდის“ და გააფრთხილა, რომ სხდომას დაატოვებინებდა.

მოგვიანებით შეკამათება ციალა შავაძესა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის ისევ გაგრძელდა და კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ სურმანიძე სხდომიდან გააძევა.

შესწორებული ოქმები

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იმ შემაჯამებელი ოქმების გასწორებას ცდილობს, რომლებშიც დისბალანსი ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები საოლქოში დაიბარეს და ახსნა-განმარტებების დაწერა მოსთხოვეს. საუბნო კომისიის წევრებს, ძირითადად ხელმძღვანელებს, აწერინებენ რა შეეშალათ და რატომ, რა უნდა ეწეროს კონკრეტულ გრაფაში, რომ ხარვეზი გასწორდეს, შემდეგ კი ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე საოლქო კომისია გამოსცემს განკარგულებებს, რომელთა საფუძველზეც ოქმებს ასწორებენ.

„ძირითადად ტექნიკური შეცდომებია და გასწორება შესაძლებელია, მაგალითად: ახსნა-განმარტებებს წერენ რეგისტრატორები უბნებზე, რომ გამორჩათ ხელმოწერა, შესაბამისად, ეს განმარტება უნდა დაემატოს ხელმოწერების რაოდენობას. აი, ასეთი განმარტებები არ აქვთ გათვალისწინებული დათვლისას. ასევე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შესაძლოა იყოს არასწორად ჩაწერილი.  ხშირია შემთხვევები, როცა მიღებული ბიულეტენების რაოდენობა აქვთ არასწორად ჩაწერილი. არჩევნების მომდევნო დღეს შესაძლებელია ახსნა-განმარტების შედეგად ეს ჩასწორდეს“, – განმარტავს ბათუმის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.

ის ასევე ამტკიცებს, რომ შეცდომების სიმრავლე ორი [საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს] არჩევნების ერთად ჩატარების, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის და პანდემიით გამოწვეული გართულებების შედეგია: „ჩვენ არჩევნების წინა დღესაც კი მოგვიწია დატრენინგებული წევრების ჩანაცვლება“.

რაც შეეხება საუბნო კომისიების წევრების მიერ დაწერილი განმარტებების საფუძველზე ოქმების ჩასწორებას, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლოგიკა დაახლოებით ასეთია:

იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, სადაც შემაჯამებელ ოქმში დისბალანსია, არჩევნებიდან მესამე დღეს, მაშინ, როცა ყველა საარჩევნო დოკუმენტი დალუქულია, გაახსენდათ კონკრეტული ციფრები, რაც ოქმში შეცდომით ჩაწერეს, ზუსტად გაახსენდათ ასევე რა ციფრები უნდა ჩაეწერათ და ოლქისთვის წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით მათი გასწორება მოითხოვეს.

საოლქო კომისია დარწმუნებულია, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებმაც კიდევ ბევრი სხვა შეცდომაც დაუშვეს, მესამე დღეს ყველაფერი ზუსტად გაახსენდათ, ზემდგომი კომისია კი მათ მონათხრობს ენდობა და ამ ახსნა-განმარტებების მიხედვით შემაჯამებელ ოქმებს ასწორებს.

მაგალითად, ბათუმის #4 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია კობალაძე და ამავე კომისიის მდივანი რუსუდან ნაკაშიძე, ერთობლივად მომზადებულ ახსნა-განმარტებით ბარათში წერენ: „არასწორად მივუთითე #4 გრაფაში შესაბამისი რიცხვი, ნაცვლად 660-სა უნდა ეწეროს 702“:

ამ პროცესს კანონდარღვევად აფასებს და პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება საოლქო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უშანგი მიქელაძე: „შეცდომა შეიძლება დაფიქსირდეს, ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ გამოსწორება უნდა მოხდეს იმ წუთშივე, მაქსიმუმ იმ დღესვე. თქვენ იცით, რომ შედეგები მხოლოდ შემაჯამებელ ოქმში არ იწერება, ეს უნდა იყოს ასახული ჩანაწერთა წიგნში, ასევე სადემონსტრაციო ოქმში, რაც არის უბანში გამოკრული. ეს მასალები ახლა ოლქის ხელშია. უკანონობაა ოლქის მიერ ისეთ ადმინისტრაციულ დოკუმენტზე მანიპულირება ახსნა-განმარტების საფუძველზე, როგორიც არის შემაჯამებელი ოქმი, თუნდაც იმისთვის, რომ ის გავხადოთ ნამდვილი, ეს არ შეიძლება და არ არის გამართლებული. მით უმეტეს მაშინ, როცა არსებობს კიდევ ორი ოქმი, სადაც ეს შედეგები უნდა იყოს ასახული. დოკუმენტი, რომელსაც კომისიის 12 წევრი აწერს ხელს და კანონმდებლობის თანახმად ის გადასცეს არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენელს, ასევე არასამთავრობოების დამკვირვებლებს, ეს ოქმი ვერ დაემთხვევა შესწორებულ ოქმებს. აქედან გამომდინარე გააკეთეთ ანალიზი, რამდენად სწორი იქნება შესწორების ოქმები“, – ამბობს საოლქო კომისიის წევრი.

იმავე მეთოდით ასწორებენ სხვა შინაარსის დარღვევებსაც

ეს გარემოება ეჭვებს უჩენს საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს პაატა დიასამიძესაც. მისივე ინფორმაციით, საია ბათუმის საოლქო კომისიის განკარგულებებს, რაც შესწორებებს ეხება, სასამართლოში გაასაჩივრებს:

„ახსნა-განმარტება იწერება კენჭისყრის დღეს, იმ მომენტში, როცა მაგალითად, ხელმოწერის გრაფა შეეშალა რეგისტრატორს, ის დაწერს ახსნა-განმარტებას და ამის საფუძველზე შეიძლება ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვეს, შესაბამისად, არ დაჯდეს ბალანსი, ახსნა-განმარტება კი იქნება საფუძველი, რომ ბალანსი დაჯდეს. გარდა ამისა, რეგისტრატორებმა კენჭისყრის დღეს 10:00-12:00 და ასე შემდეგ 17:00 – ზე უნდა გადათვალონ  ხელმოწერები და ბალანსი გამოიყვანონ. არჩევნების დღეს ბალანსი ჰქონდათ, რაც იმით დასტურდება, რომ ახსნა-განმარტებები არ დაუწერიათ. კენჭისყრა ჩატარდა 31 ოქტომბერს და 2 ნოემბერს წერს ახსნა-განმარტებას ადამიანი, რომელმაც ბალანსი ვერ დასვა, რომ ხუთი ციფრი შეეშალა შემაჯამებელ ოქმში – წარმოიდგინეთ ეს იმ დროს როცა არანაირ დოკუმენტთან წვდომა აღარ აქვს, ყველაფერი დალუქულია. როცა იქვე უბანზე ბალანსს ვერ სვამ, როგორ შეიძლება 2 ნოემბერს ეს ციფრები ზუსტად გაგახსენდეს?“ – სვამს კითხვას იურისტი და იმედოვნებს, რომ პასუხებს საოლქო კომისიისგან მიიღებს.

განკარგულებაში საოლქო კომისიამ მიუთითა კონკრეტული მუხლები საარჩევნო კოდექსიდან, რაც მას უფლებას აძლევს, საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერება, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა.  დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება – შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები, ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები.

ბათუმის საოლქო კომისიამ შეცდომების სიმრავლის მიუხედავად შედეგების ხელახლა გადათვლა არ მოინდომა. კომისია დაეყრდნო იმ ციფრებს, რაც კომისიის წევრებს კენჭისყრიდან მესამე დღეს გაახსენდათ. როგორც ერთ-ერთმა კომისიის წევრმა გვითხრა, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები ახსნა-განმარტების დასაწერად საოლქო კომისიაში დღეს, 4 ნოემბერსაც იყვნენ დაბარებულები.

როგორც კომისიის წევრი უშანგი მიქელაძე და საიას ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე განმარტავენ, შეცდომების აღმოჩენისა და შესწორების დაგვიანება არამხოლოდ ეჭვქვეშ აყენებს სანდოობის საკითხს, არამედ კანონდარღვევაც არის, რადგან საოლქო კომისიას კანონი ჩასწორების შესაძლებლობას მხოლოდ არჩევნების მეორე დღეს აძლევს. ამას საოლქო კომისიის თავმჯდომარეც ადასტურებს, ზემოთ მოყვანილ განმარტებაში.

იმ ფონზე, როცა უბნებს წლების განმავლობაში არ ჰქონიათ მსგავსი დონის ბალანსის პრობლემა, მაშინ, როცა საუბნო კომისიებს რამდენიმე არჩევნებში გამოცდილი პირები ხელმძღვანელობდნენ, საოლქო კომისიის წევრი უშანგი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებში უბნებზე შექმნილი ქაოსი მართული პროცესი იყო: „ვიღაცამ მას ხელი შეუწყო, როგორ ამას ვერ გეტყვით“.

და ბოლოს, შესწორების ოქმებზე კომისიის ყველა წევრი ხელს არ აწერს, რაც ასევე დარღვევაა.

კობახიძე საოლქოებთან საპროტესტო აქციებზე: არჩევნები ჩატარდა სათანადოდ

„ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი არ არის რაიმეს დაზუსტება, პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების… გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, ეს იყო სრული ფარსი,“ – აღნიშნა ახლახან [21:20 საათი] მოწყობილ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. ის საოლქო-საარჩევნო კომისიების წინ ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ „რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ“.

ირაკლი კობახიძე ასევე თვლის, რომ უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, რადგან საარჩევნო კომისიები ხმებს ხელახლა ითვლიან, თუმცა ამ დრომდე საოლქო კომისიებს არ უთქვამთ, რომ ხმებს ხელახლა დათვლიან.

საუბნო კომისიებში დაწერილი ასობით საჩივარს და შეცდომებით შედგენილ შემაჯამებელ ოქმებს ირაკლი კობახიძე მხოლოდ ხარვეზს უწოდებს.

„თუ არსებობს რამე ხარვეზი, ეს ხარვეზი უნდა დაზუსტდეს,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

___

ამავე თემაზე: საპროტესტო აქცია ბათუმში

„მონებო“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, საარჩევნო ოლქთან [LIVE]

ბათუმში აქციაზე შუშის ჩამსხვრევის შედეგად მინიმუმ 5 პირი დაშავდა

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჩაიმსხვრა საოლქო კომისიის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინა, რის გამოც ადამიანები დაშავდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშავებულია მინიმუმ ხუთი პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე, რომელიც ამ დრომდე აქციაზე რჩება.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციიდან კლინიკაში გადაყვანილია ორი ადამიანი, პირველადი ინფორმაციით, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. დაშავებულებს შორისაა ხვიჩა მამულაძე, „ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბათუმის საოლქო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრების განხილვა დღეს, საღამოს 9 საათზე ჩანიშნა, თუმცა საოლქო კომისიის შენობა ახლა დაკეტილია. აქ საპროტესტო აქცია დაახლოებით რვა საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების სერია გუშინ, 3 ნოემბერს დაიწყო. ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

„მონებო“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, საარჩევნო ოლქთან [LIVE]

ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ ამ წუთებში [21:00 სთ] საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

„მონებო, მონებო!“ – სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობასთან. დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები, ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილია.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების მიზეზი გახდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, არ შეეშვა საჩივრების განხილვაზე ის პირები, რომლებიც აპირებდნენ პირდაპირი ჩართვით გაეშუქებინათ კომისიის მუშაობა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჩაიმსხვრა ოლქის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, დაშავებულია გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში.

აქციაზე შეუძლოდ გახდა ერთი მოქალაქე, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

9 თვეში საქართველოში 337 ადამიანი დაიღუპა ავარიით, მათ შორის 17 ბავშვი იყო

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 337 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1437 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

ქვეყანაში ბოლო სამ თვეში ავტოავარიის შედეგად დაშავდა 2022 და დაიღუპა 134 ადამიანი. აქედან, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.

ბოლო სამი თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე ავტოავარიით დაღუპულთაგან 37 ადამიანი ქვეითი იყო. ავტოავარიის შედეგად ბოლო სამ თვეში  7 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით – 17 ბავშვი. მათი ასაკი 0-დან 16 წლამდე იყო.

___________

ფოტოზე: ავარია ქობულეთში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

„გადაღლილობის ნიადაგზე მოხდა“ – უბნები, სადაც კომისიის წევრებს მათემატიკა დაავიწყდათ

„დაძაბული სამუშაო გარემო“ და „გადაღლილობის ნიადაგზე“ – ამ ფრაზებს თითქმის ყველა საუბნო კომისიის თავმჯდომარის, ან მდივნის ახსნა-განმარტების წერილში ნახავთ. საუბარია საარჩევნო უბნებზე, სადაც შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს, თან ხშირად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და შეადგინეს ისეთი შემაჯამებელი ოქმები, რომლის ნახვამაც ბევრს გაუჩინა კითხვა: როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება?

რატომ დაუშვეს შეცდომები საუბნო საარჩევნო კომისიებმა, სადაც მინიმუმ რამდენიმე წევრია, ვისაც აქამდე არაერთი არჩევნები ჩაუტარებია? -„ბათუმელების“ რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა ბათუმში.

მაგალითად, ბათუმის 60-ე საარჩევნო უბანზე ოთხივე შემაჯამებელ ოქმში დაუშვეს შეცდომა. მაჟორიტარული არჩევნების ოქმს თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ აქ ოპოზიციის კანდიდატებს მნიშვნელოვნად დააკლეს ხმები. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ზაურ გაბაიძეს ოქმში ჩაუწერეს – 0, შესწორების ოქმში კი ჩაუწერეს – 9 ხმა, ლევან ვარშალომიძეს თავდაპირველად ჩაუწერეს 14 ხმა, ჩასწორებულ ოქმში – 296, არმაზ ახვლედიანს 22-ის ნაცვლად – 28 და ასე შემდეგ.

60-ე საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმი.

„ეს იყო მექანიკური შეცდომა. შეცდომა იყო ოთხივე შემაჯამებელ ოქმში სამწუხაროდ. ჩვენ  მეორე დილითვე შევადგინეთ შესწორების ოქმი, ეს ციფრები გასწორდა და ბალანსი დაჯდა,“ – გვითხრა ბათუმის 60-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გია ტუხაშვილმა. მისივე თქმით, ეს უკვე მეოთხე არჩევნებია, როცა ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, მაგრამ შეცდომა მანაც „გადაღლილობის გამო“ დაუშვა.

„მდივანი არ იყო გამოცდილი და მე ვერ მივადევნე თვალი ოქმების შედგენის დროს. სამწუხაროდ, სხვა საქმით ვიყავი დაკავებული…“ – დასძინა გიგა ტუხაშვილმა. ამ უბანზე კომისიის წევრებმა სრულად მოაწერეს ხელი შემაჯამებელ ოქმებს, ხოლო დილით გაირკვა, რომ ოქმები არასწორი იყო.

„ჩვენ რომ გაყალბება გვდომოდა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ვერ მოიგებდა ჩვენს უბანზე არჩევნებს? კარგად ნახავდით თქვენ საბოლოო შედეგს, რამდენიმე ხმით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო,“ – ასე ახსნა შეცდომა ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის მდივანმა, თამილა ბაუჟაძემ. ახსნა-განმარტებითი წერილით მან და ამ კომისიის თავმჯდომარემ – ნინო თავართქილაძემ ბათუმის საოლქო კომისიას არჩევნებიდან ორ დღეში – 2 ნოემბერს მიმართეს. ამ შემთხვევაშიც „განმარტება“ შაბლონურია – „გადაღლილობის გამო“.

მე-19 უბანზე სულ 795-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამის მიუხედავად აქ შემაჯამებელ ოქმში ჩაწერეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 264-ის ნაცვლად 1021 ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 269-ის ნაცვლად 1108 ხმა მიიღო.

კომისიის მდივანი ასევე მიიჩნევს, რომ როცა ამგვარი შემაჯამებელი ოქმების გამო საარჩევნო კომისიებს აკრიტიკებენ, ეს კომისიის წევრების ბულინგია.

„ჩვენი ბულინგი ხდება, მე საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება მქონდა, მაგრამ მდივანი არ ვყოფილვარ აქამდე,“- აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამილა ბაუჟაძემ.

მე-19 საარჩევნო უბნის ახსნა-განმარტება

საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის 62-ე საარჩევნო უბანზე – აქ, მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ შემაჯამებელ ოქმში 317 დაუწერეს და გვერდით გრაფა ცარიელი დატოვეს. საარჩევნო კომისიამ გაყალბებისთვის მარტივი მოცემულობა შექმნა – საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმში უნდა ეწეროს მხოლოდ კონკრეტული ციფრები, ხოლო დარჩენილი გრაფები ჯვარედინად გადაიხაზოს იმგვარად, რომ შიგ ახალი ციფრის ჩაწერა ვერ მოხერხდეს.

„არ მახსოვს, სად იყო გრაფა ცარიელი დატოვებული? არავითარი შეცდომა მე არ მქონია… ვნახავ კიდევ ერთხელ კარგად დოკუმენტებს და შემდეგ გაგიკეთებთ კომენტარს,“ – ეს 62-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ქეთინო კახაბერიძემ შუადღისას გვითხრა, თუმცა საღამოს მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

62-ე საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმს თან ახლავს კომისიის ერთ-ერთი წევრის – ნაირა სიხარულიძის „განსხვავებული აზრი“:

„დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ხარვეზებით, რამაც ჩემი შეხედულებით იქონია გავლენა შედეგებზე. კერძოდ, საქმე ეხება 59 დაკარგულ ბიულეტენს“, – წერს ნაირა სიხარულიძე.

„ეს ქალბატონო შეცდომაში იქნა შეყვანილი, არავითარი ბიულეტენი არ დაკარგულა, ბალანსი დაჯდა,“ – გვითხრა 62-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ქეთინო კახაბერიძემ.

 

ბათუმის 62-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი

ბათუმის 79-ე ოლქში 40 საჩივარი შევიდა ოქმებში დაშვებული მსგავსი „შეცდომების“ გამო.

ემუქრებიან კოლეჯის იმ პედაგოგს, რომლის კოლეგასაც თავი მოჰკვეთეს – საფრანგეთი

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზში თავი მოჰკვეთეს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს, სამუელ პატის, რომელმაც მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. ფრანგული მედია წერს, რომ ახლა ამავე კოლეჯის, ასევე ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს ემუქრებიან.

სენ დენის უბანში მდებარე ჟაკ პრევერის სახელობის კოლეჯში სწავლა ორშაბათს, 3 ნოემბერს უნდა განახლებულიყო. მასწავლებლები სკოლასთან გამოცხადდნენ, თუმცა არა სასწავლო პროცესის დასაწყებად, არამედ მასწავლებლის მხარდასაჭერად, რომელსაც 2 კვირის წინ დატრიალებული გახმაურებული მკვლელობის შემდეგ  სატელეფონო ზარებით ემუქრებიან.

მასწავლებლების თქმით, ისინი ვერ განაახლებენ სასწავლო პროცესს მანამ, სანამ არ ეცოდინებათ, რომ სკოლაში დაბრუნება უსაფრთხო იქნება ყველასთვის.

მასწავლებელი ჰყვება, რომ მას შაბათს, ღამით დაურეკეს ტელეფონზე. ორი პირი მას დამამცირებელი ტონით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, რის შემდეგაც მასწავლებელს უთხრეს, რომ მას დაიჭერდნენ კოლეჯში და დამნაშავეები რომ ეძებნა, მაინც ვერსად იპოვიდა.

ამ ამბიდან პირველსავე დილას სკოლის მასწავლებელმა საჩივარი შეიტანა პოლიციაში. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო კოლეჯს, სადაც ის ასწავლის, სამართალდამცავები მკაცრად აკონტროლებენ.

სატელეფონო ზარისას ერთი მოსაუბრის ხმით იდენტიფიცირება მოხერხდა და აღმოჩნდა, რომ ის ამავე მასწავლებლის 15 წლის მოსწავლე იყო, რომელსაც ის გასულ წელს ასწავლიდა. არასრულწლოვანმა პოლიციას განუცხადა, რომ  ,,იხუმრა“. მან ექვსი თვის განმავლობაში რომელიმე ასოციაციისთვის სასარგებლო საქმე უნდა აკეთოს და საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთოს.

ჯერჯერობით ვერ ხერხდება იდენტიფიცირება მეორე პირისა, რომელიც ასევე ემუქრებოდა მასწავლებელს.

ჩემპიონთა ლიგა – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოქჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

„ანგარიში მეხუთე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თათია გაბუნიას კარში გოლი ბიბიგულ ნურუშევამ გაიტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება 65-ე ხატია ჭყონიას გოლით შეძლო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დამატებით დროში მოიპოვა, 95-ე წუთზე ხატია ჭყონიამ მეორე გოლი გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა.

ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ლანჩხუთელები უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს ჩაატარებენ. შეხვედრის თარიღი და მეტოქე 6 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა,“ – წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

„ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძეა.

„რივიერა“, „ორბი“, „ამბასადორი“, „ალიანსი“ – რა შეღავათებს იღებენ მდიდარი კომპანიები

აჭარის მთავრობამ 29 კომპანიას და ფიზიკურ პირს ვალდებულებები გადაუვადა, ხოლო 37 სამი თვის საიჯარო ქირის გადახდისგან გაათავისუფლა.

სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, სამი თვის საიჯარო ქირის გადახდისგან გაათავისუფლეს „ორბი ჯგუფი ბათუმი“, „ზიმო 7“ , „ალიკ“ და სხვები; ხოლო ნაკისრი ვალდებულებები უკვე გადაუვადეს „ამბასადორი ბათუმის“, „გრინ რეზორტის“, „ალიანსს“, „ბიზნეს დეველოპმენტს“ და სხვა კომპანიებს.

სამი თვის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს არაერთი კომპანია და ფიზიკური პირი, მათ შორის კომპანია „რივიერა ბიჩი“, ხოლო ნაკისრი ვალდებულების ერთი წლით გადავადებას ითხოვს კომპანია „რივიერა“.

პანდემიის გამო რა შეღავათებით შეუძლია ისარგებლოს ბიზნესმა აჭარაში, ნახეთ ამ ბმულზე:

„ასევე გაცნობებთ, რომ მთავრობის დადგენილებით სარგებლობა შესაძლებელია 2020 წლის 31 დეკემბრამდე ინვესტორის მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რომლის შემდეგაც ზემოხსენებული დადგენილებით სარგებლობის მაჩვენებელის რიცხვები გაიზრდება“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

ჯამში რა რაოდენობის თანხა არ გადაახდევინეს კომპანიებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს მონაცემი არ მოუწოდებია, თუმცა მოგვაწოდეს სია, ვინც პანდემიის გამო მთავრობის შეღავათებით ისარგებლა ან ითხოვენ შეღავათს.

ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 1-ელ ოქტომბერს გამოითხოვა, თუმცა პასუხი სამინისტროსგან 3 ნოემბერს მივიღეთ.

იმ იურიდიული და ფიზიკური პირების ჩამონათვალი, 3 ნოემბრის მდგომარეობით, რომლებმაც მიიღეს ან/და ითხოვენ შეღავათს აჭარის მთავრობისგან [წყარო – აჭარის ეკონომიკის სამინისტრო]:

ბათუმის კინოფესტივალი ონლაინ 15-25 ნოემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ბათუმში სექტემბერში იმართება, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ფესტივალი ოქტომბრის მეორე ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, კინოფესტივალის მენეჯმენტი აცხადებს, რომ კინოფესტივალი ონლაინფორმატში ჩატარდება.

ონლაინჩვენებებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი პლატფორმები:

www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის და „დიდოსტატთა კოლექციის“ ფილმები. ფილმებზე წვდომა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციით. ფილმების ნახვა ლიმიტირებული იქნება – თითო ფილმს ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი.

www.vimeo.com – ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის და „ქართული პანორამის“ ფილმები. წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მაყურებლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ფილმის ბმულები (და პაროლი).

ფილმები იქნება ქართული სუბტიტრებით, ორივე პლატფორმაზე ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება უფასოდ.

კინოფესტივალის მენეჯმენტის განცხადებით, შესაძლოა პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე ფილმი არ იყოს ნაჩვენები, თუმცა ამის შესახებ შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით, უცვლელი რჩება კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა.

კინოფესტივალის ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის, ფილმების პროგრამის და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კინოფესტივალის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე მომავალი კვირის პირველ ნახევარში.

რაც შეეხება კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმას – „ალტერნატიული ტალღა“ 29 ოქტომბერიდან პირველი ნოემბრამდე ჩატარდა კომბინირებულ ფორმატში, რაც მოიცავდა ფიზიკურ სივრცეს ( Terminal Towers – საკონფერნეციო დარბაზი თბილისში), სადაც პლატფორმის მონაწილეები შეიკრიბნენ და მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები კი ონლაინრეჟიმში ჩაერთნენ.

„ალტერნატიული ტალღის“ მთავარი მიზანი მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარებაა უცხოელი და ადგილობრივი კინოინდუსტრიის სპეციალისტების დახმარებით. ეს პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო შავი ზღვის რეგიონის [თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი] პროექტების ჩართვაც.

„ალტერნატიული ტალღის“ 2020 წლის გამოშვებისათვის შერჩეული იყო შემდეგი პროექტები: „ბექა“- სცენარის ავტორი და რეჟისორი ვანო ბურდული; „ჰამაკი“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი; „მეათე მოწმე“ სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე; „გამოღვიძება“ სცენარის ავტორი და რეჟისორი თენგიზ ასიტაშვილი; „ცივი ღრუბლები“ სცენარის ავტორი და რეჟისორი კახა კიკაბიძე; „კარგი ბიჭები“ სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე; „უწყვეტი გზა“ სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი; „სიჩუმის ქაოსი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი; „BRULE LE SANG“ სცენარის ავტორები აკაკი ფოფხაძე და ფლორენ ჰილი, რეჟისორი აკაკი ფოფხაძე.

რა არის ახალი? – SilkTV-ის სპორტულ კონტენტს პრემიერ ლიგა ემატება

5ნოემბრიდან SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“. პაკეტი მოიცავს არხებს: Adjarasport TV 1, Adjarasport TV 2.

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი Adjarasport-ი, ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტის სატელევიზიო სერვისით პირდაპირ რეპორტაჟებს, თამაშის მიმოხილვებს, მატჩების სრულ ჩანაწერებს და სხვა ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს შეთავაზებს. ფეხბურთის გარდა, ამ არხებზე შესაძლებელია საჩოგბურთო ტურნირების და სხვა სპორტული ღონისძიებების თვალის მიდევნება.

• ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის პრემიერ ლიგა , სერია A , ბუნდეს ლიგა
• კალათბურთი: NBA, ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი
• ჩოგბურთი: ATP 500 და ATP 1000 ტურნირები, როლანგაროსი,
• რაგბი: 6 ერი, საფრანგეთის TOP 14
• ხელბურთი: ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი
• ძიუდო: მსოფლიო ჩემპიონატი
• ჭიდაობა: თავისუფალი და ბერძნულ–რომაული ჭიდაობა
• ფორმულა 1
• მოტო GP
• ძალოსნობა
• ჰოკეი: NHL – ჰოკეის ეროვნული ლიგა
• დოღი და სხვა ბევრი სპორტული სანახაობა

დამატებითი გადასახადის გარეშე „აჭარასპორტი“ერთი თვით ავტომატურად გააქტიურდება ფიზიკურ პირ აბონენტებს (DSL/ოპტიკური). ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ციფრული სატელევიზიო სერვისის „გლობალ ტვ“ -ის მომხმარებლებისთვის.
2020 წლის 5 დეკემბრიდან კი ყველა მსურველს შეეძლება თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“ სტანდარტული ღირებულებით – თვეში 3 ლარად – გაიაქტიუროს.

როგორია ხალხის განწყობა შშმ პირების მიმართ საქართველოში – გაეროს ახალი კვლევის შედეგები

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ახლახან გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა შშმ პირთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ საქართველოში – კვლევა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ასახავს, თუ რა განწყობები არსებობს საქართველოში შშმ პირების მიმართ.

კვლევის თანახმად, სენსორული დარღვევის მქონე (უსინათლო/მცირემხედველი, ყრუ/სმენადაქვეითებული და ასე შემდეგ) შშმ პირთა მიმართ მეტი სტიგმაა, ვიდრე ფიზიკური დარღვევის მქონეთა (ეტლით მოსარგებლეები) მიმართ: სენსორული დარღვევის მქონე პირები ნაკლებად სასურველები არიან პარლამენტის წევრად, მეზობლად და თანამშრომლადაც კი (მიზეზებზე დაფიქრება თქვენთვის მომინდია).

უმაღლესი განათლების საფეხურზე შშმ პირთა სწავლას სხვებთან ერთად უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე – სასკოლო ეტაპზე (სასკოლო ეტაპზე მეტი მომხრე ჰყავს სპეცსკოლებს).

როცა ადამიანებს ეკითხებიან, თვითონ რამდენად გაუხარდებოდათ შშმ თანამშრომელი, თანამეინახე სუფრაზე, თანამგზავრი მოგზაურობასა თუ ტრანსპორტში, უმრავლესობა ამბობს, რომ პრობლემა არ ექნება. თუმცა, მაშინ როდესაც ეკითხებიან, თქვენი აზრით სხვა ადამიანებს რა რეაქცია ექნებათ ამ შშმ პირზე – უფრო მეტი ამბობს, რომ, ალბათ, უარყოფითი. ანუ ადამიანებს უნდათ, გამომკითხველებთან კარგები გამოჩნდნენ, საზოგადოების რეალური განწყობები კი გაცილებით უფრო მეტ შიშს, გულგრილობას, ზიზღსა და დისკრიმინაციას შეიცავს, ან ყველას საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია?

გამოკითხულთა მეტი წილი თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც შშმ პირთან ხანმოკლე (მაგალითად, სუფრაზე ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში) ვადით უწევს ყოფნა, ვიდრე ხანგრძლივი პერიოდით (მაგალითად, ერთად მუშაობა და მოგზაურობა).

ვისაც უკეთესი განათლება აქვს (მაგალითად, სრული უმაღლესი) ან ვისაც შშმ პირი ჰყავს საახლობლოში, მეტ მიმღებლობას იჩენენ და მეტ ინფორმირებულობას შშმ პირთა წინაშე არსებულ პრობლემათა მიმართ.

გამოკითხულთა ხმები თანაბრად იყოფა ერთი თვალსაზრისითაც – ზოგს ჰგონია, რომ შშმ პირები საქართველოში პრობლემებს აწყდებიან, მეორე ნახევარს კი – რომ ისინი „არხეინად არიან“. ეს იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ შშმ პირთა შესახებ ინფორმაციას იღებს ტელევიზიით, სადაც მათი პრობლემები შუქდება.

უმრავლესობა შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ემხრობა კვოტების შემოღებას (კონკრეტულმა ორგანიზაციამ ამდენი და ამდენი შშმ პირი დაასაქმოს). უმრავლესობა შშმ პირებს ჯერ კიდევ „კეთილ, ფუმფულა“ არსებებად მიიჩნევს. სულ რაღაც 05% მიიჩნევს, რომ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სფეროებში ჩართულ შშმ პირთა რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს კვოტებით, რათა „მთავრობის ეფექტურობა არ დაეცეს“. ნეტა რა წარმოდგენა აქვთ, რამდენ შშმ პირს სურს და შეუძლია საჯარო მმართველობაში/პოლიტიკაში მოსვლა? ან რა ასეთი ეფექტური მთავრობა გვყავს ახლა, მისი კომპოზიციის შეცვლის რომ ეშინიათ?

შშმ პირთათვის 3 მთავარ საჭიროებად გამოკითხულთა უმრავლესობა მაინც სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებზე წვდომასა და სოციალურ შემწეობას ასახელებს (რას ვიზამთ. ვერანაირი სატელევიზიო რგოლები ვერ დაამსხვრევს სტერეოტიპებს, თუკი ადამიანები თავიანთ გარშემო უშუალოდ ხედავენ მოწყალების მთხოვნელ, გაჭირვებულ შშმ პირებს. სანამ სოციალური საკითხები, ანუ გადარჩენის, სიცოცხლის პრობლემა ვერ მოგვარდება, სხვა ყველაფერზე ლაპარაკი რთულდება. მასლოუს საჭიროებათა პირამიდაც ამას გვეუბნება).

გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს კეთილი ნებაა და არა – ვალდებულება. სამწუხაროდ, ინტელექტუალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე შშმ პირთა მიმართ სტიგმა და ნეგატიური სტერეოტიპები ძლიერია: ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინი არ შეიძლება, იყვნენ პოლიტიკაში, შეეშინდებოდათ მათი მეზობლობა/თანამშრომლობა, არ უნდა ჰყავდეთ შვილები. აქვე გამოკითხულთა დაახლოებით 30 % მიიჩნევს, რომ თუკი ორსული გაიგებს, რომ მის შვილს ინტელექტუალური პრობლემები ექნება, მას უნდა შეეძლოს ნაყოფის მოცილება ამ საფუძვლით. მოკლედ, საინტერესო და სასარგებლო კვლევაა. დანარჩენს შეგიძლიათ, თავად გაეცნოთ.

___

ავტორის შესახებ: იურისტი ესმა გუმბერიძე მუშაობს შშმ პირების უფლებების გაუმჯობესებაზე, არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

ესმა გუმბერიძე

რუსეთში ბოლო 24 საათში კოვიდის 20 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, ინფიცირების 19 768 შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 1 639 454-მდე გაიზარდა. რუსეთი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში – 5826  და პეტერბურგში – 1031.

