კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

27.01.2021 • 5298
„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ნამდვილად 16 სართულის აშენებას გეგმავს „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში, თუ მომავალში ისევ მოითხოვს პროექტში ცვლილებას რამდენიმე სართულის დამატების მოთხოვნით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღეს არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ის მაინც არ იქნებოდა სარწმუნო, რადგან „ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით ბათუმში დაინტერესებული მოქალაქეები ბევრჯერ მოატყუეს.

ეჭვები, რაც ამ კომპანიის ბულვარში საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში ხმამაღლა გამოითქვა, ფაქტობრივად, დადასტურდა.

ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგების შეთანხმების შესახებ არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სხდომის ოქმშია დაზუსტებით ნათქვამი და არც იმ მასალებში, რაც კომპანიამ სხვადასხვა მედიასაშუალებაში სარეკლამო მასალის სახით გამოაქვეყნა. ახალი ცვლილება რომ პროექტის სიმაღლის 16 სართულამდე გაზრდას გულისხმობს, ვიცით ძეგლების საბჭოს რამდენიმე წევრისგან. ეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმაც დაგვიდასტურა.

ფაქტებით ირკვევა, რომ ბათუმის ბულვარში გაცილებით მაღალი და მასშტაბური შენობის აგება ჰქონდა ჩაფიქრებული კომპანიას ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ოთხსართულიანი შენობის [მიწისქვეშა სამი სართულით] მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართა. შენობის ფუნქციის მოგვიანებით შეცვლაც ჩანაფიქრის ნაწილი იყო.

„ამბასადორი“ იმ რენდერის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად შეითანხმეს. შენობა შუშით შეფუთულ მსუბუქი კონსტრუქცია იყო.

როგორ ჩანს, კომპანიაში კარგად იცოდნენ, რომ ამ მეთოდით ბულვარში მშენებლობის ნებართვის მიღება უფრო გაუმარტივდებოდათ – სამსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა მანსარდით, ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქციით, არ გამოიწვევდა საზოგადოების ისეთ რეაქციას, როგორიც ბულვარში 16-სართულიანი, მასშტაბური შენობის აგებაზე თანხმობამ გამოიწვია.

გაირკვა ისიც, რომ შენობას ბულვარში ბალნეოლოგიურ ცენტრთან ერთად სასტუმროს ფუნქციაც ექნება. სასტუმროს კი გაცილებით დიდი ეზო და საპარკინგე ადგილი დასჭირდება.

2018 წლიდან, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, კომპანია მშენებლობის ადგილზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში თხრიდა საძირკველს. ამის შესახებ არაერთხელ იკითხეს იმ შეხვედრებზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეჭვს იწვევდა სამშენებლო მოედანზე განთავსებული საინფორმაციო დაფაც, რომელიც ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ შეიცავდა: მითითებული არ იყო  მშენებარე პროექტის პარამეტრები, ასევე, კომპანიამ არ გამოაკრა შენობის რენდერი [ვიზიალური მასალა]  და მანამ ასაიდუმლოებდა, სანამ რენდერი „ბათუმელებმა“ არ გამოაქვეყნა.

„ამბასადორი ბათუმის“ საინფორმაციო დაფა

გაცილებით მაღალი შენობისთვის საძირკვლის მომზადებას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი უკავშირდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს კანონით ევალება პერიოდულად შეამოწმოს მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა პროექტთან. პერიოდულად „ბათუმელები“ ეკითხებოდა სააგენტოს, შემოწმებულია თუ არა მიმდინარე სამუშაოები და შესაბამისია თუ არა ის გაცემულ სანებართვო პირობებთან. სააგენტოში  გვპასუხობდნენ, რომ მშენებლობა სანებართვო პირობების შესაბამისად მიმდინარეობს და დარღვევები არ არის.

მიწის ქვეშ სამი სართულის მოწყობისა და 16-სართულიანი შენობისთვის საძირკვლის მომზადების სამუშაოები სრულად იდენტური ვერ იქნებოდა და თუ შეუსაბამობა დაფიქსირდებოდა, ეს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს უნდა გამოევლინა. როგორც აღმოჩნდა, პროექტის შეთანხმების შემდეგ დოკუმენტები სააგენტოში ისევ მიაბრუნეს და საძირკველთან დაკავშირებული ახალი დეტალები ოფიციალურად შეათანხმეს, საბჭოს წევრებს კი ეს გადაწყვეტილება მაშინ ტექნიკური მდგრადობისთვის საჭირო აუცილებლობით აუხსნეს.

ამ პროცესის პარალელურად ბათუმის  მერიის ერთ-ერთმა მოიჯარემ, რომელსაც ბულვარში რესტორანი ჰქონდა, კონფიდენციალურად გვითხრა, რომ „ამბასადორის“ კუთვნილი ტერიტორიის ირგვლივ ბიზნესს სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ ავიწროვებდნენ და „უხმაუროდ“ მოსალაპარაკებლად მათთან ერთ-ერთი ჩინოვნიკი არაოფიციალურად იყო მისული.

ამავე პერიოდში, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაატანინეს. ისინი არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

გადამოწმებით დადგინდა, რომ ბათუმის მერიას ბულვარში მოიჯარეებისგან ქონების დაბრუნების პროცედურები მართლაც ჰქონდა წამოწყებული. პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში  წლების განმავლობაში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდათ, მერიამ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა. მოიჯარეების ვერსიით, ბათუმის მერიამ ბულვარში ახალგამოჩენილი მსხვილი ინვესტორებისთვის ადგილის გათავისუფლება დაიწყო.

აჭარის მთავრობამ „ამბასადორს“ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. „საშინელებათა ოთახი“ მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მოაპირკეთა. თუმცა შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს.

