ტესტირების შედეგად აჭარაში 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

28 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა სკოლის მასწავლებლებში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დატესტილია 4 ათასამდე პედაგოგი, კორონავირუსი კი 7 პედაგოგს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები PCR ტესტით ხელმეორედ გადამოწმდება.

აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირველ თებერვალს იგეგმება, ამიტომ მასწავლებლების მასობრივი ტესტირება საჯარო და კერძო სკოლებში ორი დღის წინ დაიწყო.

ტესტირება მთელი აჭარის მასშტაბით მიმდინარეობს და კვირას უნდა დასრულდეს. მასწავლებლებს კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტირება უტარდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მთლიანობაში 9000-მდე პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი უნდა დაიტესტოს.

ბათუმის მერია რესან კონცელიძეს ორ ოთახს ბიუროსთვის 1 800 ლარად მიაქირავებს

პარლამენტარ რესან კონცელიძის ბიურო ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის 2 ოთახის გამოყოფაზე მერიისთვის თანხმობის მიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 29 იანვარს განიხილავს.

დოკუმენტების მიხედვით, რესან კონცელიძემ მერიას წერილით 13 იანვარს მიმართა, რომლითაც „პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ითხოვს ფართობის გამოყოფას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში“.

„ქალაქ ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბათუმის N28 ოლქის მაჟორიტარ პარლამენტის წევრს, რესან კონცელიძეს, სასყიდლიან სარგებლობაში გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. N25-ში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე 32,86 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი [ოთახები N24 და N25], პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით და წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 1 800 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.

„პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე – სარგებლობის ვადის განმავლობაში დამქირავებლის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქირის სახით წელიწადში განხორციელდება 1 800 ლარის შეტანა“, – აცხადებს მერია.

ამავე თემაზე:

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

 

 

ბათომი: გუჯაბიძის ძეგლების საბჭოდან დათხოვნა ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას უკავშირდება

ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ძეგლების საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებას უკავშირდება.

მშენებლობას „ამბასადორი ბათუმი“ გეგმავს, შოთა გუჯაბიძე კი ამ პროექტს აკრიტიკებს.

ბათომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, „საზოგადოება ბათომის“ წარმომადგენელს, შოთა გუჯაბიძეს ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კრიტიკის შემდგომ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყვიტა.

22 იანვარს გამოცემული ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძეს სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს „მიზანმიმართულ დისკრედიტაციად“ შეაფასა ზაურ ახვლედიანმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო სააგენტოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განიხილავს.

სწორედ ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, 21 იანვარს მოიწონა ბათუმის ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის ტერიტორიაზე, 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. შოთა გუჯაბიძე ღიად დაუპირისპირდა – გადაწყვეტილების უკანონობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებთან შეუთავსებლობის გამო.

დღეს, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა თვითნებურად, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც ცალსახად დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება საბჭოს სხვა წევრების დაშინების მცდელობაცაა მომავალში კრიტიკული მოსაზრებების თავიდან ასაცილებლად.

საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ხდება, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული სამინისტროსთან.

„საზოგადოება  ბათომი“ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს, რათა სააგენტოს თავმჯდომარემ ვერ მოახერხოს მსგავსი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება და სააგენტოს უკანონო პოლიტიკის მიმართ ლეგიტიმური კრიტიკის თვითნებური ჩახშობა“.

რამდენიმე დღის წინ „ბათომმა“ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის აგება.

 

შოთა გუჯაბიძე ძეგლების საბჭოდან დათხოვნაზე: ახვლედიანმა და რიჟვაძემ გული მოიფხანეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან დღეს დათხოვნილი შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობა სააგენტოს სხვა დირექტორებსაც ჰქონდათ, ზაურ ახვლედიანმა კი ეს მოახერხა და ამით რიჟვაძესთან ერთად „გული მოიფხანა“.

ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას თავად რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ძეგლების საბჭოში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და როგორია მისი გეგმები საბჭოდან დათხოვნის შემდეგ. 

  • შოთა, 8 წელია საბჭოს წევრი ხართ და ხშირად აფასებდით კონკრეტულ გადაწყვეტილებას, როგორც ძეგლის ხელყოფას თუ დანაშაულს, თუმცა ეს არასდროს გამხდარა საბჭოდან თქვენი დათხოვნის მიზეზი. თქვენ აცხადებდით, რომ „ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის“. ახლა ცნობილი გახდა, რომ დირექტორი სააგენტოს დისკრედიტაციაში გდებთ ბრალს. შეგიძლიათ გვითხრათ, ამჯერად რა მოხდა? 

ცხადია, გადაწყვეტილება [გათავისუფლებაზე] მიიღო რიჟვაძემ. ამის დანიშნულება არის ის, რომ გული მოიფხანეს რიჟვაძემ და ახვლედიანმა, უი რა კარგიაო და ახლა ალბათ მხარზე ხელს უტყაპუნებენ ერთმანეთს.

  • თუმცა სააგენტოს თავმჯდომარე უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოხატავდა თქვენ მიმართ და ამას საჯაროდაც აკეთებდა.

რიჟვაძეც არ აკლებდა, კონკრეტული შეხვედრის დროს ძეგლების დამცველებთან თქვა – შოთა გუჯაბიძე არ მოვიდესო. ის სხვა თანამდებობის პირია და რეალურად არც გვხვდებოდა. შესაბამისად, მასთან კონტაქტი არ მქონია და ამ „სიამტკბილობის“ დადასტურება შედარებით უფრო ძნელი იყო.

ახვლედიანი უფრო რიგითი მოკვდავია, ამიტომაც მასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ის არ უშვებდა შესაძლებლობას ეთქვა, რომ მე აუცილებლად უნდა წავიდე საბჭოდან. მიზეზად ასახელებდა, რომ დიდი ხანია ვარ საბჭოში, თუმცა ჩემზე ძველი წევრებიც არიან საბჭოში და კანონიც არ აწესებს რაიმე შეზღუდვას.

დიახ, ფაქტობრივად, ყველა დირექტორის დროს იყო ეს მცდელობა. ამას აკეთებდა ბიძინა აფხაზავა, მირანდა ჩარკვიანი – მოვიდა ახვლედიანი, რომელიც არის პოლიტიკის გამტარებელი. ცხადია, მასთან ვერ  მექნებოდა კარგი დამოკიდებულება იმის გამო, რომ ვამბობდი სიმართლეს…

ვაპირებ გასაჩივრებას. ისეთი წერა-კითხვის უცოდინარია ზაურ ახვლედიანი, რომ დარწმუნებული ვარ, პროცედურულად  ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული ამ ბრძანებაში, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი არ ვარ, მე უკვე მაქვს ეჭვები. მაგრამ არ ვიცი, რაიმეს თუ მივაღწევ ამ ჩალით დახურულ ქვეყანაში.

  • შეიცვლება თქვენი ბრძოლის სტილი ძეგლების დასაცავად?

მშვენივრად იციან ახვლედიანმა და რიჟვაძემაც, რომ ჩემი საბჭოდან გათავისუფლებით არაფერი შეიცვლება, იმავეს ვიტყვი და გავავრცელებ, ეს უბრალოდ გულის მოფხანა იყო, მეტი არაფერი. რაც ჩემი მოქალაქეობრივი, თუ გნებავთ კონსტიტუციური მოვალეობაა, ცხადია, ამაში არაფერი არ შეიცვლება.

საღამოს რომელ საათამდე იმუშავებენ მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 1-ლი თებერვლიდან

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში საღამოს 9 საათამდე იმუშავებენ. ავტობუსების [ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსების] მოძრაობა ბათუმში 1-ლი თებერვილად განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. სამარშრუტო მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსებმა 9 საათზე [მაქსიმუმ 8:50 სთ-ზე] მოძრაობა უნდა დაასრულონ, ამიტომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტობუსები 9-ის წუთებამდე, მაქსიმუმ 9-ის ნახევრამდე იმოძრავებენ.

ბათუმში სხვადასხვა ხაზზე ყოველდღიურად ჯამში 120 ავტობუსი იმოძრავებს. აქედან, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრავ ავტობუსებს შორის ინტერვალი 10-12 წუთი იქნება, ზოგიერთ ხაზზე კი ეს ინტერვალი გაცილებით მეტია.

ე.წ. პიკის საათებში [მაგალითად, დილით] ხომ არ იგეგმება ამ ინტერვალების კიდევ უფრო შემცირება? – „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ არა: „ავტოპარკში არსებული ავტობუსების რაოდენობა ამ ეტაპზე ამის საშუალებას არ იძლევა.“

მოქმედი რეგულაციებით:

[crosslist]

  • მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება.
  • აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
  • აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.
  • ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მოწყობილი იქნება ბარიერები.
  • მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

[/crosslist]

მერიის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი.

მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.

ბათუმში 2020 წლის 15 დეკემბრიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. მუნიციპალური ავტობუსებისთვის გარკვეულ ქუჩებზე სპეციალური სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მოინიშნა – ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია მხოლოდ ველოსიპედების მოძრაობა.

ამავე თემაზე:

მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია – განახლებული რეგულაციები

 

ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოდან დაითხოვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ძეგლების საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე, რომელიც სააგენტოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, საბჭოდან დაითხოვა. შოთა გუჯაბიძეს შესაბამისი ბრძანება დღეს, 28 იანვარს, ჩაბარდა.

სააგენტოს დირექტორი საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრეტიდაციაში ადანაშაულებს და სწორედ ამით ხსნის მისი დათხოვნის მიზეზს. ბრძანებაში, რომელსაც ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს, ნათქვამია:

„სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ იქნა გამოთქმული თხოვნა საბჭოს რიგითი წევრების მიმართ, რათა კონკრეტულ საკითხზე ნებართვის მაძიებელს მიეცეს სწორი და ადეკვატური შეფასება. სამწუხაროდ, ოქმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, შესამჩნევია, რომ საბჭოს წევრი „საზოგადოება ბათომიდან“  შოთა გუჯაბიძე ახორციელებს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ძირითადად დაკავებულია სააგენტოს მართვის სისტემის შეფასებით და არ ახორციელებს კონკრეტულ, პროფესიულ შეფასებებს პროექტებიდან გამომდინარე საბჭოს სხდომის ოქმებში ნათლად იკითხება, რომ შოთა გუჯაბიძე საბჭოს სხვა წევრების მიმართ გამოხატავს შეურაცხმყოფელ შენიშვნებს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რაცხავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენებად, რაც მიგვაჩნია, რომ არის ცილისმწამებლური გამონათქვამები.“

გადაწყვეტილება 22 იანვრით თარიღდება, ამავე დღეს საბჭოს სხდომაზე შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“  ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე საბჭომ დადებითი რეკომენდაცია  გასცა, რასაც შოთა გუჯაბიძე არ ეთანხმებოდა.

შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრია 2013 წლიდან.

 

იქმნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 28 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილება დააანონსა.

გახარიას განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა კულტურა და სპორტი და შეიქმნება ახალი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„უკვე ყველა სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც კულტურის, ისე სპორტის სფეროსთვის. ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 19 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსით ამავე პერიოდში გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  256 287-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 246 459-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 127 პირი გარდაიცვალა.

28 იანვარს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 49, იმერეთში – 163.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი; 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10 718 პირი, აჭარაში – 859, იმერეთში – 1 586.

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 28 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

28 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არის – 34 539.

ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 10-მა პაციენტმა.

აჭარაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია  (მართვით სუნთქვიაზეა) 3 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 108, ხოლო ონლაინკლინიკაში – 302 პაციენტი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბში მოძრაობა 29 იანვარს 2 საათით ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე  კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს, 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინი“ შეასრულებს.

ფირფიტების კოლექციონერი, რომელიც უნიკალურ არქივს ქმნის Youtube-ზე

ციფრული ინდუსტრიის ხანაში ვინილის ჟღერადობა დავიწყებასაა მიცემული. იშვიათად იპოვით ადამიანს, ვისაც შინ ფირსაკრავი შემორჩა და ისევ ფირფიტებზე უსმენს მუსიკას. ვინილის ჟღერადობის მოყვარულებისთვის უკვე წელიწადზე მეტია შეიქმნა სპეციალური იუთუბ-არხი ,,ქართული მუსიკა ვინილზე“, სადაც კარგი ხარისხით გაციფრებული ფირფიტების მოსმენაა შესაძლებელი.

აქ მოისმენთ ჩანაწერებს უიშვიათესი ქართული ფირფიტებიდან – სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ანსამბლებს, საგალობლებს, 50, 60, 70-იანი წლების ქართულ ესტრადას, ქართველი საოპერო მომღერლების არიებს, მათ მიერ შესრულებულ უცხოურ რეპერტუარს, ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან, ინტერვიუებს კინოსა და თეატრის ცნობილ ქართველ მსახიობებთან, მათ მიერ წაკითხულ პროზას, პოეზიას და ა.შ.

სასიმღერო თუ სხვა ტიპის შესრულება სათითაოდაა ჩაწერილი და ფლეილისტებადაა დახარისხებული. ერთსა და იმავე ალბომში შესული ჩანაწერები ერთადაა თავმოყრილი. თითოეულ ჩანაწერს და ალბომს დართული აქვს სრული ინფორმაცია შემსრულებლის, ჩაწერის თარიღის, ტექსტისა და მუსიკის ავტორის, ორკესტრის შესახებ, რომელიც აკომპანიმენტს ასრულებს.

ვინილის ფირფიტების ციფრულ ვერსიებს 28 წლის ლუკა შაიშმელაშვილი წერს და იუთუბიზე თითქმის ყოველდღე განათავსებს.

ლუკა ფირფიტების კოლექციონერია. 4 წელია, რაც ქართულ ფირფიტებს აგროვებს, უცხოური ფირფიტების შეგროვება კიდევ უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო.

„სახლში ძველი ფირსაკრავი გვქონდა, მამა ,,Beatles”- ს გვასმენინებდა მე და ჩემს ძმებს ფირფიტებზე. მელომანებად გაგვზარდა. გიტარასა და ფორტეპიანოზე ვუკრავ, სიმღერებს ვწერ. მართალია,მუსიკა ჩემთვის პროფესია არ არის, მაგრამ ჰობზე მეტია.

ვინილის ჟღერადობა ბავშვობიდან ჩარჩენილი მქონდა გონებაში და გადავწყვიტე ოცდაათიოდე ფირფიტისთვის, რაც სახლში გვქონდა, სხვებიც შემემატებინა. ჩამთრევ და საინტერესო ამბებში გავეხვიე. რაც მეტ ფირფიტას ეძებ, მით უფრო უცნაურ ჩანაწერებს აწყდები.

უზარმაზარი კოლექცია მაქვს მშრალი ხიდიდან, განცხადებებიც მიდევს ინტერნეტში, რომ ვიბარებ ფირფიტებს. 400-ზე მეტი ქართული ფირფიტა მაქვს, ასევე ძალიან ბევრი უცხოური ჩანაწერი.

იუთუბიზე წავაწყდი გოგა ქართველიშვილისა და სანდრო ცქიტიშვილის არხებზე ვინილის ჩანაწერებს. ეს ორი ადამიანი ფირფიტების გაციფრების პიონერია საქართველოში, მათ დაიწყეს იუთუბიზე ვინილის მუსიკის ატვირთვა. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, მეც გამეციფრებინა, რაც მაქვს“, – ამბობს ლუკა.

ეძებს კარგი ხარისხის, ნაკლებად დაკაწრულ ფირფიტებს, ცივ წყალსა და სპეციალურ ხსნარებში რეცხავს – ეს ვინილის წმენდის მეთოდია, რის შემდეგაც დაკვრისას და ჩაწერისას იღებს მაქსიმალურად სუფთა ხმას, რისი მიღებაც კი შესაძლებელია ფირფიტისგან.

ლუკას არაერთი იშვიათი და რარიტეტული ფირფიტა აქვს. ანსამბლ „ვია 75″-ის პირველი ფირფიტა, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ჩანაწერები, ანსამბლ „მზიურის“ მეორე თაობის ალბომი, ტელევიზიის როკანსამბლის ფირფიტა, ჯაზ-როკ ანსამბლ ,,ალიონის“ ჩანაწერები და ა.შ.

 

თანამედროვე ხმის ჩამწერ სტუდიებს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვთ, ერთადერთი სინთეზატორით უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტის ჟღერადობა მიიღება, ხმის გაწმენდაც სრულყოფილადაა შესაძლებელი, რაც საბოლოოდ გაპრიალებულ, უნაკლო ჩანაწერს იძლევა. თუმცა ლუკა მიიჩნევს, რომ ვინილის ჟღერადობას აქვს ის, რაც ძალიან ძვირფასი და შეუფასებელია – ბუნებრივობა:

„როცა კარგ ფირფიტას უსმენ, ყველა ინსტრუმენტის პარტიას ცალ-ცალკე და მკაფიოდ აღიქვამ: დასარტყამ ინსტრუმენტებს, ბასგიტარას, ფორტეპიანოს, სოლოგიტარას, ვოკალს. ეს არ არის დატკეპნილი, ზედმეტად გასუფთავებული და ვირტუალური ხმა. ცოცხალი და ბუნებრივია.

სწორედ ეს ბუნებრივობაა ვინილის ჟღერადობის მთავარი მახასიათებელი.

უამრავი ალბომია, სადაც ცოცხალი ორკესტრი უკრავს და ეს ჟღერადობაა ფირფიტაზე. ცხადია, დასაფასებელია თანამედროვე ტექნოლოგიები. მსოფლიო წინ მიდის და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ვინილის ჩანაწერებში არის რაღაც ჯადოსნური, რის გამოც უამრავი ადამიანი ისევ სიამოვნებით უსმენს 50, 60, 70-იანი წლების მუსიკას.

უზომოდ საინტერესო 30-მდე ფირფიტა მაქვს, ბითლზის სიმღერებს რომ ასრულებენ ორკესტრები, ბიგბენდები, ლივერპულის და სამეფო სიმფონიური, სასულე, ასევე სიმებიანი ორკესტრები. მალე ამასაც გავაციფრებ. მიხარია იმის გაზიარება სხვებისთვის, რაც ჩემთვის ძვირფასია“, – ამბობს ლუკა შაიშმელაშვილი.

გვიყვება, რომ იუთუბარხის შექმნის შემდეგ უკავშირდებიან და ეკითხებიან რა ფირფიტები აქვს, როდის რას განათავსებს გვერდზე და ელოდებიან ახალ ჩანაწერებს. ამჯერად ლუკას არხი ,,ქართული მუსიკა ვინილზე“ 2500-ზე მეტ ჩანაწერს აერთიანებს, რაც დაახლოებით 140, 150 ფირფიტაა.

ლუკა პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტია და წლებია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს.

„საბანკო საქმის სპეციალისტი ვარ განათლებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხაზინის ანგარიშსწორების საქმეები მაბარია: ვალუტის კურსები, ფილიალების მომარაგება…

ფინანსები დაძაბულობასთან, რუტინასთან, სტრესთან ასოცირდება – არაფერი უნდა შეგეშალოს გადარიცხვებისას. სამსახურის შემდეგ მჭირდება განტვირთვა, რომ მოვწყდე გარემოს, სადაც ძირითად დროს ვატარებ. 6 საათის შემდეგ რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ესაა ძვირფასი დრო, როცა ვუკრავ, სიმღერებს ვწერ, ფირფიტებს ვუსმენ და ვაციფრებ. უზომოდ მაბედნიერებს, როცა ვხედავ, რომ ჩემი არხის მეშვეობით ადამიანები საკუთარ წარსულში ბრუნდებიან, ბავშვობის შემდეგ გაუჩინარებულ სიმღერებს ისევ პოულობენ და ამაზე მწერენ კიდეც. ამ საქმემ ჩემი რუტინული სამსახური გაამრავალფეროვნა“, – ამბობს  ლუკა.

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ნამდვილად 16 სართულის აშენებას გეგმავს „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში, თუ მომავალში ისევ მოითხოვს პროექტში ცვლილებას რამდენიმე სართულის დამატების მოთხოვნით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღეს არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ის მაინც არ იქნებოდა სარწმუნო, რადგან „ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით ბათუმში დაინტერესებული მოქალაქეები ბევრჯერ მოატყუეს.

ეჭვები, რაც ამ კომპანიის ბულვარში საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში ხმამაღლა გამოითქვა, ფაქტობრივად, დადასტურდა.

ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგების შეთანხმების შესახებ არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სხდომის ოქმშია დაზუსტებით ნათქვამი და არც იმ მასალებში, რაც კომპანიამ სხვადასხვა მედიასაშუალებაში სარეკლამო მასალის სახით გამოაქვეყნა. ახალი ცვლილება რომ პროექტის სიმაღლის 16 სართულამდე გაზრდას გულისხმობს, ვიცით ძეგლების საბჭოს რამდენიმე წევრისგან. ეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმაც დაგვიდასტურა.

ფაქტებით ირკვევა, რომ ბათუმის ბულვარში გაცილებით მაღალი და მასშტაბური შენობის აგება ჰქონდა ჩაფიქრებული კომპანიას ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ოთხსართულიანი შენობის [მიწისქვეშა სამი სართულით] მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართა. შენობის ფუნქციის მოგვიანებით შეცვლაც ჩანაფიქრის ნაწილი იყო.

„ამბასადორი“ იმ რენდერის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად შეითანხმეს. შენობა შუშით შეფუთულ მსუბუქი კონსტრუქცია იყო.

როგორ ჩანს, კომპანიაში კარგად იცოდნენ, რომ ამ მეთოდით ბულვარში მშენებლობის ნებართვის მიღება უფრო გაუმარტივდებოდათ – სამსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა მანსარდით, ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქციით, არ გამოიწვევდა საზოგადოების ისეთ რეაქციას, როგორიც ბულვარში 16-სართულიანი, მასშტაბური შენობის აგებაზე თანხმობამ გამოიწვია.

გაირკვა ისიც, რომ შენობას ბულვარში ბალნეოლოგიურ ცენტრთან ერთად სასტუმროს ფუნქციაც ექნება. სასტუმროს კი გაცილებით დიდი ეზო და საპარკინგე ადგილი დასჭირდება.

2018 წლიდან, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, კომპანია მშენებლობის ადგილზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში თხრიდა საძირკველს. ამის შესახებ არაერთხელ იკითხეს იმ შეხვედრებზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეჭვს იწვევდა სამშენებლო მოედანზე განთავსებული საინფორმაციო დაფაც, რომელიც ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ შეიცავდა: მითითებული არ იყო  მშენებარე პროექტის პარამეტრები, ასევე, კომპანიამ არ გამოაკრა შენობის რენდერი [ვიზიალური მასალა]  და მანამ ასაიდუმლოებდა, სანამ რენდერი „ბათუმელებმა“ არ გამოაქვეყნა.

„ამბასადორი ბათუმის“ საინფორმაციო დაფა

გაცილებით მაღალი შენობისთვის საძირკვლის მომზადებას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი უკავშირდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს კანონით ევალება პერიოდულად შეამოწმოს მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა პროექტთან. პერიოდულად „ბათუმელები“ ეკითხებოდა სააგენტოს, შემოწმებულია თუ არა მიმდინარე სამუშაოები და შესაბამისია თუ არა ის გაცემულ სანებართვო პირობებთან. სააგენტოში  გვპასუხობდნენ, რომ მშენებლობა სანებართვო პირობების შესაბამისად მიმდინარეობს და დარღვევები არ არის.

მიწის ქვეშ სამი სართულის მოწყობისა და 16-სართულიანი შენობისთვის საძირკვლის მომზადების სამუშაოები სრულად იდენტური ვერ იქნებოდა და თუ შეუსაბამობა დაფიქსირდებოდა, ეს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს უნდა გამოევლინა. როგორც აღმოჩნდა, პროექტის შეთანხმების შემდეგ დოკუმენტები სააგენტოში ისევ მიაბრუნეს და საძირკველთან დაკავშირებული ახალი დეტალები ოფიციალურად შეათანხმეს, საბჭოს წევრებს კი ეს გადაწყვეტილება მაშინ ტექნიკური მდგრადობისთვის საჭირო აუცილებლობით აუხსნეს.

ამ პროცესის პარალელურად ბათუმის  მერიის ერთ-ერთმა მოიჯარემ, რომელსაც ბულვარში რესტორანი ჰქონდა, კონფიდენციალურად გვითხრა, რომ „ამბასადორის“ კუთვნილი ტერიტორიის ირგვლივ ბიზნესს სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ ავიწროვებდნენ და „უხმაუროდ“ მოსალაპარაკებლად მათთან ერთ-ერთი ჩინოვნიკი არაოფიციალურად იყო მისული.

ამავე პერიოდში, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაატანინეს. ისინი არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

გადამოწმებით დადგინდა, რომ ბათუმის მერიას ბულვარში მოიჯარეებისგან ქონების დაბრუნების პროცედურები მართლაც ჰქონდა წამოწყებული. პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში  წლების განმავლობაში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდათ, მერიამ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა. მოიჯარეების ვერსიით, ბათუმის მერიამ ბულვარში ახალგამოჩენილი მსხვილი ინვესტორებისთვის ადგილის გათავისუფლება დაიწყო.

აჭარის მთავრობამ „ამბასადორს“ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. „საშინელებათა ოთახი“ მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მოაპირკეთა. თუმცა შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს.

2019 წლის დეკემბერში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ „ამბასადორის“ პროექტში ცვლილება განიხილა, რაც პროექტის სიმაღლის 15 სართულამდე გაზრდას ითვალისწინებდა. ამ სხდომაზე საბჭოს წევრის, ნინო ინაიშვილის პროტესტს კომპანიის დირექტორმა გოჩა კამკიამ აგრესიით უპასუხა. მან თქვა, რომ მაღლივი შენობის საძირკვლის მოსამზადებლად მილიონობით ლარი იყო დახარჯული და კომპანია ვერ დაზარალდებოდა. გოჩა კამკია იმ სხდომაზე ასევე ამტკიცებდა, რომ „ტექნიკური მდგრადობა“ არაფერ შუაში იყო და საბჭოში ეს „ძალიან კარგად იცოდნენ“.

მაშინ „ამბასადორს“ პროექტის სიმაღლის 15 სართულამდე გაზრდაზე უარი უთხრეს.

პარალელურად, 2019 წლის იანვარში კომპანიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება  მოითხოვა.

ეროვნული სააგენტოსათვის მიწერილ წერილში კომპანიის დირექტორი ირწმუნებოდა, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიას არ ეკუთვნოდა.

ამავე წერილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან დაკავშირებით, რომლისგანაც „ამბასადორს“ მშენებლობის ნებართვა ჰქონდა, კომპანია ეროვნულ სააგენტოს წერს:

„რადგან საკადასტრო ერთეული [მიწის ნაკვეთი] ძეგლის სტატუსს ატარებს, კომპანია ვალდებულია მშენებლობის უმცირესი სპეციფიური დეტალები პროექტის სახით შეათანხმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, იმ ცხად მოცემულობაში, რომ შენობა არ წარმოადგენს ძეგლს, არსებული სურათი არ შეესაბამება რეალურ გარემოებას და მოქცეულია კანონმდებლობის რეგულაციებში, შესაბამისად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის ეს არის დამაბრკოლებელი გარემოება: მას არ შეუძლია იმსჯელოს და საქმის წარმოება ჩაატაროს ობიექტზე, რომელიც არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.  ხოლო ბათუმის მერია აღნიშნულ ობიექტზე საქმის წარმოებას ვერ ჩაატარებს, იმის გამო, რომ ნაკვეთზე ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“.

ასე შეეცადა კომპანია ეროვნული სააგენტო დაერწმუნებინა, რომ მიწის ნაკვეთისთვის სტატუსი მოეხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტში მაშინ თქვეს, რომ მათთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებდა კომპანია, რომ აჭარაში სააგენტოს თავისივე გაცემული ნებართვის მშენებარე ობიექტთან დაკავშირებული დეტალების განხილვა და შეთანხმება არ შეეძლო.

ამ წერილში იკვეთებოდა კიდევ ერთი გარემოება, ის, რომ  „ამბასადორს“ ბათუმის მერიასთან ერჩივნა საქმის დაჭერა, რომელთანაც პროექტში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ძეგლების საბჭოსთან შეთანხმება საჭირო არ იქნებოდა.

ამის შემდეგ, ისევ ბათუმის მერიის ჩართულობითა და პირადად მერის ლაშა კომახიძის ძალისხმევის შედეგად, „ამბასადორი“ ბულვარში გაფართოვდა.

ნებართვის მიღებამდე „ამბასადორმა“ ბულვარში მეხუთე სართულის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის. პარალელურად ელგუჯა ქებურია კომპანიის დირექტორად არის დაფიქსირებული. შპს „ამბასადორი ბათუმის“ კიდევ ერთი დირექტორი გოჩა კამკიაა, სწორედ ის წარმართავს  მოლაპარაკებებს სახელმწიფო უწყებებთან სამშენებლო ნებართვების თაობაზე.

კომპანია „ამბასადორი“ ფლობს ასევე შპს „ელიტ სქიი რესორტის“ ასპროცენტიან წილს, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე  სასტუმროს აშენებს. ამ კომპანიის დირექტორადაც ელგუჯა ქებურია ფიქსირდება.

ელგუჯა ქებურიაა ასევე  შპს „ამბასადორის“ დირექტორი, ამ კომპანიის 75 პროცენტს ეკა კოპალეიშვილი ფლობს [მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს], დარჩენილი 25 პროცენტის მფლობელი კი საბერძნეთის მოქალაქე ბექა ქებურიაა.

ეკა კოპალეიშვილს ეკუთვნის „ამბასადორი კაჭრეთიც“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 15 779 მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ეკა კოპალეიშვილმა სახელმწიფოსგან 2016 წელს პირდაპირი წესით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 100 000 ლარად მიიღო. ამავე განკარგულებით ეკა კოპალეიშვილმა ამ ნაკვეთზე 750 000 ლარი ინვესტიციის  განხორციელების ვალდებულება აიღო.

ქებურიები ფლობენ ასევე შპს „მეღვინეობა ქებურიას“, სადაც თავად ელგუჯა ქებურია 50 პროცენტის მფლობელია. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ ასევე თორნიკე და ლია ქებურიები [25-25%].

ეკატერინე კოპალეიშვილი ფიქსირდება ასევე 2014 წელს დაფუძნებული შპს „კოსმოსის“  50 პროცენტის მესაკუთრედ. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები ვადიმ ბერესლავსკი [16.65 %] და მარკ ლიტინსკი [16.65%], ამავე კომპანიაში 16.70 % – ის მფლობელია ასევე რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრიდი, მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში  ქებურიებმა სწორედ მისგან იყიდეს.

მთავარ ფოტოზე: 16-სართულიანი პროექტის რენდერი

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი

ქედის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში გრანტს მიიღებს და შშმ პირთათვის ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენს.

„ქედის მუნიციპალიტეტი გრანტს 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრომობილობა ქედის მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას.

პროექტის ბიუჯეტით შესყიდული იქნება უახლესი, შშმ პირთათვის ადაპტირებული ელექტრო მიკროავტობუსი. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუითრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თანადაფინანსებით ელექტროავტობუსის გაჩერებისათვის ავტოფარეხის მშენებლობაც.

ელექტროავტობუსი მინიმალური დანახარჯების გათვალისწინებით განახორციელებს მგზავრთა უწყვეტ გადაადგილებას“ – აცხადებს ქედის მინიციპალიტეტის მერია.

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად სჭირდება მკურნალობისთვის. ექიმების განმარტებით, „ციკლოდოლის“ [ფსიქოტროპული ნივთიერებაა] გარეშე, პაციენტს შეექმნება მოძრაობის და სუნთქვის პრობლემები.

ადამიანები, რომლებსაც ეს მედიკამენტი სჭირდებათ, ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა მედიკამენტს ვერ პოულობენ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ სხვა პაციენტებმაც მოგვწერეს. მათი თქმით, მაგალითად, B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატ „ტენოფოვირსაც“ ვერ ყიდულობენ.

კონკრეტულად „ციკლოდოლი“, რომელიც პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ, კომპანია „გრინდექსს“ შემოაქვს საქართველოში. კომპანიაში „ბათუმელებს“ 18 იანვარს განუმარტეს, რომ სახელმწიფომ დააწესა ეს კვოტა და გაუგებარი მიზეზით მათ მედიკამენტის შემოტანის უფლება არ აქვთ.

18 იანვარს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვა წერილობით მიგვეწერა. 20 იანვარს სააგენტოს პრესცენტრში განმარტეს, რომ „ტენოფოვირი“ სახელმწიფოს პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტია და ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტრო გვიპასუხებდა, ხოლო „ციკლოდოლთან“ დაკავშირებით პასუხს სააგენტოდან ისევ უნდა დაველოდოთ.

საბოლოო ჯამში კი, დღეს, 27 იანვარს, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ოფიციალურად ეს მოგვწერა:

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შემოსული თქვენი განცხადების (N2910; 20.01.2021წ.) პასუხად, კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლსა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებს, ქვეყნის 2020 წლის შიდა კვოტის შესახებ განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე: – https://rama.moh.gov.ge, ველი- სიახლეები. 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყნის შიდა კვოტა, ამ ეტაპზე, განსაზღვრული არ არის“.

წერილს ხელ აწერს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი – პრომეთე შევარდნაძე.

წერილში მითითებულ მისამართზე [სიახლეებში] არ იძებნება ინფორმაცია კვოტების შესახებ: რატომ აწესებენ კვოტას ისე, რომ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს? სააგენტოს პასუხით ვერ დგინდება, რა ლოგიკით ადგენს სახელმწიფო კვოტებს და როგორ წარმოუდგენია სახელმწიფოს კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტის პრობლემის მოგვარება.

ბულვარში „ანბანის კოშკის“ მოიჯარემ ტერიტორია შემოღობა – რას ფიქრობენ მერიაში

ბათუმში „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია ობიექტის მფლობელმა რკინის ღობით შეღობა. კოშკის დაცვის სამსახურის განმარტებით, რკინის ღობის შემოვლების მიზეზი ის არის, რომ შემაღლებულ ადგილს ბავშვები სკეიტბორდით სასრიალოდ იყენებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ანბანის კოშკს“ მართავს კომპანია შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტი“, რომლის დირექტორი და 33%-ი წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია.

„ანბანის კოშკის“ წინ, როგორც ხედავთ, დამონტაჟებულია ერთი ასო-ბგერა, რომელშიც განათებაა დამონტაჟებული, თუმცა აღარ ანათებს, რადგან ახალგაზრდები სკეიტბორდებით ხტებიან ამ ადგილიდან და ასო-ბგერა დაზიანდა. გაღუნულია მეტალის კიდეები, კოშკის შესასვლელში დამონტაჟებული მეტალის ბადეც დაზიანებულია“, – აგვიხსნა კოშკის დაცვის თანამშრომელმა.

მისი თქმით, კოშკთან მისასვლელი დამრეცი კედლით ძალიან  ხშირად სარგებლობენ არა მარტო სკეიტბორდით მოვარჯიშე ბავშვები, ამ კედელს ველოსიპედისტებიც ხშირად იყენებენ ტრიუკებისთვის.

„გავაკარით სტიკერები, რომ აკრძალულია სკეიტბორდით ან ველოსიპედით ამ კედელზე ამოსვლა. ჩამოგვიხიეს. იძულებული გავხდით, მეტალის ღობე გაგვეკეთებინა“, – გვითხრა დაცვის თანამშრომელმა. როგორც მან გვითხრა, „ანბანის კოშკის“ მოიჯარეებს არც კედლებზე დატოვებული წარწერები მოსწონთ. „ნახეთ, რას დაამსგავსეს ანბანი, ხან რას აწერენ და ხან რას“, – გვეუბნება დაცვის თანამშრომელი.

მოიჯარემ კოშკის სვეტზე სკეიტბორდისა და ველოსიპედის ამკრძალავი სტიკერებიც გააკრა.

„ბათუმელები“ „ანბანის კოშკთან“ სკეიტბორდით მოსრიალე ბავშვსაც გაესაუბრა და ჰკითხა, რას ფიქრობდა კედელთან რკინის ღობის გაკეთებაზე. ნიკა ამბობს, რომ სკეიტბორდით სრიალისთვის ბულვარში არცთუ ისე ბევრი ადგილია, ხოლო ის ადგილი, რომელიც ახალ ბულვარშია გამოყოფილი, უკვე დაზიანებულია.

„ბეტონები ჩამტვრეულია და წყალი დგება. ერთხელ გააკეთეს, მაგრამ ორ კვირაში ისევ გაფუჭდა. ვერავინ ვერ ვსრიალებთ. კოლონადებთან ვსრიალებთ უფრო ხშირად“, – გვითხრა ნიკამ.

„ანბანის კოშკი“

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა „ანბანის კოშკის“ მოიჯარეს ღობის გაკეთების უფლება. ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ „კოშკი კერძო საკუთრებაა“ და მათგან „ნებართვა არ სჭირდება“. სინამდვილეში, „ანბანის კოშკი“ სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა იჯარითაა გაცემული კომპანია „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტზე“, რომლის დირექტორი და 33%- წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია.

„ანბანის კოშკის“ მიერ ტერიტორიის შემოღობვაზე ვკითხეთ ბათუმის მერიასაც. ჩვენ გვაინტერესებდა, რამდენად კანონიერია, როცა საჯარო სივრცეს კერძო კომპანია ღობავს. როგორც მერიაში გვითხრეს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „ანბანის კოშკის“ მიმდებარედ ღობის უნებართვოდ განთავსებასთან დაკავშირებით, კოშკის ადმინისტრაცია დღეს, 27 იანვარს, გააფრთხილა. „კომპანიამ მითითებულ ვადაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ნებართვა ან კონსტრუქციის დემონტაჟი მოახდინოს“.

ბათუმის მერია განსხვავებულად მოექცა, მაგალითად, შპს „სტარს“. ამ კომპანიამ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 6200 კვ/მეტრი თავისი ტერიტორია [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, პორტის ადმინისტრაციული შენობის წინ] შემოღობა. კომპანია „სტარის“ მფლობელი თურქეთის მოქალაქე ომერ ილდიზია. ბათუმის მერიამ ეს კომპანია ტერიტორიის შემოღობვისთვის რამდენჯერმე დააჯარიმა.

___

„სტრის“ დაჯარიმებაზე წაიკითხეთ ვრცლად

მერიამ შპს საკუთრების შემოღობვისთვის დააჯარიმა – კომპანიის საჩივარი

სადაა მგზავრი? – „მარშუტკის“ მძღოლი პანდემიის დროს

„პირველივე თვეებში დავაყენე „მარშუტკაში“ დეზობარიერიც და ხსნარიც, მაგრამ ზოგს კიდევ არ სჯერა. მე გაკვირვებული ვარ,“ – გვიყვება თამაზ ლომინაძე. მას მიკროავტობუსი აქვს და სამარშრუტო ხაზის მძღოლად მუშაობს. პანდემიამდე ქობულეთის სოფელ კვირიკედან მოჰყავდა მგზავრები ბათუმში. ამბობს, რომ გასული წლის თებერვლიდან ამ დრომდე განსაკუთრებულად იცავს ჰიგიენის წესებს და სხვებსაც იმავეს სთხოვს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს.

„მესამე დღეა ვმუშაობ, ქობულეთიდან მიმყავს მგზავრები სოფელში, ეს ნებადართულია, ბათუმისკენ ვერ წამოვალ, ახლაც პირბადე მიკეთია და ისე გესაუბრებით. მაინც არაა მგზავრი, აღარ მოძრაობს ხალხი,“ – თამაზ ლომინაძე გვიყვება, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება პანდემიამ.

თამაზ ლომინაძე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქობულეთის სოფელ კვირიკეში. შვილი თბილისშია. თამაზს ბინა ბათუმშიც აქვს და პერიოდულად ოჯახი ქალაქშია.

სულ თავიდან სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი, მეშინოდა“

სულ თავიდან სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი, მეშინოდა. ხანდახან პროდუქტების მოტანა თუ იყო აუცილებელი, მაღაზიაში გავირბენდი და ესაა. ვინმეს არ ვნახულობდი. რომ გაიგეს ჩემი ამბავი, არც სხვა ვინმე მოდიოდა ჩემთან.

თავიდან არც ეს სადეზინფექციო ხსნარები იშოვებოდა. მაშინ ერთნახად არაყს ვიყენებდი. შემოსასვლელში ბოთლში ჩავასხამდი და ხშირად ვისველებდი ხელებს. ინტერნეტს ვერ ვეგუები. ძირითადად ტელევიზიიდან ვიღებ ინფორმაციას. იმ დღეებში სულ ტელევიზორთან ვიყავი ჩამჯდარი. ვისმენდი ამბებს, ამ ქვეყანაში რა ხდება, იქეთ რა ხდება, რამდენი გარდაიცვალა, როგორ იზრდებოდა ციფრები…

მიკვირდა ხალხის, ვისაც ამის არ სჯეროდა. როგორ შეიძლება მსოფლიოს 215 ქვეყანაში იყოს ვირუსი და ჩვენთან არ იყოს? ან მსოფლიომ გამოიგონოს ვირუსი?

მგონი, უფრო იოლია პანდემიის გადატანა, როცა შენი ბაღი გაქვს. მე თხილის ბაღი მაქვს სოფელში, მანდარინისაც, იმას ვუვლიდი.

„მარშუტკაში დეზობარიერიც მოვაწყვე, სადეზინფექციო ხსნარიც მაქვს და ვიდეოთვალიც…“

ზაფხულისკენ მოგვცეს მუშაობის უფლება. მეც შესაბამისად მოვემზადე. „მარშუტკაში“ დეზობარიერიც მოვაწყვე და სადეზინფექციო ხსნარის ბოთლიც ჩამოვკიდე. მერე ვიდეოთვალიც დავაყენებიე. ითქვა, ჯარიმებიაო.

მგზავრს თუ დავინახავდი პირბადის გარეშე, ვეუბნებოდი, ვერ ამოხვალ, ვიდეოკამერაა მანქანაში და დაფიქსირდები-მეთქი. ვინც ამოსულია მარშუტკაში, იმათაც ვეუბნები, არ მოიხსნათ პირბადე, თორემ აგერ, ბატონო, ვიდეოთვალია-მეთქი.

მაგრამ სადაა მგზავრი? მარშუტკით არა, ისე მოძრაობენ. ბათუმში რომ ჩამოვდივარ საღამოობით, სულ საცობებია. ეს ხალხი ამბობს, რომ უჭირთ. თუ უჭირთ, ამდენი მანქანა საიდან? მეც ვფიქრობ, რომ უჭირთ და ზოგიერთ ოჯახს მაინც ორი-სამი მანქანა აქვს.

ზოგჯერ წაგებაზეც ვმუშაობ, ისე გაძვირდა დიზელი, მაგრამ მაინც დავდივარ. მირჩევნია მუშაობა, სულ არაობას.

პენსია რომ არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა

59 წლის ვარ, მაგრამ პენსიას ვიღებ. 20 წელი ძალოვან უწყებებში ვიყავი, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ვმუშაობდი, უფროსი ლეიტენანტი ვარ, ოფიცერი. სააკაშვილი რომ მოვიდა, მაშინ გამომიშვეს, მაგრამ პენსიას მაძლევენ – თვეში 280 ლარია.

თამაზ ლომინაძე

პენსიით, ძირითადად, მე და ჩემს მეუღლეს გაგვაქვს თავი, ის დიასახლისია. როგორ გითხრათ, რომ გვყოფნის, არ გვყოფნის, მაგრამ რას იზამ? ვერ ვიწუწუნებ. სოფელი მაქვს, მანდარინიც კარგად გავყიდე და არ მიჭირს.

მანდარინი თავიდან კარგად იყიდებოდა, მე 70 თეთრად გავყიდე. ხალხს ეგონა, ამ გაჭირვებაში იქნება მეტად გაიყიდოსო, მოცდა დაიწყეს და მერე სულ ჩავარდა სეზონი, ბევრმა ვეღარ გაყიდა…

მთავარია, კორონა არ შემხვდეს სადმე

მთავარია, კორონა არ შემხვდეს სადმე. ღმერთს მადლობა, ჩემს ოჯახში არ ყოფილა. იმედია, არც გამეკარება…

მგონია, რომ წელს დამთავრდება ყველაფერი და ხალხიც მოითქვამს სულს. ბევრს ბანკის ვალი აქვს, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგიც – კმაყოფილი. ზოგს ძველი მთავრობა მოსწონს, ზოგს – ახალი, რას გაიგებ?

ბათუმში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი, თებერვლის პირველი დღეები კი თბილი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  27 იანვრის 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უმეტესად უნალექოდ. ხვალ, 28 იანვარს, სანაპირო ზონაში დღის ბოლოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა, მთებში კი – ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით  შესაძლებელია გაძლიერება 17-22მ/წმ-დე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 29 იანვარს ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში მოთოვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ბათუმში კვირას, 31 იანვარს, გამოიდარებს და უნალექო დღეები 5 თებერვლამდე გასტანს, ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს.

____________

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში?

პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი…

თუკი მთავრობა მიიჩნევს, რომ აჭარაში ეპიდსიტუაციის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა და ბავშვებიც კი მიდიან სკოლაში, რატომ არ უნდა იარონ საჯარო მოხელეებმა სამსახურში?

აჭარის მთავრობის აპარატში გვითხრეს, რომ ისინი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას ასრულებენ და ისევ შერეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მთავრობის პრესცენტრში განმარტავენ, რომ მათი ამოცანაა სერვისების შეუფერხებლად მიწოდება და ის, რომ მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნათ.

„შესაძლოა, გადაიხედოს ეს რეკომენდაციაც,“ – დასძინეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

შერეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ბათუმის მერიაც. აქაც ძირითადად მენეჯმენტი დადის სამსახურში, სხვა საჯარო მოხელეები კი – საჭიროების მიხედვით.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები დღემდე მუშაობენ ადგილზე – უწყებებში. ის თანამშრომლები, რომელთა მოსვლაც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, მუშაობენ დისტანციურად, შერეულ რეჟიმში. საჭიროებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

რატომ არ იცვლება მუშაობის რეჟიმი ბათუმის მერიაში პირველი თებერვლიდან, როცა შეზღუდვების ნაწილი უქმდება? – ბათუმის მერიის პრესცენტრიდან ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

დახურული რჩება სასამართლო სხდომებიც. გასული წლის აპრილიდან ამ დრომდე სასამართლოების ერთიან პორტალზე ტექნიკური ხარვეზის მოტივით აღარც სასამართლოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება.

„გარკვეულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ ჟურნალისტები და პროცესის მონაწილეები. სხვები არა, პანდემიის გამო,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ. მისი თქმით, ამ კუთხით ახალი რეკომენდაცია შემუშავებული არ არის და მოსამართლეები ძირითადად დისტანციურ რეჟიმში განიხილავენ საქმეებს.

ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 100 331 251 შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 2 159 523 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 425 227 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 218 878 – ბრაზილიაში და 153 724 – ინდოეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია კვლავ აშშ, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 25 443 700 ადამიანი, ასევე, ინდოეთი –10 689 527 ინფიცირებული და ბრაზილია – 8 933 356 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, იანვრიდან დღემდე კორონავირუსისგან განიკურნა 55 465 728 ადამიანი.

 

პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დროულად მიღებას სთხოვს. ის მსჯავრდებულიცაა და ბრალდებულიც. მისთვის ერთ-ერთ საქმეზე ბრალის წარდგენიდან [2017 წლის 14 აგვისტო] 3 წელი და 5 თვე გავიდა, თუმცა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს სხვა საქმეზე მე-2 დაწესებულებაში იხდის.

ლეონიდე მიქაბერიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში ამნისტია ეხება, მაგრამ იმისთვის, რომ პატიმარმა ციხე არ დატოვოს, მას მეორე საქმეზე, რომელიც ამ დრომდე დასრულებული არ არის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებენ.

2014 წელს ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს. მან საპატიმრო დაწესებულება 2021 წლის აპრილში უნდა დატოვოს. 2017 წლიდან ლეონიდე მიქაბერიძეს პროკურატურა „პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას“ ედავება. ამ მუხლის მეხუთე ნაწილი 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აპროტესტებს იმას, რომ 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმის განხილვა ამ დრომდე დასრულებული არ არის და ირღვევა კანონის მოთხოვნები.

„2017 წლის 14 აგვისტოს წარმედგინა ბრალი… ჩემს საქმეზე დარღვეულია სასამართლოსთვის განაჩენის გამოსატანად დადგენილი ვადა, ვინაიდან 24 თვე გავიდა 2019 წლის 7 დეკემბერს… ვადის გაცდენა არ იყო გამოწვეული ფორსმაჟორით და არც ბრალდების მხარეს მოუთხოვია კანონით დადგენილი წესით ვადის აღდგენა,“ – წერს ლეონიდე მიქაბერიძე ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

პატიმარი იმ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 თვეში. ლეონიდეს თქმით, მისი საქმეზე ბოლო წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 7 დეკემბერს გაიმართა.

2018 წლიდან ამ საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მისი განხილვა დასრულებული არ არის.

„როდესაც მე პირველივე შესაძლებლობისთანავე განვაცხადე სასამართლოში ამის შესახებ, სრულიად აბსურდული და სამართლებრივად არგუმენტს მოკლებული პასუხი მივიღე, როგორც მოსამართლისგან, ასევე პროკურორისგან. რა თქმა უნდა, ჩემი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა,“ – წერს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძის თქმით, მის საქმეზე მოსამართლე რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა საქმის განხილვა თავიდან არ დაწყებულა.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ საერთო სასამართლოების პრობლემაა ყველგან და ყველა ინსტანციაში საქმის განხილვის ვადების დარღვევა. „ახალი სასჯელი თუ უფრო მკაცრი იქნება, ის შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს,“ – განმარტავს იურისტი.

კანონის მიხედვით, თუკი ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია, ამ შემთხვევაში საქმის განხილვა 9 თვეში უნდა დასრულდეს. არასაპატიმრო საქმეებზე კი, რაც ლეონიდე მიქაბერიძის შემთხვევაშია, განაჩენისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა 2 წელია.

____

„ბათუმელები“ ხშირად წერს საქმეებზე, სადაც ეს ვადები დარღვეულია, მაგალითად, „ბათუმის ციხის უფროსების საქმის“ განხილვა 2014 წლიდან ამ დრომდე დასრულებული არ არის. ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი, რომლებიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ამბობენ, რომ აწამებდნენ, ჯერ სასამართლოს არც კი დაუკითხავს.

ლეონიდე მიქაბერიძე ხშირად აპროტესტებს პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს და სისტემის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში.

ლეონიდე მიქაბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად მიჩნევას სთხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის, რომელიც პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას გულისხმობს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევა 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლეონიდე მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი მოსამართლეს ინდივიდუალური შეფასების საშუალებას არ აძლევს.

ეს ის მუხლია, რომელზეც ამ დრომდე ლეონიდე მიქაბერიძე ბრალდებულია და სასამართლოს განაჩენი არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი, მარიკა ჭკადუა „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ ლეონიდეს არც ამჯერად ჰყავს ადვოკატი, ხოლო მისი ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ, 28 იანვარს გაიმართება.

„…როგორც ლეონიდემ მითხრა, ამჯერად აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს სასამართლო, რომ ლეონიდე ამნისტიის შედეგად გარეთ ვერ გამოვიდეს. მან უნდა დატოვოს საპატიმრო და ამ მეორე საქმეზე პროკურორი ითხოვს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. პროკურატურას არ აწყობს, რომ ლეონიდე გარეთ იყოს,“ – ამბობს მარიკა ჭკადუა.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაური განიხილავს.

ლეონიდე მიქაბერიძე 2016 წელს დავობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინაც მას მსჯავრდებულთან ერთად ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდა – კანონით ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ. მაშინ ლეონიდე მიქაბერიძემ სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

ამ თემაზე:

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

 

აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? | მშობლების გამოკითხვა

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება.

მშობლების მოსაზრება სწავლის განახლებაზე ორად იყოფა – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწავლა სკოლებში არ უნდა განახლდეს, ზოგიერთი მშობელი კი სწავლის საკლასო ოთახებში განახლების მომხრეა.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში.

თქვენი აზრით, შესაძლებელი იქნება თუ არა სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული წესების დაცვა?


მოხერხდება სკოლაში უსაფრთხოების წესები დაცვა?

მასწავლებლებს აჭარაში კორონავირუსზე ტესტირებას უტარებენ

აჭარაში მასწავლებლების და სკოლის მომსახურე პერსონალის ტესტირება დაიწყო კორონავირუსზე. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, 27 იანვრის მონაცემებით 2000-მდე კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგია დატესტილი სწრაფი ტესტით.

„ტესტირება მიმდინარეობს აჭარის მასშტაბით, გუშინ ბათუმის რამდენიმე სკოლაში ჩატარდა ტესტირება, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები არიან ჩართული.

დაიტესტება აბსოლუტურად ყველა პედაგოგი, ასევე სკოლის დამხმარე პერსონალი, იქნება ეს მძღოლი, დამლაგებელი თუ სხვა პირი, ვინც შედის სკოლის ტერიტორიაზე“, – გვეუბნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდებათ იმ პედაგოგებსაც, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ 3 თვის წინ და უფრო ადრე.

სწავლა აჭარის ტერიტორიაზე სკოლის შენობებში ორშაბათს, პირველ თებერვალს უნდა განახლდეს. ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ტესტირება უნდა დასრულდეს – მთლიანობაში 9000-მდე პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი უნდა დაიტესტოს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებმა უკვე მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაიცვან საკლასო ოთახებში ქცევის წესები კორონავირუსისგან თავის დასაცავად. მიუხედავად რეკომენდაციებისა, მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციამდე არ უნდა განახლებულიყო სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში, რადგან ინფიცირების გავრცელების რისკი იზრდება. მშობლების ნაწილი კი სკოლებში სწავლის განახლების მომხრეა.

ავარიული დაზიანების გამო ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა

ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეუწყდა ბაგრატიონის ქუჩას, ასევე სულაბერიძისა და გონიოს შესახვევის ქუჩების მონაკვეთს.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში.,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება ღამის 12 საათიდან აღდგება.

ბათუმელი ვერონიკა ჰოლოკოსტსა და საქართველოში ებრაელების ცხოვრებაზე

27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. ჰოლოკოსტის სახელით აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. გენოციდის შედეგად 6 მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა.

რას ამბობენ ჰოლოკოსტზე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ებრაელები? „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა.

19 წლის ვერონიკა ფერდმანი ბათუმელია. „ჰოლოკოსტი ჩემთვის ერთი ყველაზე დიდი ტკივილია და იმედი მაქვს, რომ არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ განმეორდება,“ – გვითხრა მან.

ვერონიკა ამბობს, რომ ებრაელი ხალხის ისტორიას მაშინ გაეცნო, როცა საკვირაო სკოლაში შევიდა და მშობლიური ენის და ისტორიის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერონიკას ოჯახი დევნილი არასდროს ყოფილა, ჰოლოკოსტის ხსენებაზე იგი მაინც სევდიანდება.

ვერონიკა 11 წლის იყო, როცა ანა ფრანკის დღიური წაიკითხა. ამბობს, რომ ამ წიგნის  წაკითხვის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გახდა.

„ვერ ვიჯერებ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ არსებობდა ადამიანების განადგურების პოლიტიკა“, – ამბობს ვერონიკა.

ჰოლოკოსტზე საუბრისას იგი ჰოლოკოსტსგადარჩენილი კაცის ისტორიას იხსენებს, რომელსაც 5 წლის წინ, ამერიკაში ყოფნის დროს შეხვდა:

„მიყვებოდა, როგორ დამალეს პატარა ბიჭი პოლონელმა მეზობლებმა ქვის ორ კედელს შორის, რომ ფაშისტებისგან დაეცვათ. როგორ ფიქრობდა სიკვდილსა და სიცოცხლეზე, როგორ გადარჩა და დღეს თავისუფალი ადამიანია, რომ აღარ არსებობს ეს ორი კედელი და არც არასდროს აღარ უნდა გაჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში“.

ვერონიკა ფერდმანი ბათუმის სინაგოგაში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

ვერონიკა გვიზიარებს თავის პირველ შთაბეჭდილებას იერუსალიმში მდებარე იად ვაშემის მუზეუმის შესახებ, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია მსოფლიოში.

„ვუყურებდი ათასობით ადამიანის ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სათვალეებს, ბეჭდებს, სავარცხლებს, რომლებიც  საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულებისგან დარჩა და საშინელ ტკივილსა და მწუხარებას განვიცდიდი.

თავში უამრავი კითხვა მქონდა… რატომ?!  სად იყო მთელი მსოფლიო მაშინ, როცა ეს ხდებოდა?

რა დააშავა ამდენმა ბავშვმა, ქალმა, მოხუცმა? რატომ უნდა მოკლა ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელია?

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფეხსაცმელები.
ფოტო: იად ვაშემის მუზეუმი

6 მილიონი ადამიანი გაანადგურეს. წარმოიდგინეთ, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, რამდენ სარგებელს მოუტანდნენ კაცობრიობას.

მაგალითად, ალბერტ ბურლას ოჯახი, რომელიც ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ დირექტორია, ფაშიზმს გაექცა საბერძნეთიდან, ამერიკაში გააგრძელეს ცხოვრება და დღეს ეს კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო იმ ათასობით, ასიათასობით დაღუპულ  ადამიანსაც, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ“.

ჰოლოკოსტს 6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ფოტო: იად ვაშემის მუზეუმიდან.

ვერონიკა ამბობს, რომ საქართველოს სამართლიანად აქვს სტუმართმოყვარე ქვეყნის სახელი, რადგან 26 საუკუნის მანძილზე ებრაელები ყველაზე მშვიდობიანად გრძნობდნენ აქ თავს. თუმცა 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის მოტივად სწორედ მისი ებრაული წარმოშობა დასახელდა.

ვერონიკა ამბობს, რომ ვიტალი მისი მეგობარი იყო და მისი მკვლელობა უდიდესი ტკივილია მისთვის.

„სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ მოხდა. ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ ჩაგვრას, ზიზღსა და მტრობას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩვენს დროში, ჩვენს ცხოვრებაში,“ – ამბობს ვერონიკა.

საქართველოში ანტისემიტიზმად მიიჩნიეს  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგება, რომელმაც 20 დეკემბერს ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა „ქრისტიანთა მდევნელი“ და „ურწმუნო მოდგმა“.

მიტროპოლიტის ქადაგებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან.

ვერონიკას ამ თემაზე საუბარი არ სურს, თუმცა დასძენს, რომ მთავარია დროულად შევაჩეროთ აგრესია და ჩვენ გვაქვს ამის უნარი.

ვერონიკა ამბობს, რომ განსაკუთრებით დაამახსოვრდა ჰოლოკოსტსგადარჩენილი ერთი ადამიანის სიტყვები, რომელიც ამერიკაში ყოფნისას გაიცნო:  „ისწავლეთ ერთმანეთის დაფასება… ვერასდროს მიხვდებით ჩვენს რეალურ ტკივილს და განცდებს, სანამ თვითონ არ დადგებით სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე“.

„უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ბაღებში, სკოლებში, რომ დააფასონ და უყვარდეთ ერთმანეთი, უბრალოდ კი არ უნდა მოვუყვეთ, სწორად უნდა ავუხსნათ და ვასწავლოთ, თუ რატომ არ შეიძლება მსგავსი სისასტიკის გამეორება და რატომ არის ეს დაუშვებელი.

ის, რაც ებრაელმა ხალხმა განიცადა მეორე მსოფლიო ომის დროს, აღარასდროს უნდა განმეორდეს. იმიტომ ვარსებობთ ჩვენ, იმიტომ არსებობს ჰოლოკოსტის მუზეუმები, რომ შევახსენოთ ადამიანებს, რატომ არ უნდა განმეორდეს მსგავსი სისასტიკე. უნდა გვახსოვდეს წარსულში დაშვებული შეცდომები, უნდა გავაანალიზოთ აწმყოში, რომ მომავალში არ დავუშვათ არასოდეს,“ – ამბობს ვერონიკა.

ბათუმის სინაგოგა.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12, გამოჯანმრთელდა – 1081.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 89, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 75, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში -12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

ამ ეტაპზე 2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.

 

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 1 პაციენტი, კლინიკებში მკურნალობს 211 პაციენტი,  კოვიდსასტუმროშია – 121, ონლაინკლინიკაში – 317.

აჭარაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე თებერვალში ნახევარი მილიონი დაიხარჯება 

2021 წლის პირველი თებერვლიდან  26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში აჭარის მუნიციპალიტეტებში სკოლის მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება. აჭარის განათლების სამინისტრო თებერვლის თვეში [20 სასწავლო დღე] ტრანსპორტის დაქირავებაში 529 506 ლარს გადაიხდის – ტენდერის გარეშე.

ტრანსპორტი მოემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, ვინც სკოლიდან არანაკლებ 2 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს – ხულოს, შუახევის, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ნაწილობრივ ბათუმში მცხოვრებ მოსწავლეებსაც [ძირითადად ქალაქსშემოერთებულ ტერიტორიებზე].

„აჭარის მთელ ტერიტორიაზე [ხულოს, ხელვაჩაური-ბათუმის, შუახევის, ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტები] სასწავლო პროცესი საკლასო სივრცეში განახლდება 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან. შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების დადებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა მომსახურების შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის გზით“, – აღნიშნულია განაცხადში, რომლითაც აჭარის განათლების სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის მიმართა.

აჭარის მუნიციპალიტეტებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურებაზე კონსოლიდირებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადა. ტენდერები შერჩევა-შეფასების ეტაპზეა [ჯერ არ დასრულებულა].

„კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების საკითხი დამოკიდებულია პანდემიის პირობებში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო წინასწარ იმის განსაზღვრა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლება, რათა ტენდერები გამოცხადებულიყო“, – აცხადებს აჭარის სამინისტრო.

ტრანსპორტის მესაკუთრე/მესაკუთრეები, ვისთანაც ხელშეკრულება გაფორმდება, ვალდებული იქნება დაიცვას მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“, „პირბადის ტარების წესი“. ამასთან, ავტოტრანსპორტში ასვლამდე უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების თერმოსკრინინგი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი, სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მოწყობილობით მიმწოდებლის მიერ.

სკოლის ტრანსპორტში დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიც მუნიციპალური ტრანსპორტისთვის.

აჭარაში საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტი სხვა თვეებშიც მოემსახურება, თუ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლა სკოლის შენობებში გაგრძელდება. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში ჯამში 1 მილიონ 750 ათასი ლარია გათვალისწინებული.

როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, შემდეგ კი განათლების მინისტრმაც დაადასტურა, ქვეყნის მასშტაბით პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, გამონაკლისი სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და რუსთავია.

საქალაქო ტრანსპორტი ამ სამ ქალაქში არა თებერვლიდან, არამედ პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამასთან ქვეყანაში კვლავ აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

„არსებული შეზღუდვების პირობებში განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ალტერნატიული რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცხოვრობს სკოლიდან მოშორებით, მიზანშეწონილია განხილულ იქნას სხვადასხვა შესაძლებლობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში.

ამ თემაზე ვრცლად:

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ღია წერილი გახარიას და სხვებს – ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია!

ღია წერილის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

___

წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოება ბათომი და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება და უკანონოდ მიიჩნევს ქ. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 16 სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც პროექტის თანახმად ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება.

პროექტს კომპანია შპს “ამბასადორ ბათუმი” ახორციელებს და მშენებლობა დაგეგმილია ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შუშის შენობის პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრთა დიდმა ნაწილმა და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.
მითითებულ ტერიტორიაზე შპს “ამბასადორ ბათუმს” ნებართვა ჰქონდა ოთხსართულიანი (დამატებით სამი სართული მიწის ქვემოთ) გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობაზე, თუმცა შენობის საძირკვლის მასშტაბურობა და 2020 წელს მისთვის მეხუთე სართულის უკანონოდ დაშენება საწყისშივე აჩენდა ეჭვს, რომ კომპანიას ბულვარის ტერიტორიისთვის სრულიად შეუსაბამო, უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობა სურდა.

კომპანია ამ ტერიტორიაზე 2019 წელსაც ითხოვდა 15-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას, თუმცა მაშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მსგავსი მრავალსართულიან მშენებლობა ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია და ნებართვის გაცემაზე უარი თქვა. ბულვარში 15 სართულიანი მშენებლობის აშენებას ეწინააღმდეგებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძეც.

თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, 2020 წლის ბოლოს კომპანიამ სააგენტოს ბულვარის ტერიტორიაზე ამჯერად უკვე 16-სართულიანი, შუშისა და ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობაზე (ძეგლზე ჩასატარებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე) ნებართვის თხოვნით მიმართა, რაზეც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი.

საზოგადოება ბათომი უკანონოდ მიიჩნევს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას.

ბულვარის ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები არსებით წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონთან, რომლის თანახმადაც ძეგლის განვითარება დასაშვებია მხოლოდ მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნებით, რომლებიც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, ან სხვა ღირებულებას. ბულვარის, როგორც საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსის ტერიტორიაზე კი სასტუმროს დანიშნულების მაღალსართულიანი შენობის მშენებლობა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბულვარის დაცვის სახელმწიფოებრივ ინტერესთან. საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას, რაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების, დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, პირდაპირი დარღვევაა.

ბულვარში მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა კომპანიის მიერ შეფუთულია როგორც ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ პროცესის კანონმდებლობასთან აცდენას, რამდენადაც ქართული კანონმდებლობა ძეგლის რეაბილიტაციას მხოლოდ მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და არა მისი ისტორიისა და მნიშვნელობის წაშლის მიზნით უშვებს.

ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.

იმის ნაცვლად, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უზრუნველყოს საკუთარი ვალდებულების შესრულება და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ისეთი უხეში ჩარევებისგან, როგორც კულტურული მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცის ისტორიულ ნაწილში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაა, სააგენტო მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით პირიქით თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ, გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, საზოგადოება ბათომი ბულვარის და ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად სამართლებრივ დავას დაიწყებს. საინიციტივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ კიი გააგრძელებს საზოგადოებრივ პროტესტს ბულვარის დასაცავად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

1. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განუხრელად შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და არ დაუშვას ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის არსებითი გაუარესება მასში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობით, მისი დაცვის ნაცვლად.
2. ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე მორატორიუმი გამოცხადდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო განვითარების განხორციელებაზე.

დეპუტატისთვის ნაგვის დაყრაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ირაკლი ფანგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარი გირაოს გადახდა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 26 იანვარს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.

გირაოს გარდა, სასამართლომ ბრალდებულს აუკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საზღვრის კვეთა. ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთანაც უნდა გამოცხადდეს.

ირაკლი ფანგანს გამოძიება „პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის“ მუხლით [156-ე მუხლის მე-2 ნაწილი] ედავება, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ დაკავებულის სასამართლო პროცესამდე გათავისუფლება იმით ახსნა, რომ პროკურატურა სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

ირაკლი ფანგანი 24 იანვარს დააკავეს სამართალდამცველებმა. მან 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს პროტესტის ნიშნად ნაგავი დააყარა.

ირაკლი ფანგანი პროკურატურამ 25 იანვარს გაათავისუფლა სასამართლო პროცესის გამართვამდე.

ექნებათ თუ არა სკოლებს შერეული მეთოდით სწავლების გაგრძელების უფლება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით სკოლები მზად არიან საკლასო ოთახებში სწავლის გასაახლებლად.

„ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რადგან სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება უსაფრთხო გარემო,“- ამბობს ჩხენკელი.

მან ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა, რომელიც ამ დღეებში ყველაზე ხშირად ისმის მშობლების მხრიდან – აქვთ თუ არა სკოლებს უფლება ინდივიდუალურად გადაწყვიტონ დარჩებიან დისტანციურ სწავლებაზე თუ გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში; ან იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კონკრეტული კლასი გადაწყვეტს სწავლა გააგრძელოს დისტანციურ რეჟიმში, მისცემს თუ არა ამის უფლებას მას სამინისტრო.

„ბათუმელებმა“ ამის შესახებ სამინისტროსაც სთხოვა კომენტარი, სადაც გვითხრეს, რომ „ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და სკოლებს რეკომენდაციები ეცნობებათ, როცა იქნება საბოლოო გადაწყვეტილებები.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლებამდე მხოლოდ 5 დღეა დარჩენილი.

რაც შეეხება სამ დიდ ქალაქს – თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს, როგორც მინისტრი ამბობს,  საკლასო ოთახებში სწავლის განახლების  გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ კორონავირუსის მაჩვენებელი პირველ მარტამდე, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში,  4-პროცენტიან მაჩვენებელზე ჩამოვა.

________________________

ამავე თემაზე:

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა – ბავშვთა ფსიქოლოგი

დღეს ხშირად მშობლებისა და ბავშვების რეალურ ურთიერთობებს სმარტფონი, ტაბლეტი და ლეპტოპი ანაცვლებს. რა გავლენა აქვს ბავშვებზე ადრეულ ასაკში უფროსებთან კომუნიკაციის ნაკლებობას, როგორ აისახება ეს გარდატეხის ასაკზე და როგორ აკავშირებს ზღაპრების ერთად კითხვის ჩვევა ბავშვებსა და მშობლებს ერთმანეთთან? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე საუბრობს.

მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს

მშობლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გაიგოს შვილის საჭიროებები, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ჩვეულებრივ მშობელი აკვირდება საკუთარ შვილს სხვადასხვა გარემოში: როგორ სძინავს, იკვებება, თავს როგორ გრძნობს, როგორია მისი ჯანმრთელობა.

ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა რომ ვიცოდეთ, აუცილებელია მასთან აქტიური კომუნიკაცია, პოზიტიური კავშირი. ასეთ დროს ბავშვს აქვს დაცულობის შეგრძნება, გრძნობს, რომ უფროსების წრეში ის მიღებული ადამიანია. ეს მომენტები ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ხშირად გარდატეხის ასაკის ბავშვების მშობლები მოგვმართავენ, რომ კონსულტაცია გავუწიოთ ურთიერთობების გამოსასწორებლად. ამ დროს შესაძლოა ჩარევა დაგვიანებულიც კი იყოს, რადგან მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძილის წინ ერთად ხმამაღლა კითხვა და ამბების თხრობა

მშობლებსა და შვილებს შორის პოზიტიური ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საერთო რიტუალები. რიტუალი განმეორებადი ქცევაა. ძალიან კარგი რიტუალია ძილის წინ ერთობლივად ხმამაღლა წიგნის კითხვა. ეს მეთოდი მსოფლიოში მრავალგზის ნაკვლევია, მისი სასიკეთო შედეგები მრავალმხრივია.

კითხვისას მშობელი ბავშვთან ატარებს დროს მარტო. ამ დროს ბავშვებს სიახლოვის, დაცულობის, სიყვარულის განცდა აქვთ.

შეიძლება ერთად დროის გატარება უბრალოდ ამბების თხრობით, რასაც ასევე დადებითი გავლენა აქვს ბავშვის განვითარებაზე.

ადრეული ასაკიდანვე შეგვიძლია ვესაუბროთ ბავშვებს, გავაცნოთ წიგნები მანამ, სანამ მათ არ იციან ლაპარაკი, ვათვალიერებინოთ ფერადი, ილუსტრირებული გამოცემები. მივცეთ საშუალება, თავად გადაფურცლონ, დაათვალიერონ.

მაშინაც კი, როცა ამბის შინაარსი არ ესმის ბავშვს, მშობლების ხმა მასზე დადებითად მოქმედებს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამბის თხრობას ისინი გაბმულ, მუსიკალურ ჟღერადობად აღიქვამენ.­­­­

ზღაპრების უარყოფითი სცენები ბავშვს ეხმარება, აღიქვას ცხოვრებისეული სირთულეები

ხანდახან ხალხურ ზღაპრებში შეიძლება იყოს ბევრი აგრესია, უარყოფითი სიუჟეტი, სევდიანი ამბავი და ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი ზღაპრები არ უნდა წაუკითხონ ბავშვებს. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ზღაპრების უარყოფითი სცენები ბავშვს ეხმარება რეალურად აღიქვას ცხოვრებისეული სირთულეები. ეს აუცილებელიცაა, რადგან თუ თავადაც გადააწყდება სირთულეებს, ექნება მზაობა მათ გადასალახად, ეცოდინება, რომ უნდა ეძებოს გზა, გამოსავალი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ზღაპრების საშუალებით ბავშვს ცხოვრებისეული სირთულეების მოდელირების უნარი აქვს.

რახან ზღაპრები ძირითადად მაინც კარგად მთავრდება, ბავშვს აქვს განცდა, რომ ბევრი ცუდიც რომ მოხდეს, მაინც ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს იმედისმომცემი დასასრულის ეფექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ზღაპრებით ბავშვებს სამომავლო სოციალიზაციისთვის ვამზადებთ.

უნდა ვეცადოთ, რომ წიგნების კითხვა ბავშვებისთვის ხალისთან, მხიარულებასთან ასოცირდებოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ოსტატურად შევარჩევთ ასეთ ტექსტებს.

ზღაპრის კითხვის პროცესი მხოლოდ ამბის გადმოცემა არ არის. ხშირად ბავშვები გვეკითხებიან კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას, განვიხილავთ ზღაპარში წამოჭრილ თემებს. ხშირად ბავშვი რომელიმე პერსონაჟთან აიგივებს თავს ან რომელიმე ისტორიას საკუთარ ამბებს უკავშირებს და გვიყვება თავის გამოცდილებაზე, გრძნობებზე.

თუ მშობლები კითხულობენ, ამ ქცევას ბავშვიც „დაისწავლის“

ხშირად მოგვმართავენ მშობლები, რომ ბავშვებს არ უყვართ კითხვა.

წიგნი ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა გავაცნოთ.

ბავშვისთვის ძალიან ძვირფასია დრო, რომელსაც მას მშობელი უთმობს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მშობლებს აღარ გვცალია.

როგორც წესი, თუ მშობლები კითხულობენ, ამ ქცევას ბავშვი „დაისწავლის“ და მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი ქცევა, ასე იქცევა დედა, მამა და ეცდება, დანერგოს ეს პროცესი საკუთარ ცხოვრებაშიც.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები წიგნის კითხვას ბავშვის დასჯის საშუალებად იყენებენ. ხანდახან ვეუბნებით ბავშვებს, რომ რაღაც წიგნი უნდა დაამთავროს აუცილებლად, ტექსტი უნდა „ჩაგვაბაროს“.

პროცესის მიმართ, რომელიც სასჯელად გამოიყენება, ბავშვს უარყოფითი განცდები უჩნდება. თუ დასჯილი ვარ და ამიტომ ვკითხულობ, ესე იგი, კითხვა სიამოვნებას არ უნდა მანიჭებდეს. რეკომენდებულია, რომ არასდროს არ დავსაჯოთ ბავშვი წიგნის კითხვით.

როგორ მოქმედებს ზღაპრების კითხვა ბავშვებზე, ამას აღნიშვნაც არ სჭირდება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ყოველ საღამოს ერთად ზღაპრების კითხვის ჩვევა ნიშნავს კოგნიტური უნარების განვითარებას, საუკეთესო საათებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, კონცენტრაციის, წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, კულტურული თავისებურებების გაცნობას, მრავალფეროვნებას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენას.

[ყველაზე ხშირად ბავშვთა ფსიქოლოგებს სწორედ ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემაზე გვიწევს მუშაობა

ადრეული ასაკიდანვე კითხვის გავლენა მაშინვე არ ჩანს და შედეგი თვალშისაცემი არ არის, თუმცა ეს ჩანს გარდატეხის ასაკში. ამ დროს მშობლებთან და უფროსებთან ნაკლებად სურთ ურთიერთობა მოზარდებს და ავტორიტეტულები მათთვის თანატოლები ან უცხო ადამიანები ხდებიან.

ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობაც კი რთულდება გარდატეხის ასაკში. ის ურთიერთობა კი, რომელიც ასეთი არ იყო, შესაძლოა განწირულიც კი იყოს.

ყველაზე ხშირად ბავშვთა ფსიქოლოგებს სწორედ ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემაზე გვიწევს მუშაობა.

ხანდახან მშობლები მოგვმართავენ სულ სხვა მიზეზით  და აღმოჩნდება, რომ რეალურად პრობლემის უკან შვილებთან კომუნიკაციის პრობლემაა.

სწორედ ეს კავშირი განაპირობებს ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას,  მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

როცა ურთიერთობები არაჯანსაღია, შეიძლება გამოგვეპაროს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები ბავშვის ცხოვრებიდან. ხშირად ისინი არიან ბულინგის, ძალადობის მსხვერპლები, ან თავს გრძნობენ ცუდად და სჭირდებათ დახმარება, თუმცა იმის გამო, რომ მშობლებთან არ აქვთ ჯანსაღი კომუნიკაცია, არ უზიარებენ მშობლებს სხვადასხვა გამოცდილებას. ბავშვთან და მის ცხოვრებასთან კავშირი რომ არ გავწყვიტოთ, კომუნიკაცია ჯანსაღი უნდა იყოს.

„სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“ – ავტობუსების კონტროლიორი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ის აჭარის მთავრობის სახლის წინ, ე.წ. თავისუფლების კვარტალში საპროტესტო აქციებზე დააფიქსირეს.

ლელა ჩხაიძე არ მალავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. „მაგრამ ვერავინ დამიმტკიცებს, რომ სამუშაო საათებში ვიყავი აქციაზე“, – ამბობს ის.

ლელას თქმით, ის 31 დეკემბერს გაუთავისუფლებიათ, თუმცა მან ამის შესახებ გუშინ, 25 იანვარს გაიგო: „არ ვიცოდი, რადგან ბრძანება არ ჩამბარებია, შემდეგ დასვენებები გვქონდა და გუშინ გავიგე“.

ლელა ჩხაიძის თქმით, ინსპექციაში განუმარტეს, რომ გათავისუფლება პანდემიას უკავშირდება: „ხელფასებს ვეღარ ვარიგებთო“.

ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ მარტოხელაა და უსამსახუროდ ცხოვრება ძალიან გაუჭირდება.

მუნიციპალურ ინსპექციაში გადასვლამდე ლელა ჩხაიძე „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კონტროლიორის პოზიციაზე მუშაობდა, იანვრიდან კი ეს ფუნქცია ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეითავსა. შესაბამისად, ლელაც სამუშაოდ ამ ინსპექციაში გადაიყვანეს.

მუნიციპალური ინსპექციიდან ამ საკითხზე განმარტებას ველოდებით და მისი მიღებისთანავე ინფორმაციას განვაახლებთ.

6 კადრი ბათუმის ძველი ბულვარიდან | ფოტოამბავი

ბულვარის გაშენება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო ბათუმში. ქვიშითა და ქვით დაფარულ სანაპიროზე ურმებით მოჰქონდათ მიწა და ყრიდნენ, რომ მცენარეების დარგვისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნილიყო.

ბათუმის ბულვარი მალე იქცა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად და დღემდე ასეა.

ბათუმის ბულვარის ბევრი ფოტო არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ იმ ფოტოებს, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.

ბულვარის ფოტო 1902 წელს გამოაქვეყნა გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“. ფოტო: dspace.nplg.gov.ge
ბათუმის ბულვარი ჯერ კიდევ განაშენიანების პროცესში. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო.
ბულვარი, დიმიტრი ერმაკოვის ფოტო მანანა ქუთათელაძის კოლექციიდან. ფოტო: dspace.nplg.gov.ge
ბათუმის ბულვარი, ღია ბარათი. ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია. ფოტო: dspace.nplg.gov.ge
საციგურაო მოედანი ბათუმის ბულვარში. ღია ბარათი. შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან
ბულვარი. ამ დროს უკვე აგებულია ბათუმის „სობორო“, რომელიც 1932 წელს დაანგრიეს და მის ადგილას სასტუმრო „ინტურისტი“ ააგეს. ფოტო მიხეილ ალშიბაიას კოლექციიდან.

პანდემიისას 48%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის რაოდენობა, კიდევ რა სახის დანაშაულმა მოიმატა

განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი [სსკ-ის 108-ე მუხლი] პანდემიის დროს ანუ 2020 წელს, საქართველოში წინა წელთან შედარებით 48.57 პროცენტით გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს  განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 52, აქედან 45 საქმე გაიხსნა.

2020 წელს რამდენიმე სხვა დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ოჯახში ძალადობის 4927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს  – 4539. ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 8.55 პროცენტით გაიზარდა.

41.41 პროცენტით გაიზარდა მუქარის შემთხვევებიც: 2019 წელს 1980 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 2800.

21.62 პროცენტით გაიზარდა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი [სსკ-ის 171 – 176].

მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელიც. სისხლის სამართლის კოდექსის 246-259 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე 44.44 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა. თუკი ამ მუხლით 2019 წელს 135 საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2020 წელს ასეთი 195 იყო.

გაიზარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევებიც. თუკი 2019 წელს ამ მუხლით გამოძიება 117 საქმეზე დაიწყო, 2020 წელს ეს ციფრი 166-მდე გაიზარდა. 2020 წელს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 41.88 პროცენტით გაიზარდა.

2020 წელს დაფიქსირდა კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის 28 შემთხვევა. 2019 წელს ამავე მუხლით 11 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 154.55 პროცენტით გაიზარდა.

შსს-ს სტატისტიკით კლება არაერთ დანაშაულზე დაფიქსირდა, მათ შორის, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 46 პროცენტით შემცირდა მთლიანობაში ნარკოდანაშაული.

პანდემიის პირობებში, როცა საჯარო სამსახურები დისტანციურად მუშაობდნენ, ასევე 17.41 პროცენტით შემცირდა სამოხელეო დანაშაულიც.

სწავლა იწყება, ტრანსპორტი კი არ მოძრაობს – რას პასუხობს სამინისტრო სკოლებს

როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, შემდეგ კი განათლების მინისტრმაც დაადასტურა, ქვეყნის მასშტაბით პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, გამონაკლისი სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და რუსთავია. შესაბამისად, საქალაქო ტრანსპორტიც ამ ქალაქებში არა თებერვლიდან, არამედ პირველი მარტიდან ამოქმედდება.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა და იკითხა, თუ როგორ უნდა მივიდნენ სკოლაში, თუკი არ იმუშავებს ტრანსპორტი?

მაგალითად, მარნეულსა და თეთრიწყაროში მასწავლებლების ნაწილი თბილისიდან დადის მუნიციპალიტეტის ან სხვადასხვა სოფლის სკოლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ან ტაქსის დაქირავება მოუწევთ სკოლაში მისასვლელად, ან კერძო ავტომობილს უნდა ფლობდნენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და ჰკითხა, როგორ უნდა მივიდნენ პედაგოგები სკოლებში თუკი მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლა კილომეტრებით არის დაშორებული და ამასთან, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

პასუხი სამინისტროდან წერილობით მოგვწერეს.

„არსებული შეზღუდვების პირობებში განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ალტერნატიული რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცხოვრობს სკოლიდან მოშორებით, მიზანშეწონილია განხილულ იქნას სხვადასხვა შესაძლებლობა:

სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სკოლაში მიყვანასა და უკან დაბრუნებას. თუ სკოლას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად არ აქვს ფინანსური რესურსი, ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია სამინისტრომ მიერ“.

აქვე ვკითხულობთ, რომ სკოლა, რესურსცენტრსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.

მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტრო იმ მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომლებიც ორი კილომეტრით არიან დაშორებული სკოლიდან. ამისთვის 2021 წელს 1,7 მილიონი ლარია  გათვალისწინებული. სამინისტროში გვითხრეს, რომ პროგრამა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებისთანავე ამუშავდება.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტრანსპორტის მომსახურებაზე კონსოლიდირებული ტენდერები მუნიციპალიტეტების მიხედვით 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადა, ზოგიერთ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს მთავრდება, ზოგიერთში კი ხვალ, – 27 იანვარს, ზოგიერთი ტენდერი არ შედგა.

___

ამავე თემაზე:

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები

ბათუმში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უნალექოდ.

მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 6-11 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 28-29 იანვარს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში მოთოვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს 28-31 იანვარს, პირველი თებერვლიდან კი ისევ გამოიდარებს და ჰაერი 17-20 გრადუსამდე გათბება.

____________

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

Exit mobile version