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 389 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 29 217-ია.

რუსეთში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე 200-ს შეადგენს, როცა გუშინ ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 198, გუშინწინ კი 195 იყო.

 

5 იდეა, რომლებმაც ბათუმელების ყველაზე მეტი ხმა მიიღო

ბათუმის მცხოვრებლებმა უკვე გამოავლინეს 20 იდეა, რომელთა განხორციელებასაც მშობლიურ ქალაქში ისურვებდნენ. 2021 წელს განსახორციელებელი იდეებისთვის ხმის მიცემის პროცესი ამ წლის 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მოქალაქეებს გამოვლენილ 20 იდეას შორის უნდა აერჩიათ საუკეთესოები.

20-მა იდეამ ჯამში 5 169 ხმა მიიღო, ამ ეტაპზე კი მონაცემებს საბოლოოდ ამუშავებენ. გამარჯვებული იდეებს სპეციალური კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 6 ნოემბრისა.

ვნახოთ, რომელმა ხუთმა იდეამ დააგროვა ყველაზე მეტი ხმა და რის განხორციელებას ისურვებდნენ ბათუმელები საკუთარ ქალაქში პროექტით – „შენი იდეა ბათუმს”:

  • ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი

ამ იდეამ ყველაზე მეტი, 641 ხმა დააგროვა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობის იდეა მიზნად ისახავს ბათუმში კორპუსებისა და შენობების უსახური კედლების მოხატვას, რაც ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისთვის, ახალგაზრდა მხატვრებისმოქმედებისთვის კი სივრცე შეიქმნება. მათთვის, ვინც აქამდე საკუთარი სახსრებით ისეც ცდილობდა ქალაქის იმიჯისთვის დამაზიანებელი უსახური  შენობების მოხატვას. პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარია.

იდეის ძირითადი მიზანია ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია; მოსახლეობის ჩართვა საკუთარი ქალაქის ცხოვრებაში და ვიზიტორებისთვის ერთგვარი აქცია-პერფორმანსების ჩვენება, როგორც აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს.

  • ბათუმი ველოქალაქი

ამ იდეამ 492 ხმა დააგროვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მით უფრო, რომ ბათუმის ლანდშაფტი ქალაქში ველოკულტურის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. თუ ველოქალაქის იდეა გაიმარჯვებს, ხალხმრავალ ადგილებში ველოგასაჩერებელი ადგილები მოეწყობა, ველოსიპედის შესაკეთებელი კარადების თანხლებით. პროექტის ბიუჯეტი  60 000 ლარია.

იდეის ავტორის ინფორმაციით, ბათუმში ველოტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, ადგილობრივი ველოდილერების მონაცემებზე დაყრდნობით კი, პანდემიის პერიოდში ველოგაყიდვებმა 100-150 %-ით იმატა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმში 10 ველოგაჩერების ადგილის დამონტაჟებას. ველოგაჩერების ზონები წინასწარაა შერჩეული და ემყარება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის კვლევას.

  • მობილური კინოთეატრი

ინტერნეტიზაციის ხანაში ფილმებს ადამიანები ძირითადად შინ უყურებენ და თანდათან აქტუალობას კარგავს ფილმების კინოთეატრებში ნახვის ტრადიცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის. ბათუმელებმა 484 ხმა მისცეს პროექტს, რომლის მიხედვითაც მოძრავი, მობილური კინოთეატრი მოეწყობა ქალაქში და პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაინტერესებულ მაყურებლებს ინფორმაციას მიაწვდიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კინოჩვენების შემდეგ მოაწყობენ განხილვას და დისკუსიას. პროექტის მთავარი მიზანი კინოხელოვნების საშუალებით ინტერაქციის გაზრდაა. იდეის ავტორს პროექტის განსახორციელებლად 50 000 ლარი სჭირდება.

  • ქუჩის კალათბურთის მოედანი

ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეამ 481 ხმა დააგროვა. იდეის ავტორი წერს, რომ ბათუმში ქუჩის კალათბურთით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ბათუმში ქუჩის კალათბურთის არც ერთი მოედანი არ არის, რომელიც ბოლომდე აკმაყოფილებს სტანდარტებს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის განვითარება.

პროექტი ითვალისწინებს 4 საკალათბურთო მოედნის ერთ სივრცეში განთავსებას, სადაც ქუჩის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი. პროექტის განსახორციელებლად 132 000 ლარია საჭირო.

  • ფერადი ეზოები ბავშვებს

ამ იდეის გამარჯვების შემთხვევაში პროექტის ავტორები ქალაქის კორპუსების შიდა ეზოების შემეცნებით-გასართობი თამაშობებით მოხატვას გეგმავენ. ბავშვებისთვის ფერადი ეზოების იდეას 478-მა ადამიანმა მისცა ხმა.

როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები, რაც წაახალისებს ბავშვებს ითამაშონ ეზოში. თამაშის დროს ბავშვები სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, სხვების დახმარებას, წესების დაცვას, სხეულის, ემოციების მართვას და ბევრ სხვა რამეს სწავლობენ. პროექტის ბიუჯეტი  10 220 ლარია.

წელს პროექტის „შენი იდეა ბათუმს“  ბიუჯეტი 500 ათასი ლარია.

„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.idea.batumi.ge იდეებს განათავსებენ, რომელთა განხორციელებაც ქალაქში სურთ. ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით მოქალაქეები ირჩევენ სასურველ სამ იდეას, რის შედეგადაც გამარჯვებულებს ავლენენ.

ბათუმში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება – ინფორმაციას ბათუმის სამშობიაროს დირექტორი ნუგზარ პაპავა ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში ხუთი ბავშვი დაიბადა – ტესტირების შედეგად  კორონავირუსი მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა საყურადღებოა.

ხელახლა დაითვალოს უბნები, რომელთა ოქმებშიც დისბალანსია – არასამთავრობოები

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.“  – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების  განცხადებაში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

შეფასებას ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის არიან: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და ა.შ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ, თუმცა კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება, რაც საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

„მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და,  სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა“ – აღნიშნულია გაცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცების შეფასებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა.

მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3  ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკვირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნებას, რაც მათი აზრით უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს.

„პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი“.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

ორგანიზაციები მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, თუმცა აქვე წერენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

________________

ფოტოზე: 31 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

„იმოქმედე“ – წარწერა და ბოქლომის დადების მცდელობა უსკოს შენობაზე

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ჯგუფმა ღამე მთავრობის სახლის წინ გაათენა.

დღეს აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრებს შორის – აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს აჭარის მთვრობის სახლიდან ფოტოების გადაღების მცდელობა ჭამის დროს.

„ხალხი ღამენათევია საპროტესტო აქციაზე, მოვიტანეთ საჭმელი და ჭამის დროს დაცვის თანამშრომლები ფანჯარაში გადმომდგარი სურათებს იღებდნენ. მერე ეს ხდება პოსტ ტვ-ის კადრებში და დასაცინი ხდება. ვერავინ ვერ დასცინებს ამ ხალხს, დასაცინი თვითონ არიან“ – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

დღეს აქციის მონაწილეები უმაღლესი საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ და მის კარს ბოქლომი დაადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. უსკოს კარზე აქციის მონაწილეებმა დააწერეს – „იმოქმედე“. მათი თქმით, სწორედ ასე ქვია ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა პარტიიდან არიან გაერთიანებული აქტივისტები.

ოპოზიცია დღეს, 17 საათზე, ბათუმში მთავრობის სახლის წინ ისევ აანონსებს აქციას. აქტივისტების თქმით, აქციამდე ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება ავტომანქანებით.

ახალი ინსტალაცია ბათუმის ბულვარში შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ

ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ახალი ინსტალაცია განთავსდა, რომელიც ზღვის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურების წინააღმდეგ არის მიმართული.

ინსტალაციას გამჭვირვალე ქვიშის საათის ვიზუალი აქვს, სადაც სიმბოლურად განთავსებულია პლასტმასის ბოთლები ზღვის ცხოველებთან ერთად.

ინსტალაციის ავტორი ბათუმელი მხატვარი ირინა ტორონჯაძეა. როგორც იგი „ბათუმელებთან“ ამბობს, იდეა ეკოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის.

პროექტი ითვალისწინებს ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ოთხი ინსტალაციის განთავსებას ზღვისპირა ქალაქებში, მათ შორის ქობულეთში, ურეკსა და ფოთში. ოთხივე ინსტალაციის ავტორი ირინა ტორონჯაძე იქნება.

„ეს არის შავი ზღვის დაცვის იდეა, რომ ნარჩენებისგან აღარ დაბინძურდეს.  ესკიზი უნდა ყოფილიყო ლაკონური და სიმბოლური. დანარჩენი სამი ინსტალაციაც ნოემბრის ბოლომდე უნდა განთავსდეს ამ ქალაქებში,“ – ამბობს მხატვარი.

ინსტალაციისთვის გამოყენებულია რკინა და ორგმინა.

შავი ზღვის დაცვის ინსტალაცია – ავტორი, ირინა ტორონჯაძე

პროექტის მიზანი ცნობიერების ამაღლებაა გარემოსდაცვით გამოწვევებზე, საზღვაო ნარჩენების შემცირებისა და მათი ხელმეორედ გამოყენების საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო და ასევე წარიმართა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები და სასკოლო კონკურსი – „დავიცვათ შავი ზღვა საზღვაო ნარჩენებისაგან“. კონკურსის დევიზია – „არა საზღვაო ნარჩენებს“.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოსდაცვითი გლობალური ფონდის „შავი ზღვის გარემოსადაცვითი მონიტორინგის (ემბლასი პლუსი) პროექტის ფარგლებში.

ეკოლოგიური ინსტალაციის გარდა, ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი ახალი ქანდაკება „ოთხი დრო“ განათავსეს.  ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ოთხი დრო“  ნეო-კლასიკური სტილის ქალის სკულპტურებია, რომლებიც წელიწადის ოთხ დროს განასახიერებს.

„ოთხი დრო“ – ახალი ქანდაკება ბათუმის ბულვარში
„ოთხი დრო“ – ახალი ქანდაკება ბათუმის ბულვარში

ქანდაკებები ძველ ბულვარში, თავდადებულის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერში, შადრევნის ირგვლივაა განთავსებული.

როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანდაკებები ასლან აბაშიძის დროინდელია, რომელიც მერიის ბალანსზე იყო დასაწყობებული.

„როგორც ვიცი, ეს ქანდაკებები იტალიიდან არის ჩამოტანილი და აბაშიძის წასვლის შემდეგ, ქანდაკებები, რომლებიც მანამდე არსად არ იყო განთავსებული, მერიის ბალანსზე გადმოვიდა. ახალი ქანდაკებები კლასიკური მუსიკით, ვივალდის „ოთხი დროთი“ გახმოვანდა“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე.

„ოთხი დროს“ ბულვარში განთავსების იდეა ბათუმის მერიას ეკუთვნის.

ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ნემო“ – „მედალფას“ კლინიკა მახინჯაურში

მახინჯაურის მრავალპროფილური კლინიკა 2016 წლიდან ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ შვილობილი კომპანიაა. კლინიკა მოსახლეობას გეგმური ამბულატორული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. მომსახურებასა და სერვისებზე კლინიკის დირექტორი, ელგუჯა ბერიძე გვესაუბრა.

ელგუჯა ბერიძე, ოჯახის ექიმი
ელგუჯა ბერიძე, კლინიკის დირექტორი

კლინიკის ძირითადი სერვისებია:

[checklist]

  • ოჯახის ექიმების მომსახურება;
  • ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია – კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი და სხვა;
  • ოფთალმოლოგიური კვლევები – ვიზიომეტრია (მხედველობის გამოკვლევა), ავტორეფრაქტომეტრია (რეფრაქციის კომპიუტერული განსაზღვრა),  კერატო-ოფთალმომეტრია,  ტონომეტრია (თვალშიგა წნევის გაზომვა), ბიომიკროსკოპია, ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა);
  • ექოსკოპია (მუცლის ღრუ, საშარდე სისტემა, კუჭი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მუხლის სახსარი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები,  სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპია);
  • რენტგენოგრაფია და ელექტროკარდიოგრაფია.

[/checklist]

კლინიკაში პაციენტებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულმა პაციენტმა მიიღოს პროფესიონალური დასკვნა მისი ჯანმრთელობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში – ადეკვატური მკურნალობის დანიშნულება.

კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს, კერძო დაზღვევის მქონე პირებსა და სხვა ნებისმიერ მსურველს. ასევე, მედალფა მონაწილეობს გეგმური იმუნიზაციისა და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამებში.

მედალფას მახინჯაურის კლინიკაში ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი „ნემო“, სადაც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობაც არის შესაძლებელი. ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით:

[checklist]

  • აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია – პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
  • მოზრდილების სამედიცინო რეაბილიტაცია – პროგრამა ითვალისწინებს მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წელზე მეტი ასაკის) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
  • ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია – პროგრამა ითვალისწინებს ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების ჩატარებას.
  • ბავშვთა ადრეული განვითარება – პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას.
  • ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია – პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკურ თერაპიას, მეტყველებისა და ენის თერაპიას, ბავშვისა და მშობლის/აღმზრდელის ფსიქოლოგიურ დახმარებას, ნევროლოგის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მეთვალყურეობას და ფიზიკური თერაპიის ჩატარების სწავლებას სახლის პირობებში

[/checklist]

სარეაბილიტაციო ცენტრ „ნემოს“ გუნდი გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლებისგან შედგება, სივრცე კი ყველა საჭიროების გათვალისწინებით არის მოწყობილი:

  • რეაბილიტაციის ოთახი – განკუთვნილია მოზრდილების მასაჟისა და ვარჯიშისთვის, ბავშვების ძვალსახსროვანი რეაბილიტაციისთვის და ფსიქოსომატური პროგრამისთვის.
  • სენსორული ოთახი – განკუთვნილია აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების ქცევითი თერაპიისთვის.

კომპანიის მიზანია, ნემოს ყველა სტუმარს, იქნება ეს ბავშვი თუ მოზარდი, შეუქმნას მშვიდი და მყუდრო გარემო. სწორედ ამიტომ, რეაბილიტაციის პროცესი იგეგმება ინდივიდუალური მიდგომებითა და თითოეულ მათგანზე მორგებული პროგრამებით. ამის შედეგად, „ნემოს“ სარეაბილიტაციო ცენტრში, დაფუძნების დღიდან, ყველა ვიზიტორს მეგობრული, თბილი გარემო და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ხვდება.

ცენტრის ფსიქოლოგების მიერ, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი აქტივობა – ვორქშოფები და ტრენინგები ბავშვთა და მოზრდილთა მენტალური ჯანმრთელობის თემაზე, რაც საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ცენტრში შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ჯგუფებისთვის გამოყოფილი დაფინანსებით სარგებლობა, რაც ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის სარეაბილიტაციო სერვისებს.

მის.: ქ. ბათუმი (მახინჯაური) თამარ მეფის III შესახვევი #17

ტელ.: +995 32 2 640 011

Web: www.medalpha.ge

ბათუმში წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უნალექოდ, ხვალ კი, დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 6-7 ნოემბერს, მოსალოდნელია წვიმა.

აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 47 წლის იყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერის მდგომარეობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 165 კოვიდდადებითი პაციენტი, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 387 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 9 – აჭარის კოვიდკლინიკებში. აჭარაში გარდაცვლილი პაციენტებიდან  ყველაზე ახალგაზრდა 47 წლის კაცი იყო.

დღეის მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 690 პაციენტი, 84 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნურ სუნთქვაზეა 72 ადამიანი.

აჭარაში კოვიდის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა

4 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 690 პაციენტი, 84 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნურ სუნთქვაზეა 72 ადამიანი.

საქართველოში კოვიდსასტუმროში 2 428 ადამიანია, მათ შორის, 1 180 – აჭარაში. ქვეყანაში 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

მარნეულში მამა-შვილმა მეზობლად მცხოვრები დედა-შვილი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამა-შვილი, 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.

მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან ცხელ კვალზე დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეიდან ქუჩაში პირბადის გარეშე ყოფნისთვის 20 ლარით დაგაჯარიმებენ

პირბადის ტარების წესში 3 ნოემბერს შეტანილი ცვლილების მიხედვით, პირბადის ტარება ღია სივრცეში/ქუჩაშიც სავალდებულოა. ღია და დახურულ სივრცეში, ასევე ტრანსპორტში, პირბადის გარეშე ყოფნისთვის პირი 20 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი/მეწარმე კი, რომელიც დახურულ სივრცეში პირს პირბადის გარეშე დაუშვებს, დაჯარიმდება 500 ლარით.

კანონით დაშვებულია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის ტარება.

პირბადის ტარების წესის მიხედვით პირბადის გამოყენება აუცილებელია:

დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • სავაჭრო ობიექტებში;
  • ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას;

ასევე:

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა შემთხვევებში − „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად.
  • ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.
  • დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11 მუხლის შესაბამისად [პირბადის ტარების წესის დარღვევა], რომლის მიხედვითაც:

  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში  პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პირბადის გარეშე ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას დაჯარიმება, როგორც IDFI მიიჩნევს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ, ხელონურად გაზარდა საკუთრი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კონპეტენციაში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/495288/?fbclid=IwAR30mSsbpEgjHyXeCPDi5Kxbb96u42N4HZ34QgXMqW2KqbIFybRNTSZNB_0

 

დადასტურდა კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

4 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2537, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 ნოემბრის მდგომარეობით 46 817 -მდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაავადებული პირებიდან გამოჯანმრთელდა სულ – 31 170, გარდაიცვალა -381.

 

მეცხრეკლასელი გოგონები, რომლებმაც ინგლისურის სახელმძღვანელო შექმნეს

მარიამ სტურუა და სალომე ხიდეშელი მეცხრეკლასელები არიან. პანდემიის დროს მათ გადაწყვიტეს,  შეექმნათ ინგლისურის ახალი სახელმძღვანელო და ზაფხულის განმავლობაში იმუშავეს წიგნზე. 150-გვერდიანი სახელმძღვანელო სულ ახლახან დაბეჭდეს კიდეც და სურვილი აქვთ, ბევრ ადამიანს გააცნონ.

გოგონები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მათ პედაგოგს, მაია ღლონტს ეკუთვნის, თუმცა იდეაზე სიამოვნებით იმუშავეს, რადგან ინგლისურის სასკოლო სახელმძღვანელოებს, მათი აზრით, საკმაოდ ბევრი ნაკლი აქვს.

„დიდად პრაქტიკული არ არის ბავშვებისთვის, რადგან არც სიტყვების დიდი მარაგი აქვს და არც გრამატიკა ისწავლება მოქნილად. ჯერ სწავლობ ყველა დროს ერთად, შემდეგ კი მთელი ათი წელი ამას იმეორებ“, – ამბობს მარიამი.

მისი აზრით A2 და B1 დონის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელო მაინც და მაინც საინტერესოდ არ გამოიყურება. გოგონების თქმით, სასკოლო სახელმძღვანელო არც ტექსტებითაა მდიდარი. „პატარა ტექსტებია შეტანილი და ლექსიკონიც თითქმის ერთი და იგივეა“, – ამბობენ გოგონები.

გოგონებმა მათი ახალი ინგლისური გრამატიკის სახელმძღვანელო ხუთ თავად დაყეს და ტექსტები გრამატიკული დროების მიხედვით დაურთეს.

„პირველი ნაწილი დავუთმეთ მარტივ წარსულ (Past Simple) და წარსულ განგრძობით (Past Continue) დროს, ტექსტები კი სხვადასხვა ფესტივალის შესახებ მოვიძიეთ – ის, რაც ყველა ახალგაზრდას შეიძლება დააინტერესოს. მეორე თავში პროფესიებზე მოვიძიეთ ტექსტები და შემოვიტანეთ საინტერესო ინფორმაცია. სავარჯიშოებიც ჩავსვით ტექსტებიდან გამომდინარე და მომდევნო დროების შესაბამისი.

მესამე თავში ტექსტები შეტანილია ცნობილი მსახიობების შესახებ, მეოთხეში ქვეყნებზეა თემები, მეხუთე კი მთლიანად საქართველოს დავუთმეთ.“ – ამბობს მარიამ სტურუა.

მეცხრეკლასელი გოგონების მიერ შექმნილი ინგლისურის გრამატიკის ყდა.

კითხვაზე – თუ რით განსხვავდება ტრადიციული სასკოლო წიგნისგან მათი სახელმძღვანელო, მარიამი ამბობს, რომ თავიანთ სახელმძღვანელოში უფრო დეტალურად არის ახსნილი გრამატიკა, „უფრო მარტივ და გასაგებად ენაზეა დაწერილი“.

გოგონების თქმით, სახელმძღვანელოსთვის ტესტები სხვადასხვა ონლაინწყაროებიდან მოიძიეს, სავარჯიშოები კი თავად შეადგინეს.

„ჩემი აზრით, ეს წიგნი სკოლის სახელმძღვანელოს იმიტომ სჯობს, რომ მდიდარი ლექსიკა აქვს და ტექსტებიც უფრო შინაარსიანია. სახელმძღვანელოს ლექსიკონი ბოლოში დავურთეთ, ესეც მოსახერხებელია.

გარდა ამისა, ყველა გაკვეთილის ბოლოში გვაქვს მითითებული თემასთან დაკავშირებით რომელი წიგნი შეუძლიათ წაიკითხონ ან ფილმი ნახონ“, – გვითხრა სალომემ.

გოგონებს მომავალი ზაფხულისთვის კიდევ ერთი სახელმძღვანელოს შექმნაზე აქვთ მუშაობა გადაწყვეტილი.

„ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები“, – ამბობს სალომე.

გოგონების აზრით, სწავლების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ რესურსს. დისტანციური სწავლების პერიოდი კი იმით არის მოსახერხებელი, რომ ონლაინში ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა წყაროზე, რისი შესაძლებლობაც კლასში სწავლების დროს არ აქვთ.

„ბუნებრივია, პირისპირ სწავლებას აქვს თავისი დადებითი მხარეები, ასევე მასწავლებლის დამოკიდებულებას, მაგრამ რესურსების მხრივ, ბუნებრივია, ინტერნეტში მეტი შესაძლებლობაა და ეს ძალიან გვეხმარება“, – ამბობს სალომე.

მარიამის აზრით, უცხო ენა კარგად რომ ისწავლო, სიღრმისეული ცოდნაა საჭირო. „თავიდანვე ყველაფერი უნდა იყოს გასაგები, ამიტომ ხშირად უნდა დასვა კითხვები. მე, პირადად, ძალიან მეხმარება ფილმები, ვლოგების ყურება უცხო ენაზე და წიგნები.

კარგი სახელმძღვანელო კი დამატებითი მოტივაციაა, რომ გაკვეთილიც კარგად მოამზადო. მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ეტაპობრივად გაძლევდეს ცოდნას და არა აბნეულად, როგორც ეს ჩვენს სასკოლო სახელმძღვანელოებშია ხშირად“, – გვეუბნება მარიამი.

ინგლისურის მასწავლებელი მაია ღლონტი ამბობს, რომ გოგონებმა სახელმძღვანელო მთლიანად დამოუკიდებლად გააკეთეს. „საკმაოდ კარგად და თანმიმდევრულად დაალაგეს მასალა თემატურად, სავარჯიშოებიც კარგადაა შერჩეული და ვფიქრობ, რომ მათი თანატოლებიც დაინტერესდებიან ამ წიგნით“, – ამბობს პედაგოგი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სახელმძღვანელო გაიმართოს, სპეციალისტმაც უნდა გადახედოს და დაამუშაოს.

„ბუნებრივია, დამუშავება უნდა, მაგრამ მანამდე, მე პირადად ვაპირებ, მათ კლასში შევიტანო და აპრობაცია გაიაროს წიგნმა. ასე გავიგებთ, რისი შეცვლა იქნება საჭირო ან რა იქნება სხვა ბავშვებისთვის მოსაწონი და მისაღები“, – ამბობს მაია ღლონტი.

სალომე და მარიამი თბილისის 130-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ოპოზიცია ბათუმში კვირას საპროტესტო აქციას აანონსებს

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

აქციაზე მოსახლეობას მიმართეს სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა. ოპოზიციის განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას და იბრძოლებენ იმისთვის, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. კვირას, 8 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმშიც, მთავრობის სახლის წინ, დღის 3 საათზე.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ამ წუთებშიც [20:00 სთ] გრძელდება, თუმცა მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეების მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩა. აქვეა გაშლილი კარავიც, სადაც სურვილის შემთხვევაში აქციის მონაწილეებს შეუძლიათ დარჩენა.

აქცია მთავრობის სახლის წინ. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

3 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დაასტურეს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც.

2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.  ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”“ევროპული საქართველო”“სტრატეგია აღმაშენებელი”“ლელო”“პატრიოტთა ალიანსი”“გირჩი”“მოქალაქეები”“ლეიბორისტული პარტია”.

არჩევნებიდან მეორე დღეს არაერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

 

 

ოპოზიციის აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში 3 ნოემბერს ოპოზიციამ აჭარის მთავრობის წინ აქცია გამართა. ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

ოპოზიციის აქცია ბათუმში
ოპოზიციის აქცია 3 ნოემბერს 5 საათზე დაიწყო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ოპოზიციის აქცია ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში
ოპოციზიური პარტიების განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი
მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ოპოზიციის აქცია ბათუმში

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ამავე თემაზე:

ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

ოპოციზიური პარტიების განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.

დღეს, 3 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც.

2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.  ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”“ევროპული საქართველო”“სტრატეგია აღმაშენებელი”“ლელო”“პატრიოტთა ალიანსი”“გირჩი”“მოქალაქეები”“ლეიბორისტული პარტია”.

არჩევნებიდან მეორე დღეს არაერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი აქცია კვირას, 8 ნოემბერს იგეგმება.

ბათუმის სასამართლო: ამ თვიდან განახლდება პროცესების დანიშვნა

პანდემიის პირობებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესები ძირითადად დისტანციური რეჟიმით იმართება, თუმცა ადვოკატების თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო სხდომები დისტანციურადაც აღარ ტარდება. ადვოკატები განმარტავენ, რომ პანდემიამდეც გაჭიანურებული იყო სამოქალაქო საქმეების განხილვა, ამჯერად კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ ამ თვიდან ანუ ნოემბრიდან პროცესები განახლდება.

„პანდემიის გამო სექტემბერსა და ოქტომბერში დანიშნული სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესების ძირითადი ნაწილი გადაიდო, დისტანციურად ტარდებოდა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ, შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეები. ამასთან, თანამშრომლების უმრავლესობა თვითიზოლაციაში იყო. ამ თვიდან განახლდება პროცესების დანიშვნა,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.

ჯანმო: ოთახი საათში რამდენჯერმე უნდა განიავდეს – კოვიდის გავრცელების პრევენცია

ზამთრის მოახლოებასთან ერთად პანდემიის პირობებში აქტუალური ხდება დახურულ სივრცეში კონდინციონერის ჩართვისა და ჰაერის ვენტილაციის საკითხი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას, პირველ რიგში, ოთახის ხშირი განიავებისკენ მოუწოდებს.

„ვენტილაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ მხრივ რომ ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას დახურულ სივრცეში. ისეთ მარტივ რამეს, როგორიც ბუნებრივი განიავებაა, ანუ კარებისა და ფანჯრების გამოღებას, შეუძლია უზრუნველყოს ჰაერის განახლება, უფრო ჯანსაღი ჰაერის ნაკადით,“ – ამბობს, ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანმრთელობის ეკოლოგიური და სოციალური დეტერმინანტების დეპარტამენტის დირექტორი დოქტორი მარია ნერია.

“მაგალითად, ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში, შენობებში, როგორც კი შესაძლებლობა იქნება – უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაცია, ფანჯრების გამოღების გზით.  ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები, სამუშაო ან ტურისტული სივრცეები, ჩვენ გირჩევთ გაზარდოთ ჰაერის ცვლის სიხშირე, იქნება ეს ბუნებრივი თუ მექანიკური გზებით. მთავარია, ყოველთვის აიცილოთ თავიდან ჰაერის რეცირკულაცია (ანუ იმავე ჰაერის ბრუნვა). როდესაც ეს ვერ ხერხდება, მაშინ უნდა გამოიყენებოდეს სავენტილაციო სისტემის ფილტრები, რომლებიც სათანადოდ და რეგულარულად მუშაობენ და იცვლება როგორც კი ეს საჭირო ხდება. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ვენტილაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ღონისძიება პრევენციისთვის. ის უნდა იყოს პაკეტის ერთ-ერთი ინტერვენციული ნაწილი, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება,” – ამბობს ის.

მარია ნეირას განმარტებით უნდა გავითვალისწინოთ სივრცის ზომა, თუ რამდენად დიდია ის სივრცე, რისი განიავებაც გვსურს: „მაგალითად, თუ ერთი საათის განმავლობაში, თქვენ ჰაერს გამოცვლით/გაანიავებთ ექვსჯერ, ეს საკმარისი იქნება ისმითვის, რომ დანამდვილებით ვთქვათ – ამით შიდა სივრცეში ვირუსის გავრცელებას ვუშლით ხელს ან ვახდენთ მის პრევენციას”.

რაც შეეხება ცალკეულად კონდინციონერის გამოყენებას, ჯანმო წერს, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა მხოლოდ იმ რეჟიმზე, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ოთახში გარე ჰაერის შემოდინება და არა ერთი და იმავე ჰაერის ტრიალი ანუ რეცირკულირება.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპის ცენტრის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში წერია, რომ კარგად გამართული გათბობის, ჰაერის ვინტილაციისა და კონდინცირების სისტემები, მათ შორის, ჰაერის კონდინციონერები, უსაფრთხოდ ფილტრავს SARS-CoV-2-ის შემცველ, დიდი ზომის წვეთებს. აქვე წერია, რომ COVID19-ის აეროზოლი (მცირე ზომის წვეთები) შესაძლებელია გავრცელდეს სავენტილაციო სისტემებით შენობის შიგნით და ცალკე დამონტაჟებული ჰაერის კონდინციონერით, თუ ჰაერი რეცირკულირდება.

– კონდინციონერის მიერ წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა შეიძლება ხელი შეუწყოს დახურულ სივრცეში დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყოფილი წვეთების გადაადგილებას დიდ მანძილზე.

– გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდინცირების სისტემებს შეუძლიათ დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების შემცირება, ჰაერის რეცირკულირების შემცირებითა და გარე ჰაერის შემოდინების გაზრდით.

– ჰაერის პირდაპირი ნაკადი არ უნდა მიემართებოდეს ადამიანებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფიციტებული სუბიექტების პათოგენების გავრცელება და გადაცემა.

– ერთ საათში ჰაერის ცვლის რაოდენობის გაზრდა შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს დახურულ სივრცეში. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციით.

თუ ძველი კონდინციონერი გაქვთ და არ ხართ დარწმუნებული მის გამართულად მუშაობაში, უმჯობესია მისი მოხმარებისგან თავი საერთოდ შეიკავოთ. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვობთ, რომ თქვენი კონდინციონერი ჰაერის რეცირკულაციას ახდენს, უმჯობესია   ბუნებრივი ვენტილაცია ანუ ფანჯრების გამოღება.

მაგალითად, ინდოეთის ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით,  კონდინციონერის მიერ ცივი ჰაერის რეცირკულაციას უნდა ახლდეს ოთახში გარე ჰაერის შემოდინება, ოდნავ შეღებული ფანჯრებიდან და ბუნებრივი ექსფილტრაციის გზით ჰაერის გარეთ გაწოვა.

ბათუმის რესპუბლიკური სამშობიარო ბლოკისთვის აპარატურას ყიდულობს – ჩეხეთის დახმარება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი გრანტით სამშობიარო ბლოკისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურას შეისყიდის.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, „2020 წლის 17 სექტემბერს საავადმყოფოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფინანსური დახმარების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ჩეხეთის საელჩო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გრანტის სახით გადასცემს 181 720,1 ევროს.

ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიმწოდებლის ვინაობა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ვალდებულია, ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამედიცინო აპარატურა შეისყიდოს მითითებული ორგანიზაციებიდან“.

საავადმყოფო შეისყიდის შემდეგ სამედიცინო აპარატურას:

[checklist]

  • ჩვილის სხიური გამათბობელი – 4 ცალი;
  • ელექტროკუაგულაციის დანა – 11 ცალი;
  • რეანიმაციული პედანტი – 1 ცალი;
  • სამშობიარო საწოლი – 2 ცალი;
  • ბავშვის საწოლი – 18 ცალი.

[/checklist]

„ახალი საავადმყოფო რომ მრავალპფროფილური იქნებოდა, ეს თავიდანვე იყო ჩადებული. ასე რომ, როგორც კი კოვიდის ამბები გადაივლის, ბუნებრივია, ახალ კლინიკაში სამშობიარო განყოფილებაც იქნება. ეს სპეციალური აპარატურა კი, ჩეხეთის საჩუქარია და მას ახლა შევიძენთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა სოლომონ ფუტკარაძემ.

ახალი საავადმყოს შენობა მის აღჭურვამდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცა კოვიდის სამართავად. შენობაში ჯერ ცხელების ცენტრი მოეწყო, დღეს კი კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ.

საავადმყოფოს აღჭურვა თანამედროვე აპარატურით კოვიდკლინიკად მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

 

Exit mobile version