2019 წლის დეკემბერში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ „ამბასადორის“ პროექტში ცვლილება განიხილა, რაც პროექტის სიმაღლის 15 სართულამდე გაზრდას ითვალისწინებდა. ამ სხდომაზე საბჭოს წევრის, ნინო ინაიშვილის პროტესტს კომპანიის დირექტორმა გოჩა კამკიამ აგრესიით უპასუხა. მან თქვა, რომ მაღლივი შენობის საძირკვლის მოსამზადებლად მილიონობით ლარი იყო დახარჯული და კომპანია ვერ დაზარალდებოდა. გოჩა კამკია იმ სხდომაზე ასევე ამტკიცებდა, რომ „ტექნიკური მდგრადობა“ არაფერ შუაში იყო და საბჭოში ეს „ძალიან კარგად იცოდნენ“.

მაშინ „ამბასადორს“ პროექტის სიმაღლის 15 სართულამდე გაზრდაზე უარი უთხრეს.

პარალელურად, 2019 წლის იანვარში კომპანიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება  მოითხოვა.

ეროვნული სააგენტოსათვის მიწერილ წერილში კომპანიის დირექტორი ირწმუნებოდა, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიას არ ეკუთვნოდა.

ამავე წერილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან დაკავშირებით, რომლისგანაც „ამბასადორს“ მშენებლობის ნებართვა ჰქონდა, კომპანია ეროვნულ სააგენტოს წერს:

„რადგან საკადასტრო ერთეული [მიწის ნაკვეთი] ძეგლის სტატუსს ატარებს, კომპანია ვალდებულია მშენებლობის უმცირესი სპეციფიური დეტალები პროექტის სახით შეათანხმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, იმ ცხად მოცემულობაში, რომ შენობა არ წარმოადგენს ძეგლს, არსებული სურათი არ შეესაბამება რეალურ გარემოებას და მოქცეულია კანონმდებლობის რეგულაციებში, შესაბამისად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის ეს არის დამაბრკოლებელი გარემოება: მას არ შეუძლია იმსჯელოს და საქმის წარმოება ჩაატაროს ობიექტზე, რომელიც არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.  ხოლო ბათუმის მერია აღნიშნულ ობიექტზე საქმის წარმოებას ვერ ჩაატარებს, იმის გამო, რომ ნაკვეთზე ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“.

ასე შეეცადა კომპანია ეროვნული სააგენტო დაერწმუნებინა, რომ მიწის ნაკვეთისთვის სტატუსი მოეხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტში მაშინ თქვეს, რომ მათთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებდა კომპანია, რომ აჭარაში სააგენტოს თავისივე გაცემული ნებართვის მშენებარე ობიექტთან დაკავშირებული დეტალების განხილვა და შეთანხმება არ შეეძლო.

ამ წერილში იკვეთებოდა კიდევ ერთი გარემოება, ის, რომ  „ამბასადორს“ ბათუმის მერიასთან ერჩივნა საქმის დაჭერა, რომელთანაც პროექტში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ძეგლების საბჭოსთან შეთანხმება საჭირო არ იქნებოდა.

ამის შემდეგ, ისევ ბათუმის მერიის ჩართულობითა და პირადად მერის ლაშა კომახიძის ძალისხმევის შედეგად, „ამბასადორი“ ბულვარში გაფართოვდა.

ნებართვის მიღებამდე „ამბასადორმა“ ბულვარში მეხუთე სართულის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის. პარალელურად ელგუჯა ქებურია კომპანიის დირექტორად არის დაფიქსირებული. შპს „ამბასადორი ბათუმის“ კიდევ ერთი დირექტორი გოჩა კამკიაა, სწორედ ის წარმართავს  მოლაპარაკებებს სახელმწიფო უწყებებთან სამშენებლო ნებართვების თაობაზე.

კომპანია „ამბასადორი“ ფლობს ასევე შპს „ელიტ სქიი რესორტის“ ასპროცენტიან წილს, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე  სასტუმროს აშენებს. ამ კომპანიის დირექტორადაც ელგუჯა ქებურია ფიქსირდება.

ელგუჯა ქებურიაა ასევე  შპს „ამბასადორის“ დირექტორი, ამ კომპანიის 75 პროცენტს ეკა კოპალეიშვილი ფლობს [მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს], დარჩენილი 25 პროცენტის მფლობელი კი საბერძნეთის მოქალაქე ბექა ქებურიაა.

ეკა კოპალეიშვილს ეკუთვნის „ამბასადორი კაჭრეთიც“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 15 779 მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ეკა კოპალეიშვილმა სახელმწიფოსგან 2016 წელს პირდაპირი წესით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 100 000 ლარად მიიღო. ამავე განკარგულებით ეკა კოპალეიშვილმა ამ ნაკვეთზე 750 000 ლარი ინვესტიციის  განხორციელების ვალდებულება აიღო.

ქებურიები ფლობენ ასევე შპს „მეღვინეობა ქებურიას“, სადაც თავად ელგუჯა ქებურია 50 პროცენტის მფლობელია. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ ასევე თორნიკე და ლია ქებურიები [25-25%].

ეკატერინე კოპალეიშვილი ფიქსირდება ასევე 2014 წელს დაფუძნებული შპს „კოსმოსის“  50 პროცენტის მესაკუთრედ. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები ვადიმ ბერესლავსკი [16.65 %] და მარკ ლიტინსკი [16.65%], ამავე კომპანიაში 16.70 % – ის მფლობელია ასევე რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრიდი, მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში  ქებურიებმა სწორედ მისგან იყიდეს.

მთავარ ფოტოზე: 16-სართულიანი პროექტის რენდერი

